მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ანდრია კესარიელი
იოანეს გამოცხადების განმარტება

 

12

 

მოციქულისაჲ.(1) და სასწაული დიდი გამოჩნდა ცათა შინა: დედაკაცი, რომელსა ემოსა მზჱ, და მთოვარჱ იყო ქუეშე ფერჴთა მისთა, და თავსა ზედა მისსა გჳრგჳნი ვარსკულავთა ათორმეტთაჲ.

 

თარგმანი. დედკაცი ესე, რომელსა ემოსა მზჱ, არს ეკლესიაჲ, რომელსა ჰმოსიეს მზჱ იგი სიმართლისაჲ – ქრისტე. და გჳრგჳნი ათორმეტთა მათ მოციქულთა სწავლისაჲ არქჳა თავსა ზედა მისსა. და სარწმუნოებაჲ არს ქუეშე მისსა, რომლისა სახჱ არს მთოვარჱ, რამეთუ ნოტია არს ყოვლითურთ ბუნებაჲ მისი და ამისთჳს სახჱ არს ნათლის-ღებისაჲ, რომელი-იგი ზღუად წოდებულ არს, ნათელ-ღებულთა მათ განმბანელ და ეშმაკთა დამთქმელ.

 

მოციქულისაჲ.(2) და მუცლად-ეღო და ღაღადებდა, რამეთუ ელმოდა და იგუემებოდა შობად.

 

თარგმანი. ყოველსავე ზედა კაცსა, რომელსა ეგულებოდის შობად წყლისაგან და სულისა, ელმის ეკლესიასა და იჭირვის, ვიდრემდე გამოჩნდეს ქრისტე შობადსა მას ზედა, და იქმნას მშჳნვიერი იგი სულიერ და შეიმოსოს ხატი იგი პირველი.

 

მოციქულისაჲ.(3) და იხილვა სხუაჲ სასწაული ცათა შინა. და აჰა ვეშაპი ცეცხლისაჲ დიდი, რომელსა ედგნეს შჳდნი თავნი და ათნი რქანი, და თავთა მისთა ზედა შჳდნი გჳრგჳნნი.

 

თარგმანი. ცად ამას ადგილსა ჰაერსა იტყჳს, ხოლო ვეშპად – ეშმაკსა, და ცეცხლისად – კაცის-მკლველობისათჳს მისისა და სისხლთა ზედა სიხარულისა, გინა თუ ცეცხლის-ფერობისათჳს ანგელოზთა ბუნებისა, დაღაცათუ მათგან დაეცა. და შჳდნი თავნი შჳდნი იგი ძალნი მისნი ბოროტნი, რომელთათჳს თქუა ქრისტემან, ვითარმედ: დაიმკჳდრონ კაცისა თანა, რომლისა გული განწმედილი არნ ცარიელი კეთილთაგან საქმეთა. ხოლო ათნი რქანი ათთა მათ რჩულისა მცნებათა წინააღმდგომნი ცოდვანი და სრულ-მყოფელნი საეშმაკოჲსა საქმისანი, რამეთუ რიცხჳ იგი მეათჱ სრულ არს. და შჳდნი გჳრგჳნნი თავსა ზედა მისსა მოასწავებენ ძლევისა მისისა კაცთა მომართ სამკაულსა; და რომელნიცა ცოდვასა შინა განმარჯვებულ და მძლე იყვნენ, მათ გჳრგჳნთა მიერ გჳრგჳნოსან იქმნებიან.

 

მოციქულისაჲ.(4) და კუდი მისი მიითრევდა მესამედსა ვარსკულავთასა, და გარდამოყარნა ქუეყანად.

 

თარგმანი. ესე პირველსა დაცემასა მისსა ზეცით იტყჳს. და სიმრავლჱ იგი ანგელოზთა – რომელნი გარდამოსთხინა თავისა თჳსისა თანა.

 

მოციქულისაჲ.(4-5) და ვეშაპი იგი დგა წინაშე დედაკაცისა მის, რომელსა ეგულებოდა შობად, რაჲთა, ოდეს შვეს, შთანთქას შვილი მისი. და შვა მან ძჱ წული.

 

თარგმანი. მარადის განდგომილი იგი წინაშე ეკლესიისა დგას, რაჲთა რომელნი-იგი იშვებიან მის მიერ მორწმუნენი, შეჭამნეს, და ეკლესიისა მიერ ქრისტესცა სდევნის, რომელი-იგი არს თავი ყოველთა მორწმუნეთაჲ. და ამისთჳსცა სავლეს არა ჰრქუა, თუ: რად სდევნი მორწმუნეთა, არამედ: რაჲსა მდევნი მეო. ხოლო წული არს ერი იგი, ძჱ ეკლესიისაჲ, რამეთუ გულის-თქუმათა მიერ არა შეიგინების, არამედ ახოვნად წინა-აღუდგების მათ.

 

მოციქულისაჲ.(5) რომელსა ეგულების მწყსაჲ ყოველთა წარმართთაჲ კუერთხითა მით რკინისაჲთა.

 

თარგმანი. მარადის თითოეულისა მორწმუნისა მიერ ქრისტესა შობს ეკლესიაჲ, რომელი-იგი გამოისახვის მორწმუნეთა შორის, რომელი-იგი ჰმწყსის წარმართთა, ვითარცა კუერთხითა რკინისაჲთა, და ჰმწყსიდესცა მერმესა მას აღდგომასა, რაჟამს მსაჯულად დაადგინნეს სარწმუნოებითა მსგავსად რკინისა მტკიცენი იგი უძლურთა ზედა სულთა, რომელთა ვერ დაიტიეს ახალი იგი ღჳნოჲ სარწმუნოებისაჲ.

 

მოციქულისაჲ.(5-6) და წარტაცებულ იქმნა შვილი იგი მისი ღმრთისა მიმართ და საყდრისა მიმართ მისისა. და დედაკაცი იგი ივლტოდა უდაბნოდ, სადა-იგი აქუს მუნ ადგილი განმზადებული ღმრთისა მიერ, რაჲთა მუნ გამოზარდონ იგი ათას ორას სამეოც დღე.

 

თარგმანი. რამეთუ მათ დღეთა შინა ანტჱს ბოროტისათა, რაჟამს ესრჱთ ეკლესიაჲ იდევნებოდის, თავნი იგი და დიდნი სულითა ივლტოდიან უდაბნოდ, ვითარცა პირველ მოწამენი, და მუნ იყოფოდიან სამსა მას და ნახევარსა წელსა, რომელი იქმნების ათას ორას სამეოცისა დღისა მიერ, რომელსა შინა იყოს განსაცდელი იგი.

 

მოციქულისაჲ.(7-8) და იქმნა ბრძოლაჲ ცათა შინა: მიქაელ და ანგელოზნი მისნი ჰბრძოდეს ვეშაპსა მას, და ვეშაპი და ანგელოზნი მისნი ჰბრძოდეს მათ. და ვერ შეუძლო და არცა ეპოვა მას ადგილი ცათა შინა.

 

თარგმანი. და ესეცა პირველისა მის დაცემისა მისისათჳს არს და მეორისათჳსცა, რაჟამს დაეცა ვნებითა უფლისაჲთა, რომელი გარდამოვარდა ზეცით ამპარტავანებისაგან და შურისა მისისა, რომლისა ამპარტავანებასა ვერ თავს-იდებდეს ანგელოზნი მთავარსა მათსა მიქაელს თანა და ამისთჳს გარდამოაგდეს ღმრთისა ბრძანებითა, ვითარცა იეზეკიელ იტყჳს: ქერობინთა მიერ გამოიდევნა იგი შორის ქვათა ცეცხლისათა, რომელ არიან მჴედრობანი ანგელოზთანი, რამეთუ იპოვა მის თანა უშჯულოებაჲ. და კუალად ჯუარ-ცუმასა უფლისასა სრულიად დაეცა იგი, ვითარცა უფალმან თქუა, ვითარმედ: აწ საშჯელი არს სოფლის-მპყრობელისაჲ, აწ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ განიდევნოს თჳსისა მის მძლავრებისაგან. ხოლო ესე საცნაურ იყავნ, ვითარმედ შემდგომად ხილულისა ამის სოფლისა დაბადებისა გარდამოვარდა ზეცით ეშმაკი თჳსითა ამპარტავანებითა და შურითა, რომლისადა ჰაერთა ერისთვობაჲ რწმუნებულ იყო პირველ, ვითარცა მოციქული იტყჳს. და კუალად დიდი დიონოსი იტყჳს, რაჟამს ანგელოზთათჳს იტყოდა, ვითარმედ: რომელთამე მათგანთა წესიერობისა მის ქუეყანისა მთავრობაჲ მისცა და კეთილად მთავრობად ამცნო, არამედ არად მოჰჴდა აღსრულებაჲ მათისა მჴედრობისაჲ.

 

მოციქულისაჲ.(9) და გარდამოვარდა ვეშაპი იგი დიდი, გუელი იგი დასაბამისაჲ, რომელსა ეწოდების ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა; გარდამოვარდა ქუეყანად და ანგელოზნი მისნი მის თანა გარდამოვარდეს.

 

თარგმანი. რამეთუ ვერ თავს-იდებდა ცაჲ გონებასა მას ბოროტსა, რამეთუ ბნელისაჲ ნათლისა თანა ზიარებაჲ არა არს. ხოლო ეშმაკი გამოითარგმანების: შემასმენელ, რამეთუ შემასმენელი არს სათნოებათაჲ და კაცთაჲ და ღმრთისაჲცა, ვითარცა-იგი ადამის თანა შეასმენდა, ვითარმედ: გეშურებისო. ხოლო სატანა გამოითარგმანების: წინააღმდგომ, რამეთუ წინააღმდგომ არს ღმრთისაცა და კაცთა. ხოლო სრულიად დაცემაჲ მისი იქმნა შემდგომად ჯუარ-ცუმისა, ვითარცა მან თჳთ აღუვარა მამასა ანტონის აღსრულებად მის ზედა სიტყუასა მას ფსალმუნისასა, ვითარმედ: მტერისა მახჳლსა მოაკლდა სრულიად. დაცემაჲ უკუე მისი არს ბოროტთა მათ ჴელოვნებათა მისთა დარღუევაჲ.

 

მოციქულისაჲ.(10) და მესმა ჴმაჲ დიდი ცათა შინა, რომელი იტყოდა, ვითარმედ: აწ იქმნა ძალი და სუფევაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ და ჴელმწიფებაჲ ქრისტჱს მისისაჲ, რამეთუ გარდამოვარდა შემასმენელი ძმათა ჩუენთაჲ, რომელი შეასმენდა მათ წინაშე ღმრთისა ჩუენისა დღე და ღამე.

 

თარგმანი. შემასმენელობამან მისმან, რომელ აქუს კაცთათჳს, სახელ სდვა მას ესე სახელი. ამისთჳსცა იხარებენ ანგელოზნი დაცემასა ზედა მისსა.

 

მოციქულისაჲ.(11-12) და მათ სძლეს მას სისხლითა მით კრავისაჲთა და სიტყჳთა წამებისა მისისაჲთა და არა შეიყუარნეს სულნი მათნი ვიდრე სიკუდილადმდე. ამისთჳს იხარებდით ცანი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა. ვაჲ არს ქუეყანისა და ზღჳსა, რამეთუ გარდამოჴდა ეშმაკი თქუენდა მომართ, სავსჱ გულის წყრომითა დიდითა.

 

თარგმანი. დაღაცათუ იგი მარადის შეასმენს მათ მორჩილთა თჳსთა მიმართ, არამედ მათ სძლეს მას ქრისტჱსთჳს ვნებითა, ხოლო სიხარული უჴმს ცათა მისისა დაცემისათჳს. ხოლო ვაჲ არს მკჳდრთა ქუეყანისათაო, ესე იგინი არიან, რომელთა მოქალაქობაჲ არა ცათა შინა არს, არამედ ქუეყანასა ზედა და მიწისაგან. თუ არა, მრავალთა ქუეყანასა ზედა მყოფთა სძლეს ეშმაკსა, გარნა ესე მათთჳს იტყჳს ვაებასა, რომელთა გონებაჲ ქუეყანასა ზედა არს და სოფლისა ზღუასა შინა იღელვებიან.

 

მოციქულისაჲ.(13-14) და რაჟამს იხილა ვეშაპმან მან, ვითარმედ გარდამოვარდა ქუეყანად, დევნა-უყო დედაკაცსა მას, რომელმან შვა ძჱ იგი წული. და მიეცნეს დედაკაცსა მას ორნი ფრთენი არწივისა მის დიდისანი, რაჲთა ფრინვიდეს უდაბნოდ ადგილსა მისსა, რაჲთა გამოიზარდოს მუნ წელსა და წელთა და კერძოსა წელიწდისასა პირისაგან გუელისა მის.

 

თარგმანი. რაჟამს ეშმაკი იძლია ქრისტჱს მიერ და სრულიად დაეცა, მაშინ დევნა-უყო ქრისტჱს ეკლესიასა, რომელი არს მშობელი მორწმუნეთაჲ. არამედ მიეცნეს მას ორნი იგი აღთქუმანი ძუელისა და ახლისა შჯულისანი, რამეთუ ესე არიან არწივისა ფრთენი, რაჲთა ფრინვიდეს და იქცეოდის უდაბნოთა შინა, რომელ არს მოქალაქობაჲ უცხოჲ ყოვლისაგან ცოდვისა. და ესრჱთ იყოს მარადის და უფროჲსად სამსა მას და ნახევარსა წელიწადსა ანტჱს დღეთასა, რამეთუ ესე არს წელი და წელნი და კერძოჲ წელიწდისაჲ – ერთი წელიწადი და ორნი წელნი და კერძოჲ წელიწდისაჲ, რომელ არს სამი და ნახევარი წელი.

 

მოციქულისაჲ.(15-16) და აღმოასხა გუელმან პირით თჳსით შემდგომად დედაკაცისა მის წყალი, ვითარცა მდინარჱ, რაჲთამცა წარიღო იგი მდინარემან მან. და შეეწია ქუეყანაჲ დედაკაცსა მას, და აღაღო ქუეყანამან პირი თჳსი და შთანთქა წყალი იგი, რომელი აღმოასხა ვეშაპმან პირით თჳსით.

 

თარგმანი. რაჟამს-იგი ივლტოდის ეკლესიაჲ პირისა მისისაგან, მაშინ ეშმაკმან თჳსისა ჭურჭლისა ანტჱს მიერ წყალი აღმოასხას, რომელ არს ბრძანებაჲ მისი და წარვლენაჲ მის ზედა კაცთა უკეთურთაჲ და განსაცდელთა მრავალთაჲ. ხოლო ქუეყანაჲ შეეწიაო. ქუეყანად იტყჳს სიმდაბლესა მას წმიდათასა, რომელმან განაქარვნეს ყოველნი ღონენი ეშმაკისანი.

 

მოციქულისაჲ.(17) და განრისხნა ვეშაპი იგი დედაკაცისა მისთჳს და წარვიდა ბრძოლისა-ყოფად სხუათა მათ თანა თესლისა მისისათა, რომელნი იმარხვენ მცნებასა ღმრთისასა და აქუს წამებაჲ იესუჲსი.

 

თარგმანი. რაჟამს თავნი იგი ეკლესიისა მოძღუარნი უდაბნოდ განერნენ და ვერ ეწიოს მათ ანტჱ, მაშინ ყოს ბრძოლაჲ მისი, რომელნი სოფელსა შინა იყვნენ. ხოლო მრავალთა ესრჱთცა სძლონ მას.

 

 

წინა - სარჩევი - შემდეგი