ლექსები დედაზე


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

შიო მღვიმელი - დედის სიყვარული

ნურავინ მეტყვით

ნურც შინ, ნურც გარეთ,

გინდ ვიცინოდე,

გინდ ვკვნესდე მწარედ,

რომ ქვეყანაზე

დედაზე ტკბილი,

გრძნობით მხურვალე

და გულით თბილი

სხვა ვინმე იყოს.

თუმცა შორსა მყავს,

მაგრამ დედის გულს,

იმის ტკბილ ალერსს,

იმის სიყვარულს

და გულით ნათქვამს

სევდიან ნანას,

მარტო მაუფლოს

გინდ მთელ ქვეყანას,

რად დამავიწყებს!

დღისით თუ ღამით,

ცხადად თუ ძილში,

მწარე მოთქმაში,

გინდა ღიმილში,

მის წმინდა ალერსს

გულით ვატარებ,

მის ნათელ სახეს

თვით მზეს ვადარებ.

მაყვალა მრევლიშვილი - მე და დედა

მე და დედა რატომ ვართ

მეგობრები, არ იცით?

იმიტომ, რომ ერთმანეთს

ვეხმარებით ხალისით.


შველა მინდა? - მიშველის.

არც მე ვყავარ ურგები,

ავიფარებ წინსაფარს,

მხარში ამოვუდგები.


შველა უნდა? - ვუშველი,

მოვუჯდები სუფრაზე

და დედიკოს ნახელავს

მადიანად ვუფასებ...


ლოყებგამოტენილი

ღლაპსა ვგავარ ასაფრენს!

ესეც მიხმარებაა -

არ ვუწუნებ არაფერს.


ჩემს დედიკოს ვუყვარვარ

თავის ორთავ თვალივით,

იმიტომაც შემარქვეს

დედის გულის ყვავილი.

ია სულაბერიძე - დედას

შენ - არ დაბერდი, მე - გავიზარდე,

და დღეს დებივით დავდივართ ერთად,

მადლობელი ვარ, რომ დამიცადე,

რომ შენი თავი მარგუნე დედად!


ვერაფრით ვხვდები, რა უნდა გითხრა,

რომ მივამსგავსო ნათქვამი სათქმელს

და რა იქნება ის მხსნელი სიტყვა,

რითაც დაგარქვევ შესაფერ სახელს:


"ჩემო ლამაზო?" - ეს ხომ ფაქტია,

"ჩემო ძვირფასო?" - არახალია...

ჩემო ბუზღუნა დედა-ფუტკარო,

ჩემო თოლიგე და მახარია!


შენ სხვების დედებს ბევრად სჯობიხარ,

ჩემი რომა ხარ - მხოლოდ ამითი,

რა კარგი არის, სადედაშვილოდ

რომ ავირჩიეთ ჩვენ ერთმანეთი.


შენ - არ დაბერდი, მე - გავიზარდე,

და დღეს დებივით დავდივართ ერთად,

გმადლობ, ძვირფასო, რომ დამიცადე,

რომ შენი თავი მაჩუქე დედად!

სიმონ ჩიქოვანი - ქართველი დედა

ცხრა ძე ჰყავდა, ცხრა ვაჟკაცი დედას,

მოკაზმული ხმლით და მუზარადით.

ქართლის დროშა დაულოცა მხედართ,

როს დაგვესხა მტერი მუხანათი.


შეჯირითდნენ გულადები ცეცხლში,

ჩაინერგეს მხოლოდ ვაჟკაცობა.

ამშვენებდათ საქართველოს ეშხი,

თვითეულმა ხმალი გააცოფა.


ერთი დაჭრეს და შეირხა დროშა...

დედა გაჩნდა, მკლავის ანაბარა,

მედროშე შვილს შეაშველა ლოცვა,

მომდევნო ძეს დროშა ჩააბარა.


დასძახოდა: არ შეირყეს ტარი,

საქართველოს ძუძუს გაწოვებდით.

