| |
წმიდა პალადი ჰელენოპოლელი
ლავსაიკონი
5. საფლავში დაყუდებული ალექსანდრა
დიდიმემ ერთი ქალის შესახებაც მიამბო, რომელსაც ალექსანდრა ერქვა. ამ ქალს ქალაქი დაეტოვებინა, სამარე აეშენებინა და იქ დამკვიდრებულიყო. ალექსანდრას სამარისთვის ერთი მცირე სარკმელი ჰქონდა დატანებული და საზრდოს იქიდან იღებდა. მან ათი წელი ისე გაატარა ასეთ ყოფაში, რომ პირისპირ არავინ უხილავს, არც მამაკაცი, არც დედაკაცი, და ასე მიიცვალა. ერთმა ნეტარმა დედამ, რომელსაც მასთან საზრდო მიჰქონდა, მოგვითხრო, რომ გარდაცვალების დღეს, ჩვეულებისამებრ, მასთან მივიდა, დიდხანს აკაკუნა საფლავის კარზე, მაგრამ ამაოდ. შიგნით რომ შევიდა, წმინდანი გარდაცვლილი დახვდა.
ნეტარი ალექსანდრას შესახებ მელანია რომაელმაც მომიყვა, რომლის ამბავსაც თავის დროზე მოგითხრობ.
მელანია ამბობდა: ”ამ წმინდა დედის ხილვა პირისპირ ვერ შევძელი, ამიტომ მისი სარკმლის წინ დავდექი და ორი რამ ვთხოვე, ეთქვა - პირველი, თუ რატომ გამოვიდა ქალაქიდან, და მეორე, რატომ დამკვიდრდა საფლავში”.
მან კი ასეთი რამ მითხრა:
- ერთ კაცს ჩემ მიმართ ბოროტი ტრფიალება დაეუფლა. ეს კაცი რომ არ დამემწუხრებინა და განსაცდელში არ ჩამეგდო, გადავწყვიტე, იქაურობას გავცლოდი. წელზე სარტყელი შემოვირტყი, ქალაქიდან გამოვედი და საფლავში ცოცხლად დამკვიდრება ვარჩიე ღვთის ხატად შექმნილი ადამიანის ცთუნებას.
მე კვლავ შევეკითხე:
- როგორ ძლებ აქ მარტოდმარტო, ქრისტეს სასძლოვ, როგორ ერკინები მარტოობისა და მოწყინების ვნებას?
მან კი მიპასუხა:
- განთიადიდან ცხრა საათამდე ღვთისადმი ვლოცულობ, დანარჩენ დროს სელის რთვასა და წმინდა მამებსა და მამათმთავრებზე ფიქრში ვატარებ. ვიხსენებ ნეტარი მოციქულების, წინასწარმეტყველების და მოწამეების ამბებს და ვიწვრთვნები. საღამოობით კვლავ უფლის სადიდებელ ლოცვებს აღვავლენ და მოველი აღსასრულს, იმ იმედით, რომ უფლის შეწევნით ცოდვათაგან შეკრული გავიხსნები და ღირსი გავხდები მისი ხილვისა.
მინდა იმ ადამიანების შესახებაც მოგითხრო, რომლებიც მხოლოდ გარეგნულად ემსახურებოდნენ უფალს, შინაგანად კი შორს იყვნენ მისგან. რათა ამ გზითაც სულიერი სარგებელი მოგიტანო და სათნოებაში წარმატებულებსაც სათანადო ხოტბა შევასხა.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|