მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ანდრია კესარიელი
იოანეს გამოცხადების განმარტება

 

16

 

მოციქულისაჲ.(1) და მესმა ჴმაჲ დიდი, რომელი ეტყოდა შჳდთა მათ ანგელოზთა, ვითარმედ: წარვედით და დასთხიენით შჳდნი ეგე ლანკნანი გულის-წყრომისა უფლისანი ქუეყანასა ზედა.

 

თარგმანი. ამათ სიტყუათა მიერ გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ ვიდრემდის განიყვნენ ცოდვილნი მართალთაგან და მიიღონ სამკჳდრებელი თჳსი, მუნამდის არავინ მართალთაგანი შევიდეს იერუსალჱმსა ზეცისასა და მღდელობასა მას ზეცათა საკურთხეველისასა. ხოლო ვინაჲთგან ცოდვილთა მიიღონ მისაგებელი მათი, მაშინ წმიდათაცა მიეცეს სამკჳდრებელი ზეცისა ქალაქისაჲ. ხოლო ესე სატანჯველნი, რომელთა იტყჳს, უკუეთუ ვინ მერმეთა სატანჯველთა შეასწორნეს, არა ტყუოდის, რამეთუ ღმერთი კაცთ-მოყუარე არს და თჳსითა სახიერებითა აქავე მრავალნი წყლულებანი მოაწინეს ცოდვილთა ზედა, რაჲთამცა აღუსუბუქდა მათ საუკუნოჲ იგი სატანჯველი.

 

მოციქულისაჲ.(2) და ერთი იგი წარვიდა და დასთხია ლანკნაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა, და იქმნა შალალი ბოროტი კაცთა ზედა, რომელთაცა აქუნდა ბეჭედი იგი მჴეცისაჲ მათ ზედა; და თაყუანის-სცეს ხატსა მისსა.

 

თარგმანი. რამეთუ მოვიდენ წყლულებანი ბოროტნი მაშინ, და გულსა მათსა ელმოდის დიდად სალმობითა მწარითა, რაჟამს ესრჱთ იტანჯებოდიან, და ვერარას არგებდეს მათ ანტჱ მათ მიერ ღმრთად აღსაარებული.

 

მოციქულისაჲ.(3) და მეორემან დასთხია ზღუასა ზედა, და იქმნა სისხლი, ვითარცა მკუდრისაჲ; და ყოველი სული, რომელი იყო ზღუასა შინა, მოკუდა.

 

თარგმანი. კლვათა მათთჳს იტყჳს დიდთა, რომელნი მეფობასა ანტესსა იქმნენ, რაჟამს-იგი გოგ და მაგოგ აღიძრნენ. და სხუანი მრავალნი კლვანი იქმნებოდიან ადგილდ-ადგილდ. და მაშინ ზღუაჲ მას შინა ნავთა ბრძოლითა და ურთიერთას კლვითა შეიგინოს და მდინარენი ეგრჱთვე.

 

მოციქულისაჲ.(4-6) და მესამემან დასთხია მდინარეთა ზედა და წყაროთა ზედა წყალთასა, და გარდაიქცეს სისხლად. და მესმა ანგელოზისა მის წყალთაჲსა, რომელი იტყოდა: მართალ ხარ, რომელი-ეგე ხარ და იყავ წმიდა, რამეთუ ესე ჰსაჯე. რამეთუ სისხლი წმიდათა და წინაწარმეტყუელთაჲ დასთხიეს. და სისხლი ასუ მათ, რამეთუ ღირს არიან.

 

თარგმანი. და აწცა ჩანს, ვითარმედ ყოველთა ნივთთა ზედა ანგელოზნი არიან ვითარცა პირველ ვთქუთ, რომელთაგანი ერთი არს წყალთა ზედა, რომელიცა ჰმადლობდა ღმერთსა ღირსებით მოწევნისა მისთჳს რისხვისა, რამეთუ სისხლი ასუა ბოროტთა მათ, რამეთუ მაშინცა იქმნას გარდაქცევაჲ წყალთაჲ სისხლად ენუქ და ელიაჲს მიერ, ვითარცა პირველ მოსჱს ზე. ხოლო წინაწარმეტყუელად იტყჳს მის ჟამისა წმიდათა, რამეთუ მრავალნი მოთმინებისათჳს მათისა წინაწარმეტყუელებისა მადლსა ღირს იქმნნენ, რომელნიცა მოსწყჳდნენ უშჯულოთა მათ.

 

მოციქულისაჲ.(7) და მესმა საკურთხეველისაჲ, რომელი იტყოდა: ჰე, უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო, მართალ და ჭეშმარიტ არიან სასჯელნი შენნი.

 

თარგმანი. საკურთხეველად ოდესმე ქრისტეს იტყჳს, რამეთუ მის ზედა და მის მიერ შეიწირვიან მამისა ყოველნი შესაწირავნი და ცხოველნი მსხუერპლნი, ხოლო ოდესმე ანგელოზთა იტყჳს, რომელთა მიერ შეიწირვიან ჩუენნი ლოცვანი ღმრთისა, და ამის ესევითარისა მჴედრობისაგან ანგელოზთაჲსა ესმა მადლობაჲ ღმრთისაჲ სიმართლისათჳს სასჯელთა მისთაჲსა.

 

მოციქულისაჲ.(8-9) და მეოთხემან ანგელოზმან დასთხია მზესა ზედა, და მიეცა მას ცეცხლითა დაწუვაჲ კაცთაჲ. და დაიწუნეს კაცნი სიცხითა დიდითა და ჰგმობდეს კაცნი სახელსა ღმრთისასა, რომელსა-იგი აქუს ჴელმწიფებაჲ წყლულებათა ზედა მათთა, და არა შეინანეს, რაჲთამცა მისცეს მას დიდებაჲ.

 

თარგმანი. რამეთუ ხილულად მიეცეს მაშინ მზესა სიცხჱ, რაჲთა სწუვიდეს კაცთა, რამეთუ ღმერთი ჭიმითა და აღჳრითა უქცევდეს ღაწუთა მათთა, რომელნი მისგან განეშორნეს, რაჲთამცა მოიქცეს და შეინანეს და მოიძულეს ცოდვაჲ, ვითარცა დედაჲ სალმობათაჲ. არამედ მათ მოქცევისა წილ უფროჲსად გმობაჲ მოიგონ და იტყოდიან, ვითარმედ: უწყალო არს იგი, რამეთუ ესევითარნი ჭირნი ჩუენ ზედა მოაწინა.

 

მოციქულისაჲ.(10-11) და მეხუთემან დასთხია საყდარსა ზედა მის მჴეცისასა, და იქმნა მეფობაჲ მისი დაბნელებულ. და იცოხნიდეს ენათა მათთა ტკივილისაგან და ჰგმობდეს ღმერთსა ცათასა ტკივილთა მათთაგან და წყლულებათა, და არა შეინანეს საქმეთა მათთაგან.

 

თარგმანი. დათხევაჲ ლანკნისაჲ მის საყდარსა ზედა მჴეცისასა მოასწავებს ესევითარისა მის რისხვისა მეფობასა ზედა ანტჱსსა მოსლვად, რაჲთა დაბნელდეს იგი, რამეთუ მზჱ სიმართლისაჲ მის ზედა არა ბრწყინვიდეს. ხოლო ენათა ცოხნაჲ გარდამატებულთა მათ ჭირთა და სალმობათა სახჱ არს, რომელნი მის მიერ ცთუნებულთა ზედა მოიწინენ, რაჲთამცა ცნეს, ვითარმედ მაცთური არს იგი, და განეშორნეს. ხოლო იგინი სინანულისა წილ გმობადვე მიდრკენ.

 

მოციქულისაჲ.(12) და მეექუსემან დასთხია მდინარესა ზედა დიდსა ევფრატსა. და განჴმა წყალი მისი, რაჲთა განემზადოს გზაჲ მეფეთაჲ მათ, აღმოსავალით მზისაჲთ მომავალთაჲ.

 

თარგმანი. რამეთუ წყალი დიდისა მის მდინარისა ევფრატისაჲ დამცირდეს, რაჲთა გამოჰვლიდენ მეფენი იგი მბრძოლნი ქუეყანისანი. ხოლო ვინაჲთგან ანტჱ აღმოსავალისა კერძოთაგან ქუეყანით სპარსეთისაჲთ, სადა-იგი არს ნათესავი დანისი, ძირისაგან ჰურიათაჲსა გამოვიდეს და სხუათა თანა მთავართა დიდთა, რომელთა აქუნდეს სახელი მეფობისაჲ, გამოვლოს ევფრატი და მოართუას კაცთა სიკუდილი სულიერი და ჴორციელი, რამეთუ ერთი ესე წმიდათა და მეორჱ იგი მორჩილთა მისთაჲ.

 

მოციქულისაჲ.(13) და ვიხილენ პირისაგან ვეშაპისა და პირისაგან მჴეცისა და პირისაგან ცრუ-წინაწარმეტყუელისა სამნი სულნი არაწმიდანი, ვითარცა მყუარნი.

 

თარგმანი. ეშმაკსა და ანტეს და წინამორბედსა მისსა იტყჳს, რომელთაგან გამოვიდენ სამნი სულნი, მსგავსნი მყუართანი, საძაგელებისათჳს მათისა და ნოტიათა მათ გულის-თქუმათა სიყუარულისა. ხოლო ესე სახჱ არს სასწაულთაჲ მათ, რომელნი ეშმაკისა და ანტეს და ცრუ-წინაწარმეტყუელისა მის პირითა იქმნენ.

 

მოციქულისაჲ.(14) რამეთუ არიან სულნიცა საეშმაკონი, მოქმედნი სასწაულთანი, რომელნი გამოვლენ მეფეთა ზედა ქუეყანისათა შემოკრებად მათდა ბრძოლასა მას დიდისა მის დღისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა.

