მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ანდრია კესარიელი
იოანეს გამოცხადების განმარტება

 

17

 

მოციქულისაჲ.(1-3) და მოვიდა ერთი შჳდთა მათ ანგელოზთაგანი, რომელთა აქუნდა შჳდი იგი ლანკნები, და იტყოდა ჩემ თანა და თქუა: მოვედ, და გიჩუენო შენ სასჯელი იგი მეძვისა მის დიდისაჲ, რომელი-იგი ზის წყალთა მათ ზედა მრავალთა. და წარმიყვანა სულითა უდაბნოს, და ვიხილე დედაკაცი მჯდომარჱ მჴეცსა ზედა წითელსა, სავსესა სახელებითა გმობისაჲთა, რომელსა ედგნეს შჳდნი თავნი და ათნი რქანი.

 

თარგმანი. ამას მეძავსა გულისჴმა-ვჰყოფთ მეფობასა ქუეყანისასა, რომელი იქმნა პირველითგან დიდ, დაღაცათუ სხუად და სხუად ადგილად მიიცვალა, არამედ ერთ-გუამად ითქუმის იგი, და ქალაქსა მას, რომელსა შინა იყოს მოსლვადმდე ანტჱს მეფობაჲ. ხოლო უდაბნოჲ, რომელსა მიიწია მოციქული სულითა, არს მოოჴრებაჲ მის მეძვისაჲ, რომელი სულითა პირველვე იხილა, ვითარცა დედაკაცი ცოდვისა მიმართ გულის-თქუმისა მისისათჳს და კეთილთა მიმართ უძლურებისა, და მჯდომარჱ მჴეცსა ზედა მეწამულსა სისხლის-მოყუარესა ეშმაკსა ზედა ბოროტთა მიერ საქმეთა ჯდომისა მისისათჳს, რამეთუ მჴეცი და მეწამული ფერი მისი მძჳნვარებისა და კაცის-მკლველობისა სახჱ არს. ხოლო შჳდთა თავთა და ათთა რქათათჳს ქუემორე ვისწავოთ ანგელოზისა მიერ.

 

მოციქულისაჲ.(4) და დედაკაცსა მას ემოსა პორფირი და ძოწეული, შემკული ოქროჲთა და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა.

 

თარგმანი. რამეთუ ესე ყოველი სახჱ არს ჴელმწიფებისა მისისაჲ.

 

მოციქულისაჲ.(4) და აქუნდა ჴელთა მისთა ბარძიმი ოქროჲსაჲ, სავსჱ საძაგელებითა და არაწმიდებითა სიძვისა ქუეყანისაჲთა.

 

თარგმანი. სასუმელისა მიერ სასუმელად სიტკბოებასა ცოდვისასა გულისჴმა-ვჰყოფთ. ხოლო ჭურჭლითა ოქროჲსაჲთა, რამეთუ პატიოსან არს უკეთურებაჲ წინაშე უკეთურთასა, რაჲთა ვცნათ გულის-თქუმით სუმაჲ მისი ბოროტთა საქმეთაჲ.

 

მოციქულისაჲ.(5) და შუბლსა ზედა მისსა წერილი სახელი: საიდუმლოჲ, ბაბილონი დიდი, დედაჲ მეძავთაჲ და არაწმიდებათაჲ.

 

თარგმანი. შუბლსა ზედა წერილი ურცხჳნოებისა სახჱ არს და ცოდვათა შინა კადნიერებისა. ხოლო დედაჲ მეძავთაჲ, რამეთუ მისთა მათ მორჩილთა ქალაქთა ასწაოს ყოველი ცოდვაჲ.

 

მოციქულისაჲ.(6-7) და ვიხილე დედაკაცი იგი დამთრვალი სისხლითა წმიდათაჲთა და სისხლითა მოწამეთა იესუჲსთაჲთა. და მრქუა მე ანგელოზმან მან: რად დაგიკჳრდა? მე გითხრა შენ საიდუმლოჲ დედაკაცისაჲ მის და მჴეცისაჲ, რომელსა-ეგე უტჳრთავს, რომელსა ჰქონან ათნი რქანი და შჳდნი თავნი.

 

თარგმანი. მრავლითა სახითა გულისჴმა-ვჰყოფთ საქმეთაგან დადებად ქალაქთა სახელისა. ამისთჳსცა ძუელსა ბაბილონსა ეწოდების წერილთა შინა მეძავ, მოხარულ მწამლველობითა. და იერუსალჱმისათჳს იტყჳს წინაწარმეტყუელი, ვითარმედ: პირი მეძვისაჲ იქმნა შენ ზედა. და ძუელსა ჰრომსა პეტრჱს მიერ მოციქულისა ბაბილონ ეწოდა. და კუალად რომელსა შინა არს მეფობაჲ სპარსთაჲ, ბაბილონ და მეძავ ეწოდების; და სხუასა ყოველსავე ქალაქსა, ბოროტთა ზედა მოხარულსა, ბაბილონ ეწოდების, რამეთუ ბაბილონ შერევნად გამოითარგმანების. ამათგანსა ერთსა ხედვიდა მახარებელი სისხლითა წმიდათაჲთა შებღალულად და უკჳრდა. ხოლო ანგელოზი იგი უთხრობდა მას, თუ რაჲ მოწევნად არს ქალაქსა მას ზედა, რომელსა შინა მოსლვასა ანტჱესსა და ჟამსა აღსასრულისასა იყოს მეფობაჲ, გინა თუ ძუელი ჰრომი. უკუეთუ მიიღოს თჳსივე მეფობაჲ პირველი, გინა თუ ახალი ესე, რამეთუ თითოეულსა ამათგანსა შინა დიდნი სისხლნი წმიდათანი დათხეულ არიან, რამეთუ ჰრომს შინა ვიდრე დიოკლიტიანემდე დათხეულნი სისხლნი მოწამეთანი ვინ აღრაცხნეს? და კუალად ახალსა ამას შინა ივლიანჱს ზე და უვალის მეფობასა და არიანოზთა მიერ.

 

მოციქულისაჲ.(8) მჴეცი ეგე, რომელი იხილე, იყო და არა არს და ეგულების აღმოსლვაჲ უფსკრულით და წარსაწყმედელად წარსლვაჲ.

 

თარგმანი. მჴეცი არს ეშმაკი. რომელი მოკუდა ჯუარ-ცუმითა ქრისტჱსითა, და მოვიდეს კუალად უკუანაჲსკნელთა ჟამთა და იქმოდის სასწაულთა საცთურისათა ანტჱს მიერ. ამისთჳს ესე მჴეცი ეშმაკი იყო უწინარჱს ჯუარისა ძლიერ, ხოლო აწ არღარა არს შემდგომად ცხოველს-მყოფელისა მის ქრისტჱს ვნებისა თჳსსა ჴელმწიფებასა შინა, არამედ დაცემულ არს მისი ძალი, გარნა უკუანაჲსკნელ კუალად მოვიდეს, ვითარცა ვთქუთ, უფსკრულით, რომელ არს ესე ყოფელი, რომელსა ზღუა ეწოდების და უფსკრულ ცოდვათა მათთჳს და მას შინა დამკჳდრებულთა და სიღრმისა მათისათჳს, რომელი ქართა მიერ ვნებათაჲსა მარადის იღელვების. და მისგან გამოვიდეს ანტჱ, რომელსა ემოსოს ეშმაკი წარსაწყმედელად კაცთა და მივიდეს წარსაწყმედელად მას საუკუნესა.

 

მოციქულისაჲ.(8) და დაუკჳრდეს მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა დაწერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა დასაბამითგან სოფლისაჲთ, რაჟამს-იგი ჰხედვიდენ, რამეთუ იყო მჴეცი იგი და არა არს და მოვიდეს.

 

თარგმანი. დაუკჳრდეს სასწაულთა მისთათჳს ყოველთა, რომელთა სახელები წიგნსა მას ცხორებისასა არა დაწერილ არს და რომელნი არა დამტკიცებულ იყვნენ ქრისტჱს სიტყუათა მიერ, რომელნი თქუნა მისთჳს. და უკჳრდეს, თუ ვითარ მიიღო პირველი ძალი თჳსი.

 

მოციქულისაჲ.(9) აქა არს გონებაჲ, რომელსა აქუნდეს სიბრძნჱ.

 

თარგმანი. რამეთუ თარგმანებაჲ ესე სულიერ არსო და მაღალ, და სულიერი საზომი უჴმს გულისჴმის-ყოფად ამის ყოვლისა.

 

მოციქულისაჲ.(9-10) შჳდნი იგი თავნი შჳდნი მთანი არიან, რომელთა ზედა დედაკაცი ზის. და მეფენი არიან შჳდნი.

 

თარგმანი. შჳდად თავად და შჳდად მთად გულისჴმა-ვჰყოფთ შჳდთა ადგილთა, რომელთა აქუნდა მთავრობაჲ სოფლისაჲ, რომელთა შინა იქმნა სოფლისა მეფობაჲ თითოეულისაჲ თჳსსა ჟამსა: პირველად ქალაქსა ნინევს შინა მეფობაჲ დიდი; მეორედ ვატანეთს შინა მიდთა მეფობაჲ დიდი არვაკოჲს მიერ განდიდებული, რომელმან მოკლა მეფჱ ასურასტანელთაჲ სარდანაპალოჲ და დაიპყრა მეფობაჲ; მესამედ ბაბილონელთა და ქალდეველთაჲ, რომელთა მეფე იქმნა ნაბუქოდონოსორ; და კუალად შემდგომად მისისა დაცემისა მეოთხედ სუსეს შინა სპარსთა მეფობაჲ კჳროზის მიერ აღშენებული; ხოლო მეხუთედ შემდგომად მათისა დარღუევისა ალექსანდრჱს მიერ მეფობაჲ მაკედონელთაჲ; და მეექუსედ შემდგომად ამისა მეფობაჲ ჰრომთაჲ, რომელი აგჳსტოსის ზე კეისრისა ერთობად მოვიდა ყოვლისა სოფლისა და ვიდრე კოსტანტინედმდე ურჩულოთა დაეპყრა და მისისა დაცემისა შემდგომად კოსტანტინეპოვლედ მოვიდა. ესე არიან შჳდნი მთანი და შჳდნი მეფენი, რომელნი ამათ ადგილთა დასხდეს: ნინო ასურასტანელთა, არვაკო მიდთა, ნაბუქოდონოსორ ბაბილონისა, კჳროზ სპარსთა, ალექსანდრე მაკედონელთა, რომილოს ჰრომისა, კოსტანტინე ბიზანტიისა.

 

მოციქულისაჲ.(10) ხუთნი იგი დაეცნეს, და ერთი არს, და სხუაჲ იგი არღა მოსრულ არს, და მო-რაჲ-ვიდეს, მცირედ ჯერ-არს მისი ყოფაჲ.

 

თარგმანი. რამეთუ ხუთნი იგი მეფობანი დაცემულ იყვნეს და მეექუსჱ იყო ჰრომთაჲ, რაჟამს-ესე იხილა მოციქულმან. ხოლო მეშჳდჱ კოსტანტინეპოვლისაჲ არღარა მოსრულ იყო, რომლისათჳს ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ ჩუენი, ვითარმედ: ბაბილონად მას ქალაქსა იტყჳს, რომელი მოსლვასა ანტჱსსა სამეფო იყოს, ხოლო მცირედ ჟამ იყოსო, ესე ამისთჳს თქუა, რამეთუ ყოველივე რიცხჳ ჟამისაჲ საუკუნესა მას მერმესა თანა მცირე არს.

 

მოციქულისაჲ.(11) და მჴეცი იგი, რომელი იყო და არა არს, და ესე მერვჱ არს და შჳდთაგანი არს და წარსაწყმედელად წარვალს.

 

თარგმანი. მჴეცი იგი ანტე არსო, ხოლო მერვჱ ამისთჳს შემდგომად ამათ შჳდთა მეფეთასა იყოს და შჳდთაგანი არს, რამეთუ მათგანივე იყოს და არა სხჳსა უცხოჲსა ქუეყანისა მეფე იქმნას, არამედ ვითარცა მეფჱ ბერძენთაჲ მოვიდეს და წარსაწყმედელად მივიდეს.

 

მოციქულისაჲ.(12) და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, ათნი მეფენი არიან, რომელთა მეფობაჲ არღა მიუღია, არამედ ჴელმწიფებასა, ვითარცა მეფენი, მიიღებენ ერთსა ჟამსა მჴეცსა მას თანა.

 

თარგმანი. ესე რქანი, წინამძღუარნი ანტესნი, არიან ათნი მეფენი, რომელთაგან სამნი აღმოფხურნეს და სხუანი იგი დაიმორჩილნეს დაწყეულმან მან. ხოლო ერთად ჟამად წელიწდისა ერთსა ჟამსა იტყჳს, რომელ არს სამი თთუჱ, და მერმე ანტეს დაემორჩილნენ.

 

მოციქულისაჲ.(13-14) ამათ ერთი ნებაჲ აქუს და ძალსა და ჴელმწიფებასა მათსა მჴეცსა მისცემენ. ესენი კრავსა მას ებრძოლნენ, და კრავმან სძლოს მათ, რამეთუ უფალი უფლებათაჲ არს და მეუფჱ მეუფეთაჲ, და მის თანა წოდებულნი იგი რჩეულნი და მორწმუნენი.

 

თარგმანი. რამეთუ ორთა უფალთა მონებად ვერვის ძალ-უც, ამისთჳს ვინაჲთგან ანტეს შეეყვნენ, ქრისტეს წინა-აღუდგებიან, არამედ მან სძლოს მათ, რომელი ჩუენთჳს დაიკლა: კრავი ღმრთისაჲ, რამეთუ მეუფჱ არს ყოველთაჲ და რჩეულნი მისნი ზიარ დიდებისა მისისა ყვნეს.

 

მოციქულისაჲ.(15-18) და მრქუა მე: წყალნი იგი, რომელ იხილენ, ერნი არიან და წარმართნი და ენანი. და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, და მჴეცი – მათ მოიძულონ მეძავი იგი და განრყუნილ და შიშუელ ყონ იგი და ჴორცნი მისნი შეჭამნენ და იგი დაწუან ცეცხლითა. რამეთუ ღმერთმან მოსცა გულსა მათსა ყოფად ნებისა მისისა და ყოფად ნებისა ერთისა და მიცემად მეფობაჲ მათი მჴეცისა, ვიდრემდის აღესრულნენ სიტყუანი ღმრთისანი. და დედაკაცი იგი, რომელ იხილე, არს ქალაქი იგი დიდი, რომელსა აქუს მეფობაჲ მეფეთაჲ ქუეყანასა ზედა.

 

თარგმანი. ესე ყოველი თჳთ წმიდისა მის ანგელოზთა უთარგმნია და არღარაჲ საჴმარ არს თქუმად, არამედ მე მიკჳრს, თუ ვითარ ეშმაკი მტერიცა არს და შურის-მგებელიცა. ამისთჳს ყოს ათთა მათ რქათა ზედა, რომელ არიან მეფენი, რაჲთა ყოველთა მეუფესა ქრისტეს წინა-აღუდგენ. ხოლო ქალაქი იგი და სიმრავლჱ ერისაჲ, რომელი მისდა დამორჩილებულ იყოს, მოწყუედად სცეს და აღაოჴროს და მათთა სისხლთა ზედა იხარებდეს და ერთობაჲ ყოს განდგომილთა მათ ათთა რქათა შორის, რომელსა-იგი მარადის უხარის მტერობასა ზედა. ხოლო რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: დედაკაცი იგი ქალაქი იგი არსო, რომელსა აქუს მეფობაჲ მეფეთა ზედა, ესე დაამტკიცებს სიტყუასა ჩუენსა, ვითარმედ მის ქალაქისათჳს იტყჳს, რომელსა შინა იყოს მაშინ მეფობაჲ, და მას ზედა მოიწინენ ყოველნი ესე თქუმულნი ვნებანი.

 

 

წინა - სარჩევი - შემდეგი