1, 1. დასაბამად...
ეს არის წიგნი სამყაროს უპირველეს ამბებზე. მაგრამ, როგორც წმ. ამბროსი გვასწავლის, აქვე შესაძლებელია, იყოს სიტყვების მისტიკური მნიშვნელობაც:
„დასაბამი საიდუმლო აზრით გამოიხატება გამონათქვამით: მე ვარ ანი და ჰოე, დასაბამი და დასასრული (გამოცხ. 1, 8).
ჭეშმარიტად, ის ვინც თავისი ღვთაებრიობით ყოველივეს საწყისია, აგრეთვე მისი დასასრულიც არის... ამიტომ, ამ დასაწყისში, რომელ არს ქრისტე, ღმერთმა შექმნა ცა და მიწა, რამეთუ ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თვინიერ მისა არცა ერთი რაი იქმნა, რაოდენი რაი იქმნა (იოან. 1,3) (შიხ აყს, 1.15).
შექმნის ყოველი მომდევნო აქტი ასე იწყება: და თქუა ღმერთმან. წმ. ბასილი ასე განმარტავს ამ სიტყვებს:
„ვკითხულობთ: როგორ ამბობს ღმერთი? ისევე როგორც ჩვენ... ხმის დანაწევრებული მოძრაობისთვის საჭირო ჰაერის შერხევით ნათელს ხდის იგი თავის საიდუმლო აზრებს? იგავს ხომ არ ჰგავს მტკიცება, რომ ღმერთს ესაჭიროება ეს არემარე თავისი აზრის გამოსათქმელად? იქნებ უფრო კეთილზნეობრივი იქნება ვთქვათ, რომ ღვთაებრივი სურვილი და აზრობრივი მოძრაობის პირველი მისწრაფება უკვე არის ღვთის სიტვა (ე.ი. ქრისტე)? წმიდა წერილი კი ღმერთს მრავალსიტყვიერად გამოსახავს, რათა აჩვენოს, რომ მას არა მხოლოდ ქმნილების დაბადება სურდა, არამედ განაცხოველა კიდეც ის თანამოსაქმის მეშვეობით. როგორც დასაწყისშია ნათქვამი დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაი და ქუეყანა, ასევე შეიძლებოდა, თქმულიყო ყოველივეს შესახებაც: იქმნას ნათელი, იქმნას ხმელი. აქ ღმერთი წარმოდგენილია მბრძანებელად და მეტყველად, მაგრამ მას, ვისაც ღმერთი უბრძანებს და ვისაც ესაუბრება, დუმილით წარმოაჩენს... იმისათვის, რათა აღაგზნოს ჩვენი გონება იმ პირის გამოსარკვევად, ვისკენაც მიმართულია ეს სიტყვები; საუბრის ეს ფორმა ყოვლადბრძნულად და დახვეწილად არის გამოყენებული“ (ჰომილიები, III, 2, გვ. 24-25).
ამრიგად, ვხედავთ, რომ ქრისტე შემოქმედია, როგორც ამას ამტკიცებს წმ. იოანე მახარებელიც: პირველითგან იყო სიტყუაი... ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თვინიერ მისა არცა რაი ერთი იქმნა, რაოდენი რაი იქმნა (იოან. 1,1-3). წმ. პავლე მოციქული გვასწავლის: და განათლებად ყოველთა, რაი-იგი არს განგებულებაი იგი საიდუმლოსაი მის დაფარულისაი საუკუნითგან ღმრთისა თანა, რომელმან ყოველივე დაჰბადა იესო ქრისტეს მიერ (ეფეს. 4,9); რამეთუ მის (ქრისტეს) მიერ დაებადა ყოველი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ხელმწიფებანი, ყოველივე მის მიერ და მისს მიმართ დაებადა (კოლ. 1,16).
ამრიგად, შესაქმის ტრადიციულ მართლმადიდებელ იკონოგრაფიაში ჩვენ ვხედავთ არა მიქელანჯელოსეულ მოხუცს (მამას), რომელიც ადამს ქმნის (როგორც სიქსტეს კაპელის ფრესკაზეა), არამედ ქრისტეს რა თქმა უნდა, სინამდვილეში მთელი სამება ერთად ქმნის. მამა ბრძანებს, ძე ქმნის, სულიწმიდა იქცეოდა ზედა წყალთა. ღირსი ეფრემ ასური ამის შესახებ წერს:
„ხოლო სულიწმიდა იძვროდა იმის დასამოწმებლად, რომ შემოქმედებითი ძალით იგი ტოლია მამისა და ძისა. რამეთუ მამამ წარმოთქვა, ძემ შექმნა, და შესაბამისად, სულიწმიდასაც უნდა შეეტანა თავისი წვლილი – და ამით ცხადად გვაჩვენა, რომ ყოველივე სამების მიერ არის შექმნილი და აღსრულებული“ (შესაქმის განმარტება, თ.1, გვ. 214).
1, 1-2. ქმნა ღმერთმან ცაი და ქუეყანა. ხოლო ქუეყანა იყო უხილავ და განუმზადებელ. (რუსულად «безвидна и пуста»).
წმ. ბასილი სვამს კითხვას:
„რატომ არის, რომ როდესაც ერთიცა და მეორეც, ცაც და ქვეყანაც თანასწორპატიოსნად არის შექმნილი, ცა მიყვანილია სრულყოფილებამდე, ხოლო ქვეყანა ჯერ კიდევ დაუსრულებელია არ არის სრულად განსახიერებული? ან საერთოდ, რას ნიშნავს ქვეყნის განუმზადებლობა? რა მიზეზით იყო იგი უხილავი?
ქვეყნის სრულყოფილი მოწყობა ნიშნავს მის ნაყოფთა სიუხვეს, სხვადასხვა სახის მცენარეთა აღმოცენებას, ნაყოფიერი და უნაყოფო მაღალი ხეების გამოჩენას, ყვავილთა მრავალფეროვნებასა და სურნელებას, და ყოველივეს, რასაც დედამიწაზე წარმოქმნისთანავე, ღვთაებრივი ბრძანების თანახმად, სულ მალე უნდა გაემშვენიერებინა ყოველივე დაბადებული; ამ ყველაფრის შექმნამდე წმიდა წერილი სამართლიანად უწოდებს ქვეყანას განუმზადებელს.
მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას ცის შესახებაც. იმ დროს არც ის იყო სრულად ჩამოყალიბებული, ჯერ არც მას ჰქონდა მიღებული მისთვის დამახასიათებელი განშვენებანი, რადგანაც არ ნათდებოდა მთვარითა და მზით, არ იყო დაგვირგვინებული ვარსკვლავთა კრებულით. ეს ყოველივე ჯერ კიდევ არ იყო; და ამიტომ არ შესცოდავ ჭეშმარიტების წინაშე, თუ ცასაც განუმზადებელს უწოდებ“ (ჰომილიები, II, 1, გვ. 14).
წმ. ამბროსი პირველ დღეზე, როგორც სამყაროს „დაფუძნებაზე, ისე საუბრობს:
„კარგი არქიტექტორი ჯერ საძირკველს მოაწყობს, ხოლო შემდეგ, როდესაც საძირკველი უკვე ჩაყრილია, ერთმანეთის მიყოლებით იწყებს ნაგებობის სხვადასხვა ნაწილის შენებას, შემდეგ კი გაალამაზებს მას. რატომ შექმნისთანავე არ უბოძა ღმერთმა სტიქიებს მათთვის დამახასიათებელი მშვენებანი? თითქოსდა მას, თვით ქმნადობის მომენტში არ შეეძლო, ეიძულებინა ცა, მაშინვე დაეწყო ციმციმი ასზედ მიმოფანტული ვარსკვლავებით ან ქუეყანა შეემოსა ყვავილებითა და ნაყოფით? ეს სავსებით შესაძლებელი იყო, მაგრამ წმიდა წერილი მიუთითებს, რომ საგნები ჯერ შეიქმნა და მხოლოდ შემდეგ მოწესრიგდა, რათა არ გვეფიქრა, თითქოსდა სინამდვილეში ისინი არ იყვნენ შექმნილნი; თითქოსდა მათ ჰქონდათ დასაწყისი; თითქოსდა საგანთა ბუნება იყო როგორღაც თავიდან წარმოქმნილი და არა შემდგომში შემოტანილი (Six days, 1;7, გვ. 26, 28-29).
ღირსი ეფრემი ამბობს:
„(მან) თქვა, რათა ეჩვენებინა, რომ საგანთა ბუნებამდე სიცარიელე იყო. მანამდე იყო მხოლოდ ქვეყანა და სხვა არაფერი“ (გვ. 211-212).
1. 2. და ბნელ იყო ზედა უფსკრულთა.
უფსკრულთა წყლები შეიქმნა მიწასთან ერთად და მთლიანად ფარავდა მას. ამაში გახლდათ მიზეზი მისი დაუსრულებლობისა. მამები ვარაუდობენ, რომ არსებობდა ერთგვარი სინათლე, რომელიც ზეცასთან ერთად შეიქმნა, ვინაიდან ზეცა არსია სინათლისა; მაგრამ ეს თუ ასეა, მაშინ ღრუბლები, რომლებიც მიწას ფარავენ, ხელს უშლიდნენ სინათლის ქვეყანაზე მიღწევას. ღირსი ეფრემი წერს:
„თუკი ყოველივე ქმნილი შექმნილია ექვს დღეში (მიუხედავად იმისა, წერილ არს თუ არა მათი შექმნის შესახებ), მაშინ ღრუბლები შეიქმნა პირველ დღეს. რამეთუ, ასე უნდა ყოფილიყო, რომ ყოველივე ექვს დღეში შექმნილიყო“ (თ. 1, გვ. 212).
(ეს, სხვათა შორის, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ექვსი დღის ქმნადობა განსხვავდება ღმერთის შემდგომი შემოქმედებითი აქტიურობისგან და ჩვენ არ ძალგვიძს ამის გაგება საკუთარი გამოცდილების უკუპროექციით).
წმ. ამბროსი შეგნებულად უარყოფს თვალსაზრისს, თითქოს, ბნელი აქ ბოროტების ალეგორიულ ძალებს ნიშნავს (Six days, 1:8).
1, 2. და სული ღმრთისა იქცეოდა ზედა წყალსა.
აქ ჩვენ ვხედავთ წმიდა სამების მესამე პირის აქტიურობას ქმნადობაში. მღვდელმთავარი ამბროსი წერს:
„რჩებოდა ოდენ მოქმედების სისრულის სულიწმიდაში ასახვა, როგორც წერილ არს: სიტყუითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისათა მისისაითა ყოველი ძალი მათი (ფს. 32,6). სული იძვროდა ქვეყანასა ზედა შესაფერისად და ამით განსაზღვრავდა ნაყოფთა აღმოცენებას, რამეთუ სულის დახმარებით ქუეყანა აკავებდა ახალი არსებების თესლებს, რომლებიც როგორც წინასწარმეტყველი ამბობს, უნდა აღმოცენებულიყვნენ: გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისაი (ფს.109, 30). (Six days, 1:8, გვ. 32-33).
ღირსი ეფრემი უბრალოდ აღგვიწერს სულიწმიდის მოქმედებას პირველ დღეს:
„ათბობდა, ანაყოფიერებდა და ჰყოფდა დაბადების შემძლებელს წყლებს; იმ ფრინველის მსგავსად, რომელიც გაშლილი ფრთებით კვერცხებზე ზის და განავრცობს რა სითბოს, ანაყოფიერებს მათ. მაშინ სულიწმიდა წარმოგვიდგენდა წმიდა ნათლობას, როდესაც წყალსა ზედა მიმოქცევით შობს იგი ღვთის შვილებს“ (თ. 1, გვ. 214).
სულიწმიდა მონაწილეობდა აგრეთვე შექმნის დანარჩენ დღეებში; იობი მის შესახებ ამბობს: სული საღმრთოი არს, რომელმან შემქმნა მე... (იობ. 33, 4).
1. 3. და თქუა ღმერთმან იქმენინ ნათელი! და იქმნა ნათელი.
წმიდა ამბროსი წერს:
„ღმერთი არს შემქმნელი სინათლისა, ხოლო ეს სოფელი - ბნელის ადგილი და მიზეზი. მაგრამ სახიერმა შემოქმედმა წარმოთქვა სიტყვა ნათელი ისე, რომ მას შეეძლო, გაეხსნა სამყარო მასში ნათელის შთასხმით და ამრიგად, უცებ გამშვენებულიყო იგი; შემდეგ ჰაერი ხდება ნათელი, და ბნელი ქრება მანამდე უხილავი სინათლის ბრწყინვალების შიშით. სინათლის ბრწყინვალებამ, რომელმაც უეცრად შეაღწია მთელ სამყაროში, გადალახა ბნელი და, ასე ვთქვათ, ჩაძირა იგი უფსკრულში“ (Six days 1: 9, გვ. 39).
ღირსი ეფრემი, სხვა მამებთან ერთად, ნათლად გვეუბნება, რომ ამ სინათლეს საერთო არაფერი ჰქონდა მზესთან, რომელიც მხოლოდ მეოთხე დღეს შეიქმნა:
„ნათელი, რომელიც ქუეყანას გამოეცხადა, ან ღრუბელს ნათლისას, ან ამომავალ მზეს, ან იმ სვეტს ემსგავსებოდა, რომელიც ებრაელ ერს უდაბნოში უნათებდა. ყოველ შემთხვევაში, უეჭველია მხოლოდ ის, რომ სინათლე ვერ შეძლებდა ყოვლისმომცველი ბნელეთის გაფანტვას, თუკი ის ყველგან არ განავრცობდა თავის არსს ან სხივებს. პირველქმნილი სინათლე განფენილი გახლდათ ყველგან და არა ერთ რომელიმე ადგილას; ყველგან ფანტავდა ბნელს ისე, რომ არ მოძრაობდა; მთელი მისი მოძრაობა მდგომარეობდა გამოჩენასა და გაქრობაში; მის მოულოდნელად გაქრობისთანავე მყარდებოდა ბატონობა ღამისა, რომელიც ნათლის გამოჩენისთანავე სრულდებოდა. ასე ქმნიდა ნათელი სამ მომდევნო დღესაც... იგი ხელს უწყობდა ყოველივეს ჩასახვასა და წარმოქმნას, რაც ქვეყანას უნდა შეექმნა მესამე დღეს; ხოლო მზეს ცის განფენილობაში დამყარებულს, სიმწიფე უნდა მიენიჭებინა იმისთვის, რაც უკვე შექმნილი იყო თანამოქმედებით პირველქმნილი ნათლისა“ (შესაქმის განმარტება, თ. 1, გვ. 215).
1. 4. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ.
ღმერთმა თავისი ქმნილების ყოველ სტადიას კეთილი უწოდა, ხედავდა რა მის სრულყოფილ და შეურყვნელ ბუნებას და, როგორც წმ. ამბროსი გვასწავლის, წინასწარ ჭვრეტდა თავისი საქმის სრულყოფილებას:
„ღმერთი, როგორც მსაჯული მთელი საქმისა, ითვალისწინებდა რა, რომ იქმნებოდა სრულყოფილება, აქებს თავისი საქმის იმ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ საწყის სტადიაშია, რაკიღა ყოველთვის იცის მისი დასრულების შესახებ... იგი აქებს ყოველ ინდივიდუალურ ნაწილს, იმის შესაფერისად, რაც მყოფობაში უნდა იქნას მოყვანილი“ (Six days, 11:5, გვ. 65).
1. 4-5. და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა და უწოდა ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე.
წმ. ბასილი ამ ადგილს ასე განმარტავს:
„და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა“. ე.ი. ღმერთმა შექმნა მათი ბუნება შეუერთებადი და სავსებით საპირისპირო არსით; რადგანაც მან ისინი ერთმანეთს დააშორა და განაცალკევა.
და უწოდა ღმერთმან ნათელს დღე და ბნელსა უწოდა ღამე. ამჟამად, როდესაც უკვე შექმნილია მზე, დღე გახლავთ ჰაერის მზით განათება, რომელიც კაშკაშებს დედამიწის ზემოთ მდებარე ნახევარსფეროში, ხოლო ღამე დედამიწის ბნელით დაფარვაა მაშინ, როდესაც მზე მიიმალება. მაგრამ მაშინ, არა მზის მოძრაობით, არამედ განსაზღვრული წესით, ხან განიშლებოდა, ხან კვლავ იკუმშებოდა, დგებოდა დღე და მას მოსდევდა ღამე“ („ჰომილიები ექვსთა დღეთა“ II: 8).
1, 5. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი.
წმ. ბასილი აგრძელებს:
„მწუხრი დღისა და ღამის საერთო საზღვარია. მსგავსი სახით დილაც ღამისა და დღის მიჯნაა. მყოფობის უპირატესობა რომ დღისთვის მიენიჭებინა, მოსემ ჯერ დღის დასასრული დაასახელა, ხოლო შემდეგ ღამისა, რადგან ღამე მოსდევს დღეს. რამეთუ სამყაროს მდგომარეობა, რომელიც შექმნას წინ უსწრებდა, იყო არა ღამე, არამედ – ბნელი; და მას, რაც დღისაგან განსხვავდება, ღამე ეწოდა; და ეს სახელიც მას დღის შემდეგ ეწოდა...
რატომ ეწოდა (დღეს) არა პირველი, არამედ ერთი?
როდესაც განზრახულია საუბარი მეორე, მესამე და მეოთხე დღეების შესახებ, უფრო შესაფერისი იქნებოდა პირველი გვეწოდებინა იმ დღისთვის, რომლისგანაც იწყება შემდგომი დღეები; მაგრამ მან უწოდა ერთი, რათა ამით დღისა და ღამის საზღვარი დადგენილიყო“ (ჰომილიები II; 8, გვ. 22).
ეს პირველი დღე შესაქმისა (არა აქვს მნიშვნელობა რა „ხანგრძლივობისას“ ვივარაუდებთ მას) დასაწყისია იმ შვიდდღიანი ციკლისა (თითოეული თავისი დღითა და ღამით), რომელიც დღემდე გრძელდება. რაციონალისტი კომენტატორები „შვიდ დღესა“ და იმ ფაქტში, რომ საღამო - წინ უსწრებს განთიადს, უბრალოდ, გვიანდელი იუდეური ჩვეულებების შებრუნებულ პროექციას ხედავენ. ისინი ვერ განიცდიან იმ ჰარმონიას, რომელიც ამ საგნების შესახებ წმიდა მამათა თვალსაზრისს ახასიათებს. მათ არ შეუძლიათ, უპასუხონ კითხვას: სად და როგორ მიიღეს იუდეველებმა ეს წეს-ჩვეულებები? წმიდა მამათა აზრით, კეთილგაცხადებულ ტექსტს შეუძლია მოგვცეს და გვაძლევს კიდეც ზუსტ ინფორმაციას სამყაროსა და იუდეველთა წეს-ჩვეულებების შესახებ (რომლებიც ახლა ქრისტიანულია რამეთუ ჩვენი საეკლესიო დღეც მწუხრით იწყება).
ამრიგად, ჩვენ ვუახლოვდებით დღე ერთის (შესაქმის პირველი დღის) დასასრულს. ამ დღემ დაადგინა დროის საწყაო ყველა შემდგომი ეპოქისათვის (რამეთუ „მანამდე“ დრო არ იყო; ის შესაქმის პირველი დღით დაიწყო). სხვა მხრივ, ეს ისეთი დღეა, რომელიც არ ჰგავს მის მომდევნო სხვა დღეებს. ღირსი ეფრემი განმარტავს:
„ამრიგად, წმიდა წერილის მოწმობით, ცა, მიწა, ცეცხლი, ჰაერი და წყლები არაფრისაგან შეიქმნა, ხოლო სინათლე, შექმნილი პირველ დღეს და ყოველივე მის შემდეგ შექმნილი, უკვე იმისგან შეიქმნა, რაც არსებობდა. რამეთუ, როდესაც მოსე საუბრობს არაფრისგან ქმნადობაზე, იყენებს სიტყვას ქმნა ანუ ქმნა ღმერთმან ცა და ქუეყანა. და თუმცა არ წერია ცეცხლის, წყლებისა და ჰაერის შესახებ, რომ ისინი შექმნილია, მაგრამ ასევე არ წერია, რომ ისინი იმისგან წარმოიქმნენ, რაც მანამდე იყო. ამიტომაც ისინიც არაფრისგან შეიქმნენ, ისევე როგორც - ცა და მიწა“ (შესაქმის განმარტება I, გვ. 219).
ღირსი ეფრემის მიერ ნახსენები „ხუთგზისი შექმნა“ არსია „ოთხი სტიქიისა“, რომელთაგან, უძველესი მეცნიერების განსაზღვრით, ყველაფერი, და მათ შორის ცაც, იქმნებოდა დედამიწაზე. იმის დასანახად, რომ არსებობს რაღაც მართლაც „ფუნდამენტალური“, არ არის აუცილებელი, ქმნადობის ანალიზის ეს კერძო ხერხი მივიღოთ. რაც შეეხება ქმნადობის პირველ დღეს, იგი შეიცავს ყოველივეს (შემდეგ შექმნილის) დასაწყისს. შეიძლება, ვიმსჯელოთ იმის შესახებ, თუ საიდან გაჩნდა მატერია ცოცხალი არსებებისთვის, ციური სხეულებისა და შემდგომი ხუთი დღის სხვა ქმნილებებისთვის; იგი ხელახლა არაფრისგან შეიქმნა თუ მართლაც გარდაიქმნა უკვე არსებული მატერიისაგან? მაგრამ ეს ფუჭი გარჯა იქნებოდა და ის არ ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას იმის შესახებ, რომ შესაქმის ძირითადი სტრუქტურა და მატერია პირველ დღეს შეიქმნა; შემდეგი ხუთი დღის საქმე ნაკლებად „რადიკალურია“ ვიდრე პირველისა – ეს, მკაცრად რომ ვთქვათ, უფრო „გაფორმება“ არის, ვიდრე „შექმნა“.
„არაფრისგან შექმნის“ ან „უმყოფობისგან შექმნის“ თვით იდეა მკვეთრად განასხვავებს შესაქმეს ყველა სხვა წარმართული მითისგან, რომლებშიც სამყაროს შექმნა განიხილება. ამ უკანასკნელთა მიხედვით, სამყაროს ქმნის „დემიურგის“ ან „ღმერთ-გამფორმებლის“ ერთგვარი სახეობა - ის, ვინც უკვე არსებული მატერიისგან აყალიბებს სამყაროს. წმიდა მამათა თქმით, ის აგრეთვე „ღმერთის“ სახეობაც არის. შესაქმე აღწერს მთელი სამყაროს აბსოლუტურ დასაბამს და არა მის განვითარებას უკვე რაიმე არსებულიდან; შემდგომი ხუთი დღის ქმნილებები (როგორც ვნახავთ), თუმცა უკვე შექმნილი მატერიისგან წარმოიქმნენ, არსით რაღაც სრულებით ახალია, რაც შეუძლებელია გავიგოთ, როგორც პირველქმნილი მატერიის უბრალო განვითარება. იმ თანამედროვე მოაზროვნეთა თხზულებანი, რომლებიც ცდილობენ, თვალყური მიადევნონ სამყაროს უწინდელ მდგომარეობას უბრალო, თავისთავად განვითარებულ მატერიამდე, უძველეს წარმართულ შეხედულებებს ენათესავება; შესაქმის ახსნის რადიკალურობა სცილდება ერთსაც და მეორესაც, სწორედ იმიტომ, რომ წარმოდგება საღვთო გამოცხადებისგან და არა ადამიანთა მიხვედრილობისა თუ ვარაუდებისგან.
ქრისტიანი, რომელიც ჩაწვდა საღვთო შემოქმედების ექვსი დღის პროცესის აბსოლუტურობას, ნამდვილ ქმნილებას მათგან განსხვავებულად ჭვრეტს, ვინც მას (ქმნილებას) განიხილავს, როგორც პირველყოფილი მატერიის თანდათანობით განვითარებას ან „ევოლუციას“ (მიუხედავად იმისა, მატერია ღმერთის მიერ არის შექმნილი თუ უკვე თვითარსებულია). ამ უკანასკნელი შეხედულებით, სამყარო წარმოგვიდგება, როგორც „ბუნებრივად“ მოსული თავის ამჟამინდელ არსებულ მდგომარეობაში და შესაძლებელია, თვალი ვადევნოთ მის უწინდელ მდგომარეობას ყოველგვარ უმარტივეს ფორმებამდე, რომელთაგან თითოეული შესაძლოა, „ბუნებრივად“ გავიგოთ; მაგრამ პირველი შეხედულებით, შესაქმის წიგნის თვალსაზრისით, იგი ეგზისტენციის ორ ძირითად პოლუსს შორის თავსდება: მის ამჟამინდელ მდგომარეობასა და აბსოლუტურ სიცარიელეს შორის, რომლისგანაც იგი უეცრად, მხოლოდ
და მხოლოდ ღმერთის ნებით შეიქმნა.
პირველ დღესთან დაკავშირებით კიდევ ერთი საკითხია გასარკვევი: ეს არის ანგელოზთა სამყაროს შექმნა; როდის შეიქმნა ის? მოსე მხოლოდ ხილული სამყაროს შექმნას აღწერს. ზოგიერთი მამა ფიქრობს, რომ ეს ცის შექმნის დროს მოხდა; სხვები ასე ზუსტად ვერ ამბობენ, მაგრამ მათაც იციან, რომ ისინიც დასაწყისში შეიქმნენ. წმ. ბასილი გვასწავლის:
„როგორც ჩანს, ამ სამყაროზე ადრე იყო რაღაც, ჩვენი გონებისათვის გასაგები, მაგრამ როგორც შეუსაბამო სწავლის დამწყებთა და გონებით ჩვილთათვის, თხრობაში შეტანილი მაინც არ არის, რადგან ჯერ კიდევ სამყაროს მყოფობამდე იყო რაღაც არაამქვეყნიური ძალებისთვის შესაფერისი მდგომარეობა – დროისგან განყენებული, საუკუნო და მარადიული. სწორედ მასში ყოველივეს შემოქმედმა და განმაცხოველებელმა აღასრულა ქმნადობა – გონიერი ნათელი მათი საკადრისი ნეტარებისათვის, ვისაც უყვარს ღმერთი, გონიერი და უხილავი არსებანი, ყოველმხრივ შემკობილნი. ჩვენს გონებაზე იმდენად აღმატებულნი, რომ შეუძლებელია მათთვის სახელის დარქმევაც კი. სწორედ ისინი ავსებენ უხილავი სამყაროს არსს“ (ჰომილიები I; 5 გვ. 6).
ანალოგიურად წერს წმ. ამბროსი:
„ანგელოსებმა არსებობა დაიწყეს განსაზღვრულ დროს, ისინი სამყაროს შექმნამდე არსებობდნენ. რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არახილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ხელმწიფებანი, ყოველივე მის მიერ და მისსა მიმართ დაებადა (კოლ. 1,16) (Six days, 1;5, გვ.18).
მართლაც, ღმერთმა უთხრა იობს: ოდეს იქმნნეს ვარსკულავნი, მაქებდეს მე ხმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი (იობ. 38,7). ჩვენ ვნახავთ მეექვსე დღეს, თუ როგორ აცდუნა ეშმაკმა ადამი და ამიტომ ვიცით, რომ ბრძოლა ცათა შინა ამპარტავნებით დაცემულ ანგელოზებთან, როგორც ეს არის აღწერილი აპოკალიფსში (12, 78), უკვე მანამდე მოხდა და სატანა უკვე ჩამოვარდა ციდან ვითარცა ელვა.
წინა - სარჩევი - შემდეგი