მაშ, რისი თქმა შეიძლება ამ ექვსი დღის შესახებ?
ჯერ ერთი: ამ ექვს დღეზე ფიქრისას ერთმა მართლმადიდებელმა ზუსტად გამოხატა ჩვენი კვლევის მიზანი: ის უნდა გაიზომოს არა რაოდენობრივად, არამედ ღვთისმეტყველებით. აქ ექვსი დღის ხანგრძლივობა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, რაც ამ დროს მოხდა. ეს არის ღმერთის შემოქმედებითი ექვსი უზარმაზარი აქტის გადმოცემის არსი; აქტისა, რომლის მიხედვითაც სამყარო შეიქმნა ისეთი, როგორსაც ვიცნობთ.
მეორე: როგორც ვხედავთ, თავისი არსით ამ დღეების ამბები სასწაულებრივია, ისინი არ ექვემდებარებიან ბუნების კანონებს, რომლებიც დღეს მართავენ სამყაროს და ჩვენთვის მათი გაგება დღევანდელი გამოცდილებით შეუძლებელია.
მესამე: წმ. მამები შესაქმის წიგნის შესახებ დაბეჯითებით აღნიშნავდნენ, რომ ღმერთის შემოქმედებითი აქტები ამ ექვსი დღის განმავლობაში სწრაფია და უეცარი.
ღირსი ეფრემ ასური, რომელიც ვარაუდობდა, რომ შესაქმის დღეები 24 საათი გრძელდებოდა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ღმერთის შემოქმედებითი აქტები ამ დღეებში საჭიროებდა არა 24 საათს, არამედ მხოლოდ თვალის ერთ დახამხამებას. მაგალითად, პირველი დღის შესახებ იგი წერს:
„..თუმცა ნათელიც და ღრუბლებიც შექმნილია თვალის ერთ დახამხამებაში; მაინც, როგორც დღე, ისე ღამე პირველი დღისა გრძელდებოდა 12-12 საათი“ (პირველი წიგნის ე.ი. შესაქმის წიგნის განმარტება, ქმნილებანი; ნაწ. 6, სერგიევ პოსადი, 1901, გვ. 214).
ექვსი დღის განმარტებისას წმ. ბასილი დიდიც ხაზგასმით აღნიშნავს ღვთაებრივი ქმნადობის მომენტალურ ხასიათს. შესაქმის მესამე დღის შესახებ იგი წერს:
„სიტყვითა ამით გახშირდა ბუჩქნარი, მიწიდან ამოიზარდა ყველა ხე... ყველა მომცრო ხე უეცრად განიტოტა და დაიბურა, გაჩნდა მცენარეები... მანამდე ეს ყოველივე არ იყო და მყისიერად გახდა მყოფი...“ (ჰომილიები, V, გვ. 75).
..ქუეყანამ გამოიღედ მწუანვილი (შესაქმ. 1, 11). ესე მოკლე ბრძანება - მაშინვე იქცა დიდ ბუნებად და მხატვრულ სიტყვად, რომელიც ჩვენს გონებაზე სწრაფად ქმნიდა მცენარეთა ურიცხვ თვისებას“ (ჰომილიები, V, გვ. 83).
წმ. ამბროსი წერს: როდესაც მოსე ასე ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობს დასაბამად ქმნა ღმერთმან... (შესაქ. 1,1), მას სურს „გამოხატოს შექმნის წარმოუდგენელი სისწრაფე“ და, რაკი წმ. ამბროსის მხედველობაში აქვს ელინთა კოსმოლოგიური თეორიები, იგი წერს ფრაზას, რომელიც ჩვენი დროის თეორიებსაც ასევე კარგად მიესადაგება: „იგი (მოსე) არ ითვალისწინებდა დაყოვნებულ და ნელ ქმნადობას ატომთა მეშვეობით“ (თარგმანი ინგლისურიდან Hexameron 1, 2 გვ. 5, 7).
შემდეგ წმ. ამბროსი ამბობს:
„მოსემ, როგორც მოსალოდნელი იყო, დაამატა - ქმნა ღმერთმან... რათა არ ეფიქრათ, რომ შექმნა დაყოვნდა. უფრო მეტიც, რათა ადამიანებს ეხილათ, აგრეთვე, თუ რაოდენ შეუდარებელია შემოქმედი, რომელმაც შეასრულა ასეთი დიადი საქმე თვისი შემოქმედებითი აქტის უმოკლეს ხანში, იმდენად სწრაფად, რომ მისი ნების მოქმედება დროსაც უსწრებდა“ (Hexameron 1,5 გვ. 8).
წმ. ათანასე დიდი, არიანულ სწავლებასთან კამათში იმის შესახებ, რომ ქრისტე „საწყისია“ ყოველივეს და ამრიგად, მსგავსია ქმნილისა, გადმოსცემს „ექვსთა დღეთას“ მისეულ გაგებას, რომლის მიხედვითაც ამ დღეებში ყველაფერი ერთდროულად შეიქმნა.
„თითოეული ვარსკვლავისა და თითოეული დიადი მნათობის შექმნა ერთმანეთს კი არ უსწრებდა, არამედ ერთ დღეს, ერთი და იმავე ბრძანებით ყოველივე მყოფი გახდა. ასე დაედო დასაბამი ოთხფეხთა, ფრინველთა, თევზთა და მცენარეთა მყოფობას. ყოველივე შექმნილი წარმოიქმნა უეცრად, ერთდროულად, ერთი და იმავე ბრძანებით“ (სიტყვა არიანელთა მიმართ, 2, 48, 60, შრომები, ნაწ. 2, სერგიევ პოსადი, 1902, 325, 341).
წინა - სარჩევი - შემდეგი