მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა პალადი ჰელენოპოლელი

 

ლავსაიკონი

 

8. ნეტარი ამონი და მისი მეუღლე

 

ახლა ამონის შესახებ მოგითხრობ. მასზე ნიტრიელმა მამებმა მიამბეს. როცა ამონი დაობლდა, ოცდაორი წლის იყო. მას ბიძა აიძულებდა, რომ ცოლი შეერთო. ამონი ვერ შეეწინააღმდეგა მის სურვილს და დაქორწინდა. ქორწილის დასრულების შემდეგ, როცა მოსასვენებლად ის მეუღლესთან ერთად მარტო დარჩა, ცოტა მიიძინა. შემდეგ ადგა, გამოაღვიძა მეუღლე და უთხრა: ”ჩემო დედოფალო და დაო, ერთი რამ მინდა, გაუწყო. დაქორწინებაში სახარბიელო არაფერია. კარგი იქნება, თუ დღეიდან ჩვენ განცალკევებულად სიწმინდით ვიცხოვრებთ და ერთმანეთთან შეუხებლად დავიცავთ ჩვენს ქალწულებას. ამით ჩვენს დამბადებელ უფალს ვესათნოებით”.

ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ნეტარმა მამამ უბიდან წიგნი ამოიღო. მასში წმინდა სახარებიდან ის სიტყვები ეწერა, რომელიც უთხრა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს ქორწინებისა და ქალწულების შესახებ. მან ეს ყველაფერი თავის მეუღლეს წაუკითხა, რომელიც წმინდა წერილს არ იცნობდა. ამ სიტყვების ძალას მამა ამონი მას ღვთისგან მიცემული სიბრძნით განუმარტავდა. ის ყოველმხრივ ცდილობდა, რომ მეუღლე ქალწულებასა და სიწმინდით მოღვაწეობაში განემტკიცებინა. უფლის მადლით, ქალი სულიერად გაძლიერდა და ამონს უთხრა:

- გჯეროდეს ჩემი, დღემდე სიწმინდით გამიტარებია ჩემი ცხოვრება და დღეიდანაც მზად ვარ, ვიცხოვრო ისე, როგორც მიბრძანებ.

წმინდა ამონმა უპასუხა:

- გთხოვ, რომ ამიერიდან ერთმანეთისგან განცალკევებით ვიცხოვროთ.

ქალი არ დაეთანხმა და უთხრა:

- მე ჯერ სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელი ვარ და უმჯობესია, ორივემ ერთ სახლში ვიცხოვროთ, ოღონდ თითოეულს თავისი საწოლი ჰქონდეს.

მართლაც, ამონმა და მისმა მეუღლემ ასე უბიწოდ გაატარეს ერთად თვრამეტი წელი. ნეტარი მამა ყოველდღე ბოსტანში ფუსფუსებდა, უვლიდა მას, სხლავდა და რგავდა ვაზს. როცა მოსაღამოვდებოდა, სახლში ბრუნდებოდა და მეუღლესთან ერთად კითხულობდა ლოცვებს, გალობდა ცისკრის საგალობლებს, როცა გათენდებოდა, ისევ სამუშაოდ მიდიოდა. ამგვარად ცხოვრობდნენ ისინი და სიწმინდესა და ქალწულებას იცავდნენ.

ბოლოს, წმინდა ამონის ლოცვით, ქალი გაძლიერდა და მეუღლეს უთხრა:

- რაღაც მინდა გითხრა, ჩემო ბატონო, და თუ მომისმენ, ვირწმუნებ, რომ ნამდვილად გიყვარვარ.

მან უპასუხა:

- თქვი, რაც გინდა.

ნეტარმა ქალმა მიუგო:

- შენ ღვთისმსახური კაცი ხარ და ჭეშმარიტი მოღვაწე. შენი მიბაძვით მეც შევუდექი ამ გზას. ახლა კი დადგა ჟამი, მარტო იღვაწო და სხვა ადამიანებსაც მოუტანო სარგებელი. უსამართლობაა ჩემი მხრივ ჩვენი ერთად ყოფნით შენი სიბრძნისა და სათნოების დაფარვა.

ეს რომ მოისმინა წმინდა ამონმა, ჯერ ღმერთს შეწირა მადლობა, შემდეგ კი კეთილ მეუღლეს, და უთხრა:

- კარგად მოგიფიქრებია, ჩემო დედოფალო და დაო, თუ გსურს, შენ აქვე, ამ სახლში დარჩი, მე კი წავალ და სხვაგან ვიღვაწებ.

მართლაც, გამოვიდა წმინდა მამა თავისი სახლიდან და ნიტრიის უშინაგანეს უდაბნოს მიაშურა. იქ მონასტრები ჯერ არ იყო გაშენებული. ნეტარმა ამონმა ორი სენაკი ააშენა, სადაც ოცდაერთი წელი დაყო. იგი წელიწადში ორჯერ ნახულობდა თავის მეუღლეს. ასე, სათნოებისა და მოღვაწეობის მწვერვალზე ასულმა და მონაზონებრივ ცხოვრებაში წარმატებულმა სამოცდაორი წლის ასაკში თავისი სული უფალს შეავედრა და მშვიდობით დაიძინა.

საჭიროდ მიმაჩნია, ამ წმინდანის მიერ აღსრულებულ ერთ სასწაულზე მოგითხრო, რომელიც ათანასე ალექსანდრიელმა ანტონი დიდის ცხოვრებაში აღწერა: ერთხელ ნეტარმა მამამ მდინარეზე გადასვლა მოისურვა. ამ მდინარეს სახელად მგელი ერქვა. წმინდანს მოწაფე ახლდა და რცხვენოდა, რომ ვინმეს შიშველი ენახა. ამის გულში გაფიქრებისთანავე იგი უფლის ანგელოზმა აიტაცა და მდინარის მეორე ნაპირზე გადაიყვანა. ასეთი იყო მამა ამონი, ასე იცხოვრა და გარდაიცვალა. მისი სული იხილა ანტონი დიდმა, თუ როგორ აჰყავდათ ანგელოზებს ზეცაში.

მდინარე მგელზე გადასვლა ერთხელ მეც მსურდა. შეშინებულმა დიდი წვალებით ძლივს შევძელი ნაპირზე გადასვლა. ეს მდინარე ნილოსიდან შტოდ გამოდის და ადიდებისას ძალიან საშიშია.




 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი