| |
წმიდა პალადი ჰელენოპოლელი
ლავსაიკონი
16. ფრიად გამოცდილი ნათანაელი
პირველ ჟამს გამოჩინებულ წმინდანებს შორის იყო ქრისტეს ერთი რჩეული მოღვაწე, სახელად ნათანაელი. მე მას ცოცხალს ვერ მივუსწარი, რადგან ამ მთაზე ჩემს მისვლამდე თხუთმეტი წლით ადრე გარდაიცვალა. თუმცა, შევხვდი იმათ, ვინც მასთან ერთად მოსაგრეობდა და გულმოდგინედ გამოვიკითხე ამ წმინდა მამის სათნოებათა შესახებ. მათ მიჩვენეს მისი სენაკი, რომელშიც უკვე აღარავინ ცხოვრობდა. ეს სენაკი სოფლის მახლობლად მდებარეობდა, რადგან მაშინ, როცა წმინდანმა ის ააშენა, ირგვლივ თითოოროლა მოღვაწე იყო. ისინი მიამბობდნენ, რომ იმ დღიდან, რაც ბერი ხელმეორედ დაემკვიდრა თავის სენაკში, აღარასოდეს გამოსულა იქიდან ეს წმინდა მამა, რადგან პირველად, აქ მოღვაწეობის დაწყებისას, ადამიანთა ზოგადმა მტერმა იგი მოწყენილობის ვნებით მოიცვა.
ბერს იმდენად დაეუფლა ეს ვნება, რომ სენაკი დატოვა და სოფლის მახლობლად სხვა ააშენა. ახალი სენაკის აშენების შემდეგ მას ეშმაკი მეომრის სახით გამოეცხადა, მას ტანზე დაგლეჯილი ტანსაცმელი ემოსა და ხელში, როგორც მხედარს, კვერთხი ეჭირა. ამ კვერთხით მან წმინდანს ცემა დაუწყო, ნათანაელი შეშფოთებული ეკითხებოდა:
- ვინ ხარ და ჩემგან რა გინდა?
მან კი უპასუხა:
- მე ის ვარ, ვინც პირველი სენაკიდან გამოგიყვანა და ახლა მსურს, რომ აქედანაც გაგიყვანო.
ნათანაელი მიხვდა, რომ მოწყენილობის ვნებამ სძლია და პირველ სენაკში დაბრუნდა, სადაც ოცდაჩვიდმეტი წელი დაყო და კარის ზღურბლსაც კი არ გადასცილებია. მან ისეთი ბრძოლა და მოთმინება აჩვენა, რომ მისი სიტყვით გამოთქმა შეუძლებელია. კეთილისმოძულე მტერს ესეც შეშურდა და გადაწყვიტა, წმინდა მამა გამოეცადა და მისი სიმშვიდე დაერღვია.
ერთ დღეს უფლის განგებითა თუ გამომცდელის გადაბირებით წმინდანთან სტუმრად შვიდი ეპისკოპოსი მივიდა. როცა ისინი მამა ნათანაელთან შევიდნენ, ლოცვა წარმოთქვეს და წმინდა მამა მოიკითხეს. მოკითხვის შემდეგ სენაკიდან გამოვიდნენ და წავიდნენ. ბერი მათ არც შემოსვლისას შეეგება და არც წასვლისას გადადგა ერთი ნაბიჯი, რათა ამ გზით ეშმაკისთვის არ დაეთმო. დიაკვნები ეუბნებოდნენ მამა ნათანაელს:
- ეს ამპარტავნებაა, მამაო, რადგან ეპისკოპოსებს არც მიეგებე და არც გააცილე.
ბერმა კი მიუგო:
- მე ჩემს ბატონებს – ეპისკოპოსებს ვემონები და ყველა ტაძრის მღვდლებსა და დიაკვნებს განვადიდებ, რადგან ყველა კაცზე უცოდვილესი ვარ, ფეხით დასათრგუნავი მიწა, ყველაზე უკანასკნელი ამ სოფელში მცხოვრებთა შორის; მაგრამ მაქვს ჩემი დაფარული კანონი, რომელიც მხოლოდ იმან იცის, ვინც ყველა ადამიანის გულისნადებს ხედავს, და მანვე იცის, თუ რა მიზეზით არ მივეგებე ეპისკოპოსებს.
წმინდა ნათანაელმა ასე სძლია მტრის შემოსევას. თუმცა შემდეგ ბოროტი სული მას სხვა სახით ეკვეთა. ნეტარი მამის გარდაცვალებიდან რვა თვით ადრე ეშმაკმა ათი წლის ბიჭის სახე მიიღო, რომელსაც ვირი ჰყავდა და თან ჯოხზე გადაკიდებული ხორბალი მიჰქონდა. საღამო ხანს მან ბერის სენაკთან ვირი მიიყვანა და ბავშვის ხმით დაიძახა. მამა ნათანაელმა სენაკიდან გამოსძახა:
- ვინ ხარ და რა გინდა?
მან კი უპასუხა: ”ერთი მონაზონის ბავშვი ვარ და მასთან ხორბალი მიმაქვს სეფისკვერისათვის, ვიცი, როგორ გიყვარს ეს ბერი, გევედრები, დამეხმარე, აქ ბევრი მხეცი ბინადრობს და მეშინია, არ დამგლიჯონ.
ნათანაელი ძალიან შეწუხდა, რადგან ახსენდებოდა იმ ბერის სიკეთე, თან აღთქმული წესის დარღვევაც არ უნდოდა. ”რა ვქნა, როგორ მოვიქცე”, – წუხდა ის. ბოლოს კი თქვა: ”უმჯობესია, რომ ამდენი ხნის მანძილზე დაცული წესი არ დავარღვიო, ამით ვძლევ ეშმაკს და შევარცხვენ”.
ამ სიტყვების შემდეგ მამა ნათანაელი ლოცვას შეუდგა, თან ბავშვს უთხრა: ”მომისმინე, ყრმაო, მე მწამს უფლისა, რომელსაც ვემსახურები. იგია გამგებელი ყველა ცოცხალი არსებისა. შენ შეგიძლია მას სთხოვო შეწევნა, რათა მხეცმა ან სხვა რამემ არ გავნოს. მაგრამ თუ ჩემი გამომცდელი ხარ, ღმერთი მაუწყებს”.
ეს რომ თქვა, ბერმა სენაკის კარი დაკეტა და შიგნით შევიდა. ბოროტი სული კი ჰაერში გაიფანტა, იგი დაემსგავსა გარეულ ვირს, რომელიც ადამიანების სიმრავლეს გაურბის. ასე სძლია ნეტარმა მამამ ეშმაკს. ასეთია სულიერი წარმატებები და სათნოებითი ცხოვრების აღსასრული მარადმოხსენებული ნეტარი მამისა.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|