მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ანდრია კესარიელი
იოანეს გამოცხადების განმარტება

 

5

 

მოციქულისაჲ.(1) და ვიხილე მარჯუენით საყდართა ზედა მჯდომარისა მის წიგნი, დაწერილი შინაგან და გარეგან, დაბეჭდული ბეჭდითა შჳდითა.

 

თარგმანი. წიგნად გულისჴმა-ვჰყოფთ სიღრმესა მას ღმრთისა სასჯელთასა, რომელსა შინა ყოველნივე შთაწერილ არიან სიტყჳსაებრ დავითისა. ხოლო გარეგნით წერილ არიან სასჯელნი ღმრთისანი, რომელთაჲ-იგი შესაძლებელ არს გულისჴმის-ყოფაჲ, ხოლო შინაგან წერილ არიან სასჯელნი იგი და საქმენი ღმრთისანი, დაფარულნი ყოველთაგან დაბადებულთა. ხოლო შჳდთა ბეჭედთა გულისჴმა-ვჰყოფთ ძალთა მათ და განგებულებათა წმიდისა სულისათა, რომელი გამოეძიებს ყოველთავე სიღრმეთა, რომელთა განჴსნად ვერცა ერთი დაბადებულთაგანი შემძლებელ არს.

 

მოციქულისაჲ.(2-3) და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, რომელი ქადაგებდა ჴმითა დიდითა, ვითარმედ: ვინ-მე ღირს არს განღებად წიგნისა მის და განჴსნად ბეჭედთა მისთა? და ვერვინ შემძლებელ იყო ცათა შინა, არცა ქუეყანასა ზედა, არცა უფსკრულთა განღებად წიგნისა მის, არცა მიხედვად მისა მიმართ.

 

თარგმანი. ამის მიერ გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ ვერცა ანგელოზნი, ვერცა კაცნი, რომელნი ჴორცთა შინა არიან, არცა რომელნი ჴორცთაგან განსრულ არიან წმიდანი, შემძლებელ არიან მიხედვად სასჯელთა და საქმეთა ღმრთისათა, გარნა კრავი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნა ცოდვანი სოფლისანი.

 

მოციქულისაჲ.(4) და მე ვტიროდე ფრიად, რამეთუ არავინ იპოვა, რაჲთამცა განეღო წინგი იგი, ანუმცა მიეხედნეს მისა.

 

თარგმანი. ამისთჳს ტიროდა, ვითარ მე ვჰგონებ, რამეთუ მოეგონა, თუ ვითარ წმიდაჲ იგი ანგელოზთა ბუნებაჲცა უგულისჴმოებად მოსრულ არს.

 

მოციქულისაჲ.(5) და ერთმან მღდელთაგანმან მრქუა მე: ნუ სტირ, აჰა ესერა სძლო ლომმან თესლისაგან იუდაჲსისა, ძირმან დავითისმან, რომელმან აღაღოს წიგნი იგი და შჳდნი იგი ბეჭედნი მისნი.

 

თარგმანი. დაღაცათუ ანგელოზთა მიერ მიუწდომელ არიანო სასჯელნი ღმრთისანი, არამედ ღმერთმან ყოველივე უწყის, რომელი-იგი კაცთათჳს განჴორციელდა, რომელი არს ძირი დავითისი, რამეთუ ღმრთეებით მისი აღმომაცჱნებელი არს, ხოლო კაცებითა მისითა მისისა ძირისგან აღმოსრული.

 

მოციქულისაჲ.(6) და ვიხილე შორის საყდრისა და ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთაჲსა კრავი მდგომარჱ, ვითარცა დაკლული. და აქუნდეს შჳდნი თუალნი და შჳდნი რქანი, რომელ არიან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი, რომელნი მოივლინებიან ყოველსა ქუეყანასა.

 

თარგმანი. შჳდნი თუალნი და შჳდნი რქანი ქრისტჱსნი შჳდთა მათ ძალთა სულისა წმიდისათა მოასწავებენ, რომელ აჴსენნეს ესაია და ზაქარია წინაწარმეტყუელთა. ხოლო თუ ვითარცა დაკლულიო – გულისჴმა-გჳყოფს შემდგომად სიკუდილისა აღდგომასა მისსა, რომელსა თანა იყვნეს სახენი იგი ვნებისანი.

 

მოციქულისაჲ.(7-8) და მოვიდა და მიიღო მარჯუენისაგან საყდართა ზედა მჯდომარისა. და რაჟამს მიიღო წიგნი იგი, ოთხნი იგი ცხოველნი და ოც და ოთხნი მღდელნი დავარდეს წინაშე კრავისა მის. და აქუნდა თითოეულსა ათძალი და ლანკნანი ოქროჲსანი, სავსენი საკუმეველითა, რომელ არიან ლოცვანი წმიდათანი.

 

თარგმანი. ათძალნი ჴმა-ტკბილსა მას გალობასა მოასწავებენ, ხოლო საკუმეველნი სულნელნი იგი მორწმუნეთა კეთილნი საქმენი არიან და ლანკნანი სახე არიან გონებისა, რომლისაგან სულნელებაჲ საქმეთა კეთილთაჲ და ლოცვაჲ წმიდაჲ გამოვალს.

 

მოციქულისაჲ.(9-10) და გალობდეს გალობასა ახალსა და იტყოდეს: ღირს ხარ შენ მიღებად წიგნისა მის და აღებად ბეჭედთა მისთა. რამეთუ დაიკალ და გჳყიდენ ჩუენ ღმრთისა სისხლითა შენითა ყოვლისაგანვე თესლისა და ენისა და ერთა და წარმართთა. და ჰყვენ იგინი ღმრთისა ჩუენისა მეფედ და მღდელად. და სუფევდენ იგინი ქუეყანასა ზედა.

 

თარგმანი. და ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ მღდელნი იგინი არიან, რომელნი ძუელსა და ახალსა შჯულსა შინა ღმერთსა სათნო-ეყვნეს და ყოვლისა სოფლისათჳს მადლობასა შესწირვენ კრავისა ღმრთისა, რომელი ჩუენთჳს მოკუდა და გჳყიდნა ჩუენ. ხოლო ახალი არს გალობაჲ, რომელ-იგი ძუელისა მისგან შჯულისა და აჩრდილისა განვერენით და ვისწავეთ გალობად წმიდისა მიერ სულისა, რომელნი-ესე ყოველთაგან ერთა და თესლთა გჳყიდნა ქრისტემან. ხოლო მეუფედ ქუეყანისა მის ახლისა იტყჳს, რომელი აღუთქუა უფალმან მშჳდთა და წრფელთა გულითა.

 

მოციქულისაჲ.(11-13) და ვიხილე და მესმა, ვითარცა ჴმაჲ ანგელოზთა მრავალთაჲ გარემო საყდრისა და ცხოველთა და მღდელთაჲსა. და იყო რიცხჳ მათი ბევრნი ბევრთანი და ათასნი ათასთანი, რომელნი იტყოდეს ჴმითა დიდითა: ღირს არს კრავი იგი დაკლული მიღებად ძალისა და სიმდიდრისა და სიბრძნისა და პატივისა და დიდებისა და კურთხევისა. და ყოველთავე დაბადებულთაჲ, რომელნი არიან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა და უფსკრულთა და ზღუათა, და ყოველთაჲ, მესმა, რომელნი იტყოდეს: რომელი ზის საყდართა ზედა და კრავისა, კურთხევაჲ და პატივი და სიმტკიცჱ და დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 

თარგმანი. რამეთუ ყოველთაგან უხილავთა და ხილულთა, სულიერთა და უსულოთა ღმერთი იდიდების და მისი მხოლოდ-შობილი და თანა-არსი ძჱ, რომელმან განაახლა კაცი და ყოველი დაბადებული. დაღაცათუ წერილ არს კაცებისათჳს მისისა, ვითარმედ ღირს არს ყოვლისავე დიდებისა მიღებად, რომელი ბუნებითა ღმრთეებისაჲთა აქუს.

 

მოციქულისაჲ.(14) და ოთხთა მათ ცხოველთა თქუეს: ამენ. და მღდელნი იგი დავარდეს და თაყუანის-სცეს.

 

თარგმანი. ამის ყოვლისა მიერ ვსცნობთ, ვითარმედ ცაჲ და ქუეყანაჲ ერთ სამწყსო იქმნა ქრისტჱს მიერ, რომელმან-იგი შუვა კედელი ზღუდისაჲ დაარღჳა, რამეთუ აჰა ესერა გუესმის, ვითარმედ უზეშთაესსა მას დასსა თანა სერაბინთასა კაცნიცა იგი წმიდანი ღირს იქმნებიან გალობად ღმრთისა და თაყუანის-ცემად.

 

 

წინა - სარჩევი - შემდეგი