ლექსები დედაზე


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

ნოდარ დუმბაძე - ქეთინო, გამოიცანი!

გამოცანა: მტერია სიბნელის,

მტერია წყვდიადის,

ყველაზე ლამაზი,

ყველაზე თბილი,

დიადი,

ზვიადი,

ნაზი და კეთილი

იძინებს ღამით და

იღვიძებს დილით.


პასუხი: ყველაზე ლამაზი?

ყველაზე კეთილი?

ზვიადი,

დიადი,

რა არის ნეტა?

შენ თუ მზე გგონია:

არა ხარ მართალი,

ეს გახლავთ ჩემი და 

მანანას დედა.

ალეკო შენგელია - დედას

წყაროს წკრიალი რომ მესმის,

გულს რომ აცოცხლებს ცივ-ცივი,

ეს დედაჩემის ხმა არის

და დედაჩემის სიცილი!


მაღლობზე ტყე რომ შრიალებს

მთას მიქარგული არშიად,

დედას, საყვარელ დედილოს

თითქოს თმა ქარში გაშლია!


მთების მხურვალე კალთებიც

დედის კალთაა ნამდვილად,

მთაზე რომ თეთრი ნისლია,

დედამ უბოძა მანდილად!


ასეა ჩემი სამშობლო

მიწის ყოველი მტკაველი,

დედის მკერდივით თბილია,

ტკბილია ჩემი მთა-ველი!

ავთანდილ მეგრელიშვილი - დედა

დედის ხმაზე უფრო ტკბილი,

ხმა არც მწამს, არც მეგულება;

დედის გულზე უფრო ცხელი,

გული არსად მეგულება;

დედის სულზე უფრო სუფთა

სული არსად მეგულება;

დედის თვალზე უფრო სათნო,

თვალი არსად მეგულება.

დედა არის სიყვარული,

სიცოცხლე და ერთგულება!...

მორის ფოცხიშვილი - შეცდომა

რა ხდება, დღესაც არ ვიცი,

ხშირად მეშლება, ვხედავ, -

დედას ბებიას ვეძახი,

ბებოს ვეძახი დედას!

 

ორივე საყვარელია,

ორივე მიყვარს მეტად, -

დედა ბებია მგონია,

ბებო მგონია დედა!

ნიკოლოზ იოსებიძე - იები დედიკოს

ტყეში წავიდა მამიკო

და წაიყვანა ია თან,

გაიხარა და გალაღდა

ია აპრილის ნიავთან.


პატარა კონა შეკრიბა,

ლამაზ, ლურჯთვალა იათა

და გაზაფხული დედიკოს,

იებთან ერთად მიართვა.

ნუნუ კერესელიძე - დედას

ია-ია

დაგიკრიფე,

ლურჯთვალა

და კოპწია.

დედის დღე

და გაზაფხული

ერთად

მომილოცია.

მუხრან მაჭავარიანი - დედა

როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“,

როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;

ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -

ვინ გიმღეროდა?!

- მშობელი დედა.


ეზოში როცა იტკენდი რამეს, -

ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!

შენი გულისთვის უძილო ღამეს

ვინ ათენებდა?! 

- მშობელი დედა.


ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -

შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!

შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით

ვინ ვერ ისვენებს?!

- მშობელი დედა.


ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე

ვის უხარია ყველაზე მეტად?!

ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, - 

ვინ იამაყებს?!

- მშობელი დედა

იოსებ ნონეშვილი - დედა

დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,

დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო,

ეს გული შენი გულით ხალისობს,

შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.


ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს

შენ დამღეროდი „ნანას“, „მზე შინას“,

რამდენი ღამე არ გძინებია,

რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.


შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,

არ მშორდებოდი წუთით, საათით,

რომ სიარული გესწავლებინა

შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.


მე შენი წმინდა შუქი მეფინა,

შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,

რომ ლაპარაკი გესწავლებინა,

შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.


დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,

თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,

შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,

რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.


თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,

რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,

დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,

თმებში ჭაღარა შემოგპარვია.


როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,

შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,

შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად

ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.


ახლაც შენა ხარ ჩემი კანდელი,

სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,

შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,

ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.


შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,

თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,

სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა

და სიყვარული დავიმსახურე.


დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო,

დედავ - ცხოვრების დვრიტავ მაგარო,

ეს გული შენი გულით ხალისობს,

შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

ანზორ აბულაშვილი - საჩუქარი

ეს გაზაფხულიც მოვიდა

და შემოგვცინა მარტმა,

მეცა მყავს დედა ლამაზი,

მეცა მაქვს ერთი ნატვრა...


რვა მარტს საჩუქრის გარეშე

რაღა ფასი აქვს, აბა?

ზოგი თუ ყვავილს დაეძებს,

ზოგი ყიდულობს კაბას.


მე კი სხვას ვნატრობ ამ დილას,

სხვა საჩუქარი მინდა,

რადგან ერთია დედისთვის -

კარგიც, ლამაზიც, წმინდაც...


ვიყო, როგორიც დედას სურს,

ჩემი იმედი ჰქონდეს!

სხვა საჩუქარი რა არის,

ამ საჩუქარს რომ სჯობდეს!

გიორგი წერეთელი - დედა

დედა ჰქვია დედაციხეს,

დედაქალაქს, დედამიწას,

დედაბოძს თუ დედაენას

დედის ძალა დედამ მისცა!

დედა უძღვის წინ ყველაფერს,

ჩვენს სალოცავს, ჩვენს საფიცარს...

რადგან ძალა დედამ მისცა,

დედა იცავს დედამიწას!

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14