ლექსები დედაზე


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

ნიკო გომელაური - დედას

ვინ დამბადა ასე ფლიდი,

ასე წყნარი, ასე დიდი,

ასე ცუდი, ასე კარგი,

ვინ მასწავლა ასი დარგი?


ვინ აბრალებს ძუძუს წყევლას?

და, მიწუნებს ცოლად ყველას?

ვინ ჩამარტყამს თავში უროს

(ასე, ჩემთან სხვა ვერ ხუმრობს)?


ან, იმ ღამეს ვინ გამათბობს,

მე ჭაღარა რომ დამათოვს?

ვის დავუთმობ ზედმეტ სიტყვას...

ვერც ავუხსნი, როგორ მიყვარს.


ვინ იქნება მუდამ ახლოს,

მაშინაც კი, შორს თუ სახლობს?..

ვინ იქნება? - ვინ და დედა.

თორმეტ ივლისს დამებედა!

ნოდარ შამანაძე - დედა მიყვარსო...

დედა მიყვარსო, რომ უთხრა ვისმე,

შემოგხედავს და დაიწყებს სიცილს,

რადგან ეს არის ცნობილი ისე,

რომ უთქმელადაც სუყველამ იცის.


როცა მასთან ვარ, ვგავარ გოლიათს

დედით ვხარობ და დედით ვმხნევდები, -

დედასთან თავი ბავშვი მგონია,

სანამ დედა მყავს, არ დავბერდები.

მარი აბრამიშვილი - არ ძინავს დედას

- ჩუმად, ბავშვს ძინავს,

ფეხაკრეფით იარეთ, ნელა! -

დედა აფრთხილებს ოჯახში ყველას.

დედა - კეთილი, დედა - ნაზი და პირმცინარე,

ჩვენ გვახსოვს დედაც - ვეფხვი მძვინვარე!

ქარიშხალსაც კი შეუძლია უბრძანოს დედამ

და ქარიშხალი იქცევა მტრედად.

ჩუმად, ბავშვს ძინავს,

მაგრამ არა, არ ძინავს დედას.

მედეა კახიძე - საგალობელი დედებს

დიდება დედას,

ვინც გვაწოვებს სიმართლის ძუძუს,

ვისი მხრებითაც ბევრჯერ ლელო გატანილია,

ვინც უსახელოდ დაბადებულს 

თითო ბავშვს უძლურს

სამშობლოს უზრდის

რუსთაველად,

ვაჟად,

ილიად!

 

მე ვლოცავ იმ ქალს,

ვინც არ იცის,

რა არის შიში,

ვისი თვალებით

გვიქარწყლდება ეჭვი ყოველი,

ვინც სალოცავად საქართველო უბოძა პირმშოს,

მარჯვენა მისცა

აღემართა სვეტიცხოველი!

 

დიდება დედებს,

ვინც ცრემლებით 

მიწა აავსო,

ძუძუ აწოვა

მკლავდაკუნთულ სამას არაგველს,

მადლობას ვუხდი

დიდ წინაპრებს,

შვილი სამასი

სამშობლო მიწის 

ჭრილობებს რომ წამლად დაადეს.

 

მადლი იმ დედებს,

უკვდავება ვინც გაინაღდა,

ვისი სახელიც 

ხალხის გულში

ჩუმად სანთელობს,

დიდება იმ ქალს,

ვინც რწმენისთვის

დაწვეს ჩირაღდნად,

ვისაც საფლავში

დღესაც სცივა უსაქართველოდ.

 

მე ვლოცავ დედებს,

ვინც ელოდნენ

დილას ხვალინდელს,

ვინც შვილის საფლავს

უცხო მიწის გზებზე ეძებდნენ,

ჩუმად იცრემლეს,

ამ ქვეყნიდან

ჩუმად წავიდნენ,

ფარაჯიანის სურათები დარჩათ კედლებზე!

 

დაიზრდებიან კვლავაც ალგეთს 

ლომის ბოკვრები,

და თუ მოგვიხმობს

საქართველოს მიწა ბებერი,

სამშობლო მიწის

დასახსნელად ისე მოვკვდებით,

ქართველი დედის სიამაყეს

როგორც შეჰფერის!

ვახტანგ ჯავახაძე - ისევ დედა

გატირება მიყვარდა და

წატირება არ მიყვარდა,

ისე გავეტირებოდი

უსათუოდ წამიყვანდა,


ქუჩა იყო სამაისო

და დღე იყო დიდებული,

შევდიოდით მონასტერში

ხელიხელჩაკიდებული,


ბოლოს როცა დაუღამდა

და დაუდგა ღამის ხანა,

ერთხელ კიდევ გავეტირე,

მაგრამ აღარ წამიყვანა.

ჯანო გიორგაძე - დედის წერილი

ქუჩაში ეგდო დახეული დედის წერილი,

ავიღე კრძალვით, საოცარი ვიგრძენი სევდა...

სულ ორიოდე სიტყვა იყო გადარჩენილი

,,არ გაცივდეო!.." - შვილს წერდა დედა.


არ გაცივდეო!.. ეს სიტყვები გაგათბობს მარტო

მასში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია...

ოხ, მე არ ძალმიძს არ ვიტირო და არ ვიდარდო,

რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია.


მე ამ ლექსს ვარქმევ სიტყვებს, - ბედად გადარჩენილებს,

ვიდრე თვალებში ბოლო ბინდი არ ჩაგდგომიათ,

გემუდარებით, გაუფრთხილდით დედის წერილებს,

დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით... ის ღრმა ფიქრია...

ფრიდონ ხალვაში - დედა

მადლობა, დედი, რომ ასე მშვიდი,

რომ ასე თბილი დღეებით მზარდე,

მე ახლა უკვე შენს მკერდს ავცილდი

და ასე, ვფიქრობ, ავაღწევ ცამდე,


მაგრამ რაც უნდა ვიარო აღმა,

მე ერთი რწმენა ვატარო უნდა:

დედილო, როგორც წინათ და ახლაც,

ჩემზე მაღალი იქნები მუდამ.

ნანა მეფარიშვილი - თითქოს პატარა ვარ

თითქოს პატარა ვარ, მოკლეკაბიანი,

ეზოს ჩამოვურბენ ფრენით,

შენთან მოვირბენ და მუხლზე მოგეხვევი,

ძალა მომეცემა შენით.


თითქოს დავეცი და კვნესა გაიგონე

ჩემსკენ გამორბიხარ ვხედავ.

მერე ნატკენ ხელებს გულზე დაიკონებ,

მალე რომ მომირჩეს დედა.


თითქოს გაგიცივდი, სული სიცხიანი

ბაგით მომისინჯე მძინარს,

ჩემი წუხილები შენთვის წაიღე და

დილა შემაგებე მცინარს.


დამსვი შენს კალთაზე, როგორც ბავშვობაში

წელზე შემომხვიე ხელი,

გულზე მიმიკარი, შვებად ამიკვნესე

ტკბილი იავნანა შენი.


წლები ვერ ერევა მხოლოდ შენს სიყვარულს

მასთან უძლურია ბედი,

როცა შენთანა ვარ აღარ მეშინია,

აღარც მეტირება დედი.


მოდი წამიყვანე ისევ ბავშვობაში,

თორემ გამიძნელდა ხედვა,

შენი ნაამბობი ზღაპრის სამყაროში

ისევ დამაბრუნე დედა.


ვიდრე მეყოლები, ვიცი შემეძლება

შენით იმედები ვთვალო,

ჩემო მადლიანო, ჭირთა დამთმენელო

ჩემო თმაჭაღარა ქალო.


თითქოს პატარა ვარ, ისე მომეფერე,

ამსვი ვარსკვლავების ზედა,

გახსნილ ჭრილობაზე სული შემიბერე

მკერდზე დამაძინე დედა.

გიორგი წერეთელი - დედას

გაზაფხულის ყვავილები

მსურს შევკონო ერთად,

მსურს შევკონო და მოგიძღვნა

საყვარელო დედა!


გაზაფხულდა, შენს თვალებშიც

გაზაფხული ბრწყინავს,

კიდევ ბევრჯერ გაგითენდეს

დედავ, მარტის დილა!

ილია ჭავჭავაძე - ქართვლის დედას

ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა

უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;

დედის ნანასთან ქვითინი მთისა

მას უმზადებდა მომავალ გმირსა...


გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა,

კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა

სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,

თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.


მითხარ, სადღაა მამაპაპური

მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური,

სახელისათვის ამაყი თრთოლა,

მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?


მას ნუღარ ვსტირით, რაც დამარხულა,

რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა;

მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი...

ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,

ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,

ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს...


აქ არის, დედავ, შენი მაღალი

დანიშნულება და საღმრთო ვალი!

აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,

საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას,

შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,

ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, -


რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს

და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს...

მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,

და მოგვცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურს.


დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:

ისე აღზარდე შენ შვილის სული,

რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,

უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14