| |
წმიდა პალადი ჰელენოპოლელი
ლავსაიკონი
35. დაყუდებული პოსიდონი
გამოცდილი მოღვაწის – ნეტარი პოსიდონ თებელის შესახებ მრავალი რამ ვერ გაუწყეთ. კერძოდ, თუ რაოდენ მშვიდი და უმანკო იყო და როგორ მოღვაწეობდა. ბეთლემში ყოფნისას მის მახლობლად დავყავი. ზემოხსენებულმა პიმენმა ამ მამის მრავალ სათნოებათაგან შემდეგზე მომითხრო:
”პორფირიტთან ერთი წელი დავყავი სამოღვაწეოდ, - როგორც თავად პოსიდონი ამბობდა, - წლის განმავლობაში არც არავის დავლაპარაკებივარ და არც სხვათა საუბარი მომისმენია. არც პურს შევხებივარ, არამედ მცირე ოდენობით ფინიკს და გარეულ მხალს ვიღებდი. ერთ დღეს, როცა საზრდო შემომაკლდა, გამოქვაბულიდან გამოვედი და ასე ორი მილი ვიარე. გზაში ცხენზე ამხედრებული კაცი შემომხვდა, ბრწყინვალე სამოსი ეცვა და თავზე ჩაფხუტი ეფარა. ის გარეგნულად მხედარს ჰგავდა. შეშინებულმა გამოქვაბულში დაბრუნება გადავწყვიტე, გზაში ახალმოკრეფილი ყურძნითა და ლეღვით სავსე ჭურჭელი ვიპოვე. გახარებული გამოქვაბულში შევედი და ორი თვე ამ ხილით ვსაზრდოობდი~.
წმინდა პოსიდონმა სხვა სასწაულიც აღასრულა.
იყო ერთი ფეხმძიმე ქალი, რომელსაც არაწმინდა სული დაეუფლა. როცა მშობიარობის ჟამი მოვიდა, ბოროტი სული ისე გამძვინვარდა, რომ ქალმა ვეღარ შეძლო მოლოგინება და საშინლად იტანჯებოდა. მისი ქმარი პოსიდონთან მივიდა და სთხოვა, სახლში წაჰყოლოდა. წმინდა მამა დაემორჩილა მის თხოვნას. მათთან მისულმა მუხლმოდრეკით ილოცა და ბოროტი სული ქალისგან გავიდა. ამის შემდეგ წმინდანმა ასეთი რამ გვითხრა: ”გევედრებით, რომ ყველამ ილოცოთ. რადგან არაწმინდა სულის გასვლის ნიშნად სასწაული მოხდება, რათა ეს ყოველივე ირწმუნოთ”.
მართლაც, ბოროტის გასვლასთან ერთად სახლის ბჭე საძირკვლიანად დაინგრა. ეს ქალი ექვსი წელი დამუნჯებული იყო. ეშმაკის გასვლისა და ბავშვის შობის შემდეგ ის ისევ ამეტყველდა. ამ საკვირველი კაცის ნაწინასწარმეტყველები მეც ვიხილე. იმ ადგილას ერთი მღვდელი ცხოვრობდა, სახელად იერონიმე. ის კეთილი ძირიდან იყო აღმოცენებული და ენამახვილობითა და სათნოებებით გამოირჩეოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი შურით იყო შეპყრობილი, რომ მისი ყველა სათნოება გადაფარა. ამ კაცთან სანატრელი პოსიდონი რამდენიმე დღე დარჩა. ერთ დღეს მან ყურში ჩამჩურჩულა: ”მისთვის მზრუნველი კეთილშობილი პავლა მასზე ადრე გარდაიცვლება”.
როცა მღვდელმა წინასწარმეტყველების ამბავი შეიტყო, ძალიან შეწუხდა. მან გადაწყვიტა, რომ იმ ადგილას არა მხოლოდ მამები აღარ დამკვიდრებულიყვნენ, არამედ თავად მისი ძმაც კი. იერონიმე ისე გაბოროტდა, რომ სანატრელი ოქსიპირემენტი იტალიაში გააძევა, ვინმე პეტრე კი ეგვიპტეში.
ნეტარ პოსიდონს იცნობდა ერთი საკვირველი კაცი, რომელსაც სახელად სოლომონი ერქვა. მან ამ წმინდა მამის შესახებ ასეთი რამ მაუწყა: ”ამ წმინდა მამას ორმოცი წელი პურის გემო არ ენახა და არც ვინმესადმი გულძვირად ყოფილა”.
ასეთია ღვაწლი და სასწაულები ქრისტეს ახოვანი მოღვაწის – ნეტარი პოსიდონისა, რომლის სულიერ წარმატებათა შორის ყველაზე გამორჩეული წინასწარმეტყველების ნიჭი იყო, რის გამოც იგი მარადიული მოხსენებისა და კეთილი აღსასრულის ღირსი შეიქმნა.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|