| |
წმიდა პალადი ჰელენოპოლელი
ლავსაიკონი
43. ფილორომ აღმსარებელი
გალატიაში მოგზაურობისას ერთ ღვთისმოყვარე მღვდელს – ფილორომს შევხვდი. მასთან მრავალი წელი დავყავი. ის დიდად მოღვაწე და მოთმინებით სავსე ადამიანი იყო. მისი მამა თავისუფალი ადამიანი გახლდათ, დედა კი მონა.
მამა ფილორომმა თავისი მოღვაწეობით უფრო დიდ სიმაღლეს მიაღწია, ვიდრე იმ მხარეში მოსაგრე სათნოებებით გამორჩეულმა და ანგელოზთა მიმსგავსებულმა მამებმა. იგი ამ სოფელს იულიანე განდგომილის მეფობის დროს განეყენა. ქრისტეს მხნე მოღვაწე ფილორომმა ეს ურჯულო მეფე უშიშრად ამხილა. უღმერთო იულიანემ ბრძანა, იგი გაეპარსათ და ეცემათ. წმინდა მამამ უფლის სიყვარულით შემთხვეული ასეთი განსაცდელის დათმენა პატივად შერაცხა და შეურაცხმყოფელებს მადლობას უხდიდა.
როგორც თავად გვიამბობდა, მონაზვნური ცხოვრების შედგომისას ფილორომს სიძვისა და გემოთმოყვარების ვნება ებრძოდა, რასაც მარხვითა და მოთმინებით დაუპირისპირდა. მან ამ გზით განდევნა ვნებები. როგორც ცეცხლი ქრება წყლით, ასევე უზომო მარხვით, ბორკილთა ტარებით, სენაკში დაყუდებით, სასმელ-საჭმლისგან განყენებით დაშრიტა წმინდა მამამ თავისი გულისთქმები.
ფილორომი ცეცხლზე მომზადებულს არაფერს იხმევდა. ასეთი ღვაწლით განლია მან თვრამეტი წელი, ვიდრე არ დათრგუნა თავისი სურვილები, ამგვარი ძლევის შემდეგ კი გალობა შესწირა უფალს: ”განგადიდებ შენ, უფალო, რადგან მიხსენი და ჩემზე მტრები არ გაახარე” (ფს. 29,1). ასე გამოიცდებოდა ის ბოროტი სულებისაგან.
მამა ფილორომმა ერთ მონასტერში ორმოცი წელი დაჰყო. როგორც თავად გვიამბობდა, მას ოცდაათი წლის განმავლობაში არანაირი ხილის გემო არ გაუსინჯავს.
მამა ფილორომმა ისიც გვითხრა, რომ ისე ებრძოდა მას შიშის ვნება, დღისითაც კი შეპყრობილი იყო მისით. მან ამ ვნების დასაძლევად ძალა მოიკრიბა და ექვსი წელი ერთ საფლავში დაეყუდა. ასეთი საკვირველი ბრძოლა გაუმართა მან შიშის მძლავრ ვნებას და განთავისუფლდა მისი ტყვეობისგან. თავისი მოღვაწეობის დაწყებიდან დღემდე ის ჩალის კალამს და რვეულს არ განშორებია.
ფილორომი ოთხმოცი წლის იყო, როცა ასეთი რამ მოგვიყვა: ”მას შემდეგ, რაც ღირსი გავხდი სულიწმიდითა და წყლით ნათლის- ღებისა, სხვათა ნაღვაწით მოწეული პური არ მიხმევია, არამედ საკუთარი შრომით ვირჩენდი თავს”.
წმინდა მამამ ასეთი რამეც გვაუწყა: ”ჩემი ხელსაქმით მორეწილი ორას ორმოცდაათი ოქროს მონეტა დავრდომილებსა და ავადმყოფებს დავურიგე და უკმაყოფილო არავინ დარჩენილა”.
მამა ფილორომი ფეხით წავიდა რომში მოციქულთა თავების – პეტრესა და პავლეს წმინდა ნაწილების თაყვანის საცემლად. ის ასევე ესტუმრა ალექსანდრიას დიდებული მახარებლის – მარკოზის საფლავის მოსალოცად.
მამა ფილორომი ასევე ღირსი გახდა, ორჯერ მოელოცა იერუსალიმი და ფეხით მოევლო წმინდა ადგილები. ამ გზაზე იგი თავისი შრომით მორეწილ ფულს კმარობდა.
ჩვენი სულების სარგებლისთვის მან ასეთი რამ გვითხრა: ”არასოდეს მახსენდება ისეთი შემთხვევა, ფიქრით ღმერთს რომ დავშორებოდი”.
ასეთია ღვაწლი ნეტარი ფილორომისა, რომელმაც მრავალი განსაცდელი დაითმინა და ღვთისგან დიდების უჭკნობი გვირგვინი მოიპოვა.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|