მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი II
ევოლუციის ფილოსოფია


თავი III. „ქრისტიანული ევოლუციონიზმი
ტეიარ დე შარდენის „მართლმადიდებელი“ მიმდევრები


 

აღმოჩნდა, რომ „ადამიანის ფენომენის“ თარგმნისა და 1965 წ. მოსკოვში გამოცემის შემდეგ (რაც თავისთავად ფრიად საგულისხმოა) ტეიარდიზმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რუს მართლმადიდებელ „ლიბერალებზე“. ეს „ქრისტიანი მოაზროვნის“. სსრკ-ში გამოქვეყნებული პირველი წიგნი გახლდათ. (თუ არ ჩავთვლით ჰიულეტ ჯონსონის „კენტერბერის ტაძრის წითელი დეკანის“ პროპაგანდისტულ ნაშრომებს.)

ამ პუბლიკაციის შემდეგ მამა იოანე მეიენდორფმა, ამერიკელმა მიტროპოლიტმა განაცხადა:

„ქრისტეცენტრული გაგება ადამიანისა და მსოფლიოსი, რომლებიც, ტეიარის მიხედვით, მუდმივად იცვლებიან და მიემართებიან „ომეგას წერტილისკენ“ ანუ ყოფიერებისა და ევოლუციის წერტილისკენ, რომელსაც ავტორი თვით ღმერთთან აიგივებს, ტეიარს ეკლესიის მართლმადიდებელი მამების ღრმა ინტუიციასთან აკავშირებს“.*

* მამა მალაქია მარტინი წიგნში „იეზუიტები“ (1987) ტეიარის მარქსიზმთან კავშირის შესახებ ასე წერს: „ტეიარისთვის მარქსიზმი არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა. „უმაღლესთა ქრისტიანული ღმერთი, – წერს იგი, და პროგრესის მარქსისტული ღმერთი ქრისტეში ერთიანდებიან“. საკვირველი არ არის, რომ ტეიარ დე შარდენი – ერთადერთია რომის კათოლიკე ავტორთა შორის, რომლის შრომები გამოფენილი იყო საჯარო განხილვისთვის მოსკოვში ათეიზმის დარბაზში მარქსისა და ენგელსის ნაშრომებთან ერთად (The Jesuits, გვ.290).

უფრო კონკრეტულად წერს (სავარაუდოდ ნიკიტა სტრუვე) პარიზში გამოცემული მართლმადიდებელი პერიოდული გამოცემის (Becтник Pyccкого cтуденческого христианского движения) რედაქტორი: (მოდერნისტული მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების პარიზის სკოლის ორგანო.)

„უნდა აღინიშნოს, რომ ტეიარდიზმის მთავარი დამახასიათებელი თავისებურება სრულებითაც არ არის თანხმობა ევოლუციის იდეასთან უკვე დიდი ხანია აღარ გახლავთ სიახლე ღვთისმეტყველთა და რელიგიურ ფილოსოფოსთა შორის. ფრანგი მოაზროვნის სწავლების არსს სამყაროსა და შესაქმისადმი ახალი მიდგომა წარმოადგენს“. თავის სწავლებაში ამის შესახებ ტეიარი „მხოლოდ იმას აკეთებს, რომ თანამედროვე ტერმინებით გადმოცემს მოციქულ პავლეს სწავლებას ბუნების შესახებ, ბუნებისა, რომელიც ცხონების საერთო გეგმიდან გამორიცხული არ არის“. „მსოფლიო მესას“ შესახებ მსჯელობისას ტეიარი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ იგი „მისთვის კოსმოსური ლიტურგიის მსგავსი იქნებოდა, ლიტურგიისა, რომელიც გამუდმებით სრულდება. სწორედ ამაში მდგომარეობს ის მთავარი აზრი, რომელსაც ტეიარი აუწყებს მსოფლიოს და აღგვიდგენს სამყაროსა და ღვთაებრივი გარდასახვის დავიწყებულ, უკვდავ ქრისტიანულ გაგებას. ეს ყოველივე ტეიარისთვის ნათლად არის გაშუქებული ევოლუციის აზრით, როგორც მთელი კოსმოსის მოძრაობა ღვთის სასუფევლის მიმართულებით და საშუალებას აძლევს მას გადალახოს უარყოფითი დამოკიდებულება მსოფლიოსადმი, რომელიც ასე ღრმად დამკვიდრდა ქრისტიანთა შორის“.

