მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ანდრია კესარიელი
იოანეს გამოცხადების განმარტება

 

3

 

მოციქულისაჲ.(1) და ანგელოზსა სარდისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა ჰქონან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი და შჳდნი იგი ვარსკულავნი: ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ სახელი გაქუს და ცხოველ ხარ და მკუდარ ხარ.

 

თარგმანი. შჳდნი ვარსკულავნი, ვითარცა პირველ ვთქუთ, შჳდნი ანგელოზნი არიან, და შჳდნი სულნი ღმრთისანი მადლნი იგი სულისა წმიდისანი არიან, და ესე ყოველი ჴელსა შინა ქრისტჱსსა არს, რამეთუ ანგელოზნი უპყრიან, ვითარცა უფალსა მათსა. ხოლო სულისა წმიდისა მიმცემელი არს, ვითარცა თანა-არსი მისი. ხოლო აყუედრებს ეკლესიასა მას, ვითარმედ გაქუსო მცირედი სახელი ცხორებისა სარწმუნოებისაჲო, ხოლო კეთილთა საქმეთაგან მკუდარ ხარ.

 

მოციქულისაჲ.(2) იქმენ მღჳძარე და დაამტკიცენ სხუანი იგი, რომელთაჲ გეგულებოდა განგდებაჲ, რამეთუ არა მიპოვნიან საქმენი შენნი აღსრულებულად წინაშე ღმრთისა ჩემისა.

 

თარგმანი. იტყჳს, ვითარმედ ძილი იგი უდებებისაჲ განაგდე და ასონი შენნიო, რომელთა ეგულების ურწმუნოებითა სრულიად სიკუდილი, იგინი დაამტკიცენ, რამეთუ არა დასაბამი კეთილთა საქმეთაჲ და დაწყებაჲ მოატყუებს გჳრგჳნსა, არამედ აღსრულებაჲ.

 

მოციქულისაჲ.(3) იჴსენებდ, უკუეთუ ვითარ მიიღე და შეინანე, ხოლო უკუეთუ არა მღჳძარე იყო, მოვიდე შენ ზედა, ვითარცა მპარავი, და ვერ სცნა, რომელსა ჟამსა მოვიდე შენ ზედა.

 

თარგმანი. სწავლაჲ, რომელი მოციქულთაგან მიიღე, დაიმარხეო, და უდბებაჲ შენი შეინანე, და თუ არა, მოიწიოს ჟამი სიკუდილისაჲ ვითარცა მპარავი, და კუალად აღსასრული სოფლისაჲ, რომლისა ჟამი არავინ უწყის.

 

მოციქულისაჲ.(4) არამედ მცირედი სახელები გყავს სარდეს შინა, რომელთა არა შეუგინებიან სამოსელნი მათნი და ვიდოდიან იგინი ჩემ თანა სამოსლითა სპეტაკითა, რამეთუ ღირს არიან.

 

თარგმანი. ესე კეთილ არსო, რამეთუ გყვანან ვიეთნიმე, რომელნი არა შეგინებულ არიან შეგინებითა ჴორცთაჲთა, და იგინი საუკუნესა მას ჩემ თანა იხარებდენ.

 

მოციქულისაჲ.(5) რომელმან სძლოს, ესრჱთ შეიმოსოს სამოსელი სპეტაკი, და შემდგომი ამისი.

 

თარგმანი. რომელმან სძლოს ესევითარითა ძლევითა, იგი გამობრწყინდეს, ვითარცა მზჱ.

 

მოციქულისაჲ.(7) და ანგელოზსა ფილადელფიისა ეკლესიისა მიუწერე: ამას იტყჳს წმიდაჲ იგი და ჭეშმარიტი, რომელსა აქუს კლიტჱ დავითისი, რომელი-იგი განაღებს, და არავინ დაჰჴშას.

 

თარგმანი. კლიტჱ დავითისი მისი მეფობაჲ არს, რომელი-იგი სახჱ არს პირველ ჴელმწიფებისაჲ. და კუალად კლიტჱ ფსალმუნთა წიგნისაჲ არს სული წმიდაჲ, და პირველი იგი მეფობაჲ დავითისი მიიღო ქრისტემან განკაცებითა, ხოლო მეორჱ იგი აქუს, ვითარცა ღმერთსა.

 

მოციქულისაჲ.(8) აჰა ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დაჴშვად ვერვინ შემძლებელ არს. რამეთუ მცირჱ ძალი გაქუს, და დაიმარხე სიტყუაჲ ჩემი და არა უვარ-ჰყავ სახელი ჩემი.

 

თარგმანი. ამათ სიტყუათაგან ვჰხედავთ, ვითარმედ მცირჱ იყო ქალაქი იგი, ხოლო სარწმუნოებითა – დიდ ფრიად. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ვიცნი საქმენი შენნი, ესე იგი არს, ვითარმედ სათნო-მიჩნს, ვითარცა მოსეს ეტყოდა, ვითარმედ: გიცი შენ უფროჲს ყოველთაჲსა. და კარი სარწმუნოებისაჲ განმიღებიაო წინაშე შენსა, რომელი განსაცდელთაგან არა დაიჴშვის, რამეთუ კმა არს სარწმუნოებაჲ შენი და უზეშთაეს ძალისა არა ვეძიებ.

 

მოციქულისაჲ.(9) აჰა ესერა მიგცემ კრებულისაგან ეშმაკისა, რომელნი იტყჳან თავსა თჳსსა ჰურიად, და არა არიან, არამედ ტყუვიან; აჰა ესერა ვყვნე იგინი, რაჲთა მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე ფერჴთა შენთა და ცნან, რამეთუ შეგიყუარე შენ.

 

თარგმანი. ესე მადლი მიგცე, რომელ შენ შორის მოიქცენ მრავალნი ჰურიანი სინანულად და წინა-დაცუეთილ იქმნენ ცოდვისაგან და შეგივრდებოდიან და ითხოვდენ შენგან ნათლის-ღებასა.

 

მოციქულისაჲ.(10-11) რამეთუ დაიმარხე შენ სიტყუაჲ მოთმინებისა ჩემისაჲ, და მეცა დაგიცვე შენ ჟამისა მის განსაცდელისაგან, რომელსა ეგულების მოსლვად ყოველსა ზედა სოფელსა გამოცდად მკჳდრთა მათ ქუეყანისათა. მოვალ ადრე. იპყარ, რომელ-ეგე გაქუს, რაჲთა არავინ მიგიღოს გჳრგჳნი შენი.

 

თარგმანი. ჟამად განსაცდელისა უკუანაჲსკნელთა ჟამთა ანტჱს მოსლვისასა იტყჳს, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: რომელნიცა შენ შორის მორწმუნენი იყვნენ, დავიცვნე, რაჲთა არა გამოიცადნენ უმეტჱს ძალისა. ხოლო თქუა, ვითარმედ: მოვალ ადრე, რამეთუ შემდგომად ჭირისა მათ დღეთაჲსა ადრე მოვიდეს უფალი, რომლისათჳსცა განაკრძალებს, რაჲთა დაიმჭიროს სარწმუნოებაჲ მტკიცედ, რაჲთა გჳრგჳნი მოთმინებისაჲ არა წარწყმიდოს.

 

მოციქულისაჲ.(12) რომელმან სძლოს ვყო იგი სუეტ ტაძარსა შინა ღმრთისა ჩემისასა, და გარე არღარა განვიდეს.

 

თარგმანი. რამეთუ რომელი იყოს მძლე ეშმაკისა, იქმნების იგი სუეტ ჭეშმარიტებისა.

 

მოციქულისაჲ.(12) და დავწერო მას ზედა სახელი ღმრთისა ჩემისაჲ და სახელი ქალაქისა ღმრთისა ჩემისაჲ ახლისა იერუსალჱმისაჲ, რომელი გარდამოვალს ზეცით ღმრთისაგან ჩემისა, და სახელი იგი ახალი.

 

თარგმანი. ესრჱთ იტყჳს, ვითარმედ: გულსა ზედა ესევითარისა მის კაცისასა დავამტკიცო გულისჴმის-ყოფაჲ საღმრთოჲსა მის სახელისაჲ და ზეცისა იერუსალჱმისაჲ, რაჲთა ჰხედვიდეს შუენიერებათა მათ სასუფეველისათა სულისა თუალითა, და ახალი ჩემი სახელი, რომელი მაშინ იცნან წმიდათა მას საუკუნესა. ხოლო თუ ღმრთისა ჩემისაჲო, ესე კაცობრივ მამისათჳს თქუა, ვითარცა უქცეველად ჩუენთჳს კაც-ქმნულმან. ხოლო იერუსალჱმი ზეცით მომავალიო, რამეთუ საუკუნეთა კეთილთა გულისჴმის-ყოფამან ანგელოზთაგან იწყო და ჩუენდამდე მოიწია, ვინაჲთგან ზეცისანი და ქუეყანისანი ერთ ვიქმნენით ქრისტჱს მიერ, თავისა მის ყოველთაჲსა.

 

მოციქულისაჲ.(14) და ანგელოზსა ლავდიკიისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს ამენ, მოწამჱ იგი სარწმუნოჲ და ჭეშმარიტი, დასაბამი დაბადებულთა ღმრთისათაჲ.

 

თარგმანი. ამის მიერ ქრისტჱს ჭეშმარიტებასა მოასწავებს და მეუფებასა, რამეთუ იგი არს მეუფჱ ყოველთაჲ და დასაბამი და მიზეზი დაუბადებელი ყოველთა დაბადებულთა შექმნისაჲ.

 

მოციქულისაჲ.(15-16) ვიცნი საქმენი შენნი, ვითარმედ არცა გრილ ხარ, არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაჲთამცა ანუ გრილ იყავ, ანუ ტფილი. არამედ ესრჱთ ნელ-ტფილ ხარ და არცა გრილ ხარ და არცა ტფილ.

 

თარგმანი. ღმრთის-მეტყუელი გრიგოლ იტყჳს, ვითარმედ: ჯერ-არს ანუ სრულიად სიკუდილი, ანუ სრულიად ცხორებაჲ. და კეთილად თქუა ესე, რამეთუ რომელი გრილ იყოს სრულიად და მკუდარ სარწმუნოებისაგან, მისი სასოებაჲ არს მოქცევისაჲ ღმრთისა მიმართ. ხოლო რომელი-იგი ერთ-გზის სარწმუნოებითა სულისა მიერ წმიდისა აღდუღებულ იყოს ნათლის-ღებისაგან და კუალად განგრილდეს თჳსითა უდებებითა და წარჰკუეთოს სასოებაჲ თჳსი, და სარწმუნოებაჲ იგი, რომელი მიიღო, უგულებელს-ყოს, უბოროტჱს არს ესევითარი და ძნიად მოსაქცეველ, ვიდრეღა სრულიად ურწმუნოჲ, რამეთუ საქმეთა შინა საშუვალობაჲ არა ბოროტ არს, ვითარცა რჩულიერი ქორწილი საშუალი არს ქალწულებისა და სიძვისა და არა ბოროტ არს. ხოლო სარწმუნოებასა შინა საშუალობაჲ და ნელ-ტფილობაჲ უჴმარ და გამოუცდელ არს.

 

მოციქულისაჲ.(16-17) მეგულების აღმოგდებაჲ შენი პირისაგან ჩემისა, რამეთუ იტყჳ, ვითარმედ: მდიდარ ვარ და განვმდიდრდი და არარაჲ მეჴმარების. და არა უწყი, რამეთუ შენ ხარ უბადრუკ და საწყალობელ და გლახაკ და ბრმა და შიშუელ.

 

თარგმანი. ვითარცა ნელ-ტფილი წყალი გულსა აღუშლის აღმოსაგდებელად, ეგრჱთვე მე მძაგ შენ და წარგაგდო სიტყჳთა პირისა ჩემისაჲთა ცეცხლსა საუკუნესა, რამეთუ ეკალთაგან სიმდიდრისა სოფლისათა მოაშთვე თესლი იგი სიტყჳსა საღმრთოჲსაჲ და არა უწყი სულიერი იგი სიგლახაკჱ შენი და შინაგანთა თუალთა სიბრმჱ და კეთილთა საქმეთაგან სიშიშულჱ.

 

მოციქულისაჲ.(18) განგაზრახებ შენ, რაჲთა იყიდო ჩემგან ოქროჲ გამოჴურვებული ცეცხლითა, რაჲთა განჰმდიდრდე, და სამოსელი სპეტაკი, რაჲთა შეიმოსო, და არა გამოცხადნეს სირცხჳლი სიშიშულისა შენისაჲ, და საოლავი, რაჲთა იოლნე თუალნი შენნი და ჰხედვიდე.

 

თარგმანი. უკუეთუ გნებავსო განმდიდრებაჲ ჩემ მიერ, მოიგე სარწმუნოებაჲ მჴურვალჱ, რომელი-იგი არს, ვითარცა ოქროჲ გამოჴურვებულ განსაცდელთა მიერ, რაჲთა ესრჱთ შეიმოსო სამოსელი სათნოებათაჲ, რაჲთა სიშიშულჱ იგი ცოდვისაჲ დაიფაროს. ხოლო საოლავი უპოვარებაჲ არს.

 

მოციქულისაჲ.(19-20) მე რომელნიცა მიყუარდენ, ვამხილებ და ვასწავებ. ეშურებოდე უკუე და შეინანე. აჰა ესერა ვდგა კარსა ზედა და ვჰრეკ. უკუეთუ ვინ ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ და განაღოს კარი, და შევიდე მის თანა და ვჭამო მის თანა სერი, და მან – ჩემ თანა.

 

თარგმანი. არა იძულებით არსო ჩემი მოსლვაჲ, არამედ გულსა კაცისასა ვჰრეკ, და რომელნიცა განაღებდენ, შევიდე მათ თანა და ვიხარებდე მათისა ცხორებისათჳს, რამეთუ ესე არს ჩემი ჭამადი, რაჲთა კაცნი ცხონდენ.

 

მოციქულისაჲ.(21-22) რომელმან სძლოს, მივსცე მას დაჯდომაჲ ჩემ თანა საყდარსა ჩემსა, ვითარცა-იგი მე ვსძლე და დავჯედ მამისა თანა საყდარსა მისსა. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.

 

თარგმანი. საყდრისა მიერ სუფევაჲ იგი მერმისა საუკუნოჲსაჲ მოესწავების, რომელსა აღუთქუამს მძლეთა ეშმაკისათა, ვითარმედ: სუფევდენო ჩემ თანა. ხოლო რომელსა იტყჳს, თუ ვითარცა მე ვსძლე, ამას კაცობრივ იტყჳს, რამეთუ იქმნა იგი სრული კაცი, რამეთუ არა თუ ნიჭად და სასყიდლად სათნოებისა მიიღო სუფევაჲ და მეუფებაჲ სიტყუამან ღმრთისამან, რამეთუ იგი თჳთ ბუნებით დაუსაბამოდ აქუს, რამეთუ უკუეთუმცა არა ესრჱთ იყო, არამცა შეეძლო სხუათადა მიცემად, არამედ ვითარცა ღმრთის-მეტყუელი და ძჱ ქუხილისაჲ იტყჳს: სავსებისაგან მისისა ყოველთა წმიდათა მისცა.

 

 

წინა - სარჩევი - შემდეგი