სამოცის გახდა დედა,
და ახლა პასუხს ელის:
ოცი ათასი დღე და
არა -
სამოცი წელი.
ვუახლოვდები ბუხრიან ოდას,
ყორეზე ყივის შავი მამალი,
მე ნალიასთან ვიყნოსე ცოტა
ფიჩხების კვამლი, როგორც წამალი.
კვლავ მომეხვია მოხუცი დედა,
კვლავ მომიტანა ღაზლის წინდები,
მე კი დარცხვენილ თვალებით ვხედავ, -
კაბა აცვია შარშანწინდელი.
შვილებმა ვიცით მშობლების ქება,
როცა ხელთაა სავსე თასები,
მაგრამ ხანდახან არც გაგვეგება
ნამდვილი ფასი ამ დაფასების.
ხელცარიელი შევაღებთ კარებს,
გარეთ გავათრევთ მძიმე კალათებს,
დედას ვუტოვებთ მოწყენილ თვალებს,
ჩვენს თავთან თეთრად ღამეგანათევს.
წავალთ, გაგვართობს შეხვედრა სულ სხვა,
ვითომდა ლუკმა ცით გვეძლეოდეს...
და ძმაბიჭებთან სუფრაზე უხვად
დავაწყობთ ახალ სადღეგრძელოებს.
ის კი - მშობელი, სოფელს რომ უვლის
და ჩვენი ნახვის ნატვრით ბერდება,
შემოდგომაზე ყურძნების წურვის
დროს ხელმეორედ გაგვახსენდება.
მადლობა, ნენევ, რომ მამულს
გმირი უზარდე ამდენი,
ჭოროხი შენი ცრემლია,
თვალთაგან გადმონადენი.
ჩადრებში გამოგახვიეს,
როგორც ქისაში ალთუნი,
არ დაიჟანგე - იხსენი
თავიც და სიტყვაც ქართული.
როგორც ნაცარში ღადარი,
ინახე ენა მშობლური,
გადაგვირჩინე სიმღერა,
თვალი მოვისხით ორბული.
გვიცავდა შენი ღიმილი,
გვივლიდა შენი ალერსი,
გულში თუ გედო ტკივილი,
იმედი გენთო თვალებში.
ვლოცოთ მიწა და ჰაერი,
ვლოცოთ პური და მარილი,
ჩვენი სახლ-კარი და ერი,
და ქვეყნის ცა საყვარელი.
ვლოცოთ შეხვედრა მეგობრის, -
ამბორი მონატრებული, -
ყელმოტეხილი დოქები
სოფლის წყაროზე შედგმული.
ვლოცოთ ქართული სიმღერა, -
განდაგანა და მხარული,
ათას წელს რომ არ იღლება
სურვილი, წვა, სიხარული.
იავნანავ,
ფრთებით გარწევს ჩვენებური ჟამთადენა,
ზოგჯერ ღმერთიც შეიცვალა,
ვერ შეცვალეს შენი ენა.
ვლოცავ, რა მზეც გამწიფებდა
და გისხამდა რომელი ხეც,
იავნანავ,
ვარდოვნანავ,
მოდი, სულზე მომეხვიე.
ბევრჯერ მიწა გამიგლიჯეს,
შენ კი ზღვარი ვერ დაგიდეს,
ვერ წაართვეს შენი თავი
შავშეთელს და მარადიდელს.
თუმცა ხშირად ბედი ჩემი ჭოროხივით იმღვრეოდა,
ჩადრიანი დედა მაინც იავნანას მიმღეროდა.
მაგონდება მისი თბილი ხმით ნამღერი ნანა ტკბილი, -
ყველა წუთი თენდებოდა
ჩემთვის ამხდარ ნანატრივით.
ზევით ზეცა იყო ღრმა და
სუფთა, როგორც დედის გული,
შიგ ჰყვაოდა ვარსკვლავები,
დედის ხელით მიმორგული.
ნანა, შვილო,
ამ სიმღერით გაიზრდები უფრო კარგი,
გაგალაღებს, აგამაღლებს,
დაგაბრძენებს, გაგამაგრებს.
ლაჟვარდების ლურჯი თქორი,
რომ ალბობდა დედის ღიღინს,
იავნანას თითო ბგერა
სისხლის თითო წვეთად მიღირს;
იავნანავ, გწვეს და მაინც
იმავ დედას შველი ახლა,
ვინც ქართული სიტყვის ცეცხლი
შენს ნაცარში შეინახა.
ჯერ ბევრია საზრუნავი,
გასაკაფი, მოსახნავი,
დღეის ფიქრით დამძიმდი, რომ
დამსუბუქდეს სევდა ხვალის.
ჯერ ბევრია საზრუნავი,
შენი კერა სადაც არის,
შენ ხომ თავად იავნანაც
გყავს მოსავლელ-დასაცავი.
ნანა, შვილო, დღე გეძახის,
ძილი ისეც საკმარია,
შვილო, მთელი საქართველო
დღეს ხომ შენი აკვანია.
ნანა, შვილო, იძილფხიზლე,
დრო-ჟამს ყური მიაპყარი,
საქართველოს ხვალე შენ ხარ,
გახდი მისი წინაპარი.
აქ, დედაჩემი, ხაშრებში და ლერწებში, კიდევ
მხვდება აღმართზე, დაქანცული, ისე ვით ოდეს,
დაკრეფილებით დამძიმებულს მოათრევს გოდორს, -
ურიგებს სარჩოს ბავშვებს, თიკნებს, ქათმებს და ჩიტებს.
ქუსლებს დაიღლის და წაიცვეთს მიწის თხრით თითებს,
მთელი ზაფხული მხრებზე უზის, ვიდრე არ მოთოვს,
კალთის ბოლოზე აწებებულ ლობიოს ფოთოლს
თან დაატარებს, მთვარესავით გაცრეცილს, ყვითელს.
ვუყვარვარ ისევ ავადმყოფი და ნაბოლარა,
სოფლურ შელოცვებს ვინ მეტყოდა მასავით ლამაზს,
დამინაყავდა ბალახების ჟვეროთა წამალს.
ერთხელ წამოწვა, მითხრა: შვილო, მე ახლა წავალ...
მილულა თვალი, თვალში ალბათ ჩანდა წარსული,
დედა-ანბანი ყელს ეკიდა ძაფზე ასხმული.
დედაო, დაო, სატრფოვ ძვირფასო,
შენი წარსული მწარე წყლულია,
ყოველი ტანჯვა საქართველოსი
შენი ცრემლებით გამოწყულია.
მშვენიერება ტურფა შენებრი
სამშობლოს ედემს არა ჰყოლია,
თავისუფლების ვეფხვთა დედაო,
წინ შენი სახე მათ წასძღოლია.
გულმდუღარებით დამღერდი აკვანს
და ხან ცხრა კუბოს დაჰქვითინებდი,
მაგრამ შენს ამაყ, არწივულ სახეს
მოანათებდა დახსნის იმედი.
შენ ახალწლისთვის ბავშვებს უცხობდი
პურის ხმლებს, შუბებს და მშვილდ-ისარსა,
რათა ყოველწლივ დაჰკვებებოდა
გმირობა შენით ნასინდისარსა!
და რომ დაგეწრთო შენის რძის ძალით
მხოლოდ მხედრებად, არა მონებად, -
ომში წამავალთ ხმლის ტარზე ლეჩაქს
უხვევდი ვალის მოსაგონებლად!
და დღესაც ცოცხლობს ანდერძი წმინდა,
დედის ძუძუთი გადმოცემული,
არ უნახიათ შენი შვილები
გამოქცეული ან დაცემული!
მათი სახელი იქა სწერია,
სადაც გამოჩნდა ყველა რჩეული,
სამშობლოს დროშით ალაშქრებული,
გმირად ნათქვამი და მიჩნეული!
თუ ბრძოლის ველზე თავზე გადასდით
სიკვდილის ცეცხლი გადაყივილით,
შეურყეველი გულით დგებიან,
ვისაც უნათებს შენი ღიმილი.
არვის მისცემენ შენს წმინდა მანდილს,
მტვრიანი ფეხით რომ გადასთელოს;
არ გასწირავენ შენს იავნანას,
კერას, სამშობლოს და საქართველოს!
და არც იქნება ვინმე, ოდესმე,
შენ ძუძუს მადლში შემოგედავოს,
რუსთველის დედავ, გმირების დედავ,
თავისუფლების ვეფხვთა დედაო!
ჩვილმა თვალები გაახილა
და ორი ვარსკვლავი დაინახა
და მერე,
მთელი ცხოვრების მანძილზე,
უფრო მშვენიერი ვარსკვლავები
არც ერთ
ცაზე არ შეუმჩნევია.
ხელისკანკალით შეჭამანდს მისხამს,
გოგოლის ქუჩას იგონებს ნეტარს, -
ახალგაზრობას იხსენებს ქმრისას
ჩემი საწყალი
პატარა დედა...
მოვიდა ერთხელ
ცხონებული ფაიტვნის ყალყით,
გარაყანიძით, მუჩიაშვილით, -
თავისი ხალხით, -
რასაკვირველია, არღნით...
შენ თოთო მყავდი (გამთენიაა!)
გამოვეგებე ბალღით...
„ბალკონზე“ ვდგავართ,
გაიტონი ჭიშკართან იცდის, -
ამას აკეთებს
კაი ქალი კაი ქმრის ხათრით, -
ცალ ხელში ბალღით,
მეორეში, აღმძვრელით იშტის,
(კაი დრო იყო!)
ბლუდზე არყით,
დოშით და თართით...