„Beстник“-ის მთავარი „მართლმადიდებელი“ სტატია, რომელიც ტეიარდიზმს ეხება, დაწერა პოლონელმა მართლმადიდებელმა მღვდელმა მამა გიორგი კლინგერმა. სახელწოდებით „ტეიარ დე შარდენი და მართლმადიდებელი ტრადიცია“. ეს ავტორი ასკვნის, რომ ტეიარის აზროვნება „ხშირად ამჟღავნებს მართლმადიდებლობის საუკეთესო ტრადიციებისთვის დამახასიათებელ თვისებებს“ და შემდეგ გადადის ამ „საუკეთესო ტრადიციების“ აღწერაზე. ეს „ტრადიციები“ თურმე ყოფილა: III საუკუნის მონტანისტთა მწვალებლობა („აღმოსავლეთის აზრის ევოლუციონიზმი მტკიცდება მონტანიზმის გამოკვლევით, რომელშიც წმიდა სამების სამი პირი შეესაბამებოდა კაცობრიობის ისტორიის სამ ერთმანეთის მომდევნო ეპოქას“); მეთორმეტე საუკუნის იტალიელი ბერი იოაჰიმ ფლორელი მისი წინასწარმეტყველებით „სულიწმიდის მესამე ერის“ დადგომის შესახებ, რომელიც ძველი და ახალი აღთქმის ეპოქების ადგილს იკავებდა; და ბულგაკოვის, ბერდიაევის და მათი „ლიბერალი“ მიმდევრების მთელი „მოდერნისტულ-პარიზული“ სკოლა (იგი რამდენიმე ჭეშმარიტ მამის ციტატებს მაინც იმოწმებს; მაგრამ არც ერთი ეს ციტატა არ შეიცავს არაფერს, რაც ევოლუციის იდეის მხარდამჭერი იქნებოდა). მართლაც, არავინ ეჭვობს, რომ ევოლუციის ფილოსოფიის შემცველ ამ წყაროებს ნათესაური კავშირი აერთიანებს, აგრეთვე იმ ფაქტს, რომ ჩვენი დროის მთელი ეს ჰარიზმატულ-ეკუმენისტური „ახალი ქრისტიანობა“ ნამდვილად ევოლუციური დოგმატის ნიადაგზე ამოიზარდა - მაგრამ ამ ყოველივეს არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან და ეკლესიის წმიდა მამებთან! მამა გიორგი კლინგერი ისე შორს არის მართლმადიდებლობისგან, რომ იგი, ისევე, როგორც ტეიარ დე შარდენი, უყოყმანოდ ჩაეშვა „კოსმოსური“ ან „ზექრისტეს“ თავბრუდამხვევი ხელოვნების მორევში;

„მამა ტეიარი მრავლად მეტყველებს ქრისტეს კოსმოსური როლის შესახებ, ღვთაებრივი მსოფლიოს შესახებ, მაგრამ მცირედ ეკლესიის შესახებ. აქ იგი იმ ტენდენციებს „მიეახლება“, რომელიც მართლმადიდებელ ღვთისმეტყველებაში მისთვის მისაღებია. მამა ტეიართან ეკლესია გაიგივებულია ქრისტეს მოქმედებასთან სამყაროში“ და კვლავ „მამა ტეიარის მიხედვით, წმიდა საიდუმლოებასთან ზიარებით, კურთხეული მსოფლიო ქრისტეს სხეულად გარდაიქმნება... ასეთი აზრები, ალბათ ყველაზე უფრო ღრმააზროვანია მათ შორის, რაც კი თქმულა უკანასკნელ დროს ქრისტიანობის ძირითად საიდუმლოებათა შესახებ“.

უკვე საკმარისად ითქვა, რათა დავინახოთ, თუ ჯანსაღი მართლმადიდებელი დოგმატისგან რამდენად შორს არის ტეიარ დე შარდენის „მართლმადიდებელი“ მიმდევრების ხეტიალი, და რაოდენ უმეცარნი არიან ისინი მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა ჭეშმარიტი სწავლების თვალთახედვით, მათი მრავალმეტყველებისა და წმიდა მამათა ხშირი ხსენების მიუხედავად. ჩვენს დროში იმდენად არ იცნობენ წმიდა მამათა მემკვიდრეობას, რომ ნებისმიერი „ღვთისმეტყველის“ ყველა გამონათქვამი პრაქტიკულად შეიძლება „წმიდა მამების“ აზრად ჩაითვალოს – ყოველგვარი შენიშვნის გარეშე. განსაკუთრებით ევოლუციასთან დაკავშირებით არის ნებადართული უაღრესად ბუნდოვანი მსჯელობა, რაც თითქოსდა ამ თანამედროვე სწავლების რწმენის გამართლებაა „წმიდა მამათა“ მიერ. „ბერძენი მამები კოსმოსურ ხილვას ფლობდნენ,“ რაც უკვე საკმარისია იმისათვის, რათა მათ ტეიარ დე შარდენთან ნათესაობაზე ვისაუბროთ! „მამები შესაქმეს პირდაპირი გაგებით არ აღიქვამდნენ, – რაც შესაქმეს ევოლუციური თვალთახედვით განხილვის შესაძლებლობის ტოლფასი ხდება! „ევოლუციური განმარტება თვით შესაქმეს კონსტექსტიდან გამომდინარეობს.“ - ეს იმ თანამედროვე ბრძენთა შეხედულებაა, რომლებიც არ იცნობენ მამათა სწავლებას! „ბასილი დიდის საუბრები ექვსი დღის შესახებ ევოლუციურ სწავლებას ეხმიანება“.*

* მამა იოანე მეიენდორფი თავს ნებას აძლევს თქვას მსგავსი რამ სტატიაში Creation vs Evolution, რომელიც გამოქვეყნდა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ორგანოში The Ortodox Church. შესაქმეს კომენტირებისას მამა მეიენდორფი წერს: „ახალ აღთქმაში ცხადად ნათქვამია, რომ ძველი აღთქმის ზოგიერთი ამბავი სულიერად უნდა გავიგოთ რომელი – იგი არს იგავად (გალ. 4, 24). „ჰომილიებში ექვსი დღის შესახებ“ ბასილი დიდი თვლის, რომ სამყარო „მყისიერად“ შეიქმნა, ხოლო შემდეგ დატოვა იგი „დამოუკიდებელი განვითარებისთვის“ საკუთარი მმართველობით, მაგრამ უკვე შექმნილი კანონების შესაბამისად. ნათელია, რომ ბასილი დიდს სიტყვასიტყვით არ ესმის ბიბლიის ქრონოლოგია, იგი მთლიანად ეთანხმება მის თანამედროვე სამეცნიერო იდეებს, ხოლო მისი გაგება როგორც ჩანს, სავსებით ეთანხმება იდეას ღმერთის მიერ მართული ევოლუციის შესახებ“ (Creation vs Evolution, The Ortodox Church ტომი 18, № 3, 1982 წ, მარტი). ასეთი განცხადება, რა თქმა უნდა, დიდი დაბნეულობის შედეგია. მიმართვაში გალატელთა მიმართ წმიდა მოციქული პავლე მხოლოდ და მხოლოდ აბრაამის ორ ვაჟიშვილზე საუბრობს, რომლებიც იგავურად ორ აღთქმას ნიშნავს – საიდანაც ჩვენ ვერ დავასკვნით, რომ თითქოს წმიდა პავლე გულისხმობდა, რომ აბრაამი და მისი შვილები არ არსებობდნენ, როგორც რეალური ისტორიული პირები! როგორც არაერთხელ დავრწმუნდით ბასილი დიდი ჰომილიებში წერს, რომ წმიდა წერილი „ისე უნდა გავიგოთ, როგორც წერილ არს“. ბასილი დიდი გვასწავლის, რომ ღმერთმა ყოველივე ისე შექმნა, როგორც აღწერილია შესაქმის ქრონოლოგიაში მყისიერი შემოქმედებითი ქმედებით და რომ ექვსი დღის დღეები მართლაც დღეები გახლავთ, და რომ ქმნილებათა ერთი „სახეობა“ ვერ შეიცვლებოდა სხვა სახეობით.

დამახინჯებული აზროვნების ასეთი მაგალითები საკმაოდაა. ჩვენ გავეცანით თანამედროვე მოაზროვნეთა სიცოცხლისუუნარო სპეკულაციების მრავალ მაგალითს; ახლა წმიდა მამებს მოვუსმინოთ ევოლუციის მოძღვრებისა და ფილოსოფიის შესახებ. რა არის მეცნიერების სფერო და რა – ღვთისმეტყველების? როგორ უნდა გაიგოს მართლმადიდებელმა ქრისტიანმა შესაქმის აზრი? ვინ იყო პირველი ადამიანი, როდის ცხოვრობდა, როგორ შეიქმნა და როგორი იყო მისი ბუნება? როგორი გახლდათ პირველქმნილი ქუეყანა? ვის ძალუძს იხილოს ქუეყანა ისეთი, როგორიც იყო დასაბამად? ამ კითხვებზე პასუხს მოვძებნით არა ერთ ან ორ მამასთან, ან მათთან, რომელთა სწავლება ან შრომების ავტორობა საეჭვოა, ციტატების კონტექსტიდან ამოგლეჯის გარეშე, რათა ხელი არ შევუწყოთ აზრების დამახინჯებას. არამედ ჩვენ მივმართავთ იმ მამებს, რომელთაც მართლმადიდებელ ეკლესიაში უდავო ავტორიტეტი აქვთ, რათა ვიპოვოთ წმიდა მამათა „თვალსაზრისი“ ამ საკითხების შესახებ. ჩვენ გამოვიკვლევთ მღვდელმთავარ იოანე ოქროპირისა და ღირსი ეფრემ ასურის შესაქმეს განმარტებებს, მღვდელმთავარ ბასილი დიდისა და მღვდელმთავარ ამბროსი მედიოლანელის განმარტებებს ექვსი დღის შესახებ, მღვდელმთავარ კირილე იერუსალიმელის, მღვდელმთავარ გრიგოლ ნოსელის, ღირსი იოანე დამასკელის საკატეხიზმო შრომებს, სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველისა და წმიდა გრიგოლ სინელის საუბრებს ადამისა და პირველქმნილი ქუეყნის შესახებ, ღირსი მაკარი დიდის, მღვდელმთავარ გრიგოლ ღვთისმეტყველის, ღირსი ისააკ ასურის, ღირსი ამბა დოროთეს, მღვდელმთავარ გრიგოლ პალამასა და სხვა მამების საღვთისმეტყველო შრომებს, აგრეთვე მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთო ლიტურგიის ზოგიერთ გალობას. ჩვენ ვრწმუნდებით, რომ აქ მრავალი „სიახლეა“ მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. ჩვენ აგრეთვე დავრწმუნდებით, რომ აქ საუბარია არა „დეტალების“ სიმრავლეზე, რომლებიც შეიძლება ძნელად გასაგები იყოს, არამედ ზუსტი და ერთიანი სწავლების შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. დავრწმუნდებით, რომ აქ არის პასუხები ყველაზე უფრო ახირებულ კითხვებზე, რომლებსაც ევოლუციური სწავლება გვიყენებს. ჩვენ აქ ვიპოვით წმიდა მამათა ღვთივშთაგონებულ დოგმატს სამყაროს შექმნის შესახებ, ადამსა და მთელი შექმნილი ქვეყნის საბოლოო სტადიის შესახებ ისე, რომ ჩვენთვის სრულებით უგემური და უსარგებლო გახდება ტეიარ დე შარდენის „წერტილი ომეგა“ ისევე, როგორც იმ ადამიანთა ყველა ფუჭი თეორია, რომელთაც არ გააჩნიათ ჭეშმარიტი ცოდნა შესაქმის დასაწყისისა და დასასრულის შესახებ, რომელსაც ღმერთი აძლევს გამოცხადებით რჩეულ ხალხს, მართლმადიდებელ ქრისტიანებს.



წინა - სარჩევი - შემდეგი