მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ანდრია კესარიელი
იოანეს გამოცხადების განმარტება

 

19

 

მოციქულისაჲ.(1-4) შემდგომად ამისა მესმა, ვითარცა ჴმაჲ დიდი ერისა მრავლისაჲ ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: ალელუაჲ, მაცხოვარებაჲ და ძალი და დიდებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ! რამეთუ ჭეშმარიტებით და სიმართლით არიან სასჯელნი მისნი, რამეთუ საჯა მეძავი იგი დიდი, რომელმან განჴრწნა ქუეყანაჲ სიძვითა თჳსითა და გამოიძია სისხლი მონათა თჳსთაჲ ჴელისაგან მისისა. და მეორედ თქუეს: ალელუაჲ. და კუამლი მისი აღვალს უკუნითი უკუნისამდე. და დავარდეს ოც და ოთხნი იგი მღდელნი და ოთხნი ცხოველნი და თაყუანის-სცეს ღმერთსა, მჯდომარესა საყდართა ზედა, და თქუეს: ამენ. ალელუაჲ.

 

თარგმანი. ალელუაჲ გალობაჲ არს საღმრთოჲ, ვითარმედ: აქებდით უფალსაო, ხოლო ამენი – იყავნო, რომელ-იგი ანგელოზთა და წმიდათა შეასხეს ღმერთსა სიმართლისათჳს სასჯელთა მისთაჲსა. ხოლო კუამლი მისი უკუნისამდე აღვიდოდისო, ესე იგი არს, ვითარმედ მას შინა მყოფნი უკეთურნი შემდგომად აქავე ტანჯვისა მას საუკუნესა უკუნისამდე იტანჯებოდიან.

 

მოციქულისაჲ.(5) და ჴმაჲ გამოვიდა საყდრისაგან, რომელი იტყოდა: აქებდით ღმერთსა ჩუენსა ყოველნი მონანი მისნი და მოშიშნი მისნი – მცირენი და დიდნი.

 

თარგმანი. საყდრად ქერაბინთა და სერაბინთა იტყჳს, რომელთაგან ესმა ჴმაჲ ესე, რაჲთა აქებდენ უფალსა დიდნი წმიდანი და სათნოებითა მცირენიცა.

 

მოციქულისაჲ.(6-7) და მესმა ვითარცა ჴმაჲ ერისა მრავლისაჲ და ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ და ვითარცა ჴმაჲ ქუხილთა ძლიერთაჲ, რომელნი იტყოდეს: ალელუაჲ, რამეთუ სუფევს ღმერთი ჩუენი, ყოვლისა მპყრობელი. ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ და მივსცეთ მას დიდებაჲ, რამეთუ მოვიდა ქორწილი კრავისაჲ.

 

თარგმანი. ესე ჴმაჲ ერისაჲ და წყალთაჲ და ქუხილთაჲ არს ჴმაჲ ყოველთა ანგელოზთაჲ და წმიდათაჲ, რომელნი ადიდებენ ღმერთსა. ხოლო სუფევს ქრისტე, რამეთუ რომელთა ზედა ბუნებითა ღმრთისაჲთა უფლებაჲ აქუნდა, განკაცებითა მისითა მიიღო კუალადცა მათ ზედა სუფევაჲ, რომელ არს ნეფსით მოსლვაჲ მათი მისა მიმართ. ხოლო ქორწილად კრავისა ეკლესიისა ქრისტჱს შეერთებასა იტყჳს, რომელი შეაერთეს წმიდათა მოციქულთა, რომელთა მიერ მიეცა მას წინდი იგი სულისა წმიდისაჲ, რომელი-იგი მაშინ მიიღოს მას საუკუნესა და პირისპირ ქრისტჱს თანა შეერთებასა ღირს იქმნეს.

 

მოციქულისაჲ.(7-9) და ცოლმან მისმან განმზადა თავი თჳსი. და მიეცა მას, რაჲთა შეიმოსოს ძოწეული წმიდაჲ და ბრწყინვალჱ, რამეთუ ძოწეული სიმართლენი წმიდათანი არიან. და მრქუა მე: დაწერე: ნეტარ არიან წოდებულნი სერობასა მას კრავისასა. და მრქუა მე: ესე სიტყუანი ჭეშმარიტნი ღმრთისანი არიან.

 

თარგმანი. ძოწეული წმიდაჲ ბრწყინვალებაჲ სათნოებათაჲ არს. ხოლო სერი ქრისტესი ცხოვნებულთაჲ მათ დღესასწაული და სიხარული არს, რომლისა მკჳდრნი ნეტარ არიან და შევიდენ სასძლოსა მას საუკუნესა, წმიდასა მას სულთა სიძესა თანა. ხოლო ვინაჲთგან მრავალნი არიან მის საუკუნოჲსა კეთილნი, ამისთჳს მრავალნიცა სახელნი ეწოდებიან მათსა მიღებასა, რამეთუ ეწოდების სასუფეველ – დიდებისათჳს მისისა და სამოთხე – კეთილთათჳს მისთა და წიაღ აბრაჰამისა – დამაშურალთა მას შინა განსუენებისათჳს, და კუალად: სასძლოცა და ქორწილ – არა დიდისა მის სიხარულისათჳს ოდენ მისისა, არამედ გამოუთქუმელისა მისთჳსცა ღმრთისა თჳსთა მონათა თანა შეერთებისა, რომელი ესეზომ შორავს ჴორციელისა მის შეერთებისაგან, რაზომ ნათელი ბნელსა შორავს და სიმყრალჱ – სულნელებასა.

 

მოციქულისაჲ.(10) და დავვარდი წინაშე ფერჴთა მისთა თაყუანის-ცემად მისა, და მრქუა მე: იხილე ნუ, შენ თანა-მონაჲ ვარ მე და ძმათა შენთა, რომელთა აქუს წამებაჲ იესუჲსი. ღმერთსა თაყუანის-ეც, რამეთუ წამებაჲ იესუჲსი არს სული იგი წინაწარმეტყუელებისაჲ.

 

თარგმანი. ეტყოდა ანგელოზი, ვითარმედ: ნუ თაყუანის-მცემ მე, ვითარცა მომავალთა საქმეთა მეტყუელსაო, რამეთუ ქრისტჱს აღსაარებაჲ და წამებაჲ, რომელ გაქუს, ეგე არს მადლსა და სულსა წინაწარმეტყუელებისასა მომცემელ. ამისთჳს ნუ მე, მონასა, თაყუანის-მცემ, არამედ ღმერთსა. ხოლო ესრჱთ სიმდაბლჱცა წმიდათა ანგელოზთაჲ გულისჴმა-ვყოთ, ვითარ არა თჳსთა თავთა იჩემებენ ღმრთისა დიდებასა.

 

მოციქულისაჲ.(11-12) და ვიხილენ ცანი განხუმულნი. და აჰა ცხენი სპეტაკი, და მჯდომარესა მას ზედა ეწოდებოდა სახელი სარწმუნოჲ და ჭეშმარიტი, და სიმართლით შჯის და იბრძვის. და თუალნი მისნი იყვნეს ვითარცა ალი ცეცხლისაჲ, და თავსა ზედა მისსა გჳრგჳნნი მრავალნი.

 

თარგმანი. განხუმაჲ ცათაჲ მოსლვისა მისისა ხილვასა მოასწავებს, ხოლო ცხენი სპეტაკი ბრწყინვალებაჲ იგი საუკუნოჲ წმიდათაჲ არს, რომელსა ზედა მჯდომარჱ მოვიდეს შჯად. და თუალნი მისნი ვითარცა ალი ცეცხლისაჲ, – მართალთა განმანათლებელ და ცოდვილთა შემწუველ. ხოლო მრავალნი გჳრგჳნნი ყოველთა ზედა მეუფებისა მისისა სასწაულ არიან.

 

მოციქულისაჲ.(12) რომელთა ზედა წერილ იყო სახელები, და სახელი წერილი, რომელი არავინ უწყის, გარნა მან თავადმან.

 

თარგმანი. უცნაური იგი სახელი მისისა ბუნებისა მიუწდომელობაჲ არს, რამეთუ განგებულებითა მისითა მრავალი სახელი ეწოდების მას; სახიერ და მწყემს და მზე სიმართლის და ნათელ და ცხორება და სიმართლე და სიწმიდე და მჴსნელ და უხრწნელ და უხილავ და უკუდავ და უცვალებელ. ხოლო ბუნებითა ღმრთეებისაჲთა მიუწდომელ არს, რომელმან თჳსი თავი თანა მამით და სულით წმიდითურთ უწყის.

 

მოციქულისაჲ.(13) და ემოსა სამოსელი შეღებული სისხლითა, და წოდებულ არს სახელი მისი: სიტყუაჲ ღმრთისაჲ.

 

თარგმანი. სამოსელი იგი სახჱ განკაცებისაჲ არს. ხოლო რომელ-იგი პირველ თქუა, ვითარმედ უსახელო არს, აწ სახელ-სდებს, რამეთუ იგი ბუნებისათჳს ღმრთეებისა მისისა, ხოლო ესე სახედ ძეობისა და უვნებელად შობისა მისისათჳს, ვითარცა გონებისაგან სიტყუაჲ უვნებელად იშვების.

 

მოციქულისაჲ.(14-15) და მჴედრობანი ცათანი შეუდგეს მას, მსხდომარენი ცხენთა ზედა სპეტაკთა, შემოსილნი ბისონითა წმიდითა და სპეტაკითა. და პირისაგან მისისა გამოვიდოდა მახჳლი ორპირი აღლესული, რაჲთა მით მოსრნეს წარმართნი. და იგი ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისაჲთა. და იგი დასწნეხს საწნეხელსა გულის-წყრომისა და რისხვისა ღმრთისა, ყოვლისა მპყრობელისასა.

 

თარგმანი. ესე მახჳლი არს ცოდვილთა სატანჯველი ფიცხელი, ვითარცა კუერთხი რკინისაჲ. ხოლო საწნეხელსა რისხვისა ღმრთისასა დასწნეხს, რამეთუ მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა, ვითარცა კაცსა, რომელი ბუნებით უწინარჱს საუკუნეთა აქუნდა. ხოლო ბისონი მჴედრობათა ზეცისათა სახჱ არს მათისა მის სიწმიდისაჲ.

 

მოციქულისაჲ.(16) და არს წერილ სამოსელსა ზედა და თეძოსა მისსა; მეუფჱ მეუფეთაჲ და უფალი უფლებათაჲ.

 

თარგმანი. ესე არს სახჱ კაცებისა მისისაჲ, რამეთუ არა განიკუეთა მისი მეუფებაჲ, დაღაცათუ კაც იქმნა, არამედ იგი არს მეუფჱ მათი, რომელნი მეუფე იქმნნეს ვნებათა ზედა.

 

მოციქულისაჲ.(17) და ვიხილე ანგელოზი, მდგომარჱ მზესა ზედა, და ეტყოდა ყოველთა მფრინველთა, მფრინვალეთა ცათა შინა.

 

თარგმანი. ესე ერთი იყო უზეშთაესთა ანგელოზთაგანი, რომელი სხუათა ანგელოზთა სიხარულსა ეტყოდა უშჯულოთა ტანჯვისათჳს.

 

მოციქულისაჲ.(17-18) მოვედით და შემოკერბით სერსა მას დიდისა ღმრთისასა, რაჲთა შჭამნეთ ჴორცნი მეფეთანი და ჴორცნი მთავართანი და ჴორცნი ათასის-თავთანი და ჴორცნი ცხენთა და მათ ზედა-მსხდომარეთანი.

 

თარგმანი. ნებაჲ ღმრთისაჲ, რომელსაცა ეწოდების მისდა სერობა, ესე არს ცხოვნებაჲ ყოველთა კაცთაჲ. ხოლო მეორედ, რაჲთა რომელნი თავთა თჳსთა სატანჯველისა მომატყუებელ იქმნეს, იგინი იტანჯნენ. ხოლო შეჭმად ჴორცთა და ცხენთა და ზედა-მჯდომელთა სახელ-სდვა ყოველთავე ჴორციელთა საქმეთა უჩინო-ყოფასა და წარწყმედასა.

 

მოციქულისაჲ.(19) და ვიხილე მჴეცი იგი და მეფენი ქუეყანისანი და მჴედრობანი მათნი, შეკრებულნი ბრძოლის-ყოფად მჯდომარისა მის ცხენსა ზედა და მჴედრობისა მისისა მიმართ.

 

თარგმანი. მჴედართა ეშმაკისათა მჴედრობად მრავლად სახელ სდვა სიმრავლისათჳს ცოდვათა მათთაჲსა და განყოფილებისა ნებათა მათთა, დაღაცათუ უდარჱსი ნაწილი არს ანგელოზთაჲ მათი დასი. ხოლო ქრისტჱს თანა მყოფთა ერთად მჴედრობად უწოდა ერთობისათჳს მათისა ნებისა, რომელი აქუს აღსრულებად მცნებათა ღმრთისათა.

 

მოციქულისაჲ.(20) და შეპყრობილ იქმნა მჴეცი იგი და მის თანა ცრუ წინაწარმეტყუელი იგი, რომელმან ქმნნა წინაშე მისსა სასწაულნი, რომლითა აცთუნნა იგინი, რომელთა მიიღეს ბეჭედი მჴეცისაჲ მის და თაყუანის-სცეს ხატსა მისსა.

 

თარგმანი. დაღათუ წინა-აღუდგენ ქრისტესა იგინი და მონათა მისთა მეფეთა თანა ქუეყანისათა მორჩილთა მათთა, არამედ იძლინენ და ანტჱ და მისი ცრუ-წინაწარმეტყუელი შეიპყრნეს რისხვამან ღმრთისამან.

 

მოციქულისაჲ.(20) და ცოცხლივ შთავარდეს ორნი იგი ტბასა მას ცეცხლისასა, რომელი იწუების წუმწუბითა.

 

თარგმანი. რამეთუ უხრწნელითა ჴორცითა მიეცნენ იგინი ცეცხლსა მას გეჰენიისასა, რომელი იყოს მათდა სიკუდილ საუკუნო.

 

მოციქულისაჲ.(21) და სხუანი იგი მოისრნეს მახჳლითა ცხენსა ზედა მჯდომარისაჲთა, რომელი გამოვიდოდა პირით მისით, და ყოველნი მფრინველნი განძღეს ჴორცითა მათითა.

 

თარგმანი. რამეთუ მათ თანა მათნიცა მორჩილნი მოკუდენ და საუკუნესა სატანჯველსა მიეცნენ ბრძანებითა უფლისაჲთა. ხოლო განძღომისათჳს მფრინველთაჲსა ჴორცითა ვთქუთ, ვითარმედ სრულიად ჴორციელთა საქმეთა უჩინო-ყოფაჲ არს.

 

 

წინა - სარჩევი - შემდეგი