- შენ მაჩუქე მზე და მთვარე,
ვარსკვლავებიც ზედა!
სულ აკვანზე დამიყარე,
საყვარელო დედა.
ყანა, წყარო, ლურჯი მთები, -
რასაც თვალით ვხედავ,
მთელ სამშობლოდ მომიძღვენი,
საყვარელო დედა.
ხელისგულზე ერბო-კვერცხი
ვინ შეიწვას ნეტავ,
შენს ამაგს ვინ გადაიხდის,
საყვარელო დედა.
თუ შენს სკოლას ასახელებ,
სად იყო და სად არა,
დედის გულის ხმა მოგწვდება,
ჩემო კარგო, პატარავ!
როცა ტოლებს ჩამორჩები
და სწავლა არ გწადია,
დედის თვალზე ცრემლს რომ ნახავ,
მისი გულის დარდია!
სადაც იყო, ყველგან გნახავს
დედის გული ალალი.
ან დედაზე საყვარელი,
მითხარ, ქვეყნად რა არი!
და, პატარავ, მაშ იცოდე,
ყველას შეუყვარდები,
ოღონდ დედის გულს უსმინე,
გაუფურჩქნე ვარდები.
ჩემო ტკბილო, ჩემო კარგო,
მზე რომ გიკრთის თვალებში,
თან ატარე სასოებით
დედის წმინდა ალერსი.
და რაც უთხრა, რაც შეჰპირდე,
იცოდე, ჩვენც გვპირდები.
გმირი, ზრდილი, პირდაპირი,
შენ სამშობლოს სჭირდები.
თუკი დამაცემინა,
დედა მაწვდის მაშინვე
თერმომეტრს და იძახის:
- შენი ფერი მაშინებს!
გამიზომავს სიცხეს და
ისევ იწყებს ვაი-ვიშს:
- აბა, ჩქარა დაწექი! -
წამსვე ლოგინს გამიშლის.
დამილაგებს საწოლთან
აბებსა და მიქსტურებს.
ვინც კი ჩემთან შემოდის,
ყველას გარეთ ისტუმრებს:
- ანას ახლა სიცხე აქვს,
გამოკეთდეს, ადროვეთ.
სხვა დროს მოდით, ბავშვებო,
ახლა მარტო დატოვეთ!
დედას, ალბათ, ჰგონია,
რომ კარგ საქმეს აკეთებს -
მე ბავშვებთან თამაში
უფრო გამომაკეთებს.
მერე ისევ თერმომეტრს
იღლიის ქვეშ გამიჩრის...
ეჰ, მარტო ეს რომ იყოს,
მაშინ კიდევ რა მიჭირს?
ძალით ლიმონს შემაჭმევს -
დახოცავსო ბაცილებს!
ძმრიან ტილოს შუბლიდან
წუთითაც არ მაცილებს...
ორი გზა მაქვს, დედამ კვლავ
ასე რომ არ მამყოფოს -
თერმომეტრი დავმალო
ან არ ვიავადმყოფო!
წერა-კითხვა ვისწავლე,
აი, უკვე დიდი ვარ.
არ წამიყვანთ სკოლაში?
ბაღში აღარ მივდივარ!..
თვლა ხომ ვიცი ასამდე,
თანაც ექვსი წლისა ვარ,
პატარა რომ ვიყავი,
განა ისევ ისა ვარ!
სულ ათებზე ვისწავლი.
ჩემს დედიკოს ვფიცავარ!
დედის ტკბილი რძის ჭირიმე!
ძუძუებს ვენაცვალები!!
ვინც მათი გემო არ იცის,
ახვეული აქვს თვალები.
ხელში ჩამიგდო ობოლი
კუდურმა დედინაცვალმა.
დამწყევლა ენაბოროტმა,
გამღალა მისმა მე თვალმა…
აღარც ვიზრდები, არც ვკვდები,
შევკვნესი სხვისა კერასა,
დედის სახელსაც ვერ ვამხელ,
ვაი ჩემს ბედისწერასა!..
დედას ვეძახი - “მამასა”,
ვეძახი მამას - “პაპასა”;
არც ერთი პასუხს არ მაძლევს
და იმან გამაკაპასა.
ოჰ, რა ძნელია ობლობა
და უძნელესი - გერობა!
დედინაცვალის დედობა,
მისი მოყვრული მტერობა!
დედის რძე თაფლი ყოფილა
და დედინაცვლის - ნაღველა:
დავლიე - ყელზე დამადგა,
ძირმწარედ წამომახველა!..
ისევ დედის რძის ჭირიმე,
ძუძუებს ვენაცვალები!
ოცნებით მაინც შევეტკბო,
სიცხადით განაწყალები!
ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს,
ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს,
ნუ შეგაშინებს უძირო ღამეც,
ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია.
თუ გაგიხუნებს მეწყერი ფერებს
და ზამთრის სუსხი მხრებზე დაგათოვს,
გულს ნუ გაიტეხ, რა ვუყოთ მერე,
დედის გული და კალთა გაგათბობს.
ნუ შეგაშინებს მეხი იერით,
მეხი უფესვო ხეებს ერევა,
ვიდრე დედა გყავს, შენ ხარ ძლიერი,
ვიდრე დედა გყავს, ვინ მოგერევა.
ჭირთა თმენა და დიდი იმედი,
დედა სიცოცხლის თვალისჩინია,
ვიდრე დედა გყავს, ხარ ბედნიერი,
ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია.