დედავ, მითხარი, გენაცვა,
მე როგორ გამაჩინეო?
დ ე დ ა
გაიგებ, რომ გაიზდები,
დაწექი, დაიძინეო.
შ ვ ი ლ ი
შენი ჭირიმე, დედილო,
მინდა ვიცოდე მართალი, -
თავს წამოადგა დედასა
ვით თავ–მომწონი სარდალი.
დ ე დ ა
გიამბობ, თავს შემოგევლე,
მიკვირს, რომ არა გცოდნია,
შენ ჩვენს ბაღჩაში მოგთხარე,
აგერ, იქით რომ ღობია.
იქ საკიტრესა ვჩიჩქნიდი,
ვაფხვიერებდი მიწასა,
პირველად ვერა ვნახე-რა,
ეხლაცა ვკვირობ იმასა!..
ჯერ ხომ ბორხვენა ამოჩნდა,
მერე ლუსუმა, ღოლოცა,
მესმის კრუსუნი თხრილშია,
თმა დავინახე ბოლოსა.
ეს იყო, შენ გენაცვალე,
შენი ქოჩორი ოქროსა!..
გეწიე თმაზე, გეწიე,
ამოგაჩინე მთლიანად;
ძლივსა ჰსუნთქავდი, ჰკრუნავდი
გულისა დამაზიანად.
შეგხვიე კაბის კალთაში,
გამოვექანე შინაო.
მამამ რო გნახა, იამა,
ძალიან მოილხინაო.
გაგბანე, ცეცხლზე გაგათბე,
აკვანიც მქონდა თანაო;
მყის ჩაგაწვინე აკვანში,
გიმღერე ნანი-ნანაო.
შ ვ ი ლ ი
მაშ, ჩვენებიანთ ვასო-ღა
საით, ვინ გააჩინაო?
დ ე დ ა
წისქვილს ეპოვნა დედასა,
ალატში, ფქვილის კრეფაში,
ფქვილს თურმე სწმენდდა და ამ დროს
ხელი მოევლო კეფაში.
შ ვ ი ლ ი
ოჰ, მაშ ვანო-ღა, დედილო,
ის სადღა არის ნაპოვნი?
დ ე დ ა
ვანო ხნულშია, პაპა-შენს
ეხნა მინდორი, ველები,
გადაბრუნებულს კვალშია
ამოსჩენოდა ხელები.
შენი ძალუა თინაცა
მეხრედ ჰყოლოდა პაპასა,
რა დაენახა ყმაწვილი,
ხელი ეტაცა იმ წამსა.
შ ვ ი ლ ი
თუ ნაპოვნები არიან,
ორივ რად მიყვარს დიდადა? -
კვლავ ჰკითხა ბავშვმა დედასა
ნაღვლიანადა, მშვიდადა. -
არა, ჩვენები არიან,
მე თვითონ ვიცი წმინდადა.
რისთვის მატყუებ, დედაო? -
სთქვა, გადაეჭდო ყელზედა,
შეჰფოფინებდა თვალებში,
ხელებს უსვამდა თმებზედა.
სამშობლის ბედი სწამდათ მარადის,
კანდელს უნთებდნენ მამაც წინაპარს.
გურგანის ზღვიდან პონტოს კარამდის
მათი თვალების შუქი ბრწყინავდა.
ვინ დაითვალოს საქმე ულევი...
ხან ბავშვს უვლიდნენ დედურ ალერსით,
ხან ჭრელ მანდილით თმაშეკრულები
ყაყაჩოებად ჩანდნენ ყანებში.
ვინ დაითვალოს საქმე ულევი,
მათ სახელებთან გადახლართული.
მტრისგან ნარბევი, ნანადგურევი,
ააყვავილეს მიწა ქართული.
ზამთარში, როცა თოვლის თეთრ მერდინს
გადააფენდა ქარი ყველაფერს,
ბუხრის პირს ისხდნენ და ოქრომკედით
ტკბილ საქართველოს დროშებს ჰკერავდნენ.
რაწამს უხმობდათ მიწა ქართული,
აბჯარს ისხამდნენ ხამის კაბაზე
და ქურან ცხენზე ხმალამართულნი
ამორძლებივით მტერს მიჰკაფავდნენ.
...ჩვენი ქვეყანა ძველ ქართველ დედებს
სისხლით და ოფლით დაუცრემლიათ.
მათი თვალები დღეს ბინდბუნდს ჰკვეთენ
და ვარსკვლავებად თავს დაგვცქერიან.
ვერ იცი მზეო, სიცილი,
ჩემმა რომ იცის დედამა,
ზღვაში ჩაძირა სიკვდილი
მის ერთმა შემოხედვამა.
ტყეში დაღლილო ნიავო,
ნუკრის თვალივით კეთილო,
ვერ გისწავლია ალერსი,
ჩემმა რომ იცის დედილომ.
მარგალიტებით მოქარგეს
მდელო ღამემ და დილამა,
ვინ მოჰქსოვს, მე რომ ჩამაცვა
წინდები ჩემ დედილამა?
შავი შაშვი და ბულბული
ყელს მოიღერენ ლამაზად
სად ნახავთ ისეთ მგალობელს,
დედა რომ არის, აბა, სად?
დედაშვილობის გამჩენო,
ვარდი რომ ნამში ვნახეო
სიცოცხლე დედაჩემისა
იმ ყოფით შემინახეო.
დედას ისე ვუყვარვართ,
ხშირად უთქვამს - როდისმე
თვალში რომ ჩამივარდეთ,
ხელსაც არ ამოვისმევ.
ერთ თვალში რომ მე ვიჯდე,
ერთ თვალს ჩემს ძმას გავუყოფ,
ჩვენ კი თბილად ვიქნებით,
მაგრამ დედას რა ვუყოთ?
დედიკოც და თვალებიც
მალე დაიღლებიან,
ჰოდა, სჯობს რომ იფრთხილოს
და მიბაძოს ბებიას
მგონი, თავის თვალები
ძლიერ უნდა უყვარდეს,
სულ სათვალეს ხმარობს, რომ
ვუნმე არ ჩაუვარდეს.
რა იყო, რამ დაგაღონა,
ჩემო შავფერო დედაო,
რაც შენ წახვედი მას მერე
სწორ გზას ვეღარა ვხედაო,
მოდიან შავი კაცები
გულს და გონებას მგლეჯავენ,
სული ურწმუნოთ წაიღეს
მამულს ყორნები სწეწავენ,
გვასამარებენ ქართველებს
დღედაღამ გულში გვხვრეტავენ.
ერთს გეხვეწები, მითხარი
მანდედან აქ რას ხედავენ,
ჩვენ მოშველებას მანდედან
ნეტავ რატომ ვერ ბედავენ?
ან ვინც მოვიდა აქედან
იქნება ჩუმად არიან,
რომ არ დაღონდეთ მანდ მაინც
აქ რა ყოფნითაც არიან.
სხვა რა ვთქვა, შენი საფლავი
აღარ მინახავს თვალითა,
სული მიჭირავს კბილითა
დავათრევ ძალის-ძალითა,
ღმერთს შეეხვეწე ერთს მაინც,
ნუ დამწვავს ცოდვა-ბრალითა.
დედი,
რაღაც არ მასვენებს, ალბათ, ღმერთის წამ-წერა,
დედი,
როგორ შემოგკადრო შენზე ლექსის დაწერა?!
დედი,
ღმერთმა იცის, რაც უნდა ვყოფილიყავ,
დედი,
ალბათ, ამიტომაც შენთან ყოფნა დამწერა.
დედი,
როგორ გიღალატო, როგორ დავრჩე ამქვეყნად,
დედი,
ღმერთს რომ შევუყვარდე, აქ რომ მთხოვოს დარჩენა...
უკვდავება რომ დაიწყოს,
ღმერთს მოსურდეს აღწერა,
არ გეწყინოს, ღმერთს ვფიცავარ,
ღმერთს დავტოვებ ნაწყენად.
ღმერთის მჯერა, ღმერთი მიყვარს,
მაგრამ ერთის არ მჯერა:
სადაც შენ არ მეგულები, იქ არ მინდა დარჩენა.
როგორც იქნა შეგიჩვიეს ძიძებმა,
გიამბობენ ზღაპრებს ტკბილი ქართულით.
შენ ღიმილით გიყვარს გამოღვიძება,
ხარ ბავშვი და ცხოვრებასთან არ სტყუი...
ჩემო კარგო, ჯერ არ იცნობ სიყალბეს
და მტირალიც ცისკრის დარად ხმიანობ...
რა თქმა უნდა, გულით უნდა გიყვარდეს
ვინც გაგზარდა, ჩემო ხუჭუჭთმიანო...
მაგრამ მერე, როცა დიდი იქნები,
თქმა არ უნდა, შენც მიხვდები, ღვთისფერო,
იავნანას ვერ მღერიან ძიძები,
იავნანა დედამ უნდა იმღეროს!..
დედაა, რასაც პირველად ნახავ.
მამით იწყება გზებზე ფიქრები.
მერე ჩვენ ვძერწავთ საკუთარ სახეს
იმ დღისთვის როცა აღარ ვიქნებით.
ბავშვობა გადის და უცებ გადის.
ჩვენც გვიხარია, რომ უცებ გადის.
აღარ ჩანს-დღემდე რაც ნათლად ჩანდა,
ქრება უხილავ მეტოქის ლანდიც.
ვერც ჩვენ ვახერხებთ იმ განძის პოვნას,
ვცერც ჩვენ ვნახულობთ იმ აშიშ სოროს,
რომელიც დიდხანს მოჰყვება ხსოვნას
და ბავშვობაში არსებობს მხოლოდ.
სამაგიეროდ დღემდე ჩაკეტილს,
დღეს ყველა ქუჩას გვიჩენს ქალაქი
და უკვე ვიცით, ვინ რას აკეთებს
ულაპარაკოდ თუ ლაპარაკით.
ჩვენ აღარ გვაკრთობს ხმაური ქარის
და აღარც დედებს არ ვეტირებით,
რადგან ზღაპრების გმირების დარად,
ვართ ბოროტები ან კეთილები.
და ყველა ვცდილობთ რაღაცის შოვნას,
ყველამ ვიღაცას მივეცით ფიცი.
ჩვენ უკვე ვიცით, რას ნიშნავს თოვლი,
ბავშვები როგორ ჩნდებიან ვიცით.
და უცებ სულში შემოდის ქალი:
ვარდებით, ელდით და ჟრუანტელით....
და ტკივილამდე გახელილ თვალებს
ეცოტავებათ ზეცის ნათელი.
ჩვენ ვხურავთ წიგნებს, უჯრებს და ფანჯრებს
და გაბრუებულ ფრინველის მსგავსად
ვაწყდებით კედლებს და უცებ ვამჩნევთ,
რომ წასასვლელი აღარ გვაქვს არსად.
რომ აღარ გვახსოვს, რაც უკვე ვნახეთ,
რასაც ოდესღაც მივწვდით ფიქრებით....
და მაინც ვძერწავთ საკუთარ სახეს
იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით.
... და ძველ სკივრში მჭკნარი ვარდი
მწუხრის სხივით კანკალებს,
აღარა ქსოვს ყაისნაღი,
გაბზარულა სათვალეც.
სწუხს ბზის ტოტი - ტანჯვის ფერი,
ლოცვით ღამენათევი,
შენი ცრემლის საკმეველი,
ჩემი დარდის სანთელი...
ვერ მოასწრებ ჩაის დასხმას...
ჩაიდანი მღერის -
ეს - მე,
ეს - შენ,
ეს - სხვას
და სხვას,
დედას - არაფერი.
სიხარულის მოდის თავსხმა,
წვიმასავით ბევრი -
ეს - მე,
ეს - შენ,
ეს - სხვას
და სხვას,
დედას - არაფერი.
პირჯვარს დასწერს დედა ფაცხას,
მაღლა იწევს ჭერი,
ეს - მე,
ეს - შენ,
ეს - სხვას
და სხვას,
დედას - არაფერი.
ბოლოს, საქმე მოგვარდება
მოყვარისა და მტერის,
სიკვდილი რომ მოგვარდება
დგება დედის ჯერი.