|
"სინური მრავალთავი"
თხზულება ოცდამესამე
1. საკითხავნი ბზობისანი. შესხმისათჳს ყრმათაჲსა და დაჯდომისათჳს უფლისა კიცუსა ზედა შესულასა მას მისსა იერუსალემდ. თქუმული სებერიანოს გაბალონელ ეპისკოპოსისაჲ 2. პირველსა მას სიტყუასა და-ღა-ვაცადოთ, ძმანო, და ამას მოვიდეთ: რამეთუ ოდეს ვნებად ეგულებოდა იესუს, რაჟამს შეეახლნეს იერუსალემდ, მოვიდეს ბეთბაგედ მთასა მას ზეთისხილთასა, ოდეს-იგი მიავლინნა მოწაფენი მისნი, და მოჰგუარეს მას კიცუი ვირისაჲ. 3. არა თუ სხჳსათჳს რაჲ კიცუსა მას ზედა ჯერ-იჩინა დაჯდომაჲ, არამედ რაჲთამცა სიმდაბლითა მით ამპარტავანებაჲ დაჴსსნა და სხუად არარად იყო მისი იგი მას ზედა დაჯდომაჲ, არამედ რაჲთამცა დააცხრო კაცთა იგი სილაღჱ, რომელნი-იგი ეტლთა და ცხენთა ზედა ზუაობენ. 4. ამისთჳს იტყოდა კეთილად წინაწარმეტყუელი, ვითარმედ: გიხაროდენ ფრიად, ასულო სიონისაო, რამეთუ ესერა მეუფჱ შენი მოვალს, მჯდომარჱ კიცუსა ზედა. 5. და რაჲსათჳს მოვალს კიცჳთა, შემდგომად თქუა ხოლო, ვითარმედ: მოსრას ეტლეები ეფრეემისი და ცხენები ისრაელისაჲ. 6. აწ ჰხედავა, ვითარ სიმდაბლით დააცხრობს ყოველთა მათ ამაღლებულთა! 7. და ვითარცა-იგი ვნებითა მისითა ვნებანი დაჴსნა და სიკუდილითა სიკუდილი შეკრა და ჯუარითა ყოველთა წინა-აღდგომითა ძალთა არცხჳნა, ეგრეცა ამით კიცჳთა ეტლთა ზედა მსხდომარენი იგი დაამდაბლნა. 8. იტყჳს წინაწარმეტყუელი: გიხაროდენ, ასულო სიონისაო, ქადაგებდ ასული ეგე იერუსალემისაჲ!. 9. „გიხაროდენ“ და „ქადაგებდ“, რამეთუ მორწმუნეთა მათ კეთილთა არა ხოლო თუ მიღებად ღმრთეებისა ნიჭი, არამედ სხუათაცა რაჲთა ახარონ და მისცენ, რამეთუ: „ესერა მეუფჱ შენი მოვალს მშჳდობით მჯდომარჱ კიცუსა ზედა“. 10. კეთილად თქუა სიმშჳდჱ იგი, რაჲთამცა აჩუენა არა შეურაცხებით ჩუენებაჲ იგი. 11. აწ არა თუ ვერ შემძლებ იყო, რაჲთამცა აქუნდა ეტლები გინა ცხენები, რამეთუ იგი იყო მეუფჱ ძალთაჲ და მხოლოდ-შობილი, რომლისათჳს თქუა წინაწარმეტყუელმან: ეტლნი ღმრთისანი ბევრ წილ არიან და ათასეულნი წარუმართებენ მას. 12. არა თუ ნაკლულევან რაჲ იყო ეტლებითა, რომელი-იგი მჯდომარე არს ქერობინთა ზედა; 13. არა ნაკლულევან იყო ეტლითა, რომელმან-იგი შეაბნის ქარნი ეტლად და განკჳრვებით აქცევნ. 14. და ღათუ ვერ საკადრებელ არს ესე მსგავსებაჲ ქუეყანისაჲ ზეცისათა თანა და მისთავე ქმნულთა მისთჳსვე სახედ მოვიღებთ: ვითარცა-იგი ჩუენ ვსხდით ცხენთა ზედა, ეგრეცა სუფევნ იგი ქართა ზედა, ვითარცა-იგი დავით იტყჳს: იქცევინ იგი ფრთეთა ზედა ქართასა; 15. ვითარცა-იგი შენთჳს ეტლნი, ეგრეცა ღმრთისათჳს ქარნი. 16. და ვითარცა ჩუენ ეტლსა შევაბნით ცხენნი ოთხნი, ეგრეცა ღმერთმან განაბნა ოთხნი ქარნი, ვითარცა ზაქარია იტყჳს: ვიხილენ ცხენნი ოთხნი და ვთქუ: რაჲ არიან ესე, უფალო? 17. და მრქუა მე: ესე არიან ოთხნი ქარნი, რომელნი გამოვლენ პირსა ზედა ქუეყანისასა. 18. და აწ, ძმანო, ვითარცა-ესე სოფლისა განგებაჲ და მეფისაჲ განაგებნ სარგებელსა ყოველთა გზათა ზედა, რაჲთამცა არა შებრკოლდა საქმეჲ მისი, 19. ეგრეცა ღმერთმან დასხნა სარბიელად აერნი არა დაძუელებადნი, არცა დასაჴრწნელნი, დაუცხრომელნი და რომელთა მიავლინებს ამიერთა იმიერ და იმიერთა – ამიერ. 20. აწ იხილე ქმნულთა მათ ღმრთისათაჲ არა ხოლო თუ ქუეყანასა ზედა, არამედ ზღუათაცა შინა. 21. გულისხმა-ყავ ქართაჲ იგი სირბილი, რომელთაჲ-მე აღმოსავალითი დასავალად და დასავალითი აღმოსავალად, ავლენს იგი ნავთა და დასხმულ არიან მის მიერ, რომელმანცა შექმნა იგინი. 22. და არავის უფლიეს მათი წარმართებაჲ თჳნიერ მისა. 23. ესე ჩუენ არა მდიდართათჳს ოდენ განაგო მას შინა ნავისა იგი სლვაჲ, არამედ გლახაკთათჳსცა და შეურაცხთა და ვაჭართათჳსცა სარგებელად. და არავინ არს მაბრკოლებელ. 24. გან-ღა-იცადე შენ, კაცო, სახიერისა ღმრთისა უშურველობაჲ და მისი სიბრძნით განგებაჲ! 25. ესეღა მე ვთქუ, შენცა სცნა იგი. 26. არა თუ შეუძლებელ იყო პოვნად, რომელმან მისცა ყოველთა კაცთა, რაჲთამცა ვერ მოვიდა იგი ეტლითა ძლიერითა და შუენიერითა, არამედ მოვიდა იგი სიმდაბლით, ვითარცა-იგი პირველ ვთქუ, რაჲთამცა სილაღჱ კაცთაჲ დაჴსნა. 27. აწ, საყუარელნო, კიცუსა მას სახედ გჳჩუენებდა. 28. რამეთუ მოსე დაწერა, ვითარმედ: რ~ლსა ჭლაკნი არა განპებულ იყვნენ, არცა აღმოიცოხნიდეს, არა-წმიდათა თანა პირუტყუთა შერაცხილ იყავნო. 29. და ვირიცა არა იცოხნის, არცა ჭლაკნი განპებულ ასხენ, და შერაცხილ არს არა-წმიდათა პირუტყუთა თანა. 30. ესეცა სახედ გჳჩუენა, რამეთუ შორის ერსა არა-წმიდასა შესულად იყო, რამეთუ ღმერთი სუფევნ შორის წმიდათა. 31. და ვითარცა ცხენი დაიმორჩილის ზედა-მჯდომელმან, ეგრეცა ღმერთმან დაიცვნის სულნი წმიდათანი, ვითარცა-იგი წინაწარმეტყუელმან თქუა, ვითარმედ: აჰჴედ ეტლთა შენთა ზედა და მჴედრობაჲ შენი ცხორება არს. 32. ესრჱთვე სადამე იყო ცხენ ერთ მტრიობალ – წმიდაჲ პავლე და არა უნდა მას აღღებად აღჳრი სარწმუნოებისაჲ და ჰწიხნიდა იგი დეზსა და ძოვდა იგი შჯულსა შინა და მადლსა მას სახარებისასა ჰკრთებოდა. 33. და ოდეს აღასხნა მას აღჳრნი ყოველთა უფალმან განკჳრვებითა მით და მწყსიდა მას სიტყჳთა, ვითარმედ: საულ, საულ, რაჲსათჳს მდევნი? 34. ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზსა. 35. აწ ესრჱთ შემძლებელ არს უფალი აღსხმად აღჳრსა მას სარწმუნოებისასა და სიმართლისასა, რომელმან აღჳრ-ასხნეს ყოველსა საქმესა ბოროტისასა და აღჳრითა მით სიყუარულისაჲთა სიძულილი წარდევნის. 36. აწ, ძმანო, აღჳრმან ვითარ ორი სახჱ მოსცის საჴმარი: ერთი ესე, რამეთუ ზედამჯდომელი მტკიცედ ზინ, და მეორედ, რამეთუ პირუტყჳ იგი შუენიერად ვალნ და, თუმცა წარჰყარენ აღჳრნი, შუენიერებაჲ იგი წარუწყმდის. 37. ეგრეცა აღჳრმან მან სარწმუნოებისამან არა ხოლო თუ განამტკიცნის, არამედ გან-ცა-აშუენნის სულნი. 38. რაჲ უშუენიერჱს არს ჴორცთა, რომელნი სიწმიდით დაცულ არიან, აღჳრ-უსხმან გულის-თქუმასა! 39. და რაჲ უშუენიერჱს არს, რომელთა პირსა თჳსსა აღჳრ-უსხმან და აყენებს იგი სიტყუასა უშუერსა! 40. ძალ-უც ეგევითარსა მას სიტყუად, ვითარცა დავით თქუა, რამეთუ: არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა. 41. აწ იპოვე შენ, კიცო, ქრისტჱსა და შეიწურე ზედამჯდომელი იგი არ თუ დამამძიმებელი, არამედ აღმაფართებელი. 42. და ვიდრემდის ჩუენ ქრისტჱ არა ვიტჳრთით ყოვლითა ცოდვითა, ტჳრთ-მძიმე ვიყვნით. 43. ხოლო ოდეს ქრისტჱ ვიტჳრთით, ყოვლისაგნ თავისუფალ ვიქმნით, ვითარცა თჳთ იტყჳს, ვითარმედ: აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, რამეთუ უღელი ჩემი ცხებულ და ტჳრთი ჩემი ფართო. 44. აწ პირველსავე მას სიტყუასა მოვისწრაფოთ და ვითხოვოთ მაცხოვრისაგან, რაჲთა შემდგომიცა გულისხმა-გჳყოს კიცჳსა მისთჳს, რამეთუ იტყჳს მამად–მთავარი, ვითარმედ: გამოაბას ვენაჴსა საჴედარი მისი და რქასა ვენაჴისასა – კიცჳ მისი. 45. დაჯდა იესუ კიცუსა ზედა, რომელი ზის ქერობინთა ზედა; 46. ზეცას საშინელ ჴელმწიფებით, და ქუეყანასა ზედა სასურველ მადლისათჳს; 47. მაღალთა ზედა ყოველთაგან შიშით და ძწოლით თაყუანის-იცემების და ქუეყანასა ზედა გამოცხადებით იქადაგების; 48. ვითარცა ზეცას საშინელ შობაჲ იგი მისი, ეგრეცა ქუეყანასა ზედა სასურველ აღმოცჱნებაჲ მისი; 49. ზეცას ანგელოზთა ერნი უგალობენ, და ქუეყანასა ზედა ყრმანი აკურთხევდეს; 50. ზეცას ქერობინთა და სერაბინთაგან დაუცხრომელად იდიდების, რომელნი-იგი ჩუენცა მოგუესწავა ესაიაჲსგან, რამეთუ ესმა, ვითარმედ დაუცხრომელითა პირითა უგალობდეს: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, რომლისაიგი დიდებითა მისითა სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ. 51. ამას ყრმანი ქუეყანასა ზედა უგალობდეს: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! 52. მაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა. 53. და ღათუ მწჳსთა გონებანი რომელთანიმე დაბრმეს, არამედ ჩჩჳლთა უმანკოთანი ქმნულთა მისთანი სულნი განათლდეს და აქებდეს. 54. და მოხუცებულნი ადუმებდეს თჳსითა უგუნურებითა და არა მოიჴსენეს ზაქარიაჲსი იგი დაწერილი: არქუთ ასულსა მაგას სიონისასა: აჰა მეუფჱ შენი მოვალს შენდა და ზე ზის კიცუსა ვირსა. 55. აწ რაჲსათჳსღა სხუათათჳს დაგიწერა წინაწარმეტყუელმან, ჵ ჰურიანო, ანუ ვისთჳს ისწავეთ ესე: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“? 56. და ღათუ ჟამი იგი შემოსლვისაჲ ვერ სცანთ, გინა თუ დაწერილი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ დაგისწავიეს, ვერ მოიჴსენეთ, ამათ ყრმათაგან ღათუ მოიჴსენეთ და იცანთ მეუფჱ და მიეგებვოდეთ; 57. უკუეთუ არა, ნუ დაადუმებთ უსწავლელთა ყრმათა: რასა უმეტჱს ღაღადებენ წინაწარმეტყუელისაგან და წერილისა? 58. ფარისეველნი იგი უფროჲს ხოლო ამით ადუმებდეს, რამეთუ უძნდა გალობაჲ იგი მათი. 59. ხოლო ძალითა ღმრთისაჲთა ამათი იგი შეწამებაჲ თჳსითა მით მედგრობითა მათგანვე ემხილებოდა, რამეთუ იგი შჯულსა სწვლულ იყვნეს, წინაწარმეტყუელთა წიგნი აღმოეკითხა და იცოდეს უფლისა მოსლვაჲ. 60. და ვითარ იხილეს მათ ნათელი იგი მომავალი, განფიცხეს და გარდაიქცეს და მეუფესა ყოველთასა ექმნეს დაუმორჩილებელ. 61. და ვითარ იხილა ღმერთმან მათი იგი სული გარდაქცეულად, და ოდეს-იგი სწავლასა მას შჯულისასა არა შეირცხჳინეს, რომელი მისთჳს მოასწავებდა, მაშინ აღახუნა პირნი მათ ყრმათანი და უფროჲსად უგალობდეს და იტყოდეს: ჵსანა, ძეო დავითისო. 62. და რომელთა-იგი ესმოდა, იწყლვოდეს და ეტყოდეს იესუს: არა გესმისა, რასა ესენი იტყჳან შენთჳს? 63. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა წერილი ესე, ვითარმედ: პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ? 64. გეტყჳ თქუენ: და ღათუ ეგენი დუმნენ, არამედ ქვანი ღაღადებდენვე. 65. აწ, ძმანო, უკუეთუ ჰურიათაგანსა ვისმე ესმოდის ესევითარი გალობაჲ და ჰგონებდეს უგუნურებით და თქუას: ესრჱთ ესე წამებაჲ და გალობაჲ ღმრთისათჳს იყოო და მან თჳსისა თავისათჳს იჩემაო, ჩუენცა თანა-გუაც სიტყჳს მიგებაჲ და მოჴსენებად წერილისაჲ, 66. რომელი-იგი მისთჳს თქუმულ არს: უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა! 67. აქა განშორებაჲ ახლისა შჯულისაჲ ძუელისაგან, რამეთუ ძუელი შჯული და მსახურებაჲ და კაცთაგან დიდებაჲ იგი ღმრთისაჲ ერთსა ხოლო ადგილსა აღესრულებოდა, რომელ-იგი თქუა დავით: განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი. 68. და წარმართთა არღა ქადაგებულ იყო და ეცნობა, და ოდეს-იგი ერთსა ადგილსა აღესრულებოდა, ესე თქუა დავით. 69. ხოლო რაჟამს სახარებაჲ ძისა ღმრთისაჲ მიმოდაფენად იყო ყოველსა ქუეყანასა, მანვე ნეტარმან დავით მომავალისა მისთჳს პირველვე დაწერა და თქუა: უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელო შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა! 70. და შემდგომიცა იგი გულისხმა-ყავ: რამეთუ ამაღლდა დიდად შუენიერებაჲ შენი ზესკნელ ცათა. 71. ჯერ-არს, რაჲთა უმეტჱსცა მოვიჴსენოთ, ვითარ-იგი იტყჳს საქმესა მოციქულთასა, ვითარმედ: ამაღლდა იგი თუალთაგან მათთა და ღრუბელმან შეიწყნარა იგი. 72. და „რამეთუ ამაღლდა დიდად შუენიერებაჲ შენი ზესკნელ ცათა“. 73. და კუალად: „პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ“. 74. რაჲსათჳს ყრმათაგან ვერ-მე კმა-იყვნესა მწუისნი? 75. – ამისთჳს რამეთუ ფარისეველნი იგი და მწიგნობარნი შურით ჰგონებდეს დაფარვად მისსა მას დიდებასა და ყრმათა მათგან მტერნი იგი მხილებულ იყვნეს და დადუმნეს; 76. რამეთუ შესულასა მისსა არა ხოლო თუ ყრმანი აქებდეს, არამედ რომელნიმე სამოსელსა წინა დაუფენდეს, და აღიძრა ყოველი იერუსალემი და მიეგებვოდეს. 77. და აღესრულებოდა შემდგომიცა იგი: რაჲთამცა განირყუნა მტერი იგი და შურის-მგებელი. 78. და რაჲ-მე არს შურის-მგებელი? უმეტჱსადრე გუნებავს ცნობაჲ. 79. – ესრჱთ არს, რამეთუ იყვნეს იგინი მართალისა მის სარწმუნოებისა მტერ და შჯულისა შურის-მგებელ, ძმანი იეზაბელისნი. 80. ვითარცა-იგი იეზაბელ რეცა აჩუენებდა ღმრთისათჳს შურის-გებასა და ღმერთსავე ჰბრძოდა, რამეთუ უნდა მას ნაბუთჱსი მოკლვაჲ და შესწამებდა ცილსა და იტყოდა, ვითარმედ ნაბოთე ღმერთი გმოო. 81. და ვის-იგი ჰბრძოდა, რეცა მისთჳს შურს-იგებდა და რეცა თუ სახიერებასა აჩუენებდა და მანკიერებასა აღასრულებდა. 82. ეგრევე სახედ ჰურიანი ჰყოფდეს. 83. ამისთჳს თქუა: რაჲთამცა დაჰჴსენ მტერი იგ და შურის-მგებელი. 84. და კუალად პატივი იგი მისი თქუა ხოლო: რამეთუ ვიხილენთ ცანი, ქმნულნი თითთა შენთანი, რამეთუ ყოვლისა შემოქმედი მხოლოდ-შობილი ძჱ ღმრთისაჲ ქუეყანასა ზედა იჩჳენებოდა, ვითარცა კაცი ჴორციელებისათჳს, არამედ ზეცას იდიდებოდა პატივით. 85. და კუალად: რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენო იგი, ანუ ძჱ კაცისაჲ, რამეთუ მოხედო მას? 86. ოდეს-იგი თქუა წინა საუკუნეთა მისი იგი პატივი, შე-ხოლო-უდგინა ჴორციელებაჲ მისი. 87. რამეთუ ესრჱთ შემოქმედმან ცისა და ქუეყანისამან ძესა კაცისასა მოხედა. და რაჲ-მე არს მოხედვაჲ? 88. – რამეთუ ვითარცა მკურნალმან მოხედნის, ეგრე მოხედა კაცთა მკურნალმან სულთა და ჴორცთამან, რამეთუ იტყოდა, ვითარმედ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. 89. და კულად: არა მოვედ ჩინებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად. 90. იტყჳს: დააკლე იგი მცირედ ანგელოზთა შენთა. 91. რაჲ-მე არს ესე? 92. რომელი-იგი კაცებაჲ შეიმოსა მხოლოდ-შობილმან. 93. ამისთჳსცა პავლე იტყჳს ებრაელთა მას თავსა: დააკლე იგი მცირედ ანგელოზთა შენთა. 94. და თქუა: ხოლო ვხედავ აწ იესუს ვნებითა მით და სიკუდილითა. 95. აწ ვითარ გამოაჩინებს სიტყუასა და არა ტყუვილ არს ჭეშმარიტი! 96. შევიდა იესუ იერუსალემდ და ყრმათაგან იდიდებოდა, რომელი დაიცავს ჩჩჳლთა, და აღახუნა პირნი მათნი, რომელნი ვერღა შემძლებელ იყვნეს გალობად. 97. და აღესრულებოდა წერილი, ვითარმედ: განცხადებაჲ სიტყუათა მათ შენთაჲ განმანათლებელ არს და გონიერ ყვნის ჩჩჳლნი, რაჲთა მხილებულ იყვნენ ყრმათა ჩჩჳლთაგან მოხუცებულნი. 98. და მკითხველნი შჯულისანი უვარ-ჰყოფდეს, წინაწარმეტყუელისასა იკითხვიდეს და ვისთჳს-იგი წინაწარმეტყუელნი ასწავებდეს, მას ვერა სცნობდეს. 99. გამოვიდა ყრმათა უმანკოთაგან უმანკოებაჲ და ემხილა გონებაჲ იგი მათი სიცრუვისაჲ. 100. შევიდა იერუსალემდ უმანკოჲ იგი ქებულად უმანკოთაგან. 101. და შე-ვე-ეგრე-ჰგვანდა სახიერსა ღმერთსა, რაჲთამცა მგალობელნიცა უბიწონი ჰქონდეს, რამეთუ ბუნებით უბიწონი იყვნეს ყრმანი იგი. 102. და ღათუ ვინმე აცილობდეს მათსა მას უმანკოებასა, არამედ თჳთ მაცხოვარი იტყჳს, ვ~ე: უკუეთუ არა მოიქცეთ და არა იქმნეთ, ვითარცა ყრმანი უბიწონი, ვერ შეხჳიდეთ სასუფეველსა ღმრთისასა. 103. აწ ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ყოვლისაგანვე სიცრუვისა უბიწო ვიყვნეთ და უბიწოებით უგალობდეთ ქრისტესა, რამეთუ იგი მხოლოჲ უბიწო არს, რომლისათჳს იტყჳს პავლე, ვითარმედ: შე-ვე-ეგრე-ჰგვანდა მღდელთ-მოძღუარი წმიდაჲ, უბიწოჲ, უმანკოჲ და განშორებული ცოდვისაგან. 104. ესრჱთ შევიდა ქალაქად მეუფჱ ისრაელისაჲ, რამეთუ იტყჳს: აჰა მეუფჱ შენი მოვალს შენდა. 105. და ოდეს გესმეს იერუსალემი სამეუფოჲ ქრისტჱსი, ნუ განჰყოფ მეუფესა მას, რამეთუ ერთი არს მეუფჱ მამაჲ; 106. და ოდეს სთქუა მეუფედ მამაჲ, ნუ განჰყოფ ძესა, რამეთუ მამისაგან სცან ძჱ; 107. და თუ სთქუა ძჱ მეუფედ, ნუ განაშორებ მამასა, რამეთუ ძისაგან გულისხმა-ჰყავ შენ მამაჲ. 108. და რამეთუ ერთი სუფევაჲ მამისაჲ და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ არს. 109. აწ, ძმანო, გულისხმა-ყავთ, რამეთუ წინაწარმეტყუელნი ქრისტესა ქადაგებენ, მეუფესა ისრაელისასა: მხიარულ იყავ, ასულო სიონისაო, რამეთუ ესერა მეუფჱ შენი მოვალს შენდა მაცხოვარი. 110. ხოლო უფალმან თჳსი დიდებაჲ მამისა მიმართ შეწირა და იტყოდა: ნუ ჰფუცავთ იერუსალემსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ. 111. არა თუ „მამისაჲო“, არამედ „მეუფისაჲ“, რამეთუ ჴელმწიფებაჲ იგი დაფარა და არა ერთობისაჲ განაქარვა და რამეთუ მხოლოდ-შობილი ძჱცა მეუფე არს და აქუს სუფევაჲ საუკუნოჲ საუკუნესა თანა დაუსრულებელსა, 112. რამეთუ იტყჳს: სუფევაჲ შენი სუფევა არს ყოველთა ზედა ო˜კე და უ˜ფლბჲ შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა. 113. ამას იტყჳს მამისათჳს წერილი და მასვე – ძისათჳს: ერთ არს სუფევაჲ მათი. 114. ხოლო აწ მამისაჲ ვთქუათღა, რაჲთა ეგრჱთ აღვასრულოთ სიტყჳისა იგი ძალი. 115. არა თუ ესე წინაწარმეტყუელებაჲ მამისა და სხუაჲ ძისა, არამედ ესე თუ ძისაჲ მეგონოს, მამისად ვქადაგო; 116. და სხუაჲ თუ მამისაჲ მეგონოს, ძისად გამოვიტყოდი, და ღაცათუ სიტყუამან დააცხროს დაუცხრომელი იგი ძალი და დიდებაჲ. 117. და რაჲთამცა არა თჳს-თჳს ვიტყოდე მეუფებასა მას მათსა, აწ ითქუნ მამისათჳს: „სუფევაჲ შენი სუფევა არს ყოველთა ზედა უკუნისამდე და უფლებაჲ შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა“. 118. და კულად დანიელისგან ძისათჳს: ვხედევდ და აჰა ესერა ღრუბელთა ზედა ცისათა მოვიდოდა ვითარცა ძჱ კაცისაჲ და მოიწია ვიდრე ძუელისა მის დღეთაჲსა და მას მიეცა პატივი და ჴელმწიფებაჲ, და სუფევაჲ მისი სუფევა საუკუნე და ჴელმწიფებაჲ მისი თესლითი თესლამდე, 119. რომელი არასადა წარვალს და მას, რომელი-იგი მიეცა ჴორციელობისა მისთჳს და რომელი-იგი აქუნდა ჴელმწიფებით, მიაქუს ჴორციელობისათჳს, ვითარცა იტყოდა: მადიდე მე, მამაო, დიდებითა მით, რომელი მაქუნდა შენგან წინა სოფლის დაბადებისა. 120. რამეთუ პირველი იგი დიდებაჲ აქუს და ახალი იგი მიაქუს ჴორციელობისა მისთჳს, რამეთუ იტყჳს: ითხოენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი. 121. ვის ეტყჳს, ვითარმედ ითხოევო? 122. – მას, რომელმანცა თქუა, ვითარმედ: მე დავდეგ მეუფედ. 123. დაიწერა ესე პირველვე წინაწარმეტყუელისაგან ვიდრე მოსლვადმდევე და ჴორცთა შესხმად. 124. არა თუ ეტყჳს მას ჴორცთამდე: „ითხოვენ ჩემგანო“, რამეთუ აქუნდა მას მის თანა დიდებაჲ იგი და ჴელმწიფებაჲ, არა თუ ოდეს მოვიდა, მაშინ მიიღო ჴელმწიფებაჲ სოფლისაჲ. 125. ისმინე იოვანჱსი, ვითარმედ: სოფელსა შინა იყო და სოფელმან არა იცნა იგი; 126. თჳსთა მოვიდა და თჳსთა არა შეიწყნარეს, გარნა აქუნდა მას ჴელმწიფებით და მოაქუს მას ჴორციელობისა მისთჳს. 127. უკუეთუ ესე შეურაცხება რაჲმე ეგონოს მხოლოდ-შობილისათჳს, რომელი-იგი ითქუა, ვითარმედ „ითხოეო“, ისმინე აწ, ვითარ-იგი ღმერთი სთხოვდა კაცთა. გნებავსა ძიებაჲ? 128. და ჰგონებ დამცირებასა ძისასა მამისა მიმართ თხოისა მისთჳს. 129. გიჩუენო, ვითარ-ღა ღმერთი ითხოვდა კაცთაგან, იკადროღა მერმე თქუმად: რაჲ-მე ჰყვნეა, რომელთაგან ითხოვს უფრო, ვიდრე რომელი-იგი ითხოვს ღმერთი უმცრო. 130. ისმინე ძუელისაგან შჯულისა, რამეთუ იტყჳს: აწ, ისრაელ, რასა ითხოვს შენგან უფალი? 131. – არამედ რაჲთამცა გეშინოდა შენ მისგან. 132. უკუეთუ თხოვაჲ იგი სახელ-ძჳრ გიჩს, ვითარ ღმერთი კაცთაგან ითხოვდა შიშსა მაშინ? 133. აწ თხოვაჲცა იგი არა თუ ლიქნისაჲ არს, არამედ ჴორციელობისა მისთჳს დადებული მადლი. 134. „ითხოვენ ჩემგანო“, რომელი აქუს ჴელმწიფებით, მიაქუს მას ჴორციელებისა მისთჳს, ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელი: უფალო, უფალო ჩუენო, დაგუბადენ ჩუენ, არა თუ სხჳსა ვისნი იყვნეს, არამედ ყოველნი შენდა მონა. 135. ესრჱთცა ძჱ, ყოველთა უფალი, სთხოვს ჴორციელობისათჳს. 136. უკუეთუ „ყოველი მისა მონა“, რად სთქუ, ვითარმედ: „დაგუბადენ ჩუენ?“ 137. აწ ჩუენებით რეცა ვამსგავსო და ვთქუა: უკუეთუ ვისმე ყანაჲ უცნ უქმარი და უნაყოფოჲ და ეკლოვანი და კუალად ქუეყანაჲ კეთილი და მოაქუნ ნაყოფი, შე-სამე-ურაცხიენ უნაყოფოჲ იგი ვითარცა სხუაჲ? 138. ეგრეცა ღმერთმან: ყოველივე შექმნული მისი არს. 139. გარნა რომელთა საქმენი უნაყოფონი ჰქონდენ, შერაცხილ არიან მისა ვითარცა-იგი უნაყოფოჲ. 140. ამისთჳსცა ყოველთა შემოქმედმან ღმერთმან იხილა ნათესავი კაცთაჲ ქუეყანასა ზედა უნაყოფოდ, წარავლინნა მოციქულნი. 141. და ვითარცა-იგი ჴარნი ორნი შეაბმიან და საშოვალ მათსა საჴნველნი, ეგრეცა უფალმან წარავლინნა ორნი მოციქულნი და შოვა მათსა ჯუარი, რაჲთა აღმოაბნევდენ იგინი გონებათა, რომელთანი-იგი იყვნეს ვითარცა ქვანი, და ჰყოფდეს იგინი ყოველთავე შვილ ღმრთისა, 142. ვითარცა თქუა იოვანე, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათაგანცა შვილად აბრაჰამისა. 143. ვითარცა-იგი მუშაკმან ყანაჲ ურგები და განრყუნილი პირველად ცეცხლითა მოწჳს და ამისა შემდგომად ძირი იგი საჴნველითა აღმოჰფხურის და განარჩიის, ეგრეცა ღმერთმან იხილა ქუეყანაჲ ესე განრყუნილი კერპთაგან, მოჰფინა ცეცხლი და მოწუა; 144. არა თუ ქუეყანასა წუვიდა, არამედ მას ზედა ეკალნი, რაჲთამცა მას ზედა ურწმუნოებაჲ იგი წარწყმიდა. 145. და ყოველნივე განკრძალოლნი წარუდგინნა მამასა. 146. და ღათუ განვაგრძვე სიტყუაჲ ესე, არამედ ჩჳენისავე აღშჱნებისათჳს აწ პირველსა მას მოვიდეთ, ოდეს შევიდოდა იესუ სიმდაბლით იერუსალემდ და ჯერ-იჩინა კიცუსა დაჯდომაჲ. 147. და თუ დაჯდა კიცუსა ზედა, არამედ სიმრავლჱ იგი ერისაჲ დაუფენდა სამოსელსა. 148. კეთილ და სასურველ და ღირს პატიოსნისაჲ მის, რომელნი შემძლებელ არიან მისა პატივის-ცემად, რამეთუ ღმერთი არა თჳსსა ჴელმწიფებასა ჰხედავს, არამედ ძალსა, რომელნი პატივ-სცემენ. 149. ვერვინ შემძლებელ-არს ღირსად პატივის-ცემად მისა, ვითარ-იგი ჯერ-არს; 150. და ღათუ ცაჲ და ქუეყანაჲ და ანგელოზნი და ყოველნი დ~ბლნი ენა იქმნენ, ვერ შემძლებელ იქმნენ დიდებისა მიცემად ღმრთისა, ვითარ-იგი ჯერ-არს. 151. აწ რაჲთამცა ორგანვე არა ვცოდეთ და შოვა ვიდოდეთ, და ნუცა კუალად სიღრმისა მისთჳს სარგებელსა ყოვლადვე ვევლტოდით, ვადიდოთ ქრისტჱ, არა თუ რავდენ-იგი ზედა-გუაც, არამედ რავდენცა შეუძლოთ, რამეთუ ღმერთი არა სიტყუასა ჰხედავს, არამედ გონებათა. 152. დაჯდა კიცუსა, რომელი ზის ზეცისათა მათ ეტლთა. 153. დაუფინეს მას სამოსელი კაცთა. 154. აწ ჯერ-არს, რაჲთა სამოსლისა წილ დაუფინნეთ გონებანი და სულნი ჩუენნი. 155. აწ დაუფინენ სამოსელსა თანა სულნი მომავალსა, კიცუსა ზედა მჯდომარესა, დაუფინე ღმერთსა სული შენი, რაჲთა მას ზედა იხარებდეს, რამეთუ იტყოდა მახარებელი: განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი. 156. ჯერ-არს, რაჲთა გზათა წილ სულნი ჩუენნი დაუფინნეთ წინაშე მისსა და ყრმათა მათებრ ბაჲაჲ და რტოები ხეთაჲ აღვიღოთ და სიხარულით ვიქცეოდით წინაშე მისსა და ანგელოზთა ჴმასა, რომელსა ყრმანი უგალობდეს, 157. და სიტყუასა წინაწარმეტყუელისასა დღეს ჩუენცა მათებრ უგალობდეთ და ვიტყოდით: ოსანა – რომელ არს „მაცხოვნენ ჩუენ“ – მაღალთა შინა! 158. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფჱ ისრაელისაჲ! 159. ვითარცა შევიდა მაცხოვარი ტაძარსა მას, ყოველი იგი მოფარდული და კერმის მსყიდელი გამოასხა შოლტითა. 160. აწ ჩუენცა შევიმოსოთ ხატი იგი ნათლისაჲ და გამოვიხატოთ გულთა ჩუენთა ჯუარი, 161. რაჲთა გუექმნეს იგი შოლტ და განასხას გონებათაგან ჩუენთა ყოველი უკეთურებაჲ და ვიქმნეთ ტაძარ სულისა წმიდისა, და ყოველნი ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|