მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი I
შესაქმის წიგნის წმიდა მამათა განმარტებანი


თავი 1. როგორ უნდა წავიკითხოთ შესაქმე?
სიტყვასიტვითი, არასიმბოლური განმარტებანი


 

ეს საკითხი უდიდესი დამაბრკოლებელი გარემოებაა თანამედროვე ადამიანებისთვის, რომლებიც აღვიზარდეთ „მეცნიერული“ განათლებითა და მსოფლმხედველობით. ამან ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინა ლიტერატურაში სიმბოლური მნიშვნელობების გაგების თვალსაზრისით. ამის გამო ძალიან ხშირად ნაჩქარევ დასკვნებს ვაკეთებთ: თუ წმიდა წერილის რომელიმე სახეს რამდენადმე ესადაგება სიმბოლური მნიშვნელობა (მაგალითად, სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე), ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ: „ეს მხოლოდ სიმბოლოა“; ფიგურალური ან მეტაფორული მნიშვნელობის უმცირესი ნიშანი გვიბიძგებს პირდაპირი, ზუსტი მნიშვნელობის უარყოფისკენ.

ზოგჯერ ასეთ დამოკიდებულებას მივყავართ წმიდა წერილის ცალკეული ნაწილების ან წიგნების ხელაღებით კრიტიკამდე: თუ არსებობს სიმბოლური ან ფიგურალური ელემენტები, მაგალითად – ედემის ბაღი შესაქმეში - ჩვენ ხალისით და ნაჩქარევად დავასკვნით, რომ მთელი ეს ამბავი „სიმბოლოა“ ან „ალეგორია“.

შესაქმის გაგების ჩვენი გასაღები შემდეგია: როგორ ესმოდათ ეს საკითხი წმიდა მამებს, განსაკუთრებით ცალკეული ნაწილები და საერთოდ - მთელი წიგნი?

მოდით, განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

1. ღირსი მაკარი დიდი, ეგვიპტელი, ზეამაღლებული მისტიკური ცხოვრების წმიდანი, რომელსაც ვერავინ დაადანაშაულებს წმიდა წერილის სიტყვასიტყვით გაგებაში, შესაქმის 3, 24 მუხლის შესახებ წერს: „როგორც ვიცით, სამოთხე დაცული იყო და ქერუბიმს ნაბრძანები ჰქონდა, ცეცხლოვანი მახვილით გადაეღობა ადამიანისთვის მისი შესასვლელი. გვწამს, რომ ეს სინამდვილეში ზუსტად ასე იყო, ხილულად, როგორც წერილ არს, და ამასთან ერთად, ყოველივე ამის საიდუმლოდ აღსრულებას ვხედავთ თითოეულ სულშიც.“ IV; 5).

ეს არის ადგილი, რომლის შესახებაც ბევრ ჩვენგანს შეეძლო ევარაუდა, რომ მას მხოლოდ მისტიკური მნიშვნელობა აქვს, მაგრამ დიდი მჭვრეტელი ღვთაებრივად გვარწმუნებს, რომ ეს არის ჭეშმარიტება ისე, როგორც „წერილ არს“ მათთვის, ვისაც ხელეწიფება მისი ხილვა.

2. მღვდელმთავარი გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმიდა წერილის ღრმად მისტიკური განმარტებებით სახელგანთქმული, ასე საუბრობს სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის შესახებ: „ეს ხე, ჩემი აზრით, ჭვრეტა გახლდათ; მასზე ასვლა უსაფრთხოა მხოლოდ მათთვის, რომელთაც ხასიათის სიმწიფეს მიაღწიეს“ (სიტყვა ღვთისგანცხადების შესახებ, XII).

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იგი ამ ხეს განიხილავდა მხოლოდ როგორც სიმბოლოს და არა როგორც – ნამდვილ ხეს? საკუთარ ნაშრომებში მან ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხი არ გასცა, მაგრამ სხვა დიდმა წმიდა მამამ პირდაპირ უპასუხა ამ კითხვას (რამეთუ, როცა წმიდა მამები გამოთქვამენ არა მხოლოდ კერძო აზრებს, არამედ, ამავდროულად მართლმადიდებელ სარწმუნოებას ასწავლიან, მაშინ ისინი (დიდი მამები) ერთმანეთს ეთანხმებიან და ჩვენ ერთმანეთში თავიანთი ნაშრომების განმარტებაში გვეხმარებიან). მღვდელმთავარი გრიგოლ პალამა, XIV საუკუნის დოგმატისტი (ისიქასტი), ასე განმარტავს ამ ადგილს: „გრიგოლ ღვთისმეტყველმა სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხეს უწოდა „ჭვრეტა“.. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ის რაც აქ იგულისხმება ილუზია ან სიმბოლოა და არ გააჩნია საკუთარი არსებობა. რამეთუ ღვთაებრივი მაქსიმე (აღმსარებელი) მოსეს წარმოადგენს კანონის სიმბოლოდ, ხოლო ილიას წინასწარმაუწყებლობის! მაშინ ისინიც უნდა მივიჩნიოთ არა რეალურ არსებებად, არამედ გამოგონილ „სიმბოლოებად“? (ტრიადები წმიდადმდუმარეთა დასაცავად).

3. ასეთია ცალკეული განმარტებების არსი. რაც შეეხება ზოგად მიდგომას შესაქმის ტექსტის „სიტყვასიტყვითი“ ან „სიმბოლური“ ბუნების შესახებ, მოდით განვიხილოთ სხვა წმიდა მამათა სიტყვები, რომლებმაც შესაქმის განმარტებები დაწერეს. წმიდა ბასილი დიდი თავის „ჰომილიებში“ წერს:

„ზოგიერთი ადამიანი დაწერილ ტექსტს არ იგებს საზოგადოდ მიღებული ფორმით, წყალს უწოდებს არა წყალს, არამედ, რაღაც სხვა სახელს, მცენარესაც და თევზსაც თავისი შეხედულების მიხედვით ანიჭებენ მნიშვნელობას. მე კი, როცა მესმის ბალახი, სწორედ ბალახს ვგულისხმობ; ასევე სხვა მცენარეს, თევზს, ნადირსა და პირუტყვს – ყველაფერს სწორედ ისე ვიღებ, როგორც მას ჩვეულებრივ უწოდებენ. რამეთუ არა მრცხუენის მე სახარებაი იგი ქრისტესი (რომ. 1, 16)... (ზოგიერთმა) საკუთარი შეხედულებით მოინდომა წმიდა წერილისთვის რაიმე მნიშვნელობის მინიჭება ყალბი არგუმენტებისა და ალეგორიული განმარტებების გამოყენებით. მაგრამ ეს იგივეა, რომ საკუთარი თავი სულიწმიდაზე ბრძენი გეგონოს და თითქოსდა, განმარტებების სახით, საკუთარი აზრები დაამკვიდრო. ამიტომ, ისე გავიგებთ, როგორც დაწერილია (ექვსთა დღეთა, IX; I, შრომები, სერგიევ პოსადი, 1900 83. 85).

4. ღირსი ეფრემ ასური ამგვარად „შესაქმის განმარტებანში“ გვმოძღვრავს:

„არავინ იფიქროს, თითქოსდა ექვსი დღის განმავლობაში ქმნადობა იგავი იყოს; დაუშვებელია თქმაც იმისა, რომ ამ აღწერაში მხოლოდ დასახელებებია, რომლებიც ან არაფერს ნიშნავს, ან რაღაც სხვა მნიშვნელობა აქვს. პირიქით, უნდა ვიცოდეთ, რომ სწორედ ზეცა და მიწა იგულისხმება და არა სხვა რამე ზეცისა და მიწის სახელით. ეს ეხება ასევე ყველაფერს, რაც შექმნილია და მოწყობილი ზეცისა და მიწის შექმნის დროს; ეს არ არის უბრალოდ სახელწოდებები, ამ სახელების ძალას შეესაბამება თვით არსი შექმნილი ბუნებისა“ (პირველი წიგნის ე.ი. შესაქმის წიგნის განმარტებანი, თავი 1, შრომები, ნაწ. 6. სერგიევ პოსადი, 1901, გვ.211-212).

5. მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი, რომელიც საგანგებოდ ლაპარაკობს სამოთხის მდინარეთა შესახებ, წერს: „შესაძლოა, ისინი, ვისაც საკუთარი სიბრძნით საუბარი უყვართ, არც იმას დაუშვებენ, რომ მდინარეები მართლაც მდინარეებია, წყლები – ნამდვილად წყლები, არამედ ჩააგონებენ მსმენელებს, რომ ისინი (მდინარეებითა და წყლებით სახელდებულნი) რაღაც სხვა რამეს წარმოადგენენ. მაგრამ ჩვენ არ შევისმენთ ამ ადამიანთა ნაუბარს, დავიხშობთ მათთვის ყურთასმენას, ვერწმუნებით საღმრთო წმიდა წერილს და მივყვებით იმას, რაც იქ წერილ არს, ვეცდებით ჯანსაღი დოგმატები დავიმარხოთ საკუთარ სულებში“ (საუბრები შესაქმის წიგნზე, XIII; 4 შრომები, ნაწ. 4, გვ. 107).

ეს საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რათა დავინახოთ, რომ წმიდა მამები, რომლებიც შესაქმის თემაზე წერდნენ, ძირითადად, „პირდაპირ“ განმარტავდნენ ტექსტს, მაშინაც კი, როდესაც მრავალ ადგილას დასაშვებია სიმბოლური ან მისტიკური მნიშვნელობანი. წმიდა წერილში, ისევე როგორც საერთოდ ლიტერატურაში, რა თქმა უნდა, არის აშკარა მეტაფორები, რომლებსაც არავინ, ვინც კი საღად აზროვნებს, „სიტყვასიტყვით“ არ გაიგებს. მაგალითად, 103-ე ფსალმუნში ვკითხულობთ მზემან ცნა ჟამი დასლვისა თვისისაი (19). მიუხედავად ტექსტის დიდი პატივიცემისა, არა ვართ ვალდებულნი დავიჯეროთ, რომ მზეს ცნობიერება აქვს და მართლაც ცნა (შეიცნო) როდის უნდა ჩავიდეს; ეს უბრალოდ პოეტური ენის ნორმალური ხერხია, რომელმაც არავინ უნდა გააკვირვოს.

გარდა ამისა, წმიდა წერილში არსებობს მტკიცებულების ერთი მნიშვნელოვანი ტიპი (ასეთი მაგალითები მრავლად არის შესაქმის წიგნში), რომლის შესახებაც წმიდა მამები გვეუბნებიან, რომ განზრახ სიტყვასიტყვით არ უნდა გავიგოთ ის. ეს არის ღმერთთან დაკავშირებული ანტროპომორფული გამონათქვამები, რომლის მიხედვითაც უფალი თითქოსდა ადამიანია, რომელიც დადის, საუბრობს, მრისხანებს და ა. შ. ყველა ასეთი გამონათქვამი ჩვენ ღვთივშვენიერად და მართლმადიდებლურ სწავლებაზე დაფუძნებული ცოდნით უნდა გავიგოთ: ღმერთი სულია, მას არა აქვს ფიზიკური ორგანოები და მისი მოქმედება წმიდა წერილში ისეა აღწერილი, როგორც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი. ამ მიმართებით მამები ყოველთვის ფრთხილად ეპყრობოდნენ შესაქმის ტექსტს.

წმ. იოანე ოქროპირი წერს: როდესაც გესმის: და დაჰნერგა ღმერთმან სამოთხე ედემს აღმოსავალით... (შესაქმ. 2,8), სიტყვა დაჰნერგა გაიგე ღვთისადმი კეთილშესაფერისად, მიხვდი, რომ აქ იგულისხმება მან ბრძანა; ხოლო, რაც შეეხება შემდგომ სიტყვებს, გწამდეს, რომ სამოთხე მართლაც შექმნილი იყო და სწორედ იმ ადგილას, სადაც წმიდა წერილმა აღნიშნა“ („საუბრები შესაქმის წიგნის შესახებ“, XVIII, 3, გვ. 106).

რაც შეეხება შესაქმის წიგნში მოცემულ „სამეცნიერო“ ინფორმაციას (რამდენადაც აქ სამყაროს მოწყობაზეა საუბარი, ამდენად შეუძლებელია, აქვე არ იყოს სამეცნიერო ინფორმაცია), მიუხედავად საზოგადოდ გავრცელებული შეხედულებისა, აქ არაფერია „მოძველებული“. შესაქმეში მოყვანილი ყველა ინფორმაცია, მართლაც ისეა გადმოცემული, როგორც წარმოადგენს მას დედამიწა და როგორც იყენებს მას კაცობრიობა; მაგრამ აქ განვითარებული არ არის რომელიმე კონკრეტული, კერძო სწავლება; მაგალითად, ციური სხეულების ბუნების ან მათი მოძრაობის შესახებ. ამრიგად, ეს წიგნი შეიძლება, ყველა თაობამ წაიკითხოს და საკუთარი სამეცნიერო შემეცნების შესაბამისად გაიგოს.

ბოლო ასწლეულების აღმოჩენები კოსმოსის თვალუწვდენელობისა და მრავალი ციური სხეულის უზარმაზარი ზომების შესახებ დიდებას მატებს შესაქმის წიგნის უბრალო თხრობას. როდესაც წმიდა მამები შესაქმის წიგნზე საუბრობენ, ისინი, რა თქმა უნდა, ცდილობენ ილუსტრირებას იმ მაგალითებით, რომლებიც მათი დროის საბუნებისმეტყველო მეცნიერებიდან არის აღებული; დღეს ჩვენც იმავეს ვაკეთებთ. მთელი ეს საილუსტრაციო მასალა ღიაა სამეცნიერო კრიტიკისათვის; თვით შესაქმის წიგნის ტექსტი კი არ ექვემდებარება კრიტიკას; საოცარია, რამდენად ახალი და თანამედროვეა იგი ყოველი თაობისათვის! ასეთივეა ამ ტექსტის წმიდა მამათა საღვთისმეტყველო განმარტებებიც.



წინა - სარჩევი - შემდეგი