მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება მეცამეტე

 

1. საკითხავნი წმიდისა განცხადებისანი
2. თქმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე მთავარ-ეპისკოპოსისაჲ კოსტანტინეპოვლელისაჲ. ნათლის-ღებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა
3. დასაბამი სახარებისაჲ სასუფეველისათჳს ცათაჲსა არს დღენდელი ესე წმიდაჲ დღესასწაული და აღთქუმაჲ გუაქუს ცხოვრებისა საუკუნოჲსაჲ მის მიერ, რომელმანცა-იგი გამოგჳჩინა კეთილი სარწმუნოებაჲ და გამოგჳბრწყინა უკუდავებაჲ.
4. დღეს დღესსასწაულობს ყოველი სოფელი და პატივ-სცემს ეკლესიაჲ.
5. დღეს ეწამების მამაჲ და ბრწყინვალე-ჰყოფს სული წმიდაჲ ჩუენებითა ვითარცა ტრედისაჲთა.
6. დღეს გალობენ ქერობინნი და სერაბინნი, ადიდებენ ანგელოზნი, და მთავარანგელოზნი აქებენ.
7. დღეს მამათდმთავარნი და წინაწარმეტყუელნი წმიდისა მისთჳს დღეს˜სწოლისა იხარებენ.
8. დღეს მხიარულ არს ცაჲ და ქუეყანაჲ და ყოველნი დაბადებულნი ადიდებენ.
9. ამას დღესა იხარებს იოვანე და პატიოსან იქმნების მონაჲ, ამისთჳს რამეთუ ეჩუენების უფალი და გამოუბრწყინდების უხილავი ღმრთეებაჲ.
10. დღეს განიწმინდების ჴორცი და განიჴსნების კრულებისაგან ადამ.
11. დღეს გჳრგჳნოსან იქმნების წმიდაჲ და დიდებული ღმრთის-მშობელი მარიამ, და ყოველნი წინაწარმეტყუელნი მის თანა იხარებენ;
12. რომელნი-იგი წინაჲთ მისთჳს ქადაგებდეს ღმერთსა უხილავსა, აწ თუალითა ხედვენ ჴორციელად.
13. ამას დღესა ცხორებაჲ სიკუდილსა დაამჴობს და უკუდავებაჲ გამოჩნდების, შჯული დასცხრების და მოსე მოჰრიდებს;
14. წინაწარმეტყუელნი დადუმნეს, რამეთუ მადლი გამობრწყინდების.
15. ამას დღესა ეშმაკი იწყლა, ვეშაპი განსთქდა და ყოველივე მისი დაეცა, ამისთჳს რამეთუ ღმერთი გამოჩნდა.
16. და მრავალნი მოწამენი გუასწავებენ, უფროჲს ხოლო ესე, ოთხმეოცდამეათჱ ფსალმუნი რომელსა გჳთხრობს, ვითარმედ: დაეცნენ მარცხენით შენსა ათასნი და ბევრნი – მარჯუენით შენსა და შენ არა მიგეახლნენ.
17. ჯერ-არს, რაჲთამცა ყოველი წარმოვთქუთ და გამოვაჩინეთ დიდებაჲ ღმრთისაჲ და, ვითარ-იგი წერილ არს, ძლევაჲ ეშმაკისაჲ და რომელ-ესე სახარებისაგან გუესმა იორდანესა ზედა მოსლვისათჳს მხოლოდშობილისა.
18. ხოლო აწ ფსალმუნისაჲ იგი სხჳსათჳს დავჰმარხოთ და რომელ-ესე წინა-გჳც, მას მოვისწრაფდეთ დღესა ამას შუენიერსა გამოჩინებასა მას ღმრთეებისასა, რავდენ-ესე ჩუენ ცნობაჲ მოგუცა.
19. აჰა დღეს განშუენდების ქ˜ჱ შემოსილი იგი კრებული, რამეთუ ამან დღეს ჩუენთჳს ნაყოფი გამოიღო კეთილი სარწმუნოებისაჲ, და ღმრთის გამოჩინებისა იგი თესლი გუაუწყა და ღმერთი ჴორცილად გჳჩუენა.
20. ამან დღეს წერილნი იგი წმიდანი გულისხმა-გჳყვნა და სასუფეველი მოგუატყუა.
21. ამას დღესა იხარებს ყოველი დაბადებული და დღესსასწაულობს ეკლესიაჲ, რამეთუ იდიდების მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ.
22. ამას დღესა ყოველნი ზეცისანი იხარებენ;
23. იხარებს დღეს ყოველი დაბადებული მას ზედა, ოხრის ზღუაჲ, რამეთუ უხარის, და მას შინა მყოფნი ყოველნი მას ადიდებენ, რამეთუ იორდანჱ მიიწია და ახარა.
24. იხარებენ მამადმთავარნი, იშუებენ წინაწარმეტყუელნი, რამეთუ ხედვენ ღმერთსა დიდებულსა იორდანეს ზედა.
25. ამას დღესა იორდანჱ პატიოსან იქმნა და ყოველნი წყალნი მისგან განწმიდნეს,
26. იოვანე განშუენდების, ღმრთეებაჲ გამოჩნდების, უფლებაჲ გამოცხადნების და ჰურიაებრი იგი საბურველი გულსა მორწმუნეთასა მოეძარცუვის, წინადაცუეთაჲ იგი პირველი დაჰჴსნდების თჳნიერ ჴელთა და წინადაცუეთისა წილ არს სარწმუნოებაჲ.
27. ამას დღესა ცხორებაჲ გამოჩნდა, სიკუდილი განქარდა, ბნელი იმხილა, ეშმაკი იგლოვს, ვეშაპი განსთქდა.
28. ამას დღესა აღდგების ნიში უკუდავებისაჲ და ყოველი მედგარი უშჯულოებისაჲ დაეცემის.
29. დღეს ქალწული იდიდების, რამეთუ რომელ-იგი მისგან იშვა ღმერთი და კაცად იპოვა, რომლისა მამაჲ არა იცოდა უხილავი და უჴორცოჲ, ესე დღეს იორდანესა ზედა იხილვა ზეცით მამისა მიერ წამებული.
30. ეჰა, რავდენითა სიხარულითა სავსე არს მარიამ!
31. რომელი-იგი არა იცოდა, არცა ეგონა, სულისა წმიდისა მიერ ღირს იქმნა შობად;
32. და ესე მერმე მდინარესა ზედა ჴელმწიფებით შთასლვასა მას და განკჳრვებასა წყალთასა იდიდა, განხუმასა ცათასა და გარდამოსლვასა სულისა წმიდისასა სახედ ტრედის მის ზედა და ჴმასა მამისა მიერ ზეგარდამო მეტყუელსა წამებით,
33. ვითარმედ: ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, და ჰხედვიდა იოვანჱს დგომასა მას და ანგელოზთა კრებულსა, ჰურიათა განლიგებულთა და ეშმაკისა მწუხარებით სივლტოლასა.
34. ამას ყოველსაღა ხედვიდა ქალწული იგი, კადნიერებით ჰურიათა მათ ეტყოდა: ჵ ჰურიანო და შჯულისა გარდამავალნო, სიმართლისა მბრძოლნო და ჭეშმარიტებისა მტერნო, მშჳდობისა შემასმენელნო,
35. აწ თავისუფალ მყო მე თქუენსა მას დრკუობასა და თქუენსა მას განსაკითხავსა წყლისა მისგან მხილებითა, აწ გიჩუენო თქუენ იოსებისი სიმართლჱ და სიწმიდით ღმრთის მსახურებაჲ და ჩემი უბიწოებაჲ და სიწმიდჱ და მუცლისა ნაყოფი.
36. გარნა აწ საქმენი იგი ახლად ეჩუენებიან შობილისა მისგან და შჯულის მდებელისა, რამეთუ შჯულისაჲ და წინაწარმეტყუელთაჲ მოგუეცა დამასრულებელი, და რომელი-იგი პირველ სიტყუანი ითქუნეს, აწ გამოჩნდეს.
37. ამას ყოველსა მარიამ სულისა სიხარულითა იტყოდა.
38. აწ ამას ეკლესიაჲცა გამოჩინებულსა მას ქრისტჱს კაცთ-მოყუარებასა იტყჳს ესაიაჲს მიერ: ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იჱ˜ლემ,
39. რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი, და დიდებაჲ უფლისაჲ შენ ზედა გამობრწყინდეს ჭეშმარიტად გამოგჳბრწყინდა ჩუენ ნათელი, რომელნი ვიყვენით ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა.
40. რომელ-იგი ბეთლემს იშვა და აღვასრულეთ დღესასწაული შობისა მისისაჲ უწინარჱს მცირედთა ამათ დღეთა, ესე დღეს იორდანედ მოვიდა და ნათელ-იღო იოვანჱსგან და განანათლნა ყოველნი დაბადებულნი მისნი.
41. ამიერითგან ჩუენცა მათ ქერობინთა თანა ვიხარებდეთ დღენდელსა ამას დღესა და ვიტყოდით წინაწარმეტყუელისა მის თანა და ვთქუათ, ვითარმედ: ესე არს დღჱ, რომელ ქმნა უფალმან.
42. ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა, რაჲთა ყოველსა ჟამსა მტკიცედ დადგენ ფერჴნი ჩუენნი სიწრფელესა ეკლესიასა შინა მარადის.
43. ვაკურთხევდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი