მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი I
შესაქმის წიგნის წმიდა მამათა განმარტებანი


თავი 11. შესაქმის ექვსი დღე
შესავალი


 

მოდით, განვიხილოთ შესაქმის ექვსი დღის მოდელი, როგორც ეს წმიდა მამათა მიერ არის წარმოდგენილი. ჩვენ არ დავიწყებთ ამ „დღეების ხანგრძლივობის“ განსაზღვრას თუნდაც მიახლოებით. მრავალი ფუნდამენტალისტი შესაქმის განმარტებას არასრულყოფილად მიიჩნევს, თუკი არ იქნება მიღებული, რომ ეს „დღეები“ – 24 საათის ხანგრძლივობის არის. ამავდროულად, ზოგიერთებს სურთ შესაქმის შეერთება ევოლუციის თანამედროვე თეორიასთან და ამ „დღეების“ ხანგრძლივობის მილიონობით ან მილიარდობით წლებად აღიარებას მოითხოვენ, რათა იგი გეოლოგიით მოპოვებულ მონაცემებს შეესაბამებოდეს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ ორი თვალსაზრისიდან არცერთია მართებული.

იმას არ ვამბობთ, რომ ეს დღეები არ შეიძლებოდა ოცდაოთხსაათიანი ყოფილიყო, თუკი ამას ღმერთი მოინდომებდა; ერთი თუ ორი წმიდა მამა (მაგალითად, ღირსი ეფრემ ასური) ამტკიცებს, რომ ეს დღეები სწორედაც ოცდაოთხსაათიანი გახლდათ. მაგრამ, წმიდა მამათა უმრავლესობა საერთოდ არაფერს ამბობს ამის შესახებ: ეს არ წარმოადგენდა კამათის საგანს იმ დროს და მათ, როგორც ჩანს, აზრადაც არ მოსდიოდათ ჩვენი დაცემული სამყაროს დროის ათვლა დაეწყოთ ამ განსაცვიფრებელი და სასწაულებრივი ექვსი დღით ადრე. ნეტარი ავგუსტინე სავსებით სწორად გადმოცემს წმიდა მამათა პოზიციას, როდესაც ამბობს:

„ჩვენთვის ძალიან ძნელია, ან უფრო მეტიც, შეუძლებელია დავასკვნათ, თუ როგორი იყო ეს დღეები; და მით უმეტეს შეუძლებელია, ვისაუბროთ ამის შესახებ“ („საღვთო ქალაქის შესახებ“, (XI, 6).

მაგრამ, თუ შესაქმის ექვსი დღის 24 საათის ხანგრძლივობით განსაზღვრა აუცილებელი არ არის, მაშინ საერთოდ შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ ისინი, როგორც მილიონობით ან მილიარდობით წლები – ე.ი ჩავტენოთ იგი დროის ევოლუციურ სკალაში. შესაქმის ექვსი დღის ამბები მთლიანობაში უბრალოდ არ შეესაბამება ევოლუციურ სურათს. შესაქმეში პირველი ცოცხალი არსებები ხმელეთზე არსებული ბალახი და ხეებია და არა – ზღვის მიკროორგანიზმები, როგორც ეს ევოლუციური თეორიის მიხედვით უნდა იყოს. და ეს ხმელეთის მცენარეები არსებობს მთელი დღის (მილიარდობით წლის?) განმავლობაში მანამ, სანამ მზე შეიქმნებოდა; მაშინ, როდესაც ევოლუციური თეორიით მზე თვით დედამიწაზე ადრე უნდა არსებულიყო. (არა მხოლოდ „ქრისტიანი ევოლუციონისტები“, არამედ „შესაქმის მომხრენიც, რომლებიც ხანდაზმული დედამიწისა და პროგრესის თვალსაზრისს იზიარებენ, ცდილობენ ექვსი დღე მილიარდწლოვანი ხანგრძლივობის ევოლუციურ დროით სკალაზე განალაგონ, ამიტომ, ისინიც, უეჭველია, რომ ამახინჯებენ შესაქმის ამბებს, რათა როგორმე მოაგვარონ ზემოაღნიშნული წინააღმდეგობები.) ყველა ობიექტური დამკვირვებელი დაასკვნის, რომ შესაქმის ექვსი დღე, თუკი ეს მართლაც მხოლოდ აღწერა არის და არა თვითნებური ფანტაზიისა ან სპეკულაციის (გონებით ჭვრეტის) პროდუქტი, უბრალოდ არ ჯდება ევოლუციურ ჩარჩოებში და ამიტომ არ არის საჭირო მათი მილიარდობით წლებად გარდაქმნა. ჩვენ ქვემოთ აგრეთვე ვნახავთ, რომ წმ. მამათა თვალსაზრისით ამ დღეების ასეთი განმარტება - სრულიად შეუძლებელია. სავსებით აშკარაა, რომ ევოლუციონისტური თეორია საუბრობს რაღაც სხვა რამეზე და არა შესაქმის ექვს დღეზე.

სინამდვილეში, ვერცერთი სამეცნიერო თეორია ვერ გვეტყვის რაიმეს ამ ექვსი დღის შესახებ. ბუნებრივ მოვლენებზე დაყრდნობით, რომლებსაც ჩვენ დღესაც შეგვიძლია დავაკვირდეთ, მეცნიერება ცდილობს ახსნას (ზოგჯერ მეტი, ზოგჯერ ნაკლები წარმატებით) ამ სამყაროში მიმდინარე პროცესები. მაგრამ შესაქმის ექვსი დღე არ არის ბუნებრივი პროცესი; ისინი (შესაქმის დღეები) იმის არსია, რაც მანამდე მოხდა, სანამ სამყაროში ყველა ბუნებრივი პროცესი დაიწყებოდა. ეს დღეები ღმერთის საქმეთა არსია; ისინი სასწაულებრივია თვით თავისი არსით და ამრიგად, შეუძლებელია მათი აღწერა დღეს მოქმედი ბუნების კანონებით, რომლებიც ჩვენთვის ხილულ სამყაროს მართავენ. (მამა სერაფიმე წერს: „ნამარხი ნაშთები – ეს შესაქმის ექვსი დღის ნაშთები კი არ არის, არამედ – დაცემული სამყაროს ისტორიაა მისი შექმნის შემდეგ. შესაქმის ექვსი დღე სამეცნიერო დაკვირვებისა და გაზომვების ფარგლებს გარეთ იმყოფება და თავისი არსით განსხვავდება იმისგან, რასაც მეცნიერება ზომავს (შდრ: ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ბუნების ახალი კანონის შესახებ ადამის ცოდვით დაცემის შემდეგ). მათი ხანგრძლივობა განუზომელია მეცნიერების მიერ და არ ეტევა არცერთ სამეცნიერო თეორიაში“.) თუ საერთოდ შეიძლება ვიცოდეთ რაიმე იმის შესახებ, თუ რა მოხდა ამ ექვსი დღის განმავლობაში მხოლოდ საღვთო გამოცხადებით და არა სამეცნიერო პროექტებითა და ვარაუდებით. ამ თვალსაზრისით, თანამედროვე მეცნიერები არაფრით აღემატებიან კოსმოსური მითებისა და წარმოდგენების უძველეს შემქმნელებს. შესაქმის განმარტებათა ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ ამას.

წმ. იოანე ოქროპირი წერს:

„რას ნიშნავს, რომ ჯერ ცა და შემდეგ მიწა (შეიქმნა), ჯერ სახურავი და შემდეგ საფუძველი? დიახ, (ღმერთი) არ ექვემდებარება ბუნებრივ აუცილებლობას, არ ემორჩილება ხელოვნების წესებს. საღვთო ნება შემოქმედი და მხატვარია ბუნების, ხელოვნებისა და ყოველივე არსებულის“ (რვა სიტყვა შესაქმის წიგნზე, 1, 3, ქმნილებანი, ნაწ. 4, სპბ, 1898, გვ. 731-732).

შესაქმის მეხუთე დღის შესახებ საუბრისას იოანე ოქროპირი ამბობს: „დღეს ღმერთი უკვე წყლებსა ზედა იძვრის და გვაჩვენებს, რომ მისი სიტყვითა და ბრძანებით წყლისგან წარმოიქმნენ სამშვინველიანი ცხოველები... მითხარით, რომელ გონებას ძალუძს, ჩაწვდეს ამ სასწაულს?“ (საუბრები შესაქმის წიგნზე, VII, 3, იქვე, გვ. 52)

წმ. ბასილი „ჰომილიებში“ გვასწავლის, რომ შესაქმის მესამე დღეს წყლისთვის არ არსებობდა ქვემოთ ჩამოდინების ბუნებრივი აუცილებლობა, რაც ჩვენი სამყაროს კანონია; მაშინ კი არავითარი კანონი არ იყო, ვიდრე საღვთო ნება არ გაცხადდა:

„მაგრამ, იქნებ, მავანი, გარდა ამისა, კიდევ იკითხავს: რატომ არის, რომ წყლის ბუნებრივ თვისებას, ანუ ქვემოთ დინების ძალას წმიდა წერილი დამბადებელს მიაწერს?.. თუკი ასეთია წყლის თვისება, მაშინ ამაოდ არის მისთვის ნაბრძანები შეკრებილიყო ერთად.. ამ კითხვაზე ჩვენ ვუპასუხებთ, რომ ჩვენთვის წყლის მოძრაობა განსაკუთრებით ცნობილი გახდა უფლის ბრძანების შემდეგ. ახლა იგი ყველგან მიედინება, ცვლადია, ბუნებრივად მიისწრაფვის დაქანებულ და ჩაზნექილ ადგილებში; მაგრამ როგორი ძალა ჰქონდა მას ადრე, მანამ, სანამ ამ ბრძანების შედეგად წარმოიქმნებოდა მასში მოძრაობის ასეთი მისწრაფება; ეს არც შენ იცი და ვერც რომელიმე თვითმხილველი გიპასუხებს ამ კითხვაზე. გაიგე, რომ სიტყვა ღვთისა ქმნის თავად არსს; და ბრძანებამ, მაშინ ქმნილებისადმი მიცემულმა, განსაზღვრა შექმნილის წესი შემდგომი დროისთვისაც“ (ჰომილიები ექვსი დღის შესახებ, IV, 2, შრომები, ნაწ. 1, სერგიევ პოსადი, 1900, გვ. 58).

უეჭველია, რომ აქ არის სამეცნიერო თეორიასა და რელიგიურ გამოცხადებას შორის არსებული წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი წყარო. ექვსი დღის განმავლობაში თავად ბუნება იქმნებოდა. ბუნების ამჟამინდელ კანონებს არ შეუძლია, გვაუწყოს, თუ როგორ იყო იგი დადგენილი. თავად მიზეზთა, საწყისებისა და ყოველგვარი ყოფიერების საკითხი სცილდება მეცნიერების სფეროს. ამ სფეროში შესვლით მეცნიერი ცდილობს, გამოიცნოს, ააგოს ვარაუდები ნებისმიერი ძველი კოსმოლოგის მსგავსად; და ეს არა მარტო აცდენს მას ჩვენი სამყაროს ბუნებრივი პროცესების შესწავლის სერიოზული სამუშაოსაგან, არამედ მას რელიგიური გამოცხადების მეტოქედაც ქმნის; იმ გამოცხადებისა, რომელიც ჩვენთვის საგანთა საწყისისა და ყოველივეს დასასრულის ჭეშმრიტი ცოდნის ერთადერთი წყაროა. წმ. ბასილი წერს:

„ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ სამყაროს შემადგენლობა და განვიხილოთ იგი არა ამსოფლიური სიბრძნის საწყისებით, არამედ ისე, როგორც ეს ღმერთმა ასწავლა თავის მსახურს ხილვით და არა იგავით“ (რიცხვთა, 12,8) (ჰომილიები, VI, I, იქვე, გვ. 85).

თუკი ძალგვიძს, დავმდაბლდეთ ისე, რომ გავიგოთ, თუ სინამდვილეში რამდენად ცოტა რამ ვიცით ექვსი დღის ქმნადობის დეტალების შესახებ, მაშინ ჩვენ შესაქმის წიგნის გაგების მეტი შესაძლებლობა გვექნება. ამ ტექსტის გაგების ჩვენი გასაღები წმიდა მამებია, და არა სამეცნიერო ან კოსმოლოგიური ჭვრეტანი.



წინა - სარჩევი - შემდეგი