მთავარი მწყემსი კეთილი

 

† ნეტარი ავგუსტინე

აღსარებანი

 

სარჩევი

 

წიგნი მეცხრე

I

1. ო, უფალო, მე ვარ მონა შენი, დიახ, მონა შენი და ძე შენი მხევლისა. შენ შემუსრე ჩემი ბორკილი. შენ შემოგწირავ მსხვერპლს ქებისას“ [1]. დაე, გაქოს გულმა ჩემმა და ენამ ჩემმა, „დაე, თქვას ყოველმა ძვალმა ჩემმა: „უფალო, ვინ არის შენი მსგავსი?“ [2] დაე, თქვას, შენ კი მიპასუხე და „მიუგე ჩემს სულს: მე ვარ ხსნა შენი“ [3].

ვინ ვიყავი, ან რა ვიყავი? რანაირ პრობლემას არ იტევდა ჩემი საქმე? საქმე თუ არა, სიტყვა; სიტყვა თუ არა, ნება მაინც? მაგრამ შენ, უფალო, მოწყალეო და სახიერო, ჩახედე ჩემი სიკვდილის უფსკრულს და ჩემი გულის სიღრმიდან შენი მარჯვენით ამოძირკვე უწმინდურების შმაბნარი. ხოლო ეს იმას მოასწავებდა, რომ ამიერიდან მთელის არსებით ის კი აღარ უნდა მესურვა, რაც თვითონ მსურდა, არამედ ის, რაც გსურდა შენ [4].

მაგრამ სად იყო ამდენი ხნის მანძილზე ჩემი თავისუფალი ნება, ან რომელი უძირო და ფარული უფსკრულიდან გამოიხმე იგი ერთ წამში [5], უცებ რაოდენ საამური შეიქნა ჩემთვის დამხშოდა ყველა მიწიერი სიამის კარი! რაც უფრო მეტად მაშინებდა ის წამი, მით მეტ სიხარულს მგვრიდა ახლა.

შენ განდევნე ჩემგან ამქვეყნიურ სიამეთა ყველა სურვილი, ო, ჭეშმარიტო და უზენაესო სიტკბოებავ; დიახ, შენ განდევნე ისინი, რათა თვითონ დაგეკავებინა მათი ადგილი, ყოველგვარ სიტკბოებაზე უტკბესო [8], მაგრამ არა სისხლისა და ხორცისათვის; ყოველგვარ ნათელზე უნათლესო, მაგრამ ყოველგვარ იდუმალებაზე უიდუმალესო; ყოველგვარ პატივზე უზენაესო, მაგრამ არა პატივმოყვარეთა და მზვაობართათვის. ჩემი სული უკვე თავისუფალი იყო ურიცხვი მტანჯველი საზრუნავისგან: აღარც პატივმოყვარეობა, აღარც ანგარება, აღარც სამარცხვინო თავდამცირება ბილწ გულისთქმათა დასაკმაყოფილებლად. მე მხოლოდ შენ გესიტყვებოდი, ნათელო ჩემო, სიუხვეო ჩემო, ხსნავ ჩემო, უფალო ღმერთო ჩემო.


[1] - ფსალმ. 115, 7-8.

[2] - ფსალმ. 34, 10.

[3] - ფსალმ. 34, 3.

[4] - შდრ. მათე, XXVI, 39.

[5] - ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით, მადლი კი არ აუქმებს თავისუფალ ნებას, არამედ აღადგენს მას: „მადლი კურნავს ნებას“ („სულისა და ასოსათვის“, 30, 52).

[6] - იხ. მათე XI, 30.

[7] - ფსალმ. 18, 15... ესაა ერთადერთი ადგილი, სადაც ნეტარი ავგუსტინე უშუალოდ მიმართავს ქრისტეს.

[8] - სიყვარული წარმავლის მიმართ შეიძლება სძლიო მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგემებ მარადისობის სიტკბოებას“ (ნეტარი ავგუსტინე, „მუსიკისათვის“, 6,16)... შდრ. პასკალი, ვისი აზრითაც, ჩვენში, ყოველმხრივ სასრულსა და მსწრაფლწარმავალ არსებებში, არის რაღაც უსასრულო, კერძოდ, ბედნიერების შმაგი წყურვილი, და არ არსებობს ამ ქვეყნად ძალა, რომელიც შესძლებს ეს სურვილი ჩაახშოშ ჩვენში, ისევე, როგორც არ არსებობს ამქვეყნიურ სინამდვილეში მისი დაცხრომის არავითარი საშუალება: „მაგრამ რას მოწმობს ბედნიერების ეს შმაგი წყურვილი და მისი დაცხრომის შეუძლებლობა, თუ არა იმას, რომ ადამიანი ოდესღაც ჭეშმარიტად ბედნიერი იყო, და რომ ამ ბედნიერების  სახსოვრად მას დარჩა მხოლოდ ლიტონი სურვილი, აღუვსებელი საწყაული, რომლის ავსებასაც ამაოდ ცდილობს ყოველივე იმით, რაზედაც ხელი მიუწვდება, რაც გარს არტყია, მაგრამ რაკი ხელმისაწვდომი არ აკმაყოფილებს, რაკი მიღწეულით ვერ იკლავს წყურვილს, ხარბად მიელტვის მიუღწეველს თუ მიუწდომელს, და კვლავ უშედეგოდ, და კვლავ ამაოდ, ვინაიდან უსასრულო სიცარიელის ავსება შეიძლება მხოლოდ რაღაც უსასრულოთი და უცვლელით, ესე იგი, ღმერთით.

მხოლოდ მასშია ჩვენი ჭეშმარიტი სიკეთე, მაგრამ ვაი რომ დავკარგეთ ის, და მას მერე ამაოდ ვეძებთ მის მაგიერს, ამაოდ ვცდილობთ რაიმეთი შევცვალოთ იგი... ჭეშმარიტი სიკეთის დაკარგვი შემდეგ ადამიანს შეიძლება ყველაფერი სიკეთედ მოეჩვენოს, ასე განსაჯეთ, საკუთარი თვითმოსპობაც და თვითგანადგურებაც, თუმცა არაფერი ასერიგად არ ეწინააღმდეგება ღმერთს, გონებას, სამყაროს, ბუნებას“ (ბლეზ პასკალი, აზრები, თბ. 1981, გვ. 281-282).

 

II

2. მე გადავწყვიტე, შენი მზერის წინაშე, ერთბაშად კი არ მიმენებებინა თავი სამსახურისთვის, არამედ თანდათანობით ჩამოვშორებოდი ამ სალაყბოს, ლაქლაქის ხელოვნების ამ ნამდვილ ბაზარს [9], რადგან არ მინდოდა, რომ ჭაბუკებს, რომლებიც არას დაგიდევენ არც შენს სჯულსა და არც შენს მშვიდობას, არამედ სიშმაგით ცნობამიხდილთ ფორუმის ბრძოლებზე ელევათ სული, კვლავინდებურად ეყიდათ ჩემგან თავიანთი სიშლეგის საჭურველი [10].

საბედნიეროდ, საშემოდგომო არდადეგებამდე [11] სულ ცოტა დროღა იყო დარჩენილი; მე გადავწყვიტე ამ ცოტასთვისაც გამეძლო და ჩვეულებრივ გავსულიყავი შვებულებაში, მაგრამ გასაყიდი მონასავით აღარასოდეს დავბრუნებულიყავი უკან: მე ხომ შენს მიერ ვიყავი გამოხსნილი და გამოსყიდული.

ჩვენი გადაწყვეტილება მხოლოდ შენ გაუწყეთ, უფალო, კაცთაგან კი არავის გავნდობივართ, გარდა ჩვენი გულითადი მეგობრებისა. ერთმანეთს სიტყვა მივეცით, კრინტიც არ დაგვეძრა ამაზე, თუმცაღა „გოდების ტაფობიდან“ [12] მომავალთ „აღსავლის საგალობსლი“ [13] გალობით შენ გვიბოძე „ბასრი ისრები და მღვივანი ნაკვერცხლები“ [14] „ცრუ ბაგეთა და მზაკვარი ენის“ [15] დასაშანთავად, ენსია, ჯიუტად რომ ეურჩება კეთილს და ვითომ სიკეთის სიყვარულით ისე ნთქამს იმავ სიკეთეს, როგორც ჩვეულ საზრდოს.

3. შენ განწონე ჩვენი გული შენი სიყვარულის ისრით და შიგ ჩარჩა შენი სიტყვები, რომლებიც ავსებდნენ მთელ ჩვენ არსებას. ჩვენ შევკრიბეთ ყველა მისაბაძი ნიმუში, რომლებსაც გვთავაზობდნენ შენი მსახურნი [16], სიბნელიდან სინათლედ რომ მოგექცია და სიკვდილიდან სიცოცხლედ, - და მათზე ფიქრით ვათენ-ვაღამებდით. მათი მაგალითი გვწვავდა, გვდაღავდა, ახლობდა ჩვენი უგრძნობლობის ყინულს, რომლის სიმძიმესაც შეეძლო სიმდაბლის უფსრულში გადავეჩეხეთ, და ისეთნაირად აღგვაგზნებდა, რომ „მზაკვარი ენის“ [17] რატრატით ატეხილი სიურჩის ქარი კი ვერ აქრობდა, პირიქით, უფრო ამძაფრებდა ჩვენს სურვილს.

მაგრამ რაკი შენი სახელი ნათლის ელვარებად მოჰფენოდა ქვეყნიერებას, ჩვენს ზრახვასა და აღთქმას შეიძლებოდა მათი მაქებარნიც გამოსჩენოდა. მე კი უკადრისად მიმაჩნდა არ დავლოდებოდი კარს მომდგარ არდადეგებს და ნაუცბათევად მიმეტოვებინა ჩემი ადგილი, რომელიც ყველას თვაწლინა ჰქონდა. რას იტყოდა ხალხი? - იმიტომ დაასწრო რთვლობას [18], რომ საყოველთაო ყურადღების მიპყრობა და თავის განდიდება სურსო. რას მარგებდა, ხალხი რომ ასე აყაყანებულიყო, ჩემს სულში დაეწყო ქექვა და „ეგმო ჩემი სიკეთე?“ [19].

4. ამას ზედ ისიც დაერთო, რომ იმ ზაფხულს, სკოლაში დაძაბული მუშაობისაგან ფილტვები დამიავადდა. სუნთქვა მიჭირდა, ხოლო ტკივილები მკერდის არესი იმას მოწმობდა, რომ შიგ სენი ჩაბუდებულიყო; ხმა ყრუ და ჩახლიჩილი გამიხდა [20]. თავდაპირველად ამ ამბავმა ძალზე შემაშფოთა: ცოტაც და, იძულებული ვიქნებოდი ხელი ამეღო მასწავლებლობაზე, ან დროებით მაინც შემეწყვიტა ეს საქმიანობა, ვიდრე მოვმჯობინდებოდი. მაგრამ როგორც კი ჩემს სულში თავი იჩინა და მტკიცედ დამეუფლა იმის სურვილი, რომ „გავთავისუფლებულიყავი და მეხილა, რადგანაც შენ უფალი ხარ“ [21], - მართალი გითხრა, ღმერთო ჩემო, სიხარულიც კი ვიგრძენი, რომ ესოდენ საპატიო მიზეზი მომეცა თავის გასამართლებლად, რასაც უნდა შეერბილებინა მშობლების წყენა, რომლებიც, თავიანთი შვილების გამო, არასდიდებით არ დამრთავდნენ სკოლიდან წასვლის ნებას.

ამ სიხარულით აღსავსემ გადავწყვიტე ცოტაც გამეძლო - არდადეგებამდე სულ ოციოდე დღე თუღა რჩებოდა, - მაგრამ ვაი ამ გაძლებას: ჩემში უკვე აღარ იყო ის მონდომება, რისი წყალობითაც თავს ვართმევდი ამ ჭაპანწყვეტას, და მოთმინებას რომ არ შეეცვალა იგი, ეს მძიმე ტვირთი ნამდვილად წელში გამწყვეტდა.

შესაძლოა, რომელიმე შენმა მსახურმა, ერთ-ერთმა ჩემმა ძმათაგანმა თქვას, რომ ვცოდე, რაკიღა თუნდაც ერთი საათით დავრჩი სიცრუის ამ კათედრაზე, მაშინ როდესაც ჩემი გული სავსე იყო შენი მსახურების სურვილით. არაფერს ვიტყვი პასუხად. მაგრამ განა შენ, გულმოწყალე უფალო ჩემო, სხვა, უფრო მძიმე და მომაკვდინებელ ცოდვებთან ერთად არ მომიტევე ეს შეცოდებაც, შენი წმინდა წყლით რომ განმბანე?! [22]


[9] - ნეტარი ავგუსტინე რიტორიკულ სკოლას გულისხმობს.

[10] - ე.ი. მჭევრმეტყველების ხელოვნება.

[11] - ეს არდადეგები 15 აგვისტოდან 22 ოქტომბრამდე გრძელდებოდა.

[12] - ფსალმ. 83, 7.

[13] - ასე იწოდება ფსალმ. 119-133.

[14] - ფსალმ. 119, 4.

[15] - ფსალმ. 119, 2.

[16] - ზოგიერთი მათგანის შესახებ იხ. მეშვიდე წიგნის შენ. 77.

[17] - იხ. აქვე შენ. 15.

[18] - რთვლობა სწორედ ზემოხსენებულ არდადეგებს ემთხვეოდა  (იხ. აქვე, შენ. 11).

[19] - რომ. XIV, 16.

[20] - „ექიმმა ლეგევიმ სცადა დაედგინა ავგუსტინეს ავადმყოფობა. მისი აზრით, ეს არამც და არამც არ შეიძლებოდა ფილტვებისა თუ ყელის ტუბერკულოზი ყოფილიყო, არამედ, უმალ, ქრონიკული ბრონქიტი, ლარიგიტითა თუ ტრაქეიტით გართულებული (B.Legewie. Die Korperbiche Konstitution und die Krankheiten Augustins. Miscelanea Agostiniana. Roma. 1931, t.II, p.19-20)“. - რუს. თარგმანის შენ. იხ. დასახ. გამოც. გვ. 250.

[21] - ფსალმ. 45, 11.

[22] - იგულისხმება ნათლისღება.

 

III

5. ჩვენი ბედნიერების შემყურე ვერეკუნდუსი ჭმუნავდა და იტანჯებოდა, რადგანაც ხედავდა, რომ ამქვეყნიური ცხოვრების ბორკილი, რომელსაც მაგრად გაეთანგა იგი, სულ მალე აიძულებდა ჩვენს ჯგუფს ჩამოშორებოდა: თვითონ ქრისტიანი არ იყო, მაგრამ ქრისტიანი ქალი შეირთო ცოლად და ყველაზე მეტად სწორედ ეს უშლიდა ხელს ჩვენს გზას დასდგომოდა, რადგანაც ქრისტეს სჯულზე მოქცევა მხოლოდ იმ პირობით სურდა, რისი შესრულებაც შეუძლებელი იყო [23].

და მაინც, კეთილმოსურნედ შემოგვთავაზა, რამდენსაც მოვისურვებდით, იმდენი ხანი დაგვეყო მის მამულში. შენ მიაგებ კუთვნილს, უფალო, როცა მოაწევს მართალთა აღდგომის ჟამი; თუმცა უკვე მიაგე მას, რადგანაც, მართალია, ჩვენი წამოსვლის შემდეგ (როცა უკვე რომში ვიყავით), მძიმე ავადმყოფობისას ქრისტეს სჯული მიიღო და ასე დაუტევა ეს ქვეყანა. ამით მარტო ის კი არა, ჩვენც შეგვიწყალე, რაკიღა აუტანელ ტკივილს აღარ მოგვაყენებს იმის შეგნება, რომ თავისი უჩვეულო სიკეთით გამორჩეულ ამ ჩვენს მეგობარს ადგილი არა აქვს შენს სამწყსოში.

მადლობას გწირავთ, ღმერთო ჩვემო. შენი ვართ ჩვენ. ამას მოწმობს შენი შეგონება და შენი ნუგეში. შენივე აღთქმის ერთგულმა კასიციაკუმში [24] მდებარე მისი პატარა მამულის სანაცვლოდ, სადაც იმ ზაფხულს შენს წიაღში განვერიდეთ ამა სოფლის ყველა საზრუნავს, მარად მოღაღანე სამოთხის - ამ უკვდავი მამულის მშვენიერება უბოძე მას, რაკიღა შეუნდე მიწიერი ცოდვები „ამ პოხიერ მთაზე, შენს მთაზე, სიუხვის მთაზე“ [25].

6. მაგრამ მაშინ ის სევდას შეეპყრო, ნებრიდიუსი კი ჩვენთან ერთად ხარობდა. მართალია, ჯერ არც ის იყო ქრისტიანი და ოდესღაც ყველაზე საშინელი ცთომილების ხაროში ჩავარდნილიყო (შენი ძის ჭეშმარიტ სხეულს ფანტასმად თვლიდა [26]), მაგრამ უკვე თავი დაეღწია მისთვის, და თუმცა ჯერ კიდევ არ ზიარებოდა შენი ეკლესიის საიდუმლოებებს, მაინც გულმხურვალედ დაეძებდა ჭეშმარიტებას, ჩვენი მოქცევისა და შენი ნათლისღებით ჩვენივე ხელახლა შობის შემდეგ სულ მალე განუტევე მისი სული სხეულისაგან, ამ დროისათვის ის უკვე ჭეშმარიტი კათოლიკე იყო და სრული სიწმინდითა და კრძალულებით გემსახურებოდა თავის მშობლიურ აფრიკაში; და ნებრიდიუსის მთელი სახლეულიც მისი მეოხებით მიიქცა ქრისტეს მიმართ.

ახლა კი განისვენებს იგი „წიაღსა შინა აბრაამისა“, რა უნდა ვიგულისხმოთ ამ სიტყვაში? მაინც რას ნიშნავს ეს „წიაღი“? [27] იქ ცხოვრობს ჩვენი ნებრიდიუსი, უძვირფასესი მეგობარი ჩემი, ოდესღაც აზატყოფილი [28], ხოლო აწ შენი შვილობილი; დიახ, ახლა იქ ცხოვრობს იგი. ან კი სხვაგან სად უნდა იყოს ამბაირი სულის სავანე? იქ ცხოვრობს, ამ სანუკვარ ადგილას, რომელზედაც ამდენს მეკითხებოდა უბადურკ უვიცს. ახლა ჩემს ბაგეს როდი მოაპყრობს ყურს, არამედ თავისი სულიერი ბაგით დასწაფებია შენს მინდა წყაროს და უსასრულო ნეტარებაში დანთქმული სვამს იმდენს, რამდენიც შეუძლია, შენი ღვთაებრივი სიბრძნის სიტკბოს. არა მგონია, იმდენად გაებრუებინოს ამ ნეტარებას, რომ საბოლოოდ დავევიწყებინე: შენ ხომ გახსოვარ, უფალო, წყურვილს რომ უკლავ მას.

ასე ვცხოვრობდით და ვანუგეშებდით ჩვენი მოქცევით დამწუხრებულ, მაგრამ კვლავაც მეგობრობის ერთგულ ვერეკუნდუსს; შევაგონებდით, იმდენად მაინც მიეღო ჭეშმარიტი რწმენის ნათელი, რამდენადაც ამის საშუალებას აძლევდა მისი იმჟამინდელი მდგომარეობა, ესე იგი, ცოლქმრული ცხოვრება. იმავდროულად, მოთმინებით ველოდით იმ წუთს, როცა ნებრიდიუსიც ჩვენს გზას დაადგებოდა. საამისოდ ისიც მზად იყო, მაგრამ ამასობაში არდადეგების დღეებიც მიიწურა. უსაშველოდ გაიჭიმა და გაჭიანურდა ჩემთვის ეს დრო; მე კი თავისუფლება და მოცალეობა მწყუროდა, რათა მთელის არსებით მეგალობა შენთვის: „შენ გეუბნება ჩემი გული: შენს სახეს ვეძებდი, და კვლავაც მოვძებნი, უფალო“ [29].


[23] - ვერეკუნდუსს არ შეეძლო თავის ქრისტიან მეუღლეს გაჰყროდა, ქრისტიანობის მიღება კი, ცოლიანს, შეუძლებლად ეჩვენებოდა. ასეთი იყო ნეტარი ავგუსტინეს ეპოქის ასკეტური იდეალის ერთი კერძო ასპექტი.

[24] - ვერეკუნდუსის მამულს - კასიციაკუმს დიდხანს ეძებდნენ მილანის შემოგარენში. ფრანგი მეცნიერი ლუი ბერტრანი მას მილანიდან 33 კმ-ით დაშორებულ სოფელთან კასაგო დი ბრიანცასთან აიგივებს, ზოგიერთი მკვლევარის აზრით კი ეს უნდა იყოს ლომბარდიის სოფელი კაშაზო, რომელიც მილანიდან 65 კმ-ითაა დაშორებული.

[25] - ფსალმ. 67, 16-17.

[26] - ე.ი. მანიქეველთა მოძღვრებას იზიარებდა.

[27] - ნეტარი ავგუსტინეს წერილები (164, 7-8, 187, 6 და სხვ.) გვიჩვენებენ, როგორ ყოყმანობდა იგი ამ გამოთქმის ჭეშმარიტი აზრის დადგენისას. ასეა თუ ისე, მისი განმარტებით, ესაა მართალთა ნეტარების ადგილი, სადაც სული ქრისტეს პირისპირ ჭვრეტით ხარობს.

[28] - ე.ი. მანიქეველთა ერესისაგან თავდახსნილი.

[29] - ფსალმ. 26, 8.

 

IV

7. და აი, დადგა დღე, როცა საბოლოოდ გავთავისუფლდი რიტორიკის მასწავლებლობისაგან, რისგანაც უკვე დიდი ხანია თავისუფალი ვიყავი ჩემი ზრახვით. შენ განაშორე ჩემი ენა იმას, რასაც მანამდე უკვე განშორებოდა ჩემი გული. მადლს გწირავდი და მიხაროდა, რომ ჩემიანებთან ერთად [30] მივემგზავრებოდი სოფელში.

იქ კვლავ წერას მივყავი ხელი: მართალია, ჩემი წიგნებით შენ გემსახურებოდი, უფალო, მაგრამ მათში ჯერ კიდევ იგრძნობოდა სკოლის მასწავლებლისათვის ნიშნეული ამპარტავნება, - ასე სუნთქავენ მორბენლები, როცა სულის მოსათქმელად შეჩერდებიან ხოლმე, - რაც ნათლად ჩანს ჩემს დიალოგებში [31], სადაც გვერდით მყოფ მეგობრებს ვეპაექრები, ისევე, როგორც ჩემსავე საუბრებში საკუთარ თავთან [32], რისი მოწმეც შენ ხარ, უფალო, და ნებრიდისუსისათვის გაგზავნილ წერილებშიაც [33].

მეყოფა კია დრო საიმისოდ, რომ გავიხსენო ყოველივე ის, რაც უშურველად მიწყალობე იმხანად? მე ხომ ერთი სული მაქვს, კიდევ უფრო მთავარსა და არსებითზე გადავიდე. მოგონება ჩემს თავსვე გამომახმობინებს წარსულიდან, და არა არის რა ჩემთვის იმაზე უტკბესი, ვიდრე ვაღიარო, რა ფარული საწერტლით მოდრკიე ჩემი სული, რანაირად დაამდაბლე ჩემი ზრახვების ყოველი „მთა და ბორცვი“, „გაასწორე მრუდი“ და ვაკედ აქციე ფლატე [34], ან როგორ დაუმორჩილე ჩემი გულისმიერი ძმა ალიპიუსი შენი მხოლოდშობილი ძის - „ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს“ [35] სახელს, რომელსაც უწინ ზიზღით უარყოფდა იგი და ჩვენს ნაწერებში მისი ხსენებაც არ უნდოდა, რადგანაც ერჩია უფლის მიერ დამხობილ სასკოლო კედართა [36] სურნელით ყოფილიყვნენ ისინი გაჟღენთილნი, ვიდრე საეკლესიო ბალახთა ნელსურნელებით, გველის ნაკბენისაგან რომ კურნავენ კაცს [37].

8. ასე გიხმობდი, ღმერთო ჩემო, დავითის ფსალმუნების, რწმენის ამ საგალობლების კითხვისას, ღვთისმოსაობით რომ არიან აღსავსენი და სიახლოვეს არ იკარებენ ზვაობის სულს! მე, ახალბედა შენს წმიდა სიყვარულში, კატეხუმენი, ასევე კატეხუმენ ალიპიუსთან ერთად, სოფელში ვისვენებდი. ჩვენთან იყო დედაჩემი, ვის სულშიაც ერთმანეთს ერწყმოდა ქალური სათნოება და მამაკაცური რწმენა, სიბერისათვის ნიშნეული სიცხადე და დედობრივი სიყვარული, ისევე, როგორც ქრისტიანული ღვთისმოშიშება.

როგორ გიხმობდი ამ ფსალმუნებით! რანაირ სიყვარულს აღაგზნებდნენ ისინი ჩემში! როგორი სურვილი მწვავდა, თუკი შევძლებდი, მთელი ქვეყნიერებისათვის წამეკითხა ისინი, რათა ამრიგად შემემუსრა კაცთა მოდგმის ამპარტავნება! [38] მაგრამ აკი მათ მთელი დედამიწის ზურგზე გალობენ კიდეც, და „ვერავინ ემალება შენს მცხუნვარებას“ [39].

რა მწვავე და მძაფრი ტკივილი მიპყრობდა ხოლმე მანიქეველების გახსენებისას, თუმცა კვლავინდებურად მებრალებოდნენ ისინი, რადგანაც არ იციან ჩვენი საიდუმლონი, ეს უებარი წამლები [40], თავიანთი უგუნურებით უარყოფენ მათ და არ სურთ განიწმინდონ გონება. ნეტავი აქ სადმე გვერდით მყოლოდნენ, მე კი არ მცოდნოდა, რომ გვერდითა მყვანან: დაე, სახეში შემოეხედათ და მოესმინათ ჩემი ღაღადისი, როცა მოცალეობისას მეთოხე ფსალმუნს ვკითხულობდი: „მე გიხნე და შენც მისმინე, ჩემი სიმართლის ღმერთო; ვიტანჯებოდი და მომიფონე. შემიწყალე, უფალო, და შეისმინე ჩემი ვედრება“ [41]; დაე, მოესმინათ, მე კი აზრადაც არ მომსვლოდა, რომ ვინმე მისმენს, რათა არ ჰგონებოდათ, მე კი აზრადაც არ მომსვლოდა, რომ ვინმე მისმენს, რათა არ ჰგონებოდათ, თითქოს მათი გულისთვის ვამბობდი იმას, რასაც ამ სიტყვებში ვგულისხმობდი. და მართლაც, ვერც ამას ვიტყოდი და ვერც ასე შევძლებდი თქმას, თუკი მეცოდინებოდა, რომ ისინი მხედავდნენ და მისმენდნენ მე, თუმცა, კიდევაც რომ მეთქვა, ვერასდიდებით ისე ვერ აღიქვამდნენ ჩემს სიტყვებს, როგორც იმ შემთხვევაში, როცა ვეცდებოდი ჩემით, ჩემთვისვე და შენი სახის წინაშე ჭეშმარიტი სიყვარულით გადამეშალა გული.

9. შიშით ვთრთოდი და, იმავდროულად, შენი მოწყალების სასოებითაც ვხარობდი [42], აღტაცემული ამის გამო, მამაო ჩემო. და ყოველივე ამას ამჟღავნედნენ ჩემი ხმა და ჩემი თვალები, როცა შენი კეთილი სული, ჩვენდამი მოქცეული, გვეუბნებოდა: „ძენო კაცთანო, რატომა ხართ გულფიცხელნი? რად გიყვართ ამაოება და ეძებთ სიცრუეს?“ [43] მე კი მიყვარდა ამაოება და ვეძებდი სიცრუეს. ხოლო შენ, უფალო, უკვე „განადიდე შენი წმიდა“ [44], „მკვდრეთით აღადგინე იგი, და მხარმაჯვნივ დაისვი ზეცას“ [45], რათა აღესრულებინა თავისი აღთქმა და ზეცით მოევლინა „ნუგეშისმცემელი, ჭეშმარიტების სული“ [46]. და მოაცლინა კიდევაც იგი, მაგრამ მე არ ვიცოდი ეს. დიახ, მოავლინა კიდევაც იგი, რადგანაც უკვე განდიდებულ იქნა, მკვდრეთით აღმდგარი და ზეცად ამაღლებული. ხოლო მანამდე „არ იყო მოცემული სული წმიდა, რადგანაც ჯერ კიდევ არ განდიდებულიყო იესო“. და წინასწარმეტყველი ღაღადებს: „როდემდის იქნებით გულიფიცხელნი? რად გიყვართ ამაოება და ეძებთ სიცრუეს? მაშ, იცოდეთ, რომ უფალმა განადიდა თავისი წმიდა“ [48]. ის ღაღადებს: „როდემდის?“ ღაღადებს: „იცოდეთ“, მე კი იმდენხანს ვიყავი უმეცარი, იმდენ ხანს მიყვარდა ამაოება და ვეძებდი სიცრუეს. ამიტომაც ვისმენდი და ვძრწოდი: ეს სიტყვები იმ ხალხის მიმართ იყო ნათქვამი, ვის რიცხვსაც, როგორც მახსოვს, მეც ვეკუთვნოდი. მოჩვენებებში, მე რომ ჭეშმარიტებად მიმაჩნდა, ამაოებაც იყო და სიცრუეც. მტკივნეული იყო ჩემთვის ამის გახსენება, და მეც ხმამაღალ, მწარედ ვჩიოდი. ოჰ, ნეტა ჩემი ჩივილი სმენოდა იმათ, ვისაც დღემდე უყვარს ამაოება და სიცრუე. იქნებ თვითონაც შემკრთალიყვნენ, უკუეგდოთ თავიანთი ცთომილებანი, და შენც, უფალო, შეგესმინა მათი ღაღადი, რადგანაც ქრისტე ჭეშმარიტი ხორციელი სიკვდილით მოკვდა ჩვენთვის, და იგია „ჩვენი მეოხი“ [49].

10. მე ვკითხულობდი: „რისხვით აღივსეთ და ნუღარა სცოდავთ“ [50]. როგორ მაღელვებდნენ ეს სიტყვები, ღმერთო ჩემო! უკვე ვრისხავდი ჩემსავე თავს საკუთარი წარსულის გამო, რათა მომავალშიაც აღარ შემეცოდა, და სამართლიანიც იყო ეს მრისხანეაბ, რადგანაც წყვდიადის ნაშიერი უცხო ბუნება როდი სცოდავდა ჩემში, როგორც ამტკიცებს ის, ვინც არ მრისხანებს საკუთარ თავზე და „თვითონვე იუნჯებს მრისხანებას რისხვისა და ღმერთის მართალი მსჯავრის გამოცხადების დღისათვის“ [51]. ჩემს გარეთ როდიღა იყო ჩემი სიკეთე, და არც ხორციელი თვალით, სხივოსანი მზის სინათლეზე ვეძებდი მას. ვინც გარეგანს შეჰხარის, მალე დაჭკნება, რასაც ხილულსა და წარმავალს შეალევს თავის მთელ ძალას [52], და თავისი დამშეული წარმოსახვით არარსებულ საზრდოს დაუწყებს ლოღნას [53]. ო, ნეტა დაუძლურებულიყო შიმშილით და ეთქვა: „ვინ მაჩვენებს სიკეთეს?“ პასუხად ვეტყოდი და ნეტა ესმინა: „აღბეჭდილია ჩვენში შენი სახის ნათელი, უფალო“ [55]. რადგან ჩვენ თვითონ როდი ვართ ეს ნათელი, „რომელიც გაანათლებს ყველა კაცს“ [56], არამედ შენითა ვართ განათლებულნი, ვინაიდან „ოდესღაც ბნელი ვიყავით, ხოლო აწ ნათელი ვართ შენში“ [57]. რა იქნენოდა, დაენახა ეს წარუვალი ნათელი, რომელიც ვიგემე მე და სიმწრით ვაღრჭიალებდი კბილებს, რადგანაც არ შემეძლო სხივსთვისაც მეჩვენებინა იგი. ნეტა მოსულიყო ჩემთან შენგან მიქცეული და გარესკნელისაკენ მიდრეკილი გულით, მოსულიყო და ეთქვა: „ვინ მიჩვენებს სიკეთეს?“ [58] სიკეთე კი იქაა, სადაც მე ვმრისხანებდი საკუთარ თავზე, ჩემივე გულის სიღრმეში, სადაც მოვკალი და მსხვერპლად შემოგწირე ძველი კაცი; სადაც შენი იმედით გავემზადე განახლებისთვის; სადაც შეგიტკბე და „სიხარული მოეცი ჩემს გულს“ [59]. ასე ვღაღადებდი, როცა გულით შევიცნობდი წიგნში წაკითხულს. არა, არ მინდოდა, დროის მომკვლელსა და დროისგან მოკლულს, მტვერივით მიმოვფანტულიყავი, მიწიერ სიკეთეთა შორის განწილული, რადგანაც შენს მარადიულ სიმარტოვეში იყო ჩემთვის „სულ სხვა პური, ღვინო და ზეთი“ [60].

11. ხოლო მომდევნო ლექსის კითხვისას ხმამაღალი ყვირილი აღმომხდებოდა გულის სიღრმიდან: „ო, სიმშვიდეში!“ [61] ო, თვით მასშივე!“ რას ნიშნავს მისი სიტყვებ: „დავიძინებ და ვეზიარები სიმშვიდეს?“ [62] ვინ აღგვიდგება წინ, როცა აღსრულდება წერილი: „დაინთქა სიკვდილი ძლევით?“ [63] რადგან შენა ხარ ჭეშმარიტად უცვლელი არსი [64]; შენშია სიმშვიდე და დავიწყება ყოველგვარი საზრუნავისა; არც არავინაა შენთან, შენსავე გარდა [65], და იმისთვის როდი „დამამკვიდრე, უფალო, სასოებით“ [66], რომ ურიცხვ ამქვეყნიურ სიკეთეს გამოვდევნებოდი.

ვკითხულობდი, ვიწვოდი და არ ვიცოდი, რანაირად მეშველა ამ ყრუ მკვდართათვის, რომელთაც ვეკუთვნოდი უწინ თავადაც [67], მე უღირსი და უბადრუკი, უსინათლო და ურიცხვი ქოფაკი, გაშმაგებით რომ უყეფდა შენს სიტყვებს, ზეციური თაფლით დათაფლულთა და შენი ნათლით ნათელფენილთ. და მე ჭირის ოფლი მდიოდა, როცა შენი წმიდა წერილის მტრებზე ვფიქრობდი [68].

12. როდისღა მოვიგონებ მოცლილობის იმ ნეტარ დღეებს? მაგრამ არ დამვიწყნია და არც დუმილით ავუვლი გვერდს, თუ რა სასტიკად მამათრახებდი და რაოდენ საკვირველი იყო შენი წყალობა, ესოდენ სწრაფად რომ მეწია.

ერთხელ კბილის საშინელი ტკივილი მტანჯავდა, და როცა ტანჯვა იმდენად აუტანელი გახდა, რომ ლაპარაკიც აღარ შემეძლო, გადავწყვიტე მეთხოვა ყველასათვის, ვინც გარს მეხვია, ჩემი თავი შეევედრებინათ შენთვის, ყოვლის მკურნალო ღმერთო [69]. ჩემი თხოვნა პატარა დაფაზე დავწერე და წასაკითხად მივეცი მათ. და როცა სალოცავად მოვიყარეთ მუხლი, ტკივილიც გაქრა; მერედა, რანაირი ტკივილი, ან როგორ გაქრა! ვაღიარებ: თავზარი დამეცა, უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო: რაც თავი მახსოვს, ამისი მსგავსი არაფერი განმეცადა.

მაშინ კი გულის სიღრმემდე გავიმსჭვალე შენი ძალმოსილების შეგნებით, და სიხარულით აღსავსე გულმხურვალე რწმენით ვადიდებდი შენს სახელს. მაგრამ იგივე რწმენა მოსვენებას არ მაძლევდა ჩემი ძველი ცოდვების გამო, რომლებიც ჯერ კიდევ არ მოგეტევებინა ჩემთვის შენი ნათლისღებით.


[30] - ესენი იყვნენ - ნეტარი ავგუსტინეს დედა მონიკა, ძმა ნავიგიუსი, ვაჟიშვილი ადეოდატუსი, ბიძაშვილები - ლანტიდიანე და რუსტიკუსი, მეგობარი ალიპისუი, მოწაფეები - ლიცენციუსი, რომანიანეს (იხ. მეოთხე წიგნის შენ. 43) ძე და თაგასტელი ტრიგეციუსი.

[31] - იგულისხმება ვერეკუნდუსის მომხიბლავ მამულში გასიციაკუმში 386 წელს (ე.ი. ნათლისღებამდე ერთი წლით ადრე) დაწერილი დიალოგები: „აკადემიკოსთა წინააღმდეგ“ („Contra academicos“), „ნეტარი ცხოვრებისათვის“ („De vita beata“),  „წესრიგისათვის (De ordine„“), რომლებშიაც, ნეტარი ავგუსტინეს შემოქმედების მკვლევართა ერთსულოვანი აღიარებით, გაცილებით უფრო ძალუმად იგრძნობა ანტიკური ფილოსოფის გავლენა (პლატონი, ნეოპლატონიკოსები, ციცერონი), ვიდრე ქრისტიანული სულისკვეთება.

[32] - იგულისხმება ნეტარი აგვუსტინეს „საუბრები საკუთარ თავთან“, ანუ „მონოლოგები“ („Soliloquia“, 387 წ.), სადაც, ისევე როგორც ზემოხსენებულ დიალოგებში, იმდენად მკვეთრია კონტრასტი, ერთის მხრივ, ამ თხზულებების მკაფიოდ გამოკვეთილ პლატონიზმსა და, მეორეს მხრივ, „აღსარებათა“ ქრისტიანულ რიგორიზმს შორის, რომ გასული საუკუნის ცნობილი ფრანგი მეცნიერი გასტონ ბუასიე თავის გამოკვლევაში „წარმართობის დამხობა“ პირდაპირ სვამს კითხვას: მაინც რომელია ნამდვილი ავგუსტინე - „აღსარებათა“ მონანიე ცოდვილი თუ დიალოგების პლატონისტი ფილოსოფოსი? ბუასიეს მტკიცებით, - ერთიცა და მეორეც, მაგრამ დიალოგებში ის თავის თავს გვიჩვენებს როგორც ფილოსოფოსს, მაშინ როდესაც „აღსარებებში“ გულმხურვალე მორწმუნედ წარმოგვიჩნდება.

[33] - ნებრიდიუსთან ვრცელი მიმოწერიდან უმნიშვნელო ნაშთიღა შემოგვრჩა („წერილები“, 5, 6, 8).

[34] - ლუკა, III, 5; ესაია, XL, 4.

[35] - II პეტრე, III, 18.

[36] - ფსალმ. 28, 5.

[37] - „სამედიცინო მეტაფორათა სიუხვე ნიშნეულია პირველი საუკუნეების ქრისტიანული მწერლობის სტილისათვი. იხ. Harnack, Medicinisches aus der aeltesten Kirchengaschichte, - Txte und Untersuchungen, VII, 4 (1892). Stanley Pearse, - Harvard Studies in Classical Philology, t. XXV (1914), p. 73-86; Monccaux, - Comptes-rendus de l'acad. des Inscr. 1920, p. 75“. - პიერ დე ლაბროილის შენიშვნა; იხ. დასახ. გამოც. გვ. 215.

[38] - ნეტარ ავგუსტინეს მთელი სიცოცხლის მანძილზე თან გაჰყვა ფსალმუნების გულმხურვალე სიყვარული, რასაც თვალნათლივ გვიმოწმებს „აღსარებათა“ ტექსტი, სადაც დავითის საგალობლები უფრო ხშირადაა ციტირებული, ვიდრე ნებისმიერი სხვა ძეგლი, „ახალი აღთქმის“ გამოკლებით. ამასვე მოწმობს ფსალმუნების ნეტარი ავგუსტინესეული განმარტებები („Ennarationes in Psalmos“), 391 წლიდან სიცოცხლის დამლევამდე რომ წერდა იგი.

[39] - ფსალმ. 18, 7.

[40] - შდრ. აქვე, შენ. 37.

[41] - ფსალმ. 4, 2.

[42] - შდრ. ფსალმ. 30, 8.

[43] - ფსალმ. 4, 3.

[44] - ფსალმ. 4, 4.

[45] - ეფეს. I, 20.

[46] - იოანე XIV, 16-17.

[47] - იოანე VII, 39.

[48] - ფსალმ. 4, 3 და შმდ.

[49] - რომ. VIII, 34... ეს პასაჟი მიმართულია მანიქეველთა წინააღმდეგ, რომელნიც უარყოფდნენ ქრისტეს ადამიანურ ბუნებას და, მაშასადამე, მის სიკვდილსაც.

[50] - ფსალმ. 4, 5... ნეტარი ავგუსტინე შემდეგნაირად განმარტავს დამოწმებული ფსალმუნის ამ მუხლს: ა) თუ მრისხანებთ, დაე, თქვენმა გონებამ მაინც ჰგმოს ეს განუსჯელი მოქმედება; ბ) „შერისხეთ თქვენი თავი თქვენივე უწინდელი ცოდვების გამო და აწი მაინც ნუღარა სცოდავთ“ („irascimini vobis ipsis de praeteritis peccatis et ulterius peccare desinite“).

[51] - რომ. II, 5.

[52] - „დედამიწა გვთავაზობს იმას, რაც უნდა გვიყვარდეს; დრო გვტაცებს იმას, რაც გვიყვარს, და სულში აჩრდილთა გუნდსღა გვიტოვებს, რომელნიც აქეზებენ მას ვნებიანად მიელტვოდეს ხან ერთსა და ხან მეორეს. ამიტომაც შფოთავს მწუხარე სული, რაკიღა ამაოდ ცდილობს შეინარჩუნოს ის, რისი წყალობითაც ინარჩუნებს საკუთარ თავს“ (ნეტარი ავგუსტინე, „ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის“, 35).

[53] - დედანში ზუსტად ასეა: lambivit.

[54] - ფსალმ. 4, 7.

[55] - შდრ. ფსალმ. 4, 7.

[56] - იოანე I, 9.

[57] - ეფეს. V, 8.

[58] - ფსალმ. 4, 7.

[59] - ფსალმ. 4, 8.

[60] - ფსალმ. 4, 8.

[61] - ფსალმ. 4, 9

[62] - ფსალმ. 4, 9

[63] - I კორ. XV, 54.

[64] - იხ. მეშვიდე წიგნის შენ. 13.

[65] - მეორე სჯ. IV, 35; ესაია XLV, 5.

[66] - შდრ. ფსალმ. 4, 9.

[67] - იგულისხმებიან მანიქეველები.

[68] - შდრ. ფსალმ. 138, 21.

[69] - შდრ. ფსალმ. 37, 23.

 

V

13. დამთავრდა არდადეგები და მე უარი ვთქვი ჩემს ადგილზე. დაე, მედიოლანელებს სხვა სიტყვით მოვაჭრე ეძებნათ თავიანთი შეგირდებისთვის. მე შენს სამსახურში გავემწესე და, ეგეც არ იყოს, მასწავლებლობა იმიტომაც აღარ შემეძლო, რომ სუნთქვა მიჭირდა და მკერდის არეში ყრუ ტკივილს ვგრძნობდი.

შენს მსახურს, მეუფე ამბროსის, ამ წმიდა და ღვთისმოსავ კაცს წერილობით ვაუწყე როგორც ჩემი ძველი ცოდვები, ისე ახლანდელი აღთქმაც და ვთხოვე ერჩია, შენი საღმრთო წერილის რომელი წიგნი წამეკითხა უპირველესად, რათა ესოდენ დიდი მადლის მისაღებად შემემზადებინა თავი. მან მიბრძანა, ესაია წინასწარმეტყველის წიგნი წამეკითხა, ალბათ, იმიტომ, რომ ყველაზე ცხადად გვაუწყებს სახარებისა და წარმართთა მოწოდების ამბავს. მაგრამ რაკი პირველივე თავი გაუგებარი დარჩა ჩემთვის, ვიფიქრე, მთელი წიგნიც ასევე გაუგებარი იქნება-მეთქი და გადავწყვიტე სამერმისოდ გადამედო მისი ხელმეორედ წაკითხვა [70], ვიდრე არ შევეჩვეოდი და შევითვისებდი საღმრთო წერილის ენას.


[70] - „მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ნეტარი ავგუსტინე ამჯობინებდა საღმრთო წერილის იმ წიგნებს, ადამიანის შინაგან ცხოვრებას რომ ეხებიან, ე.ი. ფსალმუნებს და პავლე მოციქულის ეპისტოლეებს. წინასწარმეტყველნი ისეთ სიამოვნებას როდი ჰგვრიდნენ მას, როგორც იერონიმეს“. - რუს. თარგმანის შენ. იხ. დასახ. გამოც. გვ. 251.

 

VI

14. და, აი, დადგა დრო, როცა მოსანათლად უნდა ჩავწერილიყავი [71]. დატვოვეთ სოფელი და მედიოლანუმში დავბრუნდით.

ალიპიუსს სურდა ჩემთან ერთად ხელახლა შობილიყო შენში; უკვე შეემოსა ის სიმდაბლე, რაც შენს საიდუმლოებებს შეშვენის. ხორცის დაურვებისას ისეთ სიმტკიცეს იჩენდა, რომ ფეხშიშველაც კი დადიოდა იტალიის გაყინულ მიწაზე, რაც მის არნახულ შეუპოვრობას მოწმობს.

ჩვენ თან გვახლდა ადეოდატუსიც, ჩემი ხორციელი ცოდვის შვილი. ეს იყო შენი მშვენიერი ქმნილება. თხუთმეტი წლისა უკვე მრავალ დარბაისელ სწავლულს აღემატებოდა გონებით. ვაღიარებ შენს მადლს და წყალობას, უფალო ღმერთო ჩემო, ყოვლის შემოქმედო, მშვენიერებად რომ გარდაქმნი ჩვენს სიმახინჯეს: ჩემი არა ეცხო რა ყმაწვილს, თუ არ ჩავთვლით ჩემსავე ცოდვას. ხოლო შენი მოძღვრებით რომ აღვზარდეთ იგი, ეს სხვა ვინმემ კი არა, შენ შთაგვაგონე: ვაღიარებ წყალობას შენსას.

ერთ ჩემს წიგნში, რომლის სათაურია „მოძღვარი“, ჩემი და მისი საუბარია გადმოცემული [72]. შენ ხომ იცი, რომ ყველა აზრი, რომელიც ჩემს თანამოსაუბრეს მიეწერება, სინამდვილეშიც მასვე - ჩემი თექვსმეტი წლის ვაჟს ეკუთვნის. ვინ მოსთვლის, რამდენი საოცრება აღმომიჩენია მასში. მაშინებდა კიდეც მისი უჩვეულო ნიჭიერება. შენ თუ არა, ვინ, რომელი ხელოსანი იქნებოდა ამ საკვირველების შემოქმედი?

ნაადრევად მოუსწრაფე სიცოცხლე და ახლა უფრო მშვიდადა ვარ მის გამო: აღარც მისი სიყრმისთვის ვშფოთავ, აღარც მისი სიჭაბუკისა და აღარც მთელი მისი სიცოცხლისათვის. ჩვენ დავიამხანაგეთ იგი, ჩვენივე ტოლი შენს მადლთან ზიარების წყალობით, რათა შენი მოძღვრებით გაგვეწაფა. ჩვენ მოვინათლეთ და ჩამოგვცილდა უწინდელი ცხოვრების ყველა საზრუნავი. მე ვერ ვძღებოდი მაშინ იმ საკვირველი სიტკბოებით, რომლითაც ვჭვრეტდი სიღრმეს შენი ზრახვისას - გეხსნა კაცთა მოდგმა. რამდენჯერ მიღვრია მდუღარე ცრემლი, როცა ვისმენდი შენს ჰიმნებსა და საგალობლებს, მომნუსხველად რომ ჟღერდნენ შენს ეკლესიაში, საამოდ ჩამოსმოდნენ ყურში, სმენას მიტკბობდნენ და ჭეშმარიტების ნაჟურად იწურებოდნენ სულის სიღრმეში [73]. ღვთისმოსაობით აღტყინებულს ნეტარების ცრემლი მდიოდა. ოჰ, რა ბედნიერი ვიყავი მაშინ.


[71] - იხ. მერვე წიგნის შენ. 39.

[72] - ნეტარი ავგუსტინეს ეს. თხზულება („De magistro“) მამა-შვილის საუბრით იწყება: ადეოდატუსი ვერგილიუსის ლექსსა და ზოგიერთი სიტყვის მნიშვნელობას განმარტავს. დიალოგი ფილოსოფიურ-რელიგიური შეგონებით მთავრდება: ყური მივუგდოთ ჩვენი გულის სიღრმეში დამკვიდრებულ ჭეშმარიტებას და ერთადერთ მოძღვრად მიგვაჩნდეს იესო ქრისტე.

[73] - იხ. აქვე, შენ. 38.

 

VII

15. არც ისე დიდი ხნის წინათ, მედიოლანუმის ეკლესიაში ჩვევად იქცა დაემოძღვრათ და განემტკიცებინათ მორწმუნენი ერთობლივი გალობით, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა ქრისტესმიერ ძმათა გზნება, მათი ხმები და გულები. ერთი წლისა თუ ცოტა მეტი ხნის წინათ, დედოფალმა იუსტინამ, მცირეწლოვანი იმპერატორის ვალენტინიანეს დედამ, თავიანთი მწვალებლობით რომ აცთუნეს არიანელებმა, დევნა დაიწყო შენს ღირსეულ მსახურ ამბროსის. ღვთისმოსავთა ბრბო ეკლესიაში ათენებდა და აღამებდა: მზად იყო თავი დაედო ეპისკოპოს ამბროსისათან - შენს მონასთან ერთად. ღამისმთეველთა შორის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო დედაჩემი, შენი მხევალი, რომელიც ლოცვა-ვედრებითღა სულდგმულობდა ჩვენ ჯერ კიდევ არ მოგვფენოდა მხურვალება შენი სულისა, მაგრამ მაინც ვბორგავდით და ვბობოქრობდით; ქალაქო შფოთსა და არეულობას მოეცვა [74]. სწორედ მაშინ შემოიღეს წესად, აღმოსავლური ეკლესიის ჩვეულებისამებრ, გალობით წარმოეთქვათ ჰიმნები და ფსალმუნები, რათა მორწმუნენი სევდასა და მწუხარებას არ დაეთრგუნა. მას აქეთ ეს ჩვეულება უცვლელად დარჩა და მრავალმა შეითვისა კიდეც, თითქმის ყველა შენმა სამწყსომ, მთელ მსოფლიოში.

16. მაშინ ზემოხსენებულ წინამდგომეს შენსას [75] ჩვენებით ეუწყა ის ადგილი, სადაც დამარხული იყო წმიდა მოწამეთა - პროტასისა და გერვასის ცხედრები [76], რომლებსაც ამდენ ხანს ფარულად ინახავდი უხრწნელად, რათა თავის დროს გამოგვესვენებინა იქიდან მძვინვარე დედოფლის დასათრგუნავად [77]. როცა მათ მიაგნეს და ამოთხარეს, სათანადო პატივით გადაასვენეს ამბროსის ბაზილიკაში. დიდი იყო მათი ძალა: არა მარტო უკეთური სულებით შეპყრობილნი იკურნებოდნენ (თვით დემონებიც აღიარებდნენ თავიანთ დამარცხებას), არამედ მრავალი სხვანიც. მთელს ქალაქში კარგად ცნობილმა ერთმა მედიოლანელმა მოქალაქემ, რომელსაც დიდი ხნის წინათ დაშრეტოდა თვალის ჩინი, იკითხა, რა არის ამ ზარზეიმის მიზეზიო, და როცა უთხრეს, რაშიც იყო საქმე, წამოხტა და თავის გამყოლს სთხოვა, წმიდანთა ნეშტთან მიმიყვანეო. ბაზილიკაში შესულმა ნება ითხოვა, მიახლოვებოდა და ხელსახოცით შეხებოდა ტახტრევანს, რომელზედაც ესვენა იმათი ნეშტი, ვისთვისაც ითქვა: „ძვირფასია შენს წინაშე წმიდათა შენთა სიკვდილი“ [78]; მერე თვალებთან მიიტანა ხელსახოცი და მაშინვე აეხილა თვალი [79]. მთელს ქალაქს მოედო ეს ამბავი; გულმხურვალედ გადიდებდნენ მრავალნი და სიხარულით გაბრწყინვებულნი გიძღვნიდნენ ქებას. ამიტომაც იყო, რომ წინააღმდეგომი შენი, დედოფალი იუსტინა, მართალია, ჯერ კიდევ ვერ მიიქცა ჭეშმარიტი რწმენის მიმართ, მაგრამ იმდენი მაინც შესძლო, რომ დაეურვებინა თავისი მძვინვარება, რომლითაც სდევნიდა მორწმუნეთ.

მადლობას გწირავ, ღმერთო ჩემო! საიდან გამოიხმე და საით წარმართე ჩემი მოგონებები, რათა აღსარება მეთქვა შენთვის და მეღიარებინა, რომ ლამიზ დამავიწყდა ესოდენ მნიშვნელოვანი მოვლენები. თვით მაშინაც კი, როცა „ეგზომ საამო სურნელს აკმევდი“ [80], არ მოგეახლეთ, რათა შეგვრდომოდით [81]. ამიტომაც ვტიროდი ასე გულმდუღარედ, როცა შენს საგალობლებს ვისმენდი; რა ხანია სულთქმით გიგონებდი და, ბოლოს, შევისუნთქე კიდეც ქროლვა შენგან მონაბერი ქარისა, რამდენადაც მან შემოაღწია ამ „თივის ქოხში“ [82].


[74] - „ამბროსის ეპისკოპოსობის პირველი ცხრა წლის მანძილზე დასავლეთ რომის იმპერიის იმპერატორი იყო გრაციანე, სიქველით მოსილი კათოლიკე, მაგრამ უდარდელი და გულარხეინი კაცი. გრაციანეს თავდავიწყებით უყვარდა ნადირობა, რისი გულისთვისაც საერთოდ ხელი აეღო სახელმწიფოს მართვაზე. ბოლოს, ის მოკლეს. დასავლეთ რომის იმპერიის უმეტესი ნაწილის მბრძანებელი გახდა უზურპატორი მაქსიმე, მაგრამ საკუთრივ იტალიაში იმპერატორის ტიტული მიიღო გრაციანეს უმცროსმა ძმამ ვალენტინიანე II-მ, რომელიც ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო. ამიტომ პირველ ხანებში საიმპერატორო ძალაუფლება ხელთ ეპყრა დედამისს იუსტინას, იმპერატორ ვალენტინიანე I-ის ქვრივს, მაგრამ ის არიანელი ყიო, რაც გარდაუვალს ხდიდა შეჯახებას მასა და წმ. ამბროსის შორის...

საბაბმაც მალე იჩინა თავი. დედოფალმა მოითხოვა არიანელებისათვის დაეთმოთ მილანის ერთ-ერთი ეკლესაი, რაზედაც ამბროსიმ ცივი უარი განაცხადა. მოსახლეობა ეპისკოპოსს მიემხრო და ბაზილიკაში უზარმაზარმა ბრბომ მოიყარა თავი. გოთი ჯარისკაცები, რომლებცი არაიანელები იყვნენ, ბაზილიკის დასაკავებლად გაგზავნეს, მაგრამ ისინი მოქალაქეებს დაუძმობილდნენ. „დიდებულები და ტრიბუნები - გადმოგვცემს ამბროსი დისადმი მიწერილ მღელვარე წერილში, - ჩემთან მოვიდნენ, რომ ვეიძულებინეთ, ბრძანება გამეცა სასწრაფოდ ჩაებარებინათ ბაზილიკა. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იმპერატორი თავის უფლებას ახორციელებდა, რადგანაც არა არის რა ისეთი, მის ძალაუფლებას რომ არ ექვემდებარებოდეს. ამაზე მე მივუგე, ჩემთვის რომ მოეთხოვა ის, რასაც ჩემი ჰქვია, ჩემი მიწა-წყალი, ჩემი ფული და სხვა მისთანანი, რაც პირადად მე მეკუთვნის, არაფერს დავუკავებდი-მეთქი, თუმცა ყველაფერი, რაც მე მეკუთვნოდა, უპოვართა კუთვნილებაა (წმ. ამბროსი მდიდარი კაცი იყო; მღვდლად რომ ეკურთხა, ქრისტეს მცნებისამებრ, ღარიბ-ღატაკებს დაურიგა მთელი თავისი ავლადიდება, - ბ.ბ.). მაგრამ ის, რაც ეკუთვნის ღმერთს, იმპერატორის ძალაუფლებას არ ექვემდებარება. მე ვთქვი: „ჩემი ქონება გნებავთ? - ინებეთ. ჩემი სხეული? - ჩემივე ნებით წამოგყვები. გინდათ ბორკილები დამადოთ და სიკვდილით დამსაჯოთ? - ნეტარებად მივითვლი ამას. თავის დასაცავად არ ვუხმობ ბრბოს, არც საკურთხეველს ჩავებღაუჭები და არც ვედრებას დაგიწყებთ, სიცოცხლე მაჩუქეთ-მეთქი, არამედ სიხარულით შევეგებები სიკვდილს საკურთხევლის გულისთვის“. თავზარი დამეცა, გავშრი, გავქვავდი, როცა გავიგე, რომ შეიარაღებული ხალხი გამოუგზავნიათ ბაზილიკის მისატაცებლად; მეშინოდა, ვაითუ ბაზილიკის დასაცავად მოსული ხალხის სისხლი დაიღვაროს-მეთქი, რაც აამტუტებდა მთელ ქალაქს. ღმერთს შევევედრე, ჩვენი დიდებული ქალაქისა და, შესაძლოა, მთელი იტალიის დაღუპვას ნუ მომასრებ-მეთქი“ (წერილი XX).

ეს შიში გადაჭარბებული არ ყოფიალ, რადგანაც აღვირახსნილ გოთებს ყოველ წამს შეეძლოთ ქვა ქვაზე აღარ დაეტოვებინათ, როგორც ეს მოხდა ოცდახუთი წლის შემდეგ, რომის დარბევისას.

ამბროსის ძალა ის იყო, რომ მას მხარს უჭერდა მოსახლეობა. ეპისკოპოსს ბრალად დასდეს, მოქალაქეებს აქეზებსო, რაზედაც მან მიუგო: „მე არ შემიძლია ხალხის წაქეზება, მაგრამ მისი დაშოშმინება უფლის ხელთაა“. ვერცერთმა არიანელმა, აცხადებს ამბროსი, ფეხი ვერ წადგა წინ, რადგანაც მოქალაქეთა შორის არ ყოფილა არცერთი არიანელი. ამბროსიმ მიიღო ოფიციალური განკარგულება, დაუყოვნებლივ ჩაებარებინა ბაზილიკა, ჯარისკაცებს კი ებრძანათ, თუ საჭირო იქნებოდა, ძალა გამოეყენებინათ. მაგრამ უკანასკნელ წამს მათ უარი თქვეს ძალის გამოყენებაზე, ასე რომ, იმპერატორი იძულებული შეიქნა უკან დაეხია. ეს კი მოასწავებდა დიად გამარჯვებას ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ამბროსიმ ცხადყო, რომ ზოგიერთ საკითხში სახელმწიფომ ქედი უნდა მოიხაროს ეკლესიის ნების წინაშე, და ამით დაამკვიდრა ახალი პრინციპი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას“ (Бертран Россел, История западной философий, Мю 1959, стрю 351-354).

[75] - ეპისკოპოსი ამბროსი იგულისხმება.

[76] - გადმოცემით, წმ. მოწამენი - პროტასი და გერვასი იმპერატორ ნერონის (54-68 წ.) დროს აწამეს.

[77] - იგულისხმება დედოფალი იუსტინა (იხ. აქვე, შენ. 74).

[78] - ფსალმ. 115, 6.

[79] - ნეტარი ავგუსტინე ამ სასწაულს იხსენიებს „ღვთის ქალაქში“ (22, 8, 2) და „ქადაგებებშიც“ (286, 4). ამბროსის მდივანი პავლიუსი გადმოგვცემს, რომ ეს ბრმადყოფილი „დღესაც მსახურებს იმ ბაზილიკაში, ამბროსის ბაზილიკად რომ იწოდება, სადაც გდაასვენებს წმიდანთა ნეშტი“ („ამბროსის ცხოვრება“, 14).

[80] - ქებათა-ქება, 1, 3.

[81] - ზემოხსენებულმა სასწაულმა, ეტყობა, მაინცდამაინც დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა ნეტარ ავგუსტინეზე.

[82] - ესაია, XL, 6... „თივის ქოხი“ - იგულისხმება სხეული.

 

VIII

17. „შენ, ვინც ერთ ჭერქვეშ ამკვიდრებ ერთსულოვანთ“ [83], ჩვენს ჯგუფში შემოიყვანე ჭაბუკი ევოდიუსი [84], რომელიც წარმოშობით ჩვენივე მუნიციპიუმიდან [85] იყო. ადრე საიდუმლო პოლიციაში მსახურობდა, მაგრამ თავი დაანება საერო სამსახურს, მოინათლა და შენდა სამსახურად აღიჭურვა. ერთად ვიყავით და ერთადვე ვაპირებდით განგვეხორციელებინა ჩვენი წმინდა გადაწყვეტილება. დიდხანს ვეძებდით ადგილს, სადაც უკეთ შევძლებდით შენს მსახურებას. ერთხმად გადავწყვიტეთ აფრიკაში დავბრუნებულიყავით, და როცა ტიბერისის ოსტიაში [86] ვიყავით, დედაჩემი გარდაიცვალა.

ბევრ რამეს დუმილით ვუვლი გვერდს, რადგანაც ძალიან ვჩქარობ. მიიღე ჩემი აღსარება და მადლიერება, თუნდაც უსიტყვო, შენი ურიცხვი სიკეთისთვის შემოწირული, რომელთა ჩამოთვლასაც აქ არ მოვყვები. მაგრამ იმას კი ვიტყვი, თუ რა განცდები იშვა ჩემს სულში ამ შენი მხევლის მიმართ, რომელმაც ხორციელად მშვა მე ამ საწუთროსათვის, სულიერად კი - საუკუნო სოფლისათვის. მის ღირსებებს კი არ ჩამოვთვლი, არამედ იმას, რაც უწყალობე. თვითონ როდი შეუქმნია, და არც თვითონ აღუზრდია თავისი თავი: შენ შეჰქმენი იგი, ასე რომ, არც დედამ და არც მამამ არ იცოდა, ვინ იცნქბოდა და რა იქნებოდა მათი ნაშიერი. შენი ქრისტეს წკეპლებმა შთაუნერგეს შენდამი შიში, შენმა მხოლოდშობილმა ძემ წარმართა წრფელი გზით მისი ნაბიჯი იმ ღვთისმორწმუნე ოჯახში, რომელიც შენი ეკლესიის კეთილი წევრი იყო.

თავის ღირსეულ აღზრდას იმდენად დედას როდი უმადლოდა იგი, რამდენადაც ერთ მოხუც მოახლეს, რომელიც პატარაობისას ჯერ კიდევ მამამისს დაატარებდა ხელით, როგორც დაატარებენ ახლად წამოჩიტული გოგონები ხელში ატატებულ უმწეო ყრმებს. ამიტომაც იყო, რომ ბატონები დიდ პატივს სცემდნენ მის მხცოვანებას და უმწიკვლოებას. თუმცა არა მარტო დიდი პატივისცემით სარგებლობდა ამ ქრისტიანულ ოჯახში, არამედ უფრო მეტი უფლებებითაც, ვიდრე სხვა მსახურები. სწორედ მას ჰქონდა მინდობილი ბატონის ქალიშვილების აღზრდა, და ისიც გულმოდგინედ ასრულებდა თავის მოვალეობას. საკმაოდ მკაცრი და ულმობელი იყო ბავშვების დასჯისას, როცა ეს აუცილებელი ხდებოდა, რჩევა-დარიგებისას კი დიდ კეთილმოსურნეობასა და წინდახედულებას იჩენდა.

ასე მაგალითად, გოგონებს, რომლებიც მშობლებთან ერთად უსხდნენ ღარიბულ სუფრას, წყურვილითაც რომ გაშრობოდათ პირი, ზოგჯერ იმის ნებასაც კი არ აძლევდა, რომ ორიოდე ყლუპი წყალი მოესვათ. გონივრული სიტყვით აფრთხილებდა მათ, უკეთურ ჩვევას არ დამონებოდნენ: „დღეს წყალს დალევთ, რადგანაც ღვინის სმის უფლება არა გაქვთ, ხოლო როცა გათხოვდებით და მეუღლის სახლში სარდაფისა და საკუჭნაოს მნენი გახდებით, წყალი შეიძლება მოგყირჭდეთ, სმის ჩვევა კი კვლავაც ჩვევადვე დარჩება“. ასე, გონივრული რჩევითა და მბრძანებლური კარნახით ცდილობდა იგი სიხარბე აღეკვეთა ნორჩებისათვის და თვით წყურვილის მოკვლის ნებასაც მხოლოდ იმდენად აძლევდა მათ, რომ ზომიერების ფარგებს არ გასცდენოდა: არ უნდა გაცთუნოთ იმან, რაც არ შეშვენის ადამიანის ღირსებასაო, - ეუბნებოდა იგი პატარებს.

18. და მაინც დედაჩემს (როგორც თვითონ მიყვებოდა მე - მის ვაჟს - შენი მხევალი) მალულად ეპარებოდა ღვინის სიყვარული. მშობლები, ჩვეულებრივ, მას ავალებდნენ, როგორც თავდაჭერილ გოგონას, სარდაფში ჩასულიყო და ღვინო ჩამოესხა კასრიდან. ისიც, როცა შეავსებდა დოქს, ვიდრე ბოთლებში ჩასცლიდა მას, ცოტას მოწრუპავდა ზედაშეს, რათა წვეთიც არ დაღვროდა გალიცლიცებული ჭურჭლიდან. მეტის დალევა კი არ შეეძლო, რადგანაც ღვინო არ სიამოვნებდა. მაგრამ ამას სიმთვრალის სიყვარულით კი არ სჩადიოდა, არამედ ძალთა სიჭარბის გამო, რაც გამოსავალს წამიერ სიანცეში ეძებდა, და რასაც ყრმების სულში უფროსებისადმი რიდი და კრძალვა თრგუნავს ხოლმე.

ასე რომ ღვინის ყლუპს დღითიდღე ემატებოდა ყლუპი, ჩვენ კი ვიცით, რომ „ვინც უგულებელყოფს მცირედს, მცირე ხნის შემდეგ დაეცემა“ [87], და მალე იმ ზომამდის მივიდა, რომ ხარბად ეწაფებოდა ამ წმინდა, წყლით გაუზავებელ ღვინოს და ყოველდღე ლამის სავსე თასს სცლიდა.

სად იყო მაშინ მისი გულთამხილავი გამზრდელი მთელი თავისი სიმკაცრით? განა სადმე მოიძებნება ჩვენი ფარული სნეულების ქმედითი წამალი, თუკი შენ, უფალო, არ ფხიზლობ ჩვენს განსაკურნავად? შეიძლება შორს იყვნენ დედ-მამა და აღმზრდელები, მაგრამ შენ ყოველთვის ჩვენს გვერდითა ხარ, შენ, ვინც დაგვბადე, ვინც გვიხმობ და სიკეთის ქმნად იყენებ ადამიანებს, რათა იხსნა ჩვენი სულები. რა ქენი მაშინ, ღმერთო ჩემო? რითი განკურნე? როგორ დაუბრუნე ჯანმრთელობა? სხვისი პირით ხომ არ ჰგმე იგი, მკაცრი და სასტიკი სიტყვით, როგორც მკურნალის პირბასრი დანით, ხომ არ გაკვეთე მისი წყლული, დანით, შენი ფარული საცავიდან რომ ამოიღე, რათა ერთი დაკვრით ამოგეძირკვა ხრწნილება?

მოახლემ, რომელიც ყოველთვის თან ახლდა თავის პატარა ქალბატონს, ღვინო რომ ამოჰქონდა სარდაფიდან, დაუნდობლად ამხილა იგი და პირში მიახალა, ნამდვილი ლოთი [88] ხარო. დედაჩემი მწარედ მოსწყლა ამ მქირდავმა სიტყვამ; ახლაღა დაინახა, რაოდენ მავნე იყო მისი ჩვევა და შეძრწუნებულმა ხელი აიღო მასზე.

ასეა ხოლმე: მეგობრები თავიანთი პირფერობით გვრყვნიან, მტრები კი გმობითა და ლანძღვა-გინებით ჩვენს გამოსწორებას უწყობენ ხელს. თუმცა შენ, უფალო, ერთთაც და მეორეთაც იმისთვის კი არ მიაგებ სანაცვლოს, რასაც მათი მეშვეობით იქმ, არამედ მათი განზრახვისათვის. დედაჩემის განაწყენებულ მოახლეს ის კი არ სურდა, რომ განეკურნა თავისი პატარა ქალბატონი, არამედ ის, რომ მოთმინებიდან გამოეყვანა იგი: მალულად, როცა დრო იხელთა და სათანადო ადგილიც შეურჩია, ან იქნებ, იმიტომაც, რომ თავიდან აეცილებინა ბატონების რისხვა ნაგვიანევი დაბეზღებისთვის.

ხოლო შენ, უფალო, რომელიც განაგებ ყოველს ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, ვისაც ძალგიძს შენივე ზრახვით აღმა ადინო მდინარენი და შენს ნებას დაუმორჩილო დროის ბობოქარი დინება, - ერთი სულის სიშლეგით განკურნე მეორე [89]. თუ ვინმეს თავისი სიტყვით გამოუსწორებია ის, ვისი გამოსწორებაც სურდა, დაე, ჩემი ნაამბობის წაკითხვის შემდეგ თავის თავს ნუ მიაწერს ამ ძალას.


[83] - ფსალმ. 67, 7.

[84] - ეს ევოდიუსი შემდეგ უზალის ეპისკოპოსი გახდა. შემორჩენილია მისი მიმოწერა ნეტარ ავგუსტინესთან.

[85] - თვითმმართველობის მქონე ქალაქი, რომლის მცხოვრებნიც რომის მოქალაქეთა უფლებებით სარგებლობდნენ.

[86] - ოსტია - დიდი სავაჭრო და სამხედრო ნავსადგური მდინარე ტიბერისის შესართავთან. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ჩვენში დაკვიდრებული „ტიბრი“ (რუსიციზმი) და „ტიბროსი“ (არარსეული გრეციზმი) უხეში შეცდომაა.

[87] - შდრ. სიბრძნე ზირაქ. XIX, 1.

[88] - დედანში - meribibula: „გაუზავებელი ღვინის მსმელი“. ძველი ბერძნები და რომაელები წყლით გაზავებულ ღვინოსა სვამდნენ. გაუზავებელი ღვინის სმა ბარბაროსულ ჩვეულებად ითვლებოდა. აღსანისნავია, რმო „მერიბიბულა“, როგორც ლექსიკოლოგები მოწმობენ, „აღსარებათა“ ამ პასაჟის გარდა, მთელს უზარმაზარ ლათინურ მწერლობაში სხვაგან არსადა გვხვდება.

[89] - „რამდენ რამეს სჩადიან ბოროტნი ღვთის ნების საპირისპიროდ, მაგრამ ისეთი მისი სიბრძნე და ძალი, რომ ყველაფერი, რაც თითქოს ღვთის ნებას ეურჩებოდა, კეთილსა და სამართლიან დასასრულს ჰპოვებს, წინასწარ დადგენილს მის მიერ“ („ღვთის ქალაქისათვის“, 22, 2).

 

IX

19. უმანკოებითა და კრძალვით აღზრდილი, მშობლების გამგონე და დამჯერი, უმალ შენდამი, ვიდრე მათდამი მორჩილების გამო, - საქორწინო ასაკისა რომ მოიყარა, დედაჩემი ქმარს ჩააბარეს, რომელსაც სიკვდილამდე ერთგულად ემსახურებოდა და ცდილობდა შენთვის შეეძინა იგი [90]. შენზე ელაპარაკებოდა ქმარს მთელი მისი სულიერი სიფაქიზე, ესოდენ მომხიბლავს, სიყვარულისა და პატივისცემის ღირსს რომ ხდიდა და განცვიფრების საგნად აქცევდა ცოლს. დედაჩემი უდრტვინველად იტანდა ქმრის ღალატს და ამის გამო მეუღლესთან არასოდეს მოსვლია უთანხმოება. სულ იმის მოლოდინში იყო, რომ შენ, უფალო, მოწყალებას მოიღებდი მის მიმართ, რის შედეგადაც რწმენასა და კრძალულებას ჩაუნერგავდი.

ისიც უნდა ითქვას, რომ მამაჩემი უსაზღვროთ კეთილი კაცი იყო, თუმცა ძალზე გულფიცხი გახლდათ. დედაჩემმაც კარგად იცოდა, რომ არამცთუ საქმით, სიტყვითაც არ უნდა აღდგომოდა წინ განრისხებულ ქმარს. როდესაც დარწმუნდებოდა, რომ სიშმაგემ გაუარა და დამშვიდდა, მაშინღა უხსნიდა, რაოდენ უსამართლო იყო მისი საქციელი, რაკიღა უმიზეზოდ შმაგობდა ხოლმე. ბევრ ქალს, ვისაც გაცილებით უფრო მშვიდი და თვინიერ ქმარი ჰყავდა, მთელი სახე დალილავებული ჰქონდა ცემისგან. ამიტომაც ერთმანეთს შესჩიოდნენ ხოლმე თავიანთ სვედავსილობას, დედაჩემი კი მათ ჭარტალა ენას ადანაშაულებდა, და თითქოს ხუმრობით, დაბრაისლურ რჩევას აძლევდათ: იმ წუთიდანვე, როცა საქორწინო ხელშეკრულება წაგიკითხეს [91], ის თქვენთვის უნდა იყოს სიგელი, რომლებიც ქმრების მხევლებად გაქცევთ და გამუდმებით შეგახსენებთ თქვენს მდგომარეობას, რათა არასოდეს აიმაღლოთ ხმა თქვენი ბატონების წინაშეო [92]. ვინც იცოდა, რა მძვინვარე ქმრის გვერდით უწევდა ცხოვრება, განცვიფრებული იყო: არასოდეს სმენოდა და არც ენახა ვინმეს, რომ პატრიციუსს ცოლი ეცემა, ან თუნდაც ერთი დღით რაიმე უსიამოვნება მოსვლოდა მასთან. ნაცნობი ქალები ცდილობდნენ გაეგოთ, რა იყო ამის მიზეზი; დედაჩემი კი თავის საიდუმლოს უმხელდა მათ, რაც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ვინც კი ისმენდა მის რჩევას, სამუდამოდ მისი მადლიერი რჩებოდა, ხოლო ვინც არ ისმენდა, თვითონვე იყო თავისი თავის მტერი.

20. უზნეო მოახლეთა ენატანიობამ რძალს თავდაპირველად აუმხედრა დედამთილი, მაგრამ დედაჩემმა თავისი თვინიერებით, მოთმინებითა და სიმშვიდით ისე განაიარაღა იგი, რომ დედამთილმა თვითონვე შესჩივლა თავის ვაჟს მოახლეთა უკეთური საქციელი, რამაც უთანხმოება ჩამოაგდო რძალ-დედამთილს შორის და დაარღვია ოჯახური მყუდროება; შესჩივლა და თავგასულთა დასჯაც მოითხოვა. შვილმაც ყურად იღო დედის თხოვნა და რაკიღა სურდა ჭკუა ესწავლებინა მსახურთათვის და კვლავ აღედგინა თანხმობა, მთხოვნელის ნება-სურვილისამებრ გააწკეპლინა დამნაშავენი. დედამთილი დაეუმქრა ყველას, ვაი იმას, ვინც ეცდება, ჩემდა საამებლად, რძალი გამილანძღოსო. მას აქეთ ვერავინ ბედავდა დედაჩემის ძვირი ეთქვა და ოჯახშიც სიამტკბილობამ დაისადგურა.

21. „მოწყალეო უფალო ჩემო!“ [93] სწორედ შენ მიეც ამ კეთილ მოახლეს შენსას, ვის წიაღშიაც შემქმენი მე, კიდევ ერთი ნათელი ნიჭი: თუ სადმე ჩხუბი და აყალმაყალი იყო, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა, მშვიდობისმყოფელად გვევლინებოდა. მოთმინებით ისმენდა ორივე მხარის ურიცხვსა და მწარე ყვედრებას, რასაც ამოათხევს ხოლმე რისხვით ცნობამიხდილი სული. და როცა წყრობით აღვსილი ესა თუ ის ნაცნობი ქალი მის წინაშე უდიერი სიტყვით ლანძღავდა თავის მტერს, დედაჩემი მხოლოდ იმას გადასცემდა ამ უკანასკნელს, რაც მათ შერიგებას უწყობდა ხელს.

ამ ღირსებას არც ისე დიდ მნიშვნელობას მივანიჭებდი, საკუთარი მწარე გამოცდილებით რომ არ ვიცოდე, რამდენი ჩვენი მოყვასი არა მარტო თავისი გაშმაგებული მტრის სიტყვებს გადასცემს კაცს, არამედ თავის მხრივაც უმატებს რაღაც ისეთს, რაც საერთოდ არ თქმულა (ეტყობა, რაღაც საზარელი, საქვეყნოდ გავრცელებული ცოდვის ჭირი მოქმედებს აქ). არადა, კაცური კაცი უკეთური სიტყვით არ აღაგზნებს, არ გააჩაღებს მტრობის ხანძარს; პირიქით, ეცდება კეთილი სიტყვით ჩააქროს იგი.

ასეთი იყო დედაჩემი. შენ ასწავლიდი ამას მისი გულის ფარულ სკოლაში.

22. ბოლოს და ბოლოს, მისი სიცხოცხლის დამლევს, როგორც იქნა, შეგძინა ქმარი, და ქრისტეს სჯულზე მოქცეული უკვე აღარ აღვრევინებდა ცრემლს იმაზე, რასაც დასტიროდა დედაჩემი, როცა მისი ქმარი ჯერ კიდევ არ დასდგომოდა ჭეშმარიტ გზას. ის იყო მსახური ყველა შენი მსახურისა. ვინც კი იცნობდა, აქებდა, პატივს სცემდა და უყავრა იგი, რადგანაც გრძნობდა, რომ მისი გული იყო შენი სავანე, რასაც თვალნათლივ მოწმობდა მისი წმინდა ცხოვრება: ის იყო „ერთი ქმრის ცოლი, მშობლების პატივისმცემელი, სახლეულის მართლად გამრიგე და გულმოდგინე კეთილ საქმეში“ [94].

სათუთად ზრდიდა შვილებს და, როგორც მათი შობისას, ისე იტანჯებოდა ყოველთვის [95], როცა ხედავდა, რომ ისინი ჭეშმარიტების გზას ასცდნენ.

და ბოლოს, რაკი შენი მოწყალებით ნებასა გვრთავ შენს მსახურებად ვიწოდებოდეთ, მიძინებამდე ისე ზრუნავდა ყველა ჩვენგანზე, ვისაც მეგობრები გვერქვა და ვინც შენი ნათლიდღების მადლს ვეზიარეთ, თითქოს ყველანი მისი ნაშიერნი ვყოფილიყავით და, იმავდროულად, ისე გვემსახურებოდა, როგორც საკუთარ მშობლებს.


[90] - ე.ი. ქრისტეს სჯულზე მოექცია.

[91] - „კითხულობენ საქორწინო ხელშეკრულებას; კითხულობენ ყველა მოწმის თანდასწრებით; კითხულობენ მშობლების წინაშე სწორედ იმ დროს, როცა ისინი საქმროს აბარებენ თავიანთ ქალს“ („ქადაგებანი“, 51, 22).

[92] - შდრ. ეფეს. V, 22-24: „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს; ვინაიდან ქმარია ცოლის თავი, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა, და თვითვეა სხეულის მხსნელი. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც - თავიანთ ქმრებს ყველაფერში“.

[93] - ფსალმ. 58, 18.

[94] - შდრ. I ტიმ. V, 9, 4, 10.

[95] - შდრ. გალატ. IV, 19.

 

X

23. მაგრამ მოახლოვდა ამ ქვეყნით მისი გასვლის დღე, რომელიც შენ იცი, უფალო, ჩვენ კი არ ვიცით იგი. მოხდა ისე, რომ მე და დედაჩემი მარტონი დავრჩით (ხოლო ამაშიც მე შენს ფარულ წინასწარგანჩინებასა ვხედავ). ფანჯრის რაფაზე დაყრდნობილნი გავყურებდით იმ სახლის ბაღს, სადაც ვცხოვრობდით ოსტიაში [96] ყოფნისას. ხანგრძლივი მგზავრობით დაღლილ-დაქანცულნი, როგორც იქნა, განვმარტოვდით და ძალას ვიკრებდით გასამგზავრებლად. ტკბილად ვსაუბრობდით „წარსულის მავიწყარნი და იმისკენ მსწრაფნი, რაც წინ გველოდა“ [97]; ერთმანეთს ვეკითხებოდით ჭეშმარიტების წინაშე - ხოლო ესა ხარ შენ, - რანაირი უნდა ყოფილიყო წმიდათა საუკუნო ცხოვრება, „რაც არ უნახავს თვალს, არ სმენია ყურს, და არ გაუვლია კაცს გულში“ [98], არამედ ვცდილობდით გულის ბაგეებით დავწაფებოდით შენს ზეციურ წყაროს, „სიცოცხლის წყაროს, რომელიც არიან შენთან“ [99], რათა გვსხურებოდა მისი წყალი და შეძლებისდაგვარად ჩავწვდომოდით მის სიდიადეს.

24. საუბრისას იმ დასკვნამდე მივედით, რომ გრძნობებით განცდილი ნებისმიერი სიამოვნება, რანაირი მიწიერი ნათლითაც არ უნდა იყოს იგი მოსილი, არამცთუ ვერ შეედრება საუკუნო ცხოვრების ნეტარებას, არამედ მასთან ხსენების ღირსიც კი არ არის. და მაშინ, გულმხურვალე სწრაფვით, „თვით მის“ [100] სიდიადემდე ავმაღლდით, თანდათანობით უკან მოვიტოვეთ მისი ყოველი ქმნილება და ცის თავანს მივაღწიეთ, საიდანაც ნათელს ჰფენენ დედამიწას მზე, მთვარე და ვარსკვლავები. ასე მივიწევდით სულ უფრო და უფრო მაღლა, შენს ქმნილებებზე ვფიქრობდით, ვსაუბრობდით და განცვიფრებულნი ვიყავით მათი სრულყოფილებით. ბოლოს, ჩვენს სულსაც ვუწიეთ და უკან მოვიტოვეთ ისიც, რათა მივწვდომოდით ულევი სისავსის მხარეს [101], სადაც მარადის ასაზრდოებ ისრაელს ჭეშმარიტების საზრდოთი [102], სადაც ცხოვრება ის სიბრძნეა, რომელიც დასაბამს აძლევს ყოველივე იმას, რაც არის, იყო, ანდა იქნება. თვითონ კი დაუსაბამოა და ყოველთვის ისეთია, როგორიც არის, იყო და იქნება, ან, უფრო სწორად, მასზე არ შეიძლება ითქვას „იყო“, ან „იქნება“, არამედ მხოლოდ „არის“, რადგანაც წარუვალია, ხოლო წარუვალისათვის უცხოა წარსულიც და მომავალიც [103]. მარადიული სიბრძნის ამ საუკუნო სავანეზე საუბრისას, ხარბად რომ ვილტვოდით მისკენ, მთრთოლვარე გულით ლამის კიდევაც მივწვდით მას. ამოვიკვნესეთ და იქ დავტოვეთ „პირველნაყოფი სულისა“ [104], რათა კვლავ დავბრუნებოდით ამქვეყნიურ ფუჭსიტყვაობას, სიტყვებს, წამში რომ ჩნდებიდან და მყისვე ქრებიან. რა შეედრება შენს სიტყვას, ჩვენს უფალსა და მეუფეს, თავის თავშივე დავანებულს, მარადის უბერებელსა და ყოვლის განმაახლებელს! [105]

25. ჩვენ ვამბობდით: „თუკი ვინმეში დაცხრება ხორცის ბობოქრობა, დაიშრიტება მიწის, წყლისა თუ ჰაერის წარმოდგენა, დადუმდება ცა და იყუჩებს სულიც [106], თავის თავს განუდგება და აღარც საკუთარ თავზე იფიქრებს, უტყვი გახდება სიზმარეული ჩვენება თუ წარმოსახვისეული გამოცხადება, დამუნჯდება ყოველი ენა, ყოველი ნიშანი და ყოველივე ის, რაც იბადება და ქრება, მოკლედ, თუ სრული მდუმარება დაისადგურებს, - რადგან, ყური რომ ვუგდოთ, ყველაფერი ამას ღაღადებს: „ჩვენ როდი შეგვიქმნია ჩვენივე თავი; არა, ჩვენ შეგვქმნა იმან, ვინც წარუვალია უკუნისამდე“ [107], - თუკი ამის მთქმელნიც ხმას გაკმენდენ, ყურს მიაპყრობენ თავიანთ შემოქმედს და მხოლოდ ის ამეტყველდება, არა მათი მეშვეობით, არამედ უშუალოდ და თავისთავად, რათა ვისმინოთ მისი სიტყვა, არა ხორციელი ბაგეებით, არა ანგელოსთა ხმით, არა მეხთატეხით, არა იგავებით თუ ნართაული მინიშნებებით წარმოთქმული, არამედ თვითონ მის მიერ, ვინც გვიყვარს მისსავე ქმნილებებში; დიახ, თვითონ მის მიერ, ყოველგვარი ქმნილების გარეშე, როგორც ახლახან, როცა დავუტევეთ ჩვენივე თავი [108] და ფრთამალი აზრით მივეახლეთ ყოვლის უმაღლესსა და უზენაესს, უხრწნელსა და წარუვალ სიბრძნეს, და თანაც სულის ამნაირი მდგომარეობა რომ დიდხანს გაგრძელებულიყო, ხოლო დაბალი ხატებანი განქიქებულიყვნენ, ასე რომ, მარტოოდენ მას, მარტოოდენ წარუვალ სიბრძნეს აღეტაცებინა, შთაენთქა და უსაზღვრო სიხარულით წაელეკა მისი მჭვრეტელნი, - და თუკი საუკუნო სიცოცხლე იმნაირია, რანაირიც იყო ნათელხილვისა და სანეტარო წვდომის ეს წამი, რის გამოც ასე ვჭმუნავდით, - განა სწორედ ეს არ არის ის, რაზედაც ითქვა: „შემოვედ უფლის შენის სიხარულში?“ [109] როდისღა ახდება ეს? იქნებ მაშინ, როცა „ყველანი აღვდგებით, მაგრამ ყველანი როდი შევიცვლებით?“ [110]

26. აი, ამას ვამბობდი მე, იქნებ არც მთლად ასე და არც ზუსტად ამ სიტყვებით, მაგრამ შენ იცი, უფალო, რომ იმ დღეს, როცა მე და დედაჩემი ვსაუბრობდით, ეს ქვეყანა ისეთი უბადრუკი და ზიზღის ღირსი გვეჩვენა, მთელი მისი სიამითა და სიტკბოებითურთ, რომ დედაჩემმა მითხრა: შვილო, მე უკვე აღარაფერი მიხარია ამ ქვეყნად. აღარც კი ვიცი რა უნდა ვაკეთო აქ, ან რისთვისღა ვიყო? არაფრის იმედი აღარა მაქვს. მხოლოდ ერთი რამ მაკავებდა ამ ცოდვილ დედამიწაზე: არ მინდოდა ისე მოვმკვდარიყავი, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანად არ მეხილე. ღმერთმა უშურველად ამისრულა ეს საწადელი: მის მსახურად და მიწიერი ბედნიერების მოძულედ მაჩვენა შენი თავი. მაშ, რაღა დამრჩენია აქ?“


[96] - იხ. აქვე, შენ. 86.

[97] - შდრ. ფილიპ. III, 13.

[98] - I კორ. II, 9.

[99] - ფსალმ. 35, 10.

[100] - ფსალმ. 4, 9.

[101] - ეს გზა - გრძნობად-კონკრეტულ საგანთა თუ მოვლენათა მშვენიერების ჭვრეტა, საკუთარ სულში ჩაღრმავება, შინაგანი კათარსისი, თვითგანწმენდა, თვითდავიწყება და წმინდა ინტიუციით თვითმყოფი „ერთის“, ანუ ღმერთის ჭვრეტამდე ამაღლება - ღმერთის მისტიურ შემეცნების გზაა, ერთხელ და სამუდამოდ მონიშნული პლატონისა და პლოტინის მიერ. შდრ. მეშვიდე წიგნის შენ. 82.

[102] - შდრ. ეზეკ. XXXIV, 14.

[103] - იხ. პირველი წიგნის შენ. 29.

[104] - რომ. VIII, 23.

[105] - შდრ. სიბრძნე სოლომ. VII, 27.

[106] - პირწმინდად პლოტინისეული პასაჟია: „დაე, დაცხრეს არა მარტო სულის ყოველგვარი მღელვარება, სხეულისგან რომ იღებს დასაბამს, არამედ ყველაფერი, რაც გარს არტყია: დამშვიდდეს მიწა, ზღვა, ჰაერი და თვით ყოვლის უმჯობესი ზეცა“ („ენნ.“ V, 1, 2).

[107] - ფსალმ. 99, 3, 5.

[108] - აქაც აშკარად იგრძნობა პლოტინის გავლენა: იმისი წვდომა, რაც ამქვეყნიურ ფარგლებს სცილდება, ე.ი. ინტელიგიბილური სამყაროს მეტაფიზიკური ერთობისა, ადამიანურ გონებას ჩვეულებრივი ქმედითობით - განსჯისა და მსჯელობის გზით არ შეუძლია; ამისთვის ის თითქოს უნდა განუდგეს საკუთარ თავს: „რანაირი შთაბეჭდილებით შეგვიძლია იმისი აღქმა, რაც ჩვენი გონების ბუნებას აღემატება? შეძლებისდაგვარად ვცადოთ ამისი ახსნა: იმით, რაც ჩვენში ამ საწყისს (ე.ი. ინტელიგიბილურ სამყაროს, - ბ.ბ.) ენათესავება, - ვიტყვით პასუხად. რადგანაც არის ჩვენში რაღაც მისეული, ან, უფრო სწორად, არ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ის არ იყოს, ცხადია, იმ არსთათვის, რომელნიც წილნაყარნი არიან მასთან, და რაკი ის ყველგანაა, არ მოიძებნება ისეთი ადგილი, სადაც ჩვენ ვერ შევძლებდით რაღაცა მიგვეღო მისგან, იმის წყალობით, რასაც ჩვენში შეუძლია მისი აღქმა. ის თითქოს ზარის წკრიალია, რომელიც ავსებს სივრცის მდუმარებას. ყველა კაცს, ვინც ყურს მიუგდებს მას, შეუძლია მთლიანად აღიქვას იგი, თუმცა, სხვა აზრით, მთლიანად როდი აღვიქვამთ მას. მაშ, რას აღვიქვამთ, როცა გონებას მისკენ მივმართავთ? - უწინარეს ყოვლისა, გონება უნდა უკუიქცეს, თავისი ორადობის მიუხედავად, განუდგეს, განესხვისოს საკუთარ თავს, და აღარ იყოს მთლიანად გონება, თუკი სურს იხილოს ეს უზენაესი საწყისი“ („ენნ.“ III, VIII, 9).

[109] - მათე, XXV, 21.

[110] - 1 კორ. XV, 51.

 

XI

27. აღარ მახსოვს, რა ვუპასუხე, მაგრამ ხუთიოდე დღის შემდეგ ციებამ დარია ხელი და ლოგინად ჩააგდო. ავადმყოფობისას ერთხელ გონი დაჰკარგა და ცოტა ხასნ გულწასული იყო. ყველანი მივცვივდით, მაგრამ მალე მოეგო გონს, დაგვინახა მე და ჩემი ძმა, თავს რომ ვადექით, და - „სად ვიყავიო?“ - ისე თქვა, თითქოს რაღაცას ეძებსო. შემდეგ მწუხარეთ გარინდებულთ გვითხრა: „აი, აქ დამარხავთ დედათქვენს“. მე ვდუმდი და ძლივს ვიკავებდი ცრემლებს. ჩემმა ძმამ სანუგეშოდ წაილუღლუღა, ღმერთმა გვარიდოს ეს სიმწარე, რომ სამშობლოდან ასე შორს, უცხო მხარეში დაიმარხოო. ამის გაგონებაზე, ცოტა არ იყოს, შეკრთა, ყვედრებით შეხედა მას, მერე ჩემზე გადმოიტანა მზერა და მითხრა: „გესმის, რას ამბობს?“ შემდეგ კი ორივეს მოგვმართა: „სულერთია, სად დაასვენებთ ამ სხეულს. ერთსა გთხოვთ მხოლოდ: სადაც არ უნდა იყოთ, უფლის საკურთხეველთან მოიხსენიეთ დედათქვენი“. ძლივსძლივობით წარმოსთქვა ეს სიტყვები და მიყუჩდა, სნეულებით გაწამებული.

28. მე კი, ღმერთო უხილავო, ვფიქრობდი ყველა იმ ნიჭზე, შენს ერთგულთ რომ უნერგავ გულში, სადაც საკვირველ ნაყოფს გვაძლევენ; მიხაროდა და მადლს გწირავდი [111]: აკი ვიცოდი, რარიგ ღელავდა ყოველთვის თავისი დაკრძალვის თაობაზე, წინასწარ იჭერდა თადარიგს და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ქმრის გვერდით დამარხულიყო. ტკბილი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ და დედაჩემს სურდა ეს ბედნიერება კვლავაც გაგრძელებულიყო (ადამიანის სულს არასდიდებით არ ეთმობა საწუთრო), რათა ხალხს ეთქვა: აი, ხომ ხედავთ, ზღვის იქით იყო და დაბრუნდა, რათა ქმრის გვერდით ეპოვა საუკუნო განსასვენიო.

არ ვიცი, როდის ჩაქრა მის გულში, შენი უსაზღვრო მადლის წყალობით, ეს ფუჭი სურვილი. ამიტომაც მიხაროდა და მიკვირდა მისი უცნაური ფერისცვალება, თუმცა სარკმელთან საუბრისას, როცა მითხრა, რაღა დამრჩენია ამ ქვეყნადო, მის სიტყვებში უკვე აღარ იგრძნობოდა, რომ მშობლიურ მხარეში ნატრობდა სიკვდილს. როგორც უფრო გვიან გავიგე, ოსტიაში ყოფნისას დედობრივი გულახდილობით გაუნდვია ჩემი მეგობრებისთვის, რარიგ შესძულდა ეს საწუთრო და რა სასოებით ელოდა სიკვდილს. მე ამ საუბარს არ ვესწრებოდი, ჩემი მეგობრები კი განცვიფრებულნი დარჩენილან ქალის ამნაირი გამბედაობით (ესეც შენ უწყალობე, უფალო) და უკითხავთ, ნუთუ არ გეშინია, მშობლიური კუთხიდან ასე შორს დასტოვო შენი სხეულიო? „ღმერთისთვის არაფერია შორს, - უთქვამს დედაჩემს, - და არც ისაა საშიში, რომ ქვეყნის დასასრულს ვერ გაიხსენებს, სად აღმადგინოს“.

ამრიგად, ავადმყოფობის მეცხრე დღეს, თავისი სიცოცხლის ორმოცდამეთექვსმეტე წელსა და ჩემი ამქვეყნიური არსებობის ოცდამეცამეტე წელს განეშორა სხეულს ეს კეთილმორწმუნე და ღვთისმოშიში სული.


[111] - შდრ. კოლ. 1, 3.

 

XII

29. თვალები დავუხუჭე და უსაზღვრო მწუხარებამ შეიპყრო ჩემი გული, რათა ცრემლების ნაკადულად გადმოღვრილიყო. სულის მძაფრი ძალისხმევით ვაიძულე თვალები, სადინარი არ მიეცათა ამ ნაკადისთვის და სრულიად მშრალნი დარჩენილიყვნენ. ოჰ, რა მტანჯველი იყო ეს ძალისხმევა! როცა დედაჩემმა სული დალია, ყმაწვილი ადეოდატუსი საწყალობლად ატირდა, მაგრამ ჩვენ ვაიძულეთ გაჩუმებულიყო. რაღაც ბალღური ასევე ითხოვდა ჩემშიც ცრემლებითა და ქვითინით ჩამეხში სიმწარე, მაგრამ ისიც დავთრგუნე და ჩავიკალ გულში. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ამნაირ აღსასრულს არ შეჰფეროდა ცრემლის ღვრა და მოთქმა-გოდება. ასე ხომ იმათ მწარე ხვედრს დასტირიან, ვისაც ჰგონია, რომ სიკვდილით ყველაფერი მთავრდება. დედაჩემისთვის კი სიკვდილი სულაც არ იყო მწარე ხვედრი; მეტიც, ის საერთოდ არ არსებობდა მისთვის [112], რასაც ნათლად მოწმობდა მისი ზნეობა და „უპირფერო რწმენა“ [113].

30. მაშ, რა იყო ის, რაც ასე მწვავედ მტკიოდა შიგნით? ახალი ჭრილობა, რომელიც ამ ჩვეული, ესოდენ ტკბილი და საამური, ერთობლივი ცხოვრების უეცარმა შეწყვეტამ მომაყენა? შვებას მგვრიდა იმის შეგნება, რომ ამ უკანასკნელი სნეულების ჟამს, როცა თავს ვადექი, ალერსით მიხდიდა მადლობას, თავის კეთილ შვილს მეძახდა და ენითუთქმელი სიყვარულით იხსენებდა, რომ არასოდეს სმენია ჩემგან როყიოდ წამოსროლილი ან უხამსი სიტყვა.

კი მაგრამ, ღმერთო ჩემო, ჩვენო შემოქმედო, სად ჩემი მოკრძალებული სამსახური მისდამი და სად მისი ამაგი ჩემზე? დიდი ნუგეშისმცემელი დავკარგე მისი სახით; მოწყლული იყო ჩემი სული, თითქოს შუაზე გაწყდაო ერთ მთელად ქცეული სიცოცხლე ჩვენი.

31. მაშ, ასე, ტირილი დავუშალეთ ბიჭუნას; ევოდიუსმა დავითნი აიღო და ფსალმუნის გალობას შეუდგა, რასაც მთელი სახლეული აჰყვა: „გულმოწყალებას და სამართალს შენსას ვუგალობ, უფალო“ [114]. როცა გაიგეს, რა მოხდა, მრავალმა ძმამ და მორწმუნე ქალმა მოიყარა თავის. ვისაც მართებდა, გვამის გაპატიოსნებას შეუდგა; მე კი ოდნავ მოშორებით ვიდექი, სადაც შემეძლო, ვითარების შესაბამისად, მესაუბრა იმ ხალხთან, ვინც გადაწყვიტა არ მივეტოვებინე, მესაუბრა იმაზე, რაც საჭირო იყო ამ დროს. ჭეშმარიტების წამლით მსურდა შემემსუბუქებინა ტანჯვა, რაც შენ იცოდი, ჩემმა თანამოსაუბრეებმა კი არ იცოდნენ, უფალო: ასე ეგონათ, არავითარ ტკივილს არ განვიცდიდი. მხოლოდ შენს გასაგონად - სხვას არავის ესმოდა, - ვუკიჟინებდი და სისუსტეს ვაყვედრიდი ჩემს თავს, ვცდილობდი როგორმე დამეოკებინა მწუხარების ნიაღვარი, და ისიც თითქოს მემორჩილებოდა, მაგრამ მალე კვლავ მიტაცებდა მისი ბობოქარი დინება, თუმცა იმდენს კი ვახერხებდი, რომ არც ცრემლი გადმომეგდო და არც სახის გამომეტყველება შემცვლოდა. მაგრამ კარგად ვიცოდი, რასაც ვიკვლევდი გულში. და რაკი საშინლად მთრგუნავდა იმის შეგნება, რომ იმ ზომამადე შემძრა კაცთათვის გარდუვალმა სიკვდილმა, რომელსაც ვერვინ გაექცევა, ვერავინ დააღწევს თავს, - ტკივილის ტკივილი ემატებოდა და ორმაგად მიმძაფრდებოდა ურვა.

32. ცხედარი გამოასვენეს, ჩვენც გავყევით და უცრემლოდვე დავბრუნდით უკან. ლოცვის დროს, შენდამი რომ აღვავლინეთ, ვიდრე გამოსახსნელ მსხვერპლს გწირავდით მისთვის და, იქაურთა ჩვეულებისამებრ, სხეული კუბოში ჩასვენებამდე მის ახლოს ესვენა, დიახ, თვით ლოცვის დროსაც კი არ გადმომვარდნია ცრემლი. მთელი დღის განმავლობაში საშინლად ვიტანჯებოდი, მაგრამ ეს არავის შეუმჩნევია, და ამ სულიერი სალმობის ჟამს შეძლებისდაგვარად გევედრებოდი, ტკივილისაგან მიხსენი-მეთქი. შენ კი არ შეისმინე ჩემი ვედრება, ალბათ, იმიტომ, რომ ჩემს გონებაში სამუდამოდ აღგებეჭდა, თუ რა მტკიცეა ჩვეულების ბორკილები თვით იმ სულისთვისაც კი, რომელიც უკვე უტყუარი სიტყვით საზრდოობს.

და მაშინ აბანოში წასვლა გადავწყვიტე (გაგონილი მქონდა, რომ აბანოს ბერძნულად „ბალანეიონი“ ჰქვია: ვითომცდა სულიდან მწუხარების განდევნას უწყობს ხელსაო [115]). გულახდილად ვაღიარებ ამას შენს წინაშე, ობოლთა მამაო: წავედი და განვიბანრე კიდეც, მაგრამ ისეთივე მწუხარე დავრჩი, როგორც განბანამდე ვიყავი. არასდიდებით არ ამოირეცხა ჩემი გულიდან სიმწრის ნაღველი. მერე ჩამეძინა და როცა გამოვიღვიძე, ჩემი მწუხარება მიყუჩებულიყო. სარეცელზე მარტო მწოლარეს გამახსენდა შენი ამბროსის მართალი სიტყვები [116];

„ღმერთო, ყოვლის შემოქმედო,
ცისა და მიწის გამრიგევ,
დღის ნათელო სხივოსანო,
სანუკვარო შვებავ ღამის,
რომ სხეულმა დაქანცულმა
კვლავაც იგრძნოს ძველი სიმხნე,
მოეფონოს წამებულ სულს,
საზარელი დაცხრეს ურვა“ [117].

33. მერე კი თანდათანობით დამიბრუნდა უწინდელი გრძნობა: გამახსენდა შენი მხევალი, მისი ღვთისმოსაობა, დედობრივი ალერსი და გულმოწყალება; გამახსენდა, ვინც ასე უეცრად გამომეცალა ხელიდან, და კვლავ მომინდა ტირილით მეჯერა გული შენს წინაშე. მინდოდა მეტირა მასზე და მისთვის, ჩემზე და ჩემთვის. და მე გზა მივეცი ცრემლებს, აქამდე რომ ვიკავებდი: დაე, თავისუფლად ედინათ. თითქოს რბილ სარეცელზე მოისვენაო, ისე დამშვიდდა ამ ცრემლის ღვრით ჩემი გული, რადგანაც შენ გესმოდა ჩემი ტირილი, რომელსაც ვერ გაიგებდა ვერავინ, ვისაც შეეძლო მცდარად განემარტა მისი მიზეზი.

და, აი, ახლა აღსარებას გეუბნები, უფალო, და შენს წინაშე ვაღიარებ ამას ჩემს წიგნში. დაე, წაიკითხოს, ვისაც სურს, და ისე განმარტოს, როგორც სურს. თუ ვინმეს მოეჩვენება, რომ ვცოდე, რაკიღა ასე ცოტა ხანს დავტიროდი დედაჩემს, რომელიც დროებით მოკვდა ჩემს თვალში, და ამდენ ხანს კი დამტიროდა, რათა მეცოცხლა შენს თვალსი, - დაე, დამცინოს; მაგრამ თუ ჭეშმარიტად გულმოწყალეა, დაე, შენს წინაშე დაიტიროს ჩემი ცოდვები, ყველა ქრისტესმიერი ძმის მამაო.


[112] - შდრ. I თესალ. IV, 13-14: „მაგრამ არა გვნებავს, ძმანო, რომ არა იცოდეთ რა განსვენებულთა, რათა არ სწუხდეთ დანარჩენთა მსგავსად, რომელთაც არა აქვთ სასოება. რადგანაც, თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთა მოიყვანს მასთან ერთად“.

[113] - 1 ტიმ. I, 5.

[114] - ფსალმ. 100, 1.

[115] - ეტიმოლოგია მცდარია: ნეტარი ავგუსტინეს აზრით, „ბალანეიონ“ („აბანო“) წარმოდგება გამოთქმიდან: „ბალეინ ანიან“ - „მწუხარების განდევნა“.

[116] - წმ. ამბროსი მედიოლანელის სახელით ჩვენამდე მოაღწია თორმეტმა საგალობელმა. აქედან კრიტიკა მხოლოდ ოთხს მიიჩნევს ავთენტიკურად.

[117] - იხ. Migne, Patrol. lat. XVI, 409.

 

XIII

34. მას შემდეგ, რაც ჩემი გული განიკურნა ამ ჭრლობისგან (რის გამოც ვამხილოთ კაცთა ხორციელი სისუსტე), მე უკვე სულ სხვა ცრემლებს ვღვრიდი შენს წინაშე, ღმერთო ჩემო, ამ შენი სათნო მხევლებისთვის: ცრემლებს, რომელთაც აფრქვევს სული იმ საფრთხის წარმოდგენაზე, რაც მოელის უკლებლივ ყველას, ვინც კვდება ადამის მიერ [118]. და თუმცა შენი მხევალი, ჯერ კიდევ ხორცშესხმული, ქრისტეს მიერ კვლავ ეზიარა სიცოცხლეს და ისე ცხოვრობდა, რომ თავისი რწმენითა და ზნეობით განადიდებდა შენს სახელს, მაინც ვერ ვბედავ იმის თქმას, თითქოს მას შემდეგ, რაც ხელახლა იშვა ნათლისღებით, დედაჩემის ბაგეს ერთი სიტყვაც არ დასცდენია შენი მცნებების წინააღმდეგ [119] . აკი თვით ჭეშმარიტების, ანუ შენი ძის მიერ ითქვა: „ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში უნდა ჩავარდეს“ [120]. და ვაი იმ კაცს, სანაქებო ცხოვრებითაც რომ ეცხოვროს, ვისაც გულმოწყალების გარეშე განსჯი და განიკითხავ! მაშ, რა გვასულდგმულებს იმის მოიმედეთ, რომ თუნდაც სულ მცირე ადგილს მოვიპოვებთ შენს გვერდით? მხოლოდ ის, რომ მთელი სიმკაცრით არ იძიებ ჩვენს შეცოდებებს. რადგანაც ვინც დაწვრილებით ჩამოგითვლის ყველა თავის დამსახურებას, სხვას რას ჩამოთვლის, თუ არა შენს მადლსა და ნიჭს? ოჰ, ნეტა კაცი შეიგნებდეს, რომ მხოლოდ კაცია, „ხოლო ვინც იქადის, უფლით იქადოდეს“ [121].

35. ამრიგად, „დიდებავ და ცხოვრებავ ჩემო“ [122], „ღმერთო ჩემი გულისა“ [123], მცირე ხნით დავივიწყებ დედაჩემის კეთილ საქმეებს, რომელთათვისაც სიხარულით გწირავ მადლობას, და ახლა გევედრები, მიუტევო მისი ცოდვები: შეისმინე ჩემი ლოცვა მისი სახელით, ვინც განკურნა ჩვენი წყლულები და ჩვენთვისვე ჯვარცმული „ჩვენდა მეოხად“ [124] დაჯდა შენს მარჯვნივ.

ვიცი, რაოდენ მოწყალე იყო და მთელი გულით მიუტევებდა „თავის მოვალეთ“ [125]; შენც მიუტევე მისი ცოდვები, თუკი რამ შეუცოდავს ამდენი წლის განმავლობაში ნათლისღების შემდეგ. მიუტევე, უფალო, გევედრები, მიუტევე და „ნუ შეხვალ სამსჯავროში მასთან“ [126], არამედ „მოწყალებამ იმძლავროს მსჯავრზე“ [127], რადგანაც ჭეშმარიტია შენი სიტყვა, შეწყალება რომ აღუთქვი მოწყალეთ. ხოლო ვინც მოწყალეა, შენი წყალობითაა მოწყალე, რაკიღა „შეიწყალებ შესაწყალებელს და გებრალება, ვინც უნდა გებრალებოდეს“ [128].

36. მე მგონია, რომ უკვე ამისრულე თხოვნა, მაგრამ „შეიწყნარე, უფალო, ნებსითი მსხვერპლი ჩემი პირისა“ [129]. სიკვდილის წინა დღეს განა მდიდრულ განსვენებაზე ფიქრობდა, ან მოითხოვდა კეთილსურნელოვანი საცხებელი ეცხოთ და დიდებული ძეგლი აეგოთ მისთვის, ანდა მშობლიურ მხარეში დაემარხათ? არა, ეს როდი დაუბარებია, მხოლოდ ის გვთხოვა, შენს წმიდა საკურთხეველთან მოგვეხსენიებინა, რომელსაც ერთგულად ემსახურებოდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, რადგანაც იცოდა, რომ მასზე შეიწირება წმიდა მსხვერპლი, რომლითაც „წარიხოცება ჩვენს გამო შეთხზული ხელწერილი, მიმართული ჩვენს წინააღმდეგ“ [130] და მარცხდება ჩვენი მტერი, რომელიც ეძებს იმის საბაბს, რომ ბრალი დაგვდოს [131], მაგრამ ვერაფერს პოულობს მასში, ვისი მეოხებითაც ვიმარჯვებთ. ვინ დაუბრუნებს უმანკოდ დათხეულ სისხლს? ვინ გადაუხდის იმის საფასურს, რითაც გამოგვისყიდა ჩვენი მტრისაგან?

გამოსყიდვის ამ საიდუმლოს ჩაეწნა სული შენი მხევლისა რწმენის საკვრელით. დაე, ვეღარავინ მოსწყვიტოს იგი შენს წიაღს. დაე, ვერც ლომმა და ვერც მგელმა ვერ შესძლონ მასში შეღწევა ძალითა თუ ცბიერებით [132]: სული არ ეტყვის მათ, რომ არაფერი არ მართებს მათი, იმისი შიშით, ვაითუ მამხილოს და მიმიტაცოს მაცთურმა ბრალმდებელმაო, არამედ პასუხად მიუგებს, რომ მიეტევა ცოდვები მის მიერ, ვისაც ვერავინ მიაგებს იმას, რაც მან მოგვავო, თუმცა არაფერი მართებდა ჩვენი.

37. დაე, მშვიდობა მისცეს ღმერთმა მეუღლესთან ერთად, ვის გარდა სხვა ქმარი არ ჰყოლია, არც მანამდე და არც მისი სიკვდილის შემდეგ; ვისაც ემსახურებოდა და „ნყოფიც გამოჰქონდა მოთმინებით“ [133], რათა შენთვის შეგეძინა იგი [134]. მაშ, ჩააგონე ყველა შენს მსახურსა და ჩემს ძმას, ყველა შენს შვილსა და ჩემს მოძღვარს, რომელთაც ვემსახურები სიტყვით, გულით და კალმით, რომ არ სტრიქონების კითხვისას შენს წმიდა საკურთხეველთან მოიხსენიონ მონიკა, შენი მხევალი, და პატრიციუსი, ოდესღაც მისი მეუღლე, რომელთა ხორცის მეოხებითაც გამომიხმე ამ ქვეყნად, მაგრამ როგორ, ეს კი არ ვიცი. დაე, სიყვარულით მოიხსენიონ ჩემი მშობლები ამ წუთისოფლად, შენმიერი და-ძმა ჩემი შენში [135], მამაო, და ჩვენს დედა ეკლესიაში, ჩემი თანამოქალაქეები ზეციურ იერუსალიმში, რომლისთვისაც თავის ხეტიალში დასაბამიდან დასასრულამდე გამუდმებით ჭმუნავს შენი ერი. დაე, მარავალი მოყვასის ლოცვით უფრო სრულად აღსრულდეს მისი უკანასკნელი თხოვნა ჩემდამი, - და მარტო ჩემი ლოცვა-ვედრებით, არამედ ჩემი აღსარებითაც.


[118] - იგულისხმება პირველი ცოდვა. შდრ. I კორ. XV, 22: „და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა“.

[119] - შდრ. მათე XII, 36: „ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს“.

[120] - მათე V, 22.

[121] - II კორ. X, 17.

[122] - შდრ. ფსალმ. 117, 14.

[123] - შდრ. ფსალმ. 72, 26.

[124] - რომ. VIII, 34.

[125] - მათე VI, 12.

[126] - ფსალმ. 142, 2.

[127] - იაკ. II, 13.

[128] - რომ. IX, 15.

[129] - ფსალმ. 118, 108.

[130] - კოლ. II, 14.

[131] - შდრ. აპოკ. XII, 10.

[132] - შდრ. ფსალმ. 90, 13.

[133] - შდრ. ლუკა VIII, 14.

[134] - შდრ. I პეტრე III, 1.

[135] - მონიკა და პატრიციუსი - ნეტარი ავგუსტინეს დედ-მამა ამ ქვეყნად, საუკუნო ცხოვრებაში კი - მისი ქრისტესმიერ და-ძმა.

თარგმნა და კომენტარები დაურთო ბაჩანა ბრეგვაძემ

 

 

სარჩევი