როგორც ვნახეთ, ღირსი ეფრემ ასური ამტკიცებს:
„დაუშვებელია იმის თქმა, რომ ის, რაც შესაქმის წიგნის თხრობის თანახმად წარმოგვიდგება ექვსი დღის განმავლობაში შექმნილად, შექმნილია ერთ წამში“.
წმიდა მამები მკაცრად მისდევენ შესაქმის ტექსტს: რაკი ტექსტში წერია „დღე“, ისინი დაუშვებლად მიიჩნევენ, აქ ვიგულისხმოთ განუსაზღვრელი ხანგრძლივობის ეპოქა, რამეთუ ღვთაებრივი შემოქმედებითი აქტები წამიერია; მიუხედავად ამისა, მთლიანი ქმნილება შედგება ამ შემოქმედებითი აქტების განსაზღვრული თანმიმდევრობისაგან. ასევე, ეს ექვსი დღე არ უნდა განიმარტოს, როგორც უბრალოდ ლიტერატურული ხერხი წამიერი ქმნადობის გამოსახატავად. (ეს ფაქტობრივად იმას წარმოადგენს, რასაც შეცდომით ასწავლიდა ნეტარი ავგუსტინე. თავის წიგნში „შესაქმის სიტყვასიტყვითი აზრი“ იგი მიიჩნევს (თუმცა კი არა დაჟინებით), რომ შესაქმის დღეები არ იყო დროის პერიოდები. არამედ ლიტერატურული ხერხი იმის აღსაწერად, თუ როგორ ჭვრეტენ ანგელოზები ქმნადობის პროცესს, რომელიც სინამდვილეში ერთ წამში მოხდა.)
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს:
„ასეთ დღეებს მიეკუთვნება რაღაც რიგით პირველი, მეორე, მესამე და ა.შ. მეშვიდე დღემდე (საქმეთაგან მოსასვენებლად), და ამ დღეებით განიყოფა ყოველივე ქმნილი, აგებული გამოუთქმელი კანონებით და არა მყისიერად; შექმნილი ყოვლისშემძლე სიტყვით, რომლისთვისაც ისურვოს ან წარმოთქვას, უკვე ქმნადობას ნიშნავს. სულაც არ არის საკვირველი, რომ სამყაროში - ბოლოს გაჩნდა ადამიანი, ხატად ღვთისა და პატივმიგებული ღვთაებრივ ხელთაგან ქმნილობით. მისთვის, როგორც მეფისთვის, საჭირო იყო სამეფო სავანის მომზადება და შემდგომ ყველა ქმნილების თანხლებით მისი იქ შეყვანა“ (სიტყვა 44, ახალკვირისა, გაზაფხულისა და მოწამე მამანტის ხსენებისა, შრომები, ნაწ. 4, 1989, გვ. 116).
ასეთივე სულისკვეთებით წერს წმ. იოანე ოქროპირი:
„მის ყოვლადძლიერ მარჯვენას და უსაზღვრო სიბრძნეს არ გაუჭირდებოდა ყოველივეს ერთ დღეში შექმნა. თუმცა, ერთ დღეში კი არა ერთ წამშიც კი. მან ყოველივე არსებული თავისი სარგებლობისთვის კი არა (ვინაიდან მას არაფერი ესაჭიროება, რადგან ყოვლისა მპყრობელია), არამედ კაცთა სიყვარულისა და თვისი სიკეთის გამო შექმნა; ამიტომაც ქმნის ნაწილ-ნაწილ და გვასწავლის ნეტარი წინასწარმეტყველის პირით ნათელ სწავლებას შექმნილის შესახებ, რათა ჩვენ, ყოველივე საფუძვლიანად გავიგოთ და არ მოვექცეთ ადამიანური მსჯელობით გატაცებულთა გავლენის ქვეშ. ალბათ იკითხავთ: თუკი ადამიანი აღმატებულია ყველა სხვა ქმნილებაზე, რატომ შეიქმნა ის ბოლოს? სამართლიანი მიზეზით: როცა მეფე აპირებს ქალაქში შესვლას, საჭიროა, რომ საჭურველმტვირთველი და სხვანი წინ მიუძღოდნენ მას, რათა შევიდეს მათ მიერ მომზადებულ პალატებში. ზუსტად ასევე, ღმერთმაც იმჟამად, აპირებდა რა, დაებრძანებინა მეფე და ყოველივე მიწიერის მფლობელი, ჯერ ეს მშვენიერება მოამზადა და მხოლოდ ამის შემდგომ შექმნა მეუფეც (ადამიანი)“ (საუბრები შესაქმის წიგნის შესახებ, III, 3, გვ. 18, VIII, 2 გვ. 60-61).
წმ. გრიგოლ ნოსელი იმავე დოგმატს იმეორებს, რომ ადამიანი, როგორც მეფე, მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, როდესაც მისთვის სამფლობელო მომზადდა, მაგრამ მას აქვს სხვა, უფრო იდუმალი განმარტება ექვსთა დღეთა თანმიმდევრობისა, რომელსაც ზოგიერთი შეეცადა აეხსნა, როგორც ევოლუციის თეორიის ერთგვარი გამოხატულება. მოდით, ყურადღებით განვიხილოთ მისი სწავლება. იგი წერს:
„წმიდა წერილი გვიამბობს, რომ ღმერთმა გარკვეული გზით, თანმიმდევრულად დაიწყო ადამიანის შექმნა; როდესაც სამყარომ იწყო მყოფობა, ადამიანი, როგორც ამას ისტორია გვიამბობს, უცებ კი არ გაჩნდა დედამიწაზე, არამედ მას წინ უძღოდა უტყვ არსებათა და მცენარეთა შექმნა; მაგრამ ამით წმიდა წერილი გვიჩვენებს, რომ სიცოცხლის ძალა ერთგვარი თანმიმდევრობით უერთდება სხეულებრივ ბუნებას, თავიდან შეაღწევს უგრძნობ არსებებში, შემდეგ შედის მგრძნობიარეში და მხოლოდ შემდეგ აღწევს გონიერსა და მეტყველში...
დასასრულ, ადამიანის შექმნა წარმოგვიდგება, როგორც გამოხატვა სიცოცხლის ყოველგვარი სახეობისა, არსებული მცენარეებსა და უტყვ არსებებშიც. რამეთუ ის, რაც იკვებება და იზრდება, მყოფობს მცენარეული სიცოცხლიდან. ამის მსგავსი შეიძლება ვიხილოთ მცენარეებშიც: ისინი საკვებს ფესვებით იღებენ, ხოლო ნაყოფითა და ფოთლებით გამოყოფენ მას. ხოლო ის, რაც გრძნობით მომდინარეობს, უტყვ არსებათაგან არის. გონიერებისა და მეტყველების უნარი არ გააჩნიათ სხვა არსებებს; ისინი ადამიანის ბუნების თავისებურებას შეადგენენ... გონიერი ძალა ხორციელ ცხოვრებაში მხოლოდ გრძნობათა ძალით შეიძლება არსებობდეს, და უტყვ არსებათა ბუნებაშიც გრძნობაა წინმსწრები; ამდენად, მისი მეშვეობით
ჩვენი სულიც სწორედ იმას ეხმიანება, რაც მასთან არის დაკავშირებული. აი, ეს გახლავთ ჩვენში მიმდინარე მოძრაობის არსი, რომელსაც ვნებები ეწოდება...“ (სულისა და აღდგომის შესახებ, ქმნილებანი, ნაწ. 4, მ, 1862, გვ. 239-241).
კიდევ ერთი განმარტების ბოლოს, სხვა თავის ნაშრომში წმ. გრიგოლი დაასკვნის:
„ამრიგად, წმ. წერილი ამბობს, რომ ადამიანი ყოველივე სულიერის შემდეგ შეიქმნა. აქ სხვა არაფერია, თუ არა კანონმდებლის (მოსეს) ფილოსოფოსობა იმის თაობაზე, თუ რას ფლობს ჩვენი სული და ცნობილი წესის თანახმად, ჩამოთვლის დროს ბოლოს სრულყოფილი აღინიშნება... ამრიგად, ბუნება თითქოს საფეხურებისაგან (სიცოცხლის განმასხვავებელ ნიშან-თვისებებისაგან) ქმნის აღმასვლის გზას სულ მცირედიდან სრულყოფისაკენ“ (ადამიანის აგებულების შესახებ, თ. XVIII, სპბ., 1995).
ეს არის წმიდა მამათა შრომების ერთ-ერთი მეტად იშვიათი ნაწყვეტი, რომელსაც ისინი, ვისაც ევოლუციური კოსმოლოგიის სჯერა, მიიჩნევენ, რომ თავისი სულისკვეთებით ახლოა მათ შეხედულებებთან. აქ საუბარია რაღაც „საფეხურებზე... სულ მცირედიდან სრულყოფისაკენ აღმასვლის გზაზე; რომ ადამიანს როგორღაც „აქვს ნაწილი“ მდაბალ ქმნილებათა ცხოვრებაში. მაგრამ ევოლუციის თეორია გაცილებით მეტ პირველმიზეზებს მოითხოვს, ვიდრე ეს ზოგადი მოსაზრებებია, რომლებსაც ვერავინ შეედავება. ევოლუციის თეორიამ უნდა აჩვენოს, რომ ადამიანი უმდაბლეს ქმნილებათა შთამომავალია, რომ იგი მათგან „განვითარდა“. ერთ-ერთ მომდევნო ლექციაში ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ იმას, რას ამბობდნენ წმ. მამები ადამიანის წარმოშობის შესახებ. აქ კი მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ წმ. გრიგოლი სრულიად არაფერს ამბობს ისეთს, რაც გვაფიქრებინებს, რომ იგი ემხრობა ამ შეხედულებას, პირიქით, მისი თვალსაზრისი ეწინააღმდეგება კიდეც მას (ამ შეხედულებას). ამრიგად, იგი ეთანხმება სხვა მამებს, რომლებიც შესაქმის წიგნის შესახებ წერდნენ, რომ საღვთო ქმნადობა მომენტალურია; სწორედ ამ ტრაქტატში იგი ამბობს:
„...საღვთო ქმნადობა დაგვირგვინდა ახალი ბალახით და ხეების მრავალფეროვანი მშვენიერებით; მიწიდან ახლადაღმოცენებულმა მცენარეებმა მაშინვე მიაღწიეს სრულყოფილ სილამაზეს“ (ადამიანის აგებულების შესახებ, თ. 1); „ქმნადობა თითქოს ნაჩქარევად ხორციელდებოდა, ყოველივე მყოფობაში მკვიდრდებოდა ღვთაებრივი ძალით, უცებ, ერთიანად წარმოთქმული ბრძანებით“ (თ. 3).
შემდეგ წმ. გრიგოლი განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ ადამიანის ბუნების უმდაბლეს ქმნილებებთან კავშირი იმით არის სასარგებლო, რომ იგი თანაზიარია მისი მგრძნობელობითი ბუნებისა; მართლაც, იგი ხომ იმავე მიწიდან არის მიღებული, საიდანაც უმდაბლესი ქმნილება წარმოიქმნა. იმის დაჟინება, რომ ეს ადამიანის უტყვი არსებისაგან წარმოქმნას ნიშნავს, იქნებოდა წმიდანის აზრის თვითნებური შეცვლა; ამ შემთხვევაში, ადამიანისა და უტყვ არსებათა შექმნაში, ალბათ, მცენარეებიც უნდა ჩავრთოთ, რამდენადაც მათში არის რაღაც მცენარეთა ბუნებისგანაც. მაგრამ ევოლუციის თეორია იმას კი არ გვასწავლის, რომ ცხოველები მცენარეებისაგან განვითარდნენ, არამედ იმას, რომ ეს ორი საუფლო ერთი პრიმიტიული წინაპრის ორი განცალკევებული და პარალელური შტოა.
ამრიგად, წმ. გრიგოლის „აღმასვლის გზის საფეხურები“ ასახავს არა ადამიანის წარმოქმნას მცენარეებისა და ცხოველებისაგან დროში, არამედ მხოლოდ უმდაბლეს ქმნილებასთან მის მსგავსებას საკვებისა და გრძნობადი ბუნების თანაზიარობის გამო; ბუნებისა, რომელიც მეტ-ნაკლებად დედამიწის ყველა არსებას აქვს ღმერთისგან მიცემული. იგი აღწერს არა ადამიანის ისტორიას, არამედ მის ბუნებას.
ქვემოთ უფრო გარკვევით ვნახავთ, თუ სინამდვილეში რას ფიქრობდა წმ. გრიგოლი ევოლუციის თეორიაში ნაგულისხმევ „ბუნებათა შერევის“ თაობაზე.
წინა - სარჩევი - შემდეგი