მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი II
ევოლუციის ფილოსოფია


თავი III. „ქრისტიანული ევოლუციონიზმი
ტეიარდიზმი მართლმადიდებლობის შუქზე


 

ტეიარ დე შარდენის ევოლუციური ფილოსოფია, მკაცრად რომ ვთქვათ, თანამედროვე ფილოსოფიისა და რომის კათოლიციზმის ნარევ პროდუქტს წარმოადგენს. რამდენადაც უცხო არ უნდა ეჩვენებოდეს ტეიარდიზმი გუშინდელი დღის ულტრამონტანური რომის კათოლიციზმის ზოგიერთ ასპექტს, მაინც ეჭვიც არ უნდა შეგვეპაროს, რომ იგი მჭიდრო კავშირში და ჰარმონიაშია ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან განდგომილ რომის მკაფიოდ გამოხატულ სიღრმისეულ „სულიერ“ მიმდინარეობებთან. აი, მაგალითად, რომი ანიჭებს „სხვა ქვეყნის“ სტატუსს ამა სოფლის მოვლენებს, ქადაგებს მსოფლიოს ხილიასტურ დასასრულს, ან, ვატიკანის თანამედროვე გამოთქმის მიხედვით „მსოფლიოს სანქტიფიკაციას“. რომის კათოლიციზმის გარემოში ტეიარდიზმი ახალი „გამოცხადება“ ხდება, ისეთივე გამართლებული და „ტრადიციული“, როგორიც იყო რამდენიმე საუკუნის წინათ „იესოს წმიდა გულის“ გამოცხადება, რომელმაც შთააგონა ტეიარი დაეწერა ერთ-ერთი „მისტიკური“ მედიტაცია მონოლოგში ღმერთის შესახებ:

„ორი საუკუნის წინათ შენმა რომის კათოლიკურმა ეკლესიამ პირველად იგრძნო შენი გულის განსაკუთრებული ძალა... მაგრამ ახლა ჩვენ ვიწყებთ იმის გაცნობიერებას, რომ შენი გულის ჩვენთვის გამოჩენის ამ მოვლენაში მთავარი მიზანი იყო ჩვენი სიყვარულის შესაძლებლობით თავიდან აგვეცილებინა მეტისმეტად ვიწრო, მეტისმეტად ზუსტი, მეტისმეტად შეზღუდული შენი ხატება, რომელიც ჩვენ თვითონ შევქმენით ჩვენთვის. რასაც მე შენს მკერდში ვგრძნობ ეს უბრალოდ ცეცხლოვანი ღუმელია; და რაც უფრო მეტად ეჯაჭვება ჩემი მზერა მის გიზგიზს, მით უფრო მეჩვენება, რომ გარშემო ყოველივე შენი სხეულის ნაკვთებში დნება და უსაზღვროდ მიმოიღვრება, ვიდრემდე შენს ნაკვთებში არ შევამჩნევ ალში ჩაფლული ქვეყნის ხატებას“.

„წმიდა გულის გამოცხადება“, როგორიც ის აქ არის წარმოდგენილი, მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპი ყოფილა „ევოლუციის“ უფრო უნივერსალური გამოცხადებისთვის ჩვენს დროში. „რეაქციონერმა“ პაპმა პიუს IX-მაც კი მეცხრამეტე საუკუნეში არამც თუ არ შეაჩვენა ჯორჯ ჯექსონ მივარტის ევოლუციური შეხედულებები, არამედ ფილოსოფიის დოქტორის საპატიო ხარისხიც კი მიანიჭა მას მისი ნაშრომების გამოქვეყნების შემდეგ (1876).

ტეიარდიზმში რომის კათოლიციზმმა სიმდაბლის უკანასკნელ ზღვარს მიაღწია ქრისტეს ეკლესიის სწავლებასთან დაკავშირებით.

რასაც ამ ფილოსოფიაში „ქრისტეს“ უწოდებენ ზუსტად ის არის, რასაც მართლმადიდებელი ეკლესია ანტიქრისტეს უწოდებს: მოსვლა ცრუქრისტესი, რომელიც კაცობრიობას ამა სოფლის „სულიერ“ მეუფებას პირდება. ამ ფილოსოფიაში სრულებით დაკარგულია ზეციური სასუფევლის ცნება და შეგრძნება, სწორედ ის, რაც ქრისტიანებს სხვა ადამიანებისგან განასხვავებს.

როგორც ვნახეთ, ტეიარი იმდენად ღრმად ეხმიანება როგორც თანამედროვე შეხედულებებს, ისე რომის კათოლიციზმს, რომ ერთიცა და მეორეც მასთან ახალ მსოფლმხედველობად გარდაიქმნება (კონვერტირდება). მას მართებულად მიაჩნდა, რომ თუკი ევოლუცია სიმართლეა, მაშინ იგი არ იქნება მხოლოდ ერთ-ერთი დამოუკიდებელი აზრი, არამედ ძირისძირამდე შეეხება აზროვნების მთელ სისტემას. იგი არ ცდილობდა „შეერიგებინა“ ევოლუცია ქრისტიანული დოგმატებისა და გადმოცემების ცალკეული დებულებებისთვის, რადგანაც ხედავდა, რომ ასეთი შერიგებისთვის არავითარი შესაძლებლობა არ არსებობდა. ევოლუცია – „ახალი გამოცხადება“ და „სულიწმიდის მესამე ერის“ მსოფლმხედველობის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, იმ ეპოქისა, რომელიც კაცობრიობის უკანასკნელი თაობისთვის დადგება.*

* აქ მითითებულია მეთორმეტე საუკუნის ლათინი აბატის იოაჰიმ ფლორელის ხილიასტური წინასწარმეტყველება, რომელიც ხედავდა, როგორ იკავებდა მამის ეპოქის (ძველი აღთქმა) და ძის ეპოქის (სახარება) ადგილს უკანასკნელი „სულიწმიდის მესამე ერა. მეცამეტე საუკუნეში ეს სწავლება აიტაცეს ამალრიკელებმა, რომლებიც იოაჰიმ ფლორელს თავიანთ წინასწარმეტყველად თვლიდნენ. მეცხრამეტე საუკუნეში ეს სწავლება ააღორძინა ანტიმართლმადიდებელმა რუსმა მოაზროვნემ ნიკოლოზ ბერდიაევმა, რომელიც „ახალი და უკანასკნელი გამოცხადების“ – „სულიწმიდის მესამე ერის“ მოახლოებას წინასწარმეტყველებდა. ამ „მესამე ერის“ დამახასიათებელია „ახალი სულიერება და ახალი მისტიციზმი; რომელშიც მეტად აღარ იქნება ასკეტური მსოფლმხედველობა“. იხ. მამა სერაფიმე როუზი: „მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია“.

ევოლუციის მიხედვით ყველაფერი უნდა შეიცვალოს არა მხოლოდ წმიდა წერილისა და წმიდა მამათა „სტატიკური მსოფლმხედველობა“, არამედ ცხოვრებისადმი, ღმერთისა და ეკლესიისადმი მთელი დამოკიდებულება.

ჩვეულებრივი მართლმადიდებელი მორწმუნე, რომელიც ყოველგვარი დაეჭვების გარეშე შეიძლება დაეთანხმოს „ევოლუციის“ იდეას, რადგანაც იგი, როგორც მას სმენია, „სამეცნიერო თვალსაზრისს“ წარმოადგენს, უეჭველად დაიბნევა „ევოლუციის“ ტეიარისტული იდეით და გაუკვირდება, რომ იგი თურმე „მეცნიერული ფაქტია“, რომელსაც „დღეს ყველა ეთანხმება“. ალბათ უკვე დადგა იმის დრო, რომ პასუხი გაეცეს „ქრისტიანული ევოლუციონიზმით“ წამოჭრილ კითხვებს ევოლუციისა და ქრისტიანული სარწმუნოების შესახებ.

იმ ადამიანთა შორის, რომელთაც ევოლუციის ესა თუ ის ფორმა სწამთ, ყველა არ დაეთანხმება ტეიარ დე შარდენის ფსევდომისტიციზმს; მაგრამ ეს ღვთისმგმობელი „მისტიციზმი“ მხოლოდ და მხოლოდ იმ შეხედულებების ლოგიკური შედეგია, რომელთა ყველა მნიშვნელობა ჯერ კიდევ არ განუხორციელებიათ მათ, ვინც ეთანხმება ევოლუციის „ამა თუ ფორმას“. მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის უცნობმა მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამებმა დაგვიტოვეს ნათელი სწავლება სამყაროს ბუნების, ღვთის ქმნილებასა და პირველქმნილი ადამიანის შესახებ, სწავლება, რომელიც იმ კითხვებს პასუხობს, ასე რთული რომ არის მოდერნისტული მართლმადიდებლობის „ღვთისმეტყველთათვის“, რომლებიც არ იცნობენ მამათა მართლმადიდებელ სწავლებას.

ტეიარის საზარელი სწავლება „ომეგას“ შესახებ მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ თავიდანვე ევოლუციურმა ფილოსოფიამ დაამახინჯა სწავლება „ალფას“ შესახებ ანუ მართლმადიდებელი დოგმატი სამყაროსა და ადამიანის შექმნის შესახებ. დღევანდელი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველება იმდენად არის მოქცეული ამ თანამედროვე ფილოსოფიის გავლენის ქვეშ, რომ მრავალ „მართლმადიდებელ ღვთისმეტყველს“ აღარ ძალუძს მართლმადიდებელი დოგმატის სწავლება სამყაროს შექმნის შესახებ. იდეები, რომლებიც გამოთქვეს ამერიკის ბერძნული საარქიეპისკოპოსოს ოფიციალურმა ორგანომ, „კონსერვატორმა“ ღვთისმეტყველმა პანაგიოტის ტრეპელოსმა (თუკი მისი აზრები სწორად იქნა გადმოცემული), თეოდოსი დობჟანსკიმ და წმიდა ვლადიმირის სემინარიამ, რომელმაც მას საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა, ამერიკის სამიტროპოლიტოს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია) პერიოდულმა გამოცემებმა და „კანონიკური მართლმადიდებელი ეპისკოპოსების მუდმივმა კონფერენციამ“ - ისე შორსაა მართლმადიდებლობისგან, რომ უბრალოდ საკვირველია ასე როგორ დაატყვევა მართლმადიდებელ ქრისტიანთა გონება“ „კაპიტულაციამ დასავლეთის წინაშე“. ბოლოს და ბოლოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს ხომ შეუძლიათ წაიკითხონ წმიდა მამათა ნაშრომები და საკუთარი დასკვნები გააკეთონ.

მაგრამ ჩვენ არ ვართ შოკირებულნი უმეცრების ასეთი გავრცელებით. სანამ გადავალთ თვით წმიდა მამათა სწავლებაზე, მოდით ჯერ მოკლედ გავეცნოთ იმ „მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა“ შეხედულებებს, რომლებიც ტეიარ დე შარდენის ასეთ სწავლებასაც კი „მართლმადიდებლურად“ თვლიან, რითაც არა მხოლოდ აშიშვლებენ საკუთარ აბსოლუტურ უმეცრებას მართლმადიდებელ სწავლებაში, არამედ უფრო მეტად იმას თუ რაოდენ არიან ისინი მონუსხულნი წმიდა მართლმადიდებლობისათვის სავსებით და შეუწყნარებლად უცხო სწავლებით.



წინა - სარჩევი - შემდეგი