მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ანდრია კესარიელი
იოანეს გამოცხადების განმარტება

 

1

 

მოციქულისაჲ.(1) გამოცხადებაჲ იესუ ქრისტჱსი, რომელი მოსცა მას ღმერთმან ჩუენებად მონათა მისთა საქმეთაჲ მათ, რომელთაჲ ჯერ-არს ადრე აღსრულებაჲ.

 

თარგმანი. გამოცხადებაჲ არს დაფარულთა საიდუმლოთა ჩუენებაჲ, რაჟამს განათლდეს გონებაჲ გინა თუ საღმრთოჲთა სიზმრითა, გინა თუ განცხადებულითა ხილვითა. ხოლო იტყჳს, ვითარმედ: მოსცა ქრისტეს ღმერთმან; ამას კაცობრივ იტყჳს ბუნებისა მისისათჳს, რომელი კაცთაგან მიიღო. ხოლო „მონათა მისთაო“, რაჲთა აჩუენოს დიდებულებაჲ ქრისტჱს ღმრთეებისაჲ. რამეთუ მონად მისა უწოდა ანგელოზთა, რომელნი მის მიერ გულისჴმა-ჰყოფდეს და უჩუენებდეს საქმეთა მათ. რამეთუ „ადრე ჯერ-არს აღსრულებაჲ“, ესე ამისთჳს, რამეთუ რომელნიმე შემდგომად მცირედისა ჟამისა იქმნეს ხილვისა ამის, და კუალად რომელნიმე იგი უკუანაჲსკნელ იქმნებიან, იგინიცა ადრე ყოფად არიან, რამეთუ ათასი წელი წინაშე ღმრთისა, ვითარცა გუშინდელი დღჱ ეგრჱთ შერაცხილ არს.

 

მოციქულისაჲ.(1-2) და გამოუცხადა მოვლინებითა ანგელოზისა მისისაჲთა მონასა მისსა იოვანეს, რომელმანცა წამა სიტყუაჲ ღმრთისაჲ და წამებაჲ იესუჲსი, რაოდენიცა იხილა და რომელი არს და რომელსა ეგულების ყოფად.

 

თარგმანი. ესრჱთ იტყჳს, ვითარმედ ქრისტემან, ვითარცა მეუფემან, მიჩუენა ესე ყოველი ანგელოზისა მიერ მე, რომელმან ვწამე მისი აღსაარებაჲ, რაჲთამცა კუალადცა ვწამე კაცთა მიმართ საქმეთაჲ, რომელნი არიან და კაცთა არა იციან და რომელთა ეგულების ყოფად.

 

მოციქულისაჲ.(3) ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაწარმეტყუელებისათა და დაიმარხონ, რაჲ-იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს.

 

თარგმანი. ჰნატრის მათ, რომელნი საქმით იკითხვიდენ და ისმენდენ, რამეთუ ახლოს არს ჟამი იგი მადლთა მონიჭებისაჲ, ვინაჲთგან ესე საწუთროთ მცირე არს და არარაჲ მერმესა მას საუკუნესა თანა.

 

მოციქულისაჲ.(4) იოვანე შჳდთა მათ ეკლესიათა ასიაჲსათა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისაგან, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, და შჳდთა მათ სულთაგან, რომელნი წინაშე საყდარსა მისსა არიან.

 

თარგმანი. ვინაჲთგან მრავალ იყვნეს ადგილდ-ადგილდ ეკლესიანი, ამან შჳდთა ოდენ მიუწერა და შჳდისა მის რიცხჳსა მიერ ყოველთა ეკლესიათა ეტყჳს რიცხჳსა მისებრ წელთა ამის საწუთროჲსათა, რომელსა შინა შჳდეული იგი დღეთა მოქცევაჲ იქმნების. ამისთჳს შჳდთა ანგელოზთა და შჳდთა ეკლესიათა აჴსენებს, რომელთა ეტყჳს, ვითარმედ: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ სამ-გუამოვნისა ღმრთისაგან. ხოლო თუ „რომელი არს“, ამის მიერ მამასა მოასწავებს, რომელმან ჰრქუა მოსეს: მე ვარ, რომელი-იგი ვარ და რომელი იყო. მით სიტყუასა მას იტყჳს, რომელი-იგი იყო პირველითგან ღმრთისა მიმართ. და „რომელი მომავალ არს“, ამით ნუგეშინის-მცემელსა მას სულსა გულისჴმა-ვჰყოფთ, რომელი მარადის მოვალს შვილთა ზედა ეკლესიისათა ნათლის-ღებისა მიერ, და უმეტჱს მომავალ არს მათ ზედა მერმესა მას საუკუნესა. ხოლო „შჳდთა სულთა“, შჳდთა მათ მადლთა იტყჳს ცხოველს-მყოფელისა მის სულისათა, რომელნი აჴსენნა ესაიაცა წინაწარმეტყუელმან.

 

მოციქულისაჲ.(5) და იესუჲს ქრისტჱსგან, მოწამისა მის სარწმუნოჲსა, პირმშოჲსა შესუენებულთაჲსა და მთავრისა მეფეთა ქუეყანისათა.

 

თარგმანი. რამეთუ იგი არს, რომელმან წამა პონტიელისა პილატჱს ზე, რომელი სარწმუნო არს ყოველთა ზედა სიტყუათა მისთა, რომელი არს პირმშოჲ შესუენებულთაჲ, რამეთუ იგი არს ცხორებაჲ და აღდგომაჲ, რამეთუ რომელთა იგი უძღოდის, არღარა ვითარცა პირველ მომკუდართა მათ და აღდგომილთა იხილონ სიკუდილი, არამედ უკუნისამდე ცხონდენ, ხოლო მთავარი მეფეთა ქუეყანისათაჲ, რამეთუ იგი არს მეუფჱ მეუფეთაჲ და უფალი უფლებათაჲ და რამეთუ იგი არს მთავარ მათდა, რომელნი მეუფე იქმნნეს ვნებათა ზედა და გულის-თქუმათა ქუეყანისათა.

 

მოციქულისაჲ.(5-6) რომელმან შემიყუარნა ჩუენ და განგუბანნა სისხლითა თჳსითა და მყვნა ჩუენ სამეუფო მღდელ ღმრთისა და მამისა მისისა, რამეთუ მისი არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 

თარგმანი. განგუბანნა ცოდვათაგან თჳსითა სისხლითა და გუყვნა ჩუენ მღდელ, რაჲთა პირუტყუთა წილ, რომელთა ეშმაკისა პირველ შევსწირევდით, შევსწირვიდეთ მამისა მისისა სიტყჳერსა მას მსხუერპლსა.

 

მოციქულისაჲ.(7) აჰა ესერა მოვალს ღრუბელთა თანა, და იხილოს იგი ყოველმან თუალმან და რომელთა-იგი უგმირეს მას; და გოდებდენ ტომნი ქუეყანისანი.

 

თარგმანი. ვითარმედ რომელი-იგი აქა ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარაო, დიდებითა მით მამისაჲთა მსაჯულად მოვიდეს ღრუბელთა თანა, რომელ არიან ძალნი იგი უჴორცოთანი. და რაჟამს მოვიდოდის დიდებით, ყოველმან თუალმან იხილოს იგი, ხოლო რომელთა უგმირეს მას და ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, რომელნი ურწმუნოებასა ზედა დაადგრეს, გოდებდენ.

 

მოციქულისაჲ.(7) ჰე. ამენ.

 

თარგმანი. ღმრთისა სიტყჳსა ძალი ორითა ენითა თქუა, რამეთუ ებრაელებრ ამენი გამოითარგმანების: იყავნ.

 

მოციქულისაჲ.(8) მე ვარ ანი და ჵ. იტყჳს უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი.

 

თარგმანი. აქა ქრისტეს იტყჳს, რომელი არს ღმერთი და მპყრობელი ყოველთაჲ, დაუსაბამოჲ, დაუსრულებელი, რომელი არს და რომელი მარადის იყო და აღსასრული არა აქუს, ვითარცა მამისა თანა-არსსა, რომელი მიაგებს თითოეულსა საქმეთა მათთაებრ.

 

მოციქულისაჲ.(9) მე, იოვანე, ძმაჲ თქუენი და ზიარი სუფევასა და ჭირსა და მოთმინებასა თქუენსა ქრისტე იესუჲს მიერ, ვიყავ ჭალაკსა მას, რომელსა ეწოდების პატმო, სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს იესუ ქრისტჱსი.

თარგმანი. რამეთუ ვინაჲთგან ძმაჲ ვარო თქუენი და ზიარი ჭირსა ქრისტჱსთჳს, ამისთჳს სარწმუნო ვარ წინაშე თქუენსა, რომელი-ესე სიტყჳსათჳს ღმრთისა დავისაჯე პატმოს შინა ჭალაკსა ყოფად, და გითხრობ, რაჲ-იგი მიხილავს მას შინა.

 

მოციქულისაჲ.(10-11) ვიქმენ სულითა დღესა კჳრიაკესა და მესმა უკუანა კერძო ჩემსა ჴმაჲ დიდი, ვითარცა საყჳრისაჲ, რომელი მეტყოდა, ვითარმედ: რომელსა-ესე ჰხედავ, დაწერე წიგნსა მას შინა და წარეც შჳდთა მათ ეკლესიათა ეფესოს და ზმირნას და პერღამს და თჳატრის და სარდეს და ფილადელფიას და ლავდიკის.

 

თარგმანი. ესრეთ იტყჳს, ვითარმედ სულითა წმიდითა აღვსებულ ვიქმენ და სულიერნი ყურნი მომეცნეს დღესა კჳრიაკესა, რომელი-იგი აღდგომისა მიერ პატივ-ცემულ არს. და მესმა ჴმაჲ დიდიო, ვითარცა საყჳრისაჲ, რამეთუ ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მისი, რომელი მოასწავებს ღმრთისა დაუსაბამობასა და დაუსრულებლობასა, რომელისა სახჱ არს ანი და ჵ. და მან მრქუაო: შჳდთა ეკლესიათა წარცემად ესე. ხოლო რიცხჳ ესე ითქუა პირველ თქუმულისა მისთჳს მიზეზისა რიცხჳსა მის შჳდეულისა, რომელი მიიწევის შჳდსა შაბათობასა მას საუკუნესა.

 

მოციქულისაჲ.(12-13) და მივიქეც მუნ ხილვად ჴმისა მის, რომელი მეტყოდა. და ვითარცა მივიქეც, ვიხილენ შჳდნი სასანთლენი ოქროჲსანი. და შორის შჳდთა მათ სასანთლეთა მსგავსი ძისა კაცისაჲ, შემოსილი ზეწრითა, და ერტყა ძუძუთა თანა მისთა სარტყელი ოქროჲსაჲ.

 

თარგმანი. ამით გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ არა კაცობრივ თუალითა სახილველი ანუ ყურითა სასმენელ იყო ჴმაჲ იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: მივიქეც არა სმენად, არამედ ხილვადო ჴმისა მის, რამეთუ სულიერი სმენაჲ და ხილვაჲ ერთ არიან. და ვიხილენ შჳდნი სასანთლენი, რომელთა ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: შჳდნი ეკლესიანი არიანო, და შორის მათსა იხილა ქრისტე, მსგავსი კაცისაჲ, რამეთუ ღმერთიცა არს და არა ლიტონი კაცი. ხოლო შემოსილი ზეწრითა, ვითარცა მღდელთ მოძღუარი მღდელობათა მათ ზეცისათა წესსა ზედა მელქიზედეკისსა, და შერტყმული სარტყლითა ოქროჲსაჲთა არა წელთა ზედა, ვითარცა-იგი სხუათა კაცთა არტყია აღჳრ-სასხმელად გულის-თქუმათა. რამეთუ საღმრთოჲ იგი გუამი გულის-თქუმათაგან უცხო არს, არამედ მკერდსა ზედა ერტყა ძუძუთა თანა, რაჲთა სიმძაფრჱცა იგი სამართლისა მის ღმრთისა რისხვისაჲ კაცთ-მოყუარებითა მისითა შეპყრობილ იყოს და რაჲთა ორთა მათ აღთქუმათა ძუელისა და ახლისა, რომელნი-იგი არიან სემეუფონი იგი ძუძუნი, გარე-მორტყმული ჭეშმარიტებაჲ გამოჩნდეს. ხოლო სარტყელი იგი იყო ოქროჲსაჲ პატიოსნებისათჳს მისისა და სიწმიდისა.

 

მოციქულისაჲ.(14) და თავი და თმანი მისნი სპეტაკ ვითარცა მატყლი სპეტაკი და ვითარცა თოვლი, და თუალნი მისნი ვითარცა ალი ცეცხლისაჲ.

 

თარგმანი. რამეთუ დაღაცათუ ჩუენთჳს ახლად გამოჩნდა, არამედ საუკუნითგანი არს იგი და უფროჲსად უწინარჱს საუკუნეთა ყოფილი, რამეთუ სპეტაკობაჲ იგი თმისაჲ ამას მოასწავებს; ხოლო თუალნი მისნი ვითარცა ალი ცეცხლისაჲ – წმიდათა განმანათლებელნი და უკეთურთა შემწუველნი.

 

მოციქულისაჲ.(15) და ფერჴნი მისნი მსგავს იყვნეს რვალსა გუნდრუკსა, ვითარცა ცეცხლსა შინა გამოჴურვებულნი.

 

თარგმანი. ფერჴად ჴორცთა მათ, რომელნი ჩუენგან მიიხუნა, გულისჴმა-ვჰყოფთ, რამეთუ იგინი ფერჴ ექმნეს ღმრთეებასა, რომელთა ზედა აღჴდა და ქმნა ჩუენი ცხორება მსგავსნი რვალსა გუნდრუკსა. რვალად გულისჴმა-იყოფების ჴორცთა იგი ბუნებაჲ მისი, ხოლო გუნდრუკად – ღმრთეებისაჲ, რომელი სულნელ არს უფროჲს ყოვლისა სულნელებისა, რამეთუ ვითარცა რვალი და გუნდრუკი შეურევნელ არიან ურთიერთას, ეგრჱთვე ღმრთეებისა და კაცებისა მისისაჲ შეურევნელად ეგნეს. და ცეცხლსა შინა გამოჴურვებასა მოციქულთათჳს გულისჴმა-ვჰყოფთ, რამეთუ იგინიცა ფერჴ იქმნნეს ქრისტჱსა და მათ ზედა მიიღეს მისი ქადაგებაჲ და გამოიჴურვნეს ცეცხლსა მას შინა განსაცდელთასა, ვითარცა მოძღუარი მათი.

 

მოციქულისაჲ.(15) და ჴმაჲ მისი, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ.

 

თარგმანი. ამისთჳს რამეთუ ერთ არს ჴმაჲ მისი და წმიდისა სულისაჲ, რომლისა მიერ მორწმუნეთა მისთაჲსა მდინარენი წყლისა ცხოველისანი გამოჴდეს და ყოველსა ქუეყანასა მიაწიეს ჴმაჲ მათი.

 

მოციქულისაჲ.(16) და მარჯუენესა ჴელსა მისსა აქუნდეს ვარსკულავნი შჳდნი, და პირისა მისისაგან გამოვიდოდა მახჳლი ორპირი აღლესული; და პირი მისი, ვითარცა მზჱ, ბრწყინავს ძალითა თჳსითა.

 

თარგმანი. შჳდთა ვარსკულავთა შჳდთა მათ ეკლესიათა იტყჳს ქუემორე, და მახჳლი ორპირი არს რისხვაჲ მისი ურჩულოთა ზედა, რომელი-იგი უმახჳლჱს არს ყოვლისავე მახჳლისა, ხოლო პირი მისი, ვითარცა მზჱ, ბრწყინავს არა ხილულითა ნათლითა, არამედ საცნაურითა, რამეთუ მზჱ არს იგი სიმართლისაჲ და ძალითა და ჴელმწიფებითა თჳსითა ბრწყინავს და არა ვითარცა ხილული ესე მზჱ, რომელი ღმრთისა მოცემულითა ნათლითა ბრწყინავს, არამედ იგი, ვითარცა ღმერთი თჳსითა ჴელმწიფებითა ნათობს.

 

მოციქულისაჲ.(17) და რაჟამს ვიხილე იგი, დავვარდი ფერჴთა თანა მისთა ვითარცა მკუდარი. და დადვა მან მარჯუენჱ მისი ჩემ ზედა და მრქუა: ნუ გეშინინ: მე ვარ პირველი და უკუანაჲსკნელი; და რომელი ცხოველ ვარ და ვიქმენ მკუდარ. და აჰა ესერა ცხოველ ვარ უკუნითი უკუნისამდე.

 

თარგმანი. ესრჱთ იქმნა მოციქული, ვითარცა იგი ოდესმე ისუ ძჱ ნავჱსი და დანიელ უძლურებისათჳს კაცთა ბუნებისა, არამედ განაძლიერა იგი ქრისტემან და ჰრქუა: ნუ გეშინინ, რამეთუ არა მოკუდინებად შენდა მოვედ, რომელი-ესე დაუსაბამო და დაუსრულებელ ვარ და თქუენთჳს მკუდარ ვიქმენო.

 

მოციქულისაჲ.(18) და მქონან კლიტენი სიკუდილისა და ჯოჯოხეთისანი.

 

თარგმანი. ესე იგი არს, ვითარმედ: ჴელმწიფებაჲ მაქუს ჴორციელისაცა და სულიერისა სიკუდილისაჲ.

 

მოციქულისაჲ.(19) დაწერე უკუე, რაჲ-ესე იხილე და რაჲ-ესე არს და რაჲ ეგულების ყოფად შემდგომად ამისა. საიდუმლოჲ ესე შჳდთა ამათ ვარსკულავთაჲ, რომელნი იხილენ მარჯუენესა ჩემსა ზედა, და შჳდნი ესე სასანთლენი ოქროჲსანი. შჳდნი ესე ვარსკულავნი ანგელოზნი შჳდთა ეკლესიათანი არიან, და შჳდნი ესე სასანთლენი შჳდნი ეკლესიანი არიან.

 

თარგმანი. ვინაჲთგან ქრისტე არს ჭეშმარიტი ნათელი, ამისთჳს სანთელ არიან, რომელთა შორის არს მისი ნათელი. სამართლად უკუე ეწოდების ეკლესიათა სასანთლე, რამეთუ მათ შორის არიან წმიდანი, რომელთა აქუს სიტყუაჲ ღმრთისაჲ. ხოლო სასანთლენიცა და სანთელნიცა ოქროჲსანი არიან პატიოსნებისა მისთჳს და უმანკოებისა სარწმუნოებისა მათისა. ამათ თითოეულთა ზედა ანგელოზი არს მცველად, რომელთა სახელ-ედების ვარსკულავად ბრწყინვალებისათჳს ბუნებისა მათისა.

 

 

წინა - სარჩევი - შემდეგი