მთავარი მწყემსი კეთილი

 

† ნეტარი ავგუსტინე

აღსარებანი

 

სარჩევი

 

წიგნი მეათე

I

1. „შეგიცნობ შენ“, ჩემო შემცნობო, „შეგიცნობ შენ, როგორც შენგან შევიმეცნები“ [1]. ძალაო ჩემი სულისა, შემოდი ჩემსავე სულში და მიისადაგე იგი, რათა იყოს შენი სამკვიდრო, „მწიკვლისა თუ ზადის გარეშე“ [2]. ესაა სასოება ცემი, ამიტომაც ამას ვამბობ [3] და ამ სასოებით ვხარობ [4], თუკი ჭეშმარიტია ეს ჩემი სიხარული. ამა სოფლის სხვა სიკეთენი მით უფრო ნაკლებ ღირსნი არიან ცრემლების ღვრისა, რაც უფრო მწარედ დასტირიან მათ, და მით უფრო მეტად იმსახურებენ ცრემლებს, რააც უფრო ნაკლებ გოდებენ მათ გამო. „და აჰა, შენ შეიყვარე ჭეშმარიტება“ [5], რადგანაც „ჭეშმარიტების მოქმედი ნათლისკენ მიდის“ [6]. მეც მინდა ჩემს გულში აღვასრულო ჭეშმარიტება შენს წინაშე ჩემივე აღსარებით და, იმავდროულად, ჩემი ქმნილებითაც მრავალი მოწმის წინაშე.


[1] - I კორ. XIII, 12.

[2] - ეფეს. V, 27.

[3] - „არასრულყოფილია იმისი რწმენა, ვისაც არ სურს ილაპარაკონ იმაზე, რაც სწამს: რწმენა ხომ ნიშნავს ირწმუნო ისიც, რაც თქმულა: ვაღიარებ მას ღვთის ანგელოსთა წინაშე“ (ნეტარი ავგუსტინე, „ფსალმუნებისათვის“, 115, 2).

[4] - შდრ. რომ. XII, 12.

[5] - ფსალმ. 50, 8.

[6] - იოანე III, 21.

 

II

2. მაგრამ აღსარებაც რომ არ მეთქვა შენთვის, უფალო, განა რაიმე დაემალებოდა შენს თვალს, რომლისთვისაც „არა არის რა დაფარული, არამედ ყოველივე გაშიშვლებულია და გამოაშკარავებული“ [7], თვით უფსკრულიც კი ადამიანის სინიდისისა? [8] შენ შეიძლება დაფარული იყო ჩემთვის, მე კი ვერსად დაგემალები. და ახლა, როცა ჩემი გმინვა თვალნათლივ მოწმობს, რომ აღარად მიმაჩნია ჩემივე თავი, ათასწილ უფრო მეტად ბრწყინავ, სიტკბოებავ და სინათლევ ჩემო, რათა მიყვარდე და დაუოკებლად ვილტვოდე შენსკენ; რათა სირცხვილმა დამწვას, უარვყო ჩემი თავი და მის სანაცვლოდ შენ აგირჩიო, რომ მხოლოდ შენით მომწონდეს თავი და მოსაწონი ვიყო შენთვიაც.

როგორიც უნდა ვიყო, უფალო, მთლიანად შენს წინაშე ვდგავარ; უკვე გითხარი, რა ნაყოფსაც მოველი ამ ჩემი აღსარებიდან, რომელსაც ხორციელი ხმითა და სიტყვბით როდი გეუბნები, არამედ სულის სიტყვებითა და ფიქრთა ღაღადისით, რასაც აღიქვამს შენი სასმენელი. როდესაც უკეთურება მომჭარბდება, მთელი ჩემი აღსარება შენდამი ისაა, რომ თვითონვე არ მომწონს ჩემივე თავი, ხოლო როცა სიკეთე მძლავრობს ჩემში, აი, ჩემი აღსარება შენდამი: ჩემს თავს როდი მივაწერ ამას, რადგანაც „შენ აკურთხებ მართალს, უფალო“ [9], მაგრამ მანამდე „შენვე უჩვენებ სიმართლის გზას იმას“ [10], ვინც ადრე ცოდვილი იყო. ჩემი აღსარება შენს წინაშე მდუმარეცაა და დაუდუმებელიც. დუმს ენა, მაგრამ ღაღადებს გული. არ არსებობს ისეთი წრფელი სიტყვა, ხალხს რომ ვუთხრა და უმალ შენ არ ისმინო, და არც რა გსმენია ჩემგან ისეთი, უმალ შენ რომ არ გეთქვას ჩემთვის.

_________________________________

[7] - ებრ. IV, 13.

[8] - შდრ. სიბრძნე ზირაქ. XLII, 18, 20.

[9] - ფსალმ. 5, 13.

[10] - რომ. IV, 5.

 

III

3. მაშ, რა მესაქმება ხალხთან, ან რატომ უნდა ისმინონ ჩემი აღსარება, თითქოს შეეძლოთ „ყოველი ჩემი სნეულების“ [11] განკურნვა? ეს მოდგმა მხოლოდ სხვისი ცხოვრების ჩხრეკაში იჩენს გულმოდგინებას, მაგრამ თითსაც არ გაანძრევს იმისთვის, რომ გამოასწოროს თავისი საკუთარი ცხოვრება. რატომ ცდილობენ ჩემგან გაიგონ, ვინ ვარ და რა ვარ? რატომ ცდილობენ ამას ისინი, ვსაც არ სურს შენგან გაიგოს, რანი არიან თავად? თუმცა ვინც ჩემგან ისმენს ჩემსავე ამბავს, რანაირად გაიგებს, მართალს ვამბობ თუ არა, ვინაიდან არცერთმა კაცმა არ იცის „რა ხდება კაცში, თუ არა კაცის სულმა, რომელიც არის მასში“ [12]. ხოლო თუ შენგან გაიგებს, რა არის თავად, ვეღარ იტყვის, უფალი ცრუობსო. ვინც ისმენს, რას ამბობ მასზე, განა ამით არ შეიცნობს საკუთარ თავს? ან ვის შეუძლია, თავისი თავი შეიცნოს და თქვას, ეს სიცრუეაო? მაგრამ რაკი „სიყვარულს ყველაფერი სწამს“ [13], ყოველ შემთხვევაში, მათ შორის მაინც, ვინც ერთარსად შეუსისხლხორცებია, ამიტომ მეც აღსარებას გეუბნები, უფალო, რათა გაიგონოს ამ ხალხმა, რომელსაც ვერ დავუმტკიცებ, მართალია თუ არა ეს ჩემი აღსარება; მაგრამ იმათ მაინც სწამთ ჩემი, ვისაც ყურნი სიყვარულმა განუხვნა ჩემი სიტყვებისათვის.

4. მაშ, განმიმარტე, ჩემი სულის მკურნალო, რისთვის ვიქმ ამას. უწინდელ ცოდვათა აღიარება, რომელნიც უკვე წარხოცე და მომიტევე, რათა ბედნიერი ვყოფილიყავი შენში, და რწმენითა თუ იდუმალებით შეცვალე ჩემი სული [14], დიახ, ამნაირი აღიარება აფხიზლებს მისი მკითხველისა თუ მსმენელის სულს, ნებას არ აძლევს მას სასოწარკვეთილებას მიეცეს და მწარეს ამოიგმინოს, აღარ შემიძლიაო, აიძულებს იფხიზლოს შენი მოწყალებისა და უტკბესი მადლის იმედით, მოწყალებისა, ძალას რომ ანიჭებს უძლურს, რომელიც მისი მეოხებით შეიცნობს თავის უძლურებას [15]. კეთილი კაცი სიამოვნებით ისმენს სხვის მიერ ოდესღაც განცდილი უბედურების ამბავს, მაგრამ თვით უბედურება კი არ ანიჭებს სიამოვნებას, არამედ ის, რომ უბედურება უკან დარჩა.

მას, რას მოველი, ღმერთო ჩემო, ვისაც ჩემი სინდისი ყოველდღე მოგმართავს აღსარებით, სინდისი, რომელსაც შენი გულმოწყალების იმედი უფრო აქვს, ვიდრე თავისი უმანკოებისა? გეკითხები, რას მოველი-მეთქი, ამ ჩემი აღსარებით რომ ვდგავარ როგორც შენს წინაშე, უფალო, ასევე კაცთა წინაშეც, და იმას კი არ გაუწყებთ, თუ როგორი ვიყავი უწინ, არამედ იმას, თუ როგორი ვარ ახლა. რა ნაყოფი გამოაქვს გარდასულ შეცოდებათა აღიარებას, ეს დავინახე და აღვნიშნე კიდეც. მაგრამ ვინ მოსთვლის,  რამდენს უნდა გაიგოს, რანაირი ვარ მე ახლა, როცა ამ ჩემს აღსარებასა ვწერ; ზოგი მიცნობს, ზოგი კი არა, მაგრამ რაღაცა გაუგია ჩემგან ან ჩემზე. ვაი რომ ყურს ვერ მიადებენ ჩემს გულს, თორემ მაშინ კი მიხვდებოდნენ, ვინცა ვარ. ამიტომაც სურთ მოისმინონ ჩემი აღსარება იმის თაობაზე, ვინ ვარ და რა ვარ შინაგანად, რაც მიუწვდომელია როგორც მათი თვალისთვის, ისე ყურისა თუ გონებისთვისაც. მათ სურთ ირწმუნონ ჩემი სიტყვები, თორემ რა გზით შემიცნობენ სხვანაირად? სიყვარული, რომელიც აკეთილშობილებს მათ სულს, არწმუნებს მათ, რომ არ ვიცრუებ ჩემს აღსარებაში, და თვით ამ სიყვარულს მათსას სჯერა ჩემი.

_________________________________

[11] - ფსალმ. 102, 3.

[12] - I კორ. II, 11.

[13] - I კორ. III, 7.

[14] - შდრ. ფსალმ. 31, 1-2.

[15] - შდრ. II კორ. XII, 10.

 

IV

5. მაგრამ ან ისინი რა ნაყოფს მოელიან აქედან? იქნებ სურთ მომილოცონ, როცა გაიგებენ რამდენად მოგიახლოვდი შენი წყალობით, და ილოცონ ჩემთვის, როცა გაიცხადებენ, რარიგად შემაფერხა ჩემივე ტვირთის სიმძიმემ? თავს გავუმჟღავნებ ამნაირთ. მცირედი როდია ნაყოფი, უფალო ღმერტო ჩემო, როცა „შენს მიმართ მრავალნი აღავლენენ მადლს ჩვენთვის“ [16] და მრავალნი შეგავედრებენ ჩვენს თავს. დაე, შეიყვაროს მოყვასის სულმა ჩემში ის, რის სიყვარულსაც გვასწავლი, და დაიტიროს ის, რაც სატირლად გიჩანს.

დაე, იგრძნოს უცხომ კი არა, მოყვასის სულმა, არა იმათმა, „ვისი ბაგენიც ტყუილს იტყვიან და ვისი მარჯვენაც უსამართლობის მარჯვენაა“ [17], არამედ ძმის სულმა, რომელიც, თუ მიწონებს, ხარობს ჩემს გამო, ხოლო თუ მგმობს, ჩემთვისვე წუხს, რადგან მიწონებს თუ მიწუნებს, მაინც ერთნაირად ვუყვარვარ. თავს გავუმჟღავნებ ამნაირთ: დაე, უხაროდეთ ყოველივე კარგი, რაც არის ჩემში, და წუხდნენ ცუდის გამო. რაც კარგია ჩემში, შენმიერია, ცუდი კი ჩემი ცოდვებისგან იღებს დასაბამს, რომელთაც შენ ჰგმობ. დაე, სიხარულით უმზერდნენ პირველს და წუხდნენ მეორის გამო. დაე, ჩემი ძმების გულიდან, როგორც სასაკმევლედან, ამოიკმეს შენდამი საგალობელიც და გოდებაც. შენ კი, ვინც ტკბები შენივე ტაძრის კეთილსურნელებით, „შემიწყალე შენი უსაზღვრო გულმოწყალებით“ [18], და რაკი არასოდეს დაუბოლოვებლად არ ტოვებ შენს საქმეს, ბოლომდე წარხოცე არასრულქმნილებაც ჩემი.

6. აი, ჩემი აღსარების ნაყოფი: იმის გადმოცემა კ არა, თუ როგორი ვიყავი უწინ, არამედ იმისა, თუ როგორი ვარ ამჟამად. მე მინდა ვაღიარო ეს არა მარტო შენს წინაშე, იდუმალი „შიშით და ძრწოლით“ [19], იდუმალი ჭმუნვით და სასოებით, არამედ ადამის კეთილმორწმუნე ძეთა წინაშეც, რომელნიც იზიარებენ ჩემს სიხარულს და ინაწილებენ ჩემს მწარე ხვედრსაც - მოკვდავობას. ისინი ჩემი თანამოქალაქენი არიან და ჩემივე თანამგზავრნი ამქვეყნიური ცხოვრების ორომტრიალში, მიუხედავად იმისა, წინ მისწრებდნენ, უკან მომდევენ თუ ჩემს მხარდამხარ მოდიან: შენი მსახურნი და ჩემი ძმები, შენი შვილები და ჩემი უფალნი, რომელთა მსახურებაც მიბრძანე, თუკი ვისურვებდი შენითა და შენთვის მეცოცხლა. შენს ძეს რომ მხოლოდ სიტყვებით დავემოძღვრეთ, ეს არ იქნებოდა საკმარისი, მაგრამ მან თავისი საქმით გვიჩვენა გზა, და მეც ამ გზას მივსდევ: სიტყვით თუ საქმით ვემსახურები ჩემსავე მოყვასთ, „შენი ფრთების ჩრდილს შეფარებული“ [20], რადგანაც საშინელი განსაცდელი მემუქრებოდა, შენს ფრთებს რომ არ შეხიზვნოდა ჩემი სული, და არა გცოდნოდა ჩემი უძლურება. მე ვარ უმწეო ყრმა, მაგრამ უკვდავია მამა ჩემი და ყოვლისმძლეა მფარველი ჩემი. მან დამბადა და მმფარველობს კიდეც. შენა ხარ მთელი ჩემი სიკეთე, მძლეთამძლეო; ყოველთვის ჩემთან იყავი, თვით მაშინაც კი, ვიდრე მე მოვიდოდი შენთან. ამიტომაც ვაუწყებ იმ ხალხს, ვისი მსახურებაც მიბრძანე, არა იმას, თუ რა ვიყავი, არამედ იმას, თუ ვინა ვარ და რა ვარ ახლა. მაგრამ „მე თვითონ როდი განვიკითხავ ჩემსავე თავს“ [21]; დაე, ახსოვდეთ ეს ჩემს მსმენელებს.

_________________________________

[16] - II კორ. I, 11.

[17] - ფსალმ. 143, 8.

[18] - ფსალმ. 50, 3.

[19] - ფსალმ. 2, 11.

[20] - ფსალმ. 16, 8; 35, 8.

[21] - I კორ. IV, 3.

 

V

7. შენ განმიკითხავ, უფალო, რადგანაც არავინ იცის „რა ხდება კაცში, თუ არა კაცის სულმა, რომელიც არის მასში“ [22]. მაგრამ არის კაცში რაღაც ისეთი, რაც არ იცის თვით კაცის სულმა, რომელიც არის მასში, ხოლო შენ, უფალო, ჭეშმარიტად იცი ყოველი, რაც არის კაცში, რადგანაც შენ შეჰქმენი იგი. ისე კი, მართალია, უბადრუკი ვარ შენს წინაშე და „მტვრად და ფერფლად“ [23] მიმაჩნია ჩემივე თავი, მაგრამ ვიცი შენზე რაღაც ისეთი, რაც თვით ჩემზედაც არ ვიცი. რა თქმა უნდა, „ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში“ და არა „პირისპირ“ [24], ამიტომ შენგან განშორებული და უცხო მხარეს მოხეტიალე [25] ჩემს თავთან უფრო ახლოსა ვარ, ვიდრე შენთან, მაგრამ ის მაინც ვიცი, რომ ვერავინ დაგატანს ძალას, ხოლო რანაირ საცთურს შემიძლია აღვუდგე წინ და რანაირს - არა, ეს კი არ ვიცი. მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ „სარწმუნო ხარ“ და „არ განგვაცდევინებ იმას, რისი თმენაც ჩვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებ, რათა შევიძლოთ დათმენა“ [26].

ამრიგად, აღსარების გეუბნები და ვაღიარებ არა მარტო იმას, რაც ჩემსავე თავზე ვიცი, არამედ იმასაც, რაც არ ვიცი. რადგან ის, რაც ჩემსავე თავზე ვიცი, შენგან ნათელფენილმა ვიცი, ხოლო რაც არ ვიცი, მანამდე არ მეცოდინება, სანამ ჩემი „წყვდიადი“ „შუადღესავით არ გაბრწყინდება“ [27] შენი სხივოსანი სახის წინაშე.

_________________________________

[22] - I კორ. II, 11.

[23] - იობი XLII, 6.

[24] - I კორ. XIII, 12.

[25] - შდრ. II კორ. V, 6.

[26] - I კორ. X, 13.

[27] - ესაია LVIII, 10.

 

VI

8. ცხადად შევიგრძნე, რომ მიყვარხარ, უფალო: აქ არაფერია საეჭვო. შენი სიტყვით განწონე ჩემი გული და მეც შეგიყვარე. ცაც, მიწაც და ყოველივე ისიც, რითაც კი სავსობენ ისინი, ყოველი მხრიდან მიხმობენ, გიყვარდესო შენი უფალი, და ამასვე გამუდმებით ჩააგონებენ ყველას, რათა ვერავინ „შეიძლოს თავის მართლება“ [28]. უფრო სრული იქნება შენი წყალობა იმის მიმართ, ვისაც სწყალობდი, და უფრო გულმოწყალე იქნები მისდამი, ვისაც გულმოწყალებით ემსჭვალვოდი [29]. ასე რომ არ იყოს, ცა და მიწა ყრუებს თუ უქადაგებდნენ დიდებას შენსას.

მაგრამ რა მიყვარს, როცა მიყვარხარ შენ? არა ხორციელი სილამაზე, არა წარმავალი მშვენიერება, არა თვალთათვის ესოდენ საამო ბრწყინვალება, აი, ამ ნათლისა, არც კეთილხმოვანება სიმღერებისა თუ საგალობლებისა, არც ყვავილთა, საკმეველთა თუ ნელსაცხებელთა ამო სურნელი, არც ზეციური მანანა თუ თაფლი, არც ქალის სავსე სხეული, ესოდენ სასურველი ხვევნა-კოცნისათვის: არა, ყოველივე ეს როდი მიყვარს, როცა მიყვარს ღმერთი ჩემი. ეს ნათელიც, ეს ხმაც, ეს სურნელებაც, საზრდოც და ხვევნაც „შინაგანი კაცისა“, რომელიც არის ჩემში, იქ, სადაც ჩემს სულს აცისკროვნებს სივრცით გარშემოუწერელი უცხო ნათელი; სადაც ჟღერს ის ხმა, რომელსაც დრო ვერ დაადუმებს; სადაც იკმევა სურნელება, რომელსაც ქარი ვერ განაქარვებს; სადაც საზრდოს ვერ მოგვაყირჭებს ნაყროვანება და სადაც ხვევნის ნეტარებას ვერ გვაბეზრებს ტკბობის სისავსე. აი, რა მიყვარს, როცა მიყვარს ღმერთი ჩემი.

9. კი მაგრამ, მაინც რა არის ღმერთი? ვკითხე მიწას, და მან მომიგო: „მე არა ვარ ღმერთი“; და მიწის ყოველმა მკვიდრმაც იგივე აღიარა [30]. ვკითხე ზღვას, უფსკრულს და მასში მობინადრე ქვეწარმავალთაც; მათაც მომიგეს: „ჩვენ არა ვართ ღმერთი; ეძიე ჩვენს ზემოთ“. ვკითხე ბობოქარ ქარებს და მთელმა ჰაეროვანმა სივრცემ, თავისი ბინადრებითურთ, პასუხად მითხრა: „ანაქსიმენე [31] ცდება: მე არა ვარ ღმერთი“. ვკითხე ცას, მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს: „არა ვართ ღმერთი, რომელსაც ეძებ“, - იყო პასუხი. მაშინ დავეკითხე ყველაფერს, რაც გარს არტყია ჩემს სხეულს: „მითხარით რამე ჩემს ღმერთზე, - თქვენ ხომ არა ხართ იგი, - რამე მაინც მითხარით მასზე“. და მათაც შემომღაღადეს: „ჩვენ კი არა, ჩვენი შემოქმედი, - აი, ვინ არის ღმერთი“ [32]. ჩემი ჭვრეტა იყო ჩემი შეკითხვა, ხოლო მათი პასუხი - მათივე მშვენიერება.

მაშინ ჩემსავე თავს მივუბრუნდი და ვკითხე: „ვინა ხარ შენ?“ და მან მომიგო: „ადამიანი“. აჰა, ჩემი ხორცი და ჩემი სული, ჩემდა სამსახრად გამზადებულნი, ერთს გარეგან გარსს რომ ვუწოდებთ, ხოლო მეორეს - შინაგან არსს. ამ ორთაგან რომელსა ვკითხო, ვინ არის ჩემი ღმერთი-მეთქი, ვისაც ამდენ ხანს ვეძებდი, მიწიდან მოყოლებული ვიდრე ზეცამდე, სადამდისაც კი შემეძლო მიმეწვდინა ჩემი თვალის სხივები? რა თქმა უნდა, უმჯობესია ჩემს შინაგან არსს ვკითხო. ყველა ხორციელმა მაცნემ უკვე აუწყა ჩემს სულს, ჰეგემონსა და მსაჯულს, როგორც ცისა და მიწის, ისე ყოველივე ზეციურის თუ მიწიერის პასუხი: „არა, ჩვენ კი არა, ჩვენი შემოქმედი, - აი, ვინ არის ღმერთი“. შინაგან კაცს გარეგანმა აუწყა ის, რომელიც არის მისი მსახური. ჩემმა სულმა, ანუ ჩემმა შინაგანმა „მე“-მ ხორციელი გრძნობების მეშვეობით შეიტყო თავისი კითხვის პასუხი. ვკითხე მთელ სამყაროს ჩემი ღმერთის ამბავი, და მანაც პასუხად მითხრა: „არა, მე კი არა, ჩემი შემოქმედი, - აი, ვინ არის ღმერთი“.

10. მერედა, ნუთუ ყველას, ვისი ხორციელი გრძნობებიც საღია, ერთნაირად არ წარმოუჩნდება სამყაროს ეს მშვენიერება? მაშ, რატომ არ ეუბნება იგი ყველას ერთსა და იმავეს? როგორც პაწაწკინტელა, ისე ვეება ცხოველებიც ხედავენ მას, მაგრამ არ შეუძლიათ რაიმე ჰკითხონ, რადგანაც მათ არა ჰყავთ სულის მაცნე გრძნობების ფხიზელი მსაჯული - განმსჯელი გონი. ადამიანებს კი შეუძლიათ ჰკითხონ, რათა „ის, რაც უხილავია ღმერთში, საცნაური და ხილული გახდეს“ [33]. მაგრამ შექმნილი სამყაროს სიყვარულით თვალდავსილნი კიდევაც ემონებიან მას, დამონებულთ კი აღარ შესწევთ განსჯის უნარი. ხოლო შექმნილი სამყარო შეკითხვაზე მხოლოდ იმას მიუგებს, ვისაც განსჯის უნარი აქვს: ის არ იცვლის ხმას, ანუ თავის მშვენიერებას, და სხვადასხვა სახით არ წარმოუჩნდება არც იმას, ვინც მხოლოდ ხედავს და არც იმას, ვინც ხედავს და კიდეც ეკითხება. თუმცა ერთნაირი სახით რომ ევლინება ორივეს, პირველის მიმართ მუნჯია, მეორეს კი პასუხს მიუგებს, მაგრამ მისი ხმა გასაგებია მხოლოდ მისთვის, ვინც ამ ხმის გაგონებისას იმ ჭეშმარიტებას ადარებს მას, რომელიც მკვიდრობს ჩვენს სულში“ [34]. ეს ჭეშმარიტება კი, აი, რას მეუბნება მე: „შენი ღმერთი არც ცაა, არც მიწა და არც ესა თუ ის სხეული“. თვით მათი ბუნება ცხადყოფს ამას. მხედველობისთვის ყოველი სხეულის ნაწილი ნაკლებია მის მთელ მასაზე. ამიტომაც უკეთესი ხარ, შენ გეუბნები, სულო, რადგანაც შენ ასულდგმულებ სხეულის მთელ მასას, რომელშიაც მკვიდრობ, და სიცოცხლეს ანიჭებ მას, მაშინ როდესაც ვერცერთი სხეული სიცოცხლეს ვერ მიანიჭებს მეორე სხეულს [35]. ხოლო შენი ღმერთი უფრო მეტია: იგია შენი სიცოცხლის სიცოცხლე.


[28] - რომ. I, 20.

[29] - შდრ. რომ. IX, 15.

[30] - შდრ. პლოტინი: „ჩვენ განცვიფრებით ვუმზერთ ამ გრძნობადი სამყაროს სიდიადეს, მის მშვეინიერებას და მარადიული მოძრაობის წესრიგს... მაგრამ, დაე, ავმაღლდეთ მისი პირველნიმუშის („to arqetipon“), უფრო ჭეშმარიტი სინამდვილის ჭვრეტად, .... რათა ვიხილოთ წმინდა გონება, სასწაულებრივი სიბრძნე და ჭეშმარიტი სიცოცხლე („ენნ.“ V, 1, 4).

[31] - ანაქსიმენე (დაახლ. 585-525 ძვ.წ.ა) - სახელგანთქმული ბერძენი მოაზროვნე, თალესსა და ანაქსიმანდრესთან ერთად იონიური ნატურფილოსოფიის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი. ანაქსიმენე ჰაერს მიიჩნევდა საგანთა პირველსაწყისად, რომელიც გაუხშოებისას დასაბამს აძლევს ცეცხლს, შემკვრივებისას კი - ქარს, ღრუბლებს, წყალს, მიწას, ქვებს.

[32] - შდრ. ფსალმ. 99, 3.

[33] - რომ. I, 20.

[34] - შდრ. ნეტარი ავგუსტინე, „ქადაგებანი“ (197, 1): „შენ ყურადღებით აკვირდები პოხიერ მიწას, აკვირდები ზღვას, ცოცხალი არსებებით სავსეს, აკვირდები ჰაერს, ფრთოსნებით სავსეს, აკვირდები ცას, ვარსკვლავების ციმციმს რომ გვაფრქვევს, მაგრამ არ ეძებ ესოდენ დიადი ქმნილების შემოქმედს? ნაცვლად ამისა მეუბნები: ყოველივე ამას ვხედავ, თვითონ მას კი ვერა ვედავო. ყოველივე ეს რომ დაინახო, საამისოდ მან ხორციელი თვალი მოგცა, ხოლო თვითონ მის დასანახად გონი გიბოძა. აკი შენ სულსაც ვერ ხედავ, მაგრამ იმის მიხედვით, თუ როგორ მოძრაობს და წარიმართება სხეული, შენ შეიცნობ სულს, რომელსაც ვერ ხედავ. ზუსტად ასევე, იმის მიხედვით, თუ როგორ იმართვის სამყარო და წარიმართება თვით სული, შეიცან შემოქმედი“.

[35] - თვით მზეც კი, ამქვეყნიური არსებობის ყველაზე დიდი ფაქტორი, უშუალოდ ვერ ქმნის სიცოცხლეს.

 

VII

11. კი მაგრამ, მაინც რა მიყვარს, როცა მიყვარს ღმერთი ჩემი? ვინ არის იგი, ჩემს სულზე უმაღლესი და უზენაესი? ამ ჩემი სულით ავმაღლდები მის სიდიადემდე. თავს მოვევლები იმ ძალას, რომელიც მაკავშირებს სხეულთან და სიცოცხლით აღავსებს მას. ეს ძალა როდი მაპოვნინებს ღმერთს, თორემ მაშინ მის პოვნას „უგონო ცხენიცა და ჯორიც“ [36] შესძლებდნენ. მაგრამ მათაც აქვთ სწორედ ეს ძალა, რომელიც სიცოცხლეს ანიჭებს მათ სხეულს.

არის სხვა ძალაც, რომლითაც არა მარტო სიცოცხლეს ვანიჭებ ჩემს სხეულს, არამედ მგრძნობელობასაც. ეს ძალა შეჰქმნა ღმერთმა, რომელმაც თვალს დაუწესა, კი არ ისმენდეს, არამედ ხედავდეს, ხოლო ყურს - კი არ ხედავდეს, არამედ ისმენდეს, და ასე, თვითეულ გრძნობას თავისი ადგილი და დანიშნულება მიუჩინა. სწორედ მათი მეშვეობით ვასრულებ სხვადასხვა დანიშნულებას და იმავდროულად ვინარჩუნებ ჩემს სულიერ ერთიანობას. უკან მოვიტოვებ ამ ძალასაც; ის ცხენსაცა აქვს და ჯორსაც, რადგან მათთვისაც ნიშნეულია სხეულებრივი გრძნობები.

_________________________________

[36] - ფსალმ. 31, 9.

 

VIII

12. ამრიგად, უკან ვიტოვებ ჩემი ბუნების ამ ძალასაც, რათა თანდათანობით ავმაღლდე მის სიდიადემდე, ვინც შემქმნა. და, აი, მე ვუახლოვდები მეხსიერების ვრცელ ველსა და სრა-სასახლეს [38], ამ უზარმაზარ განძთსაცავს, სადაც თავმოყრილია გრძნობებით აღქმულ საგანთა ურიცხვი ხატებანი. აქაა დაცული ყველაფერი, რაც დავიწყებას არ შთაუნთქავს და დაუსამარებია; ყველაფერი, რასაც ვაყალიბებთ, ვზრდით ან ვაკნინებთ, ვცვლით და ამა თუ იმ სახეს ვანიჭებთ.

როცა იქა ვარ, მე შემიძლია გამოვიხმო ის ხატებანი, რომელნიც მინდა. ზოგი მაშინვე წარმომიჩნდება, ზოგს კი დიდხანს უნდა ელოდო, თითქოს თავიანთი საკნიდან გამოსვლა ეზარებათ; ზოგიც ჯგროდ გამოეფინება, ნაცვლად იმისა, რასაც ვეძებ და ვთხოულობ, და თითქოს მეუბნება, ჩვენ ხომ არ გვიხმეო? მე გონების ხელს ვუქნევ ამ აბეზრებს, ძალით ვიცილებ თავიდან, და ბოლოს ის, რაც მსურდა, თითქოს ღრუბლებიდან გამოანათაო, ზლაზვნით გამოდის თავისი სამალავიდან; ზოგიც ძალდაუტანებლად მევლინება და მწყობრი წესრიგით ჩამივლის გონების თვალწინ, სწორედ ისე, როგორც მე მსურდა: წინამორბედი მომდევნოს უთმობს ადგილს, თვითონ კი უჩინარდება, რათა შემდეგ, ჩემი მოთხოვნისთანავე, ხელახლა გამომეცხადოს. ასე ხდება, როცა რაიმეს ვიგონებ და ვუყვები ვინმეს [39].

13. აქ ცალ-ცალკე, სახეობებისდა მიხედვით ჯგუფდება და ინახება ყველაფერი, რაც გრძნობებს შეუტანიათ შიგ, თვითეულს - თავისი გზით: სინათლე, ყოველი სხეულის ფერი თუ ფორმა - თვალებს; ბგერათა ურიცხვი სიმრავლე - ყურებს; ათასგვარი სურნელი - ნესტოებს; ათასნაირი გემო - პირს; ყოველივე ის, რაც მკვრივია თუ რბილი, ცხელი თუ ცივი, მქისე თუ გლუვი, მძიმე თუ მსუბუქი, შინაგანი თუ გარეგანი, - მთელ სხეულს თავისი გრძნობელობით. ყოველივე ამას მეხსიერება მიირქმევს თავის უსასრულო საცავში, თავის ფარულსა და იდუმალ სენაკებში, ურიცხვ ცხრაკლიტულსა თუ უღრმესსა და უშინაგანეს კუთხე-კუნჭულში, რათა სათანადოდ გადაამუშაოს და, თუ საჭიროება მოითხოვს, კიდეც გამოიხმოს იქიდან. ყველაფერს თავისი შესასვლელი აქვს და ამ საცავში გროვდება.

მაგრამ შედიან არა საკუთრივ საგნები, არამედ მათი ხატებანი, დაუყოვნებლივ რომ ამოტივტივდებიან მისი გონების თვალწინ, ვინც მათ იგონებს. ვინ იცის, როგორ ჩამოყალიბდნენ, თუმცა ის კი ნათელია, რომელმა გრძნობამ მოიხელთა და მოათავსა სულის სიღრმეში.

განუჭვრეტელ უკუნეთსა და მდუმარებაშიც რომ ვცხოვრობდე, თუ მოვინდომებ, მაინც შემიძლია მეხსიერებაში გამოვიხმო ფერები, ერთმანეთისაგან განვასხვავო თეთრი და შავი, ან, თუ გნებავთ, ნებისმიერი სხვა ფერი. იქვეა ბგერების სავანეც, მაგრამ ისინი არ ცდილობენ თავიანთი ხმოვანებით შემოიჭრან და აამღვრიონ ჩემს მიერ გამოხმობილი ხატებანი: ისინი თითქოს ცალკე სენაკებში არიან მიყუჟულნი. მე შემიძლია, თუკი მომეპრიანება, ბგერებიც გამოვიხმო იქიდან, და ისინიც არ დაახანებენ, წამსვე ამოიშლებიან: ენა უტყვია, ჩემი ყელი დუმს, მე კი ვმღერი, ან ვღიღინებ, რაც მსურს. ხოლო ფერების ხატებანი, რომელნიც იქვე არიან, არაფერში არ ერევიან და ხელს არ მიშლიან, ვიდრე ჩემი მეხსიერების სულ სხვა საგანძურს ვჩხრეკ, ჩემივე სმენის მიერ დაგროვილს და დახვავებულს. ასევე ვიხსენებ, როცა კი მომესურვება, ყოველივე იმას, რაც ჩემს გრძნობებს შეუკრებიათ და შემოუტანიათ ამ საცავში. ასე მაგალითად, მშვენივრად ვასხვავებ ერთმანეთისაგან იისა და შროშანის სურნელს, თუმცა ამ დროს არც ერთს ვყნოავ და არც მეორეს [40], ხოლო მაჭარს თაფლს ვამჯობინებ, რბილს კი - მაგარს, თუმცა არც რას გემოს ვუსინჯავ და არც რას ვეხები, არამედ მხოლოდ ვიგონებ.

14. ყოველივე ეს ხდება ჩემში, ჩემი მეხსიერების ვრცელ დარბაზებში. აქ ჩემს განკარგულებაშია ცაც, მიწაც, ზღვაც და ყველაფერი, რაც კი გრძნობებით აღმიქვამს; ყველაფერი, გარდა იმისა, რაც დამავიწყდა. აქვე ვხვდები ჩემსავე თავს, როცა ვიხსენებ, რას ვაკეთებდი, ან იმ დროსა თუ ადგილს, როცა ამას და ამას ვაკეთებდი, და იმ გრძნობებსაც, რასაც განვიცდიდი მისი კეთებისას [41]. აქაა ყველაფერი, რაც - კარგად მახსოვს, - საკუთარი გამოცდილებით შემიძენია, ან სხვისგან შემითვისებია. სწორედ ამ საგანძურს ვიყენებ, როცა ყოველივე იმის მიხედვით, რაც საკუთარი გამოცდილებით მაქვს შეძენილი, ან სხვისგან შეთვისებული, ისევე, როგორც მათთან მსგავსების საფუძველზე ვქმნი ხან ერთსა და ხან მეორე ხატებას, რომლებსაც ვაქსოვ ნამყოში და მათი მეშვეობით ვქსოვ მყოობადსაც; ურიცხვი ქცევა, ვითარება თუ სასოება, - ყოველივე ამას ხელახლა ვიაზრებ როგორც აწმყოს. „მე გავაკეთებ ამას და ამას“, - აი, რას ვეუბნები საკუთარ თავს ჩემი სულის ამ უზარმაზარ საცავში, რომელიც ესოდენ ურიცხვსა და დიად ხატებას აღუვსია, - რასაც მოსდევს ხან ერთი და ხან მეორე დასკვნა: „ოჰ, ნეტა ასე და ასე მოხდეს!“ ან „ღმერთმა გვაშოროს ეს!“ აი, რას ვეუბნები ჩემსავე თავს და მაშინვე წარმომიჩნდებიან იმათი ხატებანი, რაზედაც ვლაპარაკობ, მეხსიერების იმავე საცავიდან გამოხმობილნი. იქ რომ არ ყოფილიყვნენ, ვერაფრის თქმასაც ვერ შევძლებდი [42].

15. დიდია ძალა მეხსიერებისა, ღმერთო ჩემო, უსაზღვროდ დიდი! ესაა წმიდა ტაძარი, უსასრულო და გონებამიუწვდომელი. ვის შეუძლია შეღწევა მასში? და მაინც, ესაა ჩემი საკუთარი გონების ძალა, ის ნიშნეულია ჩემი ბუნებისათვის, მაგრამ მე არ შემიძლია მთლიანად დავიტიო ჩემივე თავი. ნუთუ სული მეტისმეტად ვიწროა საიმისოდ, რომ თავისი თავი მოიცვას? მაშ, სადღაა ის, რასაც ვერ იტევს? ნუთუ მის გარეთაა და არა თვით მასში? კი მაგრამ, როგორც ვერ იტევს? ყოველივე ეს გამაოგნებლად მოქმედებს ჩემზე და ენითუთქმელი განცვიფრებით მავსებს.

ადამიანები განცვიფრებით უყურებენ მთის მწვერვალებს, ზღვის ბობოქარ ტალღებს, ვეება მდინარეებს, მთელი ხმელეთის გარემომცველ უსაზღვრო და უკიდეგანო ოკეანეს თუ ვარსკვლავთა წრებრუნვას ცის თაღზე, მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ თავიანთი თავი. არც ის უკვირთ, რომ მე შემიძლია ვილაპარაკო ყოველივე ამის შესახებ, თუმცა თვალწინ როდი მიდგანან ისინი, მაგრამ ერთ სიტყვასაც ვერ ვიტყოდი მათზე, ამ მთებს თუ ტალღებს, ამ მდინარეებს თუ ვარსკვლავებს, რომლებიც მე თვითონ მინახავს, ან ამ ოკეანეს, რომლის უსაზღვროების ამბავიც მხოლოდ სხვებისგან მსმენია, ჩემი მეხსიერების სიღრმეში რომ არ ვხედვდე მთელი მათი სიდიადით, თანაც ისე ცხადად და მკაფიოდ, თითქმის ამ წუთში სწორედ მათ მივჩერებოდე. მაგრამ თვალებით როდი შემისრუტავს ისინი და არც თვითონვე არიან ჩემში, არამედ მხოლოდ მათი ხატებანი, და მე ვიცი, რა აღიბეჭდა, ან გრძნობის რომელი ორგანოთი აღიბეჭდა ჩემს სულში.


[37] - ეს მოულოდნელი გადასვლა ხორციელი გრძნობებიდან მეხსიერებაზე გაუგებარი დარჩება მკითხველისათვის, თუ არ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ნეტარი ავგუსტინე აქ მთლიანად იზიარებს პლოტინის ფსიქოლოგიზმს (რაც, თავის მხრივ, პლატონისგან იღებს დასაბამს), რომლის თანახმადაც, ერთმანეთისაგან უნდა ვასხვავებდეთ ხულის ქმედითობის ორ ასპექტს - უდაბლესსა და უმაღლესს. ამრიგად, ნეტარი ავგუსტინე გვერდს უვლის ხორციელ გრძნობებს, რომლებიც, მისივე სიტყვით, უგონო ცხოველებსაც ახასიათებთ, და უშუალოდ გადადის სულის უფრო მაღალ ფუნქციაზე - მეხსიერებაზე, რაც მხოლოდ ადამიანებისთვისაა ნიშნეული.

[38] - პროფ. ი.ვ.პოპოვი თავის ფუნდამენტურ გამოკვლევაში „ნეტარი ავგუსტინეს პიროვნება და მოძღვრება“ (სერგიევ პოსადი, 1916, ტ.I, ნაწ.II, გვ.49) შენიშნავს: „ნეტარი ავგუსტინეს მოძღვერბა მეხსიერების ბუნების შესახებ, საერთოდ, პლოტინს მისდევს და მისგან მხოლოდ ბერძენი ფილოსოფოსის თეზისთა უფრო დეტალური დამუშავებით, ცოცხალ ფსიქოლოგიურ დაკვირვებათა სიუხვითა და კერძო მომენტთა ზოგიერთი არსებითი ცვლილებით ამოირჩევა“. პროფ. პოპოვი უმეტესწილად ძალზე ზუსტად და ამომწურავად ახასიათებს პლოტინის გავლენას ნეტარი ავგუსტინეს მეტაფიზიკურ დოქტრინაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ცდება: როგორც ვხედავთ, ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით, მეხსიერება გრძნობებით აღქმულ საგანთა ხატებების უზარმაზარი საცივია, მაშინ როდესაც პლოტინი მკვეთრად უპირისპირდება ამ თვალსაზრისს: მეხსიერება შთაბეჭდილებათა შენახვის უნარი კი არაა. რამედ სულის ენერგია. ქმედითი ძალა (იხ. П.Блоиский. Философия Плотина. М., 1918, стр. 166).

[39] - როგორც ვხედავთ, ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით, მოგონებისა თუ გახსენებების აქტი გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს; ამ მხრივ, ის პლოტინის აზრს იმეორებს, მაგრამ პლოტინს სულ სხვანაირი დასკვნა გამოაქსვ ამ ფაქტიდან (იხ. М.Владиславлев, Философия Плотина, С-Пб., 1868, стр. 175-178).

[40] - „ყნოსვითი ხატებანი“, ჩვეულებრივ, უფრო მქრქალნი არიან, ვიდრე სულში ხედვისა თუ სმენის ქმედითობის წყარლობით აღბეჭდილი ხატებანი. ნეტარ ავგუსტინეს, ეტყობა, ძალზე ფაქიზი ყნოსვა და ყნოსვით აღქმულ სურნელთა შენახვის არანაკლებ დახვეწილი უნარი ჰქონდა... შდრ. პოლ ვალერი: „ბგერები და სურნელებანი. - ასოციაციები. ჩვენ არ შეგვიძლია და, მაშასადამე, არ ვიცით, სურნელთა ურთიერთდაკავშირება. რომ შეგვეძლოს და ვიცოდეთ, ოჰ, რა მუსიკა შეიქმნებოდა!

ყური ადვილად აღიქვამს ვარიაციებს, - ამიტომაც იბადება ურთიერთკავშირი, შესაძლო გაგრძელება და განვითარება, - მუსიკა.

სურნელთა თანმიმდევრული მწკრივი მხოლოდ აზრების თანმიმდევრულ მწკრივს იწვევს (უკეთეს შემთხვევაში). მაგრამ ბგერების თანმიმდევრული მწკრივი შეიძლება აღნიშნავდეს რაიმე ახალ არსს, ვინაიდან შეიძლება შეესატყვისებოდეს ამა თუ იმ რთულ მოქმედებას.

განკერძოებული ბგერა უფრო მეტად არარაა (საერთოდ), ვიდრე განკერძოებული სურნელი“ (იხ. პოლ ვალერი, სულის კრიზისი, ფრანგულიდან თარგმნა ბ.ბრეგვაძემ, თბ. 1994, გვ.61).

[41] - ნეტარი ავგუსტინე ყოველთვის ცხოველ ინტერესს იჩენდა იმის მიმართ, თუ რანაირად ინახავს მეხსიერება სულიერ მღელვარებათა ნაკვალევს. მეხსიერება რომ არ ინახავდეს წარმოდგენას ოდესღაც განცდილი შიშის, ტკივილის, მწუხარებისა თუ ვნების შესახებ, შეუძლებელი იქნებდოა მათზე ლაპარაკი. და მაინც, ისინი იმ სახით როდი ინახებიან სულში, რა სახითაც განცდილ იქნენ. ვნებათაღელვის მოგონებას აკლია გრძნობის ის სიმძაფრე, რომელიც ოდესღაც თან ახლდა მას. უწინდელ სიხარულს ხშირად უსიხარულოდ იგონებენ, გარდასულ მწუხარებას კი ისე, რომ ამ გრძნობას არ განიცდიან. შეიძლება გულგრილად, ვნების გარეშე გაიხსენო უწინდელი ვნებათაღელვა. ზოგჯერ სულის მდგომარეობა მოგონების საპირისპიროც კია. ხანდახან სიხარულით აღგზნებულნი ვიგონებთ დამთრგუნველ მწუხარებას, გულმწუხარენი კი - სიხარულს. თუ განცდილი მღელვარებანი უკვე აღარ არსებობენ, ცხადია, თვით ისინი კი არ ინახებიან მეხსიერებაში, არამედ მხოლოდ მათი ხატებანი“. - პროფ. ი.ვ.პოპოვი, დასახ. ნაშრ. გვ.51.

[42] - მეხსიერების პრობლემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს პრობლემათაგანია ნეტარი ავგუსტინეს ფილოსოფიურსა და ფსიქოლოგიურ მოძღვრებაში. „აღსარებათა“ გარდა, მეხსიერების ცალკეული ასპექტები საფუძვლიანადაა განხილული მის თხზულებებში: „სამებისათვის“, „სულის არამატერიალურობისათვის“, „მუსიკისათვის“, „ნების თავისუფლებისათვის“, „წერილებში“ და სხვ. ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია ზოგადად მაინც მიმოვიხილოთ მეხსიერების ავგუსტინესეული კონცეფციის ძირითადი მომენატები.

აი, როგორია მეხსიერების ნახევრად სერიოზული, ან, თუ გნებავთ, „სომატური“ განმარტება, რომელსაც ცოტა ქვემოთ (X, 21-22) გვთავაზობს „აღსარებათა“ ავტორი: „მეხსიერება თითქოს სტომაქია სულისა, ხოლო სიხარული და მწუხარება - ტკბილი თუ მწარე საჭმელი; როცა მეხსიერებას გადავცემთ მათ, თითქოს სტომაქში გადავუძახეთო, ისინი დიდხანს ინახებიან იქ, მაგრამ გემოს კი ვეღარ ინარჩუნებენ... შესაძლოა, როგორც ცოხნისას ამოიზიდება საზრდო პირუტყვის ფაშვიდან, გახსნებაც ასევე გამოიხმობს ამ გრძნობებს მეხსიერებიდან... კი მაგრამ, ვინც მათზე მსჯელობს, ესე იგი, იხსენებს მათ, რატომღა ვერ გრძნობს ვერც სიხარულის სიტკბოს და ვერც მწუხარების სიმწარეს? იქნებ ეს ორი რამ სწორედ იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ მათ შორის გამორიცხულია სრული მსგავსება? ვინ ჩამოაგდებდა სიტყვას მათზე, თუკი შიშისა და მწუხარების ყოველ ხსენებაზე ეს განცდები ხელახლა დაეუფლებოდნენ მას?..“

მეხსიერება, უწინარეს ყოვლისა, აღმქმელობითი უნარია. ესაა სულის ერთგვარი საკუჭნაო, უზარმაზარი საცავი, რომლის ცალკეულ სენაკებშიაც ინახება მთელი მისი შიგთავსი თუ შინაარსი. ნეტარი აგვუსტინე ერთმანეთისაგან განასხვავებს მეხსიერების ორ სახეს: ხსოვნას „წარმავალისას“, რომელიც ხორციელი გრძნობებით (მზერა, სმენა, ყნოსვა, გემო, შეხება) აღქმულ საგანთა ხატებებთანაა დაკავშირებული, და ხსოვნას „წარუვალისას“, რომელსაც ამნაირი ხატებანი არა სჭირდება. მეხსიერების პირველი სახის შინაარსია, ჯერ ერთი, გრძნობებით აღქმულ საგანთა ხატებანი, სხვადასხვა გზით რომ შემოდიან ჩვენში და მეხსიერების ინტიმურ „სენაკებში“ ინახებიან, რათა მოგონებისას ხელახლა ამოტივტივდნენ სულის სიღრმეში; მეორეც, ჩვენივე უწინდელი სულიერი მდგომარეობანი - შიში, ტკივილი, სიხარული, მწუხარება, ვნება და სხვა მისთანანი (იხ. აქვე, შენ. 41); და ბოლოს, დავიწყება: ამ სიტყვის გაგონებისას ჩვენ ვხვდებით, რასაც ეხება საქმე და, მაშასადამე, უნდა ვიფიქროთ, რომ მეხსიერებაში ინახება ან თვით დავიწყება, ან კიდევ მისი ხატება. როდესაც მეხსიერებაზე ჩამოვარდება სიტყვა, თვალწინ გვიდგება საკუთრივ მეხსიერება ყოველგვარი ხატების გარეშე, მაგრამ ამასვე ვერ ვიტყვით დავიწყებაზედაც. დავიწყება შეუძლებელია მეხსიერებაში ინახებოდეს, რაკიღა მთლიანად გამორიცხავს მას. მაგრამ ჩვენი დავიწყება რომ სრული იყოს, აღარაფერი გვემახსოვრებოდა მის შესახებ და, მაშასადამე, ვერც რას გავიგებდით, როცა მასზე გველაპარაკებიან. ამიტომ თუ მეხსიერებაში მაინც არის ის, რაც გამორიცხავს საკუთრივ მეხსიერებას, ცხადია, რეალურად კი არ არის იქ, არამედ როგორც ხატება („აღსარებანი“, X, 24).

მეხსიერების მეორე სახის შინაარსია ყოველივე ის, რასაც ხატება და სივრცული გარშემოწერილობა თუ კონკრეტული თვისებრივი განსაზღვრულობა არ გააჩნია. ასე მაგალითად, მარადისობის ცნება ყოველთვისაა ჩვენს სულში, ისე, რომ მისი შემცვლელი ხატება არა სჭირდება. რათა მოგონების საგნად იქცეს. ჩვენი გონებრივი ქმედითობის ყველა უწინდელი ნაყოფი - განყენებული ცნებები თუ იდეები, აზროვნების ურყევ პრინციპებზე დაფუძნებული თეორიული დასკვნები, მეცნიერებათა შესწავლის შედეგად მიკვლეული ჭეშმარიტებანი, მათემატიკის აქსიომატური დებულებები („მეხსიერება შეიცავს აგრეთვე რიცხვებისა და განზომილებების ათასნაირ თანაფარდობას, მათი ურთიერთმიმართების ურიცხვ წესსა თუ კანონს, რომლებსაც ვერცერთი ხორციელი გრძნობა ვერ აღბეჭდავდა ჩვენს სულში, რადგან მათ არც ფერი აქვთ, არც სუნი, არც გემო, არც ხმიანებენ და არც ხელშესახებნი არიან. მათზე მსჯელობისას მე მესმის ბგერები, რომლებიც აღნიშნავენ იმ სიტყვებს, მსჯელობისას რომ იყენებენ, მაგრამ სხვაა ეს სიტყვები და სულ სხვა - მსჯელობის საგანი. სიტყვები სხვადასხვანაირად ჟღერენ ბერძნულად და ლათინურად, მაშინ როდესაც ამ სიტყვებით გამოხატული ცნებები დამოუკიდებელნი არიან ბერძნული, ლათინური თუ ნებისმიერი სხვა ენისაგან, - „აღსარებანი“, X, 19, - აი, რა განსაზღვრავს, ერთის მხრივ, მეხსიერების მეორე სახის შინაარსს; მეორეს მხრივ კი, ამ შინაარსის განუყოფელ ნაწილად გვევლინებიან არა მარტო ინტელიგიბილურ რეალობათა აბსტრაქტული ცნებები, არამედ საკუთრივ ეს ინტელიგიბილური რეალობებიც, სუბსტანციურად რომ არიან სულში, ისევე, როგორც ყველგან მყოფი და მარადის მყოფი ღმერთი (ჩვენამდე მოღწეულ მზისა თუ ვარსკვლავის სხივს, თავისი პირველწყაროსაგან უზარმაზარი სიშორის მიუხედავად, მაინც შეუძლია გარკვეული ინფორმაცია მოგვაწოდოს თავისი ციური საწყისის თუ წყაროს შესახებ; ზუსტად ასევე, განსხეულებული სულისთვისაც ინჰერენტულია მისი დასაბამიერი სამშობლოს - ინტელიგიბილური სინამდვილის ელემენტები).

მეხსიერების პირველ სახეს ნეტარი ავგუსტინე გრძნობად მეხსიერებას უწოდებს, მეორეს კი - ინტელექტუალურს. შეგრძნებების შემდეგ სულში ჩარჩენილ ხატებებთან დაკავშირებული მეხსიერება ცხოველებისთვისაცაა ნიშნეული: მერცხლები თავიანთ ბუდეებს უბრუნდებიან, საქონელი - ბოსელს თუ თავლას; მხეცები - ბუნაგს; ძაღლები ძილში წკმუტუნებენ და ყმუიან, ესე იგი, სიზმრებს ხედავენ, რაც შეუძლებელი იქნებოდა, მათ სულში არომ არ რჩებოდნენ ყოველივე იმის ხატებანი, რასაც გრძნობებით აღიქვამენ. მაგრამ ამით ამოიწურება უტყვ ცხოველთა მეხსიერება, რაკიღა მათთვის მიუწვდომელნი არიან უზენაესი იდეები, შეუძლებელია ინტელექტუალური მეხსიერება, თავიანთი გრძნობებისა თუ მეხსიერების ხსოვნა ჰქონდეთ, რადგანაც მოკლებულნი არიან იმის უნარს, რომ გაიაზრონ თავიანთი სულის მოძრაობანი და ერთმანეთისაგან განასხვავონ ისინი („თავისუფალი ნებისათვის“, II, 9). მაგრამ ცხოველთა მეხსიერება ადამიანთა გრძნობად მეხსიერებასაც ვერ შეედრება. მათ არ შეუძლიათ სათანადო ნიშნებით აღნიშნონ თავიანთ მეხსიერებაში დაცული ხატებანი, თვითნებურად გაამდიდრონ საკუთარი მეხსიერება და განაახლონ მასში ის, რასაც დავიწყება ემუქრება, სპონტანურად შეცვალოს ან ნაირ-ნაირი კომბინაციებით დაუკავშიროს ერთმანეთს რეალურ საგანთა ხატებანი, ხოლო ამ უკანასკნელთა შორის ერთმანეთისაგან გაარჩიონ ჭეშმარიტნი და ყალბნი („სამებისათვის“, XII,2).

მეხსიერების ფუნქციებია: დამახსოვრება, გახსენება (მოგონება) და წარმოსახვა. პირველი შინაარსით ავსებს მეხსიერებას, მეორე მეხსიერებაში დაცული ხატებისა თუ აბსტრაქტული ჭეშმარიტების ზუსტ რეპროდუცირებას ახდენს, ხოლო მესამე თვითნებურად ცვლის რეალურ საგანთა ხატებებს, რომელთაგანაც ჩვენი ფანტაზია ზოგჯერ მართლაც რომ ფანტასტიურ სურათებს ქმნის.

მეხსიერების მთელი შინაარსი მარტოოდენ დამახსოვრების გზით როდი ექცევა მასში. თუ მეხსიერებაში დაცულია სული, გონება, ნება და თვით მეხსიერება, შეუძლებელია დავასახელოთ მომენტი, როცა ყოველივე ეს აღქმულ იქნა მის მიერ. ადამიანის სული მისი განსხეულების მომენტიდანვე იმარხავს ღმერთს. ეს მომენტები ქრონოლოგიურად განურჩეველნი არიან. აქ თანაარსებობასთან გვაქვს საქმე. დამახსოვრებასთან დაკავშირებულია მხოლოდ წარმავლის ხსოვნა. დამახსოვრების აქტს, რისი წყალობითაც შეგრძნებაში მოცემული საგნის ხატება თუ ახლად შეძენილი განყენებული იდეა მეხსიერების კუთვნილებად იქცევა, მატერიის, ფორმისა და მათი შემაერთებელი ნების ურთიერთმოქმედება განაპირობებს. აქ მატერია მეხსიერებაა, რომელიც თავისთავად ისევე განუსაზღვრელია და უშინაარსო, როგორც ჩვენი მზერა, როცა ამ უკანასკნელს მის მიერ აღქმული საგნისაგან დამოუკიდებლად განვიხილავთ. ფორმა საგნის ფსიქოფიზიკური ხატებაა, რომელიც აღქმაში გვეძლევა. ნეტარი ავგუსტინე მეორეულ ფორმას უწოდებს მას („სამებისათვის“, XI,16). ნება, მეხსიერების მიერ გარეშე შთაბეჭდილებათა შეთვისებისას, განსაზღვრავს შეგრძნებას და ურთიერთკავშირს ამყარებს გრძნობის ორგანოებსა და შეგრძნების საგანთა შორის. საგნის მიმართ თავისი სურვიელი ლტოლვისას ის თითქოს ერთმანეთს ამსგავსებს ამ საგანსა და მის აღმქმელ ორგანოს (შდრ. პლოტინი: „განა თვალი ოდესმე იხილავდა მზეს, მზეს რომ არ დამსგავსებოდა თავად? ვერც სული იხილავდა მშვენიერს, მშვენიერება რომ არ შეემოსა მასაც. დაე, თავდაპირველად ღმერთს ემსგავსოს, დაე, თავდაპირველად მშვენიერი გახდეს ყველა, ვისაც სურს იხილოს ღვთაებრივი და მშვენიერი გახდეს ყველა, ვისაც სურს იხილოს ღვთაებრივი და მშვენიერი“, - „ენნ.“ I,VI,9). დამახსოვრებისას ნება ერთმანეთთან აერთებს მეხსიერებასა და შეგრძნებაში მოცემულ გარეშე საგნის ხატებას, რის შედეგადაც ხდება მეხსიერების ინფორმირება და მასში მყარად აღიბეჭდება საგნის ხატება. ნება შეგრძნებისაკენ მიმართავს მეხსიერებას, როგორც თვალს - მზერით აღსაქმელი საგნის მიმართ, რასაც ემპირიულად გვიდასტურებს ყოველდღიური ცდის არა ერთი და ორი ფაქტი, რომლებიც გვიჩვენებენ, რომ შეგრძნებამ შეიძლება არც კი დატოვოს თავისი კვალი მეხსიერებაში. ასე მაგალითად, დაბნეულობისა თუ უყურადღებობისას, ჩვენ ვერ აღვიქვამთ თანამოსაუბრის სიტყვებს, შეიძლება წიგნის მთელი გვერდი ჩავიკითხოთ ისე, რომ ვერავითარი აზრი ვერ გამოვიტანოთ მისგან, ან კიდევ ისე ჩავუაროთ გვერდი სახლს, საითკენაც მივდიოდით, რომ ვერც კი შევნიშნოთ, და სულ სხვა ადგილას ამოვყოთ თავი. ყველა ამ შემთხვევაში, ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით, გრძნობის ქმედითობა, შეგრძნება უწყვეტი იყო, თორემ კითხვისას ვერც სიტყვას მივაყოლებდით სიტყვას და ვერც თამმად ვივლიდით ჩვენთვის უცნობი მიმართულებით. ასე რომ, დაბნეულობისას თუ უყურადღებობისას, ჩვენ ხედვით კი ვხედავთ და სმენითაც გვესმის, მაგრამ დანახულს და მოსმენილს ვერ ვიმახსოვრებთ, რადგანაც ნება ერთმანეთთან არ აერთებს მეხსიერებასა და შეგრძნებაში მოცემული საგნის ხატებას („სამებისათვის“, XI,15; „მუსიკისათვის“, VI,21).

გახსენება (მოგონება) მეხსიერებაში დაცული საგნის ხატების რეპროდუცირებას ახდენს. თუ ის ჯერ კიდევ არ წაშლილა მახსოვრობაში, ანდა შეძლებისდაგვარად აღადგენს მას, თუკი ის ნაწილობრივ დავიწყების ნადავლად იქცა. დავიწყება ერთბაშად კი არ ნთქამს მეხსიერების შინაარსს, არამედ თანდათანობით („მუსიკისათვის“, VI,6). გახსენების (მოგონების) პროცესი ისევ და ისევ შეგრძნების ანალოგიით, ესე იგი, მატერიის, ფორმისა და მათი შემაერთებელი ნების ურთიერთქმედებით აიხსნება. მდგომარეობას, როცა ჩვენი სული მოგონებასა თუ ოცნებას ეძლევა, ნეტარი აგვუსტინე სულიერ ჭვრეტას უწოდებს, რადგანაც აქ  ჭვრეტის ობიექტებად საგნები კი არა, მათი უსხეულო მსგავსებანი გვევლინებიან. მატერიალური საგნის ფორმას, რომელიც შეგრძნებაში აისახება, მოგონებისას თუ გახსენებისას იმავე საგნის არამატერიალური ხატება შეესაბამება, რომელიც მეხსიერებაშია დაცული. ეს ხატება შეიძლება არც კი იქცეს მოგონების საგნად, ისევე, როგორც მატერიალური საგანი შეიძლება მზერით აღუქმელი დარჩეს, თუკი მეხსიერება და მზერა სხვა რამისკენაა მიმართული.

ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით, მატერიალურ საგანთა ჭვრეტისას სული გუგებიდან ემანირებული სინათლის სხივებით, როგორც ერთგვარი საცეცებით, მოსინჯავს საგანს, რომლის დანახვაც სურს. ამ „საცეცებს“ ის „სინათლის ისრებსა თუ თვალთა სხივებს“ („acies luminis vel radii oculorum“, - „ფსალმუნებისათვის“, XVI,8) უწოდებს. მოგონების უნარი, მისი აზრით, ასევე ყოვლისგანმწონი სხივია, ანუ „ისარი სულისა, რომელიც ფიქრობს თუ იგონებს“ („acies cogitantis vel recordantis animi“, - „სამებისათვის“, XI,6,11). ეს არამატერიალური სხივი სულისა, რომელიც რაღაცას იხსენებს თუ იგონებს, თავისთავად ყოველგვარ განსაზღვრულობას მოკლებულია და მხოლოდ მაშინ იძენს გარკვეულ ფორმას, როცა მეხსიერებაში დაცული საგნის ხატებას აშუქებს, და აშუქებს მანამ, სანამ სხვა ხატებაზე არ გადაინაცვლებს. ნება, ისევე როგორც მხედველობითი შეგრძნებისას, მეხსიერების ბნელი სენაკისკენ მიმართავს ამ სხივს, რათა მისი მეშვეობით მოსინჯოს შიგთავსი.

მოგონება შეიძლება თვითნებური აქტი იყოს. არცთუ იშვიათად, ნება შეგნებულად დაეძებს დავიწყებულს, რათა შინაგანი, სულიერი მზერით იპოვოს იგი, ამ თვალსაზრისით მოგონება (გახსენება) ძალიანა ჰგავს დაკარგული ნივთის ძიებას. ქალმა დაკარგა დრაქმა და სანთლით დაუწყო ძებნა (ლუკა XV,8). საერთოდ რომ არ ხსომებოდა, რაც დაკარგა, ვერასდიდებით ვერ შესძლებდა მის ძიებას, ხოლო შემთხვევით რომ ენახა, ვერც კი იცნობდა. მაგრამ დრაქმა მთლიანად როდი დაკარგულა: ქალს სულში ჩარჩა მისი ხატება. მონეტის ძებნისას სწორედ ამ ხატებას ადარებდა ყველა ნივთსა თუ საგანს, რასაც კი წააწყდებოდა, და, ამრიგად, რწმუნდებოდა, რომ ეს მისი დრაქმა არ იყო. რაღაც ამგვარი ხდება ჩვენს სულშიაც, როცა რაღაცის გახსენებსა ვცდილობთ. მეხსიერებაში ვეძებთ იმას, რაც მოვისაკლისეთ, მაშასადამე, გვახსოვს, რა დაგვავიწყდა. დავიწყებისას, რომელიც ბუნდოვანი გახსენების შესაძლებლობას მაინც გვიტოვებს, ყველაფერი კი არ ეძლევა დავიწყებას, არამედ მხოლოდ ჩვენთვის ჩვეული მთელის ნაწილი. სწორედ ამ დავიწყებულ ნაწილს ვეძებთ იმის მეშვეობით, რაც ჯერ კიდევ არ წაშლილა მეხსიერებაში („აღსარებანი“, X,27). როდესაც ნაცნობს ვხვდებით და მისი სახელის გახსენებას ვცდილობთ, ვინ მოსთვლის, რამდენ სახელს გადავთვლით და ერთიმეორის მიყოლებით უარვყოფთ ყველას, თუკი მათ ამ ადამიანს ვერ ვუკავშირებთ; ხოლო როცა ცნობიერებაში ნამდვილი სახელი ამოტივტივდება, მაშინვე ვამჩნევთ ჩვეულ კავშირს და ვმშვიდდებით („აღსარებანი“, X,28). მაგრამ თუ დაავიწყებამ მთლიანად შთანთქა ხატება თუ ხატებათ წყება, გახსენების სურვილიც კი არ აღგვეძვრის („სამებისათვის“, XI,22).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხედველობითი აღქმისას ნება თითქოს აღსაქმელ საგანს ამსგავსებს თვალს. გახსენებისას თუ მოგონებისას იგივე ნება ხელს უწყობს საგნის ფსიქიკური ხატების რეპროდუცირებას. ის გრძნობად აღქმათა პლასტიკურობასა და საგნობრიობას ანიჭებს რეპროდუცირებულ ხატებებს, როგორც, მაგალითად, სიზმარში, როცა გარეშე შთაბეჭდილებათა ნაკადი წყდება, რის შედეგადაც ჩვენ ისე აღვიქვამთ საკუთარ ჩვენებებს, როგორც ცხადში რეალურ საგნებსა ვხედავთ, და მხოლოდ გამოფხიზლებისას ვრწმუნდებით მათ ილუზორულობაში. იგივე ითქმის სნეულთა ბოდვასა თუ ცნობიერების ექსტატიკურ მდგომარეობებზედაც. შინაგან ხატებათა ამ უჩვეულო სიცხადის მიზეზი ისაა, რომ სულიც და ნებაც მთლიანად მათზეა კონცენტრირებული. გრძნობის გარეგან ორგანოთა ქმედითობისას სულის ყურადრება, რაც აუცილებელია როგორც შეგრძნების, ისე გახსენებისთვისაც, ამ ორ აქტს შორის ნაწილდება, ასე რომ, ნებას აღარ ძალუძს ისეთივე სიცხადე მიანიჭოს შინაგან ხატებებს, რაც ახასიათებს რეალურ აღქმას. მაგრამ თუ სულის ენერგია გრძნობის ორგანოთა მოძრაობისათვის არ იხარჯება, მაშინ ის განსაკუთრებული ინტენსივობით მოქმედებს ფსიქიკურ განცდათა სფეროში. ამ დროს სული განეყენება გრძნობებს და ფსიქიკურ თუ ფიზიკურ მიზეზთა ძალით თავის თავშივე კონცენტრირდება („სამებისათვის“, XI,7).

რაც შეეხება მეხსიერების მესამე ფუნქციას, ე.ი. წარმოსახვას, ის მოგონებისა თუ გახსენებისაგან განსხვავდება იმით, რომ არა მარტო სინამდვილეში არსებულ საგანთა ხატებების რეპროდუცირებას ახდენს, არამედ რაოდენობრივად თუ თვისობრივადაც ცვლის მათ. წარმოსახვის ქმედითობა უჩვეულო თავისუფლებითა და თვითნებურობით გამოირჩევა. საკმარისია გონების თვალი გადავავლოთ პოეტებისა თუ მითების მთხზველთა მიერ შექმნილ ფანტასტიკურ სახეებს, რომელთა განხილვაც გვარწმუნებს, რომ მათ არაფერი შეესაბამება სინამდვილეში. მაგრამ წარმოსახვისეული თავისუფლება უსაზღვრო და უსასრულო როდია: მას არ შეუძლია რაიმე შექმნას არაფრისაგან. რაგინდ შორსაც უნდა იდგნენ რეალობისაგან მისი ქმნილებები, მათში ყოველთვის შეიძლება აღმოვაჩინოთ ნამდვილ აღქმათა ელემენტები. ხოლო როცა ამ უკანასკნელთა ნატამალიც არსადაა, ნების ვერავითარი ძალისხმევა ვერ გამოიწვევს სულში შესაბამის ხატებას („მუსიკისათვის“, VI,32). ბრმადშობილს არავითარი წარმოდგენა არა აქვს სინათლესა და ფერებზე. ამიტომაცაა, რომ წარმოსახვას არ შეუძლია კვალდაკვალ მისდიოს განყენებულ აზრს. ჩვენ არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ წრე რადიუსთა უსასრულო სიმრავლით, რომელნიც მხოლოდ ცენტრში იყრიან თავს. გონებას დიახაც შეუძლია უსასრულოდ გააგრძელოს სხეულის თვით უმცირეს ნაწილაკთა დაყოფა-დანაწევრება, მაგრამ წარმოსახვა მაშინვე ტოვებს მას, როგორც კი დაყოდა მზერისთვის მისაწვდომ თუ გასარჩევ ზღვარს გადალახავს („სამებისათვის“, XI,17). ამრიგად, წარმოსახვისათვის აუცილებელია მასალა, ანუ მეხსიერებაში დაცული რეალურ საგანთა ხატებანი. სამაგიეროდ მას შეუძლია სულ თავისუფლად შეცვალოს, დააჯგუფოს, დაანაწევროს, გაამრავლოს, შეკვეცოს, შეამციროს, მწყობრი წესრიგით დაალაგოს ან უწესრიგოდ არივ-დარიოს და ერთმანეთში ალუფხოს ისინი. აიღოს ერთი ხატების ნაწილი და მეორეს მიუსადაგოს, ანდა პირიქით.

მეხსიერება დიდ როლს ასრულებს შემეცნების პროცესში. ავიღოთ ასეთი მაგალითი: სივრცეში მდებარე პატარა საგანი შეიძლება მთლიანად აღქმულ იქნეს ერთი შეხედვით, მაგრამ დიდი მოცულობის მქონე საგანი რომ მთლიანად აღვიქვათ, ნაწილ-ნაწილ უნდა დავათვალიეროთ, ან გარს შემოვუაროთ მას, რის შედეგადაც მხედველობითი აღქმა რამდენიმე თანმიმდევრულ მომენტად ნაწევრდება, რომელთაგანაც საგნის მთლიანი ხატება მხოლოდ მეხსიერების წყალობით ითხზვის, მეხსიერებისა, ყველა ამ მომენტს რომ ინახავს და ინარჩუნებს („სამებისათვის“, VIII,9).

მეხსიერების მნიშვნელობა კიდევ უფრო არსებითია სმენითი აღქმისას. მასში რომ ბგერების ნაკვალევი არა რჩებოდეს, ვერცერთ სიტყვას ვერ გავიგებდით. ეს უკანასკნელი მხოლოდ მთლიანად თუ შეიძლება იყოს ცნების ნიშანი ან ურთიერთობის საშუალება. მაგრამ ყოველი სიტყვა მარცვლებად იშლება, ხოლო მარცვლები - ბგერებად. თვით ორმარცვლიან სიტყვასაც კი ვერ აღვიქვამთ ერთდროულად, რადგანაც მისი მეორე მარცვალი მხოლოდ მაშინ ახმიანდება, როცა მიჩუმდება პირველი, ხოლო ის, რაც ერთდროულად არ ხმიანებს, ვერც სმენით აღიქმება ერთბაშად. დროის უსასრულო დაყოფადობის გამო არა მარტო მთელი სიტყვა, არამედ მისი ყოველი მარცვალიც ავსებს დროის იმ შუალედს, რომელშიაც სიტყვისა თუ მარცვლის დასაწყისი არ თანხვდება მის დასასრულს. ამიტომ ვერცერთ სიტყვას ვერ მოვისმენდით, - იმ დროს, როცა მისი დასასრული გაიხმიანებს, მეხსიერებაში რომ არ ინახებოდეს დასაწყისის კვალი, დასაწყისისა, რომელიც უკვე წარსულის კუთვნილებად იქცა („მუსიკისათვის“, VI,21).

დასასრულ, მეხსიერების ნამდვილ აპოთეოზად გაისმის ნეტარი ავგუსტინეს სიტყვები: „აჰა, ჩემი მეხსიერების თვალუწვდენელი ველ-მინდვრები, ურიცხვი მღვიმეები და უკიდეგანო ხეობები, უსასრულო მრავალფეროვნებით სავსენი; აჰა, ათასნაირ სხეულთა ხატებანი; აჰა, ხელოვნებათა თუ მეცნიერებათა გასაოცარი სიმრავლე; აჰა, აურაცხელი ნიშნები თუ მინიშნებები, - სულიერ მდგომარეობათა აღნაბეჭდები, რომელთაც უკვე აღარ განიცდის სული, მაგრამ მათ ნაკვალევს მეხსიერება ინახავს, რადგანაც სულში არა არის რა ისეთი, მეხსიერებაში რომ არ იყოს. ყოველივე ამას დავივლი, მთელ ამ მრავალფეროვნებას შემოვირბენ და, შეძლებისდაგვარად, უღრმეს მღვიმეებშიც შევაღწევ, მაგრამ არსად ჩანს ზღვარი; ასეთია მეხსიერების ძალმოსილება, სასიცოცხლო ძალაც კაცისა, მხოლოდ სიკვდილისთვის რომ ცოცხლობს“ („აღსარებანი“, X,26).

 

IX

16. მაგრამ მარტოოდენ ამას როდი შეიცავს ჩემი მეხსიერების უზარმაზარი საცავი. იქვეა თავმოყრილი ყოველივე ის, რაც თავისუფალ მეცნიერებათა შესწავლისას შემიძენია და აქამდე არ დამვიწყნია. მთელი შესწავლილი მასალა მეხსიერების რომელიღაც შორეულ კუნჭულშია დაცული, სულის სიღრმეში მიჩქმალულ ადგილას, რომელსაც, კაცმა რომ თქვას, ვერც კი ვუწოდებთ ადგილს. აქ მე შესწავლილ საგანთა უბრალო ხატებას კი არ ვინახავ, არამედ მათი შესწავლით შეძენილ ცოდნას. ჩემი ცოდნა გრამატიკის, დიალექტიკისა თუ მეცნიერებათა სხვადასხვა დარგის საკითხებისა მეხსიერებაშია მოქცეული, მაგრამ არა როგორც საგნის ხატება, არამედ როგორც საკუთრივ საგანი [43]. ეს იმას როდი ჰგავს, ბგერა რომ გაიხმიანებს და გაქრება, თუმცა ყურში თავის კვალს ტოვებს, რისი წყალობითაც თითქოს კვლავ ხმიანებს იგივე ბგერა, რომელიც უკვე მიჩუმდა; ვერც სურნელს შევადარებთ ამას, ჰაერში რომ ტრიალებს და, ვიდრე განქარდებოდეს, ჩემს ყნოსვაზე ახდენს ზემოქმედებას, რის შედეგადაც თავის ხატებას უტოვებს მეხსიერებას, მოგონებისას რომ ცოცხლდება ჩვენში; არც საზრდოსა ჰყავს ეს, რომელიც კუჭში, რა თქმა უნდა, მთლიანად ჰკარგავს თავის გემოს, მაგრამ მეხსიერებაში კვლავინდებურად გემრიელია; არც რაღაც ისეთს, რაც შეიძლება შეხებით შეიგრძნო, და რისი წარმოდგენა ჩვენს მეხსიერებას მაშინაც კი შეუძლია, როცა ის შორსაა ჩვენგან. არა, ამნაირ საგნებს როდი შეუძლიათ ჩვენს მეხსიერებაში შეღწევა, რომელიც საოცარი სისწრაფით „იხელთებს“ მხოლოდ მათი ხატებებს და არანაკლებ საოცარ საცავებში ათავსებს მათ, საიდანაც ისინი უკანვე ამოიზიდებიან ასევე საოცარი მოგონების მიერ.

_________________________________

[43] - ესაა ე.წ. „ინტელექტუალური მეხსიერების“ შინაარსი (იხ. წინა შენიშვნა).

 

X

17. და მართლაც, როცა მესმის ერთმანეთისაგან განსხვავებული სამი კითხვა: არსებობს თუ არა ესა და ეს საგანი, რას წარმოადგენს თავისთავად და რანაირია მისი თვისება [44], - ჩემში რჩებიან მხოლოდ იმ ბგერათა ხატებანი, რომელთაგანაც შედგებიან ეს სიტყვები; ისიც ვიცი, რომ იგივე ბგერები ჰაერში გაიხმიანებენ და გაქრებია. ხოლო მათი მეშვეობით გამოხატულ აზრებს ვერც ჩემი გრძნობებით აღვიქვამდი და ვერც ვერსად ვპოვებდი, თუ არა ჩემსავ გონებაში. ჩემს მეხსიერებაში აღიბეჭდა არა ამ აზრების ხატებანი, არამედ საკუთრივ აზრები [45].

კი მაგრამ, რა გზით შემოაღწიეს მათ ჩემში? კეთილ-ინებონ და მითხრან, თუ შეუძლიათ. გარს ვუვლი ჩემი სხეულის ყველა ბჭეს და ვრწმუნდები, რომ ვერცერთიდან ვერ შემოვიდოდნენ. თვალები ამბობენ: „თუ მათ ფერი აქვთ, მაშინ ჩვენ გაუწყეთ ისინი“. ყურები ამბობენ: „თუ ისინი ხმიანებენ, მაშინ ჩვენ ვყოფილვართ მათი მაცნენი“. ნესტოები ამბობენ: „თუ ისინი სურნელს აფრქვევენ, მაშინ ჩვენი მეშვეობით შემოუღწევიათ შენში“. გემოვნება ამბობს: „თუ მათ გემო არა აქვთ, მაშინ მე რაღას მეკითხები?“ შეხება ამბობს: „თუ ისინი უსხეულონი არიან, მათ ვერ შეეხები, ხოლო თუ ვერ შეეხები, რანაირად უნდა მეუწყებინა ისინი შენთვის?“

მაშ, საიდან, რა გზით შემოვიდნენ ჩემს მეხსიერებაში? არ ვიცი. რადგან მათი შეცნობისას სხვის მოწმობას კი არ ვნდობივარ, არამედ ჩემს საკუთარ გონებას ვენდე, და სწორად ვცანი ისინი; ამიტომაც გონებასვე გადავეცი შესანახად, რათა უკანვე გამომეხმო, როცა კი მოვისურვებდი. მაშასადამე, მათ შეცნობამდეც იქ იყვნენ, მაგრამ არა ჩემს მეხსიერებასი? მაშ, სადღა იყვნენ, ან როგორ მოხდა, რომ როგორც კი მათზე ჩამომიგდეს სიტყვა, მაშინვე ვიცანი ისინი და ვთქვი: სწორია, ასეა-მეთქი? ერთადერთი ახსნა ისაა, რომ ისინი უკვე იყვნენ ჩემე მეხსიერებაში, მაგრამ მის იდუმალ სიღრმეში დაფლულნი და მიჩქმალულნი, ასე რომ, ალბათ, აზრადაც არ მომივიდოდა მათი არსებობა, თუკი ვინმე არ აღმძრავდა საიმისოდ, რომ გამომეჩხრიკა ისინი [46].


[44] - ზოგიერთი მკლევარის ვარაუდით, ამ თანმიმდევრობით ისმებოდა კითხვები რიტორიკულ სკოლაში.

[45] - იხ. აქვე, შენ. 43.

[46] - აქ ნეტარი ავგუსტინე მთლიანად იზიარებს პლატონისეულ კონცეფციას თანდაყოლილი იდეებისა და ცოდნის, როგორც მოგონების შესახებ. პლატონის მიხედვით, ზოგადი ცნებები, რომლებსაც აღქმების საფუძველზე აყალიბებს ჩვენი გონება, თავიანთი არსით და გენეზისით ძირეულად განსხვავდებიან ამ აღქმებისაგან და არ გამოიყვანებიან მათგან. ეს თვალსაზრისი თანაბრად ვრცელდება როგორც დედუქციით გამოყვანილ, ისე ინდუქციის გზით მიღებულ ცნებებზედაც. და მართლაც, პლატონმა აღმოაჩინა, რომ ინდუქციის გზით ცნებების ფორმირებისას აღქმები მხოლოდ ამ ცნებათა გამომწვევი საბაბის როლს ასრულებენ და არა მათი წყაროსას; რომ აღქმები ჩამოყალიბებული და დასრულებული სახით როდი იმარხავენ ცნებათა შინაარსს, და  რომ გონება დამოუკიდებლად პოულობს მას. ცნებათა ფორმირების პროცესი, პლატონის აზრით, კონკრეტულ აღქმათა დანაწევრებასა და ამ გზით მათში ზოგადის აღმოჩენას კი არ გულისხმობს, არამედ ერთდროულად, სინოპტიკურ ინტუიციას, რომელიც უშუალოდ იცხადებს იმ ზოგადს, რაც კონკრეტულ ერთეულთა სიმრავლეს აერთებს. არისტოტელესაგან განსხვავებით, რომელიც ზოგადს კონკრეტულ ერთეულთა სიმრავლეში ეძებს და ცნებათა ანალიტიკური დანაწევრების გზით პოულობს მას („მეტაფიზიკა“, I,9,990 b 6), პლატონს იგივე ზოგადი ამ სიმრავლის გარეთ გამოაქვს და სინპტიკური ინტუიციით ცდილობს მის აღმოჩენას („ფედროსი“, 265 d; „სახელმწიფო“, VII 537 d). არსებითად, ესაა ზოგადი ლოგიკური ცნებების, გვარეობითი ცნებების ჰიპოსტასირება, მათი ონტოლოგიზაცია. აქ „ეიდოსი“ „იდეაში“ გადადის, „იდეაში“ გადაიზრდება.

მაგრამ რას ნიშნავს გვარეობითი ცნებების ონტოლოგიზაცია? რას მოასწავებს „ეიდოსის“ „იდეად“ ქცევა? დავუკვირდეთ სიტყვა     „იდეის“, იგივე „ეიდოსის“, ორმაგ მნიშვნელობას: მართალია, პლატონი უმეტესწილად ერთი და იგივე აზრით ხმარობს სიტყვებს „eidos“ და „idea“, („სახე“, „ხატი“; „eidos“ წარმოსდგება ზმნიდან „eido“ - „ვხედავ“, „ვჭვრეტ“, ხოლო „“ ამავე ზმნის ინფ. აორ. 2-ის ფორმიდან - „idein“), მაგრამ მათი ექვივალენტურობის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ პლატონის მსოფლმხედველობის ქრონოლოგიური ევოლუციის თვალსაზრისით, პირველადი უნდა იყოს „ეიდოსი“, როგორც ლოგიკური ზოგადობის გამომხატველი გვარეობითი ცნება. თუ კვლავ წინ წამოვწევთ ამ სინონიმური სიტყვების განმასხვავებელ ნიშნებს, ჩვენ ვნახავთ, რომ „ეიდოსი“ წინასწარი აუცილებლობით გულისხმობს „იდეას“, ურომლისოდაც ის წარმოუდგენელია, მაშინ როდესაც „იდეა“ წინასარ არ გულისხმობს „ეიდოსს“. „ეიდოსი“ გვარეობითი ცნებაა, „იდეა“ კი საგნის თავისთავადი არსი. ჩვენ ვფლობთ მშვენიერების იდეას (სუბიექტური აზრით), როგორც გვარეობით ცნებას, მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს მისი საგანი - მშვენიერების იდეა (ობიექტური აზრით), „მშვენიერი თავისთავად“ („auto to kalon“), აბსტოლუტური რეალობა, ჭეშმარიტი სინამდვილის ფორმა.

და მართლაც, თუკი ცნებები იმარხავენ ისეთ ცოდნას, რომელიც, მართალია, აღქმებითაა გამოწვეული, მაგრამ აღქმებიდან როდი გამოიყვანება და არსებითად განსხვავდება მათგან, ამიტომ იდეები, რომლებიც ცნებათა ობიექტებად გვევლინებიან, ისევე რეალურად უნდა არსებობდნენ, როგორც აღქმათა ობიექტები. მეტიც, მხოლოდ ესაა თვითმყოფი სინამდვილე, მხოლოდ ესაა ჭეშმარიტი რეალობა, ვინაიდან აქ არსება (essentia) მთლიანად მოიცავს, მთლიანად ფარავს არსებობას (existentia). ასე ემიჯნება იდეალიზმი მატერიალიზმს, ასე ორდება მთელი სამყარო, ასე უპირისპირდება გრძნობად-კონკრეტულ საგანთა ხილულსა და სხეულებრივ სინამდვილეს ინტელიგიბელურ არსთა უხილავი და უსხეულმყოფელი სამყარო.

სავსებით სამართლიანად შენიშნავს ფილოსოფიის ცნობილი გერმანელი ისტორიკოსი ვ.ვინდელბანდი: „თუ ცნების შინაარსი განსხვავებულია მისი შესატყვისი აღქმების შინაარსისაგან და მოცემული არ არის მათში, მაშასადამე, პლატონის თანახმად, ის მოცემული და აღქმული უნდა იყოს შემმეცნებელი სულის მიერ რაიმე სხვა გზით. თუ გონივრულ აზროვნებას არ შეუძლია თავისი ცნებების შინაარსის ფორმირება აღქმებისაგან, მაშასადამე, ეს შინაარსი რომელიღაც სხვა წყაროდან უნდა ეძლეოდეს მას: ცნება გამოხატავს ისეთი შინაარსის „მოგონებას“, რომელსაც სული დასაბამიდან, ე.ი. აღქმის ყოველგვარი აქტისაგან დამოუკიდებლად ფლობდა. ამ მოტივებიდან მეცნიერულად ყალიბდება პლატონის შემეცნების თეორიისათვის ყველაზე დამახასიათებელი დოქტრინა, რომლის მიხედვითაც, ცნებებით გამოხატული ყოველგვარი ცოდნა „ანამნესისია“ - მოგონებაა.

ამ ძირითადი დოქტრინის ფსიქოლოგიური ახსნის მიზნით, პლატონი იყენებს („ნადიმსა“ და, განსაკუთრებით, „ფედონში“) მსგავსებისმიერი ასოციაციის მკაფიოდ გამოხატულ კანონს. თუ ცნებათა სინოპტიკური ფორმირების დროს აღქმებს იდეამდე მივყავართ, რომელიც, თავისთავად, მოცემული არ არის მათში, ეს შეიძლება აიხსნას მხოლოდ იმით, რომ შემმეცნებელი ცნობიერება მის მიერ მიღებული აღქმების საფუძველზე იგონებს ამ აღქმათა მსგავს გარკვეულ ცნებას, რომელიც მათ პროტოტიპად გვევლინება. მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ ეს პირველადი ცნება მის გამომწვევ აღქმებზე ადრე არსებობდეს სულში, არსებობდეს თუნდაც გაუცნობიერებლად, როგორც ყოველივე ის, რასაც მეხსიერება იმარხავს. მაგრამ ამნაირი ფარული არსებობა შესაძლებელია - როგორც ყოველგვარი ემპირიული მოგონების დროს - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ცნება ადრე ერთხელ მაინც ყოფილა სულში ცნობიერი წარმოდგენის სახით. ამიტომ ცნებებით გამოხატული ცოდნა შესაძლებელია მხოლოდ იმის გამო, რომ იდეა შეცნობილი იყო სულის მიერ ჯერ კიდევ მანამ, სანამ სული სხეულთან შერწყმის წყალობით აღქმის უნარს შეიძენდა, და რომ ამჟამად, მსგავსებისმიერი ასოციაციის საფუძველზე, აღქმები ცნობიერებაში იწვევენ მათ მსგავს იდეას... მაშასადამე, ცნებებით გამოხატული ყოველი ცოდნა მოგონებაა, როგორც დასაბამიერი, ყოველგვარ აღქმამდე შეძენილი კუთვნილება სულისა, ის ცნობიერდება, როგორც კი იდეა მისი მსგავსი აღქმებით იქნება გამოწვეული“ (იხ. В.Виндельбанд, Платон, С-Пб., 1900; стр.78-79).

 

XI

18. ამრიგად, ჩვენ ვხედავთ შემდეგს: შეიცნო ის, რასაც ხატებათა მეშვეობით კი არ ვცნობთ, გრძნობის ორგანოები რომ გვაწვდიან, არამედ ხატებათა გარეშე, შინაგანი ჭვრეტის გზით, თავისი საკუთარი სახით რომ წარმოგვიჩენს იმას, რასაც ვჭვრეტთ, - ეს მხოლოდ იმასა ნიშნავს, რომ აზრით შეკრიბო და შეაგროვო ის, რაც მეხსიერებაში მიჩქმალული თუ უთავბოლოდ მიმოფანტული იყო, და ისე განალაგო, რომ ადვილი ხელმისაწვდომი შეიქნეს გონების ჩვეული ძალისხმევისთვის [47].

რამდენ ამნაირ რასმე ინახავს ჩემი მეხსიერება, უკვე ცნობილსა და, როგორც უკვე აღვნიშნე, ხელმისაწვდომს, რაზედაც შეიძლება ითქვას: „ჩვენ ეს შევისწავლეთ და ვიცითო“. თუკი მე, თუნდაც დროის ხანმოკლე შუალედებში, ერთიმეორის მიყოლებით არ გამოვიხმობ მათ, ისინი კვლავ დაინთქმებიან მეხსიერების სიღრმეში, თითქოს მას იდუმალ სენაკებში მიიყუჟენო. მაშინ მოგვიწევს გონების ქმედითობით კვლავ გამოვიხმოთ ისინი, თითქოს რაღაც ახალს მივაკვლიეთო, გამოვიხმოთ სწორედ ამ იდუმალი სენაკებიდან, - რადგანაც სხვაგან არსად არიან, - რათა კვლავ ერთად შევკრიბოთ მიმობნეულ-მიმოფანტული და, ამრიგად, შევიცნოთ ისინი. სწორედ აქედან იღებს დასაბამს სიტყვა cogitare (ფიქრი). cogo (ვკრებ) და cogito (ვფიქრობ) ისე მიემართებიან ერთმანეთს, როგორც ago (ვამოძრავებ) და agito (ვძრავ) [48], facio (ვაკეთებ) და factito (ვიქმ). გონებამ გაითავისა ეს ზმნა, როგორც უშუალოდ მისი კუთვნილი, ვინაიდან სადმე სხვაგან კი რა, მხოლოდ გონებაშ მიმდინარეობს ეს შეკრება (colligitur), ანუ თავმოყრა (cogitur), და სწორედ ეს იწოდება „მოაზრებად“ (cogitare).


[47] - სწორედ ესაა პლატონისეული „სინოპტიკური ინტუიცია“ (იხ. წინა შენიშვნა).

[48] - მართლაც, cogo-ც და cogito-ც ერთი და იმავე ზმნისაგან - ago („ვამოძრავებ“) იღებენ დასაბამს: cogo (co+ago), cogito (co+agito: agito ე.წ. ინტენსივუმია ago-სი). შდრ. ვარონი, „ლათინური ენისათვის“ („De lingua latina“, 6,43): „cogitare“ წარმოსდგება cogendo-დან („შეკრება“, „შეგროვება“): „გონება ერთად უყრის თავს მრავალს, რის შედეგადაც არჩევის შესაძლებლობას იღებს“.

 

XII

19. მეხსიერება შეიცავს აგრეთვე რიცხვებისა და განზომილებების ათასნაირ თანაფარდობას, მათი ურთიერთმიმართების ურიცხვ წესსა თუ კანონს, რომლებსაც ვერცერთი ხორციელი გრძნობა ვერ აღბეჭდავდა ჩვენს სულში, რადგან მათ არც ფერი აქვთ, არც სუნი, არც გემო, არც ხმიანებენ და არც ხელშესახებნი რიან. მათზე მსჯელობისას მე მესმის ბგერები, რომლებიც აღნიშნავენ იმ სიტყვებს, მსჯელობისას რომ იყენებენ, მაგრამ სხვაა ეს სიტყვები და სულ სხვა - მსჯელობის საგანი. სიტყვები სხვადასხვანაირად ჟღერენ ბერძნულად და ლათინურად, მაშინ როდესაც ამ სიტყვებით გამოხატული ცნებები დამოუკიდებელნი არიან ბერძნული, ლათინური თუ ნებისმიერი სხვა ენისაგან.

მე მინახავს ოსტატთა ხელით გავლებული ხაზები, აბლაბუდასავით წვრილი და ნატიფი, მაგრამ ჩემს სულში გავლებული ხაზები სულ სხვა ხაზებია, რომლებსაც იმათ ხატებად ვერ მივიჩნევთ, ჩემმა ხორციელმა მზერამ რომ აღმაქმევინა. მათ ისე სცნობ, რომ არავითარ სხეულს არ უკავშირებ: საკმარისია შენსავე თავს ჩაუღრმავდე, რათა საკუთარ სულში აღმოაჩინო ისინი. ხორციელი გრძნობებით მე აღვიქვამ ეგრეთწოდებულ „აღრიცხვად რიცხვებს“, მაგრამ სულ სხვანი არიან „აღმრიცხველი რიცხვები“ [49], რომლებიც პირველთა ხატებებად როდი გვევლინებიან და ამიტომაც ჭეშმარიტად არსებობენ. დაე, დამცინოს, ვინც ამას ვერ ხედავს, მე კი შევიბრალებ ჩემს დამცინავს.


[49] - პლატონისა და ნეოპლატონიკოსების კვალდაკვალ, ნეტარი ავგუსტინე განასხვავებს რიცხვთა ორ სახეს: „numeri numerati“ („აღრიცხვადი“, ან „აღრიცხული რიცხვები“), თვლისა თუ ანგარიშისას რომ გამოიყენებიან და „numeri numerantes“ („აღმრიცხველი რიცხვები“) - ყოველგვარი საგნობრიობისაგან განყენებული ინტელიგიბილური რიცხვები.

 

XIII

20. ყოველივე ამას მეხსიერებაში ვინახავ და მასშივე მაქვს დაცული, როგორ ვისწავლე ყოველივე ეს. ბევრი მცდარი მოსაზრება მსმენია ამ ჩემი აზრის საპირისპიროდ, მაგრამ მეხსიერებაში ვინახავ მათაც, თუმცარა ეჭვიც არ მეპარება მათ მცდარობაში. მე ერთმანეთისაგან გავმიჯნე და განვასხვავე სწორი და ის, რაც მცდარად უპირისპირდება სისწორეს. ესეც მახსოვს, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ერთია მათი განსხვავება და მეორე - ხსოვნა იმისა, თუ რამდენჯერ განმისხვავებია ისინი მათზე ფიქრისას. ხოლო თუ ახლაც ვფიქრობ, ვასხვავებ და მესმის, რომ ვასხვავებ, ჩემს მეხსიერებას ვანდობ ამას, რათა შემდეგ გამახსენდეს, რაც ახლა მესმის. მაშასადამე, მე მახსოვს, რომ მახსოვდა, და თუ შემდეგ გავიხსენებ, რისი გახსენებაც დღეს შევძელი, რა თქმა უნდა, ჩემს მეხსიერებას უნდა ვუმადლოდე ამას.

 

XIV

21. იგივე მეხსიერება ინახავს ჩემს სულიერ მდგომარეობებსაც, მაგრამ არა იმ სახით, რა სახითაც განუცდია ოდესღაც სულს, არამედ ძალზე განსხვავებულად, რაც მეხსიერების ძალაზეა დამოკიდებული.

ვთქვათ, გამახსენდა, რომ ოდესღაც მიხაროდა, მაგრამ ამ გახსენებისას უკვე აღარ განვიცდი სიხარულს; ასე, მწუხარების გარეშე ვიხსენებ გარდასულ მწუხარებასაცლ არც შიშს განვიცდი, როცა მახსენდება, თუ როგორ ვძრწოდი ოდესღაც, და აღარც ვნება მამღვრევს გარდასული ვნების გახსენებისას. ზოგჯერ კი პირიქითაც ხდება: გარდასულ მწუხარებას სიხარულით ვიგონებ, სიხარულის გახსენებაზე კი მწუხარება მეუფლება [50].

საქმე რომ სხეულს ეხებოდეს, სულაც არ იქნებოდა გასაკვირი, მაგრამ სული ხომ სხვაა და სხეული - სულ სხვა. თუ მხიარულად ვიხსენებ გარდასულ ხორციელ ტკივილს, ეს არც ისე საკვირველია, მაგრამ მეხსიერება ხომ გონებაა და სული. როცა რაიმეს ვავალებთ ვინმეს და გვინდა, რომ ჩვენი დავალება არ დაავიწყდეს, ამ სიტვებით ვაფრთხილებთ მას: „აბა, შენ იცი, კარგად ჩაიბეჭდე გონებაშიო“. დავიწყებისას კი ვამბობთ: „სულ აღარ მომგონებია“, ან „გონებიდან ამომივარდაო“. მაშასადამე, მეხსიერებას სულსა თუ გონებას ვუკავშირებთ.

ხოლო თუ მართლა ასეა, რას ნიშნავს ეს? როცა სიხარულით ვიხსენებ გარდასულ მწუხარებას, ჩემს სულში სიხარული ცოცხლობს, მეხსიერებაში კი წუხილი? თუ ჩემი სული მხიარულია, - ეს იმიტომ რომ სიხარულითაა სავსე, მეხსიერება კი სულაც არ წუხს იმის გამო, რომ მწუხარებას მოუცავს? თუ მეხსიერება დამოუკიდებელია სულისაგან? ვინ იცის?

არა, მეხსიერება თითქოს სტომაქია სულისა, ხოლო სიხარული და მწუხარება - ტკბილი თუ მწარე საჭმელი; როცა მეხსიერებას გადავცემთ მათ, თითქოს სტომაქში გადავუძახეთო, ისინი დიდხანს ინახებიან იქ, მაგრამ გემოს კი ვეღარ ინარჩუნებენ.

ეს შედარება შეიძლება სასაცილოდაც არ გეყოთ, მაგრამ ერთგვარი მსგავსება აქ უთუოდ არის.

22. და, აი, ჩემი მეხსიერებიდან გამომყავს დასკვნა, რომლის თანახმადაც არსებობს სული ამმღვრევი ოთხი ვნება: სურვილი, სიხარული, შიში, მწუხარება [51]. მთელ ჩემს მსჯელობას მათ შესახებ, როცა თვითეულს მის საკუთარ სახეებად ვყოფ, ან გვარის მიხედვით განვსაზღვრავ, ჩემს მეხსიერებაში ვპოულობ და იქიდანვე გამომყავს ყველაფერი, რასაც აქ ვამბობ. და მაინც, სულის ამმღვრევი ამ ოთხი ვნებიდან ვერცერთი ვერ ამამღვრევს მათი გახსენებისას. ვიდრე მათ გავიხსენებდი, ისინი უკვე იყვნენ ჩემი მეხსიერების სიღრმეში, და სწორედ ამიტომ გახდა შესაძლებელი გახსენებით გამომეხმო ისინი.

შესაძლოა, როგორც ცოხნისას ამოიზიდება საზრდო პირუტყვის ფაშვიდან, გახსენებაც ასევე გამოიხმობს ამ გრძნობებს მეხსიერებიდან. კი მაგრამ, ვინც მათზე მსჯელობს, ესე იგი, იხსენებს მათ, რატომღა ვერ გრძნობს ვერც სიხარულის სიტკბოს და ვერც მწუხარების სიმწარეს? იქნებ ეს ორი რამ სწორედ იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ მათ შორის გამორიცხულია სრული მსგავსება? ვინ ჩამოაგდებდა თავისი ნებით სიტყვას მათზე, თუკი შიშისა და მწუხარების ყოველ ხსენებაზე ეს განცდები ხელახლა დაეუფლებოდნენ მას?

და მაინც, ჩვენ ვერ შევძლებდით გველაპარაკა მათზე, თუკი მეხსიერებაში ვერ ვპოვებდით არა მარტო იმ სახელწოდებებს, ხორციელი გრძნობების მეშვეობით ჩვენს სულში აღბეჭდილ ხატებებს რომ შეესაბამებიან, არამედ თვით იმ საგანთა ცნებებსაც, რომელნიც ვერანაირი ხორციელი ბჭით ვერ შემოაღწევდნენ ჩვენში: სულმა პირადი ცდით შეიცნო თავისი საკუთარი ვნებანი და ამის შედეგად ჩამოყალიბებული ცნებები გადასცა მეხსიერებას, ან იქნებ ისინი ყოველგვარი გადაცემის გარეშეც აღიბეჭდნენ მასში.

_________________________________

[50] - იხ. აქვე, შენ. 46.

[51] - სულის ამმღვრევ ვნებათა ეს ნუსხა სტოელებისაგან იღებს დასაბამს. ის გვხვდება ციცერონთანაც - „ტუსკულუმური საუბრები“ (4,6,11).

 

XV

23. ხატებათა მეშვეობით თუ მათ გარეშე? ვინ იცის?!

მე წარმოვთქვამ ქვისა თუ მზის სახელს, თუმცაღა არც ერთია ჩემს წიანშე და არც მეორე, მაგრამ მათი ხატებანი, რა თქმა უნდა, აქაა, ჩემს მეხსიერებაში. მე ვასახელებ ხორციელ სნეულებას, თუმცა სნეული არა ვარ: არაფერი არ მტკივა. მაგრამ სნეულების ხატება რომ არ იყოს ჩემს მეხსიერებაში, არ მეცოდინებოდა, რა მეთქვა, და ვერ შევძლებდი მსჯელობისას ზღვარი გამევლო ტკივილსა და შვებას შორის. მე ვლაპარაკობ ჯანმრთელობაზე, და თვითონაც ჯანმრთელი ვარ; ეს ჩემი თვისებაა, მაგრამ მისი ხატება რომ არ ყოფილიყო ჩემს მეხსიერებაში, ვერასდიდებით ვერ გავიხსენებდი, რას ნიშნავს ეს სახელწოდება. არც სნეულებს ეცოდინებოდათ, რას ნიშნავს სიტყვა „ჯანმრთელობა“, მეხსიერებაში რომ არ ჰქონდეთ მისი ხატება, თუმცაღა თვით ჯანმრთელობა უცხოა მათთვის.

მე ვასახელებ იმ რიცხვებს, რომელთა მეშვეობითაც ვანგარიშობთ, და ისინი ჩემს მეხსიერებაში არიან: მათი ხატებანი კი არა, არამედ თვითონ რიცხვები. მე ვასახელებ მზის ხატებას, და ისიც ჩემს მეხსიერებაშია: არა ხატების ხატება, არამედ თვითონ ხატება, რომელიც წარმომიჩნდება მისი ხსენებისას. „მეხსიერებაო“ - ვამბობ, და ვიცი, რასაც ვამბობ. კი მაგრამ, სად შეიძლება რაიმე მსგავსი გამეგო მასზე, თუ არა თვით მეხსიერების წიაღში? ნუთუ ისიც ხატების მეშვეობით აღიქვამს თავის თავს, და არა უშუალოდ?

 

XVI

24. ან კიდევ, როცა ვამბობ „დავიწყებაო“ [52], და ვიცი, რასაც ვამბობ, საიდან მეცოდინებოდა, თუკი არ მეხსომებოდა იგი? მე ხომ თვით ამ სახელწოდებას კი არ ვგულისხმობ, არამედ მის შინაარსს. რომ დამვიწყნოდა, ვერც მის შინაარსს გავიხსენებდი. როდესაც მეხსიერებას ვიხსენებ, თვით მეხსიერების მეოხებით წარმომიჩნდება მეხსიერება, მაგრამ როცა დავიწყება მახსენდება, ორივე თავის ადგილზეა: მეხსიერებაც და დავიწყებაც: მეხსიერება, რომლის მეშვეობითაც ვიხსნეებ, და დავიწყება, რომელიც მახსენდება. მაშ, რა არის დავიწყება, თუ არა მახსოვრობის დაკარგვა? მაშ, როგორღა ვიხსენებ იმას, რისი არსებობაც ჩემს სულში საერთოდ ხელს უშლის გახსენებას? მაგრამ თუ ჩვენ მეხსიერებაში ვინახავთ იმას, რასაც ვიხსენებთ, ამიტომ დავიწყება რომ არ გვახსოვდეს, ამ სიტყვის გამოგონებისას ვერასდიდებით ვერ შევძლებდი მისი მნიშვნელობის გაგებას. მაშასადამე, დავიწყებასაც მეხსიერება ინახავს: მისი არსებობა აუცილებელია საიმისოდ, რომ არ დაგვავიწყდეს, მაგრამ სწორედ ეს არსებობაა დავიწყების მიზეზი.

ხომ არ გამომდინარეობს აქედან, რომ საკუთრივ დავიწყება კი არაა მეხსიერებაში, არამედ მისი ხატება, როდესაც მასვე ვიხსენებთ? რადგანაც თვითონ რომ იყოს იქ, გახსენების მიზეზი კი არ იქნებოდა, არამედ დავიწყებისა.

ვინ ჩასწვდება ამ საიდუმლოს? ვინ აგვიხსნის, რანაირად ხდება ეს?

25. დიახ, უფალო, მე ამისთვის და, მაშასადამე, ჩემივე თავისთვისაც ვიღწვი: თვითონვე ვიქეც საკუთარი თავისთვის მიწად, ქანცგამწყვეტ შრომასა და გამუდმებულ ოფლის ღვრას რომ მოითხოვს [53]. რადგან ჩვენ ახლა ციურ სივრცეთა უსასრულობას როდი ვიკვლევთ, არც ვარსკვლავთა შორის მანძილსა ვზომავთ და არც იმას ვკითხულობთ, თუ რა განაპირობებს დედამიწის წონასწორობას: მე ვარ, ჩემსავე თავს რომ ვიხსენებ, მე, ანუ სული. რა გასაკვირია, რომ ჩემგან შორსაა ის, რაც ჩემს გარეთაა, მაგრამ რა არის ჩემთან ჩემს თავზე უფრო ახლოს? და, აი, მე არ მესმის ჩემი მეხსიერების ძალა, თუმცა მის გარეშე საკუთარი სახელის წარმოთქმასაც ვერ შევძლებდი. რა მეთქმის, თუკი დარწმუნებული ვარ, რომ ჩემივე მავიწყობა მახსოვს? ნუთუ ვიტყვი, რომ ჩემს მეხსიერებაში არ არის ის, რაც მახსოვს? ან იქნებ დავიჩემებ, რომ მავიწყობა ჩემს მეხსიერებაშია, რათა დამავიწყდეს? ყოვლად უაზროა როგორც ერთი, ისე მეორე ვარაუდი.

კი მაგრამ, არსებობს მესამენაირი ახსნა? თუ შემიძლია ვთქვა, რომ დავიწყების გახსენებისას თვით დავიწყებას კი არა, მხოლოდ მის ხატებას ინარჩუნებს ჩემი მეხსიერება? შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ყოველთვის, როცა რაღაცი ხატება აღიბეჭდება მეხსიერებაში, ამ „რაღაცას“ მანამდე უნდა ეარსება იქ, ვიდრე მისი ხატება აღიბეჭდებოდა? ასე მაგალითად, მე მახსოვს კართგენი, მახსოვს მისი ყოველი კუთხე-კუნჭული, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ; მახსოვს იმ ხალხის სახე, ვისაც ვიცნობდი; მახსოვს ყველაფერი, რასაც მაუწყებდნენ ჩემი გრძნობები; მახსოვს ჩემი ჯანმრთელობა თუ ტკივილი. კართაგენში ჩემი ყოფნისას აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში მათი ხატებანი, რომელნიც შემიძლია ჩემი ნება-სურვიილთ გამოვიხმო (ისინი ხომ ყოველთვის ჩემთან არიან), რათა მათი მეშვეობით კვლავ თვალწინ დამიდგეს ყოველივე ის, რასაც ოდესღაც პირისპირ ვჭვრეტდი.

მაშასადამე, თუ მეხსიერება საკუთრივ დავიწყებას კი არ ინარჩუნებს, არამედ მხოლოდ მის ხატებას, ამ უკანასკნელის „მოსახელთებლად“ ის უთუოდ უნდა არსებობდეს ჩემს სულში. ხოლო თუ არსებობს, რანაირადღა შესძლო ჩემს მეხსიერებაში აღებეჭდა თავისი ხატება? რადგან თვით იმასაც კი, რაც უკვე აღბეჭდილია მეხსიერებაში, უკვალოდ შლის დავიწყების არსებობა. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ეს სრულიად გაუგებარია და გონებამიუწვდომელი, დაბეჯითებით ვიცი, რომ ვიხსენებ თვთ დავიწყებას, რომელიც ასამარებს ყველაფერს, რაც კი გვახსოვს.

_________________________________

[52] - დავიწყების შესახებ იხ. შენ. 46.

[53] - ნართაულად იგულისხმება „დაბადების“ ერთი პასაჟი - III, 17-19.

 

XVII

26. დიდია მეხსიერების ძალა; არ ვიცი, უფალო, მაგრამ რაღაცნაირად შიშის მომგვრელი კია მისი სიღრმე და უსასრულო მრავალფეროვნება. და ესაა ჩემი სული, ესა ვარ მე თვითონ. კი მაგრამ, ვინა ვარ, ღმერთო ჩემო? რანაირია ჩემი ბუნება? უთვალავ ფერად მოცემული, მრავალსახოვანი სიცოცხლე, გამაოგნებელი და განუზომელი.

აჰა, ჩემი მეხსიერების თვალუწვდენეი ველ-მინდვრები, ურიცხვი მღვიმეები და უკიდეგანო ხეობები, უსასრულო მრავალფეროვნებით სავსენი: აჰა, ათასნაირ სხეულთა ხატებანი; აჰა, ხელოვნებათა თუ მეცნიერებათა გასაოცარი სიმრავლე; აჰა, აურაცხელი ნიშნები თუ მინიშნებები, - სულიერ მდგომარეობათა აღნაბეჭდები, რომელთაც უკვე აღარ განიცდის სული, მაგრამ მათ ნაკვალევს მეხსიერება ინახავს, რადგანაც სულში არა არის რა ისეთი, მეხსიერებაში რომ არ იყოს. ყოველივე ამას დავივლი, მთელ ამ მრავალფეროვნებას შემოვირბენ და, შეძლებისდაგვარად, უღრმეს მღვიმეებშიც შევაღწევ, მაგრამ არსად არა ჩანს ზღვარი; ასეთია მეხსიერების ძალმოსილება, ასეთია სასიცოცხლო ძალაც კაცისა, მხოლოდ სიკვდილისთვის რომ ცოცხლობს.

მაშ, რა ვქნა, ღმერთო ჩემო, ჭეშმარიტო სიცოცხლევ ჩემო? უკან მოვიტოვებ ამ ჩემს ძალას, მეხსიერება რომ ჰქვია, უკან მოვიტოვებ მას, რათა ვისწრაფო შენსკენ, უტკბესო ნათელო ჩემო. მაინც რას მეტყვი? აჰა, ვეცდები ავმაღლდე და მოგწვდე სულით, - შენი სამკვიდრო ხომ ჩემს ზემოთაა; - თავს მოვევლები ამ ძალას, მეხსიერება რომ ჰქვია სახელად, რათა მოგეახლო იქ, სადაც შეიძლება მოგეახლონ, და დაგეწაფო იქ, სადაც შეიძლება შენი დაწაფება. მეხსიერება ცხოველებსაც აქვთ და ფრინველებსაც, თორემ ვერც თავიანთ ბუნაგებს მიაგნებდნენ, ვერც ბუდეებს და ვერც სხვა რამეს, რაც ჩვეულია მათთვის, ჩვეულებას კი მხოლოდ მეხსიერების წყალობით იძენენ. უკან მოვიტოვებ ჩემს მეხსიერებას, რათა მოგეახლო შენ, ვინც ოთხფეხთაგან გამაცალკევე და ცის ფრინველებზე მეტი სიბრძნე მომეცი. უკან მოვიტოვებ ჩემს მეხსიერებას, რათა მოგაკვლიო შენ. კი მაგრამ, სად? ჭეშმარიტად კეთილო, ჩემო შვებავ და სასოებავ, მაინც სად გპოვო? თუ ჩემს მეხსიერებაში ვერ გიპოვე, მაშასადამე, არ მხსომებიხარ. მაგრამ როგორღა გიპოვო, თუ არ მახსოვხარ?

 

XVIII

27. ქალმა დაკარგა დრაქმა და სანთლით დაუწყო ძებნა [54]; რომ არ ხსომებოდა, ვერ იპოვიდა. ანკი როგორ მიხვდებოდა, როცა იპოვა, რომ ეს სწორედ მისი დრაქმაა, თუკი საერთოდ აღარ ეხსომებოდა? მახსოვს, როგორ ვეძებდი და ვპოულობდი დაკარგულ ნივთებს. ძებნისას მეკითხებოდნენ, ეს ხომ არაა, ან ისო? არა-მეთქი, ვამბობდი მანამ, სანამ სწორედ იმ ნივთს არ მაჩვენებდნენ, მე რომ დავკარგე. რომ არ მხსომებოდა, ვერ ვიპოვიდი, ვინაიდან, კიდევაც რომ ეჩვენებინათ, მაინც ვერ ვიცნობდი მას. ასეა ყოველთვის, როცა ვეძებთ და ვპოულობთ კიდეც დანაკარგს. თუ რომელიმე საგანი თვალთახედვის არიდან გაქრა, მაგრამ არა მეხსიერებიდან (მე ვგულისხმობ ნებისმიერ ხილულსა და ნივთიერ საგანს), ჩვენს ხსოვნაში მაინც რჩება მისი ხატება, და მანამდე ვეძებთ მას, სანამ ჩვენს მზერას ხელახლა არ წარმოუჩნდება. ნაპოვნი იმ ხატებით იცნობა, რომელიც ჩარჩა ჩვენს სულში. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ დაკარგული ვიპოვეთ, თუკი ვერ ვიცანით იგი, ცნობი კი ნამდვილად ვერ ვიცნობთ, თუ აღარ გვახსოვს. რაც თვალისთვი გაუჩინარდა, მეხსიერებამ შემოინახა.

_________________________________

[54] - იხ. ლუკა, XV, 8.

 

XIX

28. კი მაგრამ, როცა თვით მეხსიერება კარგავს რაიმეს, ანუ როცა გვავიწყდება რაღაცა და მის გახსენებას ვცდილობთ, მაშინ სად ვეძებთ დანაკარგს, თუ არა თვით მეხსიერებაში? და თუ ეს უკანასკნელი რაღაც სხვას გვიჩვენებს, დაუყოვნებლივ უკუვაგდებთ მას, ვიდრე არ წარმოგვიჩნდება სწორედ ის, რასაც ვეძებთ; ხოლო როგორც კი წარმოგვიჩნდება, ჩვენ ვამბობთ: „აი, ეს არის!“ მაგრამ ამას არ ვიტყოდით, რომ არ გვეცნო ის, რასაც ვეძებდით, და ვერ ვიცნობდით, რომ არ გვხსომებოდა. მართალია, დაგვავიწყდა, მაგრამ განა მთლიანად ამოგვივარდა მეხსიერებიდან? არა, ნაწილობრივ მაინც ჩარჩა შიგ, და ამ ნაწილმა შეიძლეაბ გვაპოვნინოს მთელი. მეხსიერება ხომ თვითონვე გრძნობს, რომ აღარ შეუძლია მთლიანი სახით წარმოგვიჩინოს ის, რასაც, ჩვეულებრივ, მთლიანად გადმოგვიშლიდა, ასე რომ ჩვეულებამოშილი და თითქოს ფრთაშეკვეცილი უმწეოდ ფრთხიალებს და, რაღა თქმა უნდა, ცდილობს კვლავინდებურად გაშალოს ფრთა და ლაღარ გაინავარდოს.

როდესაც ნაცნობს ვხედავთ, ან მასზე ვფიქრობთ, და ვცდილობთ გავიხსენოთ მისი სახელი, რომელიც დაგვვიწყნია, მაშინ ნებისმიერი სახელი, პირველად რომ მოგვივა თავში, როდი დაუკავშირდება ამ ადამიანს, რადგანაც ჩვენს სულს ჩვევად არ ჰქონდა, აზრით გაეერთიანებინა ისინი. უკუგდებულ იქნება ყველა სახელი, გარდა იმ ერთისა, რომელზედაც, ბოლოს და ბოლოს, შეჩერდება დამცხრალი და დაშოშმინებული მეხსიერება. კი მაგრამ, სად იყო ეს სახელი, თუ არა ჩვენსავე მეხსიერებაში? თვით იმ შემთხვევაშიც კი, როცა ვიღაცის დახმარებით ვიხსენებთ მას, ის მაინც იქ იყო. რადგან ის ჩვენთვის რაღაც ახალი კი არ არის, რაც სხვისი სიტყვით უნდა ვირწმუნოთ, არამედ ჩვენი მეხსიერება გვიდასტურებს, რომ სწორედ ესაა, რასაც ვეძებდით. ხოლო თუ ის პირწმინდად ამოიშალა ჩვენი მეხსიერებიდან, ვერავითარი შეხსენება ვეღარ გვიშველის. მაგრამ დავიწყება მაინც არ არის სრული: ის მაინც გვახსოვს, რომ დაგვავიწყდა. ვინ დაუწყებდა ძებნას დაკარგულ ნივთს, მისი დაკარგვის ამბავიც რომ დავიწყნოდა? [55]

_________________________________

[55] - იხ. აქვე, შენ. 46.

 

XX

29. როგორღა გეძებო, უფალო? როცა შენ გეძებ, ღმერთო ჩემო, ბედნიერ ცხოვრებას ვეძებ. არ მოვეშვები შენს ძებნას, რათა ცოცხლობდეს ჩემი სული! ჩემი სული აცოცხლებს სხეულს, ხოლო ჩემს სულს აცოცხლებ შენ. როგორღა ვეძებო ბედნიერი ცხოვრება? ვერ ვეღირსები, ვიდრე არ ვიტყვი: „კმარა; აი, ისიც!“ მაშინ კი უნდა ვთქვა, როგორ ვეძებდი: მოგონებით, თითქოს დამვიწყნოდეს, მაგრამ ის კი მახსოვდეს, რომ დამავიწყდა? თუ სრულიად უცნობი ცხოვრებისკენ სწრაფვის სურვილით, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი, ანდა ისე დამავიწყდა, რომ აღარც კი მახსოვს, თუ დამავწყდა? კი მაგრამ, განა ყველას არ სურს ბედნიერი ცხოვრება? თუ მოიძებნება თუნდაც ერთი კაცი, რომელსაც არ სურდეს ეს? მერედა, საიდან გაიგეს, რომ არსებობს ამნაირი ცხოვრება, რაკიღა ასე ძალიან სურთ? ან სად უნახავთ, რომ ასე შეუყვარდათ? არ ვიცი, მაგრამ გარკვეულწილად ჩვენ უკვე ბედნიერები ვართ, თუმცა გააჩნია, ვისთვის რა არის ბედნიერება: ერთი ბედნიერია, როცა უკვე ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობს, მეორისთვის კი საკმარისია იმედიც - ოდესმე მაინც ვიქნები ბედნიერიო, თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებ ბედნიერია, ვიდრე პირველი, მაგრამ მისი ყოფა მაინც სჯობს იმისას, ვისაც არც ერთი აქვს და არც მეორე - არც ბედნიერი ცხოვრება და არც ბედნიერი მომავლის იმედი. და მაინც, თვით ამ იმედგადაწყვეტილთაც კი ასე თუ ისე რომ არ სცოდნოდათ, რა არის ბედნიერება, მაშინ მათთვის სრულიად უცხო იქნებოდა ბედნიერების დაუოკებელი სურვილი, უშრეტი ძალით რომ ღვივის მათ გულში, რაშიაც შეუძებელია ეჭვის შეტანა. არ ვიცი, რანაირად გაიგეს, რა არის ბედნიერება, ან რა წარმოდგენა აქვთ მასზე. მეც ამ კითხვაზე ვიმტვრევ თავს: თუ ეს წარმოდგენა მოგონების წყალობით შეექმნათ, მაშინ ოდესღაც ყველანი ბედნიერები ვყოფილვართ: ან თვითეული ცალ-ცალკე, ან ყველანი ერთად იმ კაცში, რომელმაც პირველად სცოდა, რომელშიაც ყველანი მოვკვდით [56] და რომლისგანაც ყველანი ვიშვით მწუხარებით; თუმცა ამას კი არ ვიძიებ, არამედ მინდა ვიკითხო: ხომ არ ცოცხლობს ბედნიერი ცხოვრების მოგონება ჩვენს მეხსიერებაში? [57] არავითარი წარმოდგენა რომ არა გვქონოდა მასზე, მაშინ არც გვეყვარებოდა. საკმარისია ყური მოვკრათ ამ სიტყვებს - „ბედნიერი ცხოვრებაო“, და მაშინვე ვაღიარებთ, რომ სწორედ ესაა, რასაც ვესწრაფით. რა თქმა უნდა, ამ სიტყვების ხმოვანება როდი გვანიჭებს სიამოვნებას. თუკი მათ ლათინურად მოისმენს ბერძენი, ისინი ვერანაირ სიამოვნებას ვერ მიანიჭებენ მას, რადგანაც ვერ გაიგებს მათ მნიშვნელობას, ჩვენ კი დიახაც მოგვანიჭებენ, ისევე, როგორც ბერძენსაც, თუ მათ ბერძნულად მოისმენს: ბედნიერი ცხოვრება არც საბერძნეთთანაა დაკავშირებული და არც რომთან, მაგრამ მას ხარბად მიელტვიან ბერძნებით, რომაელნიც და უცხოელებიც, სხვადასხვა ენებზე რომ მეტყევლებენ. მაშასადამე, ბედნიერება ცნობილია ყველა ხალხისთვის და ერთდროულად რომ გვეკითხა მათთვის, გსურთ თუ არა ბედნიერები იყოთო, ყველანი ერთხმად გვიპასუხებდნენ, ცხადია, გვსურსო. მაგრამ პასუხი ასე ერთსულოვანი არ იქნებოდა, ყველას რომ არ შემორჩენოდა იმისი ხსოვნა, თუ რას ნიშნავს „ბედნიერება“.

_________________________________

[56] - იგულისხმება ადამი. შდრ. I კორ. XV, 22.

[57] - შდრ. ბლეზ პასკალის ზემოთ უკვე ციტირებული სიტყვები: იხ. მეცხრე წიგნის შენ. 8.

 

XXI

30. მაგრამ განა ეს ხსოვნა იგივეა, რაც ხსოვნა კართაგენისა, რომელიც თვითონ მინახავს? არა, ბედნიერებას თვალით ვერ დაინახავ, რადგან ის სხეული როდია.

მაშ, იქნებ იგივე ხსოვნაა, რა ხსოვნითაც გვახსოვს რიცხვები? არა, რიცხვების მცოდნე არ მიელტვის მათ ფლობას. ჩვენ კი, ვინც ვიცით, რა არის ბედნიერი ცხოვრება და ამიტომაც გვიყვარს იგი, იმავდროულად ისიც გვსურს, რომ ვეუფლოთ მას და ამრიგად ვეზიაროთ ბედნიერებას.

ან იქნებ ისე გვახსოვს იგი, როგორც მჭევრმეტყველება? არა, არც ასე, თუმცა ამ სიტყვის გახსენებისას თვით იმათაც კი ახსენდებათ რას ნიშნავს მჭევრმეტყველება, ვისთვისაც მჭევრმეტყველების ნიჭი არ მიუცია ღმერთს, და მაინც, ვინ მოსთვლის, რამდენს სურს დეუფლოს მჭევრმეტყველების ხელოვნებას, რაც თვალნათლივ მოწმობს, რომ გარკვეული წარმოდგენა აქვთ მასზე: ხორციელ გრძნობათა მეშვეობით გაიცნეს მჭევრმეტყველნი, მოიხიბლნენ მათი ხელოვნებით და თვითონაც მოინდომეს მათსავით ენამჭევრნი გამხდარიყვნენ. ისინი ვერ მიიღებდნენ ვერავითარ სიამოვნებას, საერთოდ რომ არ სცოდნოდათ, რა არის მჭევრმეტყველება, და არც იმას ისურვებდნენ, ნეტავი მჭევრმეტყველების ნიჭი მოგვცაო, არავითარი სიამოვნება რომ არ მიეღოთ ენამჭევრთაგან. ცხადია, მათი სურვილი ერთგვარი შინაგანი ცდისა და ცოდნისაგან იღებს დასაბამს. მაგრამ რა არის ბედნიერი ცხოვრება, ამას ვერცერთი ხორციელი გრძნობა ვერ გვაუწყებს.

იქნებ ეს ისეთივე ხსოვნაა, როგორც ვიხსენებთ სიხარულს? ალბათ ასეა, რადგან ოდინდელ სიხარულს მაშინაც კი ვიხსენებ ხოლმე, როცა მწუხარე ვარ, ისევე, როგორც შავ დღეში მყოფს მახსენდება ბედნიერება. ეს ჩემი სიხარული არასოდეს აღმიქვამს ამა თუ იმ ხორციელი გრძნობით: არც მინახავს, არც მსმენია, არც გემო გამისინჯავს, არც ყნოსვითა თუ შეხებით შემიგრძვნია. ჩემივე სულით განვიცადე იგი, როცა მიხაროდა, ხოლო შემდეგ მეხსიერებაში აღიბეჭდა იგივე განცდა. ასე რომ, მე შემიძლია კვლავ გავიხსენო ოდინდელი სიხარული, ხან ზიზღით და ხან სინანულით, იმის მიხედვით, თუ რა მიხაროდა ოდესღაც. რადგან ზოგჯერ უღირსი საქმის გამოც ავუტაცნივარ სიხარულს, რაც დღეს არ შემიძლია ზიზღის გარეშე გავიხსენო, ზოგჯერ კი სიკეთის გამო შევუპყრივარ იმავე გრძნობას, რასაც სინანულით ვიხსენებ დღეს, რაკიღა წარსულში დარჩა: აი, რა მამწუხრებს ხოლმე გარდასული სიხარულის გახსენებისას.

31. კი მაგრამ, სად და როდის შევიცან ბედნიერება, რათა ამჟამადაც მახსოვდეს, მიყვარდეს და მსურდეს? და არა მარტო მე, ან რამდენიმემ, არამედ უკლებლივ ყველამ, რაკიღა ყველას სურს ბედნიერი იყოს. დაბეჯითებით რომ არ ვიცოდეთ, რა არის ბედნიერება, ასე დაბეჯითებითაც აღარ ვინატრებდით. მაინც რა არის ეს? ორ კაცს რომ ვკითხოთ, ჯარისკაცობა თუ გსურთო, ერთმა შეიძლება დადებითად გვიპასუხოს, მეორემ კი „არაო“ გვითხრას. მაგრამ კითხვა რომ შევუბრუნოთ, ბედნიერება თუ გსურთო, ორივე ერთხმად მოგვიგებს, რა თქმა უნდაო. ერთ მათგანს სწორედ ბედნიერების გულისთვის სურს ჯარისკაცობა და მეორეც სწორედ ამიტომ აცხადებს უარს. იქნებ იმიტომ, რომ ზოგს ერთი რამე ანიჭებს სიხარულს, ზოგს კი - სულ სხვა რამ. მაგრამ ერთნიც და მეორენიც უყოყმანოდ აღიარებენ, რომ ყველას სურს ბედნიერი იყოს, და თუ ჰკითხავ, რა არის საერთო მათ შორის, ერთხმად გიპასუხებენ - რა და, ის, რომ ყველას სიხარული გვსურსო, დ სწორედ ამ სიხარულს უწოდებენ ისინი ბედნიერებას. თუმცა ზოგი რას მიელტვის და ზოგი - რას, მაგრამ მიზანი ყველას ერთი აქვს: სიხარული. მაგრამ რაკი პირადი ცდის გარეშე არავინ იცის, რა არის ეს, ამიტომ როცა გვესმის სიტყვა „ბედნიერება“, მხოლოდ ჩვენს მეხსიერებაში ვპოულობთ მის შინაარსს.

 

XXII

32. შორს ჩემგან, შორს შენი მსახურის გულიდან, აღსარებას რომ გეუბნება, უფალო, დიახ, შორს იყოს აზრი, თითქოს შეიძლება ბედნიერად ვსახავდე თავს, მიუხედავად იმისა, თუ რანაირი სიხარულით ვხარობ! რადგანაც არსებობს სიხარული, რომელსაც ვერ ეღირსება უკეთური [58], არამედ მხოლოდ ის, ვინც უანგაროდ გცემს თაყვანს: მისი სიხარული შენა ხარ თვითონ. რა არის ბედნიერება, თუ არა ის, რომ შენით, შენს გამო და შენთვის ხარობდე? მხოლოდ ამას თუ ეთქმის ჭეშმარიტი ბედნიერება, მხოლოდ ამას. ვისაც სხვა რამე ჰგონია ბედნიერება, სულ სხვა სიხარულს მიელტვის და არა ჭეშმარიტს. მაგრამ მასაც თავისებური წარმოდგენა აქვს სიხარულზე, რომელსაც გამუდმებით ესწრაფის მისი ნება.

_________________________________

[58] - შდრ. ესაია, XLVIII, 22: „არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი, ბოროტეულთათვის“.

 

XXIII

33. მაშასადამე, ვერ ვიტყვით, რომ ყველას სურს ბედნიერი იყოს, რადგანაც იმას, ვისაც არ სურს ხარობდეს შენში (ხოლო ესაა ჭეშმარიტი ბედნიერება), როგორც ჩანს, არ სურს ბედნიერი ცხოვრება. თუ ყველას სწყურია ეს, მაგრამ „ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, და სულს - ხორცის საპირისპიროდ, რათა ვერ იქმოდნენ იმას, რაც სურთ?“ [59] ამიტომაც ინთქმებიან იმაში, რაც შეუძლიათ და ამას სჯერდებიან, რადგანაც არა სურთ ის, რაც არ შეუძლიათ, არა სურთ ისე ძალუმად, რომ ძალა მოიცენ.

მე რომ ავდგე და ყველას ვკითხო, რა გირჩევნიათ განიჭებდეთ სიხარულს - ჭეშმარიტება თუ სიცრუე-მეთქი, ყველანი უყოყმანოდ მიპასუხებენ - ჭეშმარიტებაო, ისევე, როგორც უყოყმანოდ მომიგებენ, რომ ბედნიერება სურთ. მაგრამ ბედნიერება ხომ ჭეშმარიტება, ანუ შენს მიერ მონიჭებული სიხარულია, უფალო, რადგანაც „შენა ხარ ჭეშმარიტება, სინათლე ჩემი, ხსნა ჩემი სახისა, ღმერთი ჩემი“ [60]. დიახ, ყველა სურს ეს ბედნიერება, ეს ბედნიერი ცხოვრება, რომელსაც ერთდერთს ეთქმის ნეტარი, ყველას სურს ჭეშმარიტებით მონიჭებული სიხარული.

რამდენ კაცს ვიცნობ, სხვების მოტყუება რომ სურთ, მაგრამ ის კი აღარ უნდათ, რომ სხვებისგან მოტყუებულნი დარჩნენ. სადღა გაიგეს, რომ არსებობს ეს ბედნიერი ცხოვრება, თუ არა იქ, სასდაც შეიცნეს ჭეშმარიტება? მათი ჭეშმარიტებაც უყვართ, რადგანაც არ სურთ მოტყუებლნი დარჩნენ, მაგრამ, ცხადია, იმიტომ უყვართ, რომ უყვართ ბედნიერი ცხოვრება, რომელიც სხვა რა არის რა, თუ არა ჭეშმარიტებით მონიჭებული სიხარული. თუმცა ჭეშმარიტება არ ეყვარებოდათ, მეხსიერებაში რომ არ ჰქონდეთ ჩარჩენილი მისი თუნდაც მქრქალი ნაკვალევი.

კი მაგრამ, რატომ არ შეჰხარის მას? რატომ არ არისნ ბედნიერნი? იმიტომ, რომ სხვა რამე უფრო ძალუმად დაეუფლა მათ სულს [61], რაც უმალ მოუტანთ უბედურებას, ვიდრე გააბედნიერებთ ესოდენ სუსტი ხსოვნა იმისა, რასაც შეეძლო ბედნიერება მოეტანა მათთვის. „სულ ცოტაღაა ნათელი კაცთა შორის“; მაშ, „იარონ, სანამ უნათებთ, რათა არ მოიცვათ ბნელმა“ [62].

34. მაშ, რატომაა, რომ „ჭეშმარიტება ბადებს სიძულვილს“ [63], ან რატომ იქცა მათთვის მტრად კაცი, რომელიც შენი სახელით ქადაგებდა ჭეშმარიტებას? [64] აკი ბედნიერი ცხოვრება უყვართ, რაც სხვა არა არის რა, თუ არა ჭეშმარიტებით მონიჭებული სიხარული? რა უნდა იყოს ამის მიზეზი? იქნებ ის, რომ ადამიანებს მთელის არსებით უყვართ ჭეშმარიტება, და ამიტომ, როცა სხვა რამე უყვართ, დაჟინებით სურთ, ისიც ჭეშმარიტება იყოს, რაც უყვართ? და რაკი არ სურთ მოტყუებულნი დარჩნენ, არც ის უნდათ, რომ ვინმემ შენიშნოს მათი შცრომა. ამრიგად, მათ სძულთ ჭეშმარიტება, სძულთ იმის გამო, რომ ჭეშმარიტებად მიიჩნევენ იმას, რაც უყვართ. მათ უყვართ ჭეშმარიტების ნათელი, მაგრამ სძულთ მისი ყვედრება [65]. რაკიღა სურთ სხვები მოატყუონ და თვითონ კი არ უნდათ მოტყუვდნენ, ამიტომ ჭეშმარიტებაც მაშინ უყვართ, როცა თვითონვე ევლინება მათ, და არა მაშინ, როცა მათ მანკიერებას ავლენს, რისთვისაც მიეგებათ კიდეც კუთვნილი: რაც უფრო მეტად სურთ არ გამჟღავნდეს მათი უკეთურება, ჭეშმარიტება მით უფრო დაუნდობლად გამოამჟღავნებს და გამოააშკარავეს მათ, თვითონ კი დაფარული დარჩება მათთვის.

დიახ, დიახ, ასეთია ადამიანის სული: ბრმა, უნიათო ბილწი, უღირსი. ამიტომაც სურს დაიმალოს, მაგრამ ის კი აღარ უნდა, რომ მისთვისაც რამე დარჩეს დამალული. მიტომაც მიეგება პირუკუ: ჭეშმარიტებას ვერ დაემალება, ჭეშმარიტება კი დაემალება მას. და მაინც, თავის სიგლახაკესა და სიმწირეშიც კი, მას ურჩევნია ჭეშმარიტებით ხარობდეს და არა სიცრუით. ბედნიერებას კი მხოლოდ მაშინ თუ ეღირსება, როცა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დატკბება უზენაესი ჭეშმარიტებით, რომლისგანაც წარმოსდგება ყველა სხვა ჭეშმარიტება.


[59] - გალატ. V, 17.

[60] - იოანე, XIV, 6; ფსალმ. 26, 1; 41, 12.

[61] - „გასაკვირი არ არის, რომ უბედურთათვის მიუღწეველი რჩება ის, რაც სურთ, ე.ი. ბედნიერი ცხოვრება: ის, რაც მარად თან ახლავს ბედნიერებას, რის გარეშეც არავინაა ბედნიერების ღირსი, - სახელდობრ, წრფელი ცხოვრება, - ამნაირსავე სურვილს არ იწვევს მათში“ („თავისუფალი ნებისათვის“, I, 14, 30).

[62] - იოანე XII, 35.

[63] - ტერენციუსი, „ანდროსელი ქალიშვილი“, 68.

[64] - შდრ. იოანე VIII, 40.

[65] - შდრ. იოანე V, 35; III, 20.

 

XXIV

35. აი, რამდენს დავბორიალობდი შენს ძებნისას, უფალო, ჩემი მეხსიერების სიღრმეში, და ვერსად გპოვე მის გარეთ. ვერც სხვა რამ შენეული ვპოვე, რომ არ მახსოვდეს მას აქეთ, რაც შენ გიცანი, და აღარც დამვიწყნიხარ მას მერე. სადაც მივაკვლიე ჭეშმარიტებას, იქვე ვპოვე ჩემი ღმერთიც, რომელიც თვითონვეა ჭეშმარიტება, და მისი შეცნობის დღიდან აღარასოდეს დამვიწყნია იგი. მას აქეთ, რაც მოგაკვლიე, ცემს მეხსიერებაში მკვიდრობ, უფალო, და იქვე გპოვებ ყოველთვის, როცა გახსენებ და შენში ვხარობ. ესაა ჩემი წმიდა სიტკბოება, გულმოწყალედ რომ მომმადლე, როცა მოხედე სიგლახაკეს ჩემსას.

 

XXV

36. მაგრამ სად მკვიდრობ, უფალო, ჩემი მეხსიერების რომელ კუნჭულში? როგორი სამყოფელი აიგე? რანაირი ტაძარი აღმართე შენთვის? პატივი დამდე და დაემკვიდრე ჩემს მეხსიერებაში, მაგრამ მის რომელ სენაკშია შენი სავანე? შენს ძებნაში სათითაოდ დავიარე მეხსიერების ყველა ნაწილი, რომლებიც ცხოველებსაც მოეძევებათ, მაგრამ ვერ გპოვე იქ, სხეულებრივ საგანთა ხატებებს შორის. მერე იმ ნაწილებსაც მივადექი, რომლებსაც ჩემი სულიერი მდგომარეობანი მივანდე, მაგრამ ვერც იქ მოგკარი თვალი. ბოლოს ჩემი სულის სენაკს მივაშურე, რომელიც მას აქვს მეხსიერებაში, ვინაიდან სული თავის თავსაც იხსენებს ხოლმე, მაგრამ შენ არც იქ იყავი: აკი არც სხეულებრივი ხატება ხარ, არც სულიერი მდგომარეობანი - სიხარული თუ წუხილი, სურვილი თუ შიში, გახსენება თუ დავიწყება და ა.შ. არც თვით სული ხარ, რადგანაც ჩემი სულის უფალი ღმერთი ბრძანდები. ყოველივე ეს ცვალებადია, შენ კი მარად უცვლელი ხარ, ყველაფერზე ამაღლებული, თუმცა პატივი დასდე ჩემს მეხსიერებას და შენს სამკვიდროდ აირჩიე, მას აქეთ, რაც პირველად გიცანი.

ან რას გეკითხები, სად, რა ადგილას მკვიდრობ-მეთქი? თითქოს იქ მართლაც იყოს ადგილი! და მაინც, ეჭვს გარეშეა, რომ ჩემში მკვიდრობ, რადგანაც იმ დღიდან, როცა გიცანი, ჩემში გპოულობ ყოველთვის, როცა გიხსენებ.

 

XXVI

37. მაშ, სადღა გიპოვე, რომ გამეცანი? რადგანაც ჩემს მეხსიერებაში არ ყოფილხარ მანამ, სანამ გაგიცნობდი. კი მაგრამ, მაინც სად გიპოვე, რომ გამეცანი, თუ არა შენშივე, ჩემს ზემოთ? [66] არა, სივრცეს როდი ვგულისხმობ: სივრცე როდი გვყოფს, როცა გშორდებით, და არც სივრცის გავლით გიახლოვდებით [67]. შენა ხარ ჭეშმარიტება, ყველგან მყოფი, და ერთდროულად მიუგებ ყველას, ვინც გეკითხება, თუმცა სულ სხვადასხვაა კითხვები მათი. ასევე ცხადად მიუგებ ყვეას, მაგრამ ყველას ცხადად როდი ესმის. ყველა იმას გეკითხება, რაც სურს, მაგრამ შენი პასუხი სასურველი როდია ყველასათვის. შენი უკეთესი მსახური ისაა, ვინც შენგან სასურველ პასუხს კი არ მოელის, არამედ ვისთვისაც სასურველია ის, რასაც შენგან მოისმენს.


[66] - „ეჭვს გარეშეა, რომ არსება, რომელიც არ ექვემდებარება ცვალებადობას და გონიერ სულზე მაღლა დგას, არის ღმერთი“ („ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის“, 31, 57).

[67] - შდრ. იობი, XXIII, 8: „აჰა, წინ მივდივარ და არა ჩანს, უკან მივდივარ და ვერ ვაგნებ“.

 

XXVII

38. გვიან შეგიყვარე, მშვენიერებავ, უძველესო და უახლესო, გვიან შეგიყვარე! შენ ჩემში იყავ, მე კი გარე-გარე გეძებდი: შენს მიერ შექმნილი სამყაროს მომნუსხველ წიაღში ვცდილობდი შეჭრას მე უმსგავსი და უსახური. ჩემთან იყავი, მე კი არ ვიყავი შენთან. შენს თავს მაშორებდა სამყარო, რომელიც საერთოდ არ იარსებებდა, შენში რომ არ არსებულიყო. შენ მიხმე და შენმა ძახილმა შემუსრა ჩემი სიყრუე; გაიელვე და თვალისმომჭრელი ბრწყინვალებით განდევნე ჩემი სიბრმავე; თავბრუდამხვევი სურნელება შემომაფრქვიე, მე შევიყნოსე და ახლა სულს მიხუთავს სენი სიშორე; მე ვიგემე და ახლა მხოლოდ შენი მადლი მსურს და მწყურია; შემხე და სახმილივით შემომენთო გზნება, შენმიერი მშვიდობის მწველი სურვილით დადაგულს.

 

XXVIII

39. როცა შეგერწყმი მთელის არსებით, სამუდამოდ განქარდება ჩემი ტკივილი თუ ტანჯვა-წამება, და შენით აღსავსე სიცოცხლე ჩემი ნამდვილ სიცოცხლედ იქცევა. მხოლოდ იმას ულხინს, ვისაც მთლიანად ავსებ, მე კი შენით არა ვარ სავსე და მიტომაც მიმძიმს ჩემივე თავის გაძლება. ჩემი სიხარული, რის გამოც ტირილი უფრო მმართებს, გამუდმებით ებრძვის ჩემსავ ვაებას, რის გამოც, პირიქით, უნდა ვხარობდე, და მე არ ვიცი, რომელს დარჩება გამარჯვება.

ვაიმე, ვაი, შემიწყალე, უფალო! [68] უკეთური ვაება ჩემი ერკინება კეთილ სიხარულს ჩემსას, და არც ის ვიცი, რომელი სძლევს, საით გადაიხრება გამარჯვების სასწორი. აი, ჩემი წყლულები, - როდი გიმალავ. შენ მკურნალი ხარ, მე კი სნეული; შენ მოწყალე ხარ, მე - საწყალობელი. „რა არის კაცის ცხოვრება ამ ქვეყნად, თუ არა ცთუნება?“ [69] ვინ ისურვებდა სიმძიმილს და შეჭირვებას? შენ მათ სიყვარულს კი არ გვიბრძანებ, არამედ თმენას. ვის უყვარს, რასაც ითმენს, კიდევაც რომ უყვარდეს თმენა? იქნებ თავიც კი მოსწონდეს, რამდენის მოთმენა შემიძლიაო, მაგრამ მაინც ამჯობინებდა, არაფერი ჰქონოდა მოსათმენი.

უბედურებაში ბედნიერებას ვნატრობთ, ბედნიერებაში კი უბედურებას ვუფრთხით. ნეტა თუ მოიძებნება ამ ორ უკიდურესობას შორის ისეთი შუალედი, სადაც კაცის ცხოვრება არ იქნებოდა ცთუნება? ვაი ამქვეყნიურ ბედნიერებას, ვაი და უი, რადგანაც განუყრელად თან ახლავს უბედურების შიში, შხამივით რომ გვიწამლავს ჩვენ მწირ სიხარულს. ვაი ამქვეყნიურ უბედურებასაც, არამცთუ ორგზის, არამედ სამგზისაც ვაი და უი: ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სულ მუდამ ბედნიერებას ნატრობს; მეორეც იმიტომ, რომ თავისთავადაა საზარელი და სასტიკი, და მესამეც, იმიტომ, რომ ზედ ემსხვრევა ჩვენი მოთმინება! მაშ, რა არის ჩვენი ცხოვრება ამ ქვეყნად, თუ არა უწყვეტი და გამუდმებული ცთუნება?

_________________________________

[68] - შდრ. ფსალმ. 30, 10.

[69] - შდრ. იობი VII, 1.

 

XXIX

40. მთელი ჩემი სასოება შენი დიადი გულმოწყალებაა, უფალო. მომეცი, რასაც მიბრძანებ, და მიბრძანე, რაც გსურს. შენ გვიბრძანებ თავშეკავებას. „მაგრამ მე ვიცი, - უთქვამს ვიღაცას, - რომ არავის შეუძლია თავშეკავება, თუკი ღმერთი არ მისცემს ამის ნიჭს; სიბრძნე კი სწორედ იმის ცოდნაა, თუ ვისგან არის ეს ნიჭი“ [70]. მხოლოდ თავშეკავება გვკრებს და კვლავ ერთის მიმართ მიგვაქცევს სიმრავლედ განწილულთა და აქეთ-იქით მიმოფანტულთ. ნაკლებად უყვარხარ იმას, ვისავ შენს გარდა სხვა რამეც უყვარს, ანდა შენს გამო როდი უყვარს [71]. ო, სიყვარულო, მუდამ რომ იწვი, და მაინც უშრეტი ხარ; ო, მოწყალებავ, ღმერთო ჩემო, ამანთე და ამაბრიალე! თავშეკავებას გვიბრძანებ? მომეცი, რასაც მიბრძანებ, და მიბრძანე, რაც გსურს.


[70] - შდრ. სიბრძნე სოლომ. VIII, 21.

[71] - „ეს იმას როდი ნიშნავს, რომ არ უნდა გვიყვარდეს ქმნილება; მაგრამ თუ ეს სიყვარული შემოქმედისკენაა მიმართული, მასში უკვე აღარ არის ვნება; ვნება მაშინ აღიძვრის, როცა ქმნილება თვით მისი გულისთვის უყვართ“ („სამებისათვის“, 9,8,13).

 

XXX

41. შენ, რა თქმა უნდა, გვიბრძანებ თავი შევიკავოთ ყოველივე იმისგან, რასაც ჰქვია „სიხარბე ხორცის, სიხარბე თვალის და ქედმაღლობა არსებობისა“ [72]. შენ გვიკრძალავ უქორწინოდ ცხოვრებას ქალთან, და თუმცა ქორწინების ნებას კი გვრთავ, მაგრამ იმასაც გვირჩევ, რომ უცოლობა უმჯობესია [73]. ეს უკანასკნელი გზა უფრო უმალ ამარჩევინე, ვიდრე შენს საიდუმლოთა აღსრულებას შევუდგებოდი. მაგრამ ჩემს მეხსიერებაში, რომელზედაც ამდენი ვილაპარაკე, დღემდე ცოცხლობენ სასიყვარულო განცხრომათა ხატებანი, ჩვეულებას რომ ამოუტვიფრავს მასში. ისინი დღემდე მიტევენ მღვიძარს, თუმცა ძალაგამოცლილნი სიფხიზლეში ვერას მაკლებენ, მაგრამ ძილში არა მარტო ხორციელი ტკბობის მაცთურ გრძნობას აღმიძრავენ, არამედ ლამის იმაზედაც დამიყოლიონ, რომ ამ ცთუნებას ავყვე. ეს ილუზორული ხატებანი იმნაირ ზემოქმედებას ახდენენ ჩემს სულსა და სხეულზედაც, რომ მძინარეს თითქმის მარწმუნებენ იმაში, რაშიაც ვერასდიდებით დამარწმუნებდნენ მღვიძარს. ნუთუ მე მაშინ სხვა ვარ, უფალო ღმერთო ჩემო? რამხელა განსხვავებაა ჩემს ორ „მე“-ს შორის: სხვა ვარ, როცა მღვიძარს ძილი მერევა, და სულ სხვა, როცა ძილს კვლავ ღვიძილი ცვლის [74]. სადაა ამ დროს ჩემი გონება, რომლის წყალობითაც სიფხიზლეში არაფრად ვაგდებ ამ მაცთურ ხატებათა შემპარავ ჩურჩულს და ურყევად ვდგავარ ნამდვილი საცთურის წინაშე? იქნებ ისიც თვალებთან ერთად იხუჭება და ხორციელ გრძნობებთან ერთად იძინებს? ან რატომაა, რომ ძილშიც ხშირად ვუძალიანდებით საცთურს, რადგანაც კარგად გვახსოვს ჩვენი გადაწყვეტილება და ბოლომდე მისი ერთგულნი ვრჩებით? და მაინც, სხვაობა ისე აშკარაა, რომ თვით იმ შემთხვევაშიც კი, როცა ჩვენს გადაწყვეტილებას ვღალატობთ, გამოღვიძებისას კვლავ მშვიდდება ჩვენი სინდისი; იგივე სხვაობა გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ როდი ჩაგვიდენია ის, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, მაინც მოხდა ძილში.

42. ნუთუ შენს ხელს, ყოველისმძლე ღმერთო, არ შეუძლია განკურნოს ყოველგვარი სნეულება ჩემი სულისა და მადლის სიჭარბით ჩაახშოს ცემი სიზმების ავხორცული ბორგვა? შენ დღითიდღე გაამრავლებ შენს მადლსა და წყალობას ჩემს მიმართ, რათა ჩემს კვალდაკვალ მოგაშუროს ავხორცობის ჭაობიდან თავდახსნილმა ჩემსავე სულმა; რათა აღარ აუჯანყდეს საკუთარ თავს და თვით ძილშიაც კი აღარ დაემორჩილოს ამ ცხოველურ ხატებათა ზემოქმედებას, სიბილწის მორევში რომ ითრევენ ხორცს, არამედ სამუდამოდ დათრგუნოს ისინი. მომეცი ძალა იმისა, რომ ვერავითარმა ბილწმა საცთურმა, თუნდაც იმდენად უსუსურმა, რომ უმანკო ძილით მძინარის ნებას უმცირესი ძალისხმევითაც კი შეეძლოს მიი გაქარწყლება, - ვერც ამჟამად და ვერც მომავალში ვერ აღმიძრას ესოდენ უმსგავსი წადილი. განა ეს ძნელია შენთვის, ყოვლისმძლეო, „ვისაც განუზომლად მეტის ქმნა ძალგიძს, ვიდრე ჩვენ გთხოვთ, ანდა ვიაზრებთ?“ [75] ჯერჯერობით კი - ვაღიარებ, უფალო ჩემო, სიკეთევ ჩემო, - კვლავაც ამ ბოროტებაში ვარ დანთქმული და „ძრწოლით შევხარი“ [76] იმას, რაც მიწყალობე, დავტირი არასრულქმნილებას ჩემსას და იმედი მაქვს, რომ სრულყოფ შენს მოწყალებას ჩემს მიმართ, ვიდრე სრულ მშვიდობამდე, რომლესაც ეზიარება შენში მთელი ჩემი არსება, შინაგანიც და გარეგანიც, როცა „დაინთქმება სიკვდილი ძლევით“ [77].


[72] - I იოანე II, 16.

[73] - I კორ. 1-7, 27, 38.

[74] - შდრ. მარკუს ავერლიუსი: „რას ვახმარ ამჟამად ჩემს სულს? აი, რა უნდა ჰკითხო ხოლმე შენსავე თავს და მერე იკვლიო, რა მოსდის შენი არსების იმ ნაწილს, რომელსაც წარმმართველს უწოდებენ მართებულად. ვისი სული მაქვს მე ახლა? ჩვილის, ჭაბუკის, სუსტი დიაცის, ტირანის, პირუტყვის თუ მკსინვარე მხეცის?“ („ფიქრები“, V,11).

[75] - ეფეს. III, 20.

[76] - შდრ. ფსალმ. 2, 11.

[77] - I კორ. XV, 54.

 

XXXI

43. არის სხვა „ბოროტებაც დღისა“ [78]; ნეტა ღმერთს ენებებინა, რომ ის ერთადერთი იყოს. ჩვენ სმა-ჭამით აღვიდგენთ ყოველდღიურად რღვევად სხეულს, და ასე იქნება მანამ, სანამ შენ „არ მოსპობ საჭმელსაც და სტომაქსაც“ [79], სასწაულებრივი სიმაძღრით არ დააცხრობ შიმშილს, და „ამ ხრწნად სხეულს არ შემოსავ მარადიული უხრწნელებით“ [80]. დღესდღეობით კი სიამოვნებად მიჩანს ეს აუცილებლობა, და მე ვებრძვი ამ სიტკბოებას, რათა მისი ტყვე არ გავხდე; ესაა ყოველდღიური ბრძოლა მარხულობითა და „ხორცის დათრგუნვით“ [81]. თუმცა სალმობას მაინც სიამოვნების მეოხებით ვაძევებ, რადგანაც შიმშილი და წყურვილი სალმობაა, ციებ-ცხელებასავით რომ გწვავს და გაკვდინებს, თუკი სასმელ-საჭმეილთ არ უმკურნალებ. მაგრამ რაკი წამალი ყოველთვის ხელთა გვაქვს, იმის წყალობით, რომ უშურველად გვიძღვნი შენს მადლს, რის შედეგადაც შეეწევიან ჩვენს უმწეობას მიწაც, წყალიც და ცაც, ამიტომ უბედურებას სიამოვნებად მიიჩნევენ კაცნი.

44. შენ მასწავლე წამალივით მივიღო საზრდო, მაგრამ ვიდრე მტანჯველი შიმშილისაგან გადავდივარ სასიამოვნო სიმაძღრეზე, სწორედ აქაა დაგებული ჩემთვის ღორმუცელობისა თუ სიხარბის მახე. თვით ეს გადასვლა სიამოვნებაა, და ვერანაირი სხვა გზით ვერ გადავალთ იქ, სადაც გვერეკება აუცილებლობა. ჭამაც და სმაც ჯანმრთელობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად, მაგრამ ამას თან ახლავს სახიფათო თანამგზავრი - სიამოვნება, რომელიც არცთუ იშვიათად ცდილობს წინ გაუსწროს აუცილებლობას, რათა გვაიძულოს მხოლოდ მისი გულისთვის ვჭამდეთ და ვსვამდეთ, თუმცა ეს, ჩვენივე სიტყვით და ნება-სურვილით, მარტოოდენ ჯანმრთელობის შენარჩუნებას ემსახურება.

თუმცა ორივეს ერთი და იმავე საზომით ვერ მივუდგებით: ის, რაც საკმარისია ჯანმრთელობისთვის, სიამოვნებას ეცოტავება. და ხშირად ვერც კი ვარჩევთ, რა არის ეს: აუცილებელი ზრუნვა სხეულის სიმრთელისათვის, რაც ჩვენს მსახურებას მოითხოვს, თუ მაცთური სიამოვნებისაკენ სწრაფვა, განცხრომის მონებად რომ გვაქცევს. სწორედ ეს გაურკვევლობაა ჩვენი საბრალო სულის ერთგვარი შვება, რადგანაც მასში ხედავს თავის გამართლების საშუალებას და თავსაც მისი წყალობით იცავს, რადგანაც გაურკვეველია, მაინც რა არის აუცილებელი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, და სწორედ ამ გაურკვევლობით ამართლებს ღორმუცელობას. მე ყოველდღე ვებრძვი ამ საცთურს, და შენს მარჯვენას ვთხოვ შემწეობას: დამიხსენ ამ ორჭოფობისაგან, რადგანაც ამ მხრივ დღემდე ვერაფერი გამირკვევია.

45. მესმის ხმა ჩემი ღმერთისა, რომელიც ბრძანებს: „ნუ დაიმძიმებთ თქვენს გულს სიმთვრალით და ნაყროვანებით“ [82]. სიმთვრალე შორსაა ჩემგან: ღმერთო, მარიდე მისი სიახლოვე. მაგრამ, აი, ნაყროვანება კი მეძალება ხოლმე: მოწყალება მოიღე და განმარიდე. რადგანაც, „არავის შეუძლია თავშეკავება, თუკი შენ არ მისცემ ამის ნიჭს“ [83]. რამდენ რასმე გვიწყალობებ ჩვენი ლოცვებისათვის; იმ სიკეთესაც, მანამ რომ ვიღებთ, სანამა გთხოვდეთ, შენგანვე ვიღებთ [84], და ისიც შენი წყალობაა, მხოლოდ შემდეგ რომ ვიგებთ ამას. მემთვრალე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ვიცნობდი მემთვრალეებს, შენ რომ შეაძულე სიმთვრალე. შენივე ნამოქმედარია, რომ ზოგი არასოდეს არ ხდება ის, რაც არასდროს ყოფილა, ზოგი კი უკვე აღარ არის ის, რაც იყო.

სხვა სიტყვაც მსმენია შენგან: „ნუ აჰყვები შენს გულისთქმას, და სურვილისგან მოიზღუდე თავი“ [85]. შენი წყალობით მსმენია სხვა შეგონებაც, რომელიც გამორჩევით მიყვარს: „ჭამით არაფერი გვემატება, და უჭმელობითაც არა გვაკლდება რა“ [86]. ანუ, რაც იგივეა, ერთი არ გამამდიდრებს, ხოლო მეორე არ დამაქცევს. სხვაც გამიგია: „მე ვისწავლე კმაყოფილი ვიყო იმით, რაცა მაქვს; გაჭირვენის თმენაც ძალმიძს და ხელგაშლილობაც; ყველაფერი შემიძლია ჩემი განმამტკიცებლის მიერ“ [87].

აჰა, მხედარი ზეციური ბანაკისა! ჩვენსავით მტვერი როდია. მაგრამ გაიხსენე, უფალო, რომ „ჩვენა ვართ მტვერი“ [88], და რომ მტვრისაგან შეჰქმენი კაცი [89], რომელიც „დაკარგული იყო და გამოჩნდა“ [90]. მაგრამ თვით ამ მხედარსაც [91] არაფერი შეეძლო თავისთავად, რადფანაც, ჩვენი არ იყოს, ისიც მტვრისაგან იყო ნაზელი, ვისი სიტყვებიც ასე შევიყვარე, შენმა სულმა რომ შთააგონა: „ყველაფერი შემიძლია ჩემი განმამტკიცებლის მიერ“ [92]. მაშ, განმამტკიცე, რათა შევიძლო; მომეცი,რ ასაც მიბრძანებ, და მიბრძანე, რაც გსურს. პავლე აღიარებს, რომ ყველაფერი შენგან მიიღო, რა „რასაც იქადის, უფლის მიერ იქადის“ [93]. სხვა ლოცვაც მსმენია: „განმარიდე მუცელღმერთობა“ [94]. ყოველივე ეს ცხადყოფს, წმიდაო ღმერთო, რომ მხოლოდ შენი წყალობით სრულდება ის, რისი ასრულებაც გნებავს.

46. შენ მასწავლე, ღმერთო სახიერო, რომ „წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, მაგრამ ბოროტებაა კაცისთვის, რომელიც საცთუნებლად ჭამს; კეთილია შენი ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მადლიერებით მიიღება; საჭმელი როდი გვაახლოებს ღმერთთან; მაშ, ნურავინ განგსჯით საჭმლისა თუ სასმელის გამო; ვინცა ჭამს, ნუ შეურაცხყოფს მას, ვინც არა ჭამს, ხოლო ვინც არა ჭამს, ნუ გასნჯის მჭამელს“ [95]. შენი წყალობით შევიმეცნე ეს და მადლობას გწირავ, ღმერთო ჩემო, მოძღვარო ჩემო, შენი სიტყვებით რომ მიტკბობ სმენას და ნათელს ჰფენ ჩემს გულს. გამარიდე ყოველგვარი საცთურს. უწმინდური საჭმელი როდი მაშინებს, არამედ უწმინდური ვნება. ვიცი, რომ ნოეს უფლება ჰქონდა ეჭამა ყოველნაირი ხორცი, რისი ჭამაც კი შეიძლება [96]; რომ ელიამ ხორცით აღიდგინა ძალა [97]; რომ იოანე, ეს საოცარი მმარხველი, სულაც არ შეუბილწავს იმას, რომ კალიებს ჭამდა [98]. მაგრან ნე ისიც ვიცი, რომ ესავი ცერცვის შეჭამანდმა აცთუნა [99]; რომ დავითმა თავისი თავი ჰგმო, როცა წყლის დალევა მოუნდა [100]; რომ ჩვენს მეუფეს ხორცით კი არ აცთუნებდა მაცთური, არამედ პურით [101], და ხალხმაც იმისთვის როდი დაიმსახურა ღვთის ყვედრება უდაბნოში, რომ ხორცი მოუნდა, არამედ იმიტომ, რომ უფლის წინააღმდეგ დაიწყო დრტვინვა [102].

47. ამ საცთურში დანთქმული ყოველდღე ვებრძვი ნაყროვანებას, რადგანაც შეუძლებელია ისევე დათრგუნო იგი, როგორც დავთრგუნე ავხორცული ვნება, ერთხელ და სამუდამოდ რმო აღვიკვეთე და აღრსოდეს მივბრუნებივარ. პირს ისე უნდა ამოსდო ლაგამი, რომ არც ძალუმად მოვზიდოთ და არც სულ მივუშვათ სადავე. კი მაგრამ, თუ მოიძებნება, უფალო, კაცი, ხანდახან მაინც რომ არ გადასცდეს აუცილებლობის ზღვარს? ვინც უნდა იყოს, დიდია და, დაე, ადიდოს შენი სახელი. ვაი რომ ჩემს თავზე ვერ ვიტყვი ამას, რადგანაც ცოდვილი ვარ. მაგრამ მეც ვადიდებ შენს სახელს, რათა მან, ვინც „სძლია ქვეყანა“ [103], „მითავმდებოს შენს წინაშე ჩემი ცოდვებისთვის“ [104], რაკიღა თავისი სხეულის უმწეო ასოთა შორის მიმთვლის, ვინაიდან „სენს თვალებს უხილავთ არასრულქმნილება ჩემი, და ყოველივე ჩაიწერება შენს წიგნში“ [105].


[78] - მათე VI, 34.

[79] - შდრ. I კორ. VI, 13.

[80] - I კორ. XV, 53.

[81] - შდრ. I კორ. IX, 27; II კორ. XI, 27.

[82] - ლუკა XXI, 34.

[83] - შდრ. სიბრძნე სოლომ. VIII, 21.

[84] - შდრ. მათე, VI, 8.

[85] - სიბრძნე ზირაქ. XVIII, 30.

[86] - I კორ. VIII, 8.

[87] - ფილიპ. IV, 11-12.

[88] - ფსალმ. 102, 14.

[89] - შდრ. დაბად. III, 19.

[90] - ლუკა XV, 24, 32.

[91] - იგულისხმება პავლე მოციქული.

[92] - იხ. აქვე, შენ. 87.

[93] - I კორ. I, 31.

[94] - სიბრძნე ზირაქ. XXIII, 6.

[95] - ტიტ. I, 15; რომ. XIV, 20; I ტიმ. IV, 4; I კორ. VIII, 8; კოლ. II, 16; რომ. XIV, 3.

[96] - იხ. დაბად. IX, 3.

[97] - იხ. III მეფეთა XVII, 6.

[98] - იხ. მათე III, 4.

[99] - იხ. დაბად. XXV, 30-34.

[100] - იხ. II მეფეთა XXIII, 15-17.

[101] - იხ. მათე IV, 3.

[102] - იხ. რიცხვთა XI, 4-6.

[103] - იოანე XVI, 33.

[104] - შდრ. რომ. VIII, 34.

[105] - ფსალმ. 138, 16. ამ ფსალმუნის განმარტებისას ნეტარი ავგუსტინე წერდა: „შენს წიგნში ჩაიწერებიან ყველანი: არა მარტო სრულქმნილნი, არამედ არასრულქმნილნიც. დაე, ნუ შეკრთებიან არასრულქმნილნი, დაე, იმოქმედონ, ყოველდღე რაღაცა მიიმატონ და თანდათან მოგიახლოვდნენ; დაე, განეშორებიან სხეულს უფლისას“...

 

XXXII

48. სურნელების საცთური კი არ მაშფოთებს. როცა შორსაა, არ ვეძებ, ხოლო როცა ახლოსაა, არ გავურბივარ; მე შემიძლია მთელი სიცოცხლე სურნელების გარეშე გავძლო, თუმცა შესაძლოა ვცდები. აი, სავალალო სიბნელე ჩემი, რომლის წიაღშიაც დაფარულია ბევრი ჩემი უნარი, ასე რომ, როცა ჩემი სული თავის თავსვე ეკითხება, რა ძალის პატრონი ვარო, დარწმუნებული არ არის, რომ სწორ პასუხს მიიღებს: რასაც მისი სიღრმე იმარხავს, მეტწილად დაფარულია, და მხოლოდ ცდა თუ გამოავლენს. ამ ცხოვრებაში, რომელიც სხვა არა არის რა, თუ არა „უწყვეტი ცთუნება“ [106], არავის შეუძლია დამშვიდებული იყოს თავისი თავის გამო: თუ ვინმე ცუდი იყო და კარგი გახდა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ სულ კარგი იქნება და შეუძლებელია კვლაც ცუდი გახდეს. ერთადერთი იმედი, ერთადერთი რწმენა, ერთადერთი უტყუარი აღთქმა, უფალო, ესაა შენი გულმოწყალება!

_________________________________

[106] - იობი VIII, 1.

 

XXXIII

49. სმენის სიამემ უფრო მაგრად შემბორკა და დამიმონა, მაგრამ შენ ამხსენ ბორკილი და თავისუფლება მომანიჭე. ვაღიარებ, თვით დღესაც სიამოვნებით ვისმენ ხოლმე შენი ცხოველმყოფელი სიტყვით შთაგონებულ საგალობლებს, მომნუსხველი ხმით აჟღერებულნი საამოდ რომ ელამუნებიან სმენას; ვისმენ და ვისვენებ, მაგრამ ბოლომდე როდი ვენდობი მათ უჩვეულო ხიბლს: როცა მომეპრიანება, შემიძლია ავდგე და წავიდე. თუმცა იმ ცხოველყოფელ სიტყვებთან ერთად, მათ რომ აცოცხლებენ და ასრულიერებე, ისინიც ღირსეულ ადგილს მოითხოვენ ჩემს გულში, და მე მეეჭვება, შემიძლია თუ არა იმნაირი სამყოფელი მივუჩინო მათ, რასაც ისინი იმსახურებენ. ხანდახან კი, ასე მგონია, რაც ეკუთვნით, იმაზე მეტ პატივს მივაგებ მათ: მე ვგრძნობ, რომ შენი წმიდა სიტყვებით ახმიანებული საგალობლები უფრო მეტი ღვთისმოსაობით აღაგზნებენ ჩვენს სულს, როცა მათ სრულყოფილად ასრულებენ, მაშინ როდესაც არასრულყოფილი შესრულება ასეთსავე განცდას ვერ აღძრავს ჩვენში. ხომ ურიცხვია ჩვენი სულის იდუმალი მოძრაობანი, და თვითეული მათგანი თავისებური, მხოლოდ მისთვის ნიშნეული თრთოლვით ვლინდება მოლაპარაკისა თუ მომღერლის ხმაში, რომელიც, ღმერთმა იცის, რა შინაგანი სიახლოვისა თუ ნათესაობის წყალობით, მსმენელის სულსაც გადასცემს ამ მთრთოლვარებას. მაგრამ რა ხშირად მატყუებს ხორციელი სიამოვნების გრძნობა, რომელსაც კაცმა არ უნდა დააძაბუნებინოს სული: გრძნობა, რომელიც თან ახლავს გონებას, მორჩილად კი არ მიჰყვება უკან, - თუმცა ეს ადგილიც გონების წყალობითა აქვს მოპოვებული, - არამედ ცდილობს წინ გაუსწროს და წინამძღვრად ექცეს. ასე, ჩემდა შეუმჩნევლად ვცოდავ ხოლმე, და მხოლოდ შემდეგ ვამჩნევ ჩემს შეცოდებას [107].

50. ზოგჯერ კი, ამ ცთუნების თავიდან ასაცილებლად, შეცდომას ვუშვებ და მეტისმეტ სიმკაცრეს ვიჩენ: ძალიან მინდა ხოლმე ჩემს სმენასაც გავრიდო და თვით ეკლესიასაც ეს მომნუსხველი ჰანგები, რომელთა თანხლებითაც ასრულებენ დავითის ფსალმუნებს. მე მგონია, სწორად იქცეოდა ალექსანდიელი ეპისკოპოსი ათანასე [108], რომელიც - მახსოვს, ხშირად მეუბნებოდნენ, - მეფსალმუნეებს აიძულებდა ხმის ისეთი უმნიშვნელო მოდულაციებით წარმოეთქვათ ფსალმუნები, რომ ეს კითხვას უფრო ჰგავდა, ვიდრე გალობას.

და მაინც, მახსოვს ნეტარების ცრემლები, რომლებსაც მაღვრევინებდა საეკლესიო გალობის სმენა, როცა პირველად ვეზიარე რწმენის ნათელს. და ახლაც, - მართალია, იმდენად გალობა როდი მაღელვებს, რამდენადაც ის, რაც იგალობება, როცა მგალობლის ხმა სუფთაა, თბილი და საამოდ მჟღერი, - ხელახლა ვაღიარებ, რაოდენ სასარგებლოა ეს უძველესი ჩვეულება.

ასე ვირყევი ამ ორ განცდას შორის: თუ, ერთის მხრივ, ტკბობა სახიფათოა, მეორეს მხრივ, გალობის ცხოველმყოფელი ზემოქმედება ცდითაა დადასტურებული. ამიტომაც თავს ვიკავებ იმნაირი დასკვნისაგან, საპირისპირო აზრს რომ ვერ იტანს, და მაინც ვიწონებ საეკლესიო გალობის ოდინდელ ჩვეულებას, რათა რწმენის თავბრუდამხვევმა ნეტარებამ ღვთისმოსაობის მიმართ მიაქციოს ჯერ კიდევ უმწეო სული. ხოლო როცა მე თვითონ ვგრძნობ, რომ გალობა უფრო მაღელვებს, ვიდრე ის, რაც იგალობება, ვაღიარებ, ესაა სინანულის ღირსი შეცდომა, და მე ვამჯობინებდი, სულაც არ მსმენოდა მგალობლის ხმა.

აი, ვინ ვარ და რა ვარ! იტირეთ ჩემთან ერთად და მიტირეთ ყველამ, ვინც კი სიკეთისათვის იღწვით გულში, საიდანაც იღებს დასაბამს ყოველი ქცევა. ხოლო ის, ვინც სიკეთისათვის არ იღწვის, ცხადია, არ შეიძვრის გულით. შენ კი, „უფალო ღმერთო ჩემო, მისმინე და მომხედე“ [109], „შემიწყალე და განმკურნე მე“ [110]. შენს თვალში ჩემივე თავისთვის გამოცანად ვიქეცი, და სწორედ ესაა ჩემი სნეულება.


[107] - ნეტარი ავგუსტინე მკრეხელობად მიიჩნევს იმას, რომ საგალობელთა მოსმენით მოგვრილმა ტკბობამ დაჩრდილოს მსმენელის საღვთისმოსაო გზნება.

[108] - ათანასე (295-373 წ.) - ალექსანდრიელი ეპისკოპოსი, არიანობის წინააღმდეგ თავგამოდებული მებრძოლი, პოლემიკური საღვთისმეტყველო თხზულებებისა და „წმ. ანტონის ცხოვრების“ ავტორი.

[109] - ფსალმ. 12, 4.

[110] - ფსალმ. 6, 3.

 

XXXIV

51. და ბოლოს, რჩება ხორციელ თვალთაგან მონიჭებული სიამოვნება; სწორედ მას ეხება ჩემი აღსარება, რომელსაც ისმენს ყური შენი ეკლესიისა [111], თანამოძმეთა და ღვთისმოსავთა ყური. ამით დავასრულებთ საუბარს ხორციელ სიამეთა საცთურის შესახებ, დღემდე რომ ცდილობენ ჩემს მკვნესარე გულში შემოჭრას, და მე, მჭმუნვარეს, „მსურს შევიმოსო ზეციური სავანე ჩემი“ [112].

თვალს უყვარს ლამაზი და მრავალფეროვანი ფორმები, ნათელი და სასიამოვნო ფერები. დაე, ნუ დაეუფლებიან ისინი ჩემს სულს, არამედ დაეუფლოს მას ღმერთი, რომელმაც შექმნა ეს მომხიბლავი ფერებიცა და ფორმებიც, მაგრამ ისინი კი არა, ღმერთია ჩემი სიკეთე. ლამაზი საგნები, გარს რომ მარტყიან, მთელი დღის მანძილზე არ მაძლევენ მოსვენებას მღვიძარს, იმ წკრიალა ხმებისა და, საერთოდ, ყოველგვარი ჩქამისა არ იყოს, მყუდროებას რომ მირღვევენ. თვით ფერების დედოფალი, ნათელი მზისა, ყოველივე ხილულს რომ ეფინება, სადაც უნდა ვიყო, მთელი დღის მანძილზე ელამუნება ჩემს მზერას, თუნდაც საქმეში თავჩარგული არავითარ ყურადრებას არ ვაქცევდე მას; და ისე უჩუმრად, შემპარავად შემომჩვევია, რომ თუ უეცრად მიეფარა თვალს, სევდით შეპყრობილი დავეძებ, ხოლო თუ დიდხანს არ გამოჩნდა, სიბნელე ისადგურებს ჩემს სულში.

52. ო, ნათელო, რომელსაც ხედავდა თვალზე ლიბრგადაკრული ტობითი [113], ცხოვრების გზას რომ უჩვენებდა თავის ძეს და წაუბორძიკებლად უძღოდა წინ სიყვარულის ფეხებით [114]; ნათელი, რომელსაც ჭვრეტდა ხანდაზმული, ქუთუთოებდამძიმებული და თვალდაშრეტილი ისააკი, რომელმაც ისე აკურთხა შვილები, რომ არ უცვნია, რისთვისაც ის დაიმსახურა, რომ კურთხევის შემდეგ ეცნო ისინი [115]; ნათელი, რომელსაც ხედავდა წელთა სიმრავლით თვალდავსილი აიკობიც, გულში ჩამდგარი ნათელით რომ გაანათა წინასწარ უწყებული ტომები მომავალი ერისა, და იდუმალი ძალით გადაჯვარედინებული ხელები დაადო თავის შვილიშვილებს, იოსების მემკვიდრეთ, და ასე აკურთხა ისინი; იოსები, ხორციელი თვალებით რომ ხედავდა ამას, შეეცადა გამოესწორებინა მამის შეცდომა, მაგრამ ეს შეცდომა როდი იყო: იაკობი შინაგანი მზერის კარნახით მოქმედებდა [116]. აი, ჭეშმარიტი ნათელი: ერთი, ერთარსი და თავისი ერთობით ყველა მოკვდავის გამაერთიანებელი, ვინც კი ჭვრეტს მას და უყვარს იგი.

ხოლო ეს მიწიერი ნათელი, რომელზედაც ვლაპარაკობდი, თავისი მაცთური და სახიფათო ხიბლით ამ ცრუ საწუთროს ულამაზებს მის ბრმა მოყვარეთ. ვისაც შეუძლია ამ ნათლისათვის გადიდოს შენ, „ღმერთო, ყოვლის შემოქმედო“ [117], მის სიტყვებს ჩააქსოვს და ჩააქარგავს შენს საგალობლებს, თვითონ კი არ ჩაიკარგება მასში, მთვლემარე და რულმორეული. მეც ამნაირი მინდა ვიყო. წინ აღვუდგები თვალების საცთურს, რათა ფეხი არ შემიკრას შენსკენ მომავალს; შენ მოგაპყრობ უხიალვ თვალს, რათა „მახიდან გამოხსნა ჩემი ფეხი“ [118]. აკი გამუდმებით მიხსნი მზაკვრულად დაგებული მახიდან, რადგანაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვებმები შიგ. „შენ კი არ ჩასთვლემ და არ დაიძინებ, მფარველო ისრაელისა“ [119].

53. მაგრამ რამდენი რამ მიუმატეს ადამიანებმა თვალის საცთურს: სხვადასხვა ხელოვნებათა თუ ხელობათა ქმნილებები - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჭურჭელი, დგამ-ავეჯი, სამკაულები, სურათები, ქანდაკებები და სხვა მისთანანი,  - ყოველივე ეს უკვე შორს სცილდება აუცილებლობისა და ზომიერების ფარგლებს, როგორც საერო, ისე საეკლესიო ცხოვრებაშიც. მთლიანად გარე სამყაროში დანთქმულნი და საკუთარ ქმნილებათ ყურმოჭრილ მონებად ქცეულნი თავიანთ გულშიც ხელს იღებენ იმაზე, ვისი ქმნილებებიც არიან თვითონ, და ამრიგად ანგრევენ იმას, რაც შემოქმედს ჩაუნერგავს მათში [120].

მე კი, ღმერთო ჩემო და სიქადულო ჩემო, აქაც იმის საბაბს ვპოულობ, რომ საგალობელი აღვავლინო შენს სადიდებლად და ქების მსხვერპლად გიძღვნა შენ, ვინც თავი მოგიძღვენ მსხვერპლად. რადგნაც ის მშვენიერება, ხელოვანის სულიდან მისი გაწაფული ხელების მეშვეობით რომ გადადის მასალაში, დასაბამს იღებს იმ მშვენებიდან, რომელიც ჩვენს სულებზე უზენაესია [121], და რომლისთვისაც დღედაღამ ჭმუნავს ჩემი სული. მშვენიერ საგანთა ყველა შემქმნელმა და მოყვარულმა სწორედ მისგან მიიღეს ამ საგანთა შეფასების საზომი [122], მაგრამ მათი მართებულად ხმარების საზომი კი არ მიუღიათ. ის კი აქვეა, მათ გვერდით [123], მაგრამ ვაი რომ ვერ ხედავენ მას. შორს წასვლა სულაც არაა საჭირო: „დაე, შენთვის შეინახონ ძალა“ [124] და სულის გამომფიტველ სიამოვნებას ნუ შეალევენ მას..

თვით მეც კი, ამას რომ ვამბობ, და მესმის კიდეც, რასაც ვამბობ, დიახ, თვით მეც კი, თითქოს ფეხებზე ბორკილები დამადესო, მონუსხულივით ვდგავარ ამ მიწიერი მშვენიერების წინაშე. მაგრამ შენ შემხსნი ამ ბორკილებს, რადგანაც „ჩემს თვალწინაა შენი წყალობა“ [125]. მე საწყალობლად ვებმები მახეში და შენ მოწყალედ მათავისუფლებ. ხანდახან ვერც კი ვგრძნობ ამას, ისე სუსტად ვუპყრივარ მახეს, ზოგჯერ კი ისე მაგრა ჩამიჭერს, რომ სუნთქვა მეკვრის და სული მეხუთება.


[111] - შდრ. II კორ. VI, 16: „რადგანაც ცოცხალი ღმერთის ტაძარი ხართ“...

[112] - II კორ. V, 2.

[113] - იხ. ტობ. IV, 2 და შმდ.

[114] - დედანში: pede caritatis.

[115] - იხ. დაბად. XXVIII.

[116] - იხ. დაბად. XLVIII-XLIX.

[117] - ამბროსი მედიოლანელის ჰიმნის პირველი სტრიქონი; იხ. „აღსარებანი“, წიგნი მეცხრე, XII, 32.

[118] - ფსალმ. 24, 15.

[119] - ფსალმ. 120, 4.

[120] - მატერიალურ საგანთა სიყვარული ანგრევს და ანადგურებს ადამიანის უზენაეს „მე“-ს.

[121] - შდრ. პლოტინი: „ყოველივე მშვენიერი მასზე („ერთზე“, ანუ „ღმერთზე“, - ბ.ბ.) უდაბლესია, მაგრამ მისგან იღებს დასაბამს, როგორც დღის ნათელი - მზისგან“ („ენნ.“ VI,IX,4).

[122] - იგულისხმება ის შინაგანი გრძნობა, რომლის წყალობითაც მშვენიერ საგნებში ღვთაებრიობის გამოვლენას ვჭვრეტთ.

[123] - „შენს მიმართ ზურგშექცეულნი თავიანთ ხორციელ საქმეებში, როგორც საკუთარ ჩრდილში, ინთქმებიან, მაგრამ თვით იმაშიც კი, რითაც ტკბებიან, ბრწყინავს გარშემო განფენილი შენი ნათელი“ („ნების თავისუფლებისათვის“, II,16,43).

[124] - ფსალმ. 58, 10.

[125] - ფსალმ. 25,3.

 

XXXV

54. ამას ზედ ერთვის სხვა ცთომილებაც, ბევრად უფრო სახიფათო და საზარელი. ხორციელი გულისთქმის გარდა, რაც ყველა ჩვენი გრძნობის ტკბობასა და განცხრომით თრობას მოითხოვს, გულისთქმისა, რომელსაც ემონება ყველა, ვინც შენ გშორდება, უფალო, რაც გარდუვალ დაღუპვას უქადის მათ, - სულისთვის ნიშნეულია სულ სხვანაირი გულისთქმაც, რომელიც დანარჩენი გრძნობების ბუნებისაა, მაგრამ, მათგან განსხვავებით, ხორციელ ტკბობას კი არ მიელტვის, არამედ კვლევა-ძიებას, რის იარაღადაც იგივე ხორცი გვევლინება: ეს ფუჭი და უცნაური ცნობისწადილი ცოდნისა და მეცნიერების გარსში ეხვევა [126]. მისი არსია ყოვლის შეცნობის დაუოკებელი წყურვილი, და რაკი ჩვენს გრძნობებს შორის ყველაზე მეტ მასალას მზერა გვაწვდის შემეცნებისთვის, ამიტომაცაა, რომ ამ გულისთქმას საღმრთო წერილში „თვალთა გულისთქმა“ [127] ჰქვია.

თვალის ძირითადი დანიშნულება ხედვაა, მაგრამ ჩვენ სხვა გრძნობებსაც ვუკავშირდებთ ხოლმე ამ სიტყვას, როცა მათი მეშვეობით რამეს შევიცნობთ. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, მაგალითად: „ყური უგდე, როგორა ბზინავს“, ან „უყნოსე, რა წითლად ღუის“, „გემო გაუსინჯე, როგორ ციმციმებს“, ანდა „ხელი შეახე, როგორა ელავს“. ყველა ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ სიტყვას „ყურება“: მარტო იმას ხომ არ ვამბობთ, „უყურე რა ნათელიაო“, რაც შეიძლება მხოლოდ მზერამ შეიგრძნოს, არამედ ესეც ბუნებრივი გვეჩვენება: „უყურე, როგორ ჟღერს“, „უყურე, როგორი სუნი აქვს“, „უყურე, რა გემრიელია“, ან „უყურე, რა მკვრივია“ [128].

ამიტომ, როგორც მოგახსენეთ, ყოველგვარ ცოდნას, რასაც გრძნობები გვაწვდიან, „თვალთა გულისთქმა“ ეწოდება. თვალის ძირითად დანიშნულებას - „ხედვას“ სხვა გრძნობებიც ითვისებენ, როცა რაღაცის შეცნობის მიზნით იწყებენ მის კვლევა-ძიებას.

55. ამის შედეგად უფრო ადვილი გასარჩევია, რა სჭირდება გრძნობებს ტკბობისათვის, და რა - ცნობისმოყვარეობის დასაკმაოფილებლად. ტკბობა მიელტვის იმას, რაც მშვენიერია, კეთილხმიერი, საამო, ნუგბარი, მსუბუქი, ცნობისმოყვარეობის სურვილი ლტოლვის საგანი კი, პირიქით, უპირისპირდება ყოველივე ამას, მაგრამ არა საგვემად და სატანჯველად, არამედ საკვლევად და შესამეცნებლად.

განა შეიძლება ტკბობა დაფლეთილი და სულშემზარავი გვამის ყურებით? და მაინც, სადმე რომ ეგდოს, ხელად შექუჩდება ხალხი სავალალოდ და სავიშვიშოდ, თუ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. სიზმარშიაც არ ისურვებდნენ ამ საზარელი სურათის ნახვას, ცხადში კი ისე მიიჩქარიან, თითქოს ვინმე მიერეკებათ, ან რაღაც მშვენიერისა და თვალწარმტაცის ნახვის იმედი აქვთო.

იგივე ითქმის სხვა გრძნობებზედაც, მაგრამ ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. ცნობისმოყვარეობის იმავე სენის შედეგია, სახანაობათა გამმართავნი ათასნაირ უცნაურობას რომ უჩვენებენ ხალხს. აქედანვე იღებს დასაბამს ბუნების საიდუმლოებათა ჩხრეკის სურვილიც; მათი ცოდნა სრულიად უსარგებლოა, მაგრამ ადამიანებს მხოლოდ ცოდნის გულისთვის სურთ შეიძინონ ცოდნა [129]. იმავე მიზანს - გაუკუღმართებული მეცნიერების მოთხოვნებს ემსახურება მაგიის მეშვეობით ცოდნის მიღწევა. აქედანვე წარმოსდგება რელიგიაშიც იმის სურვილი, რომ გამოსცადო ღმერთი და ნიშები თუ სასწაულები მოსთხოვო მას, მაგრამ არა სულის ხსნისათვის, არამედ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად [130].

56. ამ უკიდეგანო და უსიერ ტევრში, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე მახეა დაგებული და ურიცხვი განსაცდელი ემუქრება კაცს, შენი წყალობით, უკვე მრავალი მახე დავლეწე და მივყარ-მოვყარე. შენ მომეცი ამისი ძალა, ჩემო მხსნელო და მფარველო. მაგრამ განა გავბედავ და ვიტყვი, როცა უთვალავი საგანი ზათქით და გრიალით იჭრება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, დიახ, განა გავბედავ და ვიტყვი, არცერთ ამ საგანთაგანს არ შეუძლია მიიპყროს ჩემი ყურადღება, მიიტაცოს ჩემი მზერა და ფუჭი ცნობისმოყვარეობა აღმიძრას-მეთქი?

რა თქმა უნდა, თეატრი უკვე აღარ მიზიდავს [131], და არც მნათობთა მიმოქცევას ვიკვლევ [132]; ჩემს სულს არასოდეს მიუმართავს კითხვით აჩრდილთა სამყაროსათვის: მძულს და მეზიზღება ყოველგვარი მკრეხელური წეს-ჩვეულება [133], მაგრამ რა ცბიერებას აღარ მიმართავს მტერი, რაღას აღარ ჩამჩურჩულებს ყურში, რათა სასწაული მოგთხოვო ზეცით [134], უფალო ღმერთო ჩემო, ვისაც მორჩილებითა და სიმდაბლით უნდა გმსახურებდე. გევედრები, ჩვენი მეუფისა და ჩვენი წმინდა, ჩვენი უმწიკვლო სამშობლოს - ზეციური იერუსალიმის გულისთვის: როგორც დღესაა შორს ჩემგან ამნაირი აზრი, დაე, ასევე შორს იყოს მომავალშიც! დაე, სულ უფრო და უფრო გამშორდეს! ხოლო თუ გულმხურვალედ გთხოვ ვისიმე ხსნას, სულ სხვა რამ იქნება ამ ჩემი დაჟინებული თხოვნა-ვედრების მიზანი; და რაკი ყოველთვის იმას იქმ, რაც გსურს, როგორც დღემდე მაძლევდი, კვლავაც მომცემ იმის ძალას, რომ უყოყმანოდ აღვასრულო შენი ნება.

57. ვინ მოსთვლის, ყოველდღე რამდენი ფუჭი და უბადრუკი წვრილმანი ევლინება საცთურად ჩვენს ცნობისწადილს! ვინც აღნუსხოს, რამდენჯერ ვეცემით! რამდენი შემთხვევა გვახსოვს, თავდაპირველად თითქოს თავს რომ ვაიძულებთ მოთმინებით ვისმინოთ ყოვლად უაზრო ლაყბობა, რათა ჩვენს საბრალო თანამოსაუბრეს არ ვაწყენინოთ, შემდეგ კი ვამჩნევთ, რომ თურმე ხალისითა და სიამოვნებით ვუგდებთ ყურს. როცა ცირკში ვარ, საერთოდ არ ვუყურებმ როგორ მისდევს მწევარი კურდღელს, მაგრამ შემთხვევით მინდვრად რომ გავხდე კურდღელზე ნადირობის მოწმე, ამან შეიძლება ღრმა ფიქრში წასულიც კი გამომარკვიოს, და თუ ცხენს არ გადავახვევინებ გზიდან, თვალს მაინც გავაყოლებ გაქცეულს. და თუ შენ, ანაზდად რომ მიჩვენე მთელი ჩემი უმტკიცობა, დაუყოვნებლივ არ ჩამიხშობ სეირის ყურების უღირს სურვილს, რათა ამ ფუჭი სანახაობიდანაც კი გამოვიტანო ჩემთვის სასარგებლო დასკვნა და ამრიგად შენსკენ მოვიქცე, ან თვალი მაინც ავარიდო ამას და ჩემს გზას ვეწიო, - ვერასდიდებით თავს ვერ დავაღწევ ამ ჩემს უაზრო ცნობისწადილს.

ხოლო როცა ჩემს კარ-მიდამოში ვსეირნობ, განა ჩემს ყურადღებას ხშირად არ იპყრობს ხვლიკი, ბუზებს რომ ეპარება დასაჭერად, ანდა ობობა, აბლაბუდას რომ აბამს მათთვის? [135] მერე რა, რომ ასეთი პაწაწინები არიან, განა ეს რამეს ცვლის? მალე კვლავ შენს ქებას ვიწყებ, საოცრებათა შემოქმედო, ყოვლის გარიგევ, მაგრამ განა ეს იყო ჩემი მიზანი, როცა ამ ხვლიკს, ობობას და ბუზებს ვუყურებდი? ერთია - მალე წამოდგე, და მეორე - საერთოდ არ დაეცე.

მთელი ჩემი სიცოცხლე ამ უბადრუკი წვრილმანებითაა სავსე, და მხოლოდ შენი უსაზღვრო გულმოწყალების იმედი მასულდგმულებს. ჩვენი გული სხვა არა არის რა, თუ არა ამნაირ წვრილმანთა შესაკრებელი, სადაც ერთმანეთში ალუფხულა ურიცხვი სიბრიყვე და სისულელე [136], ესოდენ ხშირად რაომ ამღვრევენ და არღვევენ ჩვენს ლოცვებს. და როცა შენს წინაშე მდგარნი ვცდილობთ როგორმე მოგაწვდინოთ ჩვენი გულის ხმა, სწორედ ამ დროს, არ ვიცი, საიდან გამოტყვრება მთელი ეს ამაოება და ესოდენ მნიშვნელოვან საქმეს გვაწყვეტინებს [137].


[126] - შდრ. წიგნი მეხუთე, III, 3, 4. იხ. აგრეთვე ამავე წიგნის შენ. 17.

[127] - იოანე II, 16.

[128] - შდრ. ბოსიუე, „ტრაქტატი გულისთქმის შესახებ“, VIII: „ცდით შემოწმებისა და შეცნობის ამ სურვილს თვალთა გულისთქმა ჰქვია, რადგანაც გრძნობის ყველა ორგანოს შორის სწორედ თვალია შემეცნების მთავარი წყარო. გარკვეული აზრით, მზერა მოიცავს ყველა სხვა გრძნობას. და მართლაც, ასე ხომ არ ამბობენ მხოლოდ: „უყურე, რა მშვენიერია“, არამედ: „უყურე, რა მშვენიერი ყვავილია, რა ადვილი მოსახმარია, რა სასიამოვნო მუსიკაა“.

[129] - თუმცა ნეტარი ავგუსტინე აღიარებდა და სათანადოდაც აფასებდა საერო მეცნიერებას („ღვთის ქალაქისათვის“, 19,18), მხოლოდ იმ პირობით, რომ მისგან განუყრელად უნდა ყოფილიყო თვინიერება და სიკეთე („წერილები“, 39,55; „იოანეს სახარებისათვის“, 27,5; „ფსალმუნებისათვის“, 142,5).

[130] - შდრ. მათე IV, 7: „იესომ მიუგო: ესეც დაწერილია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი“.

[131] - შდრ. „აღსარებანი“, წიგნი მესამე, II, 2.

[132] - შდრ. „აღსარებანი“, წიგნი მეოთხე, III, 4; წიგნი მეშვიდე, V, 7.

[133] - შდრ. „აღსარებანი“, წიგნი მეოთხე, II, 3.

[134] - შდრ. მათე XII, 39: „ხოლო მან პასუხად თქვა: უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს; მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას“...

[135] - „ნეტარ ავგუსტინეში ყოველთვის ცხოველ ინტერესს იწვევდა ბუნების მოვლენები. ის ყურადღებით აკვირდებოდა, თუ როგორ დახოხავს გველი („სამებისათვის“, 17,11,16); როგორ იკლაკნება შუაზე გაწყვეტილი ჭიაყელა თუ უნასი („სულის თვისებებისათვის“, 31, 62); როგორ იქცევიან ჩხუბის შემდეგ მამლები - გამარჯვებულიცა და დამარცხებულიც („წესრიგისათვის“, 1,8,25); როგორი ხელოვნებით იშენებენ ფრინველები ბუდეს. ის განცვიფრებული იყო თევზების მეხსიერებით და ტკბებოდა ბულბულის გალობით („ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის“, 42,79)“. - რუს. თარგმანის შენ. იხ. დასახ. გამოც. გვ. 255.

[136] - შდრ. ბლეზ პასკალი: „რა ცარიელია ადამიანის გული და რამდენი სიბილწეა ამ სიცარიელეში“ („აზრები“, თბ. 1981, 225).

[137] - შდრ. ბლეზ პასკალი: „როდესაც გვსურს ღმერთზე ვიფიქროთ, ხომ არის რაღაც, რაც ხელს გვიშლის და სხვა რამისკენ მიაქცევს ჩვენს აზრს? ყოველივე ეს ბოროტებაა, - თანდაყოლილი, ჩვენთან შობილი“ (იქვე, გვ. 296).

 

XXXVI

58. ნუთუ ამასაც უბადრუ წვრილმანად უნდა ვთვლიდეთ? ნუთუ შეიძლება სხვა რამის იმედი გვქონდეს, გარდა ჩვენთვის უკვე ცნობილი შენი უსაზღვრო გულმოწყალებისა, რაკიღა უკვე დაიწყე ჩვენი გარდაქმნა? შენ იცი, როგორც შემცვალე. უწინარეს ყოვლისა, თავის მართლების სურვილისაგან განმკურნე, „რათა შეგეწყალებინა დანარჩენი უსჯულოებანი ჩემი, გეწამლა ჩემი სნეულებისთვის, ხრწნილებისაგან გეხსნა ჩემი სიცოცხლე, წყალობის გვირგვინი დაგედგა ჩემთვის თავზე და სიკეთით დაგეცხრო ჩემი სურვილი“ [138]. შენდამი შიშით დათრგუნე ჩემი ამპარტავნება და შენი უღელი დამადგი ქედზე [139]. და ახლა მე ვეწევი მას, და მსუბუქია იგი ჩემთვის. შენ აღმითქვი და კიდევაც აღასრულე ეს: ყოველთვის ასეთი მსუბუქი იყო, მაგრამ მე არ ვიცოდი, და მეშინოდა ქედს მედვა.

59. ნუთუ უფალო, ერთო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, ვისთვისაც უცხოა ამპარტავნება, რადგანაც შენა ხარ ჭეშმარიტი მეუფე, და არ არის მეუფე შენზე უზენაესი, - ნუთუ ამ მესამე საცთურისაგან დავიხსენ თავი, თუ ამქვეყნიურ სიცოცხლეში არ მიწერია მისგან ხსნა? კერძოდ, იმის სურვილისაგან, რომ ხალხს ვუყვარდე და ეშინოდეს ჩემი, მხოლოდ იმიტომ, რომ თითქოს ესაა სიხარულის წყარო, თუმცა განა შეიძლება ჭეშმარიტი სიხარული ეწოდოს ამას? რა უბადრუკია ამნაირი სიცოცხლე, და რაოდენ ბილწი - ამნაირი ცუდმედიდობა! უწინარეს ყოვლისა, სწორედ ეს აქარწყლებს შენს სიყვარულს და საღმრთო შიშსაც შენდამი, რადგანაც „ქედმაღალთ მუსრავ, მდაბალთ კი მადლით მოსავ“ [140]; გრგვინვით ატყდები თავს ამქვეყნიურ ამაოებას, რისგანაც „ირყევა დედამიწა და ძრწიან საფუძველნი მთათანი“ [141].

რაკიღა ზოგიერთი საზოგადოებრივი მოვალეობის აღსრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია ადამიანს, თუკი უყვართ და ეშინიათ მისი, ამიტომ ჩვენი ჭეშმარიტი ბედნიერების მტერიც - ეშმაკი - სწორედ აქ გვიტევს და ყოველი ფეხის ნაბიჯზე სატყუარად წინ გვიფენს მზაკვრულ საცთურს - ქება-დიდებას, რასაც ესოდენ ხარბად მიველტვით და წინდაუხედვად ვებმებით ხოლმე ამ ვერაგულად დაგებულ მახეში; ამიტომაცაა, რომ შენი ჭეშმარიტებისაგან ვაცალკევებთ ჩვენს სიხარულს და ადამიანურ სიცრუეს ვუკავშირებთ მას. ჩვენ გვსიამოვნებს, რომ შენი გულისთვის კი არ ვუყვარვართ და ეშინიათ ჩვენი, არამედ შენს ნაცვლად. ამ გზით რომ გვიმსგავსებს, მტერი თავის თანამდგომებად გვაქცევს, მაგრამ არა სიყვარულისმიერი თანხმობისათვის, არამედ იმ მიზნით, რომ თავისი შეჩვენების თანამოზიარეებად გვაქციოს. სწორედ მან გადაწყვიტა „თავისი ტახტი დაედგა ჩრდილოეთით“ [142], რათა მას, უკუღმართად და უგვანად მბაძავს შენსას, მსახურებდნენ წყვდიადითა და ყინვით მოცულნი.

ჩვენ კი, უფალო, აჰა, შენი „პატარა სამწყსო“ [143]: მაშ, გვმწყემსე და გვიპატრონე. გაშალე ფრთები და შეგვიფარე. იყავ დიდება ჩვენი: აშინებდეთ ჩვენში! ვისაც სურს, რომ კაცნი შენ კი არა, მას ადიდებდნენ, შენმიერი განკითხვს დღეს ვერ დაიცავენ და ვერც შენი სასჯელისაგან დაიხსანიან ისინი. მაგრამ „ცოდვილს როდი აქებენ მის გულისთქმის გამო“, და არც „უღმერთოს აკურთხებენ უსჯულოებანი მისნი“ [144], არამედ შენს მიერ ბოძებული ნიჭისათვის აქებენ კაცს, მაგრამ თუ ის ქებას უფრო შეჰხარის, ვიდრე შენგან ბოძებულ ნიჭს, რისთვისაც აქებენ და ადიდებენ, მაშინ შენ ჰკიცხავ და ჰგმობ მას. მაქებარი უკეთესია იმაზე, ვისაც აქებენ. პირველი ღვთის ნიჭს აფაებს კაცში, მეორეს კი კაცისაგან ბოძებული ნიჭი ურჩევნია ღვთისაგან ბოძებულს.

_________________________________

[138] - ფსალმ. 102, 3-4.

[139] - შდრ. მათე XI, 29-30.

[140] - I პეტრე V, 5; იაკ. IV, 6.

[141] - ფსალმ. 17, 14; 8.

[142] - ესაია XIV, 13-14.

[143] - ლუკა XII, 32.

[144] - ფსალმ. 9, 24.

 

XXXVII

60. ყოველდღიურად გვაცთუნებენ ეს საცთურნი, უფალო, განუწყვეტლივ და დაუსრულებლივ. კაცის ენა სხვა არა არის რა, თუ არა მუდმივად საცდელი ბრძმედი [145]. შენ აქაც გვიბრძანებ, ჩვენი თავის ბატონ-პატრონნი ვიყოთ: მოგვეცი, რასაც გვიბრძანებ, და გვიბრძანე, რაც გსურს. შენ გსმენია მწარე გმინვა ჩემი გულისა [146] და გიხილავს ჩემი თვალებიდან ღაპაღუპით ჩამონადენი ცრემლის მდინარენი. მიჭირს, ბოლომდე წარმოვიდგინო, რამდენად განვიწმინდე ამ ხრწნილებისგან, და მაძრწუნებს ის, რაც დაფარულია ჩემში [147]; რასაც ნათლად ჭვრეტს შენი თვალი, ჩემი კი - ვერა. როცა ნებისმიერ სხვა ცთუნებას ეხება საქმე, მე შემიძლია ასე თუ ისე მაინც შევამოწმო ჩემივე თავი, აქ კი ჩემი გამჭრიახობა თითქმის ვერასა მშველის. რაც შეეხება ხორციელ განცხრომასა თუ ფუჭ ცნობისწადილს, მე ნათლად ვხედავ, რამდენად შევძელი დამეურვებინა ჩემი სული, საკუთარი ნების ძალისხმევითა თუ იმის წყალობით, რომ ორივე ეს საცთური უცხო იყო ჩემთვის: ხომ შემიძლია ჩემს თავსა ვკითხო, რამდენად გამეძლება ან ერთის, ან მეორის გარეშე.

ახლა, თუ სიმდიდრეს იკითხავთ, რომელსაც იმის გამო მიელტვიან, რომ დაიკმაყოფილონ ამ სამ ვნებათაგან ერთ-ერთი, ან კიდევ ორი, ანდა სამივე ერთად, - თუკი სიმდიდრის მფლობელ სულს ვერ გაურკვევია, სძულს თუ არა იგი, მაშინ დიახაც შეუძლია თავის გამოსაცდელად უარი თქვას მასზე. მაგრამ როცა ქება-დიდება გვაკლდება? როგორღა შევამოწმოთ, რანაირად იმოქმედებს ეს ჩვენზე? ნუთუ იმდენად უკეთური, უგვანი და ცხოველური ცხოვრებით უდნა ვიცხოვროთ, რომ ყველა ნაცნობს შევძულდეთ? ამაზე დიდ უაზრობას ვერც იტყვის და ვერც წარმოიდგენს კაცი. თუ ქება ღირსეული ცხოვრებისა და კეთილი საქმის განუყრელი თანამგზავრია, ნურც ამნაირ თანამგზავრზე ვიტყვით უარს და ნურც ღირსეული ცხოვრებაზე. ხოლი გამიჭირდება თუ არა ამ სიკეთის გარეშე გაძლება, ამას მხოლოდ მაშინ გავიგებ, როცა აღარ მექნება ის, რაზედაც ვლაპარაკობდი.

61. მაშ, რაღას ვაღიარებ შენს წინაშე, უფალო, როცა ამ ცთუნებებზე გესაუბრები? იმას, რომ დიდ სიამოვნებას მანიჭებს ქება? [148] მაგრამ ქებას ათასწილ მიჯობს ჭეშმარიტება. რადგანაც ჩემთვის რომ ეკითხათ, რა გირჩევნია - რეგვენი იყო, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ცდებოდე, მაგრამ ყველანი გაქებდნენ და გადიდებდნენ, თუ გონიერსა და ჭეშმარიტების ქედუხრელ დამცველს საყოველთაო გმობა და ლანძღვა-გინება გატყდებოდეს თავსო, - მე ვიცოდი, რასაც ავირჩევდი. მხოლოდ იმას კი არ ვისურვებდი, რომ სხვის ქებას გაეზარდა ჩემი სიხარული იმ მცირეოდენი სიკეთის გამო, რაც არის ჩემში; არადა, ნამდვილად ზრდის, გმობა კი, პირიქით, ამცირებს.

და სწორედ მაშინ, ჩემი სიმწირითა და უბადრუკობით შემკრთალს მომეძალება ხოლმე თავის მართლების სურვილი. შენ კარგად იცი, უფალო, ამისი ფასი, მაგრამ მე კი დიდად მაცბუნებს. აკი გვიბრძანე, რომ არა მარტო თავშეკავება გვმართებს, რაც გვავალებს გულში ჩავიკლათ ზოგ-ზოგი რამის სიყვარული, - არამედ სამართლიანობაც, რათა ვიცოდეთ, რისკენ მივმართოთ იგი. თავად ინებე, რომ არა მარტო შენ გვყვარებოდი, არამედ ჩვენი მოყვასიც. ამიტომ როცა გონიერი და გულისხმიერი კაცის ქებას ვისმენ და ამ ქებით ვტკბები, ასე მგონია, მოყვასის ზრდითა თუ მისი ზრდის იმედით ვხარობ, და პირიქით, მისი მანკიერება მაწუხებს, როცა ის ჰგმობს ან იმას, რაც არ ესმის, ან იმას, რაც კარგია.

ზოგჯერ კი ის ქებაც მაწუხებს, მე რომ მიძღვნიან, თუკი იმას აქებენ ჩემში, რაც მე თვითონ არ მომწონს, ან უფრო მეტ ფასს სდებენ ჩემს რომელიმე თვისებას, ვიდრე იმსახურებს. მაგრამ ვინ მეტყვის, რა იწვევს ჩემში ამ გრძნობას? იქნებ მე არ მსურს, რომ ჩემი მაქებარი სხვა აზრისა იყოს ჩემზე, ვიდრე თვითონ მე ვარ, - და ნაკლებად ვზრუნავ მასზე: ჩემი კეთილი თვისება, რომელიც თვითონვე მომწონს, ჩემთვის უფრო სასიამოვნო ხდება, თუკი ის სხვისთვისაც მოსაწონია. ხოლო თუ იმას, რასაც ჩემსავე თავზე ვფიქრობ, ქების ღირსად არ თვლიან, მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ არც მე მაქებენ, რადგანაც ამ შემთხვევაში ან იმას მიქებენ, რაც თავად არ მომწონს, ან უფრო მეტად მიქებენ იმას, რაც ნაკლებად მოსაწონად მიმაჩნია ჩემში. მართლა გამოცანა ხომ არა ვარ ჩემივე თავისათვის?

62. და აი, ჭეშმარიტებავ, როგორც ჩანს, ჩემი გულისთვის კი არა, მოყვასის სასიკეთოდ უნდა მძრავდეს და მაღელვებდეს ქება-დიდება, მე რომ მიძღვნიან. მაგრამ მართლა ასეა ეს? არ ვიცი. ამ მხრივ, საკუთარ თავს უფრო ნაკლებ ვიცნობ, ვიდრე შენ [149]. გევედრები, ღმერთო ჩემო, მიჩვენე ჩემივე თავი, რომ ჩემი წყლულების შემყურემ აღსარება ვუთხრა ჩემს მოყვასთ, რათა მათ ილოცონ ჩემთვის. მომეცი ძალა, უფრო ღრმად გამოვიძიო ჩემივე თავი. თუ მაშინ, როცა მაქებენ, მხოლოდ მოყვასის სიკეთეზე ვზრუნავ, მხოლოდ მისი ბედი მაღელვებს, მაშინ რატომაა, რომ გაცილებით უფრო ნაკლებ ვღელავ, როცა ჩემდამი კი არა, მოყვასისადმი მიმართულ დაუმსახურებელ გმობასა და ყვედრებას ვისმენ? რატომაა, რომ უფრო მეტ ტკივილს მაყენებს პირადი შეურაცხყოფა, ვიდრე მოყვასისა, რომელსაც ჩემი თანდასწრებით ასევე უსამართლოდ შეურაცხყოფენ? ნუთუ ესეც არ ვიცი? მაშ, რაღა დამრჩენია, გარდა იმისა, რომ „თავი მოვიტყუო“ [150] და გეცრუო ენით თუ გულით? განმარიდე ეს უგუნურება, უფალო, „ნუ მისდრეკ ჩემს გულს უკეთურ სიტყვათა მიმართ, და ნუ სცხებ ჩემს თავს ცოდვილის ზეთს“ [151].


[145] - შდრ. იგავნი სოლომ. XXVII, 21.

[146] - შდრ. ფსალმ. 37, 9.

[147] - შდრ. ფსალმ. 18, 13; 89, 8.

[148] - „ნეტარი ავგუსტინეს ოცდამეორე წერილში კართაგენის ეპისკოპოს ავრელიუსისადმი გადმოცემულია მოკლე მსჯელობა ქება-დიდების სიყვარულისა და იმ საფრთხის შესახებ, რასაც ეს სიყვარული უქადის ეკლესიის მსახურთ. ნეტარი ავგუსტინე აღიარებს, რომ მას თვითონაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს ქება-დიდება“. - პიერ დე ლაბრიოლის შენიშვნა. იხ. „აღსარებათა“ დასახ. გამოც. გვ. 286.

[149] - შდრ. ამავე (მეათე) წიგნის ერთი პასაჟი (V, 7); „...ვიცი შენზე რაღაც ისეთი, რაც თვით ჩემზედაც არ ვიცი“.

[150] - შდრ. გალატ. VI, 3.

[151] - ფსალმ. 140, 5.

 

XXXVIII

63. „მწირი ვარ და უპოვარი“ [152], მაგრამ უკეთესი მაშინა ვარ, როცა ჩემივე თავის მოძულე ფარული გმინვით დავეძებ შენს მოწყალებას, რათა აღივსოს ნაკლოვანება ჩემი და ვეზიარო სიმშვიდეს, რომელიც უცხოა ქედმაღალთა თვალისათვის. მაგრამ ბაგეთაგან გამომავალი სიტყვანი და კაცთათვის ცნობილი საქმენი ყველაზე სახიფათო საცთურით გვაცთუნებენ [153]: ქება-დიდების წყურვილით, მათხოვარივით ხელგაწვდილი რომ თხოულობს ხოტბას, რათა ამრიგად აგვამაღლოს მოყვასის თვალში. ეს ვნება მაშინაც კი მაცთუნებს ხოლმე, როცა ის მხილებას ვცდილობ, და მაცთუნებს თვით იმით, რომ მსურს მხილებით დავთრგუნო: ფუჭი დიდების სიძულვილით არცთუ იშვიათად ინიღბება მასზე გაცილებით უფრო ფუჭი სიქადული. ნურავინ იტყვის, დიდება მძულსო, თუ თავი მოაქვს მისი სიძულვილით.

_________________________________

[152] - ფსალმ. 108, 22.

[153] - შდრ. მათე XV, 18-20.

 

XXXIX

64. ჩვენს არსებაში ღრმად გაუდგამს ფესვი კიდევ ერთ ამნაირ ცთუნებას, რომელსაც შეუძლია გამოფიტოს იმისი სული, ვისაც მოსწონს თავისი თავი, თუმცა სხვებს არამცთუ მოსწონთ, სძულთ კიდეც იგი, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი შეიძლება არც კი ცდილობდეს თავი მოაწონოს მათ. თავმომწონე საძულველი ხდება შენთვის, არა მარტო იმიტომ, რომ სიკეთედ მიაჩნია უკეთურება, არამედ იმიტომაც, რომ შენს კეთილ საქმეს ითვისებს, ხოლო თუ მაინც შენეულად სახავს, რატომღაც ჰგონია, რომ მისი წყალობით აღსრულდა იგი. შენც რომ მოგაწერდეს ამ კეთილ საქმეს, სხვებთან ერთად როდი ხარობს ამით, არამედ შურით ივსება მათ მიმართ, ვისაც საშუალება აქვს ისარგებლოს ამ სიკეთით. აი, რანაირ განსაცდელსა და გასაჭირში ჭვრეტ ჩემი გულის თრთოლას, და მე ვგრძნობ, რომ მოწყალედ განმკურნავ წყლყულებისაგან, მაგრამ, ამასთანავე, კვლავ და კვლავ მომწყლავ.

 

XL

65. სადღა არ ყოფილხარ ჩემთან ერთად, ჭეშმარიტებავ, რათა დაგემოძღვრე, რისი ძებნა მმართებდა და რას უნდა მოვრიდებოდი, როცა ქედმოდრეკით გიზიარებდი ჩემს მწირ ზრახვებს და რჩევას გთხოვდი. შეძლებისდაგვარად მოვიხიბლე ჩემი გრძნობებით გარე სამყარო, მცდელი თვალით ჩავხედე ცხოვრებას, სიცოცხლეს რომ ანიჭებს ჩემს სხეულს, და თვით ჩემს ხორციელ გრძნობებსაც. შემდეგ კი ჩემი მეხსიერების - ამ ვრცელი და მრავალფეროვანი საცავის იდუმალ სიღრმეშიც - ამ ვრცელი და მრავალფეროვანი საცავის იდუმალ სიღრმეშიც შევაღწიე, რომელიც სავსეა ურიცხვი განძით; განცვიფრებული ვაკვირდებოდი ამ სიმდიდრეს და ვძრწოდი: უშენოდ, ალბათ, ვერაფერსაც ვერ გავარჩევდი, მაგრამ შენ როდი იყავი ყოველივე ეს.

მე თვითონ როდი შევძლებდი ყოველივე ამის მიკვლევას, თუმცა ყველგან შევაღწიე და ვცადე ღირსებისამებრ შემეფასებინა ყოველი: ზოგი რამ შემმავე გრძნობებმა მაუწყეს, ზოგიც - ისეთი განცდა მქონდა, - თითქოს შემზრდოდა და შემსისხლხორცებოდა, ასე რომ, სხვაგან აღარ მჭირდებოდა მათი ძიება, თვითონვე ვარჩევდი ამ ჩემს მაცნეებს და თავ-თავის ადგილას მივუჩენდი თვითეულ მათგანს, ჩემი მდიდარი საგანძურიდან ვიღებდი, ვაჯგუფებდი, ვახარისხებდი, ზოგს ვჩქმალავდი, ზოგი კი, პირიქით, დღის სინათლეზე გამომქონდა. მე ვიძიებდი, მე ვიკვლევდი ყველაფერს, - მე, ანუ ჩემივე ძალა, - მაგრამ ეს არ იყავი შენ. რადგანაც შენა ხარ მარადიული ნათელი [154], რომელსაც ვეკითხებოდი სხვადასხვა საგანთა არსის, თვისებისა თუ ღირებულების ჭეშმარიტ ხარისხს და უყოყმანოდ ვიზიარებდი შენს რჩევასა თუ ბრძანებას. ასე ვიქცეოდი და ვიქცევი დღესაც: ესაა ჩემი სიხარული, ჩემი მყუდრო თავშესაფარი, რომელსაც ვეხიზნები ყოველთვის, როცა ამის საშუალებას მაძლევენ, გადაუდებელი საქმენი. ყოველივე იმაში, რასაც მიმოვიხილავ და რის თაობაზეც გეკითხები რჩევას, მხოლოდ ერთ უშფოთველ სადგურს ვპოულობ ჩემი სულისთვის: ესა ხარ შენ, რადგანაც მხოლოდ შენში გროვდება, შენში იყრის თავს ჩემი გაფანტული აზრები, და არაფერი ჩემეული აღარა გშორდება შენ. ხანდახან სულის სიღრმეში იმდენად უჩვეულო და უნეტარეს განცდას აღმიძრავ, რომ თუ მას სრული გასაქანი მიეცემოდა, ამქვეყნიურ ცხოვრებაში ნამდვილად ვერაფერს შევადარებდი. მაგრამ მალე კვლავ ვუბრუნდები მიწიერი სინამდვილის უბადრუკობას ჩემი მწარე ხვედრის სიმძიმით ქვედადრეკილი. რაც უფრო მწარედ ვგმინავ და თავგანწირული ძალისხმევით ვცდილობ თავი დავაღწიო ჩემი ძველი ჩვეულებების ტყვეობას; მით უფრო ღრმად ვეფლობი მათ ჭაობში. აი, რაოდენ მძიმეა და წელში გამწყვეტი ჩვეულებების ტვირთი! აქ ყოფნა შემიძლია, მაგრამ არა მსურს, იქ ყოფნის ძალი არ შემწევს, მაგრამ მხოლოდ ეს მწადია: აი, ორმაგი სისაწყლე ჩემი.


[154] - შდრ. I იოანე I, 5: „ეს არის აღთქმა, რომელიც ვისმინე მისგან, და გაუწყებთ თქვენ, რომ ღმერთი არის ნათელი და არ არის მასში არავითარი ბნელი“. შდრ. აგრეთვე იაკ. I, 17.

 

XLI

66. აი, რატომ განვიხილე ჩემი ცოდვები, რომელთა გამოც ვემონები სამმაგ გულისთქმას [155], და შენს მარჯვენას ვუხმე [156] ჩემდა სახსნელად. გულმოწყლულმა ვიხილე შენი ნათელი, და მისი ბრწყინვალებით თვალდავსილმა ვთქვი: ვინ გაუძლებს ამას? „მოწყვეტილი ვარ შენს თვალთაგან“ [157]. შენა ხარ ჭეშმარიტება, ყოვლის მეუფე, და მე, ჩემი სიხარბის გამო, არ მინდოდა შენი დაკარგვა, მაგრამ, ამასთანავე, ისიც მსურდა, რმო შენთან ერთად სიცრუის მფლობელიც ვყოფილიყავი. რადგანაც ისე ვინ ემონება სიცრუეს, რომ თვითონაც არ იცოდეს, რა არის ჭეშმარიტება. აი, ასე დაგკარგე, რადგანაც შენს თავს არ აღირსებ იმას, ვისაც სურს შენთან ერთად სიცრუესაც ფლობდეს.

_________________________________

[155] - იგულისხმება „გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა“ (I იოანე II, 16).

[156] - ფსალმ. 17, 36.

[157] - ფსალმ. 30, 23.

 

XLII

67. ვინ მოვძებნო, რომ შემარიგოს შენთან? ანგელოსებს მივმართო? კი მაგრამ, რანაირი ლოცვით? რანაირი მსხვერპლშეწირვით? რამდენს უცდია დაგბრუნებოდა, მაგრამ ძალა არა ჰყოფნია საამისოდ; ამიტომ, როგორც მსმენია, ამნაირი საშუალებისათვის მიუმართავთ: უჩვეულო ხილვებს მიელტვოდნენ, რის გამოც, სავსებით სამართლიანად, თავიანთი ილუზიების მსხვერპლნი შეიქნენ. ფუჭი მეცნიერებით გალაღებულნი გეძებდნენ შენ, ამაყად თავაღერილნი, ნაცვლად იმისა, რომ მდაბლად მოედრიკათ ქედი [158]. სულიერი სიახლოვისა და ნათესაობის წყალობით, თავიანთი სიამაყის თანამდგომებად აქციეს „ჰაერის ხელმწიფენი“ [159], რომელთაც მაგიის ძალით აცთუნეს ისინი. დაუცხრომლად ეძებდნენ შუამავალს, რომელიც განწმენდდა მათ, მაგრამ ვერსად იპოვეს იგი: იყო მხოლოდ „სატანა, სინათლის ანგელოსის სახის მიმღები“ [160]. მათ ხორციელ სიამაყეს ყველაზე მეტად ის აცთუნებდა, რომ ამ უკეთურ სულს არ ჰქონდა ხორციელი სხეული.

ისინი იყვნენ მოკვდავნი და ცოდვილნი. შენ კი, უფალო, ვისთანაც შერიგების გზას ეძებდნენ, უკვდავი ხარ და უცოდველი. ამიტომ ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი რაღაცით უნდა მგვანებოდა ღმერთს, რაღაცით კი - ადამიანებს [161]. ყოველმხრივ ადამიანების მსგავსი რომ ყოფილიყო, მაშინ შორს იქნებოდა ღმერთისაგან, ხოლო ყოველმხრივ რომ მგვანებოდა ღმერთს, ასევე შორს იქნებოდა კაცთაგან, და ვეღარ შესძლებდა შეესრულებინა შუამავლის მოვალეობა. მაგრამ ამ ცრუ შუამავალს [162], რომელსაც შენი იდუმალი მიზანდასახულობა საშუალებას აძლევს შეარცხვინოს ამპარტავანნი, ადამიანებთან მხოლოდ ერთი რომ აქვს საერთო, სახელდობრ, ცოდვა. მაგრამ მას სურს თავი ისე მოაჩვენოს ხალხს, თითქოს ღმერთთანაც ჰქონდეს რაღაც საერთო: რაკი მოკვდავი სხეული არ მოსავს, ამიტომაც თავი მოაქვს უკვდავებით. მაგრამ რაკი „ცოდვის საზღაური არის სიკვდილი“ [163], ადამიანებთან ის აქვს საერთო, რომ მათთან ერთად განწირულია სიკვდილისათვის.

_________________________________

[158] - შდრ. „აღსარებანი“, წიგნი მეოთხე, III, 4.

[159] - ეფეს. II, 2.

[160] - II კორ. XI, 14.

[161] - იგულისხმება იესო ქრისტე. შდრ. I ტიმ. II, 5.

[162] - იგულისხმება ანტიქრისტე.

[163] - რომ. VI, 23.

 

XLII

68. ხოლო ჭეშმარიტი შუამავალი, რომელიც შენი იდუმალი გულმოწყალებით მოუვლინე და გამოუცხადე ადამიანებს, რათა მისი მაგალითით ესწავლათ თვინიერება, „შუამავალი ღმერთსა და კაცთა შორის, კაცი იესო ქრისტე“ [164] მოკვდავ ცოდვილთა და უკვდავი მართლის შუამდგომელი გახდა: მოკვდავი, როგორც კაცნი, და მართალი, როგორც ღმერთი. და რაკი სიმართლის საზღაური სიცოცხლეა და მშვიდობა, თავისი სიმართლით, ღმერთთან რომ აერთებს მას, ცოდვილთა გასამართლებლად დათრგუნა სიკვდილი, რაკიღა ისურვა მათსავით მომკვდარიყო. ძველ წმიდანებსაც მოუვლინე იგი, რათა მისი მომავალი ვნებებისადმი რწმენით გეხსნა და გეცხოვნა ისინი, როგორც ჩვენ გვაცხოვნებ მისი წარსული ვნებებისადმი რწმენით. როგორც კაცი, ის შუამავალია, როგორც სიტყვა კი - არა, რადგანაც სწორია ღმერთისა, ღმერთია ღმერთთან და თვითონვეა ერთი ღმერთი [165].

69. როგორ შეგვიყვარე, მამაო სახიერო, რომ არ დაინდე შენი მხოლოდშობილი ძეც და ჩვენებრ უკეთურთა სახსნელად მიეცი იგი?! [166] როგორ შეგვიყვარე, რომ მან, ვისაც „ნაძარცვად არ შეურაცხავს შენს სწორად ყოფნა, თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა ვიდრე თვით ჯვარზე სიკვდილამდე“ [167], „ერთადერთმა თავისუფალმა მკვდართა შორის“ [168], რომელსაც ჰქონდა „ხელმწიფება დაედო და კვლავ დაეუბრუნებინა სული თვისი“ [169]. იგია შენს წინაშე მძლეველიცა და მსხვერპლიც; მსხვერპლი რომაა, სწორედ იმიტომაა მძლეველი. იგია შენს წინაშე ჩვენი მღვდელმთავარიცა და შემონაწირიც; შემონაწირი რომაა, სწორედ იმიტომაა მღვდელმთავარი. მონები ვიყავით და შენს შვილებად გვაქცია; შენგან შობილი ჩვენს მონად და მსახურად იქცა.

ამიტომაც უფლება მაქვს, მისი იმედით მედგას სული: შენ განკურნავ ყოველგვარ სნეულებას ჩემსას მისი მეოხები [170], ვინც მარჯვნივ გიზის და ჩვენი მეოხია შენს წინაშე [171]; ასე რომ არა, ვისი იმედითთა უნდა მეცოცხლა? ურიცხვია და უმწარესი სნება და სატკივარი ჩემი; ურიცხვია და უმწარესი, მაგრამ შენი მკურნალობა უმეტესია. შეიძლებოდა გვეფიქრა, თითქოს შენი სიტყვა იმდენად შორსაა კაცისაგან, რომ შეუძლებელია მას შეუერთდეს, და ამაზე ფიქრი სასოს მიგვხდიდა, მაგრამ შენი „სიტყვა ხორცად იქცა, და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე“ [172].

70. ჩემი ცოდვებით შეძრწუნებულმა და ჩემი სიგლახაკით დათრგუნვილმა უდაბნოში გაქცევა გადავწყვიტე, მაგრამ შენ აღმიდექი წინ და ამ სიტყვებით განმამტკიცე: „ქრისტე იმიტომ მოვკდა ყველასთვის, რომ ცოცხალნი თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ, არამედ მისთვის, ვინც მათთვის მოკვდა“ [173]. და აჰა, უფალო, „შენ მოგანდობ ჩემს საზრუნავს“ [174], რათა ვცხონდე და „ვიხილო საოცრებანი შენი სჯულისა“ [175]. შენ იცი უმეცრება და უმწეობა ჩემი: მასწავლე და განმკურნე მე [176]. შენმა მხოლოდშობილმა ძემ, „რომელშიაც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე“ [177], თავისი სისხლით გამომისყიდა. მაშ, ცილს ნუ მწამებენ მზვაობარნი, რადგანაც ვიცი ჩემი გამოსასყიდის ფასი, როცა ვჭამ, ვსვამ და მოყვასთაც ვუწილადებ წმიდათა-წმიდა მსხვერპლს; ღარიბ-ღატაკსა და უპოვარს მსურს გავძღე მათთან ერთად, ვისაც შია და ძღება: „და ადიდებენ უფალს მაძიებელნი მისნი“ [178].


[164] - I ტიმ. II, 5.

[165] - შდრ. „ღვთის ქალაქისათვის“, IX, 15: „თუ ყველა კაცი უცილობლად უბედურია, რაკიღა სასიკვდილოდაა განწირული, უნდა ვეძებოთ შუამდგომელი, რომელიც მარტოოდენ კაცი კი არ იქნება, არამედ ღმერთიც, რათა მისმა კურთხეულმა მოკვდავობამ მათი მოკვდავი სისაწყლიდან რომ იხსნის ადამიანებს, კურთხეული უკვდავების მიმართ მიაქციოს ისინი. ეს შუამდგომელი მოკვდავი გახდა, ისე, რომ არ დაუკნინებია სიტყვის ღვთაებრიობა, არამედ მხოლოდ ხორცის უჩლურება შეიმოსა. აუცილებელი იყოი, რომ მასში ერთმანეთს შერწყმოდა წარმავალი მოკვდავობა და წარუდინებელი ნეტარება, რათა იმისდა კვალად, რაც წარმავალია, სასიკვდილოდ განწირულთ დამსგავსებოდა და სიკვდილის წიაღიდან მარადისობის საუფლოში შეეყვანა ისინი“.

[166] - შდრ. რომ. VIII, 32.

[167] - ფილიპ. II, 6-8.

[168] - შდრ. ფსალმ. 87, 6. „თავისუდალი მკვდართა შორის“: „ამ სიტყვებში სავსებით ნათელია სახე უფლისა. ვინ შეიძლება თავისუფალი იყოს მკვდართა შორის, გარდა იმისა, ვინც ცოდვილთა შორის ერთადერთია უცოდველი?.. მკვდართა შორის ისაა თავისუფალი, ვისაც ჰქონდა ხელმწიფება მიეცა სული თვისი და კვლავ დაებრუნებინა იგი“ („ფსალმუნებისათვის“, 87).

[169] - იოანე X, 18.

[170] - შდრ. მათე IV, 23.

[171] - რომ. VIII, 34.

[172] - იოანე I, 14.

[173] - II კორ. V, 15.

[174] - ფსალმ. 54, 23.

[175] - ფსალმ. 118, 18.

[176] - ფსალმ. 6, 3.

[177] - კოლ. II, 3.

[178] - ფსალმ. 21, 27.

თარგმნა და კომენტარები დაურთო ბაჩანა ბრეგვაძემ

 

 

სარჩევი