| |
წმიდა პალადი ჰელენოპოლელი
ლავსაიკონი
7. ნიტრიის მთის მონასტრები და იქ მოღვაწე ბერები
ალექსანდრიაში სამი წელი დავყავი. ამის შემდეგ იქაურობა დავტოვე და ნიტრიის მთას მივადექი. ამ მთასა და ალექსანდრიას შორის არის ერთი ტბა, სახელად მარია. იგი სამოცდაათი მილის სავალია. ტბა გადავიარეთ და დღენახევრის შემდეგ ნიტრიის მთაზე ავედით, რომელიც ამ ტბის სამხრეთით მდებარეობს. ეს მთები მთლიანად უდაბნოდ არის ქცეული და მისი საზღვარი ეთიოპიამდე, მაზიკონამდე და მავრიტანიამდე ვრცელდება.
ნიტრიის მთაზე ხუთი ათასი კაცი იყო დამკვიდრებული, ისინი თავიანთი ძალისამებრ მოღვაწეობდნენ. აქ იყვნენ მარტომყოფი ბერები, ორ-ორად მცხოვრებნი და ასევე ზიარად მყოფნი. ამ მთაზე იყო ერთი პურის საცხობი სახლი, რომლიდანაც ხუთი ათასი ბერი საზრდოს იღებდა.
ნიტრიის მთისგან მოშორებით სხვა ექვსი ათასი მოღვაწე იყო. ამ მთაზე ერთი წელი დავყავი და წმინდა მამებისგან მრავალი სარგებელი მივიღე. აქ შევხვდი ისეთ დიდ მამებს, როგორებიც იყვნენ: არსისიოს დიდი, პუტუვასტოსი, აგიონოსი, ხრონიოსი და სერაპიონი. მათგან შევიტყვე ბევრი საინტერესო რამ პირველი წმინდა მოღვაწეების შესახებ და ამის შემდეგ უდაბნოს ყველაზე უღრმეს ადგილებს მივაშურე.
ნიტრიის მთაზე იყო ერთი დიდებული ეკლესია, რომლის კართანაც ფინიკის სამი ხე იდგა. ამ ხეებზე დასასჯელი საგნები ეკიდა. ერთი მათთვის, ვინც მონასტერი დატოვა და შემდეგ უკან დაბრუნდა, მეორე – ავაზაკთათვის და მესამე - იმ ბერთათვის, რომლებიც ყოველდღე რაიმე საცთურში ცვივდებოდნენ. ასეთებს ჯერ ასამართლებდნენ, ფინიკის ხესთან მიიყვანდნენ, ცოდვის სიმძიმის შესაბამისად სჯიდნენ და შემდეგ უშვებდნენ.
ეკლესიის გვერდით იყო უცხოთა თავშესაფარი, სადაც სტუმრად მოსულებს მოასვენებდნენ და შემდეგ გაისტუმრებდნენ. თუ ახალმოსული სამი წელი იქ დარჩენას მოინდომებდა, წინააღმდეგობას არ უწევდნენ და შემდეგ მათი სურვილისამებრ უკან აბრუნებდნენ. უსაქმოდ ყოფნას აქ ვერავინ გაბედავდა. ისინი ყოველდღიურად შრომობდნენ, გარდა კვირა დღისა. თითოეულს თავისი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი. ზოგი პურის საცხობში იყო განწესებული, ზოგი ბოსტანში, ზოგი ხილნარში. თუ ახალმოსულთა შორის წმინდა წერილის კარგი მცოდნე იყო, მას წიგნის კითხვის ნებას აძლევდნენ, თუმცა მასთან ექვს საათამდე საუბარს ვერავინ გაბედავდა და დროს ასე მარტო ატარებდა.
ნიტრიის მთაზე იყვნენ ექიმებიც და წამლების დამამზადებელნი. ავადმყოფობის ჟამს ბერები ღვინოსაც სვამდნენ მცირედ და, ამასთანავე, სასმელს ყიდდნენ კიდეც. ყველას ჰქონდა საერთო ხელსაქმე: სელის რთვა და ტილოს ქსოვა. ამ გზით ისინი უზრუნველად მოირეწდნენ სანოვაგეს. როცა მოსაღამოვდებოდა, საზრდოს იხმევდნენ. ამის შემდეგ თითოეული სენაკიდან ისმოდა ლოცვის ხმა, აღმავალი ზეცად. მშვენიერ ადგილებში ამგვარი ერთობლივი ღვაწლით ისინი სამოთხეში მყოფთა თანაზიარნი ხდებოდნენ.
ძმები ეკლესიაში მხოლოდ შაბათსა და კვირას იკრიბებოდნენ, დანარჩენ დღეს კი ცალ-ცალკე ატარებდნენ. ეკლესიის გამგებლად ერთი მღვდელი და ერთი უხუცესი იყო დადგენილი. ვიდრე ისინი ცოცხლები იყვნენ, მათ საქმიანობაში სხვა ვერავინ შეეცილებოდა, ვერც ვერაფერს განაგებდა, მათ წინაშე ყველანი მდუმარენი ისხდნენ.
ამ წმინდა მამათაგან ზოგიერთი, როგორებიც იყვნენ არსისიოს დიდი და სხვა მისი შემსგავსებული მოღვაწეები, ანტონი დიდის თანამედროვენი იყვნენ. ისინი იცნობდნენ ამონ ნიტრიელს, რომლის სული იხილა ანტონი დიდმა, თუ როგორ ადიოდა ზეცაში. ეს წმინდა მამები იცნობდნენ პახომი დიდსაც, წინასწარმეტყველების მადლით გამორჩეულ ტაბენესელ მოღვაწეს, რომელიც სამი ათასი კაცის მამასახლისად იყო დადგინებული. მისი მოღვაწეობის ამბავს თავის დროზე გაუწყებ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|