მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა პალადი ჰელენოპოლელი

 

ლავსაიკონი

 

36. სრულიად უპოვარი სერაპიონი

 

იყო ერთი მოღვაწე, სახელად სერაპიონი. ის წარმოშობით ეგვიპტელი იყო და მეტსახელად სიდონს ეძახდნენ, რადგან სიდონის (სელის სამოსის) გარდა არაფერს იცვამდა. სანატრელმა მამამ ისეთი უპოვარება მოიპოვა, რომ უვნებლობის სიმაღლემდე ავიდა.

წმინდა წერილში ღრმად განსწავლული ეს წმინდა მამა, უპოვარებითა და სულიწმიდის მადლით საღვთო სიტყვაში გაწვრთნილი, თავის სენაკშიც არ ჩერდებოდა, რათა რომელიმე ნივთზე არ მიჯაჭვულიყო. ის სოფლიდან სოფელში მიმოდიოდა სრულიად უპოვარი და ამ გზით უვნებლობა მოიპოვა. ამგვარი გზა მოიფიქრა წმინდა მამამ, რათა წესიერად ეცხოვრა და უფლისთვის სათნო ყოფილიყო, რადგან არსებობს სხვადასხვა სახე კაცთა ქცევისა, რომელიც არსობრივად კი არ განსხვავდება, არამედ პიროვნულად, რაც მას ჭეშმარიტ თავისუფლებას ანიჭებს.

ამ ნეტარი მოღვაწის შესახებ მამები გვიყვებოდნენ, თუ როგორ დაემგზავრა ერთ ადამიანს, რომელიც თავის ბატონად გამოაცხადა და მას თავი ოც ოქროს მონეტად ერთ ბერძენ კაცზე მონად მიაყიდვინა. ეს ბერძენი კერპთაყვანისმცემელი მსახიობი იყო.

მამა სერაპიონი მთელ მის სახლეულობას მოთმინებით ემსახურებოდა. მათთან ერთად დახეტიალობდა მანამ, სანამ ისინი ღვთის გზაზე არ მოაქცია და თეატრალურ სანახაობათაგან არ განაშორა. ვიდრე მათ ემსახურებოდა, წყლისა და პურის გარდა არაფერს იხმევდა და თავის ბატონს გამუდმებით წმინდა წერილში წვრთნიდა. სერაპიონმა თავდაპირველად სწორედ ის მოაქცია ჭეშმარიტ რჯულზე. შემდეგ ბატონის მეუღლე, ბოლოს კი მთელი სახლეულობა.

ამბობდნენ, რომ სანამ ისინი წმინდა მამის ვინაობას გაიგებდნენ, ცოლ-ქმარს ფეხებს ბანდა და ყოველგვარ შეურაცხ საქმიანობას თავმდაბლობით აღასრულებდა. როცა ორივე მოინათლა, სერაპიონს აღარ იმსახურებდნენ, სამსახიობო საქმიანობაც მიატოვეს და ღვთისმსახურებით ცხოვრობდნენ. ცოლ-ქმარმა წმინდანს მოკრძალებით ასეთი რამ უთხრა: ”მოდი, ძმაო, როგორც შენ განგვათავისუფლე ბოროტის მონებისაგან, ისე შენ გაგათავისუფლებთ ჩვენ”.

დიდმა სერაპიონმა მათ მიუგო: ”რადგან უფალი შემეწია და თქვენც თანაშემწენი იყავით, რომ ღვთის გზაზე შემდგარიყავით და თქვენი სულები გადამერჩინა, ამიერიდან ჩემი ფერისცვალების საიდუმლოს გაუწყებთ:

მე წარმოშობით თავისუფალი ეგვიპტელი ბერი ვარ. თქვენი სულები შემებრალა და თქვენი ცხონებისათვის თავი მონად მოგყიდეთ. ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ეს ყველაფერი ჩემი სიმდაბლით აღასრულა, ამიტომ უკან მიიღეთ თქვენი ოქრო. მე კი სხვების შესაწევნელად გავემართები”.

ცოლ-ქმარი წმინდანს ევედრებოდა, რომ კვლავ მათთან დარჩენილიყო და მათი სულების გამგებელი გამხდარიყო. როცა ვერ დაარწმუნეს, ასეთი რამ უთხრეს:

- ეს ოქრო გლახაკებს დაურიგე, რადგან ჩვენ საუკუნო გვირგვინები შეგვაძენინე.

მან კი მიუგო:

- თქვენ თავად გაეცით, რადგან სხვის კუთვნილ ოქროს მე ვერ დავურიგებ გლახაკებს.

ისინი კვლავ აიძულებდნენ წმინდანს, რომ იმ წელს მაინც დარჩენილიყო მათთან, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.

ჩვეულებისამებრ, ეს წმინდა მამა ერთხელ საბერძნეთში გაემგზავრა. იგი სამი დღე დადიოდა ათენის ქუჩებში, მაგრამ პურით არავინ მოიკითხა, არც თავად ჰქონდა მის შესაძენად ფული, რადგან უპოვარს არაფერი აქვს: არც კვერთხი, არც მოსასხამი, არც სხვა რამ, გარდა ერთი სელის შესამოსლისა. მეორე დღეს მამა სერაპიონს ძალიან მოშივდა, რადგან უზმად გაეტარებინა, უნებლიე მარხვას კი ადამიანი უსასოებამდე მიჰყავს. ის ქალაქის ერთ უბანში შეჩერდა, სადაც მრავალ ადამიანს მოეყარა თავი. წმინდა მამა ხმამაღლა მოთქვამდა, ხელებს სახეში იცემდა და ამბობდა: ”ბერძნებო, შემეწიეთ!”

ისინი ნელ-ნელა მის გარშემო მოგროვდნენ, ტანზე იისფერი და წითელი ტანსაცმელი ემოსათ. მათ სერაპიონს ჰკითხეს:

- ვინ ხარ და რა გაწუხებს?

მან კი მიუგო:

- წარმოშობით ეგვიპტელი ვარ. როცა ჩემი მშობლიური მამულიდან წამოვედი, სამი რამ მაწუხებდა. აქედან ორი რამ ჩამომცილდა, რადგან სამაგიერო მიიღეს და აღარ მაწუხებენ. ხოლო მესამე კი აღარ მშორდება, რადგან ძალა აღარ მყოფნის, რომ ჩამოვიშორო.

მათ ჰკითხეს:

- სად არიან შენი შემაწუხებლები, გვიჩვენე, რომ მათ ჩამოცილებაში დაგეხმაროთ.

მან კი მიუგო:

- ბავშვობიდანვე მაშფოთებს სიმდიდრის სიყვარული, სიძვა და გემოთმოყვარეობა. ორმა მათგანმა უკვე მიმატოვა, რადგან არც ოქრო მაქვს და არც სხვა რაიმე სიმდიდრე, არც განცხრომას ვეძლევი, რომელიც სიძვის სურვილებს აღვიძებს. ამის გამო აღარ მაწუხებენ ისინი. გემოთმოყვარეობისაგან განშორება კი ვერ შევძელი, რადგან აგერ უკვე მეოთხე დღეა, არაფერი მიჭამია და მაწუხებს ბოროტი მასესხებელი მუცელი. ის ჩვეულებისამებრ მთხოვს, რომ გადავუხადო გადასახდელი. ამის გარეშე კი არ შემინდობს.

იქ მყოფ ფილოსოფოსებს მისი ნათქვამი სასაცილოდ არ ეყოთ და ერთი ოქროს მონეტა მისცეს. მან ეს მონეტა აიღო, იქვე საცხობში ერთი პური აიღო და იქაურობას გაშორდა. ფილოსოფოსები მიხვდნენ, რომ მას ჭეშმარიტი სათნოებითი ცხოვრება მოეპოვებინა, მეპურესთან მივიდნენ, პურის ფული გადაიხადეს და თავიანთი ოქრო უკან დაიბრუნეს.

თავად სანატრელი მამა ლაკიდემონელთა ქალაქისაკენ გაემართა, რადგან შეიტყო, რომ ამ ქალაქის მთავარი მთელ თავის სახლეულობასთან ერთად მანიქეველთა სექტას მისდევდა, სხვა მხრივ კი ყოველგვარი სათნოებით იყო შემკული. მონაზონთა შორის გამორჩეულმა მამამ მათ თავი ჩვეულებისამებრ მონად მიჰყიდა, სამი წლის განმავლობაში ქალაქის მთავარი მეუღლესთან და მთელ სახლეულობასთან ერთად მოაქცია და ტაძარში მიიყვანა. მათ ისე შეიყვარეს წმინდა სერაპიონი, როგორც ძმა ან მათზე უპირატესი მამა. ასე ეპყრობოდნენ და მასთან ერთად ადიდებდნენ უფალს.

მცირე ხნის შემდეგ ამ ოჯახსაც გაშორდა თავისი სიმტკიცით ანდამატს შემსგავსებული მამა. თანხა, რომლითაც მთავარს თავი მიჰყიდა, უკან დაუბრუნა და ცარიელ-ტარიელი ნავით რომისკენ გაემართა. მენავეებმა იფიქრეს, რომ მას სამგზავროდ ოქრო ან სხვა რამ ექნებოდა, ამიტომ წმინდანი ნავში დაუბრკოლებლად შეუშვეს. როცა ალექსანდრიისკენ აიღეს გეზი, დაახლოებით ხუთასი სტადიონი გაცურეს. მზის ჩასვლისას მენავეებმა თავიანთი საგზალი ამოიღეს და ჭამა დაიწყეს. მათ დაინახეს, რომ პირველ დღეს მამა სერაპიონმა არაფერი იხმია და იფიქრეს, რომ ნავში შესვლისას, ეტყობა, რამით განაწყენდაო. ასე გაგრძელდა მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე დღესაც. ბერი ჩვეულებისამებრ მშვიდად იჯდა.

მენავეებმა ჰკითხეს:

- რატომ არ ჭამ?

მან კი მიუგო:

- იმიტომ, რომ არ მაქვს.

მენავეებმა ერთმანეთში დაიწყეს გამოკითხვა, თუ ვინ აიღო მისი საგზალი. როცა დარწმუნდნენ, რომ არავის აეღო, წმინდანს წაეჩხუბნენ:

- როგორ შემოხვედი ნავში ცარიელ-ტარიელი ან კიდევ ამხელა გზაზე სად გაქვს შენთვის მოსახმარი ან სხვისთვის მისაცემი? - ეკითხებოდნენ ბრაზმორეულები.

სერაპიონმა მათ სულგრძელად მიუგო:

- მე არაფრის მქონებელი ვარ, ადექით და ისევ იქ დამაბრუნეთ, საიდანაც წამომიყვანეთ.

მენავეებმა უთხრეს:

- ასი ოქროც რომ მოგვცე, ამას ვერ შევძლებთ, თუნდაც კარგი ამინდი იყოს.

ასე დატოვეს ნეტარი მამა ნავში და მთელი გზა თავიანთი საზრდოთი უმასპინძლდებოდნენ.

როცა ქრისტეს ჭეშმარიტი მსახური რომში ჩავიდა, გამოიკითხა, თუ ვინ იყო აქ მოღვაწე მონაზონთა შორის უპირატესი. მან შეიტყო ერთი ახოვანი ბერის – დომნინეს შესახებ, რომელიც მონაზვნურ ცხოვრებაში დამაშვრალიყო. მისი სახელი ყველგან იყო განთქმული, იგი მრავალ სასწაულს აღასრულებდა. ამბობდნენ, როცა ის გარდაიცვალა, მისმა წმინდა ნაწილებმა კურნების მადლი შეიძინესო.

მამა სერაპიონი დომნინეს პირისპირ შეხვდა და გამოჰკითხა, თუ კიდევ ვინ იყო ამ მხარეში გამორჩეული მოღვაწე. სიკეთითა და გონიერებით შემკულმა ბერმა ერთ დაყუდებულ ქალწულზე მიუთითა, რომელიც აგერ უკვე ოცდახუთი წელი მოსაგრეობდა და არავის ესაუბრებოდა. ნეტარმა სერაპიონმა მისი სამყოფელი გამოიკითხა და მისკენ გაეშურა. იქ მისულმა მსახურ ქალს აცნობა, რომ დაყუდებული ქალწულის მოსანახულებლად იყო მოსული.

მან კი მიუგო:

- უკვე მრავალი წელია, არავის ელაპარაკება.

ნეტარმა სერაპიონმა უთხრა:

- შეატყობინე, რომ თავად უფალმა გამომგზავნა მასთან სასაუბროდ.

მსახურმა ქალმა არც ამის შემდეგ გადაწყვიტა რაიმეს თქმა. ეს ყოველივე წმინდა მამამ სამი დღის მანძილზე სულგრძელად დაითმინა, ბოლოს კი მაინც მოახერხა ქალწულის ხილვა. როცა მის წინაშე წარდგა, ასეთი რამ ჰკითხა:

- რატომ ზიხარ აქ?

ქალწულმა კი უპასუხა:

- კი არ ვზივარ, არამედ მივდივარ.

ბერმა კვლავ ჰკითხა:

- სად მიდიხარ?

მან კი მიუგო:

- ჩემს ღმერთთან.

უფლის მონამ ისევ ჰკითხა:

- ცოცხალი ხარ თუ მკვდარი?

ქალწულმა უპასუხა:

- მწამს ღვთისა, რომ ნამდვილად მკვდარი ვარ, რადგან ის, ვინც ხორცით ცოცხალია, ვერ შეძლებს უფლისკენ სვლას.

