| |
წმიდა პალადი ჰელენოპოლელი
ლავსაიკონი
63. მელანია უმცროსი
ზემოთ დაგპირდით, რომ მელანია უმცროსის შესახებ გიამბობდით. ახლა დადგა ჟამი დაპირების შესრულებისა, რადგან ჩემი მხრიდან უსამართლობა იქნებოდა იმ ამბის დამალვა, რომლის მხილველი თავად შევიქმენი. მიუხედავად თავისი ახალგაზრდობისა, მელანია სათნო ცხოვრებით მოხუცებზე მაღლა იდგა.
ღვთისმსახურების მოსურნე ქალწული მშობლებმა იძულებით მიათხოვეს რომაელ მთავარს. მან არ დაივიწყა თავისი ბებიის – მელანია უფროსის ღვაწლი და გულით ეწადა, მისთვის მიებაძა. მელანიას ქორწინებით ორი ვაჟი შეეძინა, მაგრამ ორივე მალე გარდაიცვალა.
შვილების გარდაცვალების შემდეგ მელანიამ ისე მოიძულა ქორწინების წმინდა წესი, რომ თავის ქმარს, ოლქის ყოფილი მმართველ სევერიანის ძეს – პინიანოს უთხრა: ”თუ გსურს, რომ ერთად ვიყოთ, ამიერიდან სიწმინდე დავიცვათ. შენ ჩემი ბატონი და ქმარი იქნები, მაგრამ, თუ გემძიმება შენი სიჭაბუკის გამო ასეთი ყოფა, დაიტოვე მთელი ჩემი სიმდიდრე. მე კი ღვთის გზას შევუდგები; ისე მინდა ვემსახურო მას, როგორც ჩემი ბებია ემსახურა, რომლის მოსახელეც ვარ. ღმერთს რომ ჩვენი თანაცხოვრება სათნოდ მიეჩნია, ჩვენს შვილებს ასე ადრე არ გაიყვანდა ამსოფლიდან”.
ცოლ-ქმარმა დიდხანს იკამათა, მაგრამ ვერ შეთანხმდა. უფალს შეებრალა ჭაბუკი პინიანო და მის გულში ღვთისმსახურების სურვილი გააღვიძა. მან ზურგი აქცია ამსოფლიურ სიამეებს, მოციქულის სწავლებისამებრ: ”რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი? ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი? ” (I კორ. 7. 16).
ღირსი მელანია როცა გათხოვდა, ცამეტი წლის იყო. მან ქმართან შვიდი წელი დაყო. როცა ოცი წლის შესრულდა, მეუღლეს გაშორდა. ნეტარი ოლიმპიადას მსგავსად, მელანიამ თავისი ძვირფასი მოსასხამები საკურთხეველს შესწირა. აბრეშუმის სამოსი კი ნაჭრებად დაჭრა ეკლესიების შესამკობლად. მან ოქრო-ვერცხლი დალმატელ მღვდელ-მონაზონ პავლეს აღმოსავლეთში გაატანა, ეგვიპტეს, თებაიდას, ანტიოქიასა და იერუსალიმს ათი ათასი ოქროს მონეტა შესწირა, ხუთი ათასი - კუნძულებზე მდებარე ტაძრებს, ათი ათასი - დასავლეთის ეკლესიებსა და მონასტრებს, დევნილთა თავშესაფრებს ოთხჯერ მეტი რაოდენობის ოქრო დაურიგა, რადგან ძალიან უჭირდათ. ამ გზით მელანიამ თავისი სიმდიდრე მძლავრი ალარიხისგან დაიხსნა. ნეტარმა დედამ რვა ათასი მონა გაათავისუფლა, დანარჩენები კი ისევ თავის სახლში დატოვა, რადგან თავად არ მოისურვეს აქედან წასვლა და ახლა მელანიას ძმასთან შეუდგნენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას.
განთავისუფლებულ მონებს წმინდანმა სამ-სამი ოქროს მონეტა დაურიგა, ამასთანავე, ესპანეთში, აკვიტანიაში, ტარაკონიასა და გალიაში სოფლები გაყიდა. სიცილიის, კანპანიისა და აფრიკის მიწები კი დაიტოვა, რათა აქედან აღებული შემოსავლით დახმარების ხელი გაეწოდებინა მონასტრებისა და გაჭირვებულებისათვის.
ასეთი ბრძენი და გონებით მოხუცებული იყო წარმავალი სიმდიდრის უარყოფელი მელანია უმცროსი.
ეს წმინდა დედა შემონაზვნების პირველ ხანებში კვირაში ხუთი დღე იღებდა საზრდოს, შემდეგ კი დღეგამოშვებით. როგორც მისი თანამოწესე დედები ამბობდნენ, იგი ამასთანავე ქველმოქმედებას აღასრულებდა.
ღირს მელანიასთან ერთად ცხოვრობდა მისი დედა, ალვინა, რომელმაც შვილის მსგავსად იღვაწა და მთელი სიმდიდრე გასცა. ისინი თავიანთ მამულებში: სიცილიასა და კანპანიაში მოღვაწეობდნენ. მათთან ერთად იყვნენ თხუთმეტი საჭურისი, ქალწულები და მონები.
მელანიას მეუღლე, პინიანო, ოცდაათ ბერთან ერთად მოსაგრეობდა. ისინი ერთად კითხულობდნენ წმინდა წერილს, უვლიდნენ ხეხილს და საუბრობდნენ სულიერ საკითხებზე. მათ არაერთგზის გვიმასპინძლეს და მოგვასვენეს, როცა წმინდა იოანე ოქროპირის მოსანახულებლად ვიყავით წასულნი. ისინი იწყნარებდნენ და იფარებდნენ უცხო ადამიანებს, დევნილებს, და მთელი ცხოვრება სტუმართმოყვარეობით განლიეს. ასეთი სათნო მოღვაწეობით მოიმუშაკეს მათ მარადიული ნეტარი ცხოვრება.
პინიანოზე გვიყვებოდნენ სათნო და ღვთისმოყვარე ადამიანები: პამატიოს ანტიპაყოფილი, რომელმაც მის მსგავსად სოფელი დატოვა, თავისი სიმდიდრის ნაწილი სიცოცხლეში გასცა, დანარჩენი კი - გარდაცვალების შემდეგ გლახაკებს დაუტოვა; ასევე ვინმე მაკარი ვიკარიელი და კონსტანტი, იტალიის ეპარტოზთა ყოფილი თანამოსაყდრე. ვფიქრობ, ეს ადამიანები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და წმინდა ცხოვრებით დაუსრულებელი სიკეთისკენ ისწრაფვიან.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|