მთავარი მწყემსი კეთილი

 

† ნეტარი ავგუსტინე

აღსარებანი

 

სარჩევი

 

წიგნი მეორე

I

1. მე მინდა გავიხსენო ჩემი სიბილწე და ხორციელი ხრწნილება ჩემი სულისა, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მიყვარს ისინი, არამედ იმიტომ, რომ შენ შეგიყვარო, ღმერთო ჩემო. შენი სიყვარულისადმი სიყვარულით ჩავდივარ ამას, და მწუხარებით გავცქერი გავლილ გზას, რომელიც ცოდო-ბრალითაა მოფენილი. მილხინე, უფალო, ჩემო ჭეშმარიტო ნეტარებავ, ბედნიერებისა და აუმღვრევლობის სიხარულო, მტკიცედ შეჰკარი ჩემი გაფანტული და დაქუცმაცებული არსება, შენი ერთობისაგან გამდგარი და სიმრავლის ამაოებაში ჩაკარგული [1]. ოდესღაც, ჩემი სიჭაბუკის ჟამს, მე ვიწვოდი განცხრომის მწველი სურვილით, რომელსაც ჯოჯოხეთი უფრო შეჰფერის სახელად, და არ შეუდრკა ჩემი სული იმას, რომ უკეთური სიყვარულის ყლორტები ამოეყარა და ბილწი ვნებების შამბნარით დაბურულიყო; ჩაქრა, ჩაიშრიტა ჩემი მშვენება, და ვიქეც ხრწნილებად შენი ღვთაებრივი მზერის წინაშე, მე - თავმომწონე და მოსურნე იმისა, რომ ხალხის თვალშიც მოსაწონი ვყოფილიყავი.

2. რა მანიჭებდა ნეტარებას, გარდა იმისა, რომ მყვარებოდა და მეც ვყვარებოდით? მაგრამ სული, ხარბად რომ დაეძებდა მეორე სულს, ვერ ახერხებდა სულიერი სიყვარულის სხივოსან ზღურბლზე შეჩერებულიყო. ოხშივარი ასდიოდა ხორციელ გულისთქმათა ჭაობს და დუღდა, თუხთუხებდა სიჭაბუკე ჩემი; ბილწი ვნებები ყომრალი ღრუბლებივით შემოსწოლოდნენ გულს, რომელსაც ამ ჯანღში ერთმანეთისაგან ვეღარ გაერჩია სიყვარულის ციური შუქი და გულისთქმათა მწველი ალმური. ორივენი ერთმანეთს ერწყმოდნენ, ერთად მძვინვარებდნენ ჩემში და თავის ნებაზე ათამაშებდნენ ჯერ კიდევ უნდილსა და უმწიფარ ჭაბუკს, რათა ვნებების მორევში ჩაერთოთ და ბიწიერების უფსკრულში დაენთქათ იგი [2].

იმძლავრა ჩემზე შენმა რისხვამ, მე კი არ ვიცოდი ეს. სმენა დამიხშო ბორკილის ჟღრიალმა, რომელიც ჩემმავე მოკვდავობამ დამადო; ამით უნდა გამომესყიდა სიამაყე ჩემი სულისა. სულ უფრო და უფრო გშორდებოდი, შენ კი არ მიკრძალავდი ამას. ღობე-ყორეს ვედებოდი, ვშფოთავდი, ვწრიალებდი და ფუჭად ვფლანგავდი ვნების სახმილით მბორგავ ძალას. შენ კი დუმფი. ო, ჩემო ნაგვიანევო სიხარულო [3], შენ დუმდი, როცა სულ უფრო და უფრო გშორდებოდი და ცოდვით დაცემული, თუმცაღა ჩემივე სიმდაბლით მოქადული და, იმავდროულად, სასოწარმკვეთი მოუსვენრობით გამოფიტული უხვად ვისთვლიდი ჩემი უმწეობისა და წუხილის ნაყოფს.

3. ვინ დააცხრობდა მაშინ ჩემს ტანჯვას, ვინ შემოაქცევდა ჩემს სასიკეთოდ ყოველგვარი სიახლის მსწრაფლწარმავალი ხიბლს, ვინ ამოსდებდა ლაგამს ჩემს უკეთურ ზრახვებს? ცოლქმრული ცხოვრების ნაპირს მაინც შემსხვრეოდა ჩემი სიჭაბუკის ქარიშხალი [4], თუკი სხვანაირად შეუძლებელი იყო მისი დაცხრომა, - რათა შვილების კეთებაში მეპოვა სულის სიმშვიდე, რასაც ვალად გვიწესებს შენი კანონი, რადგანაც შენა ხარ, უფალო, მოკვდავთა მოდგმის ნაშიერთა შემოქმედი, მოალერსე ხელით რომ გლეჯ წვეტიან ეკლებს, რომლებიც არ ხარობენ შენს სამოთხეში [5]. ახლოა შენი ყოვლისმძლეობა, თუნდაც ჩვენ თვითონ შროს ვიყოთ შენგან. ეჰ, რატომ უფრო ყურადღებით არ ვუსმენდი ხმას, რომელიც შენი ღრუბლიდან ჩამოდიოდა [6]: „ისინი თავს იდებენ ურვას ხორცისას, ხოლო მე გზოგავთ თქვენ“ [7]; „კარგი იქნება, რომ კაცი არ გაეკაროს ქალს“ [8]; ან კიდევ: „უცოლო უფლისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს უფალს, ცოლიანი კი ქვეყნისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს ცოლს“ [9]. ნეტა ამ სიტყვებისთვის უფრო ფხიზლად მეგდო ყური. „ცათა სასუფევლის გულისთვის დასაჭურისებული“ [10] სიხარულით დაველოდებოდი, როდის ჩამიკრავდა გულში.

4. მაგრამ ვაი რომ ვნებები მძვინვარებდნენ ჩემში; მე წარმიტაცა მათმა შმაგმა დინებამ და მიგატოვე შენ; გარდავხდი ყველა შენს მცნებას, მაგრამ ვერ გავექეცი შენს მათრახს; ან კი რომელი მოკვდავი გაჰქცევია? შენ ყოველთვის ახლოს იყავი, შენი მკაცრი გულმოწყალებით, უმწარეს იმედგაცრუებას რომ უსართავდი ჩემი აღვირახსნილობის სიტკბოებას, რათა მეძებნა სიტკბოება, რომლისთვისაც უცხოა იმედგაცრუების სიმწარე. მხოლოდ შენში თუ შემეძლო მისი პოვნა, მხოლოდ შენში, უფალო, ტკივილით რომ გვინიღბავ შეგონებას, გვწყლავ, რომ განგვკურნო, გვკლავ, რომ უშენოდ არ მოვკვდეთ [11].

სად ვიყავი? რა შორს დავეხეტებოდი შენს ბედნიერ სახლს მოწყვეტილი, ჩემი ხორციელი არსებობის ამ მეთექვსმეტე წელს, როცა თავისი კვერთხი შემართა ჩემზე კაცთა უკეთურებით ნებადართულმა, ხოლო შენი კანონით აღკვეთილმა გულისთქმის სიშლეგემ, მთლიანად რომ დამიმონა. ახლობლებს თითიც კი არ გაუნძრევიათ, რომ წყალწაღებულს მომშველებოდნენ და ქორწინებით მაინც გადავერჩინეთ. მათი საზრუნავი მხოლოდ ის იყო, რომ უკეთ დავუფლებოდი მჭევრმეტყველების ხელოვნებას, რათა ამის წყალობით დამერწმუნებინა ხალხი.


[1] - პლოტინის მიხედვით, ნებისმიერი სიმრავლე, რომელიც პირწმინდად მოკლებულია ყოველგვარ ერთობას, მთლიანად კარგავს თავის რაობას: ის საერთოდ აღარ არის რაიმე და, მაშასადამე, აღარც სიმრავლეა; იგივე ითქმის ამ სიმარავლის შემადგენელი თვითეული წევრის მიმართაც, და ასე შემდეგ, დაუსრულებლივ („ენნეიდა“, VI, 9,1; შდრ. პროკლე დიადოხოსი, „კავშირნი ღმრთისმეტყველებითნი“, I, 1)... ბლეზ პასკალი შემდეგნაირად აღგვიწერს ღვთაებრივი ერთობისაგან გამდგარი და სიმრავლის ამაოებაში დანთქმული სულის უსიხარულო და უბადრუკ ყოფას: „აი, რას გვიბრძანებს სიბრძნე უფლისა: ...მე შევქმენი ადამიანი წმინდა, უბიწო, სრულყოფილი, სინათლით სავსე, გონებით სრული; ღირსი ვყავ იგი ჩემი დიდებისა და ჩემი სასწაულთმოქმედებისა. ადამიანი უშუალოდ ჭვრეტდა მაშინ სიდიადეს შემოქმედისა. მისთვის უცხო იყო წყვდიადი, რომელიც ახლა ასე აბრმავებს, უცხო იყო სიკვდილი და უსასოება, რომელიც ახლა ასე აძრწუნებს. მაგრამ მან ვერ გაუძლო ამ სიდიადეს და ცუდმედიდი გახდა. მან მოისურვა თავად ყოფილიყო თავისი თავის ცენტრი და არად ჩაეგდო ჩემი შემწეობა. ის გამიდგა და რაკი ისურვა თავის თავშივე ეპოვა საკუთარი ბედნიერება, მეც გავწირე და თავისი თავის ანაბარა მივატოვე; მე ავუმბოხე ქმნილებები, რომლებიც მანამდე ემონებოდნენ, და მტრებად ვუქციე ისინი: ასე რომ, კაცი მხეცს დაემსგავსა და იმდენად დამცილდა მე, რომ მბჟუტავ სანთლადღა შემორჩა მოგონება შემოქმედისა: ისე ჩაქრა, ისე ჩაიშრიტა მისი სულიერი ნათელი და გონების სხივცისკროვნება. გონებისაგან თავდახსნილმა და ხშირად გონებისავე მბრძანებელმა გრძნობამ შვებისა და განცხრომის ძებნად მიაქცია იგი. ყველაფერი თრგუანვს, ყველაფერი აძრწუნებს, ყველაფერი აცთუნებს; ყველაფერი ან თავისი ძალმოსილებით სრესს, ან თავისი ხიბლით ჩხიბავს, ხოლო ესაა უსასტიკესი უღელი და უმძიმესი ტვირთი უსიხარულო მონობისა. აი, რა დღეშია ამჟამად ადამიანი, მას შემორჩა მხოლოდ ბრმა ინსტიქტი, მბჟუტავი ხსოვნა თავისი ოდინდელი ბედნიერებისა და დასაბამიერი ბუნებისა. ის მთლიანად შთაინთქა სიმწარეში, მთლიანად ჩამყაყდა სიბრმავესა და სიბილწეში, რომელიც მის მეორე ბუნებად იქცა“ („აზრები“, დასახ. გამოც., გვ. 283-284).

[2] - გარდამავალი ასაკისათვის ნიშნეული ეს ეროტიული ვნებათაღელვა გარკვეულწილად მოგვაგონებს პლატონის „ტიმეოსის“ ერთ პასაჟს.

[3] - შდრ. „აღსარებანი“, X, 38: „გვიან შეგიყვარე, მშვენიერებავ, უძველესო და უახლესო, გვიან შეგიყვარე! შენ ჩემში იყავ, მე კი გარე-გარე გეძებდი: შენს მიერ შექმნილი სამყაროს მომნუსხველ წიაღში ვცდილობდი შეჭრას მე უმსგავსი და უსახური. ჩემთან იყავი, მე კი არ ვიყავი შენთან. შენს თავს მაშორებდა სამყარო, რომელიც საერთოდ არ იარსებებდა, შენში რომ არ არსებულიყო“.

[4] - უფრო გვიან ნეტარ აგვისტინეს აუცილებლად მიაჩნდა უარი ეთქვა ცოლის შერთვაზე, რათა სულიერად განახლებულს ზურგი ექცია ძველი ცთომილებით სავსე ცხოვრებისათვის, თუმცა ამასვე როდი ურჩევდა ყველას და საკმაოდ მაღალი აზრისაც იყო ქორწინების დანიშნულებაზე (იხ. მისი თხზულება „ქორწინების სიკეთისათვის“).

[5] - როდესაც ღმერთმა სამოთხიდან გააძევა შემცოდე ადამი, ამ სიტყვებით შეაჩვენა იგი: „მიწა დაიწყევლოს შენს გამო... ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო“ (დაბად. III, 17-18).

[6] - ნეტარი ავგუსტინე „ღრუბლიდან ჩამომავალ ხმად“ სახავდა საღმრთო წერილის წიგნებს: „მართებული იქნებოდა ღრუბლები გვეწოდებინა მათთვის, რადგან ეს სიტყვები ზათქით მოაპობენ ჰაერს და, ეგეც არ იყოს, ალეგორიებით, როგორც ნისლით, მოსილნი ღრუბლებსა ჰგვანან“ („შესაქმისათვის“ მანიქეველთა წინააღმდეგ“, 2,3,5).

[7] - I კორ. ,28.

[8] - იქვე, 1.

[9] - იქვე, 32-33.

[10] - შდრ. მათე, XIX, 12.

[11] - შდრ. მეორე სჯული, XXXII, 39: „არ არის ღმერთი ჩემს გარდა! მე ვკლავ და ვაცოცხლებ, მე გვმირავ და ვკურნავ“.

 

III

5. თუმცა იმ წელს ჩემი მეცადინეობა შეწყდა: მადავრიდან [12] კვლავ შინ დავბრუნდი; ესაა ჩვენი მეზობელი ქალაქი, სადაც ლიტერატურისა და ორატორული ხელოვნების შესასწავლად გახლდით ჩასული. მშობლები ფულს აგროვებდნენ, რომ უფრო შორს - კართაგენში გავეგზავნეთ სასწავლებლად. ამას მოითხოვდა მამაჩემის პატივმოყვარეობა, რომლის დაკმაყოფილებასაც მისივე ხელმოკლეობა უშლიდა ხელს: ჩვენი ოჯახი საკმაოდ ღარიბულად ცხოვრობდა თაგასტაში [13]. მაგრამ ვის ვეუბნები ამას? არა, შენ კი არა, უფალო, არამედ შენს წინაშე - კაცთა მოდგმას, რომელსაც ვეკუთვნი მე, - რაგინდ უმნიშვნელოც უნდა იყოს იმათი რიცხვი, ვისაც შეუძლება ხელში ჩაუვარდეს ეს წიგნი. ან რატომ ვყვები? მხოლოდ იმიტომ, რომ მეც და ყველა ჩემი მკითხველიც ჩავუფიქრდეთ, „რაოდენ ღრმაა ის უფსკრული, საიდანაც მოგიხმობთ შენ“ [14]. მაგრამ რა შეიძლება უფრო ახლოს იყოს შენთან, ვიდრე გული, რომელიც აღსარებას გეუბნება და შენდამი რწმენით სულდგმულობს?

ვინღა არ აქებდა და ადიდებდა მაშინ მამაჩემს, რომელიც შვილის გულისთვის უფრო მეტს აკეთებდა, ვიდრე მისი ხელმოკლეობა აძლევდა ამის საშუალებას, და მზად იყო ასე შორს გავეგზავნე სასწავლებლად. მასზე გაცილებით უფრო მდიდარი ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ამნაირ მსხვერპლს არ გაიღებდა შვილების გულისთვის. მაგრამ, მეორეს მხრივ, მამაჩემს სულაც არ ადარდებდა, რანაირი ვიზრდებოდი შენს წინაშე, ვინარჩუნებდი თუ არა უმანკოებას; მისთვის მთავარი ის იყო, რომ მჭევრმეტყველების ხელოვნებაში გამეწაფა თავი, და თუნდაც სამუდამოდ შენი მადლის გარეშე დავრჩენილიყავი, როგორც უნაყოფო წარაფი, სახნისი რომ არ შეხებია, ო, ერთადერთო კეთილო პატრონო შენი ხოდაბუნის - ჩემი გულისა [15].

6. მაშ, ასე, თექვსმეტი წლისა რომ ვიყავი, ოჯახურმა გარემოებამ მაიძულა დროებით შემეწყვიტა სწავლა. ერთხანს მშობლებთან ვცხოვრობდი, უქნარა და არას მაქნისი. ჩემი ვნებების ქაცვნარსაც  სხვა რა უნდოდა: ისე იზარდა და ტანი აიყარა, რომ მალე ტავს გადამიარა. სად იყო ხელი, მისი აღმომფხვრელი და ამომძირკველი? ის კი არა და, ერთ მშვენიერ დღეს მამაჩემმა აბანოში ჩემი დაკაცების ნიშანს რომ მოჰკრა თვალი, როგორც ჩემი მშფოთვარე სიჭაბუკის დასტურს, სიხარულით ცას ეწია, თითქოს უვკე შვილიშვილების ჟივილ-ხივილი ჩაესმა ყურშიო, და მაშინვე დედაჩემს ამცნო ეს ამბავი: ფუჭი სიხარული შლეგური თრობისა, რის შედეგადაც ეს ქვეყანა გივიწყებს, ჩვენო შემოქმედო, და შენს ნაცვლად შენსავე ქმნილებას ეტრფის [16]. მაგრამ დედაჩემის გულში შენ აღმართე შენი ტაძარი და საფუძველი ჩაუყარე შენს წმიდათა-წმიდა სავანეს. მამაჩემი ჯერ მხოლოდ ახალი კატეხუმენი [17] იყო. ამიტომაც დედაჩემი ჭეშმარიტი ღვთისმოსავის მღელვარებამ და შიშმა შეიპყრო: მართალია, ჯერ კიდევ არ ვიყავი მონათლული, მაგრამ მას ეშინოდა იმ მრუდი გზისა, რომელსაც ადგას ყველა, ვინც „პირით კი არა, ზურგითაა შენსკენ მოქცეული“ [18].

7. ვაიმე ბედკრულს! რამ მათქმევინა, სდუმრი-მეთქი, უფალო, როცა მე გშორდებოდი? განა ასე სდუმან? ვის ეკუთვნოდა, თუ არა შენ, ის სიტყვები, რომლებსაც დედაჩემის - შენი ერთგული მხევლის პირით გამუდმებით ჩამჩურჩულებდი? მაგრამ ვაი რომ ვერცერთმა ვერ გაიკვლია გზა ჩემი გულისკენ, არცერთს არ ვათხოვე ყური. მახსოვს, რა შეშფოთებული მევედრებოდა განმარტოებით, ჭკუას მარიგებდა და მირჩევდა, თავი ამერიდებინა ყოველგვარი გარყვნილებისათვის და განსაკუთრებით მოვრიდებოდი გათხოვილ ქალთან კავშირს. ეს მე ქალური ჩიჩინი მეგონა და სირცხვილით ვიწვოდი მისი მოსმენისას. სინამდვილეში კი შენ მეტყველებდი მისი პირით, მაგრამ მე არ ვიცოდი ეს. ამიტომაც მეგონა, თითქოს სდუმდი, და მხოლოდ დედაჩემი ლაპარაკობდა. მაგრამ შენ მისი მეშვეობით მომმართავდი, და მისი სახით სწორედ შენ მძულდი „მე, შენი მხევლის ძეს და მონას შენსას“ [19]. დიახ, მე არ ვიცოდი ეს და სწრაფად მივექანებოდი თავქვე, სულიერი დაცემის გზით, იმდენად თვალდავსილი და დაბრმავებული, რომ ჩემი ტოლებისა მრცხვენოდა, რომლებან შედარებითაც მამა აბრამის ბატკანი მეგონა ტავი. რაც უფრო ურცხვნი და აღვირახსნილნი იყვნენ ისინი, მით უფრო მეტად მოჰქონდათ თავი თავიანთი გარყვნილებით. მეც მინდოდა მათსავით გარყვნილი ვყოფილიყავი, მაგრამ ამის მიზეზი ის კი არ იყო, რომ გარყვნილება მომწონდა, არამედ პატივმოყვარეობა. განა ბიწიერება გმობისა და განკიცხვის ღირსი არ არის? მე კი სწორედ განკიცხვის შიშით სულ უფრო და უფრო ღრმად ვეფლობოდი ბიწიერების მწვირეში, და თუ სინამდვილეში სათაკილო არა ჩამედინა რა, თვითონვე ვიგონებდი საძრახის საქციელს, ოღონდაც ჩემი უბიწოების გამო არ შევზიზღებოდით და არც მასხრად აეგდოთ ჩემი უმაკოება.

8. აი, რანაირ ამფსონებთან ერთად დავყიალობდი „ბაბილონის“ [20] მოედნებზე და მის წუმპეში ვგორავდი, თითქოს წუმპე კი არა, დარიჩინისა და სხვა ძვირფას საკმეველთა სურნელებით გაზავებული აბაზანა ყოფილიყოს. და უფრო ღრმად რომ ჩავფლულიყავი ამ ტლაპოში, ფეხით მქელავდა უჩინარი მტერი, რომელიც მით უფრო გახელებით მაცთუნებდა, რაც უფრო ადვილი იყო ჩემი ცთუნება! ხოლო „შუა ბაბილონიდან გამოქცეული“ [21], მაგრამ მის განაპირას ჯერ კიდევ ნელი ნაბიჯით მომავალ ჩემს ხორციელ დედას, რომელიც დღენიადაგ ჩამჩიჩინებდა, მტკიცედ დამეცვა ჩემი სიწმინდე, მიუხედავად ამისა, არც უცდია ჩემი დაქორწინება, რათა ცოლქმრობის უღელს მაინც დაეურვებინა იმის სიურჩე, რისი ამბავიც მამაჩემისაგან გაეგო, თუკი შეუძლებელი იყო ძირფესვიანად ამოეწვა და ამოეშანთა ხორციელ გულისთქმათა მძვინვარება, თუმცაღა მაშინვე მშვენივრად ესმოდა, რა საფრთხესაც მიქადდა ეს შემდგომ. და მაინც არ ისურვა ჩემი დაქორწინება, რადგანაც ეშინოდა, ცოლქმრობის უღლის სიმძიმე გადაულახავ დაბრკოლებად არ ქცეულიყო ჩვენი იმედების ხორცშესხმის გზაზე,  - არა საუკუნო ცხოვრების იმედისა, არასაც შენზე ამყარებდა დედაჩემი, არამედ იმისა, რომ დიდი წარმატებისათვის მიმეღწია სამეცნიერო ასპარეზზე; დიახ, ორივეს - მამაჩემსაც და დედაჩემსაც  - ეს იმედი ასულდგმულებდა: მამაჩემს იმდენად, რამდენდაც საერთოდ არ ფიქრობდა შენზე, ხოლო რასაც ჩემზე ფიქრობდა, სხვა არა იყო რა, თუ არა ამაოება. დედაჩემს კი მიაჩნდა, რომ ეს წარმატება არამცთუ რაიმეს მავნებდა, გარკვეულწილად ხელსაც კი შემიწყობდა იმაში, რომ უფრო ადვილად მეპოვნა შენსკენ სავალი გზა. აი, როგორი უნდა ყოფილიყო საქმის ვითარება, თუ გავითვალისწინებ ჩემი მშობლების ხასიათს, რასაც ახლა შეძლებისდაგვარად ვიხსენებ. ამიტომაც იყო, რომ მათ მეტი გასაქანიც კი მისცეს ჩემს დაუდგრომლობას, ვიდრე გონივრული სიმკაცრე მოითხოვდა, და მე თავდაყირა გადავეშვი ვნებათაღელვის მორევში, წყვდიადით რომ მიბურავდა, უფალო, შენი ჭეშმარიტების ნათელს, „და იზრდებოდა უსამართლობა ჩემი სულისა“ [22].


[12] - მადავრა - ნუმიდიის ქალაქი (დღევანდელი მიდაურუსი), ნეტარი ავტუსტინეს მშობლიურ ქალაქ თაგასტიდან დაახლ. 24 კმ-ით დაშორებული. აღსანიშნავია, რმო მადავრში დაიბადა სახელგანთქმული რომაელი მწერალი ლიციუს აპულეიუსი (დაახლ. 124 - დაახლ. 180 წ.), „ოქრის ვირის“ ავტორი. პირველდაწყებითი განათლება აპულეიუსმა იქვე, მადავრაში მიიღო, შემდეგ კი, ნეტარი ავგუსტინესი არ იყოს, კართაგენს გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად.

[13] - ნეტარი ავგუსტინე თავის ერთ-ერთ წერილშიც (126,7) გვიდასტურებს მშობლების ხელმოკლეობას: „მამაჩემი საკმაოდ მცირე ადგილ-მამულის პატრონი იყოო“.

[14] - შდრ. ფსალმ. 129,1.

[15] - შდრ. I კორ. III, 9.

[16] - შდრ. რომ. I, 25: „სიცრუეზე გაცვალეს ჭეშმარიტება ღმრთისა, და ჰმსახურებდნენ შექმნილსა და არა შემოქმედს“.

[17] - იხ. შეს. წიგნი პირველი, 37.

[18] - შდრ. იერ. II, 27: „...რადგანაც ზურგი მომაქციეს და არა პირი; გასაჭირში კი ამბობენ: ადექი და გვიხსენიო“.

[19] - ფსალმ. 115, 7.

[20] - ნეტარი ავგუსტინე ნახევრად ირონიული ტონით აიგივებს ჩრდ. აფრიკის პატარა პროვინციულ ქალაქს თაგასტას ბაბილონის ძველი და ახალი სამეფოს ისტორიულ დედაქალაქთან, რომელიც იუდეველთა თვალში განასახიერებდა მთელი წარმართული სამყაროს ხრწნილებას, სიბილწეს, სისასტიკეს და უწმინდურებას. ბაბილონის მიმართ ამნაირ დამოკიდებულებას შორეულ წარსულში აქვს ფესვი გადგმული: ძვ.წ.ა. 586 წ. ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორ II-მ (605-562) იერიშით აიღო და მიწასთან გაასწორა იერუსალიმი, ხოლო ათი ათასობით დატყვევებული იუდეველი ბაბილონში გადაასახლა. „ბაბილონის ტყვეობა“ სამოცდაათ წელს გაგრძელდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი ხანა იუდეველთა ისტორიაში. დამპყრობლებისადმი ენით უთქმელმა ზიზღმა და სიძულვილმა, სიმწარემ და ბოღმამ სიმბოლური გამოხატულება ჰპოვა მეტსახელში „დიდი მეძავი“, რომელიც ბაბილონის სინონიმად იქცა. შდრ. აპოკალიფსი, XVIII, 2-3, 5: „დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი მეძავი, და ეშმაკთა სამკვიდროდ, და ყოველი უწმინდური სულის სამყოფელად და ყოველი უწმინდური და ბილწი ფრინველის საბუდრად იქცა. რადგანაც მისი სიძვის მძვინვარე ღვინით დაითრო ყველა ხალხი, და ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს მასთან, და ქვეყნის ვაჭარნი დამდიდრდნენ მისი ფუფუნების სიუხვით... რადგანაც უწიეს მისმა ცოდვებმა ზეცას, და გაიხსენა ღმერთმა უსამართლობა მისი“.

[21] - შდრ. იერ. LI, 6: „გაიქეცით შუა ბაბილონიდან“.

[22] - შდრ. ფსალმ. 72,7.

 

IV

9. ქურდობა, რა თქმა უნდა, შენი კანონითაც ისჯება, უფალო [23], და იმ კანონითაც, კაცთა გულებში რომაა ჩაწერილი [24], რომლის ამოშლა თვით მათ უსამართლობასაც არ ძალუძთ. რომელი ქურდი მოითმენს იმას, რომ გაქურდულ იქნეს? ან რომელი მდიდარი შეიწყნარებს ღარიბ-ღატაკს, ვისაც გაჭირვებამ დააწყებინა ქურდობა? მე კი მინდოდა მექურდა, და ვიქურდე კიდეც, თუმცა შიმშილისა და გაჭირვების გამო კი არა, სამართლიანობისადმი ზიზღისა და იმის შედეგად, რომ ცოდვა მომჭარბდა. მე მოვიპოვე ის, რაც თვითონაც ბლომად მქონდა, და თანაც ჩემი გაცილებით სჯობდა მოპარულს. არა, ნაქურდალით როდი ვაპირებდი ტკბობას, არამედ თვით ქურდობა და ცოდვა მომწონდა.

ჩვენი ვენახის მახლობლად ნაყოფით დახუნძლული მსხლის ხე იდგა. ვერ ვიტყვი, თითქოს ნაყოფს თვალს ვერ მოსწყვეტდი, ან ისეთი გემრიელი ყოფილიყოს, რომ ჭამით ვერ გაძღებოდი. და მაინც, ონავარი ქურდები შუაღამისას მივეპარეთ მსხალს, რომ დაგვერხია და ნადავლი დაგვესაკუთრებინა: ქუჩის ბიჭების უკეთური ჩვეულებისამებრ, ჩვენი თავშექცევა და დროსტარება შუაღამემდე გაგრძელდა. დაზურგულები წამოვედით, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ პირი ჩაგვეტკბარუნებინა, არამედ მზად ვიყავით თუნდაც ღორები დაგვეძღო მსხლით; მართალია, თითო-ოროლა კი ჩავკბიჩეთ, მაგრამ ჩვენი ერთადერთი სიამოვნება სულ სხვა რამ გალხდათ: ჩაგვედინა ის, რაც აკრძლული იყო.

აი, ჩემი გული, უფალო, აი, ჩემი გული, რომელიც შეიწყალე უფსკრულს დანთქმული. კეთილ-ინებოს და გითხრას ახლა, რატომ მოიქცა ასე უმსგავსოდ მაშინ, მხოლოდ იმიტომ, რომ უმსგავსოდ მოქცეულიყო, და არავითარი სხვა მიზანი არ ამოძრავებდა. ჩემი თავაშვებულობის ერთადერთი მიზეზი ჩემივე თავაშვებულობა იყო. ბილწი იყო ეს თავაშვებულობა, და მეც მხოლოდ სიბილწის გამო მიყვარდა იგი; მიყვარდა ჩემი წარწყმედა, ჩემი დაცემა; არა, ის კი არა, რაც მაიძულებდა დავცემულიყავი, არამედ საკუთრივ დაცემა! და ჩემი უკეთური სული, რომელსაც მოშლოდა და გამოსცლოდა შენი საყრდენი [25], ბიწიერების გზით კი არ მიელტვოდა სიბილწეს, არამედ - თვით ბიწიერებას!


[23] - იხ. გამოსვლა, XX, 15: „არა იპარო“.

[24] - შდრ. რომ. II, 14-16: „ვინაიდან როცა სჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ სჯულს, მაშინ სჯულის არმქონენიც თვითონვე არიან თავიანთი თავის სჯული. ისინი გვიჩვენებენ, რომ სჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს დებენ, ხან კი ამართლებენ ერთიმეორეს, საიმდღისოდ; როცა ჩემი სახარებისამებრ, ღმერთი განსჯის კაცთა ფარულ საქმეებს იესო ქრისტეს მიერ“.

[25] - იხ. შენ. წიგნი პირველი, 68.

 

V

10. ლამაზ საგნებს, ოქრო-ვერცხლს და სხვა მისთანათ თავიანთი ხიბლი ახლავს; სიამოვნებას, რასაც ჩვენში იწვევს შეხება, მხოლოდ შეხებასა და საგანს შორის არსებული სიმპათია განაპირობებს. თვითეულ გრძნობას მის მიერ აღქმული საგნის თავისებურება შეესაბამება [26]. თავისებურად მომხიბლავია ამქვეყნიური დიდება, მბრძანებლობა და ძალაუფლება; აქედანვე იღებს დასაბამს მონის დაუოკებელი სწრაფვაც თავისუფლებისაკენ. მაგრამ დაუშვებელია ხარბად მიელტვოდნენ ყველა ამ სიკეთეს და შენ კი გშორდებოდნენ, უფალო ჩემო, აღარც შენ ახსოვდეთ და აღარც შენი კანონი. გარკვეული ხიბლი მოსავს ჩვენს ამქვეყნიურ სიცოცხლესაც, რასაც უშუალოდ შეესატყვისება მთელი მიწიერი მშვენიერება. რა შეედრება მეგობრობას კაცთა შორის, უნაზესი და უსათუთესი კავშირით რომ აერთებს მრავალს? აი, რისი გულისთვის სცოდავს კაცი, მეტისმეტი გულმოდგინებით რომ მიელტვის ამქვეყნიურ სიკეთეს თუ კეთილდღეობას, და ამ ლტოლვისას გივიწყებს შენ, უფალო ღმერთო ჩემო, ივიწყებს თავის უკეთესსა და უზენაეს სიკეთეს, შენს სიმართლეს და შენს კანონს [27]. ტკბილია ყველა ეს მიწიერი სიკეთე, მაგრამ სად მათი სიტკბოება და სად შენი, უფელო ღმერთო, რომელმაც შეჰქმენი ყოველი, რადგანაც შენით ტკბება მართალი და თვითონვე ხარ სიტკბოება გულმართალთათვის [28].

11. ამრიგად, როცა დანაშაულის მიზეზით ეძებენ, არცერთი პასუხი არ იქნება დამაჯერებელი, გარდა იმისა, რომელიც ცხადყოფს, რომ დანაშაული ჩადენილ იქნა ამა თუ იმ სიკეთის მოხვეჭის მიზნით, ამქვეყნიურ სიკეთეთა რიცხვს რომ მივაკუთვნოთ, - ანდა მისი დაკარგვის შიშით. ყველა ამ სიკეთეს თან ახლავს თავისი მაცთური ხიბლი და მიმზიდველობა, თუმცა ისინი უბადრუკი და ზიზღის ღირსნი არიან უზენაეს სიკეთესთან შედარებით, რომელსაც ერთადერთს ძალუძს ნეტარეა მიანიჭოს ადამიანს. მავანმა კაცი მოკლა. რატომ? იმიტომ, რომ მისი ცოლი შეუყვარდა, ან მის ქონებაზე რჩებოდა თვალი; მსხვერპლის გაძარცვა სურდა, რათა არხეინად ეცხოვრა მის ხარჯზე, ან ეშინოდა, თვითონვე არ გაეძარცვა მოკლულს; შეურაცხყოფილი იყო და შური იძია. ვინ მოჰკლავდა კაცს უმიზეზოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ მკვლელობით დამტკბარიყო? ვინ დაიჯერებს ამას? თვით იმ გულმხეცსაც კი, რომელზედაც ამბობენ, რომ სისასტიკეს და დაუდობლობას არავითარი საფუძველი არ მოეძებნებოდა, არამედ მხოლოდ ავკაცობის გამო ავკაცობდაო [29], - ცდილობენ შემდეგი სიტყვებით ამართლებინონ თავი: „ხელი და სული არ უნდა მოგიდუნოს უმოქმედობამ“ [30]. ვითომ რატომაო? მაინც რა სურდა? როგორც ჩანს, ის, რომ თავისი ავაზაკობისა და ბოროტმოქმედების წყალობით გამხდარიყო რომის ბატონ-პატრონი, მოეხვეჭა სახელი და დიდება, ხელთ ეგდო ძალაუფლება, თავი დაეღწია გაჭირვებისათვის, რაც განპირობებული იყო მისი მამულის სიმწირით, და დაეძლია კანონის შიში, გამოწვეული თავისი ავკაცობის შეგნებით. მაშასადამე, კატილინას თავისი ბოროტმოქმედება კი არ უყვარდა, არამედ რაღაცის გულისთვის სჩადიოდა მას.


[26] - მზერას - სილამაზე, ყნოსვას - სურნელება, შეხებას - სილბო თუ სიმკვრივე და ა.შ.

[27] - შდრ. წიგნი პირველი, XX, 31; იხ. აგრეთვე შენ. 85.

[28] - შდრ. ფსალმ. 63, 11.

[29] - იგულისხმება ლუციუს სერგიუს კატილინა (108-62 ძვ.წ.ა), გაღარიბებული რომაელი პატრიციუსი, ავანტიურისტი და დემაგოგი. 68 წელს არჩეულ იქნა პრეტორად. შემდეგ სცადა კონსული გამხდარიყო, მაგრამ რამდენჯერმა დამარცხდა არჩევნებში. გაბოროტებულმა გადაწყვიტა დაემხო რესპუბლიკური წყობილება და „მხსნელად“, ე.ი. ერთპიროვნულ მბრძანებლად მოვლენოდა რომს. დემაგოგიური პოლიტიკის წყალობით საკმაოდ მრავალრიცხოვანი მომხრეები შემოიკრიბა და თავისი განზრახვის პრაქტიკულ ხორცშესხმას შეუდგა. ციცერონის მიერ მხილებული ეტრურიაში გაიქცა და ლაშქრის შეგროვება დაიწყო. 62 წლის დამდეგს ქალაქ პისტორიუმთან (დღევანდელი პისტოია) გამართულ ბრძოლაში სასტიკი მარცხი იწვნია და თვითონაც ბრძოლის ველზე დაეცა.

[30] - ციტატა მოტანილია სახელგანთქმული რომაელი ისტორიკოსის გაიუს კრისპუს სალუსტიუსის (86-35 ძვ.წ.ა) თხზულებიდან „კატილინას შეთქმულება“. სალუსტიუსი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტორად ითვლებოდა რომაული აფრიკის სკოლებში. ნეტარი ავგუსტინე არცთუ იშვიათად იხსნებეს მას თავის „ღვთის ქალაქში“ და საკმაოდ დიდი პატივისცემითაც.

 

VI

12. კი მაგრამ, მაინც რა მომწონდა შენში, ქურდობავ ჩემო, ცხოვრების მეთექვსმეტე წელს ჩადენილო ღამეულო დანაშაულო ჩემო? მშვენიერებისა არა გეცხო რა: სად ქურდობა და სად მშვენიერება? მშვენიერი მხოლოდ ჩვენს ნაქურდალს თუ ეთქმოდა, რადგანაც ის შენი ქმნილება იყო, უფალო, ყოვლის შემოქმედო, უმშვენიერესო და უკეთილესო, უზენაესო და ჭეშმარიტო სიკეთევ ჩემო. დიახ, მშვენიერი იყო ჩვენი ნაქურდალი ხილი, მაგრამ ის როდი სურდა ჩემს საბრალო სულს: მასზე უკეთესიც ბლომადა მქონდა; მხოლოდ იმიტომ დავკრიფე, რომ მომეპარა. დაკრეფილი ხილი გადავყარე და მხოლოდ უსამართლობა ვიგემე: მოგეცათ ლხენა, მე მაშინ უკუღმართობის სიტკბოებით ვიჯერე გული [31]. თუმცა ორიოდე მაინც ჩავკბიჩე და ნერწყვმორეულმა ვიგრძენი, რომ დანაშაულის გემო ჰქონდა. და, აი, ახლა გეკითხები, უფალო ჩემო, რა სიამოვნება უნდა მოენიჭებინა ჩემს ქურდობას? მშვენიერებისა ხომ ნამდვილად არა ეცხო რა: არა, იმ მშვენიერებას როდი ვგულისხმობ, რაც ნიშნეულია სამართლიანობის, კეთილგონიერების, ადამიანის ქმედითი აზრის, მეხსიერების, გრძნობებისა თუ სიცოცხლის ცხოველმყოფელობისათვის; მისთვის სრულიად უცხო იყო ცის თაღზე მოციმციმე ვარსკვლავების, დედამიწის თუ ზღვის მშვენება, ისევე, როგორც მათი ბინადარი არსებებისა, დაუსრულებლივ რომ ცვლიან ერთმანეთს შობისა თუ კვდომის უწყვეტი მონაცვლეობით; არა, მასში ვერ იპოვიდით თვით იმ მქრქალი და უღიმღამო მშვენიერების ნასახსაც, რომლითაც ბიწიერება გვაცთუნებს ხოლმე.

13. ქედმაღლობა ხომ სულის სიმაღლედ ასაღებს თავს, მაგრამ შენა ხარ, ღმერთო ჩემო, ყველაზე უმაღლესი. რას მიელტვის პატივმოყვარეობა, თუ არა პატივსა და დიდებას? მაგრამ მხოლოდ შენ უნდა გცემდეთ უმეტეს პატივს და გადიდებდეთ უკუნითი უკუნისამდე. მრისხანე ძალაუფლებას სურს შიშსა და ძრწოლას გვინერგავდეს, მაგრამ ვისი უნდა გვეშინოდეს, გარდა ღმერთისა? რა შეიძლება გამოსტაცო ან დაუმალო მის ძალაუფლებას? სად, როდის, რანაირად, ვისი მეშვეობით? შეყვარებულის სინაზე საპასუხო სიყვარულს ეძებს, მაგრამ არა არის რა შენს გულმოწყალებაზე უნაზესი, და არ არსებობს უფრო ცხოველმყოფელი სიყვარული, ვიდრე სიყვარული შენი ჭეშმარიტების მიმართ, რომელიც ყველაზე ნათელია და მშვენიერი. ცნობისწადილიც, როგორც ჩანს, ხარბად მიელტვის ცოდნას, მაგრამ მხოლოდ შენა ხარ ცოდნის სისავსე და სისრულე. თვით უმეცრება და სიბრიყვე სიმარტივისა და უმანკოების სახელს ირქმევენ, მაგრამ რა არის შენზე მარტივი, ან შენზე უმანკო და უბიწო? რადგანაც ბოროტის ყველაზე დიდი მტერი მისივე ბოროტი საქმეა [32]. მცონარება სიმშვიდის სურვილად გვაჩვენებს თავს, მაგრამ მხოლოდ უფალში თუ ვპოვებთ სიმშვიდეს. ფუფუნებას სურს სიუხვედ და განცხრომად იწოდებოდეს, მაგრამ მხოლოდ შენა ხარ უხრწნელი სიტკბოების სისავსე და ამოუწურავი სიუხვე. მფლანგველობა გულუხვობად ასაღებს თავს, მაგრამ ყველა სიკეთეს მხოლოდ შენ გვიწყალობებ გულუხვად. სიხარბეს სურს ყველაფერს ფლობდეს, მაგრამ მხოლოდ შენა ხარ ყოველის მფლობელი. შური უზენაესობას ესწრაფვის, მაგრამ რა არის შენზე უზენაესი? მრისხანება შურისძიებას მოითხოვს, მაგრამ ვინაა შენზე სამართლიანი შურისმგებელი? შიში თავს დაჰკანკალებს იმას, ვინც უყვარს, და ცდილობს ყოველგვარი უჩვეულო საფრთხისა თუ მოულოდნელი უბედურებისაგან დაიხსნას იგი, მაგრამ რა არის შენთვის უჩვეულო და მოულოდნელი? ვის შეუძლია წარგტაცოს ის, რაც გიყვარს? სადაა ხსნა, თუ არა შენში? მწუხარებას ინელებს სინანული იმის დაკარგვის გამო, რითაც ტკბებოდა მისი სიხარბე, მაგრამ მხოლოდ შენა ხარ, ვინც შეუძლებელია დაკარგოს რამე.

14. ასე ირყვნება სული, შენგან განდგომილი და შენს გარეშე მაძიებელი იმისა, რასაც მხოლოდ მას შემდეგ თუ იპოვის წმინდა და შეუბღალავი სახით, რაც უკანვე დაგიბრუნდება. ყველა, ვინც განგშორებია, ან შენს წინააღმდეგ აღძრულა, თითქოს უკუღმა გემსგავსება და უკუღმართად გბაძავს [33]. მაგრამ თვით ამნაირი მსგავსებაც კი იმას მოწმობს, რომ შენა ხარ მთელი სამყაროს შემოქმედი, და ამიტომაც ვერავინ ვერსად წაგივა.

მაშ, რა მომწონდა ჩემს ქურდობაში? ან რითი ვბაძავდი უკუღმართად ჩემს უფალს? იქნებ ის მსიამოვნებდა, რომ მზაკვრულად დამერღვია კანონი, რომელსაც აშკარად ვერ დავუპირისპირდებოდი? მონად შობილს ჭეშმარიტი თავისუფლება კი არა, მისი უღიმღამო ჩრდილი მხიბლავდა, რაკიღა შემეძლო დაუსჯელად მეკეთებიანა ის, რაც აკრძალული იყო, და ამრიგად, ყოვლისშემძლეობის უბადრუკ ხატს ველოლიავებოდი. აი, თუ გნებავთ, მონა, რომელიც ბატონს გაურბის და მის ლანდს კი ეძებს [34]. ჰოი, ხრწნილებავ, ჰოი, ცხოვრების საშინელებავ, ჰოი, სიკვდილის სიღრმევ! განა შეიძლება სასიამოვნო იყოს ის, რაც აკრძალულია, მხოლოდ იმიტომ, რომ აკრძალულია?


[31] - შდრ. მარკუს ავერლიუსი: „რამდენი ტკბილი წამი ახსოვს ყაჩაღს, მემრუშეს, მამისმკვლელს, ტირანს!“ („ფიქრები“, VI, 34).

[32] - შდრ. ფსალმ. 7, 16-17... შდრ. აგრეთვე მარკუს ავერლიუსი: „ის, ვინც სცოდავს, თავისი თავის წინაშე სცოდავს. უსამართლობის მოქმედიც თავისი თავის მიმართ იჩენს უსამართლობას, რადანაც ბოროტყოფს საკუთარ თავს“ („ფიქრები“, IX, 4). „ვინაცა სცოდა, იგივე იმკის შეცოდების ნაყოფს“ („ფიქრები“, IX, 38).

[33] - „ცოდვილი სული თავისი ამპარტავნული, გაუკუღმართებული და, თუ შეიძლება ასე ითქვას, მონური თავისუფლებით ესწრაფვის იმას, რომ ღმერთს დაემსგავსოს. ასე, იმისთვის, რომ ჩვენს წინაპრებს შეეცოდათ, საკმარისი აღმოჩნდა სიტყვები: „იქნებით, როგორც ღმერთებიო“ (ნეტარი ავგუსტინე, „სამებისათვის“, 11,5,8).

[34] - კვლავ მეორდება ნეტარი ავგუსტინესათვის ჩვეული მოტივი: ეს ქვეყანა მხოლოდ ლანდია საუკუნო სოფლისა, და ვინც პირველის გულისთვის ივიწყებს მეორეს, ღვთისგან განდგომილია იგი, ზეციურ ნათელს მოწყვეტილი, ხორციელ გულისთქმათა სათამაშოდ ქცეული და ბნელეთის მორევში დანთქმული („ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურ რასმე: ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში. ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, - მამისაგან კი არ არის, არამედ ამ ქვეყნისაგან“. - I იოან. II,15-16).

 

VII

15. „რას მივაგებ უფალს“ [35] მთელი იმ საგანძურიდან, რასაც იმარხავს ჩემი მეხსიერება, და რის წინაშეც არ შედრკება ჩემი სული? მე შეგიყვარებ, უფალო, მადლს შემოგწირავ და ვაღიარებ შენს სახელს, რადგანაც იმდენი ბოროტება შემინდე და იმდენი უკეთურება მომიტევე! შენს წყალობას და გულმოწყალებას ვუმადლი იმას, რომ ყინულივით დაადნე ჩემი ცოდვები. შენივე წყალობაა ისიც, რომ ხელი ამაღებინე ავკაცობაზე, არადა, ვინ მოსთვლის, რამდენი სიავის ჩადენა შემეძლო ცოდვის უანგარო მოყვარეს!

და მე ვმოწმობ, რმო ყველაფერი მომიტევე: ის ბოროტებაც, ჩემივე ნებით რომ ჩავიდინე, და ისიც, რისი ჩადენაც შენმა გულმოწყალებამ აღმიკვეთა. ვინ, თავის უმწეობაზე დაფიქრებული რომელი კაცთაგანი გაბედავს, საკუთარ ძალმოსილებას მიაწეროს თავისი უმანკოება თუ უბიწოება, და ამრიგად, მის გულში თანდათანობით მიინავლოს შენი სიყვარული, თითქოს აღარ სჭირდებოდეს შენი გულმოწყალება, რომლითაც მიუტევებ ცოდვებს შენდამი მოქცეულთ? მაშ, დაე, ნუ დამცინებს კაცი, ვისაც უხმე და ვინც კვალდაკვალ გამოჰყვა შენს ხმას, რისი წყალობითაც თავი დააღწია იმას, რასაც ამ ჩემს მოგონებებსა თუ აღსარებებში ამოიკითხავს: მე ხომ სნეული ვიყავი და შენ განმკურნე, ან, უფრო სწორად, საშუალება არ მიეცი სნეულებას, უფრო ღრმად გაედგა ფესვი ჩემს სულში. დაე, ამის გამო ჩემსავით, არა, ჩემზე მეტადაც შეგიყვაროს, რაკიღა დაინახავს, ვინ დამიხსნა ცოდვათა კირთებისაგან, და მიხვდება, ვის უნდა უმადლოდეს, რომ თვითონაც არ გაება ცოდვის მახეში.


[35] - ფსალმ. 115, 3.

 

VIII

16. რას გამოვრჩი, მე უბედური, რომ გავიხსენე ის, რის გამოც დღეს სირცხვილით ვიწვი, მეტადრე - ჩემი ქურდობა, სადაც თვითონ ქურდობა მომწონდა მხოლოდ და მეტი არაფერი? თავისთავად ეს ქურდობაც არარა იყო, და ეს არარაობა კიდევ უფრო მამდაბლებს და მაუბადრუკებს. მაგრამ, რამდენადაც ჩემი მაშინდელი სულიერი მდგომარეობა მახსოვს, მარტო მე არასდიდებით არ ჩავიდენდი მას. მაშასადამე, მათი თანამზრახველობაც მიყვარდა, ვისთან ერთადაც ვიქურდე. დიახ, გარდა საკუთრივ ქურდობისა, ეტყობა, სხვა რაღაცაც მიყვარდა, მაგრამ ეს სხვა რაღაცაც, თავის მხრივ, არარა იყო.

მაინც რა? ვინ მეტყვის, გარდა იმისა, ვინც ნათელს ჰფენს ჩემს გულს და მის ირგვლივ ჩამოწოლილ წყვდიადსა ფანტავს? რა მაიძულებს ვიფიქრო, ვიმსჯელო, ვიკვლიო, თავი ვიმტვრიო? მარტოოდენ ნაქურდალი ხილი რომ მნდომებოდა, ან იმის სურვილი მქონოდა, რომ მსხლით ჩამეტკბარუნებინა პირი, ანდა ისიც საკმარისი ყოფილიყო, რომ შემეძლო დაუსჯელად, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სიამოვნებისათვის მექურდა, მარტოდმარტოც ხომ შევძლებდი ამას? რაღა საჭირო იქნებოდა ამფსონებს დავკავშირებოდი, რომ უფრო გამემძაფრებინა ჩემი უკეთური სურვილი? მაგრამ რაკი ნაქურდალ ხილს არავითარი სიამოვნება არ მოუნიჭებია, მაშასადამე, ჩემთვის ეს სიამოვნება საკუთარივ ქურდობა იყო, თანამზრახველებთან ერთად ჩადენილი.

 

IX

17. მაინც რა ეთქმის სულის ამ მდგომარეობას? რა თქმა უნდა, შავ დღეში ვიყავი; მით უარესი ჩემთვის, რომ ამ საშინელებისათვის უნდა გამეძლო. კი მაგრამ, მაინც რა შეიძლება ეწოდოს ამას? „ვინ რას გაუგებს დანაშაულს?“ [36]

ეს იყო გულიანი სიცილი, თითქოს შიგ გულში გვიღიტინებსო; ვიცინოდით, რადგანაც ვტყუოდით, და იმავდროულად, კიდევაც ვაბიაბრუებდით იმ ხალხსმ ვისაც, ალბათ, აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ ჩვენ საერთოდ შეგვეძლო ქურდობა, და დანაშაულიც რომ გვეღიარებინა, მაინც არავინ დაგვიჯერებდა. ვერ გეტყვით, რატომ მსიამოვნებდა ის ამბავი, რომ მარტოკას არ მიქურდია. იქნებ იმიტომ, რომ მარტო კაცი ძნელად თუ გაიცინებს გულიანად. თუმცა ზოგჯერ კაცს შეიძლება მაშინაც აუტყდეს სიცილი, როცა სრულიად მარტოა, თუკი რაღაც ძალზე სასაცილო წარმოიდგინა ან გაახსენდა. მე, ჩემდა თავად, მარტოდმარტო არასდიდებით არ ვიქურდებდი, არა და არა.

აი, ღმერთო ჩემო, რა გუშინდელი დღესავით მახსოვს ამდენი ხნის წინანდელი მდგომარეობა. მარტოდმარტო არასდიდებით არ ვიქურდებდი, რადგანაც საქურდალი კი არ მხიბლავდა, არამედ თვითონ ქურდობა. მარტო რომ ვყოფილიყავი, ქურდობაში ვერაფერს ვნახავდი მოსაწონს, და ამიტომ არც ვიქურდებდი. ო, მტრულო მეგობრობავ, სულის გონებამიუწვდომელო ცთუნებავ, წყეულო სურვილო, რომელიც იმას მიელტვი, რომ რაიმე ავნო სხვას, მხოლოდ და მხოლოდ თავშესაქცევად, სალიზღოდ და სალაზღანდაროდ; დიახ, რაიმე ავნო სხვას, ყოველგვარი პირადი გამორჩენისა თუ შურისძიების გრძნობის გარეშე! მაგრამ საკმარისია ვიღაცამ წამოაყრანტალოს - „წამო, გავაიმასქნათო“, რომ უკვე გრცხვენია, თუ სხვასავით ურცხვი არა ხარ.


[36] - ფსალმ. 18, 13.

 

X

18. ვინ გიხსნის უკუღმართობის მზაკვრულად ჩაწნულ-ჩახვეულსა და ჩაგრეხილ ხლართს? რაოდენ ბილწია საცქერლად: არც მისი გახსნა მსურს და არც დანახვა. მე მხოლოდ შენ მახსოვხარ, სამართლიანობავ და უმანკოებავ, პირმშვენიერო შენი მშვიდი ნათლის ციმციმით, უძღები ვნებით რომ მოგელტვიან შენით მაძღარნი. შენში შემოსული „თავისი პატრონის სიხარულში შედის“ [37], აღარასოდეს შედრკება და მარად ბედნიერი იქნება მარადიული სიკეთის სასუფეველში. სიჭაბუკისას მე მოგწყდი და განგიდექი, უფალო ჩემო, შორს ვიყავ შენი სიმყარისაგან, და ამიტომაც სიმწირის ბუდედ ვიქეცი.


[37] - მათე, XXV, 21.

თარგმნა და კომენტარები დაურთო ბაჩანა ბრეგვაძემ

 

 

სარჩევი