წმიდა მამათა ნაშრომები მთლიანად მოიცავს „ეკლესიის გონებას“ — საღვთო გამოცხადების ცოცხალ გაგებას. ის არის საღვთო გამოცხადების შემცველი ძველი ტექსტებისა და დღევანდელი სინამდვილის შემაერთებელი რგოლი, ურომლისოდაც ადამიანი მარტოსულია, შედეგადაც ინტერპრეტაციებისა და სექტების უსასრულო რაოდენობა გვაქვს.
არსებობს შესაქმის წმიდა მამათა მრავალი განმარტება. ჩვენთვის ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ეკლესიის მამები ამ ტექსტს მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ. მოდით, განვიხილოთ, თუ რომელი მამები საუბრობდნენ ამ ტექსტზე და როგორი წიგნები დაწერეს მათ. ამ კურსში თავიდან გამოვიყენებ ადრეულ მამათა ოთხ განმარტებას.
1. მღვდელმთავარმა იოანე ოქროპირმა დაწერა შესაქმის მთელი წიგნის ვრცელი და მცირე კომენტარები. ვრცელს ეწოდა „საუბრები შესაქმის წიგნის შესახებ“; იგი სინამდვილეში დიდი მარხვის დროს წარმოთქმულ ქადაგებათა კურსს წარმოადგენს, ვინაიდან მარხვის დროს შესაქმის წიგნს ეკლესიაში კითხულობდნენ. ეს წიგნი, დაახლოებით 700 გვერდიანია და 60 საუბარს შეიცავს. ერთი წლის შემდეგ მღვდელმთავარმა იოანემ წარმოთქვა 7 ახალი ქადაგება, რომელიც ასზე მეტ გვერდს შეიცავს. მან აგრეთვე დაწერა 100 გვერდზე მეტი მოცულობის ტრაქტატი, რომელსაც ეწოდა „სამყაროს შექმნის შესახებ“. ამრიგად, მღვდელმთავარ იოანე ოქროპირს აქვს შესაქმის წიგნის განმარტების ათასზე მეტი გვერდი. ეს არის შესაქმის ერთ-ერთი ძირითადი განმარტება.
2. ღირსმა მამა ეფრემ ასურმა, იოანე ოქროპირის თანამედროვე მოღვაწემ, მთელი წიგნის განმარტება დაწერა. მის შრომაში, რომელსაც უბრალოდ „ბიბლიის წიგნების განმარტება“ ეწოდება, რამდენიმე ასეული გვერდი შესაქმეს ეძღვნება.
3. მღვდელმთავარმა ბასილი დიდმა დაწერა შესაქმის „ექვსი დღის“ განმარტება, სახელწოდებით „ჰომილიები ექვსი დღისათვის“.*
* ძველ ეკლესიაში დიდად აფასებდნენ მღვდელმთავარ ბასილის „ჰომილიებს“. მღვდელმთავარი გრიგოლი ღვთისმეტყველი წერდა: „როდესაც ხელში ვიღებ მის (ბასილის) „ჰომილიებს“ და ხმამაღლა ვკითხულობ, მაშინ მე ჩემს შემოქმედთან ვარ, მესმის შექმნის მიზეზები და საკუთარი შემოქმედით უფრო მეტად აღფრთოვანებული ვხდები, ვიდრე ადრე, როდესაც ჩემი მასწავლებელი მხოლოდ ჩემი საკუთარი თვალები იყო“ (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, სწავლებანი 43:67 „ქება წმ. ბასილისა“).
დაახლოებით II საუკუნის ადრეულ საეკლესიო ლიტერატურაში არსებობს სხვა „ჰომილიებიც, მაგრამ - ბასილისეული, შეიძლება ითქვას, ყველაზე უფრო ავტორიტეტულია. ეს წიგნი მოიცავს შესაქმეს მხოლოდ პირველ თავს. მისი კიდევ ერთი წიგნი, „ადამიანის შექმნის შესახებ“, „ჰომილიების“ ერთგვარი გაგრძელებაა.
4. დასავლეთში, მღვდელმთავარმა ამბროსი მედიოლანელმა წაიკითხა მღვდელმთავარ ბასილის ჰომილიები და თავად დაწერა საუბრები ექვსი დღის შესახებ.*
* მღვდელმთავარ ამბროსის სწავლებანი წარმოითქვა მღვდელმთავარ ბასილის სწავლებიდან ჩვიდმეტი წლის შემდეგ.
მისი „ჰომილიები“ სამას გვერდზე მეტია (აქ ჩვენ ვხედავთ, რომ თუ ზოგიერთი მამა მეტ ყურადღებას ერთ გარკვეულ ადგილს უთმობს, მეორემ, შესაძლოა, სხვა ადგილის შესახებ ისაუბროს უფრო დაწვრილებით. თუ თქვენ ყოველივე ამას ერთმანეთს შეადარებთ, მიხვდებით, თუ როგორ უყურებდა შესაქმეს ეკლესიის გონება (მამები საერთოდ). შესაძლოა, განსხვავება შენიშნოთ ზოგიერთ მცირე ინტერპრეტაციაში (რომელიმე უმნიშვნელო პუნქტში), მაგრამ ნახავთ, რომ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ისინი ერთსა და იმავეს ამბობენ (თუმცა სხვადასხვა ხერხებით); რომ ისინი სრულად ეთანხმებიან ერთმანეთს ბიბლიის განმარტებისას. მღვდელმთავარმა ამბროსიმაც დაწერა წიგნი სამოთხის შესახებ, „ექვსთა დღეთას“ გაგრძელება; შემდეგ – წიგნი კაენისა და აბელის შესახებ.
ამ ძირითად განმარტებებთან ერთად განვიხილავთ სხვა წიგნებსაც, რომლებიც შესაქმეს და ექვს დღეს მთლიანად არ განმარტავენ. მაგალითად, მღვდელმთავარ ბასილის ძმამ, მღვდელმთავარმა გრიგოლ ნოსელმა, დაწერა წიგნი „ადამიანის აგებულების შესახებ“, სადაც დაწვრილებით არის განხილული შესაქმის წიგნის პირველი თავის დასასრული და მეორე თავის დასაწყისი.
მე აგრეთვე გამოვიყენე მართლმადიდებლური დოგმატიკის საფუძვლები. ღირსი იოანე დამასკელის წიგნი „მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გარდამოცემა“ შეიცავს მრავალ თავს ექვსი დღის, ადამიანის შექმნის, ცოდვით დაცემისა და სამოთხის შესახებ. ძველი ეკლესიის კატეხიზმოები, მღვდელმთავარ გრიგოლ ნოსელის „დიდი კატეხიზმო“ და მღვდელმთავარ კირილე იერუსალიმელის „განსამზადებელი სიტყვანი“ აგრეთვე ეხება ამ საკითხების ზოგიერთ დეტალს.
წმიდა მამათა მსოფლმხედველობის ერთ-ერთი სპეციფიკური საკითხის გარშემო ვიყენებდი მღვდელმთავართა: ათანასე დიდის, გრიგოლ ნოსელისა და ამბროსი მედიოლანელის ტრაქტატებს აღდგომის შესახებ. ღირსმა მამამ, სვიმეონ ახალმა ღვთისმეტყველმა, დაწერა წიგნი „ადამის ცოდვა“, რომელიც ადამის ცოდვით დაცემასა და პირველქმნილი სამყაროს შექმნას ეხებოდა.
გარდა ამისა, მღვდელმთავარ გრიგოლ ღვთისმეტყველს აქვს სხვადასხვა ნაშრომები ადამიანისა და მისი სულის შესახებ.
ღირსი მაკარი დიდი, ღირსი ამბა დოროთე, ღირსი ისააკ ასური და სხვა ასკეტი მწერლები ხშირად საუბრობდნენ ადამზე და ცოდვით დაცემაზე. ვინაიდან, ასკეტური ცხოვრების ძირითადი მიზანია იმ მდგომარეობაში დაბრუნება, რომელშიც ადამი ცოდვით დაცემამდე იმყოფებოდა, ამიტომ ისინი წერდნენ, თუ რას ნიშნავს ცოდვით დაცემა, რა იყო სამოთხე და რა არის ის, რისკენ დაბრუნებასაც ვესწრაფვით.
ნეტარი ავგუსტინე შესაქმის თემას ეხება ნაშრომში „ქალაქი ღვთისა“;*
* ამ თემაზე ნეტარმა ავგუსტინემ დაწერა აგრეთვე დაწვრილებითი შრომა „შესაქმის ზუსტი მნიშვნელობა“, რომელიც წმიდა მამათა სწავლებისგან განსხვავებულ აზრებს შეიცავს. მამა სერაფიმემ იცოდა ამ ნაშრომის არსებობის შესახებ, მაგრამ არ წაუკითხავს ისინი. 1982 წელს, მისი სიკვდილის შემდეგ, ეს წიგნი ინგლისურ ენაზე გამოიცა სერიაში – Ancient Christian Writers, ტომები 41 და 42 (New York: Paulist Press). ნეტარი ავგუსტინეს სხვა სწავლებანიც შეიცავს სუსტ ადგილებს რაციონალიზებისადმი მისი ზედმეტი მიდრეკილობის გამო. მამა სერაფიმე წერდა, რომ „მისი ზოგიერთი ნაშრომი, ისეთები, როგორიცაა ტრაქტატი პელაგიას წინააღმდეგ, „წმიდა სამების შესახებ“, დიდი სიფრთხილით უნდა წავიკითხოთ. მაინც უნდა დავძინოთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ნეტარ ავგუსტინეს არასდროს განიხილავდა ერეტიკოსად მისი შეცდომების გამო, არამედ ყოველთვის პატივს მიაგებდა, როგორც კეთილმსახურების მამას (განსაკუთრებით მისი არადოგმატური ნაშრომებისთვის, როგორიც არის „აღსარება“). ამავე დროს ეკლესია არ იწყნარებდა მის საღვთისმეტყველო გადაჭარბებებს. ამ საკითხს მამა სერაფიმემ მიუძღვნა მთელი შრომა – „ნეტარი ავგუსტინეს ადგილი მართლმადიდებელ ეკლესიაში“.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იქაც კი, სადაც შესაქმის წიგნის ნეტარი ავგუსტინესეული განმარტება საკამათოა, ის არ შეესაბამება ევოლუციონიზმს ან „ხანდაზმული დედამიწის“ შესახებ შეხედულებას, როგორც ამას მეოცე საუკუნის ზოგიერთი მეცნიერი აცხადებდა. ავგუსტინე იზიარებდა შეხედულებას ერთი სახეობის ქმნილების მეორეში გადასვლის შეუძლებლობის შესახებ და მიიჩნევდა, რომ სამყარო შეიქმნა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 5500 წლის წინათ.
მღვდელმთავარ გრიგოლ პალამას აპოლოგეტურ ნაშრომებში გამოთქმული აქვს თავისი მოსაზრებები შესაქმის სხვადასხვა ასპექტის თაობაზე. ღირსი გრიგოლ სინელიც წერს სამოთხის შესახებ (არის აგრეთვე გვიანდელი განმარტებები, რომლებიც მე, სამწუხაროდ, არ მინახავს: ერთია წმ. იოანე კრონშტანდტელის „ექვსთა დღეთათვის“ და მეორე მიტროპოლიტ ფილარეტ მოსკოველის „შესაქმის შესახებ“).*
* გარდა ამისა, მღვდელმთავარი ნექტარი პენტაპოლელი, თუმცა არ წერდა შესაქმის განმარტებებს, მაგრამ ნაშრომებში ადამიანის ბუნების შესახებ უარყოფს თანამედროვე ევოლუციურ მსოფლმხედველობას.
ეს მამები არ გვაძლევენ პასუხს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც შესაძლოა გვქონდეს შესაქმის შესახებ; ჩვენ მათ ვკითხულობთ უფრო იმისთვის, რომ ნათელი გავხადოთ ჩვენი პოზიცია. ხანდახან შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მამები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, ან მათი საუბრები ვერ პასუხობენ ჩვენს კითხვებს.
ამდენად, ჩვენ უნდა გამოვიმუშაოთ ის ძირითადი პრინციპი, რომელიც განაპირობებს, თუ როგორ გვესმის შესაქმე და წმიდა მამათა ნაშრომები.
წინა - სარჩევი - შემდეგი