| |
წმიდა პალადი ჰელენოპოლელი
ლავსაიკონი
18. ავაზაკების წინამძღოლი მოსე შავი
იყო სხვა მოღვაწეც, წარმოშობით ეთიოპიელი, სახელად მოსე. ის ვიღაცის მსახური იყო და თავისი ბატონის ბრძანებით მრავალი ბოროტება და ავაზაკობა ჩაედინა. თავად იხსენებდა, რომ ის არა მხოლოდ ავაზაკობდა, არამედ კაცის კვლამდეც კი მივიდა. მინდა, ყოველივე გაუწყოთ, რათა გიჩვენოთ, თუ როგორ მოიქცა ეს წმიდა მამა ბოროტებიდან სინანულისაკენ.
როგორც მითხრეს, ის იყო ავაზაკმთავარი და წარჩინებული მათ შორის. ის ერთხელ ერთ მწყემსზე განაწყენდა და ღამით მასზე თავდასხმა გადაწყვიტა. როცა იმ ადგილას მივიდა, მწყემსის ძაღლების ყეფამ შეაყოვნა. მამა მოსემ მწყემსის მოკვლა განიზრახა. ამ მიზნით გამოიკითხა, თუ სად აძოვებდა ეს კაცი ცხვრებს და შეიტყო, რომ ეს ადგილი მდინარე ნილოსის ნაპირი იყო. მეტისმეტად ადიდებული მდინარე ამ დროს დაახლოებით ერთი მილის სიგრძეზე იყო გადმოსული. მოსემ ტანსაცმელი გაიხადა, თავზე დაიდო, კბილებით დანა დაიჭირა და მდინარე გადაცურა. როცა მეორე ნაპირზე გადავიდა, მწყემსმა მისი მოსვლის მიზანი შეიტყო, იქაურობას გაერიდა და სანდო ადგილას მიიმალა. მწყემსი რომ ვერ ჩაიგდო ხელში, მის ნაცვლად მოსემ ცხვრის ფარიდან ორი ვერძი ამოარჩია და თოკით შეკრა. ამის შემდეგ ისევ მდინარე გადმოცურა. მან დაკლული ცხვრები გაატყავა, მათი ხორცი შეჭამა, ტყავი ღვინოზე გადაცვალა, თორმეტი ჭიქა დალია, ორმოცდაათი მილი გაიარა და კვლავ თავის სამყოფში დაბრუნდა.
გავიდა კარგა ხანი ამ ამბიდან და ავაზაკთა წინამძღოლი მოსე რაღაცა განსაცდელის გამო ბერად აღიკვეცა. მონასტერში მისული ნამოქმედარის გამო წუხდა და სინანულის ისეთ საფეხურს მიაღწია, რომ სიბოროტეში თავისი თანამზრახველი ეშმაკი მისგან გაიკიცხა.
ამ წმინდანზე ყვებოდნენ, რომ ერთხელ, როცა ის თავის სენაკში იჯდა, მასთან ოთხი ავაზაკი მივიდა. ისინი არ იცნობდნენ მოსეს და უნდოდათ, მისთვის სენაკი წაერთმიათ. მან ისინი შეკრა, ბზით სავსე ტომრებივით მოიგდო ზურგზე, მონასტერში მიიყვანა და თქვა: ”რადგან ნაბრძანებია, რომ ამიერიდან აღარავის ვავნებ, ესენი აქ, თქვენთან, მოვიყვანე და თქვენ გადაწყვიტეთ მათი ბედი”.
მოსეს მიერ შეპყრობილი ავაზაკები მოიქცნენ და აღიარეს ღმერთი. როცა შეიტყვეს, რომ მათი დამჭერი ოდესღაც სახელოვანი და განთქმული ავაზაკმთავარი მოსე იყო, უფალი განადიდეს, გაოცდნენ მისი ამგვარი ცვლილების გამო და თქვეს: ”თუკი ამას, ძლიერსა და ავაზაკთა შორის განთქმულს, ასე შეეშინდა ღმერთისა, ჩვენც რატომ არ უნდა უარვყოთ ჩვენი საქმე და არ ვიზრუნოთ ჩვენი სულების ცხონებისათვის?” ეს თქვეს, მოიქცნენ და ისინიც გამოცდილი მონაზვნები დადგნენ.
სანატრელ მოსეს (არაფერია შემაფერხებელი, რომ მას ასე ეწოდოს) ერთხელ უძღებობის ვნება შეერკინა და კვლავ პირველი ჩვეულებისაკენ მოუწოდა. როგორც თავად ნეტარმა აღიარა, ის სიძვის ვნებამ მიიზიდა და ისეთი ბრძოლა გაუმართა, რომ ლამის მონაზვნური წესისგან გადადრიკა. მოწევნილი განსაცდელისაგან თავის დასახსნელად ის ნეტარ ისიდორე დიდთან წავიდა, რომელიც სკიტში იჯდა. მოსემ მას ყოველივე მოუთხრო.
ბერმა ანუგეშა იგი: ”ნუ შეწუხდები, ძმაო, ჯერ ახალი შემდგარი ხარ მონაზვნობის გზაზე და ამიტომაც გეკვეთა ასე ფიცხლად ბოროტი. ის შენში პირველ ჩვეულებას ეძებს, მსგავსად ძაღლებისა, რომლებიც, თუ საქონდაქრო გაღებულია, არსად წავლენ იქიდან, სანამ ნარჩენებსა და ძვლებს არ აჭმევენ. მაგრამ თუ დაუკეტავენ, იქ ვეღარ მოიძიებენ საჭმელს და არც არავინ არაფერს მისცემს, მაშინ იქაურობას შეწუხებულები განშორდებიან და იმ ადგილას აღარ მივლენ. ასევე შენც: თუ მოღვაწეობას შეუდგები, ამქვეყნიურ სურვილებს მარხვით დათრგუნავ და დახშავ ნაყროვანების კარს, რომელიც შობს უძღებებას, მაშინ სიძვის ეშმაკი მოიწყენს, ის დაინახავს, რომ საჭმელი აღარ ექნება და განგშორდება”.
ამის შემდეგ ქრისტეს ნეტარი მონა თავის სენაკში ჩაიკეტა და იქ მოთმინებით დაეყუდა. მას სურდა ყოველგვარი მოღვაწეობა ეტვირთა, განსაკუთრებით კი საჭმელს განშორებოდა. ის თორმეტი უნკია ხმელი პურის გარდა არაფერს იხმევდა, ამასთანავე, საქმიანობდა და ყოველდღე ორმოცდაორჯერ ლოცულობდა. მან ისე დააუძლურა სხეული, რომ ყოველგვარი ფიზიკური ძალა გამოეცალა.
ამის შემდეგ ბერთან ყოველმხრივ გამოცდილი სხვა ბერი მოვიდა და უთხრა:
- რა ვქნა, მამაო, ძილის ოცნებები აბნელებენ ჩემს ფიქრებს და ჩემს სულს კვლავ თავდაპირველი ჩვეულებებისაკენ იზიდავენ.
წმინდანმა უპასუხა:
- რადგან გონებით ჯერ კიდევ ვერ განშორებიხარ ძველ საქმეს, ისინი ძილში გეოცნებებიან. ამიტომ ისე მოიქეცი, როგორც გირჩევ: ”ცოტა ხანი ღამეები გაათიე, მოკრძალებულად ილოცე და ამ გზით სწრაფად განთავისუფლდები მაგ ვნებისაგან”.
ეს რომ მოისმინა ახოვანმა მოღვაწემ, მისი სიტყვა ისე შეიწყნარა, როგორც გამოცდილი და ბრძენი მასწავლებლის ბოძებული განძი. ის თავის სენაკში დაბრუნდა და ისეთ ღვაწლს შეუდგა, რომ მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, არც მუხლთდრეკის მომიზეზებით მოუდრიკავს მუხლი, არამედ ფეხზე მდგომარე ერკინებოდა ძილის ვნებას, რათა განთავისუფლებულიყო მისგან. ამგვარად იღვწოდა იგი ექვსი წელი, რათა ამ გზით ბოროტი და დაუმშვიდებელი ცოდვა დაეძლია, მაგრამ მაინც ვერ დათრგუნა. მან შრომითა და ღვაწლით განლია სხეული, მაგრამ მძვინვარე ვნება მაინც ვერ დაამარცხა.
ამის შემდეგ მამა მოსემ მოღვაწეობის სხვა გზით დაუწყო ბრძოლა ეშმაკს. იგი ღამღამობით იმ ბერების სენაკებთან მიდიოდა, რომლებიც შრომით იყვნენ დაუძლურებულნი, მამების სამყოფლისგან ორი, სამი და ხუთი მილით დაშორებული წყაროდან მათთან წყალი მიჰქონდა და სენაკის კართან ტოვებდა. ერთ ღამეს, როცა იგი ჩვეულებისამებრ საქმიანობდა, ეშმაკს შეშურდა. მან ვეღარ მოითმინა, წყლის ამოსაღებად დახრილ მამას თეძოში საგვემელი ჩაარტყა და შორს გადააგდო. მამა მოსე ძირს მკვდარივით იდო. მან არ იცოდა, როგორ ან ვისგან შეემთხვა ეს განსაცდელი.
მეორე დღეს წყლის ასაღებად ამ ადგილას სხვა ძმა მივიდა, მან ძირს დავარდნილი, გულწასული ბერი იპოვა და ყოველივე სკიტის წინამძღვარ ისიდორეს აუწყა. ისიდორე სხვა ძმებთან ერთად გაემარ- თა მოსეს მოსაყვანად. წმინდა მამამ მთელი წლის განმავლობაში იავადმყოფა და ძლივს მოძლიერდა. მას ქრისტეს დიდმა მოღვაწემ ისიდორემ ასეთი რამ უთხრა:
- დამშვიდდი, ძმაო მოსე, დღეიდან ეშმაკს ასე ძლიერ ნუღარ შეებრძოლები, რადგან როგორც ყველაფერში, ისე ეშმაკთან შეუპოვრად ბრძოლაშიც, ზომიერებაა საჭირო.
ქრისტეს უძლეველმა მოღვაწემ ასე უპასუხა დიდ ძმას:
- მანამ არ დავცხრები მასთან ბრძოლით, სანამ ჩემი სიზმრისეული ოცნებები არ დამიცხრება.
მაშინ მოთმინების შეურყეველმა სვეტმა – ისიდორე ხუცესმა ნეტარ მამას უთხრა:
- იესო ქრისტეს სახელით ამიერიდან შენში დაცხრებიან ძილის ეშმაკებანი. დღეიდან ეზიარე საღვთო საიდუმლოს, რათა უფრო მეტად მოიწიოს შენზე განსაცდელები, რომ არ იფიქრო, საკუთარი მოღვაწებით ვძლიეო ვნებებს, და ამის გამო ამპარტავნებაში არ ჩავარდე.
ეს რომ მოისმინა, ბერი თავის სენაკში დაბრუნდა, სადაც წყნარად და ზომიერად ცხოვრობდა.
ორი თუ სამი თვის შემდეგ ისიდორე დიდმა ჰკითხა ნეტარ მოღვაწეს, მოსეს:
- კიდევ გერკინებიან ეშმაკები?
მან კი მიუგო:
- იმ დღიდან, რაც ღვთის კაცმა ილოცა, აღარაფერი მიხილავს.
ეს მოღვაწე ისე იმორჩილებდა არაწმიდა სულებს, მათ ხრიკებს ისე აღწევდა თავს, როგორც ჩვენ – მუმლს ზამთარში. ასეთია მოსე დიდის მტერთან ბრძოლის ამბავი, ასე – ღვთისათვის სათნოდ იღვაწა ამ წმიდა მოღვაწემ. იგი წარმოშობით ეთიოპიელი იყო, მაგრამ საღვთო სულით აღსავსე დიდი მამების გზას შეუდგა და მათთან შეირაცხა.
ეს ნეტარი მამა სამოცდათხუთმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი სკიტის უდაბნოს მღვდელი იყო და გარდაცვალების შემდეგ სამოცდაორი მოწაფე დატოვა.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|