| |
წმიდა პალადი ჰელენოპოლელი
ლავსაიკონი
54. ქალწული სილვანა
როცა იერუსალიმიდან ეგვიპტეში მივდიოდით, გზაში ნეტარი ქალწული სილვიანა დაგვემგზავრა. იგი ყოფილი ეპარტოზის – დიდებული რუფინუსის და იყო. ჩვენ გვახლდა დიაკვანი იუვინოსი, სანდო და ღირსეული კაცი, რომელიც დღეს ასკალინის ეკლესიის ეპისკოპოსია.
პილუსიაში ძალიან ჩამოცხა. იუვინოსმა გრილი წყლით ხელფეხი დაიბანა და დასასვენებლად წამოწვა. ეს რომ ნეტარმა სილვიანამ დაინახა, ისე უსაყვედურა იუვინოსს, როგორც შვილზე მზრუნველმა ბრძენმა დედამ.
ქალწულს არ მოეწონა, რომ იუვინოსი სხეულს ასე ანებივრებდა და უთხრა: ”როგორ არ გეშინია, შენ ხომ სისხლი ჯერ კიდევ გიდუღს. ხორცს ისე აფუფუნებ, თითქოს არ იცოდე, როგორ ავნებ ამით შენს თავს. დამიჯერე, შვილო, უკვე სამოცი წლის ვარ და ამ ხნის მანძილზე ხელ-პირი და ფეხი არ დამიბანია. მხოლოდ ხელის თითებს თუ დავიბან და იმასაც წმინდა ზიარების მიღებისას. ბევრჯერ ვიავადმყოფე და ექიმებმა დაბანა მირჩიეს, მაგრამ მაინც არ მივეცი ჩემს სხეულს განსვენების ნება. არასოდეს დამიძინია საწოლში, არც საკაცით სიარულის უფლება მივეცი ვინმეს. ღამე ზეთს ვანთებდი და მღვიძარე ვიყავი”.
ეს პატიოსანი და ღირსეული ქალი საღვთო წერილს დიდი გულმოდგინებით ეწაფებოდა. იგი ერთხელ კი არა, შვიდჯერ და რვაჯერ კითხულობდა წმინდა ადამიანების დაწერილ წიგნებს და ამ გზით იღრმავებდა ცოდნას.
საღვთო სულით ფრთაშესხმულმა და ზეციური სიკეთის მოსწრაფე სილვიანამ თავისი ღვაწლით ამსოფლიური სიბნელე გაარღვია და აფრინდა ქრისტესთან, რომლის წყალობით მარადიულ სიკეთეს ეზიარა.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|