ლექსები დედაზე


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

გიორგი შატბერაშვილი - დედის ეზოში

ისევ აქა ვარ, დედის ეზოში...

ქვიტკირის სახლი, ქვიტკირის კიბე, 

ფეხზე მაცვია ზურმუხტის ქოში, 

მომინდება და, ბაღში ჩავირბენ.


მომინდება და, მთასაც გადავალ, 

ეგებ სატაცურს წავაწყდე სადმე, 

ეზოში ჰყვავის ნაცარქათამა, 

დედა აპურებს ნაცარა ქათმებს.


ისევ ბავშვი ვარ.... 

მივფრინავ ცაში, 

შორეულ ღრუბელს აქლემს ვადარებ, 

მომეწონება... ვჩურჩულებ, წავშლი.. 

საყვარელ ლქსებს ჯიბით ვატარებ.


ვარ ორი თხის და ბოჭოლას მწყემსი, 

თავთუხის ულო წელზე მარტყია, 

ძეძვის ბუჩქიდან სტვენა მომესმის... 

მე რომ დავდევდი, ეს ის ბარტყია.


ეს ის წნელია, მე რომ დავგრიხე 

და ჩავაწანი დაბრეცილ ღობეს, 

შორს ასწლოვანი მოჩანს კაკლის ხე, 

მიაგავს ჩემი ბავშვობის მთხრობელს.


გახარებულა ხნიერი ვაზი, 

რქებით ხარდანზე გადაწვენილა, 

აცრემლებულა მეტი სინაზით... 

ცრემლი კი არა, მიწის წვენია.


ამ მიწის წვენმა მე ამამღერა, 

როგორც ჭალებში ასკილის სტივრი. 

პატარა ეზო, ზეცა ამხელა.. 

მიხარია და ვაზივით ვტირი.

ალექსანდრე აბაშელი - ტაძარში

ნოემბრის ქარში ცივ ქუჩაში მოხეტიალეს 

შემაკრთობს ზარი და ტაძარში შევალ შემთხვევით. 

მოვისმენ ღაღადს. ძველი გრძნობა უცებ იელვებს. 

ავანთებ ცრემლით ჩემს წამწამებს და ჯვარს ვემთხვევი.


არ ვიცი ბრძენი განცდადს ამგვარს თუ რას დაარქმევს: 

არა მწამს ღმერთი და მის სახლში რა მეტირება! 

გამოვა მღვდელი. საცეცხლური სურნელს დააკმევს 

და ჩემი ფიქრი ცისფერ კვამლში ჩაიძირება.


სიყრმის ბურუსში გაბრწყინდება დრო შორეული: 

აღდგომა ღამე. დააღდგომო თეთრი ხალათი. 

მამის საფლავზე დედაჩემი ცრემლმორეული. 

იქვე სანთელი და საკურთხით სავსე კალათი.


საბრალო დედა! ჩემი გრძნობა უზენაესი 

შენს მწუხარ სახეს განუწყვეტლივ გარს ახვევია. 

კეთილო დედა! ჩქარა გაქრა ჩემი მაისი, 

და ბნელი ღამე, ო, რა მძიმე გასარღვევია!


წკრიალებს ვერცხლის საცეცხლური, და საკმეველი 

აღსავლის კარებს ცისფერ ღრუბლად ენარნარება. 

მორწმუნეთ შორის ვდგავარ უცხო კათაკმეველი, 

მაგრამ "განვედი" ჩემს ოცნებას არ ეკარება.


თავდება ლოცვა. ახსენებენ ჯვარზე ნაწამებს. 

დამავიწყდება, რომ შემოველ მე აქ შემთხვევით. 

ავანთებ ცრემლის ნაპერწკლებით დახრილ წამწამებს. 

გადავდგამ ნაბიჯს მოწიწებით და ჯვარს ვემთხვევი.

*დღეს,როცა მეც მყავს შვილი*

დღეს,როცა მეც მყავს შვილი,
უფრო ლამაზი ჩანხარ,
ბედნიერი ვარ შენით,
მუდამ ჩემს გულში მყავხარ…

ბევრჯერ გატკინე გული,
ცრემლიც გადინე მე და-
თუ გაწყენინე რამე-
გთხოვ,მაპატიე დედა.

ხარ ჩემი საფიცარი,
მზის სხივზე უფრო თბილო,
დღეს სულ სხვა ხმაზე მესმის
შენი ნათქვამი ” შვილო”…

ჩემთვის ხარ უფრო ტკბილი,
შენს ამაგს უფრო ვხედავ,
დღეს,როცა მეც მყავს შვილი,
დღეს,როცა მეც ვარ დედა…..

*მახსოვს პირველად რომ დაგინახე*

მახსოვს პირველად რომ დაგინახე
იყავი ნაზი და მომცინარი
მახსოვს პირველად როგორ შემეხე
მახსოვს პირველი შენი ამბორი…
მე მაშინ მივხვდი, რომ გამიმართლა
ვიგრძნობდი მარად ულევ სიყვარულს
მეც მიხაროდა შენს გვერდით ყოფნა
შენი ტუჩების ნაზი ამბორი…
მახსოვს გვერდით რომ აღარ მყავდი
და შენი სითბო მენატრებოდა
მაშინ შენს პერანგს ჩავიხუტებდი
და ჩემი გულიც დამშვიდდებოდა…

*ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა*

ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა
გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ…
შენს ამაგს ვხედავ….
შენს ხოტბას ვბედავ….
ლამაზ თვალებში მე წარსულის სევდასაც ვხედავ

მრავალ მაგალითს სიკეთისას მე ვსწავლობ შენგან….
გთხოვ მაპატიე თუ ხმამაღალ სიტყვას გავბედავ…..
ბოდიშს მოგიხდი ასე საჯაროდ, როგორც გაქებდი….
არ მეწყინება, თუკი ამისთვის წამითაქებდი…

ხელზე გემთხვევი და გამოვითხოვ კურთხევას შენგან…
ყველაზე წრფელად შენ დამლოცავ უფალთან ერთად….
თუ გაწყენინე შენდობას ვითხოვ არ ვმალავ ამას,
ვიბედნიერებ ალბათ, თუ დაგიფასებ ამაგს.

ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა
გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ!

*შენ გაუძელი ამდენ ტკივილებს*

შენ გაუძელი ამდენ ტკივილებს,
დახარე თავი ყველა ცოდვაზე.
მინდა ბოდიში რომ მოგიხადო.
ბოდიში, მე ჩემს ყველა ბოდვაზე.

იტანდი ყველა შესამჩნევ ტყუილს,
იტანდი ზიზღით აღსავსე სიტყვებს.
როგორ არ მინდა ვიფიქრო ასე
ვერ გავექეცი შემზარავ ფიქრებს.

შენ მე მასწავლე ის სიყვარული
რომლითაც ახლა სხვა უნდა ვათბო
ვიცოცხლო მისთვის, ვისუნთქო მისებრ
და თუნდაც მისთვის სიცოცხლე დავთმო.

რამდენჯერ ცრემლით ბალიში სულ მთლად
დასველებული გქონია მალვით
მე ახლა ვნანობ, მე ახლა ვხვდები
შენს კალთას უნდა ვემთხვიო კრძალვით.

გინდოდა ჩემში ვარდების კრეფა.
ყველა იმედის ახდენა გსურდა
მაგრამ მე თვითონ ჩემს სულში ჩუმად
დასახლებული დემონი მძულდა.

გულგატეხილი აღსავსე დარდით
თვალებს გიწვავენ ცხელი ცრემლები
გინდა უსიტყვოდ გულში ჩამიკრა
მომხვიო შენი თბილი ხელები.

შენ ხომ ყველა დღეს ჩემით იწყებდი
ლოცვით ირჩენდი გულის იარებს
წუთისოფლისგან ფეხქვეშ თელილი
სწორ გზაზე ვინღა მომატრიალებს ?

დავკარგე ძალა, გამიქრა სითბო,
ვიცი, ჩაგიქრე ყველა ღიმილი.
ამ თვითმკვლელობით მე მოგაყენე
უკანასკნელი, მძიმე ტკივილი.

*ბავშვობაში ჩემთან ერთად ტიტინებდა*

ბავშვობაში ჩემთან ერთად ტიტინებდა,
ჩემი თოთო ნაბიჯების უტყვი მცველი.
ვიტირებდი? –
ალბათ, ისიც იტირებდა…
ჩემს ლოყაზე შედგებოდა
დედის ცრემლი.
ახლა როცა,
მწუხარებამ ამატირა,
როცა სულში მომღერალი გედი ვნახე,
როცა ჩემი სიხარული გამარტივდა,
სიზმრად ისევ წარმომიდგა დედის სახე:
ჩემს საწოლთან ქვითინებდა დედაჩემი,
თუ შენიშნა:
„ბავშვი მშვიდად რომ არ იყო“…
გამეღვიძა,
ლოყას წვავდა ცხელი ცრემლი,
ნეტა მართლა,
დედის ცრემლი ხომ არ იყო?

*შენით თენდება, შენით ღამდება*

შენით თენდება, შენით ღამდება,
ჩემო ძვირფასო დედა!
გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე
მე თუ ვაქციე ცრემლად

დედა შვილისთვის ყველაფერია,
შვილი დედისთვის-სევდა,
ფიქრთ და დარდით გაჭაღარავდი,
განა ვერ ვამჩნევ? ვხედავ.

გკოცნი, გეხვევი, გეალერსები,
თვალ-სევდიანი რომ ხარ,
შეცდომებს აღარ გავიმეორებ
თუკი მეორედ მოვალ.

უცებ ბავშვივით გადავიქცევი
როცა მომაპყრობ მზერას,
წარსულს ,დღევანდელს და მომავალსაც
ბავშვის თვალებით ვხედავ.

იმედიანი დღე ხვალინდელი
ვინ გამითენოს ნეტავ?
ქვეყნად ორია ჩემი მშველელი
მაღლა-ღმერთი, აქ-დედა…

*შენზე ფიქრებით ვათენებ ღამეს*

შენზე ფიქრებით ვათენებ ღამეს
და მენატრება შენი ალერსი
ჩუმად ვიხსენებ იმ მწარე დღეებს
როცა ტიროდი ჩუმ ცივ ღამეში

მე არ მესმოდა შენი ცრემლების
რადგან ვიყავი პატარა ბავშვი
შენ მიხუტებდი უმალვე გულში
და ცრემლს იკლავდი შენ ჩუმად გულში

გავიზარდე და უმალ ვისწავლე
ამ ცხოვრებაში ცრემლების ფასი
ეხლა კი ვხვდები რაზეც ტიროდი
შენ შეგაჩეჩეს ორი ბავშვი

უმამოდ გვზრდიდი გზას გვინათებდი
და გაუძელი ბევრ დაბრკოლებას
უმამოდ გვზარდე ჩვენ ორი მაშინ
როცა გიჭირდა ყველაზე მეტად

და ამავე დროს გულით ატარე
ის სიყვარული რამაც გაგწირა
შენ შეგიყვარდა ისეთი კაცი
რომელმაც ძლიერ გული გატკინა

და დღეს ის დარჩა ჩვენში ფიქრებად
და ამ ფიქრებში მოვიხსენიებთ
დღეს შენ ხარჩვენთვის ის გმირი დედა
რომლის სახელზეც მუდამ ვილოცებთ

შენი შვილებით შენ იმაყებ
ამას გპირდები ლამაზო დედა
შენ გამოზარდე ორი ქართველი
ამიტომ დღეს შენ ხარ გმირი „დედა“.

ილია ჭავჭავაძე - ნანა

ნანა, შვილო, ნანინა!

ნეტა რამ შეგაშინა?

რაზედ შეკჰრთი, მტირალნი

რისთვის მომაპყარ თვალნი?

ჯერედ რომ შენი ბედი,

გრძნობა წინამორბედი

არ უხატავს მაგ შენს თვალს

ქართველთადმი ღვთიურს ვალს!..


მაშ, რაღამ შეგაშინა?

ნანა, შვილო, ნანინა!


ჯერ, მინამ ხარ ყმაწვილი,

მინამ დრო მოგესწრება,

ისწრაფვე, შვილო, ძილი,

ისწრაფვე განსვენება!

მოვა დრო, გაიზრდები,

მკლავი გაგიმაგრდება,

შვილო, ყრმობის სიზმრები

ბრძოლაზედ გაგეცვლება.


არ შემიდრკე მაშინა,

ნანა, შვილო, ნანინა!


გაიგებ მამულისას,

ბედქვეშ დაჩაგრულისას,

კვნესის ხმასა მწუხარეს,

შველის ძახილს მმუდარეს;

დალოცვილსა ჩემგანა

გული აგიღელდება,

შვილო, დედისა ნანა

ხმლის ჟღერად შეგეცვლება.


არ შემიდრკე მაშინა,

ნანა, შვილო, ნანინა!


ჰნახავ ჩვენ ბედშაობას,

ჩვენს ერთობას დაკარგულს,

ჩვენსა წამხდარს გმირობას

და მამულს დაობლებულს...

აინთე ცეცხლით გული,

მტერსა დაეცი მეხად

ან, ვით შვილი ერთგული,

დააკვდი მამულს მსხვერპლად!


არ შემიდრკე მაშინა,

ნანა, შვილო, ნანინა!


დედათა გული ჩვილი

მამულისთვის მაგრდება,

რად მინდა იგი შვილი,

თუ მისთვის არ მოჰკვდება!

ვისაც ძე არ შეუკლავს,

როს მამულს სჭირებია,

შვილო, იმ ვაგლახ დედას

შვილი არ ჰყვარებია!


მე ისე არ წავხდები,

ნანა, შვილო, ნანები!


ჩემის მამულისათვის

მე ჩემს ძუძუს გაწოვებ,

მისის სიკეთისათვის

გაგწირავ და გაბრძოლებ...

მას დედის ძუძუ ტკბილი

შხამადაც შერგებია,

მამულისთვის სიკვდილი

ვისაც დაზარებია!


შენ ისე არ წახდები,

ნანა, შვილო, ნანები!


იცოდე, ეგ სიკვდილი

მეტი დიდი რამ არი!

უკვდავი არის შვილი

მამულისთვის მომკვდარი!

მამულს მიგცა ზეცამა

და თუ ზედ დააკვდები,

ნუგეშ იცეს დედამა,

რომ კაცი კაცად ჰკვდები.


ნუგეშს ვიცემ მაშინა,

ნანა, შვილო, ნანინა!


სიკვდილის წამში მამულს,

შვილო, შენ გაუღიმებ,

რომ სისხლს, მისგან მოცემულს,

მასვე გმირებ უბრუნებ.

აღსრულდები ღიმილით,

რომ მამულს არ უმტყუნე

და შენ შენის სიკვდილით

მის სიკვდილი დასთრგუნე.


გაიხარებ მაშინა,

ნანა, შვილო, ნანინა!


თუ ეგრე შენ მოჰკვდები,

ნუ გინდა ნუცა ძეგლი,

ისეც უკვდავ იქნები,

ვით დედის შენის ცრემლი!

ჩემი ნანა ეს არი,

შვილო, მას უერთგულე:

რაც მე სიტყვით გითხარი,

შენ საქმით აღმისრულე!


ნანა, მამულის მსხვერპლო,

პაწაწინა ქართველო!

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14