მტერი სჩეხეთ, შეაჩერეთ ქარი! -

ვით სამრეკლო, რეკდა სასოებით.


დასძახოდა, თმები განიძარცვა,

თავდადებით აქეზებდა მხედართ,

ცხრა მარჯვენა დროშამ გადინაცვლა,

დაუხრელად დაუბრუნდა დედას.


არ ცივდება დედის ხმა და სისხლი,

ქართლის ნისლით სახე დაებანა,

მწვერვალივით ამშვენებდა ნისლი,

მისი თმები წვიმას დაემგვანა.


ფეხშიშველი წინ უძღოდა ლაშქარს

ანთებული დედა ქეთევანი.

არკინებდა მამულისთვის მაშვრალს,

ბნელს აპობდა ქართლის სატევარი.


წამომდგარი ლეჩაქს წამოისვრის.

გორის ციხით ახლაც უხმობს მხედარს:

- მამულისთვის, ბრძოლა მამულისთვის! - 

ქარში რეკავს საქართველოს დედა.

ალექსანდრე ბეგაშვილი - დედა

დედა!

სიკეთის წყაროა დედა!

დედა ლექსია ალალად თქმული.

დედის თვალებში მზის ღიმილს ვხედავთ,

დედის მკერდში ძგერს სამშობლოს გული.


დედა! 

ვიტყვით და გულში ინათებს,

დედის სახელი მზით ნაქარგია.

დედა -

სინათლე,

დედა -

სიმართლე,

დედა -

ყოველი, რაც კი კარგია!


დედა! - 

მჩქეფარე გული და თვალი,

ზრუნვით რომ დასცქერს ცხოვრების დუღილს.

მოხუცი დედის ხელები მჭკნარი

შვილს მთელი ქვეყნის სიცოცხლედ უღირს.


დედა! -

მამულის დროშის მკერავი,

დედა ზრუნვაა,

დედა - ფერება.

ისეთი ლექსი ვერ ვთქვით ვერავინ,

დედას რომ მართლაც შეეფერება!


დედის გული ხომ ზღვაზე ვრცელია,

შვილისთვის დნება, როგორც სანთელი,

წყაროზე წმინდა დედის ცრემლია,

დედის ღიმილი - მზეზე ნათელი!


ეს ორი სიტყვა - 

დედა, აკვანი

არის სიმბოლო ერის ბედისა.

დედა ვადიდოთ,

მას ვცეთ თაყვანი,

ეს სადღეგრძელოც იყოს დედისა!


დედა!

სიცოცხლის წყაროა დედა!

დედა!

ლექსია ალალად თქმული.

დედის თვალებში მზის ღიმილს ვხედავთ,

დედის მკერდში ძგერს სამშობლოს გული.


დედა! -

მუდამჟამ გასახარელი,

შვილებს ალერსით გვათბობს, გვანაზებს,

დედაზე ტკბილი და საყვარელი

არაფერია ამ ქვეყანაზე!

თენგიზ სვანიძე - საქართველოს დედები

დედას ყველგან რომ იფიცებ,

დედა შენ გენაცვალოს...

საქართველოს სიყვარული

სხვამ ვინ უნდა გასწავლოს?!


დედა - ქვეყნის მზე არი და

მტრისთვის კიდევ - ლახვარი,

დედა არა? - საქართველო

იქნებოდა გამქრალი!


საქართველო ერთია

გრემია თუ არმაზი,

ლურჯი მთა თუ მდელოა,

ყველაფერზე ლამაზი

ჩემი საქართველოა!


მისი მწვანე ფერდობის

გული - ერთი ბელტია...

ჩემი ერთადერთობით

საქართველოც ერთია!

მარიამ წიკლაური - დედა

თუ გინდა, რომ არასოდეს

არ დაბერდეს დედა,

გაუღიმე, მიეფერე,

როცა დაღლილს ხედავ.


დედის გული შენზე ფიქრით,

ლოცვითაა სავსე.

თუ რაიმე გაგიჭირდა,

დედას უხმობ წამსვე.


უღალატო, უანგარო,

გიერთგულებს მარად,

თითქოს ყოფნას გიმსუბუქებს,

გაფრენს ჩიტის დარად.


ქვეყნად დედის გულის მსგავსი

ვერაფერი ნახო.

მხოლოდ კარგი იყავი რომ,

მადლი დაუფასო.


თუ გინდა, რომ არასოდეს

არ დაბერდეს დედა,

გაუღიმე, მიეფერე,

როცა დაღლილს ხედავ.

ლალი ჯაფარაშვილი - ძილის წინ

- სანამ შენი გავხდებოდი 

სად ვიყავი, დედა? 

- იმ ღაღანა ვარსკვლავებთან, 

ცის თაღზე რომ ხედავ!


- მერე, როგორ ჩამოვედი, 

ფრთები მქონდა წინათ? 

- ანგელოზმა მოგიყვანა 

ჩემო პაწაწინა!


- ანგელოზი როგორია? 

მინდა ვნახო, დედა! 

- დაიძინე და სიზმარში 

შენთან მოფრინდება.

მაყვალა მრევლიშვილი - ყველაზე ლამაზო

ყველაზე ლამაზო,

ყველაზე კეთილო,

ნუ სწყრები მალ-მალე,

პატარა დედილო!


მე მინდა, ყოველთვის

იცინო ლამაზად,

ნებივრად გივლიდეს,

მე ვეტყვი მამასაც.


თავზე რომ მევლები,

ზრუნვით რომ დამცქერი,

ახლა მე ვიქნები

სულ შენი დამცველი.


პატარა, ჯიუტი

თუ გყავდი აქამდე,

ხომ უკვე დიდი ვარ,

დარდები გაფანტე.


გამგონეც ვიქნები,

დამჯერიც ვიქნები,

ოღონდაც ნათელ შუბლს

ნუ იღლი ფიქრებით.


თუ რამე ვიტკინე,

მიშუშებ ალერსით.

ახლა მე გაკოცებ

მაგ ლამაზ თვალებში!

იოსებ ნონეშვილი - დედას

როცა ვინმე წარბშეკრული გვიწყრება,

დედა გვიცავს, დედა გვიდგას თავდებად,

ყოველი გზა დედის კალთით იწყება,

ყოველი გზა დედის გულთან თავდება.


დედა შინ და დედა გარეთ... 

დედა ჯდება საჩეჩელთან,

აღარ ახსოვს სად დაიწყო, 

აღარ ახსოვს სად შეჩერდა.


ბოსტნის კვლებს და ვაზებს უვლის,

აცხობს, ხარშავს, კერავს, რეცხავს...

გარეთ დადის ვეფხვის გულით,

ჩიტის გულით უზის კერას.


დედა შინ და დედა გარეთ,

დედა ყველგან არის მართლაც;

აკვანს თავზე დაჰკანკალებს,

ქარს უფარებს კაბის კალთას.


ცალი ხელით ჩვილი მიჰყავს, 

ცალი ხელით კრეფს და არჩევს,

დედა უფრო მისთვის გვიყვარს,

ნატკენს ჩვენსას კოცნით არჩენს.


დედა შინ და დედა გარეთ,

ბრმაც რომ იყოს, გულით გვხედავს...

ლხინში ჩვენთან დანარნარებს,

გასაჭირშიც ვუხმობთ დედას...


რომ გავიდეს ასი წელიც,

დედისთვის ვართ მაინც ბავშვი,

თურმე ენით როცა გვწყევლის,

ძუძუებით გვლოცავს მაშინ.


დედა შვილებს გვიდგას გვერდით,

დედამ იცის მუნჯის ენაც,

დედა არის ქვეყნად ერთი

და ვერავინ ვერ ცვლის დედას.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14