მე აღსარება მსურს გითხრათ ერთი,
ნეტავი ახლა მისმენდეს ღმერთი,
მაქვს უამრავი დანაშაული,
მინდა თუ არა, გვერდს ვერ ავუვლი.
უპირველესად ცოდვა მაქვს დედის,
აი, მიზეზი ცრემლის და სევდის,
ვერ მოვეფერე, როცა დაბერდა,
როცა მიცდიდა ღია სარკმელთან.
გათენებამდე ტანჯვით მელოდა,
ლოდინი გახდა მისი ხელობა,
მე სხვაგან ლაღი და სიტყვაუხვი,
დედასთან ვიყავ ძუნწი და უტყვი.
იშიმშილა და იტანჯა ჩემთვის,
გასამართლებლად აბა რა მეთქმის,
მაგრამ მე მაშინ ვერ ვგრძნობდი ამას,
იგივეს ვეტყვი დაღუპულ მამას.
მეგონა მუდამ იქნება ასე,
რამდენჯერ შევცდი ცხოვრების გზაზე,
აკი გითხარით ცოდვა მაქვს ბევრი,
ამიტომაც მდის მდუღარე ცრემლი.
მონანიება შორი გზით მოდის,
ყველაფრისათვის მოვიხდი ბოდიშს
მაგრამ ვაი, რომ არის გვიანი,
რა მწარედ ცდება ადამიანი…
აი, ამიტომც მოგმართავთ ყოველს,
სანამ დრო არის, ეფერეთ მშობელს!
მაგრამ თუ უკვე ცოცხალი არ გყავთ,
იქ რომ დაადგეთ სხივი ნათელი,
ნუ დაიზარებთ, დედ-მამისათვის,
დაანთეთ თუნდაც ერთი სანთელი!
დედები ადრე დგებიან დილით.
ხურდა ფულივით ეძებენ საქმეს,
რომ გაამართლონ უსიზმრო ძილი,
დაღლილ თვალებს რომ ვერაფრით აგნებს.
დედები ადრე დგებიან დილით,
აღებენ ცას და ორპირში დგანან,
ანიავებენ დასაფქვავ ტკივილს
და მოჩვენებებს მიჰგვანან თავად.
დედებმა ზუსტად იციან ისიც,
რომ მარტოობა დააქვთ მუცლებით,
და არ აჩენენ ქმარ-შვილის შიშით
და სიკვდილამდე უხმოდ უძლებენ.
თეთრი იის რძე დასდით კერტიდან,
საბრალო დედებს ცრემლებიც რძის სდით,
ცეცხლი გადმოდის მათი მკერდიდან
ტკივილებისგან გულები მისდით.
დედებს ყველაზე მეტად სწამთ ღმერთის,
ყველაზე მეტი ცოდვების გამოც.
ფსალმუნებივით კითხულობს ქმარი
იმათი თბილი სხეულის კანონს.
არც ასაკი აქვთ წლებით მოფენილთ,
შემოიხვევენ გრიგალს ლოდივით,
ზედ დაიდგამენ სახლის ობელისკს,
უღალატობით შუბლს იბლონდავენ.
დედის ფიქრების გაფოთლავს სურო
სამყაროს, მაგრამ არ იცის არვინ,
რატომ დგებიან დედები ადრე
და ლექსებს წერენ ჩუმად და მალვით.
დედები ადრე დგებიან დილით.
სიყვარულის და ომის ბატონებს
არ უყვართ ხოლმე დედების ძილი,
როგორც სიმშვიდე - ვნების ფანტომებს.
ბედნიერების ალღო აქვთ მაინც,
ძელქვებად დგანან სამყაროს ბაღში
და სიკვდილამდე ელიან რაინდს,
ვისგანაც სურთ, რომ გაუჩნდეთ ბავშვი.
და იქცნენ დედად, ბოლოსდაბოლოს,
და დაილიოს მდინარეც ზღვასთან.
რად ეჩვენებათ დედებს, რომ მათი
ბედნიერება დარჩა სულ სხვასთან?
ნაბიჯს თამამად ადგამენ მაინც,
ზოგი ზეცაში ფრენასაც ბედავს.
კაცს ეგონება, ღმერთს უთანხმებენ
ცხად-სიზმრის ყველა წვრილმანს და დეტალს.
დედები ადრე დგებიან დილით,
ხურდა ფულივით ეძებენ საქმეს.
დედობისათვის არც ახსოვთ, თითქოს,
თავისი თავი რა უცებ დათმეს.
აფათურებენ დაძარღვულ ხელებს,
რომ მიაკვლიონ გულს თავის თავში.
საკუთარ თვალთა ნათელზე წერენ
ბნელშიც, გრიგალშიც, ომებშიც, დარშიც...
მე შენს სურათთან პირჯვარს ვიწერ,
როგორც წმინდანზე,
შენა ხარ ჩემი ნათლის სვეტი,
ღვთისმშობლის სწორი,
შენით ვსულდგმულობ ამ დალოცვილ
ტკბილ-მწარ მიწაზე,
შენსკენ მომავალ სივრცეს ვზომავ
და სიტყვას ვწონი.
- დაიძინე, ქალავ, თორო
შავი ღამე ფშვინავს,
დაიძინე დედის თოლო,
დაიძინე, შვილავ!..
ახლა გარეთ ოჩოპინტრე დადის,
ნისლის ქუდი პატარა რქებს მალავს,
მძივს აგისხამ, სამძჲმარას დარდო,
დაიძინე, ქალავ!..
ღამეა და უღამური ღამე -
არც ვარსკვლავი ბზინავს.
დავიღალე...
დაიძინე, ქალავ!
დაიძინე, დედის თოლო,
ძილს სიმშვიდე მოჰყავს.
დაიძინე, ქალავ, თორო
გაბაცდება ლოყა.
მამაშენი ქარაფებში ათევს,
ჯიხვის მწვადებს ჩამოგიტანს მამა...
იქნებ ახლა ლეკურ ხანჯალს ფართეს
წმინდა სისხლი კალმახივით ნამავს.
ჭრაქის შუქი ფარფატებს და ლანდობს,
კერას უკვე სძინავს.
დაიძინე, სამძიმარას დარდო,
დაიძინე, ძილავ...
ამ შემოდგომის მოწყენილ ფერში
შენს მიმქრალ ღიმილს და თვალებს ვხედავ.
შემოჭკნობია ყვავილებს ეშხი
და სინატიფე, ძვირფასო დედა.
გულს მიკლავს ცივი ქარების რია,
მთლად გაშრობია სისხლი იელებს,
ამაყი მამა რომ გადარია,
სად გაქრა იგი სიმშვენიერე?!
დედა, იტირე შენი,
შენი პატარა შვილი,
იმდენად პატარა, რომ
გონია, დიდი არი.
დავდექი დღეს დილიდან
არაყით გალეშილი
დასუსხულ სარკესთან და
კაი ხანს ვიტრიალე.
მე სადღაც მივიჩქარი,
მივდივარ-მეტეორი.
მეგონა, ერთი იყო,
სულერთი ცა და ბედი.
თურმე შენ,
რა ვიცოდი,
თანდათან ბერდებოდი,
რამდენად ბერდებოდი,
იმდენად გადარდებდი.
ჩვენ ერთად გავიზარდეთ
პატარა პროვინციულ
თოვლიან ქალაქში და
ძალიან სასაცილოდ
ერთ ხაზზე თავსდებოდა
სკოლა და პოლიცია,
ბაღი და ახლაც მახსოვს ის სუნი,
სასადილო,
რომელშიც შევდიოდით და
ფერად ლიმონათებს
დაზეპირებული
ღიმილით მოგვიტანდნენ,
მერე ჩვენ დავტოვეთ და
თვალებით მიმოვფანტეთ
იმ უბნის ნაცნობი თუ
უცნობი მობინადრე.
ცა ბოღმით ისერება,
დრო გადის ისე ნელა.
გადის და არაფერი:
ნისლების ოკეანე.
ჩვილი რომ გესიზმრება,
იცოდე, ისევ მე ვარ,
ჰო, ისევ ბავშვი ვარ და
ბავშვივით მომიარე.
დე, გარეთ ზამთარია,
ისეთი ზამთარი, რო-
მომდგარა გაზაფხული,
ნანატრი კამელია,
მე და მამაჩემი ვმღერით:
"რამ-და - რი-რო"...
არ შეიძლებოდა,
დღეს არ დამელია...
გადაუღებლად წვიმს მთელი ღამე,
ნისლს დაუფარავს ალაზნის ველი,
გუშინ ხეები ებრძოდნენ ქარებს,
და შემოდგომა იყო მზისფერი...
დღეს კი, საღამო ჩამოდგა სევდის,
ფერი უცვლია მშობელ მიდამოს,
იქნებ ეს წვიმა ცრემლია დედის,
მწარედ განვლილი წარსულის გამო...
ყველა ბაზრის თუ საყდრის კუთხეში,
ყველა ქუჩაზე სადაც შევივლი,
მხრებჩამოყრილი და უნუგეშო
ზის ვიღაც ქალი ხელგაშვერილი.
ვისი დედაა ეს ქალბატონი?
ეს მომტვრეული ციხის ქონგური?
მისი იმედი, მისი პატრონი
აფხაზეთშია იქნებ მოკლული.
ყველაფერს ხედავს მაცხოვრის თვალი
და ბედიც მიტომ აღარ კადრულობს,
ამ ქალის ხვედრში ვის უძღვის ბრალი,
თუ არა შეშლილ მთელ საქართველოს.
ო, ღმერთო, რატომ მომტეხე მხარი,
რად დამატეხე რისხვა ზეცათა:
საწყალი დედა, ოცი წლის მკვდარი,
აქ ცოცხლად როგორ გამომეცხადა!
თვალები თითქოს გადამებინდა,
ყელში რაღაც მწვდა მომაშთობელი
და ხელგაშვერილ ამ ზმანებიდან
მიყურებს დედაც... და ღვთისმშობელიც...
ქალი - თეთრი თმის შარავანდედით,
ქალი - უმწარეს ბედით დევნილი -
ვაითუ, მართლა უფლის დედაა,
გამოსაცდელად ცით მოვლენილი.
შიშით და ელდით მიფეთქავს გული,
ჩემსავით ალბათ სხვებიც შიშობენ.
როგორ გავბედო და ხურდა ფული
როგორ ჩავუდო ხელში ღვთისმშობელს...
დიდი დუნაის პირად
პატარა სახლი არი,
მე თავზე მეტად მიყვარს
მისი ეზო და კარი.
მომაგონდება ხშირად
სარკმელში შუქი მკრთალი,
წამწამზე ცრემლი ბრწყინავს,
ცრემლით მევსება თვალი.
მე ახლა ვნანობ, სახლი
რატომ დავტოვე დედის...
ასე არ ფიქრობს კაცი,
როცა მომავალს ელტვის.
მაშინ ჩემს ლტოლვას ჰქონდა
ფრთები ძლიერი ორბის,
იმ ფრთებს გავყევი შორს და
სახლი დავტოვე მშობლის.
გულში დაენთო ცეცხლი,
თვალში ჩაუდგა სევდა,
გამოთხოვების წუთში
როცა დავკოცნე დედა.
ის მწუხარების ცეცხლი,
გულს მოდებული ალი,
მას ვერ ჩაუქრო ცრემლმა,
თუმცა ცრემლს ღვრიდა თვალი.
მევედრებოდა დედა,
გულში მიკრავდა თრთოლვით,
მისი ხვეწნა და ცრემლი
ვერ მაჩერებდა ლტოლვილს.
ო, რომ მცოდნოდა მაშინ
ქვეყნის კარგი და ცუდი,
ჩემს აცრემლებულ დედას
არ დავტოვებდი წუთით.
მაგრამ ცხოვრების რიჟრაჟს
რა სდევს იმედის გარდა,
მთელი ქვეყანა მაშინ
ჰყვავის იად და ვარდად.
და მხოლოდ მაშინ ვხვდებით,
როს ცხოვრებაში შეალთ,
რა გულუბრყვილოდ ვჭვრეტდით
იმ იმედების მწვერვალთ.
მეც მომავლის ფიქრს ვსდევდი,
მეც რწმენა მქონდა ბალღის,
გამქრალ იმედთა წყება
აწ მოგონებად არ ღირს.
რაც ვხეტიალობ ქვეყნად,
დიდი დროც არის ეგებ,
წამების გზაზე მხოლოდ
ეკალი მიჩხვლეტს ფეხებს.
ჩემი კუთხისკენ ახლა
მიმავალ მგზავრებს ვხედავ,
შენს სანუგეშოდ, რა ვქნა,
რა დავაბარო, დედავ!
სახლიკაცებო, როცა
მის სახლს გაუვლით ახლო,
გთხოვთ, უსათუოდ ჩემი
მოხუცი დედა ნახოთ.
უთხარით, ჩემზე ნუ სწუხს,
ნუ გაუტყდება ძილი,
ნუ შეშფოთდება, რადგან
ბედნიერი ჰყავს შვილი.
უბედურება ჩემი
არ გაუმხილოთ დედას,
მას რომ სიმართლე უთხრათ,
ვერ გადურჩება ელდას.
მშობელი ჩემი მომკვდარა ადრე,
თურმე ყოფილა მწუხრივით ჩუმი.
მშრომელი, ტურფა, შემკული აგრე,
ოქროსთმიანი და აბრეშუმი.
აკვნის მახლობლად ჩამქრალა დედა
არ მოღწეულა ხატება მისი,
როგორ შევიძლო, ვიხილო ნეტავ,
შევიქმენ მხოლოდ შეხვედრის ღირსი!
დედავ, ხატება არ დაგრჩა არსად,
ჭაში ვიცქირო, დამჩემდა სენი.
შენ ხომ იდექი გვიმიან ჭასთან,
ეგებ შიგ ჩარჩა სახება შენი.
ან იქნება შენი ოქროს თმა არი
კოლხურ კერაზე ამდგარი ალი
ეგებ ვაზია შენი ქამარი,
ხეს რომ ეხვევა ცოცხალი კვამლი!
როგორ შეგიცნო, თუ გნახე სადმე!
მოდი, გვალვაში მიგრილი რტოთი,
მე უკუღმართი განგება დავგმე,
რტო დამირხიე, ჩამიქრე შფოთი.
როგორც სკაშია ზუზუნი ფუტკრის -
შენი ხმები მყავს გულის ბუდეში.
არ დამეკარგოს - სათუთად ვუვლი,
არ გამიფრინდეს ჩემი ნუგეში!