| |
წმიდა პალადი ჰელენოპოლელი
ლავსაიკონი
20. სულგრძელი ევლოგი და მასთან მყოფი დავრდომილი
ნიტრიელმა მღვდელმა კრონიოსმა ასეთი რამ მიამბო: ”სიჭაბუკის ჟამს მოწყინებამ შემი პყრო, ჩემს წინამძღვარს განვშორდი და მონასტერი მივატოვე. ასე, შემცდარმა, მივაღწიე ანტონის სამოღვაწეო მთამდე.
ნეტარი მამა ბაბილონსა და ირაკლიას შორის მდებარე უღრმეს უდაბნოში იყო, რომელიც მეწამული ზღვიდან ოცდაათი მილითაა დაშორებული. ამ ადგილას მდინარეა, რომლის ნაპირზე მონასტერი იყო აშენებული. აქ მოღვაწეობდნენ წმინდა ანტონის მოწაფეები – მაკარი და ამიტა, რომელთაც სულიერი მამა დამარხეს. ამ ადგილს პირისპირი ეწოდება. სწორედ აქ ვიპოვე ეს ბერები, რომლებმაც ხუთი დღე შემიფარეს. მათ შემდეგი რამ მაუწყეს: ”ანტონი ამ ადგილას მოდიოდა თავისი მთიდან. ის აქ იფარებდა შორიდან მოსულებს, ზოგს – ათი დღის სავალიდან, ზოგს – ოცი, ზოგს – ოცდაათი და სხვ. მათ სხვადასხვა ამბავი მოჰქონდათ მოსაყოლად და შეფასებას ბერისგან ელოდნენ.
მოსულთა შორის იყო ერთი, სახელად ევლოგი, ალექსანდრიელი ბერი, რომელსაც ერთი დავრდომილი ახლდა. მათი მოსვლის მიზეზი შემდეგი იყო: ევლოგის შესწავლილი ჰქონდა საღვთო სიბრძნე. უფლის შეწევნით, ის უკვდავების სურვილით მოიწყლა და სათნო ცხოვრებას ეძიებდა. ამიტომაც დატოვა მან ამქვეყნიური ორომტრიალი, მთელი სიმდიდრე დაარიგა და თავისთვის მხოლოდ მცირედი დაიტოვა. იგი წუხდა იმის გამო, რომ არც ძმათა კრებულთან ერთად ღვაწლი შეეძლო და არც მარტო ყოფნა.
როცა ევლოგი ამ ფიქრებით იყო მოცული, უბანთა შორის ერთ დავრდომილს წააწყდა, რომელსაც ორივე ხელ-ფეხი დაკარგული ჰქონდა, მხოლოდ ენა შერჩენოდა და ისიც ისეთი მოურიდებელი, რომ მის გამო მრავალ განსაცდელს მოიწევდა ხოლმე. ამ ამბის მხილველმა მამამ ხელები ზეცისკენ აღაპყრო და ღვთის წინაშე ასეთი აღთქმა დადო: ”უფალო, შენი სახელით ამ დავრდომილს სახლში წავიყვან და სიკვდილამდე მოვემსახურები, რათა ამ გზით ვცხოვნდე. შენ კი, ღმერთო, მომეცი მოთმინება მისი მსახურებისას”. ამ სიტყვების შემდეგ ევლოგი მივიდა დავრდომილთან და ჰკითხა: ”გინდა, რომ ჩემთან წაგიყვანო, მოგიარო და გემსახურო?” დავრდომილმა მიუგო: ”შენ ღირსეული კაცი ხარ, ბატონო, და არ გეკადრება ჩემისთანა უღირსის მსახურება”. ევლოგიმ კვლავ უთხრა: ”ახლა წავალ, ვირს მოვიყვან და აქედან წაგიყვან”. ამ სიტყვებზე დავრდომილმა ასეთი პასუხი გასცა: `თუ ასე მოიქცევი, დიდ სიხარულსა და განსვენებას მომანიჭებ. შენ კი ამგვარი ღვაწლისთვის სასყიდელს მიიღებ~. ამის შემდეგ ევლოგი მართლაც წავიდა, ვირი მოიყვანა, დავრდომილი სახლში წაიყვანა და იქ მას მოსასვენებლად ყველაფერი მოუმზადა.
დავრდომილმა კაცმა ევლოგის სახლში თხუთმეტი წელი დაყო. ამ ხნის მანძილზე ევლოგი მას მამასავით უვლიდა, დაუძლურებულს ანუგეშებდა, ბანდა, საცხებელს სცხებდა, ასმევ-აჭმევდა, ხელში აყვანილი დაჰყავდა და ყოველმხრივ ემსახურებოდა. ამ გზით მის ფიზიკურ ნაკლს ავსებდა და ანუგეშებდა.
თხუთმეტი წლის შემდეგ დავრდომილს ეშმაკი შეუჩნდა. ბოროტს სურდა, რომ ევლოგის აღთქმა დაერღვია, დავრდომილისთვის აღარ მოევლო და ამით ღვთის მადლს მოჰკლებოდა. ეშმაკისგან განრისხებული უძლური პატრონს მძვინვარე სიტყვებით შეურაცხყოფდა და ეუბნებოდა:
- ენაჭარტალავ და ბატონისგან გამოქცეულო მონავ, სხვისი განძი მოგიპარავს და ახლა ჩემი მოვლა-პატრონობა გსურს, რომ დაფარო იგი და ჩემი გზით ცხონდე?
ევლოგის სურდა, მისი გულის მწუხარებისთვის ეწამლა, ამიტომაც დავრდომილს ეხვეწებოდა და ეუბნებოდა:
- არა, ჩემო ბატონო, ასე ნუ ილაპარაკებ, მითხარი, რით დაგამძიმე, რომ შევძლო ჩემი შეცდომის გასმოსწორება.
ავადმყოფი კვლავ მძვინვარებდა და აღშფოთებული ამბობდა:
- რაში მჭირდება შენი მლიქვნელობა, წამიყვანე და დამაგდე იმ უბნებში, საიდანაც მომიყვანე.
სულგრძელებით აღსავსე ევლოგი კვლავ ეუბნებოდა:
- გევედრები, ჩემო პატიოსანო ბატონო, მითხარი, რა მწუხარებით ხარ დაწყლულებული, რომ განგკურნო.
მრისხანებისაგან აბობოქრებული დავრდომილი კვლავ მძვინვარებდა:
- არაფერში მარგია შენი მლიქვნელობა, არ დავჯერდები ასეთ უფერულ ცხოვრებას, რადგან მე ხორცის ჭამა მინდა.
ამ სიტყვების გამგონე ევლოგიმ ავადმყოფს ხორცი მოუტანა. ის კი ისევ გაჰყვიროდა:
- არ მაკმაყოფილებს მხოლოდ შენ გვერდით ყოფნა, მე ხალხის სიმრავლე მინდა.
მაშინ ევლოგიმ მიუგო:
- თუკი ასე მოგისურვებია, აქ უამრავ ადამიანს მოვუყრი თავს და, რაც გწადია, ის მოიმოქმედე.
დავრდომილი ისევ ბობოქრობდა:
- ვაი შე საცოდავო, ჩემი დანახვა არ შეგიძლია და განა შეძლებ აქ შენისთანა უქნარების მოყვანას? არ მინდა აქ, შენ გვერდით ყოფნა, ამას უბნებში გდება მირჩევნია, ამიტომაც ახლავე წამიყვანე იქ, საიდანაც მომიყვანე.
ასე მძვინვარებდა დავრდომილი. იმასაც გეტყვით, ხელები რომ ჰქონოდა, თავს მოიკლავდა, ან მახვილით განიგმირებოდა, იმდენად იყო გაველურებული ეშმაკისაგან.
ამ ამბის შემხედვარე ღირსი ევლოგი რჩევის საკითხავად თავის სენაკის მახლობლად მყოფ ბერებთან მივიდა და უთხრა:
- რა ვქნა, როგორ მოვიქცე. ამ დავრდომილმა სასოწარკვეთილებამდე მიმიყვანა.
მათ ჰკითხეს:
- როგორ და რა სახით?
ევლოგიმ კი მიუგო:
- მეტისმეტად შეურაცხმყოფს და აღარ ვიცი, რა გზას დავადგე. რომ გავაგდო, ღვთის წინაშე დადებული აღთქმის დარღვევის მეშინია. თუ დავტოვებ, დარჩენილ დღეებს ბოროტად გამატარებინებს. ამიტომ აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე.
მაშინ ძმებმა ასეთი რამ ურჩიეს:
- სანამ ცოცხალია დიდი (ასე უწოდებდნენ წმინდა ანტონის), ადი მასთან, თან ნავით დავრდომილიც წაიყვანე და მონასტერში მანამდე დარჩით, სანამ წმინდანი გამოქვებულიდან არ დაბრუნდება. და როცა მოვა, ყველაფერი აუწყე; შენ კი ისე მოიქეცი, როგორც ის გირჩევს, რადგან მისი პირით თავად ღმერთი გეტყვის თავის სათქმელს.
ძმების რჩევა ევლოგის ძალიან მოეწონა, ის მაშინვე დავრდომილთან დაბრუნდა, დიდი ხვეწნით ნავში ჩასვა და მონასტერში, წმინდა ანტონის მოწაფეებთან წავიდა. როცა დანიშნულ ადგილას მივიდნენ, იქ ერთი დღე დაყვეს. მეორე დღეს, საღამო ჟამს, წმინდანიც მოვიდა. როგორც კრონიოსი მიყვებოდა, ის მეწამული ფერის ტყავით იყო მოსილი.
მამა ანტონის ასეთი ჩვეულება ჰქონდა: როცა მონასტერში მოდიოდა, თავის მოწაფეს – მაკარის მოუხმობდა და ეკითხებოდა: ”ძმაო მაკარი, უცხო ძმები ხომ არ მოსულან აქ?”
ის კი უპასუხებდა: ”მოვიდნენ”.
წმინდანი ამის შემდეგ ისევ ეკითხებოდა:
- ეგვიპტელები არიან თუ იერუსალიმელები?
ასე იმისთვის კითხულობდა, რომ გაეგო, ცუდადმავალნი, ანუ ეგვიპტელები, იყვნენ თუ მისი სიტყვისა და ხილვის ღირსნი, ესე იგი, იერუსალიმელები.
ახლაც ჩვეულებისამებრ იკითხა წმინდანმა:
- აქ მოსულები ეგვიპტელები არიან თუ იერუსალიმელები?
მაკარიმ მიუგო:
- შერეულები არიან.
მაშინ წმინდანმა უთხრა:
- მოუმზადეთ მათ ოსპი და აჭამეთ.
ღვთისთვის არასათნოდ ცხოვრებულთათვის იგი ერთხელ ილოცებდა და შემდეგ გაუშვებდა. ხოლო თუ ეტყოდნენ, იერუსალიმელები არიანო, დაჯდებოდა წმინდა მამა და მთელი ღამე მათ სულის სარგებელზე ესაუბრებოდა. იმ ღამესაც დაჯდა წმინდანი და მოუხმო ყველას. იქ მყოფთაგან არავინ იცოდა, რომ სტუმრად მოსულს ევლოგი ერქვა. როცა ღამე გადავიდა, წმინდანმა დაიძახა: ”ევლოგი, ევლოგი, ევლოგი”. მან ღირს მამას სამჯერ დაუძახა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო, რადგან ევლოგის ეგონა, რომ იქ მყოფთაგან რომელიმე მისი მოსახელე იყო.
წმინდანმა მას ხელმეორედ უთხრა:
- შენ გეუბნები, ევლოგი, ალექსანდრიიდან მოსულო!
მაშინ ევლოგიმ მიუგო:
- რას მიბრძანებ, ჩემო ბატონო?
წმინდანმა ჰკითხა:
- რატომ მოხვედი?
მან კი უპასუხა:
- ვინც ჩემი სახელი გაუწყა, იგივე გეტყვის, თუ რისთვის მოვედი აქ.
წმინდა ანტონიმ მას უთხრა:
- შეიცნე და ისწავლე, თუ რა მიზეზით მოხვედი. ახლა კი ძმებსაც უთხარი, რომ მათაც შეიტყონ.
ეს რომ მოისმინა ქრისტეს მონა ევლოგიმ, ყველას გასაგონად თქვა:
- ეს დავრდომილი გზაზე ვიპოვე, შემებრალა და ღმერთს შევთხოვე, მის მოსავლელად ჩემთვის მოთმინების მადლი მოეცა. ქრისტეს წინაშე აღთქმა დავდე, რომ დაუძლურებულს მოვემსახურებოდი, რათა ამ გზით მეც ცხონების ღირსი გავმხდარიყავი და მასაც ჩემი გზით განესვენა. ასე დავყავით თხუთმეტი წელი, ღვთის მადლით, როგორც თავად შენც უწყი. არ ვიცი, რა განსაცდელი შევამთხვიე, რომ ამდენი წლის გასვლის შემდეგ ასე მლანძღავს და მაიძულებს, წავიყვანო და იმავე ადგილას დავაგდო, საიდანაც წამოვიყვანე. ამ უბედურების გამო იძულებული გავხდი, შენთან რჩევის სათხოვნელად მოვსულიყავი, რომ გელოცა და გეთქვა ჩემთვის, როგორ მოვქცეულიყავი, რადგან ეს ამბავი ძალიან მაწუხებს.
წმინდა ანტონიმ მას მკაცრი და ძლიერი ხმით უთხრა:
- შენ უნდა გააგდო ის გარეთ, ევლოგი, მაგრამ მას ის არ გააგდებს, ვინც შექმნა. შენ უნდა დატოვო ის, მაგრამ ღმერთი მას შენზე უკეთეს მომვლელს გამოუჩენს.
ამ სიტყვების მოსმენამ ევლოგი დაადუმა. ამის შემდეგ წმინდანი დავრდომილს მიუბრუნდა და ხმამაღლა უთხრა:
- საწყალო დავრდომილო, უღირსო ცისა და მიწისა, არ დაწყნარდი ღმერთისა და შენი ძმის განრისხებით? არ იცი, რომ შენ თავად ქრისტე გემსახურება? როგორ ბედავ მასთან ასეთ მოქცევას. არ იცი, რომ მან უფლისათვის დაგიმონა თავი და გემსახურება? ასე, სიტყვიერად გაწვრთნა მამა ანტონიმ ორივე და ძმებს უთხრა, რომ პური ეჭამათ. საზრდოს მიღების შემდეგ მან კვლავ მოაყვანინა ორივე თავისთან და უთხრა: ”ნუღარსად წახვალთ, შვილებო, არამედ შინ დაბრუნდით მშვიდობით და ერთმანეთს ნუ მოშორდებით. უკუაგდეთ ყოველგვარი მწუხარება, რომელიც ეშმაკმა თქვენ შორის დათესა, კვლავ სიწმინდით და სიყვარულით იღვაწეთ იქ, სადაც ამდენი წელი დაგიყვიათ და დაელოდეთ მას, ვინც უფლის ბრძანებით თქვენკენ მოდის. ბოროტმა იხილა, რომ მოახლოებულია თქვენი აღსასრული და ორივეს ქრისტესგან გვირგვინები გელოდებათ: შენ – მის გამო და მას – შენ გამო, ამიტომაც ჩამოაგდო თქვენ შორის შუღლი. თუ თქვენ სხვა საზრუნავს შეუდგებით, თქვენ წასაყვანად მოსული ანგელოზი ვეღარ მოგიძიებთ თქვენს სამოღვაწეო ადგილას და ამ გზით თქვენთვის გამზადებულ გვირგვინებს დააკლდებით.
ამ ამბის შემტყობმა ევლოგიმ და დავრდომილმა სწრაფად დატოვეს იქაურობა, თავიანთ სახლში დაბრუნდნენ სიყვარულით სავსენი. ორმოცი დღე არც იყო გასული, ევლოგი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ კი დავრდომილიც მიიცვალა – ხორცით დასახიჩრებული, ხოლო სულით მხიარული, რადგან თავისი სული უფალს შეავედრა.
წმინდა ანტონის მოწაფე კრონიოსმა, რომელიც რამდენიმე ხნით თებეში იყო და ალექსანდრიაში მოგზაურობდა, შეიტყო ევლოგისა და დავრდომილის ამგვარი გარდაცვალების ამბავი შეიტყო. ის იმდენად იყო გაოცებული ამ დიდებული სასწაულის გამო, რომ სურდა, ყველასთვის მოეყოლა.
კრონიოსი ძმებს არწმუნებდა: ”ამ ამბის მთხრობელმა დაიფიცა, რომ წმინდა ანტონის წინასწარმეტყველების შესახებ ბევრი რამ უწყოდა, მათ შორის ამ ამბისაც, რადგან ყველა მისი სიტყვის თარჯიმანი თავად ვიყავი იმის გამო, რომ დიდმა მამამ არ იცოდა ბერძნული ენა. მე კი ორივე ენა ვიცოდი და ვუთარგმნიდი ნეტარ ევლოგისა და დავრდომილს წმინდანის სიტყვებს, თავად ანტონის კი ეგვიპტურად გადავცემდი ორივეს ნათქვამს~.
კრონიოსი ამბობდა, რომ დიდმა მამამ ასეთი რამეც მოუთხრო მათ იმ ღამეს, როცა ევლოგი და დავრდომილი დაამშვიდა: ”ამ წელს გამუდმებით ვევედრებოდი ღმერთს, რომ ეჩვენებინა ჩემთვის მართალთა და ცოდვილთა სამყოფელი.
ვედრების შემდეგ ვიხილე ერთი მაღალი კაცი, შავი ფერისა. ის თავით ღრუბლებს სწვდებოდა, ხელები კი ცამდე ჰქონდა გაშლილი. მისი ფეხების ქვეშ ისეთი ღრმა ზღვა იყო გადაშლილი, რომ თავი და ბოლო არ უჩანდა.
ვხედავდი სულებს, რომლებიც ფრინველებივით დაფრინავდნენ მაღლა. ის, ვინც კაცს თავზე გადაუფრენდა, ანგელოზებს მიჰყავდათ და ცხონდებოდნენ. ისინი კი, ვისაც ეს კაცი შეიპყრობდა, ზღვის სიღრმეში ინთქმებოდნენ. ხმა მომესმა: ”ისინი, ვინც კაცს თავზე გადაუფრინეს, სამოთხეში ანგელოზებთან ერთად განისვენებენ, რადგან მართლების სულები არიან. ხოლო ისინი, ვისაც კაცი ხელით იჭერს, ჯოჯოხეთის უფსკრულში ინთქმებიან, რადგან ცოდვილთა სულები არიან, ხორციელ სურვილებსა და განკითხვის ვნებას რომ აჰყვნენ”.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|