1. ჩვენ ვეძიებთ ჭეშმარიტებას და შესაბამისად შესაქმის წიგნს სათანადო პატივი უნდა მივაგოთ. თუკი იგი მეცნიერების საწინააღმდეგოდ მოგვეჩვენება, მაშინ უნდა გავიხსენოთ, რომ თვით ღმერთია შემოქმედი ყოველი ჭეშმარიტებისა და შეუძლებელია, წმიდა წერილის ჭეშმარიტება ეწინააღმდეგებოდეს რაიმეს ნამდვილად ჭეშმარიტს მეცნიერებაში.
2. წმიდა წერილი ღვთივშთაგონებულია. ამის უფრო დაწვრილებით განხილვამდე, აღვნიშნავთ, რომ ბიბლიის ტექსტში უნდა ვეძიოთ უმაღლესი რანგის ჭეშმარიტება და თუ ცალკეული საკითხის გარკვევის დროს რაიმე სირთულეს წავაწყდებით, მაშინ ეჭვი უფრო საკუთარი ცოდნის უკმარისობაში უნდა შეგვეპაროს, ვიდრე ღვთივშთაგონებელი ტექსტის ნაკლოვანებაში.
3. „რთული“ ადგილების დამოუკიდებლად ახსნა კი არ უნდა მოვინდომოთ, არამედ, პირველ რიგში, უნდა შევეცადოთ, უფრო ახლოს გავეცნოთ წმიდა მამათა მოსაზრებებს ამა თუ იმ საკითხის გარშემო და უნდა გავაცნობიეროთ, რომ მათ აქვთ ის, რაც ჩვენ გვაკლია – სულიერი სიბრძნე.
4. უნდა ვერიდოთ წმიდა მამათა ნაშრომებიდან ცალკეული ციტატების კონტექსტიდან ამოღებას, იმისათვის, რომ ჩვენთვის სასურველი თვალსაზრისი „დავამტკიცოთ“. მაგალითად, მე მინახავს მავანი მართლმადიდებელი, რომელიც ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ადამის შექმნაში არაფერი ყოფილა „განსაკუთრებული“. მას მოჰყავდა ციტატები მღვდელმთავარი ათანასე დიდის გამონათქვამებიდან: „პირველი ადამიანი შეიქმნა მიწისაგან, ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანი; და ის ხელი, რომელმაც მაშინ ადამი შექმნა, ასევე ქმნის ყველას, ვინც კი მის შემდეგ ჩნდება“. ეს არის ის ძირითადი დებულება, რომლის მიხედვითაც ღმერთის შემოქმედება კვლავაც გრძელდება.*
* ღმერთის უწყვეტი შემოქმედებითი ძალისხმევის გარეშე არაფერი იარსებებდა და არც მყოფობაში იქნებოდა. ჩვენ „ბუნებრივად“ მიგვაჩნია, რომ მცენარეები თესლისგან აღმოცენდება, რომ ყველაფერი მართლაც პატარა თესლისგან ჩნდება და სრულყოფილ ინდივიდებად იზრდება. მაგრამ ღმერთის გარეშე ეს პროცესი ვერ გაგრძელდება. ამრიგად, რა თქმა უნდა, ღმერთი დღესაც „მტვრისაგან მიწისა“ ქმნის. – მამა სერაფიმეს შენიშვნა.
ამაზე კამათს არც ვაპირებთ. მაგრამ ამ პიროვნების პოზიცია, რომლის ხაზგასმაც მას სურდა, იმაში მდგომარეობს, რომ არ ყოფილა რეალური განსხვავება თანამედროვე და პირველი ადამიანის შექმნას შორის, რომ ადამის სხეული, შესაძლოა, ჩამოყალიბებული ყოფილიყო ბუნებრივი გამრავლების გზით, რომელიმე ჯერ კიდევ არა ადამიანური არსების საშოში. განა შესაძლებელია ასეთი დებულების გამოყენება, როგორც აღნიშნული საკითხის „მტკიცებულებისა“?
მღვდელმთავარ ათანასე დიდის შრომებში შეგვიძლია ვიპოვოთ ერთი ადგილი, სადაც იგი შეგნებულად უარყოფს ამ იდეას. იგი ამბობს: „თუმცა მხოლოდ ადამი იყო მიწისგან შენაწევრებული, მაგრამ იგი შეიცავს მთელი მოდგმის მემკვიდრეობითობას“ (სიტყვა არიანელთა წინააღმდეგ, II, 48, გვ.375). აქ ის სავსებით გარკვევით აცხადებს, რომ ადამი შეიქმნა ყველა სხვა ადამიანის შექმნისაგან განსხვავებულად. როგორც ვნახავთ, მთლიანობაში იმავეს ამბობს წმიდა მამათა სწავლება. ამიტომ არალოგიკურია, ამოვიღოთ ერთი ციტატა და ვიფიქროთ, თითქოს ის ამტკიცებს რომელიმე ჩვენთვის მისაღებ იდეას ან შესაძლებელს ქმნის ამ იდეის არსებობას.
ასეთ თემებზე ცხარე კამათის დროს ხშირად არასწორად იყენებენ წმიდა მამათა ციტატებს, რაც დღევანდელობაში ყველაზე მეტ გაუგებრობას იწვევს. ჩვენ ყოველგვარ ძალისხმევას მოვიხმართ, რათა თავიდან ავიცილოთ ეს ხაფანგები: დაჟინებით კი არ მოვითხოვთ წმიდა მამათა რომელიმე ჩვენეული ინტერპრეტაციის აღიარებას, არამედ, უბრალოდ, შევეცდებით, გავარკვიოთ, თუ რას ამბობენ ისინი.
5. ჩვენ ვალდებულნი არა ვართ გავიზიაროთ ნებისმიერი სიტყვა, რომელიც წმიდა მამებმა შესაქმის შესახებ დაწერეს. ზოგჯერ ისინი თავისი დროის მეცნიერების მიღწევებსაც იყენებდნენ, როგორც საილუსტრაციო მასალას, მაგრამ დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ განვასხვავოთ წმიდა მამათა სამეცნიერო შეხედულებები მათივე საღვთისმეტყველო მტკიცებულებებისაგან და პატივი ვცეთ მათ მთავარ დასკვნებსა და საღვთისმეტყველო ჭვრეტას.
6. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავად შეგვიძლია, რაიმე დავუმატოთ ტექსტის თანამედროვე გაგებას (შესაძლოა თანამედროვე მეცნიერების გამოკვლევებზე დაყრდნობით), მაშინ ეს უნდა გაკეთდეს ფრთხილად, შესაქმის ტექსტისა და წმიდა მამათა თვალსაზრისის სრული პატივისცემით. ასეთ მცდელობებში ყოველთვის თავმდაბლები უნდა ვიყოთ; თანამედროვე მეცნიერებასაც აქვს სისუსტეები და შეცდომები და თუ მეტისმეტად დავეყრდნობით მას, შესაძლოა, მცდარად გავიგოთ წმიდა წერილი.*
* იმ ადამიანთა შორის, რომლებიც მაინცდამაინც არ იტვირთავენ თავს ამ საკითხში ჩაღრმავებით, ძლიერ გავრცელებულია შემდეგი შეხედულება: „ძველი მეცნიერება არასწორია, თანამედროვე მეცნიერება სწორია, და ამიტომ უნდა დავუჯეროთ ყველაფერი, რასაც თანამედროვე მეცნიერები გვეუბნებიან“. ჩვეულებრივ ისე ხდება, რომ ერთი თაობა უკუაგდებს წინა თაობის ე.წ. სამეცნიერო ფაქტებს.
ჩვენ უნდა გავიგოთ, რა არის ფაქტი და რა არის თეორია. თანამედროვე მეცნიერებას მრავალი შეხედულება აქვს, რომელიც ორმოცდაათი წლის შემდეგ (თუკი ისინი ასე დიდხანს გაძლებენ), შესაძლოა, უარყონ და გაჩნდეს ახალი თეორიები.
7. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ვეცდებით, ჯერ წმიდა მამებს გავუგოთ და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოვადგინოთ ზოგიერთი კითხვის (თუკი ის გვექნება) ჩვენი საკუთარი პასუხი.
8. დაბოლოს, თუკი თანამედროვე მეცნიერებას შეუძლია, გარკვეულწილად ნათელი მოჰფინოს შესაქმის რამდენიმე ადგილს მაინც. – მე ვფიქრობ, რომ შესაქმის წმიდა მამებისეულ გაგებასაც შეუძლია, ნათელი მოჰფინოს თანამედროვე მეცნიერებას (ვინაიდან ამ ორი სფეროს ჭეშმარიტებანი ხშირად ემთხვევა ერთმანეთს ამა თუ იმ საკითხში) და ზოგიერთი რჩევაც მისცეს მას: როგორ გავიგოთ გეოლოგიის, პალეონტოლოგიისა და სხვა მეცნიერებათა ფაქტები, რომლებიც დედამიწისა და კაცობრიობის ძველ ისტორიას ეხება. ამრიგად, ეს გამოკვლევა, შესაძლოა, ნაყოფიერი იყოს ორივე მიმართულებით.
9. წინამდებარე კურსის მიზანს არ წარმოადგენს ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, რომელიც დაბადების წიგნსა და შესაქმეს ეხება. ჩვენი მიზანია, უპირველეს ყოვლისა, მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ჩვეულებრივზე უფრო ღრმად იფიქრონ ამ საკითხზე, არ დაკმაყოფილდნენ იმ მარტივი პასუხებით, რომლებიც ასე ხშირად გვესმის.
წინა - სარჩევი - შემდეგი