„რისთვის უნდა შევისწავლოთ ისეთი წიგნი, როგორიც შესაქმეა? იქნებ, უბრალოდ სულის ხსნისათვის გვეზრუნა და არ გვეფიქრა იმაზე, თუ როგორი იქნება სამყარო ბოლო ჟამს, ან როგორი იყო იგი დასაბამიდან? ამ ძიებისას მოსალოდნელია რამე სიავესაც კი გადავეყაროთ მაგალითად, შესაძლოა, გამოჩნდეს კარლ სეიგანი და ომი გაგვიჩაღოს.*
* სატელევიზიო სერიალისა და კარლ სეიგანის წიგნის „კოსმოსის“ შესახებ 1961 წელს მამა სერაფიმე წერდა: „ერთ-ერთმა ჩვენმა ხელისმომწერმა უბრალოდ კლიპი გამოგვიგზავნა ამის შესახებ. როგორც ჩანს, ის ძალიან ხშირად გადაიცემა და იმას ამტკიცებს, თუ რამდენად ტიპიური ხერხით ხდება დღეს ქადაგება ევოლუციისა, როგორც დოგმისა და როგორც თითქმის რელიგიისა“.
განა უფრო უსაფრთხო არ არის, რომ მხოლოდ ვილოცოთ და არ ვიფიქროთ ამ დიად მოვლენებზე? რა საჭიროა შორეულ საკითხებზე ფიქრი, როდესაც ცხონებაზე უნდა ვიზრუნოთ?“
მე მსმენია მსგავსი მოსაზრებები. პასუხად, უპირველეს ყოვლისა, შეიძლება ითქვას, რომ მთავარია, როგორ იქცევი და როგორ გწამს ადამიანის შექმნა. მამა გიორგი კალჩუმ კომუნისტური რუმინეთის ახალგაზრდობისადმი საჯარო მიმართვაში თქვა: „თქვენ გარწმუნებდნენ, რომ მაიმუნებისგან ხართ შექმნილნი, რომ მხეცები ხართ და საჭიროა თქვენი გახედნა“.*
* იმ დროს, როდესაც მამა სერაფიმე ამ ლექციას კითხულობდა, მამა გიორგი კალჩუ (დაბ. 1927 წ.) დაპატიმრებული იყო ახალგაზრდობის დამოძღვრისათვის. მამა გიორგის გმირობით შთაგონებულმა და მისი ქადაგებით შეძრულმა მამა სერაფიმემ მოგვიანებით მისი ქადაგებები გამოაქვეყნა The orthodox World-ში. 1977 წელს ისინი ღირსი გერმანე ალიასკელის საძმომ ცალკე წიგნად გამოსცა, სახელწოდებით – „ქრისტე გიხმობს“ – Christ Is Calling You. ზემოხსენებული ციტატა ამ წიგნის 27-ე გვერდზეა. ევოლუციის შესახებ სხვა საგულისხმო შენიშვნები იხ. გვ. 33-34, 152, 154.
ყოველივე ამან, შესაძლოა, დიდი გავლენა მოახდინოს ადამიანზე; მაგალითად, აფიქრებინოს: „თუკი მეცნიერება ამტკიცებს, რომ ჩვენ მხოლოდ ცხოველები ვართ, მაშ, წავიდეთ და ავაფეთქოთ ეკლესია“.*
* ღირსმა მამამ, ბარსანოფი ოპტინელმა (1845-1913), მსგავსი დაკვირვების შესახებ ერთ-ერთ თავის სულიერ საუბარში აღნიშნა: „ინგლისელმა ფილოსოფოსმა, დარვინმა, შექმნა ყოვლისმომცველი სისტემა, რომლის მიხედვითაც სიცოცხლე, ცხოვრება გამოცხადდა არსებობისათვის ბრძოლად, ძლიერებისა – სუსტების წინააღმდეგ. ბრძოლად, რომლის დროსაც დამარცხებულებს დაღუპვა ელით. ეს უკვე მხეცური ფილოსოფიის საწყისებია და ისინი, ვინც ამას ირწმუნებენ დაუფიქრებლად მოკლავენ ადამიანს, თავს დაესხმიან ქალს ან გაძარცვავენ თავის უახლოეს მეგობარს – და ამას ისინი მშვიდად მოიმოქმედებენ დანაშაულის ჩადენის სრული უფლების აღიარებით“ (წიგნიდან „ბერი ბარსანოფი ოპტინელი“).
მეორეც, წიგნი დაბადებისა ბიბლიის ნაწილია, ხოლო ღმერთმა წმიდა წერილი ცხონებისათვის მოგვცა. წმიდა წერილის აზრის გასაგებად წმიდა მამათა განმარტებებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ისინი შესაქმის შესახებ ეკლესიებში საუბრობდნენ; დიდმარხვის პერიოდში ისინი ეკლესიაშივე კითხულობდნენ დაბადების წიგნს; ყველა მათი მსჯელობა არსებითად საეკლესიო ქადაგება გახლდათ. ეს წმიდა მამები იყვნენ: იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი და ამბროსი მედიოლანელი. წირვაზე მყოფი ადამიანები მათ ქადაგებებს იწერდნენ, რათა სხვებიც გაცნობოდნენ მათ. ამრიგად, ეკლესიური ადამიანებისთვის ამ ტექსტების კითხვა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახლდათ. დღეს კი, რაღაცნაირად, დავკარგეთ ეს წესი. ამიტომ, შესაქმისა და აპოკალიფსის მოვლენები განსაკუთრებით საიდუმლო აღმოჩნდა ჩვენთვის. ჩვენ ამ მოვლენებით მეტად შეშინებულები ვართ! წმიდა მამები კი განმარტავდნენ მათ.
დაბოლოს (ეს ძალიან მნიშვნელოვანია): ქრისტიანობა ის რელიგიაა, რომელიც საუბრობს ჩვენი ბედის შესახებ მარადიულობაში. მან უნდა მოგვამზადოს მარადიულისთვის, არაამქვეყნიურისათვის. თუ მხოლოდ ამ სოფელზე ვფიქრობთ, მაშინ ჩვენი თვალსაწიერი მეტად შეზღუდულია: არ ვიცით, რა იქნება სიკვდილის შემდეგ, საიდან გავჩნდით, საით მივდივართ და რა არის ცხოვრების აზრი. ხოლო, თუ ჩვენ ვფიქრობთ ყოველივეს დასაწყისისა და დასასრულის შესახებ, მაშინ ვხვდებით, თუ რისთვის ვცხოვრობთ ამქვეყნად.
წინა - სარჩევი - შემდეგი