მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ანდრია კესარიელი
იოანეს გამოცხადების განმარტება

 

15

 

მოციქულისაჲ.(1) და ვიხილე სხუაჲ სასწაული ცათა შინა დიდი და საკჳრველი: ანგელოზნი შჳდნი, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი წყლულებანი უკუანაჲსკნელნი, რამეთუ მათ წყლულებათა ზედა აღესრულა გულის-წყრომაჲ ღმრთისაჲ.

 

თარგმანი. ყოვლადვე მეშჳდესა რიცხუსა იტყჳს. და აწ აქაცა შჳდთა მათ დღეთა შინა ქმნულთათჳს ცოდვათა შჳდთა წყლულებათა შჳდთა ანგელოზთა მიერ მოწევნადთა იტყჳს.

 

მოციქულისაჲ.(2) და ვიხილე, ვითარცა ზღუაჲ ჭიქისაჲ შერეული ცეცხლითა. და რომელთაცა სძლიან ხატსა მას და მჴეცსა და რიცხუსა მას სახელისა მისისასა, მდგომარე იყვნეს ზღუასა მას ზედა ჭიქისასა და აქუნდა ათძალები ღმრთისაჲ.

 

თარგმანი. ზღუად ჭიქისად გულისჴმა-ვჰყოფთ სიმრავლესა მას ცხოვნებულთასა და საუკუნისა ცხორებისა სიწმიდესა და წმიდათა ბრწყინვალებასა. ხოლო ცეცხლსა აღრეულსა მას ვიტყჳთ, რომელი თქუა მოციქულმან პავლე, ვითარმედ: თითოეულისა საქმჱ ვითარიცა იყოს, მან ცეცხლმან გამოცადოს, რამეთუ წმიდათა და შეუგინებელთა სულითა არარაჲ ავნოს მან ცეცხლმან, არამედ უფროჲსად განაბრწყინვნეს, რამეთუ განიკუეთების იგი ჴმითა უფლისაჲთა, ვითარცა მეფსალმუნჱ იტყჳს, და დამწუველი იგი ძალი მისი ცოდვილთა მიეცეს, ხოლო განმანათლებელი – მართალთა, ვითარცა დიდმან ბასილი გულისჴმა-ყო. ხოლო ათძალნი მოასწავებენ ჴორციელთა ასოთა მოკუდინებასა, და ჴმა-ტკბილი იგი ცხორებაჲ, რომელი ერთობითა სათნოებათაჲთა გამოიღებნ საწადელსა მას ჴმასა მადლისა მიერ სულისა წმიდისა.

 

მოციქულისაჲ.(3) და გალობენ გალობასა მოსეს, მონისა ღმრთისასა, და გალობასა მას კრავისასა და იტყჳან: დიდ და საკჳრველ არიან საქმენი შენნი, უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო; მართალ და ჭეშმარიტ არიან გზანი შენნი, მეუფეო წმიდათაო.

 

თარგმანი. მოსჱს გალობისა მიერ უწინარჱს ქრისტჱს მოსლვისა ყოფილთა მართალთა გალობაჲ გულისჴმა-იყოფების. ხოლო გალობითა კრავისაჲთა იგინი გულისჴმა-იყოფებიან, რომელნი შემდგომად ქრისტჱს მოსლვისა გამოჩნდეს მართალნი, და დაუცხრომელი იგი მადლობაჲ მათი ღმრთისა მიმართ ქველის-მოქმედებათა და მადლთა მისთათჳს, რომელნი ქმნნა ნათესავსა ზედა ჩუენსა.

 

მოციქულისაჲ.(5-6) და შემდგომად ამისა ვიხილე, რამეთუ განეღო ტაძარი კარვისა მის საწამებელისაჲ ცათა შინა. და გამოვიდეს შჳდნი იგი ანგელოზნი, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი წყლულებანი, და ემოსა მათ სამოსელი სელისაჲ წმიდაჲ და ბრწყინვალჱ, და მკერდთა მათთა ზედა სარტყლები ოქროჲსაჲ.

 

თარგმანი. კარვად ცათა აქა იტყჳს მას, რომლისა მიმსგავსებულად უბრძანა ღმერთმან მოსეს კარვისა ქმნაჲ. და ამის ესევითარისა კარვისაგან გამოვიდეს შჳდნი იგი ანგელოზნი, შემოსილნი სამოსლითა წმიდითა, სიწმიდისათჳს ბუნებისა მათისა, და შერტყმულნი სარტყლითა მოსწრაფებისათჳს მათისა მსახურებისა მიმართ საღმრთოჲსა.

 

მოციქულისაჲ.(7) და ერთმან მან ცხოველთაგანმან მისცნა შჳდთა მათ ანგელოზთა შჳდნი ლანკნანი ოქროჲსანი, სავსენი გულის-წყრომითა ღმრთისაჲთა, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე.

 

თარგმანი. რომელ-ესე იტყჳს, თუ: ოთხთა მათ ცხოველთაგან მიიღესო ანგელოზთა მათ ლანკნები იგი სავსეები გულის-წყრომითა უფლისაჲთა, ესე მოასწავებს პირველთა დასთაგან მეორეთა მიმართ გარდამოსლვასა, გულისჴმის-ყოფასა და საქმეთა ზეცისათა, სიტყჳსაებრ დიდისა დიონოსისა.

 

მოციქულისაჲ.(8) და აღივსო ტაძარი იგი კუამლითა დიდებისაგან ღმრთისა და ძლიერებისაგან მისისა.

 

თარგმანი. კუამლისა მიერ საშინელებასა და საზარელობასა რისხვისა მის ღმრთისა, ცოდვილთა ზედა განმზადებულისა, გულისჴმა-ვჰყოფთ, რომლისა მიერ აღივსო ტაძარიო, რომელი გამოვიდეს ჟამსა სასჯელისასა ღირსთა მათ ზედა რისხვათა.

 

მოციქულისაჲ.(8) და ვერვინ შემძლებელ იყო შესლვად ტაძარსა, ვიდრემდის აღესრულნეს შჳდნი იგი წყლულებანი შჳდთა მათ ანგელოზთანი.

 

 

წინა - სარჩევი - შემდეგი