| |
წმიდა პალადი ჰელენოპოლელი
ლავსაიკონი
14. პაისიო და მისი ძმა ესაია
იყო ორი ძმა, პაისიო და ესაია, რომლებიც ძალიან მდიდარი კაცის შვილები იყვნენ. როცა მამა გარდაეცვალათ, მთელი სიმდიდრე – ხუთი ათასი ოქროს ფულის მონეტა, ძვირფასი შესამოსელი, მსახურები და ყველაფერი, რაც ჰქონდათ, თანაბრად გაიყვეს. ამის შემდეგ იმაზე დაიწყეს ბჭობა, თუ რა გზას დადგომოდნენ. ”თუ მამაჩვენივით ვაჭრობას მივყოფთ ხელს, ჩვენი მონაგები სხვას დარჩება; ამას თან დაერთვება მრავალი განსაცდელი: ავაზაკთა თავდასხმა ანდა ზღვათა ღელვა, – ამბობდნენ ისინი, – ამიტომაც უმჯობესია, მონასტერს მივაშუროთ და ამით ჩვენი მამის სულზეც ვიზრუნოთ და ჩვენი სულებიც გადავარჩინოთ”.
ეს რომ განიზრახეს, ორივე ბერულ ცხოვრებას შეუდგა, ოღონდ განსხვავებულად. როცა ძმებმა მამისეული ქონება გაიყვეს, პირველმა მთელი სიმდიდრე გაჭირვებულებს, ეკლესია-მონასტრებსა და საპყრობილეებს გაუნაწილა, თავად კი ხელსაქმე შეისწავლა და ამ გზით მოირეწდა საზრდოს, თან გამუდმებით ლოცულობდა. მეორემ კი კუთვნილი ქონებით მონასტერი ააშენა, იქ მცირე საძმო შეკრიბა. ამ მონასტერში იგი უცხოებს იწყნარებდა, დაუძლურებულებს უვლიდა, დაღლილებს ასვენებდა. შაბათსა და კვირას ღარიბ-ღატაკებს მასპინძლობდა. მათთვის სამ და ოთხ მაგიდას აწყობდა და აპურებდა. ასე გაატარა მან მთელი ცხოვრება.
როცა ძმები გარდაიცვალნენ, სათნოების უმაღლეს საზომს მიღწეულებმა იმსოფლად სხვადასხვა სახის ნეტარი მდგომარეობა დაიმკვიდრეს. მამების ერთ ნაწილს ესათნოებოდა იმ ძმის ღვაწლი, რომელიც საკუთარ სულზე ზრუნვაში გამოვლინდა. ხოლო მეორეს უპირატესად მეორე ძმის მიერ სხვებზე ზრუნვა მიაჩნდა. ამის გამო ბერები ერთმანეთს ეცილებოდნენ. სიმართლის გასარკვევად ისინი ნეტარ პამბოსთან წავიდნენ. ისინი წმინდა მამას ევედრებოდნენ, ეთქვა, თუ ორივე ძმამ მოღვაწეობის რა საზომს მიაღწია. მან კი მიუგო: ”ორივე თანასწორია უფლის წინაშე, რადგან ერთმა უცხოთშეწყნარებით აბრაამის საქმე აღასრულა, ხოლო მეორემ უფლის სათნოყოფისათვის ილია წინასწარმეტყველის სიფიცხე და სულიერი მოშურნეობა აირჩია”.
ძმები კვლავ კამათობდნენ მათ თანასწორობაზე. იმაზე, ვინც ყველაფერი გასცა, ამბობდნენ, რომ სახარების სწავლებას მისდევდა, რადგან ყველაფერი ღარიბ-ღატაკებს დაურიგა და დღედაღამე ლოცვის ჯვარი იტვირთა და უფლის გზას შეუდგა. მეორემ კი ყველა გაჭირვებული შეიყვარა, მწუხარენი დაამშვიდა, ავადმყოფებს უვლიდა და თავშესაფრებს უხსნიდა. ამით ის საკუთარ თავზე მეტად სხვებზე ზრუნავდა და ფიქრობდა.
ნეტარმა პამბომ კვლავ მიუგო: ”ისევ გაგიმეორებთ, რომ ორივე თანასწორია ღვთის წინაშე, რადგან ორივეს ასე თავდადებით რომ არ ეღვაწა, ვერ მოიპოვებდა საუკუნო სიკეთეს და სიტკბოებას. უცხოთშემფარებელი უფალს მიემსგავსა, რადგან ღმერთი ამბობს: ”არ მოვედი, რომ მემსახურონ, არამედ ვემსახურო” (მათე 20, 28).
ამ ძმებმა ჭირთან და ტკივილთან თანაზიარობით თავს განსვენების ნება არ მისცეს. თქვენ კი მოგვიანებით კვლავ მოდით ჩემთან და დაბეჯითებით გეტყვით, თუ სად არიან ახლა ისინი”.
გამოხდა ხანი და ბერები კვლავ მოვიდნენ პამბოსთან და სთხოვდნენ, სიმართლე ეთქვა. მან კი უთხრა: ”ღვთებრივი გამოცხადების თანახმად, ვიხილე ორივე ძმა თანასწორად მოსიარულე სამოთხეში”.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|