გახსნილი წარბი ეამა საწყალს,
„ხომ გითხარითო!“ - თან არაყს ასხამს, -
რა დააძინებს უჩემოდ ჩემ ქალს!
დაიძინებს და...
ცოლ-შვილი სხვაც მყავს!“
ამოსდიოდა ცოლ-შვილზე სული,
წამხდარ ქალებში ძუნძულს ჩვეული
მე ის არ მყავდა - ხატი და სჯული,
ტყუილს ამბობდა სულკურთხეული...
„შეუბერეო! -
შეუძახა, მეარღნევ, არღანს! -
დაიძინებს და...
(თან თვალს მიკრავს)
ცოლ-შვილი სხვაც მყავს!“
რა ჰქვია იმას, ლექსებში რომ წერ?!
კი! „ბრადიაგას“ „ზაკაზი“ მისცა,
დააკვრევინა, იმღერა ორჯერ
და კაკარდისქვეშ თუმანი სტკიცა...
გამომართმევენ შენს თავს კაცები,
(მე გული მიმდის...) ჭერში გტყორცნიან,
მერე ბურთსავით ხელსა გტაცებენ
და ტიტლიკანა ფეხს გიკოცნიან...
დაღვიძებული
მეზობლების შევწუხდი ხათრით,
არ იყო ლოთი,
თვეში ერთხელ ქეიფს გასწევდა,
იცოდა ჩვენ დროს
მეზობელმა მეზობლის ყადრი,
ეგეც არ იყოს,
კაცი იყო - ხმას ვინ გასცემდა!
სვეს ნასვამებმა
ზეზეულად ხელახლა ერთხანს,
მაინცდამაინც
არ უნდოდათ, არ დარჩნენ დიდხანს;
დილით ცხონებულს
კი უნდოდა მადლობა ეთქვა, -
შაბათიაო,
გავიაროთ ქალაქში, - მითხრა...
ჩამომატარა
„დეზერტირკის“ ჭრელი დახლები,
მასახელეო,
გეკუთვნისო ჩემგნით ახლები:
ტუფლები - ლაკის,
შლაპა - ფეტრისმ ტაშტი - ჩაიდნით...
დედოფალივით
მიმაბრძანა სახლში ფაიტვნით...
ხელისკანკალით შეჭამანდს მისხამს,
გოგოლის ქუჩას იხსენებს ნეტარს,
ახალგაზრდობას იგონებს ქმრისას
ჩემი გამჭკნარი პატარა დედა.
შენ რომ გიყვარდა ყავადანი,
დედის ნახსოვარი ყავადანი,
მეზობლის გოგოს გავატანე, დედა!
ხომ გახსოვს გოგო ალვისტანა...
იქვე დავმარხეთ, - ალვებთანა...
მე დარდი ვეღარ ავიტანე,
დარდმა თავისი გაიტანა,დედა!
აღარც ალვატანი,
აღარც ყავადანი,
შენი ვაჟი კი ავად არი,
ძალზე ავად არი, დედა!
თვალი ჭრილობაა ჩვენი სულის, დე...და...
ცრემლი სისხლი არი ჩვენი სულის, დე...და...
თვალი - შენისლული,
სული - შეისრული,
პირობა ვეღარ შეგისრულე,
წუთისოფელი შევიძულე
და... გვედრით მშობლებს გარდასულებს,
რახან დამიწყეთ - დამასრულეთ,
ჩემი ტკივილიც გაასრულეთ, დედა!
კაცი ტალახით ნაშენია, დედა!
ცხოვრება დარდთა გამჩენია, დედა!
მიწაც ხომ ჩვენი სარჩენია,
მაქ წამოსულა რაც ჩვენია,
აქ არაფერი დამრჩენია,
სულ არაფერი, დედა!
სიკვდილი მწარე წამალია, დედა!
არ მორჩა, ვინაც არ დალია, დედა!
უმჯობესია, რაც მალია,
ყველაზე ნაღდი სამალია -
ტკივილებისგან,
კივილებისგან,
სიკვდილებისგან... დედა!
სიყვარული დავუფარეთ
შემოქნეულ ლახვარს,
ვაი იმას, ვინც შვილობით
დედის მანდილს ლახავს!
შეაჩერებს ბოროტ ქარებს,
ლოცვით განამტკიცარს,
ღმერთო! დედა დაიფარე,
იყოს ჩემი მტრისაც!
ზესთა კელაპტრების ღვენთი,
ზევენახთა რთველი!
ანგელოზი ერთადერთი,
ხორციელად მსვლელი!
და სამყარო მრავალფერი,
დღეს, ხვალე თუ წინათ...
დედის სიყვარულით მღერის,
დედის მზერით ბრწყინავს!
...და მზე ფეთქავს დედის გულით!
დედის ფიქრი ბურავს,
დედის კალთას გამობმული
დედამიწა ბრუნავს!