| |
წმიდა პალადი ჰელენოპოლელი
ლავსაიკონი
6. ვერცხლისმოყვარე ქალწული
ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი ქალწული, რომელიც მხოლოდ სახელს ატარებდა ქალწულისა, საქმით კი ყოვლადუღირსი იყო ამ სახელისა. იგი იყო ანგარებიანი, ამაყი, ნივთმოყვარე და ვერცხლისმოყვარე უფრო მეტად, ვიდრე მოყვარე ქრისტესი. მას არასოდეს გაუღია მოწყალება არც უცხოსთვის და არც ახლობლისთვის, არც მონაზონისთვის, არც უპოვარისთვის და არც ქუჩაში შემხვედრი გლახაკისთვისაც კი. იგი არაერთგზის ამხილეს წმინდა მამებმა, მაგრამ ამაოდ.
ვერცხლისმოყვარე ქალწულს ჰყავდა ერთი და. როცა ეს ქალი გარდაიცვალა, მისი ასული შვილად აიყვანა, ზრუნავდა მასზე და დღედაღამ მასაც სიმდიდრის სიყვარულს უნერგავდა.
ყველამ უწყის ეშმაკის ხრიკი, იგი ადამიანებს ახლობლის სიყვარულითა და მასზე ზრუნვის მომიზეზებით ხშირად მომხვეჭელობის სენით აავადებს. ბოროტი მათ ჩააგონებს, რომ ვერცხლისმოყვარეობად არ გეთვლება, როცა სიმდიდრეს ახლობლისთვის აგროვებ.
ისიც კარგად ცნობილია, რომ მომხვეჭელობის ვნება შობს მრავალ სხვა ცოდვას: მამისკვლას, დედის განკითხვასა და ძმათა მკვლელობას. ამგვარი შეგონებისთვის არ დაცხრება კაცთა მოდგმის მტერი.
წმინდა წერილში ნათლად არის ნათქვამი: თუ ვინმე სხვისი ქველმოქმედების ხარჯზე რაიმეს მოიხვეჭს, ასეთი ადამიანი ცრუ ღვაწლშია, მისი სასჯელი კი განცხადებულია მოციქულის თქმულისამებრ: ”ცრუნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს” (I კორ. 6. 9).
თუკი ვინმეს ძალუძს, სულიერი სიბრძნითა და საღვთო სურვილით აღძრულს, თავის სულსაც არ მოაკლოს ზრუნვა და არც თავის ახლობლებს, კარგია. ხოლო თუკი არ შეუძლია სხვადასხვა საზრუნავის თავს დება, ყოველი სწრაფვა სულისთვის უნდა წარმართოს, ყოველგვარი ამსოფლიური საზრუნავი მოიკვეთოს და ცუდი საქმენი დატოვოს. ასეთი ადამიანი საკუთარ სულს ამაოებაზე არ გაცვლის.
ასეთ ღვთისმოშიშს და სულიერ მოღვაწეს აქებს და უგალობს დავით მეფსალმუნე: ”ვინ ავა უფლის მთაზე? ან ვინ დადგება მის წმინდა ადგილზე? ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცავს” (ფს. 23. 3-4).
ცნობილია, რომ სულის დაღუპვას ხორციელი წარმატებებისაკენ სწრაფვა და სულიერი სათნოებების დაუნჯებაზე უზრუნველობა შობს.
ამდენი საუბარი ზემოთ ხსენებულმა ქალწულმა იმის გამო გამოიწვია, რომ მას, როგორც უკვე გაუწყეთ, მხოლოდ სახელი ჰქონდა ქალწულისა, საქმით კი ყოველმხრივ უცხო იყო მისგან.
სასნეულოთა გამგებელმა, სანატრელმა მამა მაკარმა ერთხელ ამ ქალწულის მხილება და მომხვეჭელობის ვნებისაგან მისი განთავისუფლება გადაწყვიტა. თუ როგორ და რაგვარი სიბრძნით, ამას წინამდებარე ამბავი გაუწყებს: სიჭაბუკის ჟამს ღირსი მაკარი ძვირფასი თვლების დამმუშავებელი იყო. ერთხელ ეს წმინდა მამა ვერცხლისმოყვარე ქალწულთან მივიდა და უთხრა:
- ძვირფასი თვლები - ზურმუხტები და იაგუნდები მომიტანეს. არ ვიცი, მოპარულია თუ ვაჭრობით შეძენილი. ძალიან ძვირფასი თვლებია და მათი პატრონი ხუთას დრაჰკანად* ყიდის. თუ მოგინდება მათი აღება, მომეცი ხუთასი დრაჰკანი და შეგეძლება ერთი მათგანი ამდენივე ფასად გაყიდო, დანარჩენით კი შენი დისშვილი მოკაზმო.
ქალწულს დისშვილი ძალიან უყვარდა და მისი ძვირფასი თვლებით შემკობა მთელი გულით ეწადა. ეს რომ გაიგო, მამა მაკარს ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა:
- გეხვეწები, ეს თვლები ჩემ გარდა სხვამ არავინ აიღოს.
წმინდანმა კი უთხრა:
- მიდი ჩემს სახლში, რათა თავად იხილო ისინი. ქალწულმა კი წასვლა არ ინება, მამა მაკარს ხუთასი დრაჰკანი მისცა და სთხოვა:
- გეხვეწები, აიღე ეს ფული, რადგან არ მსურს ვიხილო ის კაცი, რომელიც ძვირფას თვლებს ყიდის. წმინდა მაკარმა მას ფული გამოართვა, სასნეულოში წაიღო და იქ მყოფ ავადმყოფებსა და გაჭირვებულებს მოახმარა. ამასობაში ერთი წელიც გავიდა. დედაკაცი არ წუხდა, რადგან ამ მამის სახელი მთელ ალექსანდრიაში იყო განთქმული და ენდობოდა მას.
როცა ჩვენ ეს ღვთისმოყვარე მამა ვიხილეთ, ის ას წელს მიღწეული მოხუცი იყო. წლის ბოლოს ქალწული წმინდა მაკარს ეკლესიაში შეხვდა და უთხრა:
- გევედრები, იმ თვლების შესახებ მაუწყე, რომელშიც ხუთასი დრაჰკანი გადავიხადე.
წმინდანმა კი უთხრა: - იმ დღეს, რაც შენგან ეს ფული მივიღე, იმ თვლებში გადავიხადე. თუ მათი ნახვა გსურს, მოდი ჩემს სახლში და იხილე. თუ არ გენდომება, შენი დრაჰკანები უკან დაიბრუნე.
ასე, ამ სიტყვებით წაიყვანა მამა მაკარმა ქალწული სნეულთა თავშესაფარში, რომლის პირველ სართულზე მამაკაცები იყვნენ, მეორეზე კი დავრდომილი ქალები. როცა თავშესაფრის კარი შეაღეს, წმინდანმა ჰკითხა დედაკაცს:
- პირველად რომელი თვლის ხილვა გსურს: იაგუნდისა თუ ზურმუხტისა?
ქალწულმა კი უპასუხა:
- რომელსაც შენ იტყვი.
მაშინ მამა მაკარმა ის მეორე სართულზე აიყვანა, მრავალი ხეიბარი და სნეული ქალი აჩვენა და უთხრა: ”აი ესენი არიან იაგუნდები”.
ამის შემდეგ წმინდანმა ის პირველ სართულზე ჩაიყვანა, იქ სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილი კაცები უჩვენა და უთხრა: ”ესენი კი ზურმუხტები არიან და, ვფიქრობ, ამათზე უპატიოსნესს ვერსად იპოვი. თუ არ მოგწონს, შენი ოქრო უკანვე მიიღე”.
წმინდა მამის მხილებით შერცხვენილი ქალწული თავის სახლში დაბრუნდა. ის დიდმა მწუხარებამ შეიპყრო და დასნეულდა. მეტადრე იმის გამო წუხდა, რომ ეს ფული ქველმოქმედების მიზეზით კი არ გასცა, არამედ იძულებით. ბოლოს კი დიდად მადლიერი იყო წმინდა მაკარისა, რადგან მისი სიმდიდრის მოხვეჭის მიზეზი – საყვარელი დისშვილი ქორწინების შემდეგ უშვილო დარჩა და ასე მიიცვალა. ვერცხლისმოყვარე ქალწულმა კი ამ ამბის შემდეგ მთელი ცხოვრება სინანულში გაატარა.
მრავალ ღირსეულ ადამიანს შევხვდი იმ ხნის მანძილზე. ალექსანდრიაში ყოფნისას მის სიახლოვეს მყოფი მონასტრები მოვიარე. აქ შევხვდი მრავალი სათნოებით გამორჩეულ ორი ათას მოღვაწეს, რომლებიც საღვთო მადლით იყვნენ დამშვენებულნი.
* დრაჰკანი – ოქროს ფული
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|