როგორც წერია 2 კორ. 12:9 - და როგორც გვწამს, სულიწმიდის მადლი (ძალა) უძლურებაში ვლინდება, (სრულ იქმნების), არა მხოლოდ სხეულის უძლურებაში, არამედ გონების და მჭერმეტყველების უძლურებაშიც.
ეს ნათლად ჩანს განსაკუთრებით იქიდანაც, რომ უფლის მადლმა რა შეაძლებინა ქრისტეს ძმას და უდიდეს ღვთისმეტყველს. მისი მამა მეთევზე იყო. თვითონ იოანე, მამასავით, იგივე ხელობის მიმდევარი იყო. მის შესახებ, წმიდა ლუკა, მოციქულთა საქმეებში აღნიშნავს (თ.4,13), რომ იოანე საერთოდ, გაუნათლებელი იყო. მას არ მიუღია არც ბერძნული, არც იუდეური განათლება. მისი სამშობლო, ბეთსაიდა, როგორც გეოგრაფიული ადგილი, არ იყო ცნობილი არავისთვის; აქ მეცნიერებების შესწავლით არავინ არ იყო დაკავებული. ამ ადგილის მცხოვრებნი მეთევზეობით ირჩენდნე თავს. მაგრამ, შეხედე, ამ უცნობმა, გაუნათლებელმა და არაფრით ღირსშესანიშნავმა ადამიანმა როგორი სული მიიღო! მან დაიქუხა იმით, რაც ჩვენთვის არ უსწავლებიათ სხვა მახარებლებს, რამეთუ ისინი კეთილად გვაუწყებენ ქრისტეს განკაცების შესახებ, მხოლოდ მისი პირველსაუკუნოვანი არსებობის თაობაზე მათ არაფერი გარკვევით არ უთქვამთ, რაც იმ საშიშროებას უქადდა ადამიანებს, ვინც მიწიერი საზრუნავებით იყო დაკავებული და ზეციურ საკითხებზე არ შეეძლო არაფერი ეფიქრა, თითქოს ქრისტემ თავისი არსებობა მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა იგი ყოვლადწმიდა მარიამმა შობა ხორციელად, და არა მაშინ, როცა (როგორც სული – შთ.) მამამ იგი შვა უწინარეს ყოვლისა საუკუნოისა.
როგორც ცნობილია, ასეთ ცთომილებაში ჩავარდა სამოსატელი პავლეც. ამიტომ, დიდმა იოანემ გვაუწყა სიტყვის (ანუ ქრისტეს – მთ) ხორციელი განკაცების (შობის) შესახებ; რამეთუ ამბობს: ,„,და სიტყუა იგი ხორციელი – იქმნა...“ (იოანე IL. 14).
ზოგიერთები ამბობენ, რომ მართლმადიდებლებმა სთხოვეს მას, დაეწერა ღვთიური (სულიერი – მთ.) შობის შესახებ, რადგან იმ დროს გამოჩნდნენ ახალი სახის მწვალებლები, რომლებიც ასწავლიდნენ, თითქოს იესო იყო უბრალო ადამიანი! ასევე ამბობენ იმასაც, რომ წმინდა იოანემ, როცა წაიკითხა სხვა მახარებლების ნაწერები, გაკვირვებული დარჩა მათი მონათხრობის გულწრფელობითა და ჭეშმარიტებით და მიიჩნია ისინი ჯანსაღი აზროვნების მქონედ, რომლებმაც სახარებაში არაფერი არ თქვეს მოციქულების საქებრად.
მაშასადამე, რის შესახებაც სხვა მახარებლებმა ან საერთოდ არაფერი გარკვევით არ თქვეს, ან სრულიად, მდუმარებით, გვერდი აუარეს, იოანემ, თავის სახარებაში განმარტა, განავრცო და დაუმატა საჭირო ამბები, რომელიც იმ პერიოდში დაწერა, როცა იგი პატიმრობაში იმყოფებოდა კუნძულ პატმოსზე. ეს იყო ქრისტეს ამაღლების 32 წლის შემდეგ.
უფალს სხვა მოწაფეებზე მეტად იოანე უყვარდა მისი სიმდალის, უბრალოების, გულწრფელობის, გულის სიწმინდის და ქალწულების გამო. ამ ნიჭების გამო მას მიეცა ღვთისმეტყველება, უფლის საიდუმლოებების ჭერეტა, რაც მრავალთათვის უხილავია და მიუწვდომელი, რამეთუ ნათქვამია: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ” (მათე 5,8).
იოანე უფლის ნათესავი იყო. გაინტერესებს როგორი?
იოსებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დამწინდველს, პირველი ცოლისგან ჰყავდა 7 შვილი: 4 ვაჟი და 3 ქალიშვილი: მართა, ესთერი და სალომე. აი, ამ სალომეს შვილი იყო – იოანე; აქედან გამომდინარეობს, რომ უფალი იყო მისი ბიძა; რამეთუ იოსები – უფლის სიმბოლური მამაა, ხოლო იოსების ქალიშვილი – სალომე, უფლის დად იწოდება, ამიტომ მისი ვაჟი – იოანე გამოდის უფლის დისშვილი!
შეიძლება, ამჯერად, ურიგოც არ იყოს, რომ გავარჩიოთ იოანეს და მისი დედის – სალომეს სახელების მნიშვნელობა: სახელი სალომე ნიშნავს „,,მშვიდობიანს“, ხოლო იოანე – მის ,,მადლს”. მაშ, ყოველმა სულმა იცოდეს, რომ მშვიდობა ადამიანებთან და სულიერი მშვიდობა, რომელიც ვნებებისგან განთავისუფლებულს ეძლევა, ღვთიური მადლის დედა გახდება და ჩვენში ამ მადლს დაამკვიდრებს. ხოლო იმ ადამიანის სული კი, რომელიც ამბოხებულია და ებრძვის სხვა ადამიანებს და ასევე, საკუთარ თავსაც, ბუნებრივია, რომ ღირსი ვერ გახდება ღვთიური მადლის მიღებისა.
ჩვენ კიდევ ერთი საკვირველი გარემოება უნდა ავღნიშნოთ სახარების ამ მქადაგებლის იოანესი: სახელდობრ: – ის თვითონ ერთი პიროვნებაა, მხოლოდ დედა მას, რატომღაც, სამი ჰყავს: საკუთარი მშობელი – სალომე; ქუხილი, რამეთუ სახარებაში მის მიერ ამოღებული დიდი ხმისთვის მას ეწოდა – ქუხილის ძე (მარკ. თ. 3.17) და ღვთისმშობელი, რამეთუ თქმულ არს „აჰა, დედაი შენი!“ (იოანე. თ. 19.27).
ეს ნათქვამია განმარტების გარეშე, რადგან ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ თვითონ იოანეს საუბრების გარჩევა.
თავი 1 | თავი 2 | თავი 3 | თავი 4 |
თავი 5 | თავი 6 | თავი 7 | თავი 8 |
თავი 9 | თავი 10 | თავი 11 | თავი 12 |
თავი 13 | თავი 14 | თავი 15 | თავი 16 |
თავი 17 | თავი 18 | თავი 19 | თავი 20 |
თავი 21 |