 

თარგმანი. სასწაულითა მით მათითა უგუნურნი დაარწმუნნენ, რაჲთა მბრძოლ ღმრთისა იქმნენ, რომელნიცა იძლინენ და სატანჯველთა მძჳნვარეთა შეცჳვენ. და მაშინ ცნან, თუ ვითარ შესცთეს.

 

მოციქულისაჲ.(15-16) აჰა ესერა მოვალ, ვითარცა მპარავი. ნეტარ არს, რომელმან იღჳძოს და დაიმარხოს სამოსელი თჳსი, რაჲთა არა შიშულად ვიდოდის, და ჰხედვიდენ უშუერებასა მისსა. და შემოკრიბნა იგინი ადგილსა მას, რომელსა ეწოდების ებრაელებრ მაგედონ.

 

თარგმანი. მღჳძარებაჲ და დაცვაჲ სამოსლისაჲ კეთილთა საქმეთა ზედა მოსწრაფებაჲ არს, რამეთუ ესე არიან სამოსელნი წმიდათანი. ხოლო რომელნი მათგან შიშუელ იყვნენ, მათი სირცხჳლი განქიქებულ იყოს. ხოლო მაგედონ ითარგმანების: განკუეთაჲ, რამეთუ მუნ შეკრბენ მბრძოლნი იგი წარმართთანი ეშმაკისა მიერ და მუნ მოსწყდენ.

 

მოციქულისაჲ.(17-18) და მეშჳდემან ანგელოზმან დასთხია ლანკნაჲ თჳსი ჰაერსა ზედა, და გამოჴდა ჴმაჲ დიდი ტაძრისაგან ზეცათაჲსა და საყდრისაგან, რომელი იტყოდა, ვითარმედ: იქმნა. და იქმნეს ელვანი და ქუხილნი და ძრვაჲ დიდი, რომელი არღა ქმნულ იყო.

 

თარგმანი. ანგელოზებრივი ჴმაჲ ზეცით მოიწია, რომელი იტყოდა, ვითარმედ იქმნაო, ესე იგი არს, ვითარმედ აღესრულა ბრძანებაჲ ღმრთისაჲ. ხოლო ქუხილნი და ელვანი მაშინდელთა საქმეთა საშინელებასა მოასწავებენ. და ძრვაჲ შეცვალებაჲ საქმეთაჲ არს.

 

მოციქულისაჲ.(19) და განიყო ქალაქი იგი დიდი სამად, და ქალაქნი წარმართთანი დაეცნეს.

 

თარგმანი. ქალაქად დიდად იერუსალჱმსა გულისჴმა-ვჰყოფთ, რომელი დიდ იქმნა ქრისტჱს ვნებითა მას შინა. ხოლო მაშინ სამად განიკუეთოსო, ესე იგი არს: ქრისტეანენი და ჰურიანი და მწვალებელნი; და ჰბრძოდინ ურთიერთას, რამეთუ აწ მეფეთა მიერ მორწმუნეთა ჰურიანი და მწვალებელნი უძლურ არიან, ხოლო მაშინ ყოველნივე თჳსსა სარწმუნოებასა ჰბრძოდიან დამტკიცებად. და ქალაქნი წარმართთანი დაეცნესო, ესე მოასწავებს მოკლებასა მრავალთა წარმართთა მეფობისასა.

 

მოციქულისაჲ.(19) და ბაბილონი დიდი მოჴსენებულ იქმნა წინაშე ღმრთისა მიცემად მისა სასუმელი იგი ღჳნისაჲ გულის-წყრომისა რისხვისა მისისაჲ.

 

თარგმანი. და შერეულმან მან მრავალთა ბოროტთაგან სიმრავლემან კაცთამან მიიღოს რისხვისა ღმრთისა სასუმელი, რომელი არღა მიეღო სულგრძელებითა ღმრთისაჲთა.

 

მოციქულისაჲ.(20) და ყოველი ჭალაკი ლტოლვილ იქმნა, და მთანი არა იპოვნეს.

 

თარგმანი. ჭალაკად ეკლესიათა იტყჳს და მთად – წინამძღუართა მისთა, რომელნი ივლტოდიან ჭირისა მისთჳს დიდისა მათ ჟამთაჲსა.

 

მოციქულისაჲ.(21) და სეტყუაჲ დიდი მოვიდა კაცთა ზედა და გმეს კაცთა სახელი ღმრთისაჲ წყლულებისა მისგან სეტყჳსა მის, რამეთუ დიდ არს ფრიად.

 

თარგმანი. სეტყუაჲ ზეცით მომავალი ღმრთისა მიერ უკეთურთა ზედა მომავალსა რისხვასა მოასწავებს. ხოლო რომელ ჰგმეს სახელი ღმრთისაჲ მისისა წყლულებისაგან, მათსა მას გულ-ფიცხლობასა და უნანელობასა აჩუენებს.

 

 

წინა - სარჩევი - შემდეგი