ლექსები დედაზე


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

ია ნანეიშვილი - ჩემი შვილების კარგად ყოფნით მამყოფე კარგად

ჩემი შვილების კარგად ყოფნით მამყოფე კარგად,

ჩემი შვილების სიხარულით მახარე ღმერთო.

ჩემი შვილების იმედისთვის მაქციე წამლად,

ჩემი შვილების თვალებში რომ სიცოცხლე ენთოს.


მომეცი ნება,საკვალავი გავკვალო გზები

და რომ მისია აღვასრულო ამ ქვეყნად დედის.

მომეცი ძალა,სიყვარული ვასწავლო ღმერთის,

გამაზრდევინე მადლიერი შვილები ბედის...


მზე დაანახე,უმზეობა არიდე ღმერთო,

ცვარი მიეცი,უდაბნოში აღმოჩნდნენ თუკი,

ჯვარი მიეცი,წმინდა ნინოს ნაქონი ერთ დროს,

გთხოვ,ცა მიეცი,ნათელი დღე,წყალობის შუქი.


შენ დამილოცე ჩემი გულის ორი ნაწილი

და ჩემი თვალის ნათლისფერი ორი სინათლე,

ფერისცვალება ჩემი სულის მათ ორ სხეულში...

მათი გონება სიკეთით და რწმენით მინათე...


ბოროტება და სიავე გთხოვ არიდე ღმერთო,

რომ მხოლოდ უფლის რწმენა ჰქონდეთ უცოდველ გულში.

გთხოვ არ დაუშვა რომ ცხოვრების გზა გაიმრუდონ,

შენს ჩრდილში გყავდეს და სიკეთე უმრავლე სულში.


თუ საჭიროა მე მაწვნიე ყველა სიძნელე,

ოღონდ მათ არა,მათი გზები ღიმილით მორთე.

რადგან ჩემს მხრებსაც მოუწიათ ბევრის ატანა,

ბევრსაც დავითმენ,ცხოვრებაა ყველაფრის მოწმე.


ვიცი რომ გესმის ,დამილოცე შვილები ღმერთო

და ყველა დედას,ვისაც ახალ სიცოცხლეს აძლევ...

დაე,ჩემს შვილებს შენსმიერი მცნებებით ევლოთ,

მე როგორც დედა,მათ ზრუნვაში სიცოცხლეს გავლევ...


ჩემი შვილების კარგად ყოფნით მამყოფე კარგად,

ჩემი შვილების სიხარულით მახარე ღმერთო.

ჩემი შვილების იმედისთვის მაქციე წამლად,

ჩემი შვილების თვალებში რომ სიცოცხლე ენთოს!


იცით როდის არის დედა ბედნიერი?

იცით როდის არის დედა ბედნიერი?

როცა შვილის გვერდით დილა უთენდება,

როცა მფარველად ჰყავს მამაზეციერი,

მაშინ დედას გული აღარ უბერდება.


იცით როდის სუნთქავს დედა თავისუფლად?

როცა საიმედოდ შვილებს დაიგულებს,

როცა მიუჯდება მათთან გაშლილ სუფრას,

გულს კი მონატრებით აღარ დაიღონებს.


იცით როდის სწვდება დედა მეცხრე ცაზე?

შვილის წარმატება გულს რომ გაუხარებს,

მისი თბილი სიტყვა ტკივილს დაუამებს,

წლობით ნაწვალებს რომ შვილი დაუფასებს.


იცით როდის უღირს დედას არსებობა?

ლოცვით მიაშურებს წმინდა სალოცავებს,

როცა შეუქებენ მის შვილს ქართველობას,

"შეგრჩეს გამზრდელიო"- დედას დალოცავენ.


დედა რის დედაა, თუ არ იბრძოლებს და

ლომის ხმაზე თუ არ შესძრავს დედამიწას,

სანთლით ღვთისმშობელთან თუ არ ილოცებს და

შვილებს შუბითა და მკერდით არ დაიცავს.


დედის გამწარება მტერსაც არ შერჩება.

შვილს დააპურებს და ბევრჯერ მშიერია,

დედა შვილზე დარდით წამში ასჯერ კვდება.

ზოგჯერ რკინაზე და ქვაზეც ძლიერია...

გოდერძი ჩოხელი - ალბათ ხარობდა დედაი!

სადღაც აქვეა სიკვდილი,

როგორ ახლოა მიწა,

არყოფნის გემებს მივკივი

არარაობის ზღვიდან;

ალბათ ხარობდა დედაი,

როცა პატარას მზრდიდა!

დუტუ მეგრელი - ორი დედა

ორი დედა მყავს ძვირფასი,

ორივე მიყვარს გულითა;

მქონდეს სიცოცხლე ათასი.

მათ ვუძღვნი სიხარულითა!


ერთი საბრალო ქვრივია,

უდროოდ დაბერებული;

საცოდავს მალე ეწვია

ტანჯვა-ვაება წყეული!..


მეორე... მაგრამ ვერ აღწერს

მის ამბავს ჩემი კალამი;

მოელის ახალს რუსთაველს

ბედკრულის ტანჯვა-ვარამი!


ორი დედა მყავს ძვირფასი,

ორივე მიყვარს გულითა;

მქონდეს სიცოცხლე ათასი,

მათ ვუძღვნი სიხარულითა!


სილოვან ხუნდაძე - დედა და შვილი

რაც უნდა ვიცოცხლო, დედა მე არ დამავიწყდება:

მე მისი სახე ახლაც ცოცხლად წარმომიდგება.

მახსოვს, მე დედა ღამე გულზე მიმიხუტებდა

და წმინდა ლოცვებს ტკბილად, წყნარად მიფუჩუნებდა.


სულგანაბული მე ვუსმენდი მისს დარიგებას

-

მისი სიტყვები გრძნობიერნი ჩარჩნენ გონებას:

„ისწავლე, შვილო, რომ შეიქნე კარგი სწავლული

და შენი სწავლით ასარგებლო შენი მამული.


იცოდე, რომა მამულისთვის ის ხე ფუჭია,

რომელს ნაყოფი ტკბილი მისთვის არ მიუცია.

ეცადე ენის, მამულისა შენ აღდგინებას,

თუ გინდ ელოდე შენ ამისთვის ტანჯვას, წვალებას.


ამისთვის დედა მე მიყვარდა გულით და სულით,

დედას - მე, რომა ყურადღებით ვუსმენდი სრულით.

მაგრამ უწყალომ მომაშორა ბედმა მე დედას,

ისე, რომ ყური მას ვერ უსმენს, თვალი ვერ ხედავს...


მახსოვს შავი დღე, როცა დედამ შეწუხებულმა

მიმიკრა გულზედ, მითხრა სულით აღშფოთებულმა;

"გიკვდები, შვილო, მით სიცოცხლე გამმწარებია,

რომ შენი სწავლა, შენი აღზრდა არ მომსწრებია...


ვკვდები, სამშობლოს - შენს უფროსსა დედას - გაბარებ:

იმედია, რომ... ჩემზედ უფრო... მას შეიყვარებ.

რაც რომ გმართებდა, შვილო, ჩემი... პატივის ცემა...

უმეტეს გმართებს... მამულისთვის... თავის გაცემა...


გახსოვდეს, შვილო, რაც რომ შენმა დედამ გასწავლა...

ვკვდები. სიკვდილმა მეტისა თქმა აღარ... მაცალა..."


შოთა ნიშნიანიძე - დედამიწა

რა გაჭირვებით გვზრდიან დედები

რა სასოებით, რა იმედებით,

ჩვენ კი საკუთარ ცოლით, ბავშვებით

ზოგნი კარგები ზოგნი ცუდები,

ცხოვრების გზებზე ისე გავრჩებით

დედასთან სახლში ვეღარ ვბრუნდებით.


შენ კი ისეთი დედა ხარ, მიწავ,

ჩვენ კი ისეთი შვილები მხოლოდ,

ხეტიალის და წანწალის შემდეგ

შენთან ვბრუნდებით ბოლოს და ბოლოს..


ვაჟა ხორნაული - პირველად

მოწყენას მისას როდესაც გრძნობენ,

იქუფრებიან თვალები ნისლით.

თუ გავამსხვრიე განგების ღობე,

პირველად დედის ჭაღარას ვიხსნი.


ფიქრები ღლიან ისედაც დაღლილს,

სამრეკლოსავით ფერმკრთალს და ხნიერს.

თუ დეკემბერშიც აენთო ბაღი,

პირველად დედას დავუკრეფ იებს.


დედის მანდილში აპრილი გალობს,

ვით დაფიონი ფხოვეთის მთებში.

თუ უკვდავების ვიპოვე წყარო,

პირველად დედას მოვუტან პეშვით.


ნანინას ნამი აკვანზე ელავს,

როგორც კვირტებზე ღიმილი ფესვთა.

თუ სივრცეებში შევძელი ფრენა,

პირველად დედას ავიყვან მზესთან.


ნოდარ ოდიშელიძე - დედას

რა ხანია, თმაში თეთრად ჩამობარდნა,

ყოფნის მარილს მილოკავენ წლები.

მაგრამ შენთან, შენთან ისევ ბავშვი ვარ და

ისევ შენი გულის ცეცხლზე ვთბები.


ფხიზლობ, ფხიზლობ სანამ მე არ დავიძინებ,

თითქოს დროის დაბრუნებას ცდილობ.

მსუბუქდება წლების ტვირთი (უკვე მძიმე),

როცა მეტყვი - "არ შეგცივდეს შვილო".


შენთან რომ ვარ ფერმკრთალდება დროის ფარდა

და მკვეთრდება სურათები ძველი,

თითქოს ახლად ფეხადგმული ბავშვი ვარ და

შენს კალთაზე მიკიდია ხელი.


მარტოობა ცივ სიჩუმის ებრძვის ძახილს,

არ ნებდება მოლოდინით სავსე.

შენით სუნთქავს, შენით ცოცხლობს ძველი სახლი

და მაღლდება კვამლი ბუხრის თავზე.


...უშენობა მიდარაჯებს შორიახლო

და არყოფნის მსუსხავს ცივი მზერა.

დაობლებულ მამა-პაპის სამოსახლოს

შენი ლოცვა კვლავ გაათბობს, მჯერა.

მირიან იორამაშვილი (მთავარეპისკოპოსი თადეოზი) - დედას

თვალგასახელად მოჩიტულ კვირტებს

ნანად ჩაესმით ჩურჩული ხეთა.

ყველაფერს ამბობს, ყველაფერს იტევს

ეს უნაზესი სახელი - დედა.


და, როგორც სივრცეს ციმციმი ცისკრის

ანათებს ჩვენს სულს ღიმილი მისი...

დედაა ჩვენი ლამაზი ფიქრი,

დედაა ჩვენთან ღამით და დღისით.


ჩვენგან მარტოდენ სიკარგეს ითხოვს

და გულს წუთითაც არა სცილდება,

მისი კეთილი სიცოცხლის სითბო

მზედ და იმედად გვინაწილდება.


მწამს, როცა წლები, ბავშვობის წლები,

ამღერებულნი სათუთ ნიავში,

დამცილდებიან, წავლენ და მაშინ...

მომეძალება ჭაღარაც თმაში, -

დედისთვის მაინც დავრჩები ბავშვად,

კვლავ მომინდება მასთან თამაში.


მე ვიცი დედა-შვილურ სიყვარულს

ვერას დააკლებს დროთა მანძილი...

დედავ, ძვირფასო, მე მუდამ ვცდილობ,

არ შევარცხვინო შენი მანდილი...


მიიღე ჩემი უბრალო ლექსი, -

შენი ამაგის მცირე ნაწილი, -

და დარჩეს ხსოვნად ამ ლამაზ დღეთა,

წრფელი სიტყვები - ძვირფასო დედავ.

გიორგი ლეონიძე - არ, დაიდარდო, დედაო...

ღიმილის ბიჭი ვიყავი,

ბეჭზედ არწივი მეხატა, 

ცხრამეტი წლისა შევსრულდი, 

ოცი არ გადამეხადა,

სამშობლოს დროშა მეჭირა, 

მტერს ვეცემოდი მეხადა!


ვისაც უნდოდა, ქართველი 

რომ გამხდარიყო ხიზანი,

დავკარი, ვიყავ მართალი, 

ვით ჩემი ტყვიის მიზანი... 

ნუ დაიდარდებ, დედაო, 

მწარე სიკვდილის სევდასა.

დღეო, გადიდდი, გადიდდი, 

შვილი ეყრება დედასა!


არ დაიდარდო, დედაო, 

რაც მე სიკვდილით გაწყინე; 

მე შენი ძუძუს ნათელი 

საქვეყნოდ გამოვაბრწყინე.

მე გაგიხუნე ლეჩაქი, 

მაგრამ დაგხურე შუქური, 

სამშობლოსათვის დავთხიე 

სისხლ-ცვარი სიჭაბუკური. 

მე არ დამკარგავს სამშობლო, 

სულ ვეხსომები ლევანი, 

სანამდის საქართველოში 

იწურებოდეს მტევანი...


ცხრა ძმათ მეათედ მიმიღეს, 

პირზე მაყარეს ვარდები, 

დაჭრილს, დამძრალს და გზადაღლილს 

დამხურეს მუზარადები. 

თუ გაუჭირდა სამშობლოს, 

კვლავ ცეცხლით დავიდაგებით, 

ჩვენ გამოვამტვრევთ საფლავებს, 

ხმლით ქართლის მთებზე დავდგებით.


არ დაიდარდო, დედაო, 

ნუ მიეცემი სევდასა. 

დღეო, გადიდდი, გადიდდი, 

შვილი ეყრება დედასა!

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14