| |
წმიდა პალადი ჰელენოპოლელი
ლავსაიკონი
53. პირველმოხსენიებული მელანია
დედებს შორის თავისი პატიოსანი და საკვირველი ცხოვრებით გამორჩეული მელანიას შესახებ უკვე გაუწყეთ. მაგრამ რაც გაუწყეთ, ეს ყველაფერი სხვებისგან მოვისმინე. ახლა კი იმ სათნოების შესახებ მოგითხრობთ, რაც თავად ვნახე. ეს მონათხრობი შუქურაა მისი მრავალფეროვანი სათნოებისა.
ამ წმინდა დედამ საკუთარი ღვაწლით მოიქსოვა სანატრელი უხრწნელი სამოსი, თავზე დიდების უჭკნობი გვირგვინი დაიდგა და ასე გამშვენებული უფლისკენ მიიცვალა, უფრო სწორად, უფლისკენ შეიცვალა. მე მის იმ წარმატებათა შესახებ გაუწყებთ, რომლებიც თავდაპირველად შევამოკლე. ახლა კი, თხრობის დასასრულებლად, იმ დანარჩენსაც მოგიყვებით.
მელანიას ამბავი ალბათ სადმე გაგიგონიათ, დრო კი თვალისთვის სახილველს თანდათან აქრობს, ამიტომ მისი აღწერა საჭიროდ მივიჩნიე. არავინ იცის, ზეციური სიკეთის მოსურნე ამ წმინდა დედამ ამქვეყნად რამდენი სიმდიდრე გააბნია. როგორც მოგიზგიზე ცეცხლი წვავს ყველაფერს, ასე დაარიგა მთელი თავისი ქონება. ჩემს ნათქვამს დაამოწმებენ სპარსეთის, ბრიტანეთისა თუ სხვა ადგილების მკვიდრნი. მისი ქველმოქმედება არავის მოჰკლებია: არც დასავლელებს და არც აღმოსავლელებს, არც ჩრდილოელებს და არც სამხრეთელებს.
წმინდა დედამ უცხოობაში ოცდაჩვიდმეტი წელი დაყო და თავისი სიმდიდრე ყველას უწილადა: ეკლესიებს, მონასტრებს, ღარიბ- ღატაკთა თავშესაფრებს. არავინ დარჩენილა მისგან უნუგეშოდ, თუკი მასთან რაიმეს სათხოვნელად მისულა. ყოველწლიურად წმინდანს მისი ასული და ახლობლები საკუთარი მამულიდან ქონებას უხვად უგზავნიდნენ. როგორც ლამპარი იწყებს უფრო მეტად ბრწყინვალებას ზეთის დამატებისას, ასე იყო მელანიაც, რომელიც მოწყალების სხივით სულ უფრო მეტად ბრწყინავდა და სიმდიდრის გაცემით სხვებსაც ანათებდა.
ამ წმინდა დედამ უცხოობაში ყოფნა ისე დაითმინა, რომ საკუ- თარი თავისთვის პატარა თავშესაფარიც არ აუშენებია. ვერც დედისერთა ასულის სიყვარულმა და მასთან ყოფნის სურვილმა ვერ გაანელა მასში უდაბნოში ყოფნის სურვილი. პირიქით, ღირსი დედის ლოცვით შვილმაც ტკბილი და მოწყალე ცხოვრებით იცხოვრა.
მელანიას ასული ერთ წარჩინებულ კაცზე გათხოვდა და ღირსეული პატივი დაიმკვიდრა. ცოლ-ქმარს ორი შვილი შეეძინა. გამოხდა ხანი და ნეტარმა მელანიამ შეიტყო, რომ მის შვილიშვილს საერო ცხოვრების დატოვება სურდა. მიუხედავად ასეთი სურვილისა, წმინდანს შეეშინდა, გოგონა ბოროტ ადამიანებს მწვალებლობისკენ ან უწესო ცხოვრებისკენ არ მიედრიკათ. ამ ფიქრებით შეწუხებულმა თავის უძლურებას სძლია, რადგან უკვე სამოცი წლის იყო, და კესარიიდან ნავით გაემგზავრა. ოცი დღის შემდეგ ის რომში ჩავიდა. იქ პირველად ნეტარ აპრონიანეს შეხვდა, რომელიც სიტყვისა და საქმის ერთობით გამოირჩეოდა. იგი წარმოშობით ბერძენი კერპთმსახური იყო.
წმინდა დედის ლოცვით აპრონიანე ქრისტიანობაზე მოიქცა და თავის მეუღლესთან, ავიტოსთან ერთად, რომელიც ღირსი მელანიას დისშვილი იყო, საღვთო ცხოვრებას შეუდგა. წმინდანმა თავისი შვილიშვილიც – მელანია უმცროსიც განამტკიცა რწმენაში მის მეუღლესთან პიპიანოსთან ერთად, ამასთანავე, თავისი შვილის რძალიც განსწავლა ქრისტიანობაში. მან ყველას უქადაგა, რომ გაეყიდათ მთელი სიმდიდრე, რომი დაეტოვებინათ და სულიერი ცხოვრების მშვიდი ნავსაყუდელი ეძიათ. ისინი ასეც მოიქცნენ.
ნეტარმა დედამ ქრისტეს გზაზე მოაქცია რომაელი დიდმოხელეები მათ მეუღლეებთან ერთად, რომლებიც თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდნენ მამისეული სახლის დატოვების გამო. ქრისტეს ჭეშმარიტმა რძალმა მათ მიუგო: ”შვილებო, ჯერ კიდევ ოთხასი წლის წინ დაიწერა, რომ ”უკანასკნელი ჟამია” (I იოან. 2. 18); თქვენ რაღას მისცემიხართ საწუთროს ამაოებას? გაფრთხილდით, ანტიქრისტეს მეფობის დრო არ მოვიდეს და მაშინ მშობლებისაგან ნაბოძებ ქონებასაც ვეღარ უპატრონებთ”. ეს რომ მოისმინეს, მრავალმა ირწმუნა მისი ნათქვამი და მონაზვნურ ცხოვრებას შეუდგა.
ნეტარმა მელანიამ თავისი უმცროსი ძეც, პოპლიდაც, დამოძღვრა და სიცილიაში წაიყვანა. თავად კი მთელი დარჩენილი სიმდიდრე გაყიდა, აღებული ფულით იერუსალიმში დაბრუნდა და მთელი ეს ფული დაარიგა. ორმოცი დღის შემდეგ დიდებულმა მოღვაწემ მოწყალების ნაყოფი მოიმკო და გარდაიცვალა. მან მთელი სიმდიდრე იერუსალიმის მონასტრებს დაურიგა. როცა მელანიას დამოძღვრილები რომს გაშორდნენ, სასტიკი ქარის გრიგალი – უამრავი ბარბაროსი შემოესია ამ ქალაქს. ეს ყოველივე ნაწინასწარმეტყველები იყო. იქაურობა ისე მოოხრდა, რომ სპილენძის ქანდაკებებიც კი დაინგრა. ასი წლის აყვავებული რომი განადგურდა და უდაბნოს დაემსგავსა. წმინდა მელანიასგან დამოძღვრილი ახლობლები ხარობდნენ, რომ ამ უბედურებას გადაურჩნენ. ისინი ღმერთს მადლობას სწირავდნენ. ამ განსაცდელმა ტყვეობას გადარჩენილი მრავალი ურწმუნო მოაქცია. ნეტარი დედის შეწევნით, ისინი უფლის წმინდა ზვარაკებად იქცნენ და ცხოვრების დარჩენილი ნაწილი კეთილ სინანულში გაატარეს.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|