ეს რომ მოისმინა ნეტარმა სერაპიონმა, ასეთი რამ უთხრა:

- იმისთვის, რომ დამარწმუნო, ნამდვილად მოკვდი, ჰყოფ იმას, რასაც მე ვიზამ?

მან მიუგო:

- მაუწყე, რის გაკეთებასაც მთხოვ და შევასრულებ.

წმინდანმა უპასუხა:

- მკვდრისთვის ყველაფერი შესაძლებელია და ასევე შენგანაც, გარდა უწესო ქმედებისა. მაშ, გამოდი მანდედან და მე გამომყევი.

ქალწულმა ჰკითხა:

- ოცდახუთი წელია უკვე, რაც აქედან არ გამოვსულვარ და დღეს რა მიზეზით უნდა გამოვიდე?

ბერმა მიუგო:

- აი საკვირველება, შენ არ ამბობდი, რომ სოფლისთვის მოკვდი? მაშ თუ ასეა, გამოდი მანდედან, რადგან მკვდარს არაფერი აწუხებს და არც შენ უნდა შეწუხდე ამის გამო.

ქალწულმა რომ ეს სიტყვები მოისმინა, გამოქვაბულიდან გამოვიდა და ერთ ტაძარში მივიდა. წმინდა მამაც იმ ტაძარში მივიდა და მას უთხრა: ”თუ გსურს, საბოლოოდ დამარწმუნო, რომ ნამდვილად მოკვდი, აღასრულე, რის გაკეთებაც მე შემიძლია. მხოლოდ ამის შემდეგ ვირწმუნებ, რომ ამ სოფლისათვის მოკვდი”.

ქალწულმა უპასუხა:

- ამდენი წელია სენაკში ვიყავი დაყუდებული და გამოვედი. ახლა კიდევ რა გნებავს, რომ ჩავიდინო?

ბერმა მიუგო:

- მნებავს, რომ ტანსაცმელი გაიხადო, დაიწყო მხარზე, როგორც მე და ასე გაიარო ქალაქში. მე კი უსირცხვილოდ წაგიძღვები წინ.

გაოცებულმა ქალწულმა უთხრა:

- ასე რომ მოვიქცე, ჩემი უშვერი ქმედებით მრავალ ადამიანს დავაბრკოლებ. იფიქრებენ, რომ შევიშალე და ეშმაკეული გავხდი.

სანატრელმა სერაპიონმა მიუგო:

- ამას თუ იტყვიან, მერედა შენ რა? როგორც თავად ამბობ, სოფლისთვის მკვდარი ხარ. და თუ ეს ნამდვილად ასეა, მკვდარს სულაც არ აწუხებს, ვინ დასცინის ან ვინ აგინებს, რადგან ის უგრძნობელია ყოველივე ამის მიმართ.

ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ წმინდანს ქალწულმა უთხრა:

- გევედრები, სხვას, რასაც მიბრძანებ, აღვასრულებ, ასე კი ვერ მოვიქცევი, რადგან ამ სიმაღლემდე ჯერ არ ავსულვარ. ამიერიდან ვილოცებ, რომ ამ ზომამდე მივიდე.

მაშინ ვნებებისაკენ ყოვლადმიუდრეკელმა ქრისტეს მონამ ასეთი რამ მიუგო ქალწულს:

- შეხედე, დაო, დიდი ნუ გგონია შენი თავი. ნუ ფიქრობ, რომ ყველაზე წმინდა ხარ და ამ სოფლისათვის მოკვდი. ამ ყველაფრით ისწავლე, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ და კაცთაგან სათნოყოფას ესწრაფვი. მე კი შემიძლია საქმით გიჩვენო, რომ სოფლისთვის შენზე მეტად მოვმკვდარვარ და უვნებელობა მომი პოვებია. ის, რაც შენ სიტყვით გითხარი, ძალ-მიძს, რომ მე საქმით აღვასრულო.

ასეთი სიტყვებით მიდრიკა წმინდა მამამ ქალწული ჭეშმარიტი სიმდაბლისაკენ და დაარწმუნა, რომ ჯერაც არ შეემუსრა ბოლომდე თავისი სიამაყე და სოფლისთვის ჯერაც ცოცხლობდა. ამის შემდეგ ეს ნეტარი მამა ქალწულს გაშორდა.

ასეთია ცხოვრება ყოვლადუპოვარი და უვნებელი სერაპიონისა, რომელმაც ამის გარდა კიდევ მრავალი დიდი სასწაული მოახდინა. მათგან მხოლოდ მცირედის შესახებ მოგიყევით. სათნოებით მოსილი და უფლისგან გაბრძნობილი ეს წმინდა მამა იმავე უდაბნოში დაიმარხა.




 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი