მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შესაქმის ტექსტამდე უნდა განიხილებოდეს, შემდეგში მდგომარეობს: როგორი სახის ტექსტია ის?
ჩვენ ყველამ ვიცით წმიდა წერილისა და შესაქმის შესახებ არსებული ანტირელიგიური არგუმენტები. კერძოდ, რომ ეს არის ისეთი ჩამორჩენილი ადამიანების თხზულება, რომლებმაც ცოტა რამ იცოდნენ მეცნიერებისა და სამყაროს შესახებ; რომ იგი სავსეა პრიმიტიული მითოლოგიით „შემოქმედი ღმერთების“ და ზებუნებრივი არსებების შესახებ; რომ ეს ყველაფერი ნასესხებია ქალდეური მითოლოგიიდან და ა.შ. მაგრამ შესაქმეს სხვა ხალხების რომელიმე კრეაციულ მითებთან შედარებისას შეუძლებელია არ გაგაოცოს შესაქმის თხრობის გონივრულობამ და უბრალოებამ. კრეაციულ მითებში მართლაც მრავლად არის გამოგონილი მოვლენები და ზღაპრული, არსებები, რომელთა წერილობით ტექსტებში შეტანა არც კი იყო გათვალისწინებული. ამ ტექსტებისა და შესაქმეს ერთმანეთთან შედარება საერთოდ შეუძლებელია.
მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს ფართოდ გავრცელებული შეხედულება, რომელიც არც წმიდა წერილს ეყრდნობა და არც საეკლესიო ტრადიციას. ის ამტკიცებს, რომ მოსემ შესაქმე მას შემდეგ დაწერა, რაც დაასრულა სხვა, უფრო ადრეული მოთხრობები შექმნის შესახებ, ან უბრალოდ ჩაიწერა მისთვის ხელმისაწვდომი ზეპირი გადმოცემები; მან შეკრიბა და გაამარტივა მის დრომდე მიღწეული თქმულებები. ასეთი თვალსაზრისი შესაქმეს ადამიანური სიბრძნისა და აზროვნების ნაყოფად წარმოადგენს და ამ შემთხვევაში უაზრობა იქნებოდა მისი შესწავლა, როგორც ჭეშმარიტებისა სამყაროს შექმნის შესახებ.
არსებობს ცოდნის სხვადასხვა სახეობა. უშუალოდ ღმერთისგან მომდინარე და ადამიანის ბუნებრივი უნარებისგან მომდინარე ცოდნა სრულებით განსხვავდება ერთმანეთისაგან. ღირსი ასაკ ასური ცოდნის ამ სახეობებს ამგვარად განასხვავებს:
„ჭვრეტას, რომელიც ხილულს (საგნებს) იკვლევს ან გრძნობებით აღიქვამს მას, ბუნებრივი ეწოდება; ხოლო, აზროვნების ძალით და საკუთარ თავში არსებულ უსხეულო არსებათა ბუნებით გამოწვეული ჭვრეტას კი – სულიერი ხილვა. და ამ საწყის მიზეზთა გამო (ხილული და სულიერი საგნების შეგრძნება) როგორც ერთი, ისე მეორე ხილვა სულში გარედან აღწევს. ხოლო ღვთაებრივი ძალით მიღებულ ხილვას ზებუნებრივი ეწოდება; იგი უფრო მიუწვდომელია და ხილვაზე მეტიცაა. მას სული იღებს, არა მის გარეთ არსებული საგნებისგან, არამედ თვით მის შიგნით. არამატერიალურად, უსასყიდლოდ, სწრაფად და მოულოდნელად აღმოჩნდება და გაცხადდება იგი უშუალოდ შიგნიდან, რამეთუ ქრისტე ამბობს: აჰა, ეგერა სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენ სა არს (ლუკ. 17,21)“ (სათნოთმოყვარეობა, ტ. 2).
სხვა ადგილას ღირსი ისაკი აღწერს, თუ როგორ შეუძლია სულს, ამაღლდეს უმაღლესი სულიერი ცხოვრების მქონე ადამიანებში საგანთა შექმნის ხილვამდე. ღირსი ისაკი აღწერს, თუ როგორი აღტაცებულია ასეთი სული მომავალი უხრწნელი საუკუნის მოლოდინით:
„და აქედან უკვე საკუთარი გონებით აღიმართება იმისაკენ, რაც წინ უსწრებდა სამყაროს დასაბამს, როცა ჯერ არაფერი იყო ქმნილი – არც ზეცა, არც მიწა, არც ანგელოზნი; და მისკენ, თუ როგორ გარდაქმნა ღმერთმან ყოველივე თვისი კეთილმოწადინებით არყოფნიდან მყოფობაში და ყოველი დაბადებული, სულიერი და უსულო წარმოდგა მის წინაშე სრულყოფილებით“ (სიტყვანი 21; გვ.101).
ამრიგად, შეიძლება გვჯეროდეს, რომ ისტორიულ პატრიარქთა და მეფეთა საქმეებისა და ქრონოლოგიების აღწერისას მოსე და გვიანდელი მემატიანენი იყენებდნენ წერილობით ცნობებსა და ზეპირ გადმოცემებს, მაგრამ სამყაროს შექმნის ამბავი მხოლოდ საღვთო გამოცხადებით შეიძლება მომდინარეობდეს, რადგან მაშინ ღვთიურ საქმეთა მოწმენი არ იყვნენ; ეს არის ზებუნებრივი ცოდნა, რომელიც ღმერთთან უშუალო კონტაქტით გამოცხადდება.*
* წიგნში „გამოსვლათაი“ მოხსენებულია ორი შემთხვევა, როდესაც თვით ღმერთი ეუბნება მოსეს რამეთუ ექუსთა მათ დღეთა შექმნა ღმერთმან ცაი და ქუეყანაი (გამოსვლ. 20,11; 31,17).
ამას ამბობენ წმიდა მამებიცა და საეკლესიო გადმოცემაც.
მღვდელმთავარი ამბროსი წერს: „მოსე უბნობდა სიტყვითა ღმრთისა უმაღლესითა არა ხილვითა ან თუ სიზმარში, არამედ პირდაპირ (რიცხვთ. 12,6-8).*
* ჩვენ აქ მოგვყავს წმიდა წერილის ნაწყვეტის მღვდულმთავარ ამბროსის თავისუფალი თხრობა და არა მისი ზუსტი ტექსტი.
ცხადი და აშკარაა, რომ მას მადლი ღვთაებრივი მუნ ყოფისა ხატითა და მისნობით არ ებოძა. და ასე მოსემ განაღო პირი თვისი და გადმოსცა იგი, რაცა ღმერთმან აუწყა სულსა მისსა, თანახმად აღთქმისა მისთვის მიცემულისა. ოდეს უბრძანა მან წასულიყო მეფე ფარაონთან და აწ ვიდოდე და მე აღვაღო პირი შენი და მე გასწავნე შენ, რომელთა გეგულების თქუმა (გამოსვლ. 4, 12). რამეთუ რაკი მან უკვე მიიღო ღმრთისაგან, რა უნდა თქვას ადამიანთა განთავისუფლებაზე, შენ მით უფრო არ უნდა მიიღო ის, რასაც იტყვის იგი ცათა შესახებ?! ესრეთ, არა რწმუნებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუთაითისა, არა ფილოსოფიური სოფიზმებით, არამედ გამოცხადებითა სულისაითა და ძალითა (1 კორ. 2, 4) გაბედა მან ეთქვა, თითქოს ღვთაებრივი შრომის დასამოწმებლად: დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაი და ქუეყანა (შესაქმ. 1, 1)“ (Hexameron 1; 2, გვ. 6-7).*
* წმ. მამათა ნაშრომები, რომელთა ციტატები თარგმნილია ინგლისურიდან, მითითებულია ინგლისურ ენაზე. დანარჩენი ციტატები აღებულია რუსული გამოცემებიდან, რითაც მამა სერაფიმე სარგებლობდა.
ამგვარადვე წერს წმ. ბასილი თავისი „ჰომილიების“ დასაწყისშივე:
„აი, ეს კი, თანაბრად ანგელოზებისა, რომლებიც ღირს იყვნენ ღვთის ხილვისა, გვიამბობს ჩვენ ნაწილს იმისას, რაც ღვთისაგან გაიგო“ (ჰომილიები 1, 1, 88. 4).
წმ. იოანე ოქროპირი თავის „საუბრებში შესაქმის წიგნზე“ კვლავ და კვლავ უბრუნდება მტკიცებულებას, რომ წმიდა წერილის თითოეული სიტყვა ღვთივშთაგონებულია და ღრმა აზრი აქვს, რომ ეს სიტყვები მოსეს კი არა, ღმერთს ეკუთვნის.
„მოდით, ვნახოთ, რას გვასწავლის მოსე სულიწმიდის შთაგონებით“ (XIV, 2, გვ. 110).
იგი საოცრად აღწერს იმას, თუ როგორ აღასრულებს ამას მოსე. ჩვენ ვიცით, რომ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი წინასწარ იუწყებოდნენ მესიის მოსვლას. გამოცხადების წიგნში წმ. იოანე ღვთისმეტყველი წინასწარმეტყველებს სამყაროს დასასრულისა და ეკლესიის მომავლის შესახებ. საიდან იცოდნენ მათ, თუ რა მოხდებოდა? ცხადია, მათ ეს ღმერთმა აუწყა. წმ. იოანე ოქროპირი აცხადებს, რომ წმ. იოანე ღვთისმეტყველი გახლდათ მომავლის წინასწარმეტყველი, ხოლო მოსე - წარსულის წინასწარმეტყველი. იგი ამბობს: „ყველა სხვა წინასწარმეტყველი საუბრობდა ან იმის შესახებ, რაც დიდი ხნის შემდეგ უნდა მომხდარიყო, ან — რაც მაშინვე აღსრულდებოდა, ხოლო იგი, ნეტარი (მოსე), რომელიც სამყაროს შექმნიდან მრავალი თაობის შემდეგ ცხოვრობდა, ღირს იქმნა, უზენაესი მარჯვენის მიერ წარმართებულს, წარმოეთქვა ის, რაც შექმნა უფალმა ჯერ კიდევ მის დაბადებამდე. დიახ, სწორედ ამიტომ დაიწყო მან თხრობა: დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაი და ქუეყანა, თითქოს ხმამაღლა მოგვიწოდებდა ყველა ჩვენგანს: მე ამას ადამიანთა სწავლების მიხედვით არ გეუბნებით; არამედ, ვინც ცა და მიწა არყოფნიდან მყოფობაში გამოიწვია, მანვე აღძრა ჩემი ენა, რომ მათ შესახებ მომეთხრო. ამრიგად, გევედრებით, მივიღოთ ეს სიტყვები ისე, თითქოს მოსეს კი არა, სამყაროს უფალს ვუსმენთ, რომელიც წინასწარმეტყველის პირით მეტყველებს. ამით განვეშოროთ საკუთარ მოსახრებებს“ (II,2, გვ. 9).
ამრიგად, შესაქმის პირველ თავებს უნდა მივუდგეთ როგორც წინასწარმეტყველების წიგნს, ვიცით რა, რომ იქ აღწერილი სრულებით რეალური მოვლენებია; ასევე უნდა გავაცნობიეროთ, რომ მათი ჩვენგან სიშორისა და თვით მათი არსის გამო, როგორც დედამიწის ისტორიის უპირველესი ამბებისა, ჩვენ მათი გაგება მხოლოდ არასრულყოფილად შეგვიძლია. ისევე, როგორც ფრიად არასრულყოფილია ჩვენეული გაგება სამყაროს დასასრულისა, რომელიც გადმოცემულია აპოკალიფსში და ახალი აღთქმის სხვა წერილებში. წმ. იოანე ოქროპირი თავად გვაფრთხილებს, რომ არ გვეგონოს, თითქოს შესაქმეში ბევრი რამ ჩვენთვის გასაგებია:
„დიდი მადლიერებით მივიღებთ ნათქვამს (მოსეს მიერ), არ გამოვალთ ჩვენი საზღვრებიდან და არ გამოვცდით იმას, რაც ჩვენზე მაღლაა; ასე იქცეოდნენ ჭეშმარიტების მტრები: მათ ყველაფრის გაგება საკუთარ გონებას მიანდეს და არ უფიქრიათ, რომ ადამიანის ბუნებას არ ძალუძს ჩაწვდეს ღვთის ქმნილებას“ (II, 2, გვ. 9).
ახლა შევეცადოთ, შევიდეთ შესაქმის წიგნის ღვთივშთაგონებული ტექსტის სამყაროში ისე, როგორც ეს წმიდა მამებს ესმოდათ. უნდა გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ მათ ნაწერებს, რომლებიც ჩვენს რთულ დროში სიწმიდის მანათობელი ვარსკვლავები არიან; ისინი თვით ამ ზეშთაგონებულ ტექსტსაც კი ნათლად გვიხსნიან.
ნუ ვიფიქრებთ, რომ ჩვენ მათზე „უკეთ ვიცით და თუ ჩვენ გვგონია, რომ გვაქვს ისეთი ცნობიერება, რომელიც მათ არ უხილავთ, მაშინ, ვიყოთ მოკრძალებულნი და მორიდებულნი ამის გამოხატვაში; გავაცნობიეროთ საკუთარი გონების სიმწირე და არამდგრადობა; დაე, მათ გაანათონ ჩვენი გონება საღვთო გამოცხადების გასაგებად.
აქ უნდა დავამატოთ საბოლოო შენიშვნა შესაქმის წიგნის ჩვენს დროში შესწავლის შესახებ. ადრექრისტიანულ წმიდა მამებს, რომლებიც შესაქმის პირველი ექვსი დღის შესახებ წერდნენ, აუცილებლად მიაჩნდათ, მოეტანათ ცნობები იმ დროის არაქრისტიანული მეცნიერების ან ფილოსოფიური სპეკულაციების შესახებ. ასეთია, მაგალითად, შეხედულებები, თითქოს სამყარო მარადიულია, რომ იგი თავისით წარმოიქმნა, შეიქმნა წინარეარსებული მატერიისგან რაღაცა შეზღუდული „ღმერთ-გამფორმებლის“ (დემიურგის) მიერ და სხვა ამის მსგავსი.
ჩვენს დროში ასევე არსებობს არაქრისტიანული თვალსაზრისი სამყაროს შექმნის, დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის შესახებ და ა.შ. შეგვიძლია, არ შევეხოთ მათ ჩვენს კომენტარებში. ამ იდეებიდან დღეს განსაკუთრებით გავრცელებულია ისინი, რომლებიც ე.წ. „ევოლუციის“ თეორიასთან არის გადახლართული. ზოგიერთი ეს იდეა ჩვენ მოკლედ განვიხილეთ, მაგრამ იმისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ არასწორი გაგება, ნება მოგვეცით, ზუსტად განვსაზღვროთ, თუ რას ვგულისხმობთ ამ სიტყვაში.
„ევოლუციის“ ცნება მრავალგვარად გამოიყენება როგორც სამეცნიერო, ისე თანამედროვე ლიტერატურაში. ზოგჯერ იგი მხოლოდ სიტყვა „განვითარების“ სინონიმია, ზოგჯერ კი გამოიყენება სახეობათა შიგნით მიმდინარე „ცვლილებების“ აღწერის მიზნით; იგი აღწერს, აგრეთვე, უმეტესად რეალურ ან ჰიპოთეზურ ცვლილებებს. ამ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა შევეხოთ ასეთი სახის „ევოლუციას“; ის მნიშვნელოვანწილად სამეცნიერო ფაქტისა და მისი ინტერპრეტაციის სფეროს მიეკუთვნება.
„ევოლუციის“ ერთადერთი სახეობა, რომელთანაც უნდა გვქონდეს საქმე, არის ევოლუცია, როგორც „კოსმოგონია“ ე.ი. სამყაროს შექმნის თეორია. ევოლუციის თეორიის ამ სახეობას ისეთივე ადგილი უკავია შესაქმის წიგნის თანამედროვე მკვლევართათვის, როგორც ეკლესიის ადრეული მამებისათვის უძველეს სპეკულაციებს სამყაროს შექმნის შესახებ. რა თქმა უნდა, არსებობენ ისინიც, ვინც დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ევოლუციონიზმის ასეთი სახეობაც კი, სავსებით სამეცნიეროა; სინამდვილეში, ზოგიერთი მათგანი მთლიანად მის „დოგმატიზებას“ ახდენს. მაგრამ ნებისმიერმა დასაბუთებულმა ობიექტურმა თვალსაზრისმა უნდა აღიაროს, რომ ევოლუციონისტური კოსმოგონია, თუკი მას არა აქვს პრეტენზია იყოს ღმერთის მიერ შექმნილი, ისეთივე სპეკულაციურია, როგორც სამყაროს შექმნის ნებისმიერი სხვა თეორია და შესაძლებელია მისი მათთან ერთად განხილვა. მიუხედავად იმისა, რომ მას შესაძლოა, ჰქონდეს თავისი საფუძვლები სამეცნიერო ფაქტებში, თვით იგი ფილოსოფიის სფეროს მიეკუთვნება და ეხება ღვთისმეტყველებასაც იმდენად, რამდენადაც ვერ აიცილებს საკითხს ღმერთის, როგორც სამყაროს შემოქმედის შესახებ, მიუხედავად იმისა, აღიარებს იგი მას თუ უარყოფს.
ამრიგად, წინამდებარე კურსში „ევოლუციას“ შევეხებით, როგორც უნივერსალურ თეორიას, რომელიც ცდილობს ახსნას სამყაროსა და სიცოცხლის შექმნა.
წინა - სარჩევი - შემდეგი