ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ უნდა მივუდგეთ ამ წიგნს. თანამედროვე მეცნიერებამ და ფილოსოფიამ ჩვენი გონება სამყაროსა და ადამიანის პირველადი მიზეზების შესახებ იმდენი თეორიითა და ყალბი ფაქტით შეავსო, რომ იძულებულნი ვხდებით ამ წიგნს წინასწარ ჩამოყალიბებული აზრით მივუდგეთ. ერთ ნაწილს სურს, ბიბლია თავის კერძო თეორიებს მოარგოს; ზოგიერთი მასში შეუსაბამობას პოულობს. ერთნიც და მეორენიც ისე უყურებენ წმიდა წერილს, როგორც რაღაც წყაროს მეცნიერული ინფორმაციისა; არიან ისეთებიც, ვინც მას აღიქვამენ, როგორც წმიდა წყლის პოეზიას, რელიგიური ფანტაზიის ნაყოფს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან.
ძირითადი მიზეზი, რომელიც ამ წიგნს ძნელად გასაგებად აქცევს, გახლავთ ის, თუ რამდენად სიტყვა-სიტყვით (ბუკვალურად) უნდა ვიკითხოთ იგი. ზოგიერთი პროტესტანტი ფუნდამენტალისტი ამბობს, რომ ამ წიგნს ზუსტად (ან თითქმის ზუსტად), პირდაპირი გაგებით, სიტყვასიტყვით უნდა ვკითხულობდეთ. მაგრამ ასეთი შეხედულება გადაულახავი სირთულეების წინაშე გვაყენებს: რამდენად ბუკვალურადაც უნდა განვმარტოთ შესაქმის პირველ თავებში აღწერილი სინამდვილე (თუნდაც ყველა არსების შექმნა), სრულებით შეუძლებელი იქნება ყველაფრის პირდაპირი აზრით გაგება; ჩვენ იმის შესაფერისი სიტყვებიც კი არ გვაქვს, რომ სიტყვასიტყვით გადმოვცეთ, მაგალითად, თუ როგორ შეიქმნა არაფრისგან რაღაცა. როგორ „თქვა“. ღმერთმა? „ გამოსცა თუ არა მან ხმა, ხმამ კი შეავსო ატმოსფერო, რომელიც მანამდე არც კი არსებობდა. ცხადია, ასეთი ახსნა მეტისმეტად მარტივია, სინამდვილე კი გაცილებით რთული.
სხვები საპირისპირო უკიდურესობისკენ იხრებიან. ზოგ ადამიანს სურს, წარმოადგინოს ეს წიგნი (ყოველ შემთხვევაში, მისი პირველი ყველაზე რთული თავები), როგორც ალეგორია (ჩვენთვის მიუღწევადი რაღაცის აღწერის პოეტური ხერხი). მაგალითად, რომის კათოლიკე მოაზროვნეები ამ ბოლო წლებში მივიდნენ სამოთხისა და ცოდვით დაცემის „ზედაპირული ახსნით ფონს გასვლის“ ორიგინალურ ხერხამდე. მაგრამ ამ მსჯელობათა კითხვის დროს შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ისინი იმდენად უპატივცემულოდ ეპყრობიან შესაქმის (დაბადების) წიგნს, რომ მას განიხილავენ, როგორც ზოგიერთი თანამედროვე თეორიის პრიმიტიულ განმარტებას. ესეც უკიდურესობაა. წმიდა იოანე დამასკელი, VIII საუკუნის მამა, რომლის შეხედულებები ჩვეულებრივ აჯამებს ქრისტიანობის პირველი საუკუნეების მამათა ნააზრევს, გარკვევით ამბობს, რომ სამოთხის ალეგორიული განმარტება ადრეული მწვალებლობის ნაწილია და ეკლესიას არ ეკუთვნის.
დღეისათვის ხშირად გვხვდება ამ ორი შეხედულებიდან საერთო გამოსავალი. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა კათოლიკე მონაზვნის (ამავდროულად სკოლის მასწავლებლის) წიგნი „ღმერთმა შექმნა ევოლუცია. იგი წერს: „ბიბლიური მოთხრობა შესაქმის შესახებ რელიგიურ მიზანს ემსახურება. იგი შეცდომებს შეიცავს, მაგრამ ამ შეცდომებს სწავლებისას არ იყენებენ. შექმნის ევოლუციური თეორია კი პირიქით, სამეცნიერო მიზანს ემსახურება და ჭეშმარიტების მაძიებელთა ასტრონომების, გეოლოგების, ბიოლოგებისა და მათი მსგავსების სფეროა. ეს ორი მიზანი ერთმანეთისგან განსხვავებულია და ორივე ჭეშმარიტებას სთავაზობს ადამიანის გონებასა და გულს“. წიგნის ავტორი ამტკიცებს, რომ შესაქმის (დაბადების) წიგნი შეიქმნა იმ ზეპირი გადმოცემების მიხედვით, რომლებიც იმ დროის სამეცნიერო ცოდნით იყო შემოსაზღვრული.
ამ შეხედულების თანახმად, შესაქმე ერთ, კატეგორიას მიეკუთვნება, ხოლო სამეცნიერო ჭეშმარიტება და სინამდვილე მეორეს; შესაქმესა და ჭეშმარიტებას შორის საერთო მეტად მცირეა, როგორც არ უნდა განვიხილოთ იგი: სიტყვასიტყვით თუ ალეგორიულად. ამდენად, სინამდვილეში ამ საკითხზე ფიქრი არ არის საჭირო: თქვენ კითხულობთ შესაქმეს სულიერი ან პოეტური ამაღლებისთვის, ხოლო მეცნიერები იმას გვიზიარებენ, რისი ცოდნაც საჭიროა სამყაროსა ადამიანის წარმოშობის ფაქტების, შესახებ.
ასეა თუ ისე, დღეს ეს შეთანხმებული შეხედულებაა და იმ დასკვნამდე მიდის, რომ ამ საკითხის განხილვა შეუძლებელია; მაგრამ ჩვენი მიზანია შესაქმის სერიოზულად აღქმა და იმის დანახვა, თუ რას ამბობს იგი სინამდვილეში, არცერთ ზემოხსენებულ მიდგომას არ შეუძლია ამის გაკეთება. შესაქმის (დაბადების) წიგნის „გასაღები“ სადღაც სხვაგან უნდა ვეძიოთ.
შესაქმის განხილვისას უნდა ვერიდოთ ზემოხსენებულ ხაფანგებს. გარკვეულწილად ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ რამდენად ცრუ და წინასწარ ჩამოყალიბებულ აზრთან გვექნება საქმე ტექსტის კითხვის დროს. უკვე აღვნიშნეთ, რომ ზოგიერთი ჩვენგანი შესაძლოა, მეტისმეტად დააფიქროს შესაქმის შესაბამისობამ (ან შეუსაბამობამ) ზოგიერთ კერძო სამეცნიერო თეორიასთან. მოდით, დავადგინოთ ჩვენი თანამედროვე ცნობიერებით შესაქმესთან მიდგომის საერთო პრინციპი. რამდენადაც ჩვენი სამეცნიერო შეხედულებები მხოლოდ პირდაპირი აზრით უნდა გვესმოდეს, ამდენად, არასამეცნიერო ლიტერატურის ან საღვთისმეტყველო ტექსტების განხილვისას უნდა ვეძიოთ პირდაპირი ან „უნივერსალური“ აზრი. და ეს ბუნებრივია: ჩვენ ამ ტექსტების გადარჩენა გვსურს და ამიტომ მათ იმგვარად წარმოვადგენთ, რომ მეცნიერული თვალთახედვით, ისინი ზღაპარს არ ჩამოჰგავდნენ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ წინასწარ ჩამოყალიბებული მსგავსი აზრებით ხშირად ნაჩქარევ დასკვნებს ვაკეთებთ.
ავიღოთ აშკარა მაგალითი: შესაქმის „ექვს დღეს“ უმეტესობა აიგივებს სხვადასხვა ქმნილებათა თანდათანობითი აღმოცენებისა და განვითარების შესახებ თანამედროვე სწავლებასთან. თანამედროვე ადამიანი ამბობს, რომ ეს „დღეები“ უნდა იყოს განუსაზღვრელი ხანგრძლივობის მქონე დროის გარკვეული მონაკვეთები, ვინაიდან გეოლოგიური ქანები და ნამარხი ნაშთები - შეუძლებელია წარმოქმნილიყო პირდაპირი მნიშვნელობით გაგებული „დღის“ განმავლობაში. და თუ ჩვენ შევიტყობთ, რომ ფუნდამენტალისტები ტეხასში ან სამხრეთ კალიფორნიაში ხმამაღლა და დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ეს „დღეები“ 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და არა მეტ ხანს, შესაძლოა, აღვშფოთდეთ და გავოცდეთ იმით, რომ თურმე შეიძლება, ადამიანები იყვნენ ასე გონებაშეზღუდულნი და ანტიმეცნიერულნი.
არსებულ ვითარებაში მე არ ვაპირებ იმაზე საუბარს, თუ რა ხანგრძლივობის იყო ეს დღეები, თუმცა, ვფიქრობ, რომ უნდა გავაცნობიეროთ – ჩვენ ბუნებრივად, თითქმის ქვეცნობიერად მიგვაჩნია შესაქმის დღეები განუსაზღვრელი ხანგრძლივობის პერიოდებად. და გვგონია, რომ ამით გადავწყვიტეთ არსებული „პრობლემა“. მაგრამ ეს მართლაც მოფიქრებული პასუხი კი არა, უფრო წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი ან ცრურწმენაა, ნასესხები იმ ინტელექტუალური წრიდან, რომელშიც ვცხოვრობთ. როდესაც ამ „დღეებს“ უფრო ახლოს განვიხილავთ, მაშინ დავინახავთ, რომ საკითხი მთლიანობაში არც ისე მარტივია და ჩვენი ბუნებრივი წინასწარი განწყობა (ამ შემთხვევაში) არსებულ საკითხს გარკვევის ნაცვლად უფრო ბუნდოვანს ხდის.
ამ განსაკუთრებულ საკითხს მოგვიანებით განვიხილავთ. ახლა კი გირჩევდით, ნუ იქნებით მეტისმეტად დარწმუნებულნი შესაქმის (დაბადების წიგნის) აღქმის ჩვეულ ხერხებში, აღმოაჩინეთ ღმერთშემოსილ მამათა სიბრძნე, რომელთაც დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რათა ეს ტექსტი ისე გაგვეგო, როგორც უნდა გვესმოდეს ის სინამდვილეში. წმიდა მამათა ნაშრომები შესაქმის გასაღებია.
წინა - სარჩევი - შემდეგი