ლექსები დედაზე


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

ნანა მეფარიშვილი - დედის სათხოვარი

ვიდრე წავალ, შემაგებე შენთან დილას,

დედის ხელი ნამძინარებ თვალებს დაგბანს,

დავწყნარდები, დაგინახავ თუკი მცინარს,

ღამით ისევ შეგიკეცავ მხრებთან საბანს.


ვიდრე წავალ, გასაუზმებ, მოგხვევ ხელებს,

გარეთ გასულს ჩუმად პირჯვარს გადაგსახავ,

ვიდრე წავალ, კიდევ ერთხელ მომეფერე,

თორემ მერე კარის ზღურბლზე ვეღარ მნახავ.


ვიდრე წავალ, იავნანით დაგაძინებ

და მძინარეს შეგავედრებ ქვეყნის გამჩენს,

ატირებულს უსათუოდ გაგაცინებ,

ეგ ღიმილი ქვეყნად ყველა ტკივილს არჩენს.


ვიდრე წავალ არ გაცივდე, დაგაფარებ,

თორემ გული არ გამყვება დარდის მყოფელს,

ღვთისმშობელის კაბის კალთას აგაფარებ,

ასე მშვიდად გავუყვები იმა სოფელს.


ვიდრე წავალ დედის ლოცვით გაგითენებ,

სანამ ღმერთი შენს ფერებას კიდევ მაცლის,

თუ ჭრილობას კარგ-შვილობით გამიმრთელებ,

თორემ მერე უჩემობა სულზე გაგცრის.


არ მატკინო, ის სხეული სადაც ოდეს,

ცხრა თვე გედო საიმედო თბილი ბინა,

უფლის მცნება ყოველდღიურ წესად გქონდეს

რადგან ფიქრიც ისმინება ცათა შინა.


როს პატარა, უმწეო და სუსტი იყავ,

ამ ხელებში გაძინე და გაგაცინე,

ახლა ჯერი შენია და მადლი მიყავ,

ამიყვანე და უცრემლოდ გამაცილე.


ვიდრე წავალ, ვიდრე მიხმობს მადლიანი,

როცა ვიცი მონატრება გამამწარებს,

ვიდრე გხედავ არ მამყოფო დარდიანი

თორემ მერე სინანული გაგაწვალებს.

ნანა მეფარიშვილი - მოხუცი ჩვილი

ვინ სთქვა ბერდები წლებთან ერთად,

თითქოს დიდი ხარ, 

რადგან სხვა გზები არ არსებობს

მასთან ზავდები, 

ნაოჭებს ითვლი, 

ფიქრით მაინც უკან მიდიხარ, 

დაბადების დღე გახარებს და პატარავდები.

 

მხრებიც დაგღლია, 

მაგრამ გული არ ტყდება არა, 

მიჰყვები შარას ბავშვობისა

სიზმრით ნაცეცებს, 

ჭიშკართან ისევ გელოდება მოხუცი მამა 

და დედას ხელით ეშველება რომ არ დაეცეს.

 

ჩაეკონები მოხუც მშობლებს,

თავად ჭაღარა, 

იმ წამში ისევ პატარა ხარ, 

უმწეო ჩვილი, 

არც დარდი გახსოვს,

შენი წლებიც გახსოვს აღარა, 

მოხუცებს ხელებს უკოცნი და 

ბავშვივით სტირი.

 

ერთი სოფელი ზმანებაა

სხვა არაფერი,

და თუ ეს გერგო, 

ქედს მადლობით უნდა იხრიდე, 

იარო წინ და 

წარსულს უნდა უწმინდო მტვერი,

რადგან უფალთან

ბავშვის გულით უნდა მიხვიდე

 

ვინ სთქვა, 

ასაკი მოგემატა,

თითქოს დიდი ხარ, 

წლები რა არის, მიდიან და მეორდებიან, 

მოხუცდები და 

კვლავ ბავშვობის გზებთან მიდიხარ,

იმ ძველ ჭიშკართან, 

მშობლები რომ გელოდებიან.

მარიამ წიკლაური - დედაშვილობა

დედაშვილობის ხატი -

ღვთისმშობელი და ყრმა.

ვისაც სასწაული უფლის

დედაშვილობა სწამს,

ყველა დაგიფაროთ ჯვარმა,

ყველას სიკეთე მსურს.

ლოცვის დროს თურმე მირონი

დასდისო დედის გულს.

დიმიტრი მაჩხანელი - დედას

ნუ სტირი, დედავ, ტყვედ-ქმნილო,

ნუ გაგტეხია გულია,

აღზდექ, გასწორდი წელშია,

ვით ალვა, ედემს რგულია,


დალეწე მტრისა ბორკილი,

დუშმანს გაუფრთხე სულია,

და დაიბრუნე დიდება -

ღალატი დაკარგულია.


მას უალერსე მშობლურად,

ვინც შენი მოყვარულია,

ვინც შენთვის ცრემლებს აწვიმდა,

გულზე ცეცხლმოდებულია,


ვინც შენის გამოხსნისათვის

იყო თავგანწირულია,

ვინც შენთვის საფლავს ჩავიდა

მტრისაგან დატანჯულია;


და მას-კი გული გაუპე,

ვინც მავნე - ვერაგულია,

ვინც მალვით ძირსა გითხრიდა,

რამ ჯილდოს მონატრულია;


ნუ შეიბალებ იუდას,

გააქრე წყეულ-კრულია,

მის ლეში ძაღლებს გადუგდე,

ეშმაკს ანებე სულია!..

მიხა ხელაშვილი - დედის სიკვდილზედ

სინათლის სხივი გამიქრა,

ბნელით მაიცო მიწაო,

სისხლით და ცოდვით აივსო

მხარეო არაგვისაო;

გეწია ფშავის არეო,

დროება წინა ჟმისაო,

როდესაც დედის კალთაზე

ხანჯლით აკლავდნენ შვილსაო.

შორს მიდიოდა ტყვიაი

სალეკო ბილიკისაო,

იხოცებოდა მრავალი,

კრებოდა შუქი მზისაო.

ხან კი გადავდის კაცის ძე

დასამარხავად მკვდრისაო.

მაგრამ არ იყო ანდერძი

მოკვლაი დიაცისაო.

ეხლა აღარვის სცხვენია,

აღარც ხათრი აქვთ ღვთისაო,

ჩემ სამუქრაოდ მოდიან

ყმები ლაშარის ჯვრისაო,

არვისთვის რა მიწყენია,

ნეტა რა ჯავრი სჭირდაო?

ღმერთმა ხომ იცის, ფშავშია

ვცხოვრობდი სინდისითაო.

ქურდობით არ ვაწუხებდი,

არც არავისა ცრცვითაო.

დედა მამიკლეს მოხუცი,

სამოც-ოთხმოცი წლისაო,

ავადმყოფ მოკლეს, დედაო,

შაჰბრალდი აღარვისაო,

ფშავლები გბანენ სისხლითა

ცრემლით დაბანილ პირსაო.

რო დაგკრეს, დაიკვნესებდი,

დაინატრებდი შვილსაო!

მაშინ სად ვიყავ თავმკვდარი,

როცა შენ გაგიჭირდაო...

რად მინდა ქუდი თავზედა

ან თოფს რაადა ვზიდაო?!

ან გავლა ვაჟკაცურადა,

იმედი მაუზრისაო?!

მამკლავსა თავის დედისას

რცხვენოდეს ფშავლის შვილსაო;

მტერი არ შამხვდა მტრისფერი,

მყოფილვარ შავი დღისაო.

შინაურების დათოფვა

არ ეკადრების გმირსაო!

სინათლის სხივი გამიქრა,

ბნელით მაიცო მიწაო,

სისხლით და ცოდვით აივსო

მხარეო არაგვისაო;

გეწია ფშავის არეო,

დროება წინა ჟმისაო,

როდესაც დედის კალთაზე

ხანჯლით აკლავდნენ შვილსაო.

შორს მიდიოდა ტყვიაი

სალეკო ბილიკისაო,

იხოცებოდა მრავალი,

კრებოდა შუქი მზისაო.

ხან კი გადავდის კაცის ძე

დასამარხავად მკვდრისაო.

მაგრამ არ იყო ანდერძი

მოკვლაი დიაცისაო.

ეხლა აღარვის სცხვენია,

აღარც ხათრი აქცთ ხვთისაო,

ჩემ სამუქრაოდ მოდიან

ყმები ლაშარის ჯვრისაო,

არვისთვის რა მიწყენია,

ნეტა რა ჯავრი სჭირდაო?

ღმერთმა ხომ იცის, ფშავშია

ვცხოვრობდი სინდისითაო.

ქურდობით არ ვაწუხებდი,

არც არავისა ცრცვითაო.

დედა მამიკლეს მოხუცი,

სამოც-ოთხმოცი წლისაო,

ავადმყოფ მოკლეს, დედაო,

შაჰბრალდი აღარვისაო,

ფშავლები გბანენ სისხლითა

ცრემლით დაბანილ პირსაო.

რო დაგკრეს, დაიკვნესებდი,

დაინატრებდი შვილსაო!

მაშინ სად ვიყავ თავმკვდარი,

როცა შენ გაგიჭირდაო...

რად მინდა ქუდი თავზედა

ან თოფს რაადა ვზიდაო?!

ან გავლა ვაჟკაცურადა,

იმედი მაუზრისაო?!

მამკლავსა თავის დედისას

რცხვენოდეს ფშავლის შვილსაო;

მტერი არ შამხვდა მტრისფერი,

მყოფილვარ შავი დღისაო.

შინაურების დათოფვა

არ ეკადრების გმირსაო!

ზურაბ კუხიანიძე - დედის საბანი

მის წყნარ საფლავზე როცა დაჭკნება იასამანი,

ფანჯრებს როდესაც ზამთრის ქარები დანისლავს, 

მე ვარ და ჩემი, 

მე ვარ და ჩემი დედის საბანი, 

გამთენებელი, 

გამთენებელი ღამისა.


გაანიავეს, 

გაანიავეს დედის მზითევი, 

ზოგს მისი სახე ახსოვს, როგორც ზღაპარი. 

მე კი შემომრჩა მისი ფერმკრთალი თბილი თითებით 

ნაფერები და ნაგვირისტები საბანი.


რაც უნდა ქროდეს, 

რაც უნდა ძრწოდეს ქარი მზარავი,- 

დედის საბანი, 

დედის საბანი დამიცავს... 

მას კი იმ ქვეყნად ცივს, ბნელ მიწაში არ ჰყავს არავინ 

გამთენებელი, 

გამთენებელი ღამისა.


სუსხი და ნესტი ძვლებშიაც ატანს დაურიდებლად, 

ალბათ აწუხებს ავი სიცივის ფარფაში, 

რადგან იქაურ მშივრებს და შიშვლებს დაურიგებდა, 

რაც ჩაატანეს, რაც ჩაატანეს საფლავში.

გია ფერაძე - დედა

კარგი დედა, ნუ ტირიხარ,

ნუ ტირიხარ რა!

ღიმილი და სიხარული

რატომ ჩაგიქრა.


რა მოხდა რომ პატიმარი

შვილი გყოლია,

პატიმრობა ბავშობიდან

არ დამყოლია.


ეს ხომ ავი ტრიალია

ჩემი ბედისა.

დედა, შენი ჩახუტება,

აღარ მეღირსა.


ნუ ტირიხარ, გეხვეწები,

ნუ მისერავ გულს.

შენზე უფრო, შენი ნახვა,

შენ შვილს უფრო სურს.


ეს ოხერი დრო გაირბენს,

მალე გნახავ მე.

ნუ ტირიხარ, შემოგევლე,

შენი ჭირიმე.


მოიშორე გულზე დარდი,

ყურს ნუ უგდებ სხვას,

ჩემზე დარდით გევედრები

ნუ ითეთრებ თმას.


ნუ ტირიხარ, ჩემო დედა,

გეყო ფიქრები.

ძაან მალე, გეფიცები,

ერთად ვიქნებით.


ახლა მივხვდი შენი ფასი,

თუ რა ყოფილა.

დედა-შვილის სიყვარული,

სად გაყოფილა?!


ამიტომაც გამიმაგრდი,

არ მოხუცდე რა?!

რომ გამოვალ ყურში ჩუმად

მინდა რომ გითხრა:


მე შენს მეტი ჩემო დედა,

არვინ მინდა სხვა.

ისე მწარედ ჩაგეხუტო,

ვერაფერი თქვა.


ამიტომ გთხოვ, ასე მწარედ,

ნუ ემდური ბედს.

კარგი დედა, საყვარელო,

ნუ იტირებ მეტს!

ჯემალ ქათამაძე - დედა

უშენოდ ერთი გავიდა წელი,

გაცივდა გული, სახლი და კერა.

შემაჟრიალებს დარდები მწველი,

შენი სიკვდილი მაინც არ მჯერა.


გაღიმებული მხვდებოდი სახლში, -

მონატრებული ყოველთვის ჩემზე,

ამხელა კაცი გეგონე ბავშვი,

მიხუტებული დუმილით მკერდზე.


შემოვაღებდი ჭიშკარს და ხელად

დავიძახებდი ხმამაღლა: - დედა!

ახლა რად ტირის ტირიფი ველად,

სიცარიელე რად შემეფეთა.


პატარა საფლავს, პატარა ხესთან,

ჩემი ცრემლები ბალახებს რწყავენ.

მაინც ცოცხალი მგონიხარ, დედა,

და არ ჩავიცვამ არასდროს შავებს…

იოსებ აფციაური - დედას

დედის თვალებში მზე არი,

დამიღამდება აროდეს,

მიმიყვანს ნათელდღიანი

უკვდავებისა წყარომდე.


მერცხალი ბუდეს უგალობს,

დარდს დარდი გაეკიდება,

გზებს, დედის ცრემლით დაბანილთ,

ცეცხლი არ წაეკიდება.


რა სანახავი აჯობებს,

მთის თავზე ნისლის წოლასა,

რა განძი დაედარება

დედის გულს, აუწონავსა.

გიორგი შატბერაშვილი - დედა

შენ ის ქალი ხარ, ვინც მე პირველად 

სალამურის ხმა სულში ჩამბერა, 

და შენს მაქებრა, და შენს მწირველად 

ვინც ამამღერა და დამაბერა.


შენა ხარ ქალი, ვინც მე დამბადა, 

ციხე - ჯერ კიდევ აუღებელი, 

შენა ხარ ხმალი მამა-პაპათა, 

მკლავი - ქარქაშში ჩაუგებელი.


უბერებელი, თუმცა ხნიერი, 

სიმღერის დედა ცრემლების მგვრელი, 

ხან აგეერ ნაზი და ხან ხმიერი, 

მახვილძლიერი და მტერთა მკვლელი.


სიჭაბუკესი მე შენთვის ვწერდი, 

შენ გეტრფი ისევ, სიბერე მოდის, 

შენს სიყვარულში ისე დავბერდი, 

რომ ვერ გავიგე, დავბერდი როდის.


არ მიძებნია ტახტი და ჩინი, 

მე შენს ტრფიალში დავკარგე ჩინი... 

ჩამიქრა თვალი, წამერთვა სმენა, 

მაგრამ ტკივილი გადიქცა რწმენად.


ისიც წამერთვას, რაც შემრჩენია, 

სიცოცხლე - ჩალად არ საღირები, 

აჰა, წაიღე, ისიც შენია, 

მითხარ, მიბრძანე გასაკვირვები!


შენვე გიბრუნებ, რაც კი მებადა, 

რაც შენ მაჩუქე, თუ რამ ვიცოდი, 

თუ რამ ვიცოდი, შენგან ვიცოდი, 

და თუ დაგაკელ, შემინდე ცოდვილს!


არ მივცე ძილი დაქანცულ თვალთა, 

არ მივცე რული წამწამთა ჩემთა, 

არ მივცე ძილი ნატვრათა ჩემთა, 

და ძვალთა ჩემთა და ხორცთა ჩემთა.


შენ ჩემო მწეო და ჩემო მზეო, 

შენ ჩემო ღმერთო, შენ ერთადერთო, 

შენ ხარ რწმენა ბაგეთა ჩემთა, 

და იყავნ რწმენად შენ შვილთა ჩემთა